საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“

      «შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ [„მზად ხარ პატიებისთვის“, აქ]» (ფსალმუნი 85:5).

      1. რა მძიმე ტვირთს ატარებდა მეფე დავითი და როგორ ჰპოვა ნუგეში მისმა დამწუხრებულმა გულმა?

      ძველი ისრაელის მეფე დავითმა იცოდა, თუ რამდენად მძიმე შეიძლება ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის შედეგად გამოწვეული სინდისის ქენჯნის ტვირთი. ის წერდა: „ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით“ (ფსალმუნი 37:5, 9). მაგრამ დავითის დამწუხრებულმა გულმა ნუგეში ჰპოვა. მან იცოდა, რომ, თუმცა იეჰოვას სძულს ცოდვა, მას არ სძულს შემცოდველი — თუ ეს პიროვნება ნამდვილად ინანიებს და უარყოფს ცოდვილი გზებით სიარულს (ფსალმუნი 31:5; 102:3). დავითი სრულიად დარწმუნებული იყო იეჰოვას მზადყოფნაში, გულმოწყალება გამოევლინა მომნანიებლისადმი: «შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, [„მზად ხარ პატიებისთვის“, აქ]» (ფსალმუნი 85:5).

      2, 3. ა) რა ტვირთს შეიძლება ვატარებდეთ ცოდვის ჩადენის შედეგად და რატომ არის ეს სასარგებლო? ბ) რა საშიშროება არსებობს დანაშაულის გრძნობით შთანთქმასთან დაკავშირებით? გ) რა მტკიცებაა მოცემული ბიბლიაში პატიებისთვის იეჰოვას მზადყოფნის შესახებ?

      2 ცოდვის ჩადენის შედეგად ჩვენც შეიძლება აფორიაქებული სინდისის გამანადგურებელ ტვირთს ვატარებდეთ. სინდისის ქენჯნის ეს გრძნობა ნორმალური და სასარგებლოც კია. მას შეუძლია დადებითი ნაბიჯების გადადგმისა და შეცდომების გამოსწორებისკენ გვიბიძგოს. მაგრამ ზოგ ქრისტიანს სძლია დანაშაულის გრძნობამ. მათი თვითგანმსჯელი გული შეიძლება დაჟინებით უმტკიცებს, რომ, როგორც არ უნდა მოინანიონ, ღმერთი ბოლომდე არ აპატიებს. „საშინელი გრძნობა გეუფლება, როცა ფიქრობ, რომ შეიძლება იეჰოვას უკვე არ უყვარხარ“, — თქვა ერთმა დამ, რომელიც თავის შეცდომას აანალიზებდა. მაშინაც კი, როდესაც მან მოინანია და კრების უხუცესებისგან სასარგებლო რჩევები მიიღო, ის განაგრძობდა საკუთარი თავის ღვთის პატიებისთვის უღირსად ჩათვლას. „დღე ისე არ გავიდოდა, რომ იეჰოვასთვის პატიება არ მეთხოვა“, — ამბობს ეს და. თუ დანაშაულის გრძნობა ‘გვნთქავს’, სატანა ეცდება იმას მიაღწიოს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და საკუთარი თავი იეჰოვასადმი მსახურების უღირსად ჩავთვალოთ (2 კორინთელთა 2:5–7, 11).

      3 მაგრამ იეჰოვას თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვაგვარია. მისი სიტყვა გვარწმუნებს, რომ, როდესაც ნამდვილ, გულწრფელ მონანიებას ვავლენთ, იეჰოვას სურს, დიახ, მზად არის, გვაპატიოს (იგავნი 28:13). ამიტომ, თუ ოდესმე ღვთისგან პატიების მიღება მიუწვდომელი მოგეჩვენა, შესაძლოა საჭიროა, უკეთესად გაიგო, თუ რატომ და როგორ გვპატიობს ის.

      რატომ არის იეჰოვა ‘მზად პატიებისთვის’

      4. რა ახსოვს იეჰოვას ჩვენს ბუნებასთან დაკავშირებით და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს მიმართ მის მოქმედებაზე?

      4 ფსალმუნებში ვკითხულობთ: „როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი“. რატომ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას? ამაზე პასუხს მომდევნო მუხლი იძლევა: „რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:12–14). დიახ, იეჰოვას ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ შექმნილები და არასრულყოფილების შედეგად გვაქვს სისუსტეები. გამოთქმა — მან იცის „აგებულება ჩვენი“ — შეგვახსენებს, რომ ბიბლია იეჰოვას მეთუნეს ადარებს და ჩვენ კი მისგან გაკეთებულ ჭურჭელსa (იერემია 18:2–6). მეთუნე თიხის ჭურჭელს მტკიცედ, მაგრამ, ამავე დროს, ნაზად ეპყრობა და ყოველთვის ახსოვს მისი ბუნება. ასევეა იეჰოვაც, დიდი მეთუნე, რომელიც რბილად, ჩვენი ცოდვილი ბუნების შესაბამისად გვეპყრობა (შეადარე 2 კორინთელთა 4:7).

      5. როგორ არის ჩვენს დაცემულ სხეულზე ცოდვის მძლავრი მარწუხების გავლენა აღწერილი რომაელთა მიმართ წერილში?

      5 იეჰოვას ესმის, თუ რამდენად მძლავრი შეიძლება იყოს ცოდვა. საღვთო წერილი ცოდვას ძლიერ ძალად აღწერს, რომელსაც ადამიანები თავის მომაკვდინებელ მარწუხებში ჰყავს გამომწყვდეული. რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ცოდვის მარწუხები? ინსპირირებული მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილში თვალსაჩინოდ განმარტავს ამას: როგორც ჯარისკაცი ექვემდებარება თავის მეთაურს, ისე ჩვენც ‘ცოდვის ქვეშ’ ვართ (რომაელთა 3:9); ის ‘მეფობს’ კაცობრიობაზე (რომაელთა 5:21); ცოდვა ჩვენში „იმყოფება“ ანუ ჩვენშია „დამკვიდრებული“ (რომაელთა 7:17, 20); მისი ‘რჯული’ გამუდმებით მოქმედებს ჩვენში და ცდილობს თავისი სურვილისამებრ აგვამოქმედოს (რომაელთა 7:23, 25). და რამდენად მძიმე ბრძოლა უნდა გავწიოთ, რათა წინააღვუდგეთ ჩვენს დაცემულ სხეულზე ცოდვის მძლავრ გავლენას (რომაელთა 7:21, 24).

      6. როგორ უყურებს იეჰოვა მოდრეკილი გულით მისი გულმოწყალების მაძიებლებს?

      6 ამიტომ ჩვენმა გულმოწყალე ღმერთმა იცის, რომ, მთელი გულითაც რომ გვსურდეს, შეუძლებელია სრულყოფილად დავემორჩილოთ მას (მესამე მეფეთა 8:46). ის სიყვარულით გვარწმუნებს, რომ, როდესაც მოდრეკილი გულით მის მამობრივ გულმოწყალებას ვეძებთ, შეგვიწყალებს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: ‘შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო’ (ფსალმუნი 50:19). იეჰოვა არასოდეს უარყოფს, ანუ ზურგს არ შეაქცევს, დანაშაულის გრძნობით მოდრეკილსა და მორჩილ გულს. რა შესანიშნავად არის აქ აღწერილი, რომ იეჰოვა მზად არის პატიებისთვის!

      7. რატომ არ შეგვიძლია ღვთის გულმოწყალების ბოროტად გამოყენება?

      7 მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბოროტად გამოვიყენოთ ღვთის გულმოწყალება და ჩვენი ცოდვილი ბუნება ცოდვის გასამართლებლად გამოვიყენოთ? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა გადაჭარბებული გულჩვილობით არ ხელმძღვანელობს. მის გულმოწყალებას საზღვარი აქვს. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს მათ, რომლებიც გულქვად, ბოროტად მისდევენ, ნებსით სცოდავენ და არ ინანიებენ (ებრაელთა 10:26–31). მეორე მხრივ, როცა ‘მოდრეკილ და მორჩილ’ გულს ხედავს, იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ (იგავნი 17:3). განვიხილოთ ბიბლიაში გამოყენებული ზოგიერთი ხატოვანი გამონათქვამი, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ღმერთი ბოლომდე პატიობს.

      როგორ პატიობს იეჰოვა ბოლომდე?

      8. რას აკეთებს, ფაქტიურად, იეჰოვა, როდესაც გვპატიობს ცოდვებს და რა გავლენა უნდა იქონიოს ამან ჩვენზე?

      8 მომნანიებელმა მეფე დავითმა თქვა: „ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა“ (ფსალმუნი 31:5). სიტყვა „მომიტევე“ გადმოითარგმნა ებრაული სიტყვიდან, რომელიც ძირითადად ნიშნავს „მოუხსნა“, „ატარო, იტვირთო“. აქ მისი გამოყენება „დანაშაულის, ცოდვისა და არასწორი საქციელის გაუქმებაზე“ მიუთითებს. ასე რომ, იეჰოვამ მოუხსნა დავითს ცოდვები, ასე ვთქვათ, ისინი გააუქმა (შეადარე ლევიანნი 16:20–22). ეს, რასაკვირველია, დავითს უმსუბუქებდა დანაშაულის გრძნობას, რომლითაც ის მოცული იყო (შეადარე ფსალმუნი 31:3). ჩვენც შეგვიძლია სრულიად ვიყოთ დარწმუნებული ღმერთში, რომელიც პატიობს ცოდვებს მათ, რომლებიც იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი თავიანთი რწმენის საფუძველზე ღვთის მიტევებას ეძიებენ (მათე 20:28; შეადარე ესაია 53:12). მათთვის, ვისაც იეჰოვა ამგვარად უხსნის და უუქმებს ცოდვებს, საჭირო არ არის, განაგრძონ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო დანაშაულის ტვირთის ტარება.

      9. რას ნიშნავს იესოს სიტყვები: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“?

      9 იესომ იმის თვალსაჩინოდ საჩვენებლად, თუ როგორ პატიობს იეჰოვა, მევალისა და მოვალის ურთიერთობა გამოიყენა. მაგალითად, იესო მოგვიწოდებდა გველოცა: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“ (მათე 6:12, სსგ). ამგვარად იესო ‘ცოდვებს’ „ვალებს“ ადარებდა (ლუკა 11:4). როცა ვცოდავთ, იეჰოვას „მოვალეები ვხდებით“. ბერძნული ზმნა, რომელიც „მიტევებად“ გადმოითარგმნა, შეიძლება „ვალის პატიებას, მის დავიწყებას, მის არ მოთხოვნას“ ნიშნავდეს. ფაქტობრივად, როცა იეჰოვა გვპატიობს, ის აუქმებს ვალს, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადაგვეხადა. მომნანიებელ შემცოდველს შეუძლია ამით ინუგეშოს. იეჰოვა არასოდეს მოითხოვს იმ ვალის გადახდას, რომელიც გააუქმა! (ფსალმუნი 31:1, 2; შეადარე მათე 18:23–35).

      10, 11. ა) რა არის გამოხატული საქმეების 3:19-ში მოცემული სიტყვით „აღიხოცოს“? ბ) როგორ არის ნაჩვენები თვალსაჩინოდ იეჰოვას ბოლომდე მიმტევებლობა?

      10 საქმეების 3:19-ში ღვთის მიტევების აღსაწერად ბიბლია იყენებს კიდევ ერთ შთამბეჭდავ მეტაფორულ გამოთქმას: „აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები“. სიტყვა „აღიხოცოს“ გადმოთარგმნილია ბერძნული ზმნიდან, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება „მოსპობას, წაშლას, გაუქმებას ან აღმოფხვრას ნიშნავდეს“. ზოგი მეცნიერის აზრით, ამ სიტყვის მნიშვნელობა ხელნაწერის წაშლას გამოხატავდა. როგორ? მელანი, რომელსაც ჩვეულებრივ ძველ დროში იყენებდნენ, მურის, გუმფისისა და წყლის ნარევისგან იყო გაკეთებული. ასეთი მელნით დაწერის შემდეგ, ადამიანს შეეძლო აეღო სველი ღრუბელი და ნაწერი წაეშალა.

      11 აქ აღწერილია იეჰოვას ბოლომდე მიმტევებლობის შესანიშნავი სურათი. როცა ცოდვებს გვპატიობს, ის თითქოს, ღრუბელს იღებს და შლის მათ. საჭირო არ არის, გვეშინოდეს, რომ ის მომავლისთვის შემოგვინახავს ამ ცოდვებს, რადგან ბიბლია კიდევ რაღაცას გვიცხადებს იეჰოვას გულმოწყალების შესახებ, რაც ნამდვილად აღსანიშნავია: როცა ის გვპატიობს, ივიწყებს კიდეც.

      „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“

      12. როცა ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა გვპატიობს ჩვენს ცოდვებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იეჰოვას არ შეუძლია მათი გახსენება და რატომ პასუხობ ასე?

      12 იეჰოვამ წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით ახალ კავშირში მყოფებთან დაკავშირებით აღთქმა დადო: „ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ (იერემია 31:33). ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიტევების შემდეგ იეჰოვას არ შეუძლია გაიხსენოს ეს ცოდვები? სულაც არა. ბიბლია მოგვითხრობს იმ მრავალ ადამიანთა ცოდვების შესახებ, რომლებსაც იეჰოვამ მიუტევა; მათ შორის არის დავითიც (მეორე მეფეთა 11:1–17; 12:1–13). ცხადია, იეჰოვას დღესაც ახსოვს მათ მიერ ჩადენილი ცოდვები და ჩვენც უნდა გვახსოვდეს ისინი. მათი ცოდვების, ასევე მონანიებისა და ღვთისგან მიტევების შესახებ ცნობები ჩვენს სასარგებლოდ იქნა შემონახული (რომაელთა 15:4). მაშინ, რას ნიშნავს ბიბლიაში ნათქვამი სიტყვები, რომ იეჰოვა არ ‘გაუხსენებს’ ცოდვებს მათ, ვისაც აპატია?

      13. ა) რა შედის იმ ებრაული ზმნის მნიშვნელობაში, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „გავუხსენებ“? ბ) რაში გვარწმუნებს იეჰოვა, როდესაც ამბობს: „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“?

      13 ებრაული ზმნა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „გავუხსენებ“ წარსულის მხოლოდ გახსენებაზე მეტს ნიშნავს. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ (Theological Wordbook of the Old Testament) თანახმად, ის „სათანადო მოქმედების მნიშვნელობასაც შეიცავს. ამიტომ ამ მნიშვნელობით ცოდვების ‘გახსენებაში’ შემცოდველის წინააღმდეგ მოქმედებაც შედის. როცა წინასწარმეტყველმა ოსიამ თავნება ისრაელის შესახებ თქვა: „ის [იეჰოვა] გაიხსენებს მათ უკეთურებას“, წინასწარმეტყველი გულისხმობდა, რომ მოუნანიებლობის გამო იეჰოვა მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა. ამგვარად, მუხლის დარჩენილი ნაწილი ამატებს: „[ის] მოჰკითხავს ცოდვებს“ (ოსია 9:9). მეორე მხრივ, როცა იეჰოვა ამბობს: „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“, ის გვარწმუნებს, რომ, თუ ერთხელ აპატიებს მომნანიებელ ცოდვილს, გარკვეული დროის შემდეგ ამ ცოდვებს არ მოჰკითხავს მას (ეზეკიელი 18:21, 22). ამგვარად, ის იმ გაგებით ივიწყებს, რომ არ გვიხსენებს ჩვენს ცოდვებს იმ მიზნით, რათა ისევ და ისევ დაგვადანაშაულოს ან დაგვსაჯოს. ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვა ჩინებულ მაგალითს გვაძლევს, რათა მივბაძოთ მას სხვებთან ურთიერთობაში. უთანხმოებების წამოჭრისას საუკეთესო იქნებოდა, ისევ არ შეგვეხსენებინა წარსული შეცდომები, რომლებიც უკვე ვაპატიეთ.

      რა შეიძლება ითქვას შედეგებზე?

      14. რატომ არ ნიშნავს მიტევება იმას, რომ მომნანიებელი შემცოდველი ცუდი მოქმედების ყოველგვარი შედეგებისგან თავისუფალია?

      14 იეჰოვა რომ მზად არის პატიებისთვის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მომნანიებელი ცოდვილი თავისი ცუდი მოქმედების ყველა შედეგისგან თავისუფლდება? არავითარ შემთხვევაში. შეუძლებელია შევცოდოთ და დაუსჯელი დავრჩეთ. პავლე წერდა: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). შეიძლება ჩვენი მოქმედების ან პრობლემების გარკვეულ შედეგებს შევეჯახოთ, მაგრამ მიტევების შემდეგ იეჰოვა არ არის ჩვენს თავს დატეხილი უსიამოვნების მიზეზი. სირთულეების წამოჭრისას ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს: „შეიძლება იეჰოვა ჩემი წარსული ცოდვების გამო მსჯის“ (შეადარე იაკობი 1:13). მეორე მხრივ, იეჰოვა არ გვათავისუფლებს ჩვენი ცუდი მოქმედებების ყველა შედეგისგან. განქორწინება, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადაცემული დაავადებები, ნდობისა თუ პატივისცემის დაკარგვა, — ყოველივე ეს შეიძლება იყოს ცოდვის სამწუხარო შედეგები და იეჰოვა არ დაგვიფარავს მათგან. გაიხსენე, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ დავითს აპატია ბათშებაყსა და ურიასთან დაკავშირებით ჩადენილი ცოდვები, მას არ დაუფარავს დავითი ჩადენილი ცოდვების სავალალო შედეგებისგან (მეორე მეფეთა 12:9–14).

      15, 16. როგორ იყო ლევიანნის 6:1–7-ში მოცემული რჯული სასარგებლო როგორც დაზარალებულისთვის, ისე მწყენინებლისთვის?

      15 ჩვენს ცოდვებს სხვა შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, ყურადღება მიაქციე ლევიანნის მე-6 თავში მოცემულ ცნობას. აქ მოსეს რჯულში მოყვანილია ის მდგომარეობები, რომლებშიც ადამიანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს და ძარცვის, გამოძალვის ან მოტყუების საშუალებით თანამემამულის საქონელს ითვისებს. შემცოდველი შემდეგ უარყოფს თავის დანაშაულს და უსირცხვილოდ ცრუ ფიცსაც კი წარმოთქვამს. ამ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს. მაგრამ მოგვიანებით მწყენინებელს სინდისი ქენჯნის და აღიარებს თავის ცოდვას. ღვთისგან მიტევების მისაღებად, მან კიდევ სამი რამ უნდა გააკეთოს: უნდა დააბრუნოს აღებული, გადაიხადოს 20 პროცენტი ჯარიმა და დანაშაულის გამოსასყიდად ვერძი შესწიროს. შემდეგ, რჯულის თანახმად: „გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას“ (ლევიანნი 6:1–7; შეადარე მათე 5:23, 24).

      16 ეს კანონი ღვთის გულმოწყალების გამო იქნა მიცემული. ის სასარგებლო იყო დაზარალებულისთვის, რომელსაც უბრუნდებოდა თავისი საკუთრება და, რომელსაც, ეჭვგარეშეა, დიდ შვებას ჰგვრიდა საბოლოოდ მწყენინებლის მიერ თავისი ცოდვის აღიარება. ამავე დროს, რჯული სასარგებლო იყო იმ პიროვნებისთვისაც, რომელიც სინდისმა ბოლოს მაინც აღძრა ეღიარებინა თავისი დანაშაული და გამოესწორებინა შეცდომა. ნამდვილად, თუ დამნაშავე ასე არ მოიქცეოდა, ის ღვთისგან მიტევებას ვერ მიიღებდა.

      17. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, როდესაც ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ?

      17 მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულს არ ვექვემდებარებით, ის გვეხმარება, ჩავწვდეთ იეჰოვას აზრებს, მათ შორის მიტევების შესახებ მის თვალსაზრისსაც (კოლასელთა 2:13, 14). როცა ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ ან ვაზარალებთ, იეჰოვას სიამოვნებს, თუ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ ‘შეცდომის გამოსასწორებლად’ (2 კორინთელთა 7:11, აქ). ამაში შედის ის, რომ შევიგნოთ ჩვენი ცოდვა, ვაღიაროთ დანაშაული და ბოდიშიც კი მოვუხადოთ დანაშაულის მსხვერპლს. შემდეგ იესოს მსხვერპლის საფუძველზე შეგვიძლია მივმართოთ იეჰოვას და მივიღებთ იმ შვებას, რომელსაც სუფთა სინდისი იძლევა და დავრწმუნდებით, რომ ღმერთმა გვაპატია (ებრაელთა 10:21, 22).

      18. რა წვრთნა შეიძლება თან სდევდეს იეჰოვას მიმტევებლობას?

      18 ნებისმიერი მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვა გვპატიობს, მაგრამ, ამასთან ერთად, გვწვრთნის კიდეც (იგავნი 3:11, 12). მომნანიებელ ქრისტიანს შეიძლება უხუცესად, სამსახურებრივ თანაშემწედ ან პიონერად მსახურების დატოვება მოუწიოს. შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს გარკვეული დროით ყოველივე ამის დაკარგვა, რადგან ეს მისთვის ძვირფასი იყო. მაგრამ მსგავსი წვრთნა იმას არ ნიშნავს, რომ მან დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა ან, რომ იეჰოვა არ პატიობს მას. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვასგან მომდინარე წვრთნა მისი ჩვენდამი სიყვარულის დამამტკიცებელია. ამ წვრთნის მიღება და გამოყენება ჩვენს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანია (ებრაელთა 12:5–11).

      19, 20. ა) რატომ არ უნდა იფიქრო, რომ იეჰოვას გულმოწყალება არ შეგეხო, მაშინ როცა დანაშაული ჩაიდინე? ბ) რაზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში?

      19 რამდენად გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც ‘მზად არის პატიებისთვის’! იეჰოვა ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებზე მეტს ხედავს (ფსალმუნი 129:3, 4). მან იცის ჩვენი გულის ზრახვები. თუ წარსული შეცდომების გამო გულგატეხილობისა და სიმძიმის გრძნობა გეუფლება, ნუ დაასკვნი, რომ შენ იეჰოვას გულმოწყალება არ შეგეხო. რა შეცდომაც არ უნდა დაგეშვა, თუ ნამდვილად მოინანიე, მათ გამოსასწორებლად ნაბიჯები გადადგი და იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე იეჰოვას მიტევების შესახებ გულწრფელად შეევედრე, შეგიძლია ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ 1-ლი იოანეს 1:9-ში მოცემული სიტყვები შენც გეხება: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურობისაგან“.

      20 ბიბლია მოგვიწოდებს, ერთმანეთთან ურთიერთობაში მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობას. მაგრამ რამდენის პატიებასა და დავიწყებას მოელიან, როცა სხვები სცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ? ამაზე საუბარი იქნება მომდევნო სტატიაში.

  • „მიუტევეთ ერთმანეთს“
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • „მიუტევეთ ერთმანეთს“

      „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს“ (კოლასელთა 3:13).

      1. ა) რატომ შეეძლო პეტრეს ეფიქრა, რომ მისი წინადადება სხვებისთვის „შვიდჯერ“ პატიების შესახებ დიდსულოვნების გამომხატველი იყო? ბ) რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ უნდა მივუტევოთ?

      „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს? შვიდჯერ?“ (მათე 18:21). პეტრე შეიძლება ფიქრობდა, რომ მისი წინადადება დიდსულოვნებით გამოირჩეოდა. იმ დროს, რაბინული გადმოცემების მიხედვით, ერთი და იმავე წყენის პატიება სამზე მეტჯერ არ შეიძლებოდაa. წარმოიდგინეთ პეტრეს გაოცება იესოს პასუხზე: „არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე 18:22). ამ ციფრის გამეორება იმის ტოლფასი იყო, ეთქვა „განუსაზღვრელადო“. იესოს აზრით, ფაქტობრივად, არ არსებობს იმის რიცხობრივი ზღვარი, თუ რამდენჯერ უნდა აპატიოს ქრისტიანმა.

      2, 3. ა) რომელ სიტუაციებში შეიძლება პატიება გაგვიძნელდეს ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სხვებისთვის პატიება ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს?

      2 მაგრამ ამ რჩევის მიყოლა ყოველთვის ადვილი არ არის. რომელ ჩვენგანს არ განუცდია უსამართლო შეურაცხყოფის შედეგად მიყენებული ტკივილი? შესაძლოა ვინმემ, ვისაც ენდე, არ გაამართლა შენი ნდობა (იგავნი 11:13). ახლო მეგობრის წინდაუხედავმა შენიშვნამ შეიძლება ‘მახვილივით გიჩხვლიტა’ (იგავნი 12:18). ისეთი პიროვნებისგან შეურაცხმყოფელმა მოქმედებამ, რომელიც გიყვარდა ან ენდობოდი, შეიძლება ღრმა ჭრილობა მოგაყენა. ასეთი შემთხვევების დროს გაბრაზება ბუნებრივია. შესაძლოა მიდრეკილი ვართ, უბრად ვიყოთ მწყენინებელთან ან, თუ შესაძლებელია, საერთოდ მოვერიდოთ მას. შეიძლება გვეჩვენება, რომ მიტევებით მას საშუალებას მივცემდით, შერჩენოდა ჩვენი განაწყენება. მაგრამ გულისწყრომის გამოკვებით საკუთარ თავს ზიანს ვაყენებთ.

      3 ამიტომ იესო გვასწავლის, მივუტევოთ „სამოცდაათგზის შვიდჯერ“. რა თქმა უნდა, მისი სწავლებები არასოდეს იქნება ზიანის მომტანი. ყველაფერი, რასაც ის ასწავლიდა, მომდინარეობდა იეჰოვასგან, ‘ჩვენდა სასიკეთოდ დამმოძღვრავისგან’ (ესაია 48:17; იოანე 7:16, 17). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სხვებისთვის პატიება ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს. სანამ ვისაუბრებდეთ, თუ რატომ უნდა ვაპატიოთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება, კარგი იქნებოდა, თავდაპირველად, განგვეხილა, თუ რა არის მიტევება და რა — არა. შევძლებთ თუ არა მიტევებას, როცა ნაწყენები ვართ, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენაზე პატიების შესახებ.

      4. რას არ ნიშნავს მიტევება, მაგრამ როგორ განიმარტება ის?

      4 სხვებისთვის პირადი წყენის მიტევება იმას კი არ ნიშნავს, რომ თვალს ვხუჭავთ ან არაფრად მიგვაჩნია ის წყენა, რომელიც მოგვაყენეს; არც იმას, რომ სხვებს ნებას ვრთავთ, ბოროტად ისარგებლონ ჩვენით. როცა გვპატიობს, იეჰოვა ხომ ნამდვილად არ უყურებს ჩვენს ცოდვებს როგორც რაღაც უმნიშვნელოს და, ის ხომ არასოდეს დაუშვებს, რომ ცოდვილმა ადამიანებმა ფეხქვეშ გათელონ მისი გულმოწყალება (ებრაელთა 10:29). ბიბლიის ორტომიანი ცნობარის (Insight on the Scriptures) თანახმად, მიმტევებლობა განმარტებულია როგორც „მწყენინებლისადმი პატიება; მის მიმართ განაწყენების თანდათანობით განელება და სათანადოს მიგების ძიების შეწყვეტა“ (ტომი I, გვ. 861)b. ბიბლია სხვებისათვის მიტევების მტკიცე საფუძველს გვაძლევს.

      რატომ ვაპატიოთ?

      5. მიტევებისთვის რა მნიშვნელოვანი საფუძველია მოცემული ეფესელთა 5:1-ში?

      5 მიტევების მნიშვნელოვან საფუძველზე საუბარია ეფესელთა 5:1-ში: „მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“. რა მხრივ უნდა ‘მივბაძოთ ღმერთს’? სიტყვა „მაშ“ კავშირშია წინა მუხლის გამოთქმასთან, რომელიც ამბობს: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32). დიახ, როცა საქმე მიტევებას ეხება, ღმერთს უნდა მივბაძოთ. როგორც პატარა ბიჭუნა ცდილობს, ზუსტად მამის მსგავსი იყოს, ჩვენც, როგორც ბავშვებს, რომლებიც იეჰოვას ძალიან უყვარს, უნდა გვსურდეს, გავხდეთ ჩვენი მიმტევებელი ზეციერი მამის მსგავსი. როგორი სიამოვნების მომგვრელი იქნება იეჰოვასთვის, როცა ზეციდან გადმოიხედავს და დაინახავს, რომ მისი მიწიერი შვილები ერთმანეთისადმი მიმტევებლობით ცდილობენ, მისი მსგავსი იყვნენ (ლუკა 6:35, 36; შეადარე მათე 5:44–48).

      6. რა მხრივ არის დიდი განსხვავება იეჰოვასა და ჩვენს მიტევებას შორის?

      6 ფაქტია, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ისე სრულყოფილად ვაპატიოთ, როგორც ამას იეჰოვა აკეთებს. ამიტომ ჩვენ უფრო მეტად გვმართებს, ვაპატიოთ ერთმანეთს. გაითვალისწინე: იეჰოვასა და ჩვენს მიტევებას შორის დიდი სხვაობაა (ესაია 55:7–9). როდესაც ჩვენს წინააღმდეგ შემცოდველებს ვპატიობთ, ამას ხშირად იმ შეგნებით ვაკეთებთ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენც შეგვიწყნარონ. ადამიანებში ყოველთვის ცოდვილებს შორის ხდება მიტევება. მაგრამ იეჰოვას შემთხვევაში პატიება ყოველთვის ცალმხრივია. ის გვპატიობს ჩვენ, მაგრამ თვითონ არასოდეს საჭიროებს პატიებას. თუ იეჰოვას, რომელიც არასოდეს ცოდავს, შეუძლია ასე სიყვარულით და ბოლომდე გვაპატიოს, განა ჩვენ, ცოდვილმა ადამიანებმა, ერთმანეთს არ უნდა ვაპატიოთ? (მათე 6:12).

      7. როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას პატიებაზე უარის თქმამ, როცა გულმოწყალების საფუძველი არსებობს?

      7 უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, თუ არ ვპატიობთ სხვებს მაშინ, როდესაც გულმოწყალებისთვის საფუძველი გვაქვს, ამან შეიძლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე ცუდი გავლენა იქონიოს. იეჰოვა არა მარტო გვთხოვს, მივუტევოთ ერთმანეთს, არამედ მოელის კიდეც ამას ჩვენგან. საღვთო წერილის თანახმად, პატიების აღმძვრელი მიზეზის ერთ-ერთ ნაწილს ის წარმოადგენს, რომ იეჰოვამ მოგვიტევოს ან უკვე მოგვიტევა (მათე 6:14; მარკოზი 11:25; ეფესელთა 4:32; 1 იოანე 4:11). თუ არ გვსურს, მივუტევოთ სხვებს, როდესაც ამის მყარი საფუძველი არსებობს, როგორ შეიძლება იეჰოვასგან მიტევებას მოველოდეთ? (მათე 18:21–35).

      8. რატომ არის მიმტევებლობა ჩვენთვის სასიკეთო?

      8 იეჰოვა თავის ხალხს ასწავლის ‘სასიკეთო გზებს, სადაც მართებთ სიარული’ (მესამე მეფეთა 8:36). როდესაც ერთმანეთისთვის მიტევებას გვასწავლის, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამას ჩვენს სასიკეთოდ აკეთებს. ბიბლია საფუძვლიანად გვეუბნება: „ადგილი მიეცით უფლის რისხვას“ (რომაელთა 12:19). გულისწყრომა მძიმე სატარებელი ტვირთია. როცა გულისწყრომა ჩვენში მკვიდრდება, ის იპყრობს ჩვენს აზრებს, გვიკარგავს სიმშვიდეს და გვიხშობს სიხარულს. ხანგრძლივმა რისხვამ, შურის მსგავსად, ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს (იგავნი 14:30). და მაშინ, როცა ჩვენ ყოველივე ამას განვიცდით, მწყენინებელმა შეიძლება სულაც არაფერი იცოდეს ამის შესახებ. ჩვენმა მოსიყვარულე ღმერთმა იცის, რომ საჭიროა მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს, და ეს სასარგებლოა არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც. მიტევების შესახებ ბიბლიური რჩევა ნამდვილად ‘სასიკეთო გზაა’.

      „შეიწყნარეთ ერთიმეორე“

      9, 10. ა) რა სიტუაციები არ მოითხოვენ მაინცდამაინც ოფიციალურ პატიებას? ბ) რას გვირჩევს გამოთქმა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე“?

      9 არსებობს სხვადასხვაგვარი ფიზიკური ტრავმა: პატარა ნაკაწრიდან ღრმა ჭრილობამდე და ყველა ჭრილობა თავისებურ მოვლას მოითხოვს. იგივე შეიძლება ითქვას ტრავმირებული გრძნობების შესახებაც; ზოგი ჭრილობა უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა. ნამდვილად, საჭიროა სხვებთან ურთიერთობაში წამოჭრილი ნებისმიერ პატარა განაწყენების გარჩევა? გაღიზიანება, დამცირება და წყენა ცხოვრების ნაწილია და ამ სიტუაციებში მაინცდამაინც არ არის საჭირო ოფიციალური მიტევება. თუ ისეთ პიროვნებად გვიცნობენ, რომ სხვებს ნებისმიერი უმნიშვნელო უსიამოვნების გამო გავურბივართ და შემდეგ, სანამ ისევ ნორმალურად მოვეპყრობოდეთ, დაჟინებით მოვითხოვთ მათგან ბოდიშის მოხდას, მაშინ მათ ვაიძულებთ, ფრთხილად იყვნენ ან გარკვეული დისტანცია დაიცვან ჩვენთან ურთიერთობაში.

      10 ნაცვლად ამისა, ბევრად უკეთესია ‘გონიერი პიროვნების რეპუტაცია გვქონდეს’ (ფილიპელთა 4:5, Phillips, ფილიპსის თარგმანი). რადგან ერთმანეთის მხარდამხარ მომსახურე არასრულყოფილი არსებები ვართ, გონივრულია მოველოდეთ, რომ დროდადრო ჩვენმა ძმებმა შეიძლება გვაწყენინონ ან ჩვენ ვაწყენინოთ. კოლასელთა 3:13 გვირჩევს: „შეიწყნარეთ ერთიმეორე“. ეს ფრაზა გვირჩევს: მომთმენნი ვიყოთ სხვების მიმართ, ავიტანოთ მათი ისეთი მოქმედება, რომელიც არ მოგვწონს ან ხასიათის თავისებურება, რომელიც შეიძლება გვაღიზიანებს. ასეთი მოთმინება და თავშეკავება იმ პატარა სირთულეებისა და წყენის ატანაში დაგვეხმარება, რომლებსაც სხვებთან ურთიერთობაში ვხვდებით და ასე მოქმედებით კრებაში მშვიდობასაც შევინარჩუნებთ (1 კორინთელთა 16:14).

      როცა ჭრილობა უფრო ღრმაა

      11. რა გვეხმარება მივუტევოთ სხვებს, როდესაც სცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ?

      11 მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვების მიერ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვის შედეგად მოყენებული ჭრილობა საგრძნობია. თუ ცოდვა ძალიან სერიოზული არ არის, შეიძლება იმდენად არ გვიჭირდეს ‘ერთმანეთისთვის მიტევების’ შესახებ ბიბლიის რჩევის მიყოლა (ეფესელთა 4:32). პატიებისთვის ასეთი მზადყოფნა შეესაბამება პეტრეს ინსპირირებულ სიტყვებს: „უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:8). ყოველთვის რომ გვახსოვდეს საკუთარი ცოდვიანობაც, ეს დაგვეხმარება სხვების შეცდომების მკაცრად განსჯის არიდებაში. ამგვარად მიტევებისას, იმის ნაცვლად, რომ ვასაზრდოოთ გულისწყრომა, ჩვენ ვთავისუფლდებით მისგან. შედეგად მწყენინებელთან ჩვენს ურთიერთობას არ მიადგება ხანგრძლივი ზიანი და კრებაში ხელი შეეწყობა მშვიდობის შენარჩუნებას, რომელიც ასე ძვირფასია (რომაელთა 14:19). დროთა განმავლობაში, მწყენინებლის საქციელი მიგვავიწყდება.

      12. ა) რა ინიციატივის გამოვლენა შეიძლება იქნეს აუცილებელი იმ პიროვნების მისატევებლად, რომელმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა? ბ) როგორ მიუთითებს ეფესელთა 4:26-ში მოცემული სიტყვები საქმის სწრაფად მოგვარების აუცილებლობაზე?

      12 მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ უფრო სერიოზულად სცოდავს და ჭრილობაც უფრო ღრმაა? მაგალითად, შესაძლოა მეგობარს ანდე რაღაც უკიდურესად პირადი ამბავი, მან კი გაახმაურა ეს. ამან ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენა, შეგაცბუნა და თავი გაცემულად იგრძენი. შენ ცდილობ, მოიშორო ეს გრძნობები, მაგრამ უშედეგოდ. ასეთ შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, გამოავლინო ინიციატივა, იქნებ დაელაპარაკო მწყენინებელს. ბრძნული იქნებოდა ამის გაკეთება საქმის გართულებამდე. პავლე შეგვაგონებს: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ [გულში რისხვის დაგროვებით ან რისხვით მოქმედებით]: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26). პავლეს სიტყვებს დამატებითი მნიშვნელობაც ჰქონდა: იუდეველებს შორის მზის ჩასვლა ერთი დღის დასრულებისა და ახლის დაწყების მაუწყებელი იყო. მაშასადამე, რჩევა ასეთია: სწრაფად მოაგვარე საქმე! (მათე 5:23, 24).

      13. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, როდესაც მწყენინებელთან მივდივართ და რა რჩევა გვეხმარება ამის მიღწევაში?

      13 როგორ უნდა მიუდგე მწყენინებელს? ‘ეძიებდე მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდე’ — ნათქვამია 1-ლი პეტრეს 3:11-ში. შენი მიზანი გულისწყრომის გამოვლენა კი არ არის, არამედ ძმასთან მშვიდობის აღდგენა. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესოა, მოერიდო უხეში სიტყვებისა და ჟესტების გამოყენებას; ამან შეიძლება მეორე პიროვნების მხრიდანაც იგივე რეაქცია გამოიწვიოს (იგავნი 15:18; 29:11). გარდა ამისა, მოერიდე გაზვიადებას, მაგალითად ასეთი სიტყვების თქმას: „შენ ყოველთვის. . .!“ ან „შენ არასოდეს. . .!“ ასეთმა გაზვიადებამ შეიძლება მისი მხრიდან მხოლოდ თავდაცვაზე გადასვლა გამოიწვიოს. ნაცვლად ამისა, ხმის ტონითა და სახის გამომეტყველებით აჩვენე, რომ შენი სურვილია იმ საქმის მოგვარება, რომელმაც ასე დიდი ტკივილი მოგაყენა. კონკრეტულად განუმარტე, თუ რას გრძნობ მომხდართან დაკავშირებით. მიეცი მეორე პიროვნებას იმის საშუალება, რომ ახსნას თავისი მოქმედება. მოუსმინე, თუ რას გეტყვის ის (იაკობი 1:19). რა სარგებლობა მოაქვს ამას? იგავნის 19:11 განმარტავს: „გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა“. სხვა ადამიანის გრძნობებისა და მისი მოქმედების მიზეზების გაგებამ შეიძლება გაფანტოს მის მიმართ უარყოფითი გრძნობები. როდესაც სიტუაციას მშვიდობის ძიების მიზნით ვუდგებით და ყოველთვის ასე განვეწყობით, ადვილად შესაძლებელია, რომ ნებისმიერი გაუგებრობა გაირკვეს, სათანადოდ მოიბოდიშონ და მიტევების სული გამოვლინდეს.

      14. რა გაგებით უნდა დავივიწყოთ, როცა სხვებს ვპატიობთ?

      14 ნიშნავს თუ არა პატიება, რომ, ფაქტიურად, უნდა დავივიწყოთ მომხდარი? გაიხსენე ამასთან დაკავშირებით თვითონ იეჰოვას მაგალითი, რომელზეც წინა სტატიაში იყო საუბარი. როდესაც ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა ივიწყებს ჩვენს ცოდვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ამ ცოდვების გახსენება (ესაია 43:25). უფრო სწორად, ის იმ გაგებით ივიწყებს, რომ, როცა გვპატიობს, ის არ იმახსოვრებს ამ ცოდვებს იმ მიზნით, რომ მომავალში მოგვკითხოს (ეზეკიელი 33:14–16). მსგავსად ამისა, ვაპატიოთ სხვა ადამიანს, აუცილებლად იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლებთ მისი ნამოქმედარის გახსენებას. მაგრამ იმ გაგებით შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ არ დავიმახსოვრებთ ამ წყენას ან ისევ არ გავუხსენებთ მას მომავალში. საკითხის ამგვარად მოგვარების შემდეგ, არ იქნებოდა მართებული, გვეჭორავა ამის შესახებ; არც ის იქნებოდა სიყვარულის გამოვლენა, მთლიანად თავი აგვერიდებინა მწყენინებლისთვის და მას ისე მოვქცეოდით, როგორც კრებიდან გარიცხულს (იგავნი 17:9). მართალია, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს ჩვენს შორის საღი ურთიერთობის აღდგენას ან შეიძლება ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ გვქონდეს, მაგრამ, როგორც ქრისტიანი ძმა, ის მაინც გვიყვარს და ყველანაირად ვცდილობთ შევინარჩუნოთ მშვიდობიანი დამოკიდებულება (შეადარე ლუკა 17:3).

      როცა პატიება შეუძლებელი გვეჩვენება

      15, 16. ა) მოითხოვება თუ არა ქრისტიანისგან, მიუტევოს მოუნანიებელ დამნაშავეს? ბ) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფსალმუნის 36:8-ში მოცემული ბიბლიური რჩევა?

      15 რა შეიძლება ითქვას, თუ სხვის ცოდვამ უღრმესი ჭრილობა მოგვაყენა, ხოლო შემცოდველი არც აღიარებს ცოდვას, არც ინანიებს და არც ბოდიშს იხდის? (იგავნი 28:13). საღვთო წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ იეჰოვა არ პატიობს მოუნანიებელ, გრძნობადაკარგულ შემცოდველს (ებრაელთა 6:4–6; 10:26, 27). რა შეიძლება ითქვას ჩვენს შესახებ? ბიბლიის ორტომიანი ცნობარი (Insight on the Scriptures) ამბობს: „ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ აპატიონ მათ, ვინც ბოროტებით სავსე წინასწარგანზრახულ ცოდვას იდენს და არ ინანიებს. ასეთები ღვთის მტრები ხდებიან“ (ტომი I, გვ. 862). არც ერთი ქრისტიანი, რომელიც უკიდურესი უსამართლობის, საზიზღარი ან მხეცური მოქმედების მსხვერპლია, არ უნდა თვლიდეს თავს ვალდებულად, მიუტევოს ან აპატიოს მოუნანიებელ დამნაშავეს (ფსალმუნი 138:21, 22).

      16 გასაგებია, რომ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება ტკივილსა და სიბრაზეს გრძნობდეს. მაგრამ გაიხსენე, რომ ბრაზისა და გულისწყრომის გაგრძელებას შეუძლია დიდი ზიანი მოგვაყენოს. დანაშაულის აღიარებისა და მობოდიშების მოლოდინს, რომელიც არასოდეს მოხდება, მხოლოდ უფრო და უფრო მეტი გულისტკივილის მოყენება შეუძლია. უსამართლობის გრძნობით მოცვამ შეიძლება ჩვენში გაამწვავოს რისხვა, რომელიც ჩვენს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გამანადგურებლად იმოქმედებს. ამით, ფაქტობრივად, ჩვენთვის ტკივილის მომყენებელს საშუალებას ვაძლევთ, განაგრძოს ტკივილის მოყენება. ბრძნულია ბიბლიის რჩევა: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა“ (ფსალმუნი 36:8). ამიტომ ზოგმა ქრისტიანმა დროთა განმავლობაში შენიშნა, რომ შეძლო გადაწყვეტილების მიღება პატიების შესახებ იმ გაგებით, რომ თანდათანობით შეწყვიტა წყრომის გულში დაგროვება — არ გაუმართლებია მწყენინებლის საქციელი, მაგრამ არც ის დაუშვა, რომ ბრაზს გაენადგურებინა. მათ საქმე მთლიანად სამართლიან ღმერთს გადააბარეს, შედეგად კი დიდი სიმშვიდე ჰპოვეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ (ფსალმუნი 36:28).

      17. რა მანუგეშებელ მტკიცებას იძლევა იეჰოვას აღთქმა, რომელიც გამოცხადების 21:4-შია ჩაწერილი?

      17 როცა ჭრილობა ძალიან ღრმაა, შეიძლება ბოლომდე ვერ ამოვძირკვოთ ის გონებიდან, სულ მცირე, ამ სისტემაში მაინც. მაგრამ იეჰოვა აღგვითქვამს ახალ ქვეყნიერებას, რომელშიც „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4). ის, რაც შეიძლება დღეს გულზე ტვირთად გვაწევს, იმ დროს რომ გაგვახსენდეს, აღარ მოგვაყენებს დიდ ტკივილს (ესაია 65:17, 18).

      18. ა) რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები ძმებთან და დებთან ურთიერთობისას? ბ) რა გაგებით შეგვიძლია ვაპატიოთ და დავივიწყოთ, როდესაც სხვები ცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ? გ) რა სარგებლობა მოაქვს ამას ჩვენთვის?

      18 იმ დრომდე კი, როგორც ძმებმა და დებმა, ერთად უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ, თუმცა არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. დროდადრო იმედს ვუცრუებთ და ტკივილსაც კი ვაყენებთ ერთმანეთს. იესომ კარგად იცოდა, რომ ჩვენთვის საჭირო იქნებოდა სხვებისთვის ‘შვიდჯერ კი არა, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ მიტევება (მათე 18:22). მართალია, ჩვენ არ გამოგვდის იეჰოვასავით სრულად პატიება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, როცა ძმები ჩვენს წინააღმდეგ სცოდავენ, შეგვიძლია იმ გაგებით მივუტევოთ, რომ გადავლახოთ გულისწყრომა და იმ გაგებით დავივიწყოთ, რომ მომავალში გაუთავებლად არ გავუხსენოთ ერთი და იგივე დანაშაული. როცა ამგვარად მივუტევებთ და დავივიწყებთ, ჩვენ მარტო კრებაში კი არ შევინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ საკუთარი სულის სიმშვიდესაც შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, დავტკბებით იმ მშვიდობით, რომლის მოცემაც მხოლოდ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას, შეუძლია (ფილიპელთა 4:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება