-
დაე, იეჰოვა წაგიძღვეთ ნამდვილი თავისუფლებისკენსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
დაე, იეჰოვა წაგიძღვეთ ნამდვილი თავისუფლებისკენ
„[დაუკვირდით] თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ (იაკ. 1:25).
შეგიძლიათ ახსნათ?
რომელ კანონს მივყავართ ნამდვილ თავისუფლებამდე და ვისთვის მოაქვს მას სარგებლობა?
როგორ მივაღწიოთ ნამდვილ თავისუფლებას?
როგორ თავისუფლებას ელის ყველა, ვინც რჩება სიცოცხლის გზაზე?
1, 2. ა) რა დაემართა თავისუფლებას მსოფლიოში და რატომ? ბ) როგორ თავისუფლებას ელიან იეჰოვას მსახურები?
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელშიც სიხარბის, უკანონობისა და ძალადობის გამოვლენა უფრო გახშირდა (2 ტიმ. 3:1—5). ამიტომ მთავრობები კანონს კანონზე იღებენ, აძლიერებენ პოლიციას და ამონტაჟებენ სამეთვალყურეო მოწყობილობებს. ზოგ ქვეყანაში მოქალაქეები პირადადაც ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მაგალითად: სახლებში აყენებენ სიგნალიზაციას, კარებს დამატებით საკეტებს უკეთებენ და ელექტროღობესაც კი ავლებენ. ბევრი ღამით არ გადის ქუჩაში და ბავშვებს არათუ ღამით, დღისითაც კი არ უშვებს გარეთ უმეთვალყურეოდ. რაც დრო გადის, ადამიანი მეტად კარგავს თავისუფლებას და ამ სიტუაციის გამოსწორებას პირი არ უჩანს.
2 ედემის ბაღში სატანა ამტკიცებდა, რომ ნამდვილი თავისუფლება იეჰოვასგან დამოუკიდებლობას მოაქვს. რა ამაზრზენი და ვერაგული ტყუილი იყო ეს! ადამიანები რაც უფრო უგულებელყოფენ ღვთის მიერ დადგენილ ზნეობრივ თუ სულიერ ნორმებს, მით უფრო იტანჯება მთელი საზოგადოება. ასეთი გაუარესებული სიტუაცია გავლენას ჩვენზეც, იეჰოვას მსახურებზეც, ახდენს. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ გავთავისუფლდებით ცოდვისა და ხრწნის მონობისგან და გავიხარებთ იმით, რასაც ბიბლია „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ უწოდებს (რომ. 8:21). იეჰოვამ უკვე დაიწყო თავის მსახურთა ასეთი თავისუფლებისთვის მომზადება.
3. რა კანონი მისცა იეჰოვამ ქრისტეს მიმდევრებს და რა კითხვებს განვიხილავთ?
3 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვამ მოგვცა კანონი, რომელსაც იაკობი „თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ უწოდებს (წაიკითხეთ იაკობის 1:25). „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ ეს ფრაზა გადმოცემულია როგორც „კანონი, რომელიც გვათავისუფლებს“ („The New English Bible“). როგორც წესი, ადამიანებისთვის კანონი შეზღუდვებთან ასოცირდება და არა თავისუფლებასთან. მაშ, რა არის „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“? და როგორ გვათავისუფლებს ის?
კანონი, რომელიც გვათავისუფლებს
4. რა არის „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“ და ვისთვის მოაქვს მას სარგებლობა?
4 „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“ არ არის მოსეს კანონი, რომელმაც „ცხადი გახადა დარღვევები“ და რომელიც იესომ შეასრულა (მათ. 5:17; გალ. 3:19). მაშ, რომელ კანონზე საუბრობდა იაკობი? ის საუბრობდა „ქრისტეს კანონზე“, რომელსაც „რწმენის კანონიც“ და „თავისუფალი ხალხის კანონიც“ ჰქვია (გალ. 6:2; რომ. 3:27; იაკ. 2:12). „სრულყოფილი კანონი“ მოიცავს ყველაფერს, რასაც იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს. ამ კანონს სარგებლობა მოაქვს როგორც ცხებული ქრისტიანებისთვის, ისე „სხვა ცხვრისთვის“ (იოან. 10:16).
5. რატომ არ არის დამამძიმებელი თავისუფლების ეს კანონი?
5 მრავალი ქვეყნის კანონებისგან განსხვავებით, „სრულყოფილი კანონი“ არც რთული და არც დამამძიმებელია. პირიქით, ის შეიცავს მარტივ მითითებებსა და ძირითად პრინციპებს (1 იოან. 5:3). „ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“, — თქვა იესომ (მათ. 11:29, 30). გარდა ამისა, „სრულყოფილი კანონი“ არ საჭიროებს წესების გრძელ სიას; ის დაფუძნებულია სიყვარულზე და „ამოტვიფრულია“ არა ქვის ფილებზე, არამედ გულსა და გონებაში (წაიკითხეთ ებრაელების 8:6, 10).
როგორ გვათავისუფლებს „სრულყოფილი კანონი“
6, 7. რა შეიძლება ითქვას იეჰოვას ნორმებზე და რატომ არის გამათავისუფლებელი „თავისუფლების კანონი“?
6 იეჰოვამ თავის გონიერ ქმნილებებს დაუდგინა „საზღვრები“, რომლებიც მათთვის სარგებლობის მომტანი და დამცველი იქნებოდა. მაგალითისთვის ავიღოთ ფიზიკური კანონები, რომლებითაც ენერგია და მატერია იმართება. არავინ არ ჩივის, რომ თავს შევიწროებულად გრძნობს ამ კანონების გამო. პირიქით, ადამიანები აფასებენ მათ, როცა ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობისთვის ეს კანონები. მსგავსად, იეჰოვას ზნეობრივი და სულიერი ნორმები, რომლებიც ზუსტად აირეკლა ქრისტეს „სრულყოფილ კანონში“, სასარგებლოა ადამიანებისთვის.
7 გარდა იმისა, რომ გვიცავს, „თავისუფლების კანონი“ საშუალებას გვაძლევს, დავიკმაყოფილოთ ყველა ჩვენი მართებული სურვილი ისე, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ზიანი და არც სხვისი უფლებები და თავისუფლებები ხელვყოთ. აქედან გამომდინარე, ნამდვილ თავისუფლებას რომ მივაღწიოთ ანუ შეგვეძლოს იმის კეთება, რაც გვინდა, აუცილებელია, განვივითაროთ მართებული, იეჰოვასთვის მოსაწონი და მის ნორმებთან შეთანხმებული სურვილები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა შევიყვაროთ ის, რაც იეჰოვას უყვარს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს; ამაში კი „თავისუფლების კანონი“ დაგვეხმარება (ამოს. 5:15).
8, 9. რა კურთხევები ელით მათ, ვინც თავისუფლების კანონს არის ჩაჭიდებული? ახსენით.
8 არასრულყოფილების გამო გვიწევს არასწორ სურვილებთან ბრძოლა. მაგრამ ვინაიდან ერთგულად ვემორჩილებით ამ „თავისუფლების კანონს“, უკვე ახლა ვღებულობთ გარკვეულ თავისუფლებას. მაგალითად, ერთმა მამაკაცმა ჯეიმ, რომელიც თამბაქოს მწეველი იყო, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როგორ მოიქცეოდა ის, როცა გაიგებდა, რომ ღმერთს ეს არ მოსწონდა? გააგრძელებდა თავისი სურვილის მონად ყოფნას, თუ იეჰოვას დაემორჩილებოდა? მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანიზმი ნიკოტინს სთხოვდა, ის გონივრულად მოიქცა და ღვთის მსახურება გადაწყვიტა. რა გრძნობები დაეუფლა, როდესაც ეს ჩვევა დასძლია? „საოცრად თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, — გვიზიარებს ის.
9 ჯეიმ საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ქვეყნიური თავისუფლება, რომელიც ადამიანებს „ხორცისაზე ფიქრისკენ“ უბიძგებს, სინამდვილეში მონობაა. ასეთი თავისუფლებისგან განსხვავებით, იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება, რომელიც „სულისაზე ფიქრს“ ნიშნავს, გვათავისუფლებს და „სიცოცხლესა და მშვიდობისკენ“ მიგვიძღვის (რომ. 8:5, 6). როგორ შეძლო ჯეიმ თავი დაეღწია ჩვევისთვის, რომლის მონაც იყო? მან ეს ღვთის დახმარებით შეძლო და არა საკუთარი ძალებით. ჯეიმ თქვა: „რეგულარულად ვსწავლობდი ბიბლიას და ვლოცულობდი წმინდა სულისთვის. დახმარების ხელი ქრისტიანულ კრებაში მოსიყვარულე და-ძმებმაც გამომიწოდეს“. ეს ყოველივე თქვენც დაგეხმარებათ ნამდვილი თავისუფლების მიღწევაში. ვნახოთ, როგორ არის ეს შესაძლებელი.
დაუკვირდით ღვთის სიტყვას
10. რას ნიშნავს, „დაუკვირდით“ ღვთის კანონს?
10 იაკობის 1:25-ში ვკითხულობთ: „ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება“. „დაკვირვებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „დახრას, რომ რაღაცას ყურადღებით შეხედო“. ამას ძალისხმევა სჭირდება. თუ გვინდა, რომ თავისუფლების კანონმა იმოქმედოს ჩვენს გულსა და გონებაზე, გულმოდგინედ უნდა შევისწავლოთ ბიბლია და ვიფიქროთ წაკითხულზე (1 ტიმ. 4:15).
11, 12. ა) როგორ აჩვენა იესომ, რომ მნიშვნელოვანია ჭეშმარიტებით ცხოვრება? ბ) როგორც ამ ილუსტრაციაზეა ნაჩვენები, განსაკუთრებით რა საფრთხეს უნდა ერიდონ ახალგაზრდები?
11 ამავე დროს, ღვთის სიტყვის გამოყენებით ჩვენ ასევე უნდა „განვაგრძოთ“ ანუ მოვითმინოთ. ამგვარად შევძლებთ ჭეშმარიტებით ცხოვრებას. მსგავსი აზრი უთხრა იესომ მათ, ვისაც ის სწამდა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). ერთი ნაშრომის თანახმად, სიტყვა „შეცნობა“ აგრეთვე ნიშნავს, ცოდნის დაფასებას, ვინაიდან ამ ცოდნას მნიშვნელოვნად და ღირებულად თვლი. ჭეშმარიტებას სრულად მხოლოდ მაშინ შევიცნობთ, თუ ჭეშმარიტებით ვიცხოვრებთ. თუ ასე მოვიქცევით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ღვთის სიტყვა მოქმედებს ჩვენში“ და ისეთ პიროვნებად გვაყალიბებს, რომელიც უფრო ზუსტად ირეკლავს ჩვენს ზეციერ მამას (1 თეს. 2:13).
12 ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა შევიცანი ჭეშმარიტება? ვცხოვრობ ჭეშმარიტებით? თუ ჯერ კიდევ მიზიდავს ამ ქვეყნიერების „თავისუფლება“? ერთი და, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, იხსენებს: „როცა ჭეშმარიტება ბავშვობიდან იცი, გამუდმებით გესმის იეჰოვას შესახებ. მაგრამ მე ის სინამდვილეში არ გამიცნია. არასოდეს შემიძულებია ის, რაც მას სძულს. არ მჯეროდა, რომ ჩემს საქციელს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. პრობლემების დროს არასდროს მითხოვია ღმერთისთვის დახმარება. ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა, რაც ახლა სასაცილოდ მეჩვენება, რადგან მაშინ არაფერი არ ვიცოდი“. საბედნიეროდ, მოგვიანებით ეს და მიხვდა, რომ არასწორი აზროვნება ჰქონდა და ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოახდინა. მან პიონერად მსახურებაც კი დაიწყო.
წმინდა სული დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ
13. როგორ გვეხმარება წმინდა სული, რომ გავთავისუფლდეთ?
13 „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“, — ნათქვამია 2 კორინთელების 3:17-ში. როგორ უწყობს წმინდა სული ხელს ჩვენს თავისუფლებას? სხვა ყველაფერთან ერთად ის გვეხმარება, გამოვიმუშაოთ თვისებები, რომლებიც აუცილებელია თავისუფლებისათვის, მაგალითად: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). ამ თვისებების, განსაკუთრებით სიყვარულის გარეშე საზოგადოება ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, რაც კარგად ჩანს დღევანდელ მსოფლიოში. საინტერესოა, რომ ამ თვისებების ჩამოთვლის შემდეგ მოციქულმა პავლემ დასძინა: „არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“. რას გულისხმობდა ის? ღვთის სულის ნაყოფის ზრდას ვერანაირი კანონი ვერ შეუშლის ხელს (გალ. 5:18). რა არის ამ კანონის არსი? იეჰოვას ნებაა, რომ ყოველთვის განვივითაროთ ისეთი თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა და რომ არაფერმა შეგვიშალოს ხელი მათ გამოვლენაში.
14. როგორ იმონებს ქვეყნიერების სული მათ, ვინც მას ემორჩილება?
14 ისინი, ვისაც ქვეყნიერების სული იმონებს და ხორციელ სურვილებს იკმაყოფილებენ, შეიძლება თავი თავისუფალი ჰგონიათ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:18, 19). მაგრამ რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა. მათი მავნე ჩვევებისა და სურვილების დასაოკებლად ათასობით კანონი თუ წესია საჭირო. კანონი „დადგენილია არა მართალთათვის, არამედ უკანონობის მოქმედთათვის, დაუმორჩილებელთათვის“, — თქვა პავლემ (1 ტიმ. 1:9, 10). ისინი ცოდვის მონებიც არიან, ვინაიდან „ხორცის სურვილებისამებრ“ იქცევიან; ხორცის სურვილები კი სასტიკი ბატონია (ეფეს. 2:1—3). ასეთი ადამიანები ჰგვანან მწერებს, რომელთაც თაფლი მაგნიტივით იზიდავს. თავიანთ სურვილებს აყოლილნი ისინი მალევე ხვდებიან, რომ ხაფანგში გაებნენ (იაკ. 1:14, 15).
ქრისტიანული კრება დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ
15, 16. რატომ არის კრებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და როგორ თავისუფლებას გვანიჭებს ის?
15 თუ ესწრებით ქრისტიანული კრების შეხვედრებს, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ რაიმე კლუბის წევრი ხართ. კრებაში იმიტომ აღმოჩნდით, რომ იეჰოვამ მოგიზიდათ (იოან. 6:44). რატომ აგირჩიათ ღმერთმა? იმიტომ, რომ მართალი და ღვთისმოშიში ადამიანი ხართ? „სულაც არა“ — შეიძლება ფიქრობთ. აბა, რა დაინახა მან თქვენში? ღმერთმა თქვენი გული დაინახა, რომელიც მზად იყო მისი თავისუფლების კანონის მისაღებად და მისი ხელმძღვანელობის მისაყოლად. კრებაში იეჰოვამ სულიერად გამოგკვებათ, გაგათავისუფლათ ცრუ რელიგიური სწავლებებისა თუ ცრურწმენისგან და გასწავლათ, როგორ განავითაროთ თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (წაიკითხეთ ეფესოელების 4:22—24). შედეგად, თქვენ იმყოფებით იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ „თავისუფალი ხალხი“ და ეს სახელი მთელ მსოფლიოში სხვას არავის შეეფერება (იაკ. 2:12).
16 დაფიქრდით: როცა იმყოფებით მათ შორის, ვისაც მთელი გულით უყვარს იეჰოვა, შიშის გრძნობა გეუფლებათ? წამდაუწუმ აქეთ-იქით ხომ არ იყურებით? თვალს არ აცილებთ სამეფო დარბაზში თქვენს ნივთებს იმის შიშით, რომ არ მოგპარონ? რა თქმა უნდა, არა! პირიქით, თქვენ თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობთ. მსგავსად იგრძნობდით თავს, სადმე სხვაგან რომ ყოფილიყავით? ალბათ, არა. მაგრამ ღვთის ხალხს შორის არსებული თავისუფლება, მხოლოდ აჩრდილია იმ თავისუფლებისა, რომელიც წინ გველოდება.
„ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება“
17. როგორ უკავშირდება ადამიანების თავისუფლება „ღვთის ძეების გამოცხადებას“?
17 თავისუფლების შესახებ, რომელსაც იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებს მისცემს, პავლემ დაწერა: „მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას“. შემდეგ დასძინა: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:19—21). „ქმნილებაში“ იგულისხმებიან მიწიერი იმედის მქონე ადამიანები — ისინი, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს ღვთის სულითცხებულ შვილთა გამოცხადება. ეს გამოცხადება დაიწყება, როდესაც სულიერ სამყაროში მკვდრეთით აღმდგარი „შვილები“ ქრისტესთან ერთად განწმენდენ დედამიწას ბოროტებისგან და დაიცავენ „უამრავ ხალხს“, რათა მათ იცხოვრონ ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხ. 7:9, 14).
18. რა მასშტაბებს მიაღწევს თავისუფლება და საბოლოოდ, როგორ თავისუფლებას მიიღებენ მორჩილი ადამიანები?
18 გამოსყიდული ადამიანები მიიღებენ სრულიად განსხვავებულ თავისუფლებას — ყველა გათავისუფლდება სატანისა და დემონების გავლენისგან (გამოცხ. 20:1—3). რამხელა შვებას მოუტანს ეს კაცობრიობას! ამის შემდეგ ქრისტეს 144 000 თანამეფე და მღვდელი განაგრძობს ადამიანების გათავისუფლებას ანუ კაცობრიობა თანდათანობით მიიღებს სარგებლობას გამოსასყიდისგან მანამ, სანამ ადამის ცოდვა და არასრულყოფილება სრულად არ აღმოიფხვრება (გამოცხ. 5:9, 10). ისინი, ვინც საბოლოო გამოცდისას ერთგულებას შეინარჩუნებენ, მიიღებენ სრულყოფილ თავისუფლებას ანუ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, რომელიც იეჰოვას მათთვის ჰქონდა განზრახული. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე: აღარ მოგიწევთ ბრძოლა იმისათვის, რომ ღვთის თვალში სწორად მოიქცეთ, ვინაიდან მთლიანად გასრულყოფილდებით და თქვენი პიროვნება ღვთის ზუსტი ანარეკლი გახდება.
19. რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ მივიღოთ ღვთის მიერ დაპირებული თავისუფლება?
19 გსურთ, მიიღოთ „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება“? თუ ასეა, „თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ თქვენს გონებასა და გულზე მოქმედების საშუალება მიეცით. გულმოდგინედ შეისწავლეთ წმინდა წერილები, იცხოვრეთ ჭეშმარიტებით, სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული, სრული სარგებლობა მიიღეთ ქრისტიანული შეხვედრებიდან და იეჰოვას მიერ მოწოდებული სულიერი საზრდოდან. ნუ მისცემთ სატანას თქვენი მოტყუების უფლებას, როგორც მან მოატყუა ევა და აფიქრებინა, რომ ღვთის მითითებები მეტისმეტად შემზღუდველი იყო. დარწმუნებული იყავით, რომ ეშმაკი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ როგორც შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, სატანამ ვერ უნდა გვაჯობოს, „რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორ. 2:11).
-
-
ვემსახუროთ ღმერთს, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
ვემსახუროთ ღმერთს, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ
„ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3).
შეგიძლიათ უპასუხოთ?
როგორ ცდილობს სატანა, გვაფიქრებინოს, რომ ღვთის კანონები დამამძიმებელია?
რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად მეგობრების არჩევისას?
რა დაგვეხმარება, დავრჩეთ ერთგული ღვთისადმი, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ?
1. როგორ უყურებს იეჰოვა თავისუფლებას და როგორი თავისუფლება მისცა მან ადამსა და ევას?
იეჰოვა ერთადერთია, რომელსაც აბსოლუტური თავისუფლება აქვს. მაგრამ ის ბოროტად არასდროს იყენებს მას და არც თავის მსახურთა თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს. ნაცვლად ამისა, ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა, რაც მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ინიციატივა და დაიკმაყოფილონ ყველა მართებული სურვილი. მაგალითად, იეჰოვამ ადამსა და ევას მხოლოდ ერთი რამ აუკრძალა — მათ არ უნდა ეჭამათ ნაყოფი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ (დაბ. 2:17). მართლაც, რა საოცარი თავისუფლება ჰქონდათ, რომ შეესრულებინათ თავიანთი შემოქმედის ნება!
2. რატომ დაკარგეს ჩვენმა პირველმა მშობლებმა ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლება?
2 რატომ მისცა ღმერთმა ჩვენს პირველ მშობლებს ასეთი დიდი თავისუფლება? მან ისინი თავის ანარეკლად შექმნა, მისცა სინდისი და მოელოდა, რომ შემოქმედისადმი სიყვარული მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა (დაბ. 1:27; რომ. 2:15). სამწუხაროდ, ადამმა და ევამ არ დააფასეს ღმერთი, რომელმაც მათ სიცოცხლე და თავისუფლება აჩუქა. ნაცვლად ამისა, პირველმა წყვილმა არჩია სატანის მიერ შეთავაზებული უკანონო თავისუფლება ანუ დამოუკიდებლად დაედგინა ზნეობრივი ნორმები. ადამსა და ევას ეგონათ, რომ მეტ თავისუფლებას მიიღებდნენ, მაგრამ სინამდვილეში საკუთარი თავი და ყველა მათი მომავალი შთამომავალი ცოდვის მარწუხებში მოაქციეს. ამას სავალალო შედეგები მოჰყვა (რომ. 5:12).
3, 4. როგორ ცდილობს სატანა, შეცდომაში შეგვიყვანოს იეჰოვას ნორმებთან დაკავშირებით?
3 თუ სატანამ ორი სრულყოფილი ადამიანის მოტყუება შეძლო, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ სულიერ ქმნილებაზე, რომელთაც იეჰოვას უზენაესობა უარყვეს, მას ჩვენი მოტყუებაც შეუძლია. მისი სტრატეგია დღემდე უცვლელია. სატანა ცდილობს, შეგვაცდინოს და გვაფიქრებინოს, რომ ღვთის ნორმები დამამძიმებელია და თითქოსდა გვართმევს ცხოვრებით ტკბობის უფლებას (1 იოან. 5:3). თუ ხშირად გვესმის მსგავსი აზრები, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე. „ცუდმა საზოგადოებამ მართლაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მეშინოდა, ჩემი თანატოლებისგან განსხვავებული შეხედულება მქონოდა“, — იხსენებს 24 წლის და, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა. შესაძლოა, შენც განიცდი მსგავს ზეწოლას თანატოლებისგან.
4 სამწუხაროდ, დროდადრო თანატოლების უარყოფითი გავლენა შეიძლება ქრისტიანულ კრებაშიც შეინიშნებოდეს. ერთი ახალგაზრდა ძმა ამბობს: „ზოგ ისეთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც პაემნებზე დადიან მათთან, ვინც იეჰოვას მოწმე არ არის. ბოლოს მივხვდი, რომ რაც უფრო ხშირად ვტრიალებდი ასეთი და-ძმების წრეში, მით უფრო ვემსგავსებოდი მათ. სულიერად მოვსუსტდი. კრების შეხვედრებისკენ აღარ მიმიწევდა გული და მსახურებაში იშვიათად დავდიოდი. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელი იყო, რომ ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა მათთან, და ეს გავაკეთე კიდეც“. ხვდებით, რამხელა გავლენა შეიძლება იქონიონ სხვებმა თქვენზე? განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი (რომ. 15:4).
მან მოიგო მათი გული
5, 6. როგორ შეიყვანა აბესალომმა სხვები შეცდომაში და იყო თუ არა მისი ჩანაფიქრი წარმატებული?
5 ბიბლიაში უამრავი მაგალითია იმ ადამიანებისა, რომლებმაც ცუდი გავლენა იქონიეს სხვებზე. ერთ-ერთი ასეთი იყო აბესალომი, დავით მეფის ძე. ის იშვიათი გარეგნობით გამოირჩეოდა. მაგრამ ერთხელაც, სატანის მსგავსად, მან ნება დართო სიხარბესა და ამბიციას, მის გულში დაესადგურა. აბესალომმა მოისურვა მამამისის ტახტი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.a ის ცდილობდა, მზაკვრულად ჩაეგდო ხელში მეფობა და ისრაელებს ისე აჩვენებდა თავს, თითქოს მეფეზე მეტად იყო დაინტერესებული მათით. ისევე როგორც ეშმაკმა ედემის ბაღში, აბესალომმაც კეთილმოსურნედ წარადგინა თავი და ამავდროულად, მზაკვრულად დასწამა ცილი მშობელ მამას (2 სამ. 15:1—5).
6 გაამართლა აბესალომის ცბიერულმა ჩანაფიქრმა? გარკვეულწილად კი. ბიბლიაში წერია: „იგებდა აბესალომი ისრაელების გულს“ (2 სამ. 15:6). მაგრამ ბოლოს მისმა ქედმაღლობამ დაღუპა ის. სამწუხაროდ, მოკვდა არა მხოლოდ აბესალომი, არამედ მის მიერ შეცდომაში შეყვანილი ათასობით ისრაელი (2 სამ. 18:7, 14—17).
7. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბესალომის შემთხვევიდან? (იხილეთ ილუსტრაცია მე-14 გვერდზე.)
7 რატომ შეცდნენ ასე ადვილად ისრაელები? შესაძლოა, მათ სურდათ ის, რასაც აბესალომი ჰპირდებოდა ან შეიძლება მათზე მისმა გარეგნობამ იმოქმედა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ: ისინი არ იყვნენ საკმარისად ერთგულნი იეჰოვასადმი და მის მიერ დანიშნული მეფისადმი. სატანა დღესაც იყენებს „აბესალომებს“, რათა მოიგოს იეჰოვას მსახურთა გულები. მათ შეიძლება თქვან: „იეჰოვას ნორმები ძალიან მკაცრია“; ან „შეხედეთ მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას; ყველა ერთობა და დროს ატარებს“. როცა გესმით ასეთი აზრები, ხვდებით, რომ ეს აშკარა ტყუილია და რჩებით იეჰოვას ერთგული? ხვდებით, რომ მხოლოდ იეჰოვას „სრულყოფილ კანონს“, ანუ ქრისტეს კანონს, შეუძლია ნამდვილი თავისუფლების მოცემა? (იაკ. 1:25). თუ ასეა, შეიყვარეთ ეს კანონი და არასდროს გამოიყენოთ ბოროტად თქვენი ქრისტიანული თავისუფლება (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:16).
8. რომელი ცხოვრებისეული მაგალითებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას ნორმების უგულებელყოფას ბედნიერება არ მოაქვს?
8 ახალგაზრდები სატანის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ. 30-ს გადაცილებული ერთი ძმა იხსენებს მოზარდობის წლებს: „მაშინ იეჰოვას ნორმები შემზღუდველი მეგონა და არა დამცველი“. ასეთმა აზროვნებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და მან უზნეობა ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ამას მისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ეს ძმა გვიზიარებს: „დანაშაულის და სინანულის გრძნობა წლების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა“. ერთი და იხსენებს: „უზნეობის ჩადენის შემდეგ უღირსობისა და სიცარიელის გრძნობა დამეუფლა. მას შემდეგ 19 წელი გავიდა და ის ცუდი მოგონებები ჯერ კიდევ ვერ ამოვიგდე თავიდან“. სხვა და კი ამბობს: „იმაზე ფიქრმა, რომ ჩემმა საქციელმა ტკივილი მიაყენა ჩემთვის საყვარელ ადამიანებს, ჩემს ფსიქიკაზე იმოქმედა და სულიერად თუ ემოციურად გამანადგურა. სატანას არ უნდა, რომ ცოდვის შედეგებზე იფიქრო“.
9. ა) რა კითხვები დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ, როგორ ვუყურებთ იეჰოვას ნორმებსა და პრინციპებს? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის კარგად გაცნობა?
9 რა სამწუხაროა, რომ მრავალმა ახალგაზრდა და უფროსი ასაკის და-ძმამაც კი საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რა შედეგები მოაქვს ცოდვილი სურვილების დაკმაყოფილებას (გალ. 6:7, 8). ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვხვდები, რომ სატანის ყველა მეთოდი ჩემ მოსატყუებლად არის გამიზნული? ვთვლი იეჰოვას ჩემს უახლოეს მეგობრად, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მეუბნება და ჩემთვის საუკეთესო უნდა? ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ იეჰოვა არასდროს წამართმევს იმას, რაც კარგია და რაც უდიდეს ბედნიერებას მომანიჭებს?“ (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18). ამ კითხვებს დადებითი პასუხი რომ გასცეთ, საკმარისი არ არის იეჰოვას მხოლოდ ზედაპირულად გაცნობა. აუცილებელია, მისი ახლოს გაცნობა და იმის გააზრება, რომ ბიბლიური პრინციპები და კანონები შემზღუდველი კი არ არის, არამედ იეჰოვას მიერ თქვენდამი გამოვლენილი სიყვარულია (ფსალმ. 25:14).
სთხოვეთ ღმერთს ბრძენი და მორჩილი გული
10. რატომ უნდა მივბაძოთ ახალგაზრდა მეფე სოლომონს?
10 ახალგაზრდა სოლომონმა თავმდაბლურად ილოცა: „ჯერ ბავშვი ვარ და არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა“. შემდეგ მან იეჰოვას ბრძენი და მორჩილი გული სთხოვა (1 მეფ. 3:7—9, 12). ღმერთმა შეასრულა მისი გულწრფელი თხოვნა და თქვენ შემთხვევაშიც ასე მოიქცევა, იმისდა მიუხედავად, ახალგაზრდა ხართ, თუ არა. რა თქმა უნდა, იეჰოვა არ მოგცემთ სასწაულებრივ წვდომის უნარსა და სიბრძნეს. მაგრამ თუ გულმოდგინედ შეისწავლით მის სიტყვას, ილოცებთ წმინდა სულისთვის და ზუსტად მიჰყვებით ქრისტიანული კრების მეშვეობით მიღებულ ხელმძღვანელობას, იეჰოვა ნამდვილად დაგაბრძენებთ (იაკ. 1:5). ასეთი სახით, იეჰოვას ახალგაზრდა მსახურებიც კი უფრო ბრძენები ხდებიან, ვიდრე ამ ქვეყნიერების ეგრეთ წოდებული „ბრძენები და ჭკვიანები“, ანუ ისინი, რომლებიც უარყოფენ ღვთის მითითებებს (ლუკ. 10:21; წაიკითხეთ ფსალმუნის 119:98—100).
11—13. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ბიბლიური მუხლებიდან: ფსალმუნის 26:4, იგავების 13:20 და 1 კორინთელების 15:33? ბ) როგორ გამოიყენებთ ამ ბიბლიურ პრინციპებს?
11 იეჰოვა ახლოს რომ გავიცნოთ, მნიშვნელოვანია ბიბლიის შესწავლა და წაკითხულზე ფიქრი. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი ბიბლიური მუხლები. თითოეულ მათგანში მოცემულია მეგობრების არჩევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრინციპები: „ცრუ ხალხთან არ ვზივარ და თვალთმაქცებთან არ დავდივარ“ (ფსალმ. 26:4). „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავ. 13:20). „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).
12 რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან? 1) იეჰოვას უნდა, რომ გონივრულად ავირჩიოთ მეგობრები. მას სურს, ზნეობრივად და სულიერად დაგვიცვას. 2) ჩვენზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ ისინი, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. ზემოხსენებული მუხლებიდან ჩანს, რომ იეჰოვა ჩვენს გულებზე მოქმედებას ცდილობს. როგორ? ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სამი მუხლიდან არც ერთი არ შეიცავს წესებსა თუ კანონებს; მაგალითად, არ წერია „არ უნდა გააკეთო“ ან „არ შეიძლება“. მათში ნათელი, არაორაზროვანი ჭეშმარიტებაა მოცემული. იეჰოვა თითქოსდა გვეუბნება: „აი, ფაქტები. შენ რას ფიქრობ? რას გააკეთებ?“.
13 ვინაიდან ამ მუხლებში პრინციპებია მოცემული, ისინი არ ძველდება და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში შეიძლება მათი გამოყენება. მაგალითად, საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: როგორ მოვერიდო „თვალთმაქცებთან“ ურთიერთობას? რა შემთხვევებში შეიძლება მომიწიოს მათთან ურთიერთობა? (იგავ. 3:32; 6:12). ვინ არიან „ბრძენები“, ვისთანაც იეჰოვას სურს, რომ მქონდეს ურთიერთობა? და ვინ არიან „სულელები“, რომელთაც თავი უნდა ავარიდო? (ფსალმ. 111:10; 112:1; იგავ. 1:7). რომელ „კარგ ჩვევებზე“ იმოქმედებს უარყოფითად, თუ ცუდ საზოგადოებასთან მექნება ურთიერთობა? მარტო ქვეყნიერებაში შეიძლება შევხვდე ცუდ საზოგადოებას? (2 პეტ. 2:1—3). როგორ უპასუხებთ ამ შეკითხვებს?
14. როგორ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო?
14 განხილული სამი ბიბლიური მუხლის მსგავსად, კარგი იქნებოდა, სხვა მუხლებიც გამოგეკვლიათ, რათა გაგეგოთ ღვთის თვალსაზრისი იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენ და თქვენს ოჯახს გეხებათ.b მშობლებო, იმსჯელეთ ასეთ საკითხებზე ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე. ამ დროს არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მიზანია, დაეხმაროთ ოჯახის თითოეულ წევრს, უფრო მეტად დააფასონ მათდამი გამოვლენილი ღვთის სიყვარული, რომელიც მის კანონებსა და პრინციპებში ჩანს (ფსალმ. 119:72). ცხადია, ასეთი შესწავლა მთელ ოჯახს უფრო დააახლოებს იეჰოვასთან და ერთმანეთთან.
15. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, განივითარეთ თუ არა ბრძენი და მორჩილი გული?
15 როგორ განვსაზღვროთ, განვივითარეთ თუ არა ბრძენი და მორჩილი გული? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ჩვენი აზროვნება შევადაროთ ძველ დროს მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთა აზროვნებას. მაგალითად, გავიხსენოთ მეფე დავითი. ის წერდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8). მსგავსი აზრი თქვა 119-ე ფსალმუნის დამწერმა: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმ. 119:97). ასეთი სიყვარული თავისთავად არ ვითარდება. საჭიროა საფუძვლიანი შესწავლა, ლოცვა, ფიქრი და იმის დანახვა, თუ რამხელა კურთხევები მოაქვს ღვთის ნორმების მორჩილებას (ფსალმ. 34:8).
იბრძოლეთ, რომ არ დაკარგოთ თქვენი ქრისტიანული თავისუფლება
16. რა უნდა გვახსოვდეს, რომ გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში?
16 კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არაერთი სასტიკი ბრძოლა გამართულა თავისუფლებისთვის. განა უფრო მეტად მნიშვნელოვანი არ არის სულიერი ბრძოლა თქვენი ქრისტიანული თავისუფლების შესანარჩუნებლად?! გახსოვდეთ, რომ თქვენი მტრები არ არიან მარტო სატანა, ქვეყნიერება და მისი მომწამვლელი სული. თქვენ საკუთარი არასრულყოფილებისა და ვერაგი გულის წინააღმდეგაც გიწევთ ბრძოლა (იერ. 17:9; ეფეს. 2:3). მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. და უფრო მეტიც, თითოეულ გამარჯვებას, დიდსა თუ პატარას, ორი დადებითი მხარე აქვს. უპირველესად, თქვენ იეჰოვას უხარებთ გულს (იგავ. 27:11). მეორეც, როცა გამოცდით იეჰოვას „თავისუფლების სრულყოფილი კანონის“ გამათავისუფლებელ ძალას, უფრო მეტად აღიძვრებით, არ გადაუხვიოთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი „ვიწრო გზიდან“. თავის დროზე კი გაიხარებთ იმ დიდი თავისუფლებით, რომელსაც იეჰოვას ერთგული მსახურები მიიღებენ (იაკ. 1:25; მათ. 7:13, 14).
17. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული არასრულყოფილების გამო და როგორ გვეხმარება იეჰოვა?
17 რა თქმა უნდა, დროდადრო ყველა უშვებს შეცდომებს (ეკლ. 7:20). ასეთ დროს გული არ უნდა გაგიტყდეთ და უღირსობის გრძნობა არ უნდა დაგეუფლოთ. თუ შეცდით, იმოქმედეთ, რომ გამოასწოროთ მდგომარეობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილობრივი უხუცესების დახმარება დაგჭირდებათ. იაკობი წერდა: „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:15). არასდროს გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომ ღმერთი გულმოწყალეა და მან მოგიზიდათ თქვენ, რადგან თქვენში რაღაც კარგი დაინახა (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:8, 9). ასე რომ, სანამ იეჰოვას მთელი გულით ემსახურებით, ის არასდროს მიგატოვებთ (1 მატ. 28:9).
18. როგორ შეგვიძლია იოანეს 17:15-ში ჩაწერილი იესოს ლოცვის თანახმად მოქმედება?
18 სიკვდილის წინა ღამეს იესო ლოცულობდა თავის 11 ერთგულ მოციქულთან ერთად და ღმერთს სთხოვდა, ბოროტებისგან დაეცვა ისინი (იოან. 17:15). მაგრამ იესო მარტო თავის მოციქულებზე კი არა, ყველა თავის მიმდევარზე ზრუნავდა. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა უპასუხებს იესოს ლოცვას და დაგვიცავს ამ ძნელად ასატან დროს. იეჰოვა „უმწიკვლოდ მავალთათვის ფარია . . . [ის] თავის ერთგულთა გზას დაიფარავს“ (იგავ. 2:7, 8). მართალია, ერთგულების შენარჩუნებას თან ახლავს სირთულეები, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება მარადიული სიცოცხლისა და ნამდვილი თავისუფლების მიღება (რომ. 8:21). ასე რომ, არავის მოატყუებინოთ თავი!
[სქოლიოები]
a აბესალომი უკვე დაბადებული იყო, როცა ღმერთი დაჰპირდა დავითს, რომ მისი მომავალი „შთამომავალი“ დაიმკვიდრებდა მის ტახტს. ამიტომ აბესალომს უნდა სცოდნოდა, რომ იეჰოვას ის არ აურჩევია დავითის ტახტის მემკვიდრედ (2 სამ. 3:3; 7:12).
b მაგალითად, შეგიძლიათ განიხილოთ 1 კორინთელების 13:4—8, სადაც პავლე აღწერს, თუ რა არის სიყვარული და ფსალმუნის 19:7—11, რომელიც აჩვენებს, რომ იეჰოვას კანონების მორჩილებას უხვი კურთხევა მოაქვს.
-