საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დიდი ქალაქის განადგურება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 13. ა) როგორ აღწერს ძლევამოსილი ანგელოზი დიდი ბაბილონის მეძაობას? ბ) როგორი უზნეობა იყო გავრცელებული ძველ ბაბილონში, რაც არც დიდი ბაბილონისთვის ყოფილა უცხო?

      13 ამის შემდეგ ძლევამოსილი ანგელოზი აცხადებს, რომ დიდმა ბაბილონმა მთელ ქვეყანასთან იმეძავა: „მისი სიძვის მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა ყველა ხალხი. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან, ხოლო დედამიწის დიდვაჭრები მისი სამარცხვინო ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ“ (გამოცხადება 18:3). მან მთელ კაცობრიობას მოახვია თავს თავისი უწმინდური რელიგია. როგორც ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე იუწყება, ძველ ბაბილონში ყველა გოგონას მოეთხოვებოდა, ქალწულობას ტაძარში მეძაობით გამოსთხოვებოდა. აღმაშფოთებელი გარყვნილება ასახულია კამპუჩიაში ომის დროს დაზიანებულ ანგკორ-ვატის ქანდაკებებზე და ხაჯურაჰოს (ინდოეთი) ტაძრებში, სადაც ამაზრზენი ეროტიკული სცენების ფონზე გამოსახულია ინდუსების ღვთაება ვიშნუ. 1987—1988 წლებში მსოფლიო შოკში ჩააგდო შეერთებულ შტატებში ტელეევანგელისტების უზნეობაში მხილებამ და რელიგიურ მსახურთა შორის ფართოდ გავრცელებულმა ჰომოსექსუალიზმმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიძვას ქრისტიანული სამყაროც იწყნარებს. თუმცა ერებს უფრო ამაზრზენ სიძვაშიც მიუძღვით ბრალი.

      14—16. ა) რა გაუმართლებელი ურთიერთობა ჰქონდა რელიგიასა და პოლიტიკას ფაშისტურ იტალიაში? ბ) რა კომენტარები გააკეთეს რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა იტალიის მიერ აბისინიის დაპყრობასთან დაკავშირებით?

      14 ჩვენ უკვე განვიხილეთ რელიგიისა და პოლიტიკის გაუმართლებელი ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლას. სხვა ერებიც დაზარალდნენ პოლიტიკაში რელიგიის ჩარევით. მაგალითად, ფაშისტურ იტალიაში 1929 წლის 11 თებერვალს მუსოლინიმ და კარდინალმა გასპარიმ ხელი მოაწერეს ლატერანის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ვატიკანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. პაპმა პიუს XI-მ განაცხადა, რომ მან „იტალია ღმერთს დაუბრუნა, ღმერთი კი — იტალიას“. იყო ეს ასე? ვნახოთ, რა მოხდა ექვსი წლის შემდეგ. 1935 წლის 3 ოქტომბერს იტალია აბისინიაში შეიჭრა, რადგან ამტკიცებდა, რომ ის იყო „ბარბაროსული ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ მონათმფლობელობა“ არსებობდა. მაგრამ ვინ იყო სინამდვილეში ბარბაროსი? განსჯიდა კათოლიკური ეკლესია მუსოლინის ბარბაროსობას? მაშინ როცა პაპი ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა, მისი ეპისკოპოსები აშკარად ლოცავდნენ თავიანთ „სამშობლოს“, იტალიის შეიარაღებულ ძალებს. ენტონი როდოსი თავის ერთ-ერთ წიგნში აღნიშნავს:

      15 «19 ოქტომბრის [1935 წელი] წერილობით მიმართვაში უდინეს [იტალია] ეპისკოპოსმა დაწერა: „ახლა იმის განსჯის დრო არ არის, სწორია ეს თუ არა. ჩვენი, როგორც იტალიელების და, რაც უფრო მთავარია, ქრისტიანების მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ბრძოლის წარმატებას“. 21 ოქტომბერს პადუის ეპისკოპოსი წერდა: „გთხოვთ, ამ ძნელბედობის ჟამს ეჭვის თვალით ნუ შეხედავთ ჩვენს სახელმწიფო მოღვაწეებსა და შეიარაღებულ ძალებს“. 24 ოქტომბერს კრემონას ეპისკოპოსმა აკურთხა რამდენიმე სამხედრო დროშა და აღნიშნა: „ღმერთმა აკურთხოს ეს ჯარისკაცები, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე ახალ და ნაყოფიერ მიწებს მოუპოვებენ დიდებულ იტალიას და რომაულ და ქრისტიანულ კულტურას აზიარებენ აფრიკელებს. დაე, იტალიამ კვლავ უქადაგოს ქრისტიანობა მთელ მსოფლიოს“ » („The Vatican in the Age of the Dictators“).

      16 რომის კათოლიკური სამღვდელოების ლოცვა-კურთხევით აბისინია ბარბაროსულად დაიპყრეს. შეეძლო სამღვდელოების რომელიმე წარმომადგენელს მოციქული პავლესავით ეთქვა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“? (საქმეები 20:26).

      17. როგორ დაზარალდა ესპანეთი იმის გამო, რომ მისმა სამღვდელოებამ ‘მახვილებისგან სახნისები ვერ გამოჭედა’?

      17 გერმანიის, იტალიისა და აბისინიის გარდა დიდი ბაბილონის მსხვერპლი ესპანეთიც გახდა. ესპანეთში 1936—1939 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ დემოკრატიულმა მთავრობამ გარკვეულ ზომებს მიმართა რომის კათოლიკური ეკლესიის უდიდესი ძალაუფლების შესაზღუდავად. ომის გაჩაღების შემდეგ ფაშისტური რევოლუციური მოძრაობის ლიდერმა, კათოლიკე ფრანკომ თავის თავს „წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობის გენერალსიმუსი“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ტიტულზე უარი განაცხადა. ამ ბრძოლაში ასიათასობით ესპანელი დაიღუპა. გარდა ამისა, ზოგადი სტატისტიკის თანახმად ფრანკოს მომხრე ნაციონალისტებმა სახალხო ფრონტის 40 000 მონაწილე მოკლეს, სახალხო ფრონტის მონაწილეებმა კი თავის მხრივ 8 000 ღვთის მსახურის სიცოცხლე შეიწირეს — მღვდლების, ბერმონაზვნებისა და მორჩილების. ომისთვის დამახასიათებელი ასეთი საშინელებები და ტრაგედიები ადასტურებენ, რაოდენ ბრძნულია იესოს სიტყვების გათვალისწინება: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). რა ამაზრზენია ასეთ მასობრივ სისხლისღვრაში ქრისტიანული სამყაროს მონაწილეობა! მათი სამღვდელოება ძალიან შორს არის იმისგან, რომ ‘მახვილებისგან სახნისები გამოჭედონ’ (ესაია 2:4).

  • დიდი ქალაქის განადგურება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 263 გვერდზე]

      „მეფეები. . . მასთან მეძაობდნენ“

      XIX საუკუნის დასაწყისში ევროპელ ვაჭრებს დიდი რაოდენობით ოპიუმი შეჰქონდათ ჩინეთში კონტრაბანდული გზით. 1839 წლის მარტში ჩინელი მოხელეები შეეცადნენ ამ უკანონო ვაჭრობის შეჩერებას და ბრიტანელ ვაჭრებს 20 000 ყუთი ნარკოტიკი ჩამოართვეს, რის გამოც დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მას შემდეგ ზოგიერთი პროტესტანტი მისიონერი ამგვარად მოუწოდებდა დიდ ბრიტანეთს ომისკენ:

      „გულს მიხარებს ეს დაძაბული ურთიერთობა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს განარისხებს ინგლისის მთავრობას და ღმერთი თავისი ძალით მოსპობს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩინეთში ქრისტეს სახარების ქადაგებას ხვდება“ (ჰენრიეტა შაკი, სამხრეთის ბაპტისტების მისიონერი).

      საბოლოოდ ომი დაიწყო. ეს ომი „ოპიუმის“ სახელწოდებით არის ცნობილი. მისიონერები მთელი გულით უჭერდნენ მხარს დიდ ბრიტანეთს და ამბობდნენ:

      „იძულებული ვარ დღევანდელ ვითარებას ვუყურო, არა როგორც ოპიუმს ან ინგლისის პოლიტიკურ სტრატეგიას, არამედ ღვთის დიდებულ განგებას, რათა ადამიანთა ბოროტებით ღვთის განზრახვები შესრულებულიყო, შეწყალებულიყო ჩინეთი და გარღვეულიყო ის კედელი, რომელიც მას გარე სამყაროსგან ყოფს“ (პიტერ პარკერი, კონგრეგაციონალისტი მისიონერი).

      კიდევ ერთმა კონგრეგაციონალისტმა მისიონერმა, სემიუელ უ. უილიამზმა აღნიშნა: „სასწაულებრივად ჩანს ღვთის ხელი მოვლენების განვითარებაში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის, ვინც განაცხადა, დედამიწაზე მახვილის მოსატანად მოვედიო, უკვე მოსულია თავისი მტრების დაუყოვნებლივ გასანადგურებლად და თავისი სამეფოს დასამყარებლად. ის მოსპობს და მოსპობს, ვიდრე არ დააყენებს მშვიდობის მთავარს“.

      ჩინელთა უმოწყალო ხოცვის შესახებ მისიონერმა ჯ. ლუის შაკმა დაწერა: „ვფიქრობ, რომ ეს ის საშუალებაა. . . რასაც უფალი ღვთიური ჭეშმარიტების წინსვლის დამაბრკოლებელი ნაგვის თავიდან მოსაშორებლად იყენებს“.

      კონგრეგაციონალისტმა მისიონერმა, ილაიჯა ს. ბრიჯმენმა აღნიშნა: „ღმერთს ხშირად გამოუყენებია სახელმწიფოს ძლიერება თავისი სამეფოს სასარგებლოდ. . . ასეთი განსაკუთრებული მოვლენების დროს ადამიანი მხოლოდ იარაღია, რომელსაც ღვთის ძალა ხელმძღვანელობს. ხალხთა უზენაესმა მმართველმა ჩინეთის დასასჯელად და დასამცირებლად ინგლისი გამოიყენა“ (ციტატა აღებულია სტიუარტ კრეიტონ მილერის ესედან „Ends and Means“, რომელიც 1974 წელს ჯონ კ. ფეარბანკის მიერ გამოქვეყნებულ ჰარვარდის უნივერსიტეტის ნაშრომში შევიდა „The Missionary Enterprise in China and America“).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება