საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჰუგენოტების გაქცევა თავისუფლების შესანარჩუნებლად
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
    • ჰუგენოტების გაქცევა თავისუფლების შესანარჩუნებლად

      „მეფისა და დედოფლის ბრძანებით. . . ვაცხადებთ, რომ ყველა ფრანგმა პროტესტანტმა, ვინც თავშესაფრის პოვნის მიზნით ჩვენს სამეფოს მოადგება, სამეფოს მხრივ უნდა მიიღოს არა მარტო დაცვა. . . არამედ ყოველგვარი გონივრული საშუალებაც უნდა ვეძიოთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ. . . რათა ამ ხალხმა ჩვენს სამეფოში მშვიდად და თავისუფლად იცხოვროს“.

      ამას გვამცნობს 1689 წელს ინგლისის მეფისა და დედოფლის, უილიამისა და მარიამის, მიერ გამოცემული დეკლარაცია. მაგრამ რატომ დასჭირდათ ფრანგ პროტესტანტებს, ანუ ჰუგენოტებს, როგორც ისინი მოგვიანებით გახდნენ ცნობილი, თავშესაფრისა და დაცვის საფრანგეთის საზღვრებს მიღმა ძიება? ან რატომ უნდა დავინტერესდეთ დღეს 300 წლის წინ საფრანგეთიდან მათი გაქცევით?

      მე-16 საუკუნის ევროპა რელიგიური განხეთქილებებით გამოწვეული ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული. საფრანგეთიც ვერ გადაურჩა ამ არეულობას და კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიური ომები გაიმართა (1562—1598). მაგრამ 1598 წელს საფრანგეთის მეფე ჰენრი IV-მ გამოსცა შემწყნარებლობის, ანუ ნანტის, ედიქტი, რომელმაც პროტესტანტ ჰუგენოტებს გარკვეული რელიგიური თავისუფლება მიანიჭა. იმ დროს ევროპისთვის ორი რელიგიის კანონიერად აღიარება უჩვეულო რამ იყო. ამ ედიქტის გამოცემის შედეგად, გარკვეული ხნით დასრულდა რელიგიური გადატრიალებები, რომლებიც მე-16 საუკუნის საფრანგეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

      მიუხედავად იმისა, რომ ნანტის ედიქტი მიიღეს როგორც „მუდმივი და შეუცვლელი“, 1685 წელს ის გააუქმეს და ფონტენბლოს ედიქტით შეცვალეს. ფრანგმა ფილოსოფოსმა ვოლტერმა მოგვიანებით ეს მოქმედება აღწერა როგორც „საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“. ამ ედიქტის გაუქმებას მოკლე დროში დაახლოებით 200 000 ჰუგენოტის სხვა ქვეყნებში გაქცევა მოჰყვა. ყოველივე ამის შედეგები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგრძნობოდა. საინტერესოა, რატომ გააუქმეს ადრე მიღებული რელიგიური შემწყნარებლობის ედიქტი?

      წინააღმდეგობები დასაწყისშივე

      თუმცა ნანტის ედიქტი თითქმის 90 წლის განმავლობაში ძალაში იყო, ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ის უკვე „კარგავდა ძალას, როდესაც 1685 წელს საბოლოოდ გააუქმეს“. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ედიქტს არ ჰქონდა მყარი საფუძველი. მან თავიდანვე ხელი შეუწყო „ცივ ომს“ კათოლიკურ სამღვდელოებასა და იმ რელიგიას შორის, რომელსაც კათოლიკეები „რეფორმაციულ რელიგიას“ უწოდებდნენ. 1598 წლიდან, მისი გამოცემის დროიდან, დაახლოებით 1630 წლამდე ნანტის ედიქტისადმი წინააღმდეგობა პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის გამართულ საჯარო დებატებსა და რელიგიური ხასიათის ნაშრომებში ხდებოდა. მაგრამ შეუწყნარებლობა კიდევ სხვა მრავალი სახით ვლინდებოდა.

      1621—1629 წლების განმავლობაში პროტესტანტებთან ომის შემდეგ საფრანგეთის მთავრობა მთელი რიგი რეპრესიული ზომების მიღებით ეცადა, ისინი ძალით მოექცია კათოლიციზმში. ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა ლუი XIV-ს, „მეფე-მზის“, მმართველობის დროს. მის მიერ გატარებულ დევნის პოლიტიკას ნანტის ედიქტის გაუქმება მოჰყვა.

      მკაცრი აკრძალვა

      აკრძალვაში პროტესტანტების სამოქალაქო უფლებების თანდათანობით გაუქმებაც შედიოდა. 1657—1685 წლებში ჰუგენოტების წინააღმდეგ დაახლოებით 300 დადგენილება გამოვიდა, რომელთაგან უმეტესობა სამღვდელოების წაქეზებით იყო მიღებული. ეს დადგენილებები მათი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხებოდა. მაგალითად, ჰუგენოტებისთვის აკრძალული იყო, დაუფლებოდნენ მრავალ პროფესიას, მათ შორის ექიმობას, სამართალს და მეანობასაც კი. მეანობასთან დაკავშირებით ერთი ისტორიკოსი აღნიშნავდა: „როგორ შეიძლება სიცოცხლე ანდო ერეტიკოსს, რომლის მიზანია, მოსპოს არსებული წყობილება?“

      1677 წელს ჩაგვრა კიდევ უფრო გაძლიერდა. ნებისმიერ ჰუგენოტს, ვისაც კათოლიკის პროტესტანტად მოქცევის მცდელობაზე წაასწრებდნენ, ათასი ლივრით აჯარიმებდნენ. სახელმწიფომ უზარმაზარი გადასახადებიდან მიღებული თანხა ჰუგენოტების მოსაქცევად გამოიყენა. 1675 წელს კათოლიკურმა სამღვდელოებამ მეფე ლუი XIV-ს 4,5 მილიონი ლივრი მისცა და უთხრა: „ახლა ბოლომდე უნდა გამოავლინოთ მადლიერება და გამოიყენოთ თქვენი ავტორიტეტი, რათა ძირფესვიანად აღმოფხვრათ მწვალებლობა“. სამი წლის განმავლობაში კათოლიკობაზე მოსაქცევად „ყიდვის“ ამ სტრატეგიას დაახლოებით 10 000 პროტესტანტის მოქცევა მოჰყვა.

      1663 წელს პროტესტანტობაზე მოქცევა აიკრძალა. იმ დროს არსებობდა შეზღუდვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ სად ეცხოვრათ ჰუგენოტებს. მათ წინააღმდეგ უკიდურესი ზომების მაგალითია ის ფაქტი, რომ შვიდი წლის ასაკში ბავშვებს, მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ, შეეძლოთ კათოლიკეები გამხდარიყვნენ. პროტესტანტი მშობელი ვალდებული იყო, ფული გადაეხადა განათლებისთვის, რომელსაც მისი შვილი იეზუიტი ან სხვა კათოლიკე მოძღვრისგან ღებულობდა.

      ჰუგენოტების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი იარაღი იყო საიდუმლო „წმინდა ზიარების საზოგადოება“ (Compagnie du Saint-Sacrement). ეს იყო კათოლიკური ორგანიზაცია, რომელიც, ისტორიკოს ჟანინ გარისონის თქმით, მთელ საფრანგეთში იყო მოდებული. ისინი საზოგადოების უმაღლეს ფენებში ტრიალებდნენ და არც ფული აკლდათ და არც საჭირო ცნობები. გარისონის ნათქვამის თანახმად, მათი ტაქტიკა მრავალფეროვანი იყო: „ზეგავლენის მოხდენიდან დაბრკოლებების შექმნამდე, ტყუილების შეთხზვიდან დადანაშაულებამდე; ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ პროტესტანტების დასასუსტებლად“. მიუხედავად ამისა, ამ დევნების პერიოდში ჰუგენოტების უმეტესობა საფრანგეთიდან არ წასულა. ისტორიკოსი გარისონი აღნიშნავს: „ძნელია ჩასწვდე, თუ რატომ არ ტოვებდნენ ჰუგენოტთა რიცხვმრავალი ჯგუფები თავიანთ სამეფოს, მაშინ როდესაც მათ მიმართ მტრული განწყობილება თანდათანობით იზრდებოდა“. მაგრამ, საბოლოოდ, თავისუფლების შენარჩუნების მიზნით, გაქცევა მაინც აუცილებელი გახდა.

      საწყისი მდგომარეობის აღდგენა

      ნიმვეგენის სამშვიდობო ხელშეკრულებისა (1678 წელი) და რეგენსბურგის ზავის დადებამ (1684 წელი) მეფე ლუი XIV გარეშე მტრებთან ომებისგან დაასვენა. სრუტის მიღმა, ინგლისში, 1685 წლის თებერვალში კათოლიკე გამეფდა. ლუი XIV-მ ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით. რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის კათოლიკურმა სამღვდელოებამ „გალიკანური სამღვდელოების დეკლარაცია“ გამოსცა, რომელიც ზღუდავდა პაპების ხელისუფლებას. პაპი ინოკენტი XI მაშინ „საფრანგეთის ეკლესიას თითქმის სქიზმატურად მიიჩნევდა“. ამიტომ ნანტის ედიქტის გაუქმებით ლუი XIV-მ შელახული რეპუტაცია და პაპთან ნორმალური ურთიერთობა აღიდგინა.

      პროტესტანტების მიმართ მეფის პოლიტიკა სრულიად გამოაშკარავდა. შედარებით რბილი მეთოდები (დარწმუნება და კანონმდებლობის გამოყენება), როგორც ჩანს, არ მოქმედებდა. მეორე მხრივ, არც ისე დიდი ხნის წინ დრაგუნებმაa წარმატებას მიაღწიეს. ამიტომ 1685 წელს ლუი XIV-მ ხელი მოაწერა ფონტენბლოს ედიქტს და გააუქმა ნანტის ედიქტი. სასტიკმა დევნებმა, რომლებიც ედიქტის გაუქმებას მოჰყვა, ჰუგენოტები იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩაყარა, ვიდრე ნანტის ედიქტის მიღებამდე იყვნენ. რა იღონეს მათ?

      დამალვა, ბრძოლა თუ გაქცევა?

      ზოგმა ჰუგენოტმა მალულად თაყვანისცემა აირჩია. რადგან მათი თავმოყრის ადგილები დაანგრიეს, ხოლო საჯაროდ თაყვანისცემა აკრძალეს, ისინი „განდეგილობას“ ანუ იატაკქვეშა მოღვაწეობას დაუბრუნდნენ. და ამას აკეთებდნენ იმის მიუხედავად, რომ, 1686 წელს დადგენილი კანონის თანახმად, ასეთ შეხვედრებს შეიძლება სიკვდილით დასჯა მოჰყოლოდა. ზოგმა ჰუგენოტმა თავის რწმენაზე უარი თქვა იმ მოსაზრებით, რომ მოგვიანებით კვლავ დაიბრუნებდა მას. კათოლიკეებად ასე მოქცეულები ზედაპირულად მისდევდნენ კათოლიციზმს, რაც მოგვიანებით მომდევნო თაობებმაც გადაიღეს.

      მთავრობა ახალმოქცეულების საზოგადოებაში გათქვეფას შეეცადა. ახალმოქცეულს სამუშაო რომ მიეღო, უნდა წარედგინა მოწმობა, რომელსაც ხელს აწერდა სამრევლო მღვდელი და რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეს პიროვნება ეკლესიაში დადიოდა. თუ შვილებს კათოლიკეებად არ მონათლავდა და არ აღზრდიდა, მშობლებს ჩამოერთმეოდათ ეს მოწმობა. სკოლებში მხოლოდ კათოლიკურ განათლებას ღებულობდნენ. „წიგნის [ბიბლიის] ხალხისთვის“, როგორც მაშინ პროტესტანტებს უწოდებდნენ, შეეცადნენ შეექმნათ პროკათოლიკური რელიგიური ნაშრომები. მთავრობამ მილიონზე მეტი წიგნი დაბეჭდა და იმ ადგილებში გაგზავნა, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ახალმოქცეულები. მიღებული ზომები იმდენად რადიკალური იყო, რომ, თუ რომელიმე ავადმყოფი უარყოფდა კათოლიკური ზიარების მიღებას, ხოლო შემდეგ გამოჯანმრთელდებოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში პატიმრობას ან კატორღას მიუსჯიდნენ. სიკვდილის შემდეგ კი მისი ქონების კონფისკაცია მოხდებოდა, ხოლო გვამს ნაგავივით სადმე გადააგდებდნენ.

      ზოგმა ჰუგენოტმა შეიარაღებულ წინააღმდეგობას მიმართა. სევენებში, რომელიც მგზნებარე რელიგიურობით იყო განთქმული, 1702 წელს აჯანყებულ ჰუგენოტებს კამიზარები უწოდეს. კამიზარების ჩასაფრებებისა და ღამით თავდასხმების საპასუხოდ მთავრობის ჯარისკაცებმა მათი სოფლები გადაწვეს. თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ჰუგენოტების მხრიდან ერთეული შემოტევები აღინიშნებოდა, მეფე ლუის ძლევამოსილმა არმიამ 1710 წელს კამიზარები გაჟლიტა.

      ზოგმა ჰუგენოტმა საფრანგეთიდან გაქცევით უშველა თავს. ამ ემიგრაციას ნამდვილი დიასპორა ეწოდა. ჰუგენოტების უმეტესობა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან სახელმწიფომ მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთა, ხოლო ამ ქონების ნაწილი კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო. ამიტომ გაქცევა ადვილი საქმე არ იყო. საფრანგეთის მთავრობა მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირებდა — მეთვალყურეობას უწევდა ყველა გზას, რომლებითაც შეიძლებოდა ქვეყნიდან გასვლა, და გულმოდგინედ ჩხრეკდა გემებს. მეკობრეები თავს ესხმოდნენ საფრანგეთიდან გამავალ გემებს, ვინაიდან უხვად აჯილდოებდნენ მათ, ვინც გაქცეულებს დაიჭერდა. დაჭერილ ჰუგენოტებს სასტიკად სჯიდნენ. მდგომარეობას ამძიმებდა ისიც, რომ ჰუგენოტებს შორის არსებული ჯაშუშები ცდილობდნენ გაეგოთ მათი სახელები, ვინც გაქცევას აპირებდა, და გზები, რომლებითაც უნდა გაქცეულიყვნენ. სხვისი წერილების ხელში ჩაგდება, ყალბი საბუთების შედგენა და ინტრიგები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

      გულთბილი მიღება

      საფრანგეთიდან გაქცეული ჰუგენოტები გულთბილად მიიღეს მრავალ ქვეყანაში, რომლებიც ცნობილი იყო როგორც მათი თავშესაფარი ქვეყნები. ჰუგენოტებმა თავი შეაფარეს ჰოლანდიას, შვეიცარიას, გერმანიასა და ინგლისს. შემდეგ ზოგი წავიდა სკანდინავიაში, ამერიკაში, ირლანდიაში, ვესტინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.

      ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიცა ედიქტები, რომლებიც ხელს უწყობდა ჰუგენოტების იმიგრაციას. სტიმულის მისაცემად მათ თავისუფლად აძლევდნენ ქვეყნის მოქალაქეობას, ათავისუფლებდნენ გადასახადებისგან და თავისუფლად ღებულობდნენ ვაჭრებისა და ხელოსნების გაერთიანების წევრებად. ისტორიკოს ელიზაბეტ ლაბრუსის ნათქვამის თანახმად, ჰუგენოტები უმეტესწილად „ახალგაზრდა მამაკაცები. . . უნარიანები, ზნეობის განსაკუთრებული დამცველები“ იყვნენ. ამგვარად, საფრანგეთმა თავისი ძალაუფლების მწვერვალზე ყოფნის პერიოდში ვაჭრობის მრავალ სახეობაში დახელოვნებული პიროვნებები დაკარგა. დიახ, უცხოეთში წავიდა „სიმდიდრე და გამოცდილება“. ჰუგენოტებისთვის თავშესაფრის მიცემაში გარკვეული როლი რელიგიურმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმაც შეასრულა. რა შედეგები მოჰყვა ამ ემიგრაციას, რომელიც საფრანგეთში კარგა ხანს იგრძნობოდა?

      ნანტის ედიქტის გაუქმებასა და მის თანმხლებ დევნას მსოფლიო უარყოფითად გამოეხმაურა. უილიამ ორანელმა ისარგებლა ფრანგებისადმი არსებული არაკეთილსასურველი დამოკიდებულებით და ნიდერლანდების მმართველი გახდა. ჰუგენოტი მეომრების დახმარებით მან შეცვალა კათოლიკე ჯეიმზ II და დიდი ბრიტანეთის მეფეც გახდა. ისტორიკოსი ფილიპ ჟუტარი აღნიშნავს, რომ „ლუი XIV-ს ანტიპროტესტანტული პოლიტიკა იყო ჯეიმზ II-ის ჩამოგდებისა და აუგსბურგის ლიგის ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზი. . . [ამ] მოვლენებით აღინიშნა ევროპის ისტორიის გარდამტეხი პერიოდი, რომელსაც ფრანგული ჰეგემონიის ინგლისურით შეცვლა მოჰყვა“.

      ჰუგენოტებმა ევროპის კულტურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ ახლად მიღებული თავისუფლება ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნისთვის გამოიყენეს, რამაც განმანათლებელთა ეპოქის ფილოსოფიისა და შემწყნარებლობის იდეების დახვეწას შეუწყო ხელი. მაგალითად, ფრანგმა პროტესტანტმა გადათარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯონ ლოკის, ნაშრომები, რომლებშიც „ბუნებითი უფლებების“ იდეები იყო გადმოცემული. სხვა პროტესტანტი მწერლები სინდისის თავისუფლების მნიშვნელოვნებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. განვითარდა აზრი იმის შესახებ, რომ მმართველებისადმი მორჩილება ფარდობითია და შეიძლება დაუმორჩილებლობის გამოვლენა, თუ მმართველების მოთხოვნები ეწინააღმდეგება თვითონ მათ შორის და ასევე ხალხთან დადებულ ხელშეკრულებას. ამგვარად, ისტორიკოსი ჩარლზ რიდი აღნიშნავს, რომ ნანტის ედიქტის გაუქმება „საფრანგეთის რევოლუციის გამომწვევი ერთ-ერთი აშკარა ფაქტორი“ იყო.

      იყო ეს მათთვის გაკვეთილი?

      მარკიზ დე ვობანმა, ლუი XIV-ს სამხედრო მრჩეველმა, როდესაც დაინახა დევნის ეს შედეგები, რომლებიც მათ ბუმერანგივით მოუტრიალდა და რომელთა გამოც სახელმწიფომ მრავალი საჭირო ადამიანიც დაკარგა, მეფეს ურჩია, რომ აღედგინა ნანტის ედიქტი, და აღნიშნა, რომ „გულის მოქცევა მხოლოდ ღვთის საქმეა“. მაშ, რატომ არ იყო ეს გაკვეთილი საფრანგეთისთვის და რატომ არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება? ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ მეფეს სახელმწიფოს დასუსტების ეშინოდა. გარდა ამისა, კათოლიკური კონტრრეფორმაცია და რელიგიური შეუწყნარებლობა მე-17 საუკუნის საფრანგეთისთვის გამორჩენის წყარო იყო.

      ამ ედიქტის გაუქმებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ზოგში დაბადა კითხვა: „რამხელა პლურალიზმის დაშვება და ატანა შეუძლია საზოგადოებას?“ მართლაც, როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, შეუძლებელია აწონ-დაწონო ჰუგენოტების ისტორია და თავში „ხელისუფლების მექანიზმისა და მისი დამახინჯების“ შესახებ აზრი არ მოგივიდეს. დღევანდელი საზოგადოებისთვის, რომელშიც უფრო და უფრო იზრდება რასობრივი და რელიგიური დაყოფები, თავისუფლების შესანარჩუნებლად ჰუგენოტების გაქცევა იმის მწარე გაკვეთილია, თუ რა ხდება, როდესაც ეკლესიის მიერ წაქეზებული პოლიტიკოსები თავიანთ მდგომარეობას ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

  • ჰუგენოტების გაქცევა თავისუფლების შესანარჩუნებლად
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
    • დრაგონადები

      დაშინებით მოქცევა

      ზოგი დრაგუნებს „შესანიშნავ მისიონერებად“ მიიჩნევდა. მაგრამ ჰუგენოტებში მათ შიშის ზარი შეიტანეს და ზოგჯერ, როდესაც მათი ჩამოსვლის შესახებ გებულობდნენ, მთელი სოფლები იცვლიდნენ რწმენას. მაგრამ ვინ იყვნენ დრაგუნები?

      დრაგუნები იყვნენ კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც ჰუგენოტების სახლებში ცხოვრობდნენ და რომლებსაც განზრახული ჰქონდათ, დაეშინებინათ მობინადრეები. ამგვარად მოქმედი დრაგუნები ცნობილი იყვნენ როგორც დრაგონადები. მიგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ოჯახის საარსებო სახსრებს, რითაც ამძიმებდნენ ოჯახის ტვირთს. დრაგუნებს უფლება ჰქონდათ, მხეცურად მოქცეოდნენ ოჯახებს, მათთვის ძილი დაეფრთხოთ და მთელი ქონება გაეჩანაგებინათ. თუ მობინადრე პროტესტანტულ რწმენას უარყოფდა, დრაგუნები დატოვებდნენ მის სახლს.

      პუატუში, დასავლეთ საფრანგეთში, სადაც ყველაზე მეტად იყვნენ დასახლებული ჰუგენოტები, 1681 წელს მათ კათოლიციზმზე მოსაქცევად დრაგუნები გამოიყენეს. რამდენიმე თვეში 30 000—35 000-მა შეიცვალა სარწმუნოება. იგივე საშუალებები გამოიყენეს 1685 წელს ჰუგენოტებით დასახლებულ სხვა ტერიტორიებზეც. რამდენიმე თვეში 300 000—400 000-მა უარყო თავისი რწმენა. ისტორიკოს ჟან კეინიარის თქმით, დრაგუნებმა წარმატება მოიპოვეს და „[ნანტის შემწყნარებლური ედიქტის] გაუქმება გარდაუვალი გახადეს, ვინაიდან იმ დროს შეიქმნა ამის გაკეთების შესაძლებლობა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება