-
გაბონი ველური ბუნების სავანეგამოიღვიძეთ! — 2008 | იანვარი
-
-
რით გამოირჩევა გაბონის ნაკრძალები? ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 85 პროცენტი ტყეებს უკავია, მცენარეების 20 პროცენტი კი, რომლებიც აქ იზრდება, დედამიწის არც ერთ სხვა ნაწილში არ ხარობს. გარდა ამისა, ეკვატორულ ტყეებში ბინადრობენ ბარის გორილები, შიმპანზეები, აფრიკული სპილოები და გადაშენების პირას მყოფი სხვა ცხოველები. გაბონის ეროვნული პარკები უეჭველად შემოინახავს აფრიკის მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას.
-
-
გაბონი ველური ბუნების სავანეგამოიღვიძეთ! — 2008 | იანვარი
-
-
ეკვატორულ ტყეში მაიმუნები ხეების ზედა ტოტებზე ხტიან, ფერად-ფერადი პეპლები კი მზიან მდელოებზე დაფარფატებენ. დღის განმავლობაში ხილიჭამია ღამურებს თავიანთ საყვარელ ხეებზე სძინავთ, ხოლო ღამით მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ — ტყეში თესლებს ფანტავენ. ტყის განაპირას ხასხასა ფერის მენექტარიები ხეებისა და ბუჩქების ყვავილებიდან იღებენ ნექტარს. გასაკვირი არ არის, რატომ უწოდებენ ლოანგოს „ადგილს, სადაც შეგიძლია შეიგრძნო ეკვატორული აფრიკის მაჯისცემა“.
ლოპე — გორილების თავშეყრის ადგილი
ლოპეს ეროვნულ პარკში გაუკაფავი ტენიანი ტროპიკული ტყეებია. პარკის ჩრდილოეთ ნაწილში სავანა და ჭალებია. ეს იდეალური ადგილია ველური ბუნების მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც სურს გორილების, შიმპანზეებისა და მანდრილების ნახვა. ამ დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, 3 000—5 000 გორილა დაეხეტება.
ავგუსტინი, პარკის ყოფილი თანამშრომელი, იხსნებს 2002 წელს გორილებთან უჩვეულო შეხვედრას: „ტყეში ოთხი გორილისგან შემდგარ ოჯახს გადავეყარე. უზარმაზარი მამალი გორილა, რომელიც დაახლოებით 35 წლის იქნებოდა და რომელსაც ზურგი გაჭაღარავებული ჰქონდა, წინ გადამიდგა. მას ჩემზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი წონა ექნებოდა. მაშინვე გამახსენდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. დავჯექი მიწაზე და მორჩილების ნიშნად თავი დავხარე. გორილა გვერდით მომიჯდა, მხარზე ხელი დამადო და შემდეგ ხელის გულის დათვალიერება დამიწყო. როცა დარწმუნდა, რომ მის ოჯახს საფრთხეს არ შევუქმნიდი, ჯუნგლებში გაუჩინარდა. ამ დაუვიწყარ დღეს ტყის ბინადრებთან შეხვედრამ საოცარი გრძნობა დამიტოვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ გორილებს კლავენ საკვების მოპოვებისა თუ თავდაცვის მიზნით, რადგან გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ გორილები საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. სინამდვილეში, ისინი უწყინარი ცხოველები არიან, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ“.
ლოპეში ზოგჯერ ათასობით მანდრილი, ანუ დიდი ბაბუინები იყრიან თავს. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ ერთად თავმოყრილ ამდენ პრიმატს და ასეთ ხმაურიან თავშეყრის ადგილს. ერთი კამერუნელი ტურისტი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „რადიოლოკატორების საშუალებით, რომლებიც იქ რამდენიმე ცხოველს უკეთია, ჩვენმა გიდმა მანდრილების ადგილსამყოფელს მიაგნო. ჩვენ მათ იქ ჩაუსაფრდით, სადაც უნდა გამოევლოთ. მანდრილების გამოჩენამდე შევინიღბეთ. 20 წუთის განმავლობაში ფრინველებისა და მწერების ხმებით ვტკბებოდით. მოულოდნელად მყუდროება მანდრილების ჯოგის გამოჩენამ დაარღვია. ტოტების ტკაცუნის ხმა და მაიმუნების ყვირილი ძლიერი შტორმის მოახლოების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჯოგის წინ მომავალი მაიმუნები მოწინავე ჯარისკაცებს ჰგავდნენ. მამალი მაიმუნები მარდად მოაბიჯებდნენ, დედალი და პატარა მაიმუნები კი ტოტიდან ტოტზე ხტებოდნენ. უეცრად ერთი მამალი მაიმუნი გაჩერდა და დაეჭვებულმა თვალი მოავლო არემარეს. პატარა მანდრილმა კი ხიდან შეგვამჩნია და განგაში ატეხა. მთელმა ჯოგმა ფეხს აუჩქარა, თან უკმაყოფილების ნიშნად ყვირილი მორთეს. რამდენიმე წუთში ისინი იქაურობას გაეცალნენ. როგორც გიდმა ივარაუდა, დაახლოებით ოთხასმა მანდრილმა ჩაგვიარა“.
შიმპანზეები მანდრილებივით ხმაურიანები არიან. მათი ნახვა გაცილებით რთულია. საკვების ძიებაში ისინი სწრაფად დარბიან ტყეში. თუმცა ტურისტები ხშირად ხედავენ ცხვირვიწრო მაიმუნებს, რომლებიც ზოგჯერ სავანაში, ტყის საზღვართან დასეირნობენ. ლოპეს ყველაზე განდეგილი ბინადარი მზისკუდა მაიმუნია; ეს სახეობა სხვაგან არსად გვხვდება და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ 20 წლის წინ შეიტყვეს.
ტყის დიდი, სხვადასხვა ფერის ფრინველები, როგორიცაა ტურაკო და რქანისკარტა, მკივანა ხმით გვამცნობენ თავიანთ არსებობას. პარკში დაახლოებით 400 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ამიტომ ის ფრინველების დამთვალიერებლების საყვარელი ადგილია.
-