საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 იანვარი
    • აფრიკის სხვა მხარეში ბავშვი დაიბადა. მისი ნახვის უფლება არავის არა აქვს. გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, სანამ პატარას სხვებს ანახვებენ და, ჩვეულების მიხედვით, სახელს დაარქმევენ.

  • მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 იანვარი
    • ბავშვის დაბადება და სახელის დარქმევის რიტუალი

      ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული მრავალი ჩვეულება სათანადო და მისაღებია. მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც დაბადებას უყურებენ, როგორც წინაპართა სულების სამყაროდან ამქვეყნად მოსვლას, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიფრთხილის გამოვლენა მართებთ. მაგალითად, აფრიკის ზოგ ნაწილში ახალშობილი, ჩვეულებრივ, სახლში ჰყავთ და სახელს არ არქმევენ მანამ, სანამ არ გავა გარკვეული პერიოდი, რაც სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული ხანგრძლივობისაა. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ ტარდება სახელის დარქმევის რიტუალი, რომლის დროსაც ბავშვი გამოჰყავთ ეზოში და ოფიციალურად წარუდგენენ ნათესავებსა და ახლობლებს. ბავშვის სახელსაც ამ დროს აცხადებენ ოფიციალურად.

      ამ ჩვეულების მნიშვნელობის განმარტებისას ერთი წიგნი ამბობს: «სიცოცხლის პირველი შვიდი დღის განმავლობაში ბავშვი ითვლება „სტუმრად“, რომელსაც სულთა სამყაროდან მიწიერ ცხოვრებაში გადმოსვლის პერიოდი აქვს . . . ბავშვი, როგორც წესი, სახლში ჰყავთ და ოჯახის წევრების გარდა მისი ნახვის უფლება არავის არ აქვს» (Ghana—Understanding the People and Their Culture).

      რა მიზნით აყოვნებენ ბავშვისთვის ცერემონიულად სახელის დარქმევას? ერთი ნაშრომი განმარტავს: „მერვე დღემდე ბავშვს ადამიანად არ მიიჩნევენ. მას მეტ-ნაკლებად მაინც იმ სამყაროს უკავშირებენ, საიდანაც მოვიდა . . . ახალშობილს, ასე ვთქვათ, სახელი აქცევს ადამიანად. ამიტომ, როცა მშობლები შიშობენ, რომ ბავშვი არ გადარჩება, აყოვნებენ სახელის დარქმევას, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ იცოცხლებს . . . ამის გამო, ამქვეყნად მოსვლასთან დაკავშირებულ ამ რიტუალს, რომელსაც ზოგჯერ ბავშვის სახალხოდ წარდგენას ეძახიან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვისა და მისი მშობლებისათვის. ეს არის რიტუალი, რომელსაც ახალშობილი ადამიანურ არსებობაში მოჰყავს“ (Ghana in Retrospect).

      ბავშვისთვის სახელის დარქმევის ამ რიტუალს, ჩვეულებრივ, უძღვება ოჯახის თავკაცი. მართალია, ეს რიტუალი ყველგან ერთნაირად არ ტარდება, მაგრამ ხშირად მასში შედის ღვინის დაღვრა, წინაპართა სულებისადმი ლოცვით მიმართვა (რომლის დროსაც მადლიერებას გამოხატავენ ამქვეყნად ბავშვის უვნებლად მოსვლისთვის) და სხვა ჩვეულებები.

      ეს წეს-ჩვეულება თავის კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ბავშვის სახელს აცხადებენ. თუმცა საკუთარი შვილისთვის სახელის დარქმევის პასუხისმგებლობა მშობლებს აკისრიათ, ხშირად სხვა ნათესავებიც დიდ როლს თამაშობენ სახელის არჩევაში. ადგილობრივ ენაზე ზოგ სახელს შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდეს, მაგალითად: „წასული და უკან დაბრუნებული“, „დედა მეორედ მოვიდა“ ან „მამა კვლავ მოვიდა“. სხვა სახელების მნიშვნელობების მიხედვით კი წინაპართა სულებს სთხოვენ, არ დააბრუნონ ბავშვი საიქიოში.

      რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ გიხაროდეს ბავშვის დაბადება. ბავშვისთვის ვინმეს სახელის დარქმევა ან ისეთი სახელის შერჩევა, რომელშიც დაბადებასთან დაკავშირებული ვითარებაა ასახული, მისაღები ჩვეულებაა. და მაინც, ქრისტიანებს ღვთისმოსაწონად მოქმედება სურთ; ამიტომ ისინი სიფრთხილეს ავლენენ და ერიდებიან ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომელთა მიყოლითაც დატოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ იზიარებენ თვალსაზრისს, თითქოს ბავშვი წინაპართა სულების სამყაროდან ამქვეყნად მოსული „სტუმარია“.

      ვინაიდან ბევრგან სახელის დარქმევის ჩვეულება სულთა სამყაროდან გადმოსვლის მნიშვნელოვან რიტუალად ითვლება, ქრისტიანებს ტაქტიანობა მართებთ, რათა მხედველობაში მიიღონ სხვების სინდისი და იფიქრონ იმაზე, თუ რა წარმოდგენა შეექმნებათ მათ, ვინც არაა მორწმუნე. მაგალითად, რა დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ზოგი, თუ ქრისტიანთა ოჯახს ახალშობილი არ გამოჰყავს სხვებთან სახელის დარქმევის რიტუალის ჩატარებამდე? რას იფიქრებენ ისინი, თუ ბავშვს ისეთ სახელს დაარქმევენ, რაც ბიბლიური ჭეშმარიტების მასწავლებლების მხრიდან მოულოდნელი იქნებოდა?

      მაშასადამე, იმის განსაზღვრისას, თუ რა დაარქვან ბავშვს და — როდის, ქრისტიანები ყოველმხრივ ცდილობენ, „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ აკეთონ და, ამგვარად, არ გახდნენ დაბრკოლების მიზეზი (1 კორინთელები 10:31—33). ისინი არ ‘უვლიან გვერდს ღვთის მცნებას, რათა დაიცვან ადათ-წესები’, რომელთა დანიშნულებაც მკვდრების მომსახურებაა. ნაცვლად ამისა, ისინი პატივსა და დიდებას ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას მიაგებენ (მარკოზი 7:9, 13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება