საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ღმერთი ხომ არა ვარ?!“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 მაისი
    • „აი, როგორ გამოიცდებით“

      იოსებმა ძმებს გამოცდები მოუწყო. ჯერ მკაცრად დაელაპარაკა თარჯიმნის მეშვეობით და მათ ჯაშუშობა დააბრალა. თავის დასაცავად ძმებმა მას თავიანთი ოჯახის შესახებ მოუყვნენ და ისიც უთხრეს, რომ სახლში კიდევ ჰყავდათ უმცროსი ძმა. გახარებული იოსები შეეცადა, როგორმე დაემალა თავისი გრძნობები. ნუთუ ცოცხალი იყო მისი ძმა? ახლა უკვე იცოდა იოსებმა, როგორ უნდა ემოქმედა. მან ძმებს უთხრა: „აი, როგორ გამოიცდებით . . . ვერ წახვალთ აქედან, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ“. რამდენიმე დღის მერე მან ძმებს უთხრა, რომ ერთ მათგანს მძევლად დაიტოვებდა, დანარჩენებს კი სახლში გაუშვებდა უმცროსი ძმის მოსაყვანად (დაბადება 42:9—20).

      ძმები ერთმანეთს უწყრებოდნენ 20 წლის წინ ჩადენილი ცოდვის გამო და არ იცოდნენ, რომ იოსებს ესმოდა მათი. ისინი ამბობდნენ: „უეჭველად დამნაშავეები ვართ ჩვენი ძმის გამო, რადგან ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა მისი სული, როცა შებრალებას გვთხოვდა, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“. იოსებმა გაიგონა ყველაფერი და თვალზე ცრემლი მოადგა, შემდეგ კი გავიდა, რომ ძმებს არაფერი შეემჩნიათ (დაბადება 42:21—24). თუმცა მან იცოდა, რომ ნამდვილი მონანიება გაცილებით მეტია, ვიდრე ჩადენილი დანაშაულის სავალალო შედეგებით გამოწვეული სინანულის გრძნობა. ამიტომ მან განაგრძო მათი გამოცდა.

      იოსებმა ისინი სახლში გაუშვა, სიმონი კი დააპატიმრა. შემდეგ მისი ბრძანებით აუვსეს თითოეულს ტომრები მარცვლეულით და შიგ ჩუმად ფული ჩაუდეს. ძმები სახლში დაბრუნდნენ და ძლივს დაიყოლიეს იაკობი, მისი საყვარელი ვაჟი, ბენიამინი, მათთან ერთად გაეშვა ეგვიპტეში. იქ ჩასულებმა ალალად აუხსნეს იოსების სახლის მმართველს, რომ ტომრებში ფული იპოვეს და ახლა მზად იყვნენ, ის თანხა უკან დაებრუნებინათ. იოსებისთვის ეს კარგის ნიშანი იყო, მაგრამ მას სურდა, უფრო კარგად დაენახა, რა ჰქონდათ ძმებს გულში. მან ნადიმი გაუმართა მათ. ბენიამინის დანახვაზე თავს ძლივს იკავებდა, რომ ვინაობა არ გაემჟღავნებინა. შემდეგ მათ კვლავ აუვსეს ტომრები მარცვლეულით და სახლში გაუშვეს, ოღონდ ამჯერად ბენიამინის ტომარაში ჩუმად ჩადეს ვერცხლის სასმისი (დაბადება 42:26—44:2).

      იოსებმა ძმებს მდევარი დაადევნა, რომელმაც ბრალი დასდო მათ სასმისის მოპარვაში. როდესაც სასმისი ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა, ყველა მათგანი იოსებთან დააბრუნეს. ახლა უკვე შეეძლო იოსებს, გაეგო, რამდენად შეიცვალნენ ძმები. იუდა ძმების სახელით ლაპარაკობდა და პატიებას ითხოვდა. მან თქვა, რომ თერთმეტივე მზად იყო, მისი მონა გამხდარიყო. იოსებმა იუარა და უთხრა, რომ მხოლოდ ბენიამინი გახდებოდა მისი მონა, დანარჩენებს კი გაათავისუფლებდა (დაბადება 44:2—17).

      იუდა შეევედრა იოსებს, გაეშვა ბენიამინი და შეეცადა მიზეზიც აეხსნა: „ისღა დარჩა მისი დედისგან; მამას გამორჩეულად უყვარს იგი“. ამ სიტყვებმა, ალბათ, ძალიან იმოქმედა იოსებზე. ის იაკობისა და მისი საყვარელი ცოლის, რახელის, უფროსი ვაჟი იყო. მოგვიანებით რახელი ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. ეჭვგარეშეა, იოსები დედის ხსოვნას გულში ატარებდა. შესაძლოა, ამის გამო კიდევ უფრო ძვირფასი იყო მისთვის ბენიამინი (დაბადება 35:18—20; 44:20).

      იუდა ემუდარებოდა იოსებს, არ დაეტოვებინა ბენიამინი და ისიც კი უთხრა, რომ მის მაგივრად თვითონ დაუდგებოდა მონად. ბოლოს მუდარა გულისამაჩუყებელი სიტყვებით დაასრულა: „როგორ მივიდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე და ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!“ (დაბადება 44:18—34). რამხელა ცვლილება იყო! ამ კაცმა მხოლოდ მონანიების სული კი არ გამოავლინა, არამედ უდიდესი თანაგრძნობა და სიბრალული და ცხადყო, რომ მზად იყო თავი გაეწირა ძმისთვის.

      იოსებს ესმის, თუ როგორ წუხან მისი ძმები წარსულში ჩადენილი ბოროტების გამო

      იოსებმა დაინახა, რომ ძმები ნანობდნენ ჩადენილ ბოროტებას

      იოსებს მეტის ატანა აღარ შეეძლო. დადგა დრო, გამოეხატა გრძნობები, რასაც ამდენი ხანი მალავდა. მსახურები დაითხოვა და ისე ხმამაღლა ატირდა, რომ მისი გოდება ფარაონის სახლს მისწვდა. მან ძმებს ვინაობა გაუმხილა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა“. შემდეგ გადაეხვია გაოგნებულ ძმებს და მთელი გულით აპატია ყველაფერი, რაც მას გაუკეთეს (დაბადება 45:1—15). ამგვარად მან იეჰოვას მიჰბაძა, რომელიც დიდსულოვნად პატიობს (ფსალმუნი 86:5). ჩვენც ასე ვიქცევით?

  • „ღმერთი ხომ არა ვარ?!“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 მაისი
    • იაკობის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც 147 წელი იცოცხლა, მის ვაჟებს შეეშინდათ, რომ ძლევამოსილი იოსები მათზე შურს იძიებდა. მაგრამ იოსებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი სიყვარულში. მან ძმებს ადრეც უთხრა, რომ იაკობის სახლეულობის ეგვიპტეში გადახვეწა იეჰოვას ნებით მოხდა და აღარ უნდა ედარდათ წარსულში ჩადენილ ბოროტებაზე. შემდეგ უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?!“ (დაბადება 15:13; 45:7, 8; 50:15—21). იოსებმა იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვა იყო სრულყოფილი მოსამართლე. მართლაც, ვინ იყო იოსები, რომ დაესაჯა ისინი, ვისაც იეჰოვამ აპატია?! (ებრაელები 10:30).

      ხომ არ გიჭირთ ზოგჯერ პატიება? ეს განსაკუთრებით მაშინ არის რთული, როცა განზრახ გაყენებენ ზიანს. მაგრამ თუ გულწრფელ მომნანიებლებს მთელი გულით ვპატიობთ, ამით მათაც ვუშუშებთ იარებს და საკუთარ თავსაც. ასე მოქცევით იოსებს და გულმოწყალე ღმერთს, იეჰოვას, მივბაძავთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება