-
„განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცნობდა?!“ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
-
-
„მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი“
20. ა) ადამიანების მიმართ ღვთის დამოკიდებულების რომელ მხარეზე გაამახვილა ყურადღება იერემიამ? ბ) როგორ უკავშირდება პატიებას ის, რომ „იეჰოვა გადაიფიქრებს“? (იხილეთ ჩარჩო „რა გაგებით გადაიფიქრებს იეჰოვა?“).
20 ბევრის აზრით წიგნებში „იერემია“ და „გოდება“ მხოლოდ ბოროტების მხილება და განსჯაა ჩაწერილი. სინამდვილეში, მათ მხედველობიდან რჩებათ ის მონაკვეთები, სადაც იეჰოვა თავის ხალხს გულთბილად აღუთქვამს ცოდვების პატიებას. ის მოუწოდებდა იუდეველებს: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“ სხვა დროს კი იერემიამ ურჩია მათ: „გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, დაემორჩილეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას ხმას და იეჰოვაც გადაიფიქრებს იმ უბედურების მოხდენას, რომელსაც თქვენზე წარმოთქვამს“ (იერ. 18:11; 26:13). ჩვენს დროშიც პატიობს იეჰოვა ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებს და ცოდვილ გზას ტოვებს.
21. რა მიზნით პატიობს იეჰოვა შემცოდველს?
21 იეჰოვას სიტყვა პატიებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვად არ რჩება. მან იერემიას მეშვეობით მოუწოდა თავის ხალხს: „დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო . . . რისხვით არ შეგხედავ, რადგან ერთგული ვარ . . . მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი“ (იერ. 3:12). იეჰოვა წყენასა და ბრაზს არ იტოვებს გულში მათ მიმართ, ვისაც პატიობს. მართალია, მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, მაგრამ იეჰოვას უნდა, გაამთელოს ის. რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, თუ გულწრფელად ინანიებს და ღმერთს პატიებას სთხოვს, იეჰოვა მიიღებს მას და კურთხევას არ მოაკლებს (იერ. 15:19). ამის ცოდნამ უნდა აღძრას ყველა, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს ჩამოშორდა, დაუბრუნდეს მას. განა არ გიზიდავთ იეჰოვა იმით, რომ ასე შეუძლია პატიება? (წაიკითხეთ გოდების 5:21 ).
22, 23. რა მიზანი უნდა გქონდეთ, როდესაც იეჰოვას ჰბაძავთ პატიებაში?
22 თუ ვინმე გულს გატკენთ დაუფიქრებელი სიტყვითა თუ საქციელით, მიჰბაძავთ იეჰოვას? ღმერთმა იერემიას დროში მცხოვრებ იუდეველებზე თქვა, რომ განწმენდდა მათ, ვისაც აპატია (წაიკითხეთ იერემიას 33:8). ის იმ გაგებით განწმენდს მომნანიებელ შემცოდველს, რომ აღარ გაუხსენებს დანაშაულს და მსახურების ახალ შანსს მისცემს. ცხადია, ღვთის პატიების მიღება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისგან გათავისუფლდება და სრულყოფილი და უცოდველი გახდება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის სწავლა იქიდან, რაც ღმერთმა შემცოდველის განწმენდაზე თქვა. შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და, ასე ვთქვათ, განვიწმინდოთ შეხედულება მასზე, ვინც გული გვატკინა. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
23 დავუშვათ, მემკვიდრეობით მიიღეთ ძვირფასი სამკაული. ნადები რომ გასჩენოდა, გადააგდებდით? ალბათ, გულდასმით გააპრიალებდით და გაწმენდდით, რათა კვლავ დამტკბარიყავით მისი თვალისმომჭრელი სილამაზით. ამის მსგავსად ყველანაირად უნდა შეეცადოთ, გულიდან ამოიგდოთ წყენა და ბოღმა იმ დის ან ძმის მიმართ, რომელმაც გაწყენინათ. არ იფიქროთ იმ სიტყვებსა და საქციელზე, რომელმაც ასე გატკინათ გული. როდესაც წყენას ივიწყებთ, თქვენს გონებაში წმენდთ იმ ადამიანს ანუ შეხედულებას იცვლით მასზე, ვისაც აპატიეთ. როცა უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლდებით, შეძლებთ კვლავ აღადგინოთ ის ახლო ურთიერთობა, რომელიც სამუდამოდ დაკარგული გეგონათ.
24, 25. რა კურთხევებს მიიღებთ, თუ ისევე კარგად გაიცნობთ იეჰოვას, როგორც მეფე იოშია იცნობდა?
24 ჩვენ განვიხილეთ იეჰოვას მხოლოდ რამდენიმე თვისება და იმის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ იქცეოდა ის სხვადასხვა სიტუაციაში, რამაც უკეთ გაგვაცნო ღმერთი. ჩვენ გვესმის, რომ თუ კარგად ვეცნობით იეჰოვას, ეს კურთხევებს მოგვიტანს, რაც თავის მხრივ აღგვძრავს, თაყვანი ვცეთ მას მოსაწონი სახით. თუ მეფე იოშიას მსგავსად კარგად გავიცნობთ იეჰოვას, უსაზღვროდ ბედნიერი ადამიანები ვიქნებით; ბედნიერება კი ღვთის პიროვნების განუყოფელი ნაწილია.
25 იეჰოვას უკეთ გაცნობით სხვებთან ურთიერთობასაც გავიუმჯობესებთ. თუ შევეცდებით, იეჰოვას მივბაძოთ სიკეთის, სამართლიანობისა და მიმტევებლობის გამოვლენაში, ქრისტიანული კრების წევრებთან ჩვენი მეგობრობა გაღრმავდება და უფრო ძვირფასი გახდება. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ უკეთ გავაკეთოთ განმეორებითი მონახულებები და უფრო ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჩავატაროთ. ჩვენი მაგალითის შემხედვარე ახლები კიდევ უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესი მართლაც საუკეთესოა. უკეთ შევძლებთ მათ დახმარებას, რათა იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით სცენ თაყვანი, ანუ მიჰყვნენ „კარგ გზას“ (იერ. 6:16).
-