საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | აპრილი
    • ადამი და ევა ედემის ბაღში

      გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ!

      „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოან. 8:36).

      სიმღერები: 65, 52

      შეგიძლიათ ახსნათ?

      • რას ნიშნავს შედარებითი თავისუფლება?

      • როგორ დავკარგეთ ნამდვილი თავისუფლება?

      • როგორ თავისუფლებას დაგვპირდა იესო და როგორ შეგვიძლია მისი მოპოვება?

      1, 2. ა) რა ადასტურებს, რომ ადამიანები ილტვიან თავისუფლებისკენ? ბ) ხშირად რა შედეგებით სრულდება მათი მცდელობა?

      თანასწორობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება დღევანდელი საზოგადოებისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხებია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, გათავისუფლდნენ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და სიღარიბისგან. სხვები მოითხოვენ, რომ ჰქონდეთ სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება და იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. როგორც ჩანს, ადამიანები ყველგან ისწრაფვიან, რომ თავიანთ ნება-სურვილზე იცხოვრონ.

      2 თუმცა სულ სხვა საკითხია, როგორ დაიკმაყოფილებენ ამ სურვილს. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები თუ პოლიტიკოსები თავისუფლების მოპოვებას საპროტესტო აქციებით, დემონსტრაციებითა და რევოლუციის გზითაც კი ცდილობენ. მაგრამ აღწევენ ისინი მიზანს? სამწუხაროდ, ასეთი დაპირისპირებები ხშირად ტრაგიკულად მთავრდება და ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ასეთი რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მეფე სოლომონის სიტყვების ჭეშმარიტებას. მან ღვთივშთაგონებით დაწერა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9).

      3. რის გაკეთება გვმართებს ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მისაღწევად?

      3 მოწაფე იაკობმა დაგვანახვა, თუ რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. მან თქვა: „ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება“ (იაკ. 1:25). იეჰოვამ, რომელმაც ეს სრულყოფილი კანონი გვიბოძა, საუკეთესოდ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. მან პირველ წყვილს ყველაფერი უბოძა, რაც მათი ბედნიერებისთვის იყო საჭირო, მათ შორის ნამდვილი თავისუფლება.

      დრო, როცა ადამიანებს ჰქონდათ ნამდვილი თავისუფლება

      4. როგორი თავისუფლება ჰქონდათ ადამსა და ევას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

      4 დაბადების პირველი ორი თავიდან ნათლად ჩანს, რომ ადამი და ევა ისეთი თავისუფლებით ტკბებოდნენ, რაზეც დღეს მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. პირველ წყვილს არაფერი აკლდა; მათთვის უცხო იყო ჩაგვრა და შიში. ისინი არ წუხდნენ საკვებსა თუ სამსახურზე; მათ არ ეშინოდათ ავადმყოფობისა თუ სიკვდილის (დაბ. 1:27—29; 2:8, 9, 15). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მათ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ?

      ადამი და ევა ედემის ბაღში

      5. გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, რა სჭირდებათ ადამიანებს თავისუფლებისთვის?

      5 დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ნამდვილი თავისუფლება ისაა, როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც მოესურვება და არ ფიქრობს შედეგებზე. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ თავისუფლებას განმარტავს როგორც „არჩევანის გაკეთებისა და მისი განხორციელების უნარს“. მაგრამ იქვე დასძენს: „სამართლებრივი თვალსაზრისით, ადამიანი თავისუფალია, თუ საზოგადოება არ უდგენს უსამართლო, არასაჭირო და არაგონივრულ შეზღუდვებს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი შეზღუდვა საჭიროა, რათა საზოგადოებაში ყველამ ისარგებლოს თავისუფლებით. მაგრამ ისმის კითხვა: ვის აქვს უფლება, დაადგინოს, რომელი შეზღუდვებია სამართლიანი, საჭირო და გონივრული?

      6. ა) რატომ აქვს აბსოლუტური თავისუფლება მხოლოდ იეჰოვას? ბ) როგორი თავისუფლება აქვთ ადამიანებს და რატომ?

      6 როცა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს აქვს აბსოლუტური და უსაზღვრო თავისუფლება. ის ყველაფრის შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია (1 ტიმ. 1:17; გამოცხ. 4:11). გაიხსენეთ, რა მშვენიერი სიტყვებით აღწერა მეფე დავითმა იეჰოვას აღმატებული მდგომარეობა (წაიკითხეთ 1 მატიანის 29:11, 12). შესაბამისად, ზეცაში თუ დედამიწაზე ყველა ქმნილების თავისუფლება შეფარდებითია. ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს სრული უფლება, განსაზღვროს და დაადგინოს, რომელია სამართლიანი, საჭირო და გონივრული შეზღუდვები. სწორედ ასე მოიქცა ის, როცა ადამიანი შექმნა.

      7. რომელი ინსტინქტური მოქმედებები უწყობს ხელს ადამიანის ბედნიერებას?

      7 მიუხედავად იმისა, რომ ადამი და ევა ბევრ საკითხში თავისუფლები იყვნენ, მათ გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდათ. მართალია, ზოგიერთი ინსტინქტური იყო, მაგრამ მაინც შეზღუდვად ითვლებოდა. მაგალითად, ჩვენმა პირველმა მშობლებმა იცოდნენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სუნთქვა, კვება, ძილი და ა. შ. თვლიდნენ ისინი, რომ ამით მათი თავისუფლება იზღუდებოდა? არა, რადგან იეჰოვამ იზრუნა, რომ ასეთ ინსტინქტურ მოქმედებებს მათთვის სიამოვნება და კმაყოფილება მოეტანა (ფსალმ. 104:14, 15; ეკლ. 3:12, 13). ვის არ სიამოვნებს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, საყვარელი საკვების მირთმევა ან ტკბილი ძილის შემდეგ გამოღვიძება?! ეს საქმეები ჩვენთვის არც ტვირთია და არც შემზღუდველი. ეჭვგარეშეა, ადამი და ევაც ამავეს გრძნობდნენ.

      8. რა კონკრეტული მითითება მისცა ღმერთმა ადამსა და ევას და რატომ?

      8 იეჰოვამ ადამსა და ევას კონკრეტული მითითება მისცა, რომ აევსოთ დედამიწა და ეზრუნათ მასზე (დაბ. 1:28). ზღუდავდა ეს ბრძანება მათ თავისუფლებას? რა თქმა უნდა, არა. ეს საშუალებას აძლევდა ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედის განზრახვის განხორციელებაში — მთელი დედამიწა ექციათ სამოთხედ, რომელიც სრულყოფილი ადამიანების მარადიული საცხოვრებელი გახდებოდა (ეს. 45:18). დღეს ადამიანები არ მიდიან იეჰოვას ნების წინააღმდეგ, როცა თავად ირჩევენ დაქორწინდნენ თუ არა ან იყოლიონ თუ არა შვილები. თუმცა მათი უმეტესობა ქორწინდება და ზრდის შვილებს იმის მიუხედავად, რომ ეს არჩევანი სირთულეებთან არის დაკავშირებული (1 კორ. 7:36—38). ამ ნაბიჯს ისინი იმიტომ დგამენ, რომ ნორმალურ გარემოში ამას სიხარული და კმაყოფილება მოაქვს (ფსალმ. 127:3). ადამსა და ევას ქორწინება და შვილების ყოლა მარადიულობის განმავლობაში მოუტანდა სიხარულსა და ბედნიერებას.

      როგორ დაკარგეს ადამიანებმა ნამდვილი თავისუფლება

      9. რატომ არ იყო დაბადების 2:17-ში ჩაწერილი ბრძანება არასამართლიანი, არასაჭირო და არაგონივრული?

      9 იეჰოვამ სხვა რამეც უბრძანა ადამსა და ევას და გარკვევით უთხრა, რომ ამ ბრძანების დარღვევის შემთხვევაში დაისჯებოდნენ. მან უთხრა ადამს: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბ. 2:17). იყო ეს ბრძანება არასამართლიანი, არასაჭირო ან არაგონივრული? წაართვა ამ ბრძანებამ ადამსა და ევას თავისუფლება? რა თქმა უნდა, არა. ბიბლიის არაერთმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ეს ბრძანება ლოგიკური და გონივრული იყო. მაგალითად, როგორც ერთი მკვლევარი ამბობს, დაბადების 2:16, 17-ში ჩაწერილი ბრძანება იმაზე მიანიშნებს, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის ადამიანებისთვის კარგი და რა ცუდი. ის დასძენს, რომ ადამიანები უნდა მიენდონ და დაემორჩილონ ღმერთს, რათა გაიხარონ იმ ყოველივეთი, რასაც ღმერთი კარგს უწოდებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ თავად მოუწევთ, გადაწყვიტონ, რა არის კარგი და რა ცუდი. ცხადია, ეს ადამიანებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, რასაც ხშირად თავს ვერ ართმევენ.

      ევა ნაყოფს აწვდის ადამს; მათ დაუმორჩილებლობას საშინელი შედეგები მოჰყვა

      ადამისა და ევას არჩევანს უბედურება მოჰყვა (იხილეთ აბზაცები 9—12)

      10. რატომ არ უნდა აგვერიოს ნების თავისუფლება კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლებაში?

      10 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ ბრძანებით იეჰოვამ ადამს თავისუფლება შეუზღუდა და თავის ნებაზე ცხოვრების უფლება არ მისცა. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანები ნების თავისუფლებას აიგივებენ უფლებასთან, თავად განსაზღვრონ, რა არის კარგი და რა ცუდი. სინამდვილეში ადამსა და ევას ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება — მათ შეეძლოთ გადაეწყვიტათ, დაემორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. თუმცა კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მხოლოდ იეჰოვას აქვს. სწორედ ამის სიმბოლო იყო ედემის ბაღში მდგარი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ (დაბ. 2:9). უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის არ ვიცით, რა შედეგებს მოგვიტანს ჩვენი არჩევანი, მით უმეტეს არ ვიცით, დამთავრდება თუ არა ის ყოველთვის კარგი შედეგით. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს კარგი მოლოდინი აქვთ, მაგრამ ხშირად მათ არჩევანსა თუ გადაწყვეტილებას ტანჯვა და უბედურება სდევს თან (იგავ. 14:12). ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. როცა ღმერთმა ადამსა და ევას აუკრძალა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ნაყოფის ჭამა, მან ფაქტობრივად ასწავლა მათ, როგორ ესარგებლათ ნამდვილი თავისუფლებით. რატომ ვამბობთ ამას? რა არჩევანი გააკეთა პირველმა წყვილმა?

      11, 12. რატომ მოჰყვა უბედურება ადამისა და ევას არჩევანს? მოიყვანეთ მაგალითი.

      11 სამწუხაროდ, ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა არჩიეს. სატანის მაცდური წინადადება, რომ თვალი აეხილებოდათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებოდნენ, ევასთვის მიმზიდველი აღმოჩნდა (დაბ. 3:5). მართლა მოიპოვეს მათ მეტი თავისუფლება? ცხადია, არა. სატანის ნათქვამი მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ იეჰოვას მითითებების უგულებელყოფამ და საკუთარი ჭკუით მოქმედებამ უბედურება მოუტანა მათ (დაბ. 3:16—19). ეს იმიტომ მოხდა, რომ იეჰოვას არ მიუცია ადამიანისთვის უფლება, თავად გადაეწყვიტა, რა არის კარგი და რა ცუდი (წაიკითხეთ იგავების 20:24; იერემიას 10:23).

      12 თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ პილოტის მაგალითი. დანიშნულების ადგილს რომ უსაფრთხოდ მიაღწიოს, პილოტი ზუსტად უნდა მიჰყვეს დადგენილ მარშრუტს. თანამედროვე თვითმფრინავების ბორტკომპიუტერები აღჭურვილია სანავიგაციო სისტემითა და რადიოგადამცემით, რაც პილოტს საშუალებას აძლევს, მუდმივი კავშირი იქონიოს დისპეტჩერთან და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩაფრინდეს. მაგრამ, თუ პილოტი უგულებელყოფს ხელმძღვანელობას და თავად განსაზღვრავს ფრენის ტრაექტორიას, შეიძლება მისი არჩევანი ფატალური შედეგით დასრულდეს. ამ პილოტის მსგავსად, ადამმა და ევამ მოისურვეს, თავიანთი გზით ევლოთ. პირველმა წყვილმა უგულებელყო ღვთის ხელმძღვანელობა და მათი არჩევანიც ფატალური შედეგით დასრულდა — საკუთარ თავსაც ცოდვა და სიკვდილი მოუტანეს და თავიანთ შთამომავლობასაც (რომ. 5:12). ვითომდა თავისუფლების ძიებაში მათ ნამდვილი თავისუფლება დაკარგეს.

      როგორ მოვიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება

      13, 14. როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება?

      13 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ, რაც მეტი თავისუფლება ექნება, მით უკეთესად იცხოვრებს. მაგრამ სინამდვილეში შეუზღუდავი თავისუფლება ადამიანის ხელში ორლესული მახვილივით არის. მართალია, თავისუფლებას ბევრი კარგი მხარე აქვს, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი გვზარავს, როგორი იქნებოდა მსოფლიო, ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლება რომ ჰქონდეთ. ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, ყველა საზოგადოებრივ წყობილებას აქვს ჩახლართული კანონები, რომლებიც ერთი მხრივ იცავს ადამიანთა თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ზღუდავს. სიტყვა „ჩახლართული“ ნამდვილად შესაფერისია, რადგან ძალიან ბევრი ტომი დაეთმო ადამიანების მიერ დაწერილ კანონებს, რომელთა გაგებასა და სისრულეში მოყვანას უამრავი ადვოკატი და მოსამართლე სჭირდება.

      14 ამის საპირისპიროდ, იესო ქრისტემ ნამდვილი თავისუფლებისკენ მიმავალი მარტივი გზა გვასწავლა. მან თქვა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). ასე რომ, ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად ორი რამ მოგვეთხოვება: პირველი, უნდა მივყვეთ ქრისტეს სწავლებებს და მეორე, მისი მოწაფეები უნდა გავხდეთ. სწორედ ეს მოგვიტანს ნამდვილ თავისუფლებას. მაგრამ რისგან გვჭირდება გათავისუფლება? იესომ თქვა: „ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა . . . თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოან. 8:34, 36).

      15. რატომ არის იესოს მიერ დაპირებული თავისუფლება ნამდვილი თავისუფლება?

      15 უდავოდ, იესოს მიერ დაპირებული თავისუფლება გაცილებით აღემატება სოციალურ თუ პოლიტიკურ თავისუფლებას, რომლისკენაც უმრავლესობა ისწრაფვის. სიტყვებში „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“, იესო გულისხმობდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მონობისა და ჩაგვრისგან, ანუ ცოდვისგან გათავისუფლებას. ცოდვა არა მხოლოდ ცუდისკენ გვიბიძგებს, არამედ ხელს გვიშლის ვაკეთოთ ის, რაც ზუსტად ვიცით, რომ კარგია, და ჩვენი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ. სწორედ ამ გაგებით ვართ ცოდვას დამონებულები, რომელსაც ჩვენთვის იმედგაცრუება, ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს (რომ. 6:23). პავლე მოციქულიც კარგად გრძნობდა, რა რთული და მტკივნეულია ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25). ნამდვილ თავისუფლებას, რომლითაც პირველი წყვილი ტკბებოდა, მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, როცა ცოდვის ტყვეობიდან გავთავისუფლდებით.

      16. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ნამდვილი თავისუფლება?

      16 სიტყვები „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით“, იმაზე მიუთითებს, რომ იესო იმ შემთხვევაში გაგვათავისუფლებს, თუ გარკვეულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს დავემორჩილებით. როგორც მიძღვნილმა ქრისტიანებმა, ჩვენ უარვყავით საკუთარი თავი და იესოს სწავლებების თანახმად ცხოვრება ვარჩიეთ (მათ. 16:24). იესოს დაპირებისამებრ ნამდვილ თავისუფლებას მაშინ მოვიპოვებთ, როცა ყველა იმ კურთხევას მივიღებთ, რომლებიც გამოსასყიდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

      17. ა) რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებასა და კმაყოფილებას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      17 როგორც იესოს მოწაფეები, ნამდვილად ბედნიერები და კმაყოფილები რომ ვიყოთ, იესოს სწავლებებს უნდა დავემორჩილოთ. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (წაიკითხეთ რომაელების 8:1, 2, 20, 21). მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ თავისუფლება, რომელიც დღეს გვაქვს, რათა მარადიულად მივაგოთ პატივი ნამდვილი თავისუფლების ღმერთს, იეჰოვას!

  • ემსახურეთ იეჰოვას, თავისუფლების ღმერთს!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | აპრილი
    • ახალგაზრდა და ავსებს პიონერად მსახურების ბლანკს, ესწრება პიონერულ სკოლას, სწავლობს უცხო ენას და მოგვიანებით მსახურობს უცხო ქვეყანაში

      ემსახურეთ იეჰოვას, თავისუფლების ღმერთს!

      „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3:17).

      სიმღერები: 11, 137

      როგორ უპასუხებთ?

      • რა მხრივ გვათავისუფლებს იეჰოვას სული?

      • როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ღვთისგან ბოძებული თავისუფლების ბოროტად გამოყენებას?

      • როგორ შეგვიძლია თავისუფლების გონივრულად გამოყენება?

      1, 2. ა) რატომ სდევდა თან მონობასა და თავისუფლებაზე ფიქრი პავლეს დროს მცხოვრებ ხალხს? ბ) პავლეს სიტყვების თანახმად, ვინ არის ნამდვილი თავისუფლების წყარო?

      რომის იმპერიაში, სადაც პირველი ქრისტიანებიც ცხოვრობდნენ, ხალხი ამაყობდა თავიანთი კანონებით, სამართლითა და თავისუფლებით. თუმცა რომის იმპერიამ დიდება და ძალაუფლება, ძირითადად, მონების ხარჯზე მოიპოვა. იყო დრო, როცა ამ იმპერიაში თითქმის ყოველი მესამე ადამიანი მონა იყო. ამიტომ ეჭვგარეშეა, უბრალო ხალხს, მათ შორის ქრისტიანებს, მონობასა და თავისუფლებაზე ფიქრი მუდამ თან სდევდა.

      2 მოციქული პავლე თავის წერილებში ხშირად საუბრობდა თავისუფლებაზე. მაგრამ მისი მიზანი სოციალური თუ პოლიტიკური რეფორმების გატარება არ ყოფილა, რისკენაც იმ დროს მცხოვრები ბევრი ადამიანი ილტვოდა. მოციქული არც მმართველებზე და არც თავისუფლებისთვის მებრძოლთა რომელიმე ჯგუფზე ამყარებდა იმედს. ის და სხვა ქრისტიანები ყველანაირად ცდილობდნენ, ხალხის ყურამდე მიეტანათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა და მათთვის იესო ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის ფასი დაენახვებინათ. პავლემ თანაქრისტიანებს შეახსენა, ვინ იყო ნამდვილი თავისუფლების წყარო. მაგალითად, კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ მეორე წერილში ის არაორაზროვნად ამბობს: „იეჰოვა სულია და სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3:17).

      3, 4. ა) პავლეს რომელი სიტყვები უძღვის წინ 2 კორინთელების 3:17-ს? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვასგან მომდინარე თავისუფლება მივიღოთ?

      3 კორინთელებისთვის მიწერილ ამავე წერილში პავლე ამბობს, რომ სინას მთაზე იეჰოვას ანგელოზთან საუბრის შემდეგ უკან დაბრუნებულ მოსეს სახეზე დიდება ჰქონდა მოფენილი. ამის დანახვამ ხალხი შეაშინა, რის გამოც მოსე „სახეზე რიდეს იფარებდა“ (გამ. 34:29, 30, 33; 2 კორ. 3:7, 13). მაგრამ რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში: „როცა იეჰოვას უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ“? (2 კორ. 3:16).

      4 როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, მხოლოდ იეჰოვას, სამყაროს შემოქმედს აქვს აბსოლუტური და შეუზღუდავი თავისუფლება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“. მაგრამ, თუ გვსურს, რომ ჩვენც მივიღოთ ეს თავისუფლება, უნდა დავუბრუნდეთ იეჰოვას, ანუ ახლო ურთიერთობა უნდა განვივითაროთ მასთან. უდაბნოში ყოფნისას ისრაელებს სულიერი ხედვა აკლდათ და მხოლოდ ადამიანური გადასახედიდან აფასებდნენ მდგომარეობას. მათ გულსა და გონებაზე თითქოს რიდე ჰქონდათ ჩამოფარებული, რადგან ეგვიპტის მონობიდან დახსნილნი თავიანთ თავისუფლებას მხოლოდ ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ (ებრ. 3:8—10).

      5. ა) როგორი თავისუფლება მოაქვს იეჰოვას სულს? ბ) საიდან ვიცით, რომ ვერც მონობა და ვერც პატიმრობა ვერ წაგვართმევს იეჰოვასგან ბოძებულ თავისუფლებას? გ) რომელ კითხვებზე გავიგებთ პასუხს?

      5 თავისუფლება, რომელიც იეჰოვას სულისგან მომდინარეობს, პირდაპირი გაგებით მონობისგან გათავისუფლებაზე ბევრად მეტია. ის აღემატება ნებისმიერი სახის თავისუფლებას, რომლის მოპოვების იმედიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. იეჰოვას სული გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, აგრეთვე ცრუ თაყვანისმცემლობისა და მისი წეს-ჩვეულებებისგან (რომ. 6:23; 8:2). რა შეედრება ასეთ თავისუფლებას! მას ვერც პატიმრობა წაართმევს ადამიანს და ვერც მონობა (დაბ. 39:20—23). ამის კარგი მაგალითები არიან ნენსი იუენი და ჰაროლდ კინგი, რომლებმაც რწმენის გამო არაერთი წელი გაატარეს ციხის კედლებში. მათი ისტორიების მოსმენა შეგიძლიათ JW მაუწყებლობაზე (იხილეთ ინტერვიუები და შემთხვევები / განსაცდელების პირისპირ). მოდი გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ თავისუფლებას და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თავისუფლება გონივრულად გამოვიყენოთ.

      ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაფასება

      6. როგორ გამოავლინეს ისრაელებმა იეჰოვას მიერ ბოძებული თავისუფლებისადმი უმადურობა?

      6 როცა კარგად გვესმის საჩუქრის ფასი, მადლიერებას გამოვხატავთ დამსაჩუქრებლის მიმართ. ისრაელებმა არ დააფასეს იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება. ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეც არ იყო გასული, რომ ისრაელებმა უმადურობა გამოავლინეს იეჰოვას მზრუნველობის მიმართ, რომელიც მანანით კვებავდა მათ; ისინი ეგვიპტის საჭმელ-სასმელს მისტიროდნენ და უკან დაბრუნებაც კი უნდოდათ. წარმოიდგინეთ, მათთვის თევზი, კიტრი, საზამთრო, პრასი, ხახვი და ნიორი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება, რაც მათ დაუბრკოლებლად თაყვანისცემის საშუალებას აძლევდა. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ განურისხდა იეჰოვა თავის ხალხს (რიცხ. 11:5, 6, 10; 14:3, 4). რა კარგი გაკვეთილია ეს ჩვენთვის!

      7. როგორ მოქმედებდა პავლე 2 კორინთელების 6:1-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

      7 პავლე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა, არ გაეუფასურებინათ იეჰოვასგან მიღებული თავისუფლება, რომელიც მან თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ყველას უბოძა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:1). ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობა პავლე მოციქულს შინაგანად ტანჯავდა. ის თავს საწყალ ადამიანად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, მან თქვა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“. შემდეგ კი მიზეზი ახსნა: „რადგან სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან“ გაგვათავისუფლა (რომ. 7:24, 25; 8:2). პავლეს მსგავსად, არასდროს უნდა გავაუფასუროთ ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაგვიხსნა. გამოსასყიდის მეშვეობით შეგვიძლია სუფთა სინდისით ვემსახუროთ ღმერთს და ამით ნამდვილი სიხარული განვიცადოთ (ფსალმ. 40:8).

      ახალგაზრდა გულმოდგინედ სწავლობს, იღებს უმაღლეს განათლებას, იწყებს მუშაობას, შემდეგ კარგავს ამ სამუშაოს და ალკოჰოლურ სასმელს სვამს

      რისთვის იყენებთ არჩევანის თავისუფლებას — საკუთარი ინტერესებისთვის თუ სამეფოს ინტერესებისთვის? (აბზაცები 8—10)

      8, 9. ა) რა გაფრთხილება მოგვცა პეტრე მოციქულმა თავისუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით? ბ) რა საფრთხის წინაშე ვართ დღეს?

      8 მადლიერების გამოვლენის გარდა, სიფრთხილე გვმართებს, რომ ბოროტად არ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება. პეტრე მოციქულის გაფრთხილების თანახმად, თავისუფლება იმისთვის არ უნდა გამოვიყენოთ, რომ გამართლება მოვუძებნოთ ხორციელი სურვილების აყოლას (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:16). განა ასე არ დაემართათ ისრაელებს უდაბნოში?! საფრთხე ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს და შეიძლება ის გაცილებით დიდიც იყოს. სატანა და მისი ქვეყნიერება ჩაცმულობასა თუ გარეგნობასთან, საჭმელ-სასმელთან, გართობასა თუ დასვენებასთან და სხვა უამრავ რამესთან დაკავშირებით დიდ არჩევანს გვთავაზობს. სარეკლამო ინდუსტრიის თანამშრომლებს ჭკვიანური გათვლა აქვთ. ისინი მიმზიდველი გარეგნობის მოდელებს იყენებენ, რათა დაგვარწმუნონ, რომ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ესა თუ ის ნივთი, არადა სინამდვილეში ის საერთოდ არ გვჭირდება. შეიძლება ადვილად წამოვეგოთ მათ ანკესს და არასწორად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება.

      9 პეტრე მოციქულის რჩევა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებსაც მოიცავს, როგორიცაა განათლება, სამუშაო და კარიერა. მაგალითად, ახალგაზრდებს სკოლაში სთხოვენ, ბევრი იშრომონ, რათა პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვდნენ და უმაღლესი განათლება მიიღონ. მასწავლებლები მათ არწმუნებენ, რომ უმაღლესი განათლება მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამსახურის გარანტიაა. ისინი იშველიებენ სტატისტიკას, რათა მოსწავლეებს დაანახვონ, რომ უმაღლესდამთავრებულები გაცილებით მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სკოლადამთავრებულები. უმაღლესი განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს. ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს მათი ცხოვრება. რა უნდა ახსოვდეთ მსგავს სიტუაციაში მყოფ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს?

      10. რა უნდა გვახსოვდეს, როცა ამა თუ იმ საკითხში პირად არჩევანს ვაკეთებთ?

      10 ვინაიდან ასეთი საკითხები პირადი გადასაწყვეტია, ზოგი ფიქრობს, რომ შეუძლია აირჩიოს ის, რაც მის გულს ესიამოვნება, მით უმეტეს, თუ ამის უფლებას სინდისი აძლევს. შესაძლოა ისინი ფიქრობენ სიტყვებზე, რომლებიც პავლემ კორინთელ ქრისტიანებს საკვებთან დაკავშირებით უთხრა: „რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?“ (1 კორ. 10:29). მართალია, ჩვენ შეგვიძლია პირადად გავაკეთოთ არჩევანი ისეთ საკითხებში, როგორიცაა განათლება და კარიერა, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენი თავისუფლება შეფარდებითია და ჩვენი გადაწყვეტილებები აუცილებლად მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგამდე. სწორედ ამიტომ თქვა პავლე მოციქულმა: „ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს“ (1 კორ. 10:23). აქედან ვხედავთ, რომ არსებობს ჩვენს შეხედულებებსა თუ სურვილებზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც არჩევანის გაკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ.

      იეჰოვასადმი მსახურებით ცხადვყოფთ, რომ გონივრულად ვიყენებთ ჩვენს თავისუფლებას

      11. რატომ გაგვათავისუფლა იეჰოვამ?

      11 თავისუფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრისას პეტრემ აღნიშნა, თუ რა მიზანი უნდა გვქონდეს. მან გვირჩია, რომ ჩვენი თავისუფლება ისე გამოვიყენოთ, „როგორც ღვთის მონებმა“. იეჰოვამ იმ მიზეზით გაგვათავისუფლა იესოს მეშვეობით ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან, რომ მთელი სიცოცხლე მისთვის გვემსახურა, „როგორც ღვთის მონებს“.

      12. რა მაგალითი დაგვიტოვეს ნოემ და მისმა ოჯახმა?

      12 ბოროტად რომ არ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება და კვლავ არ დავემონოთ ქვეყნიურ ამბიციებსა თუ სურვილებს, აუცილებელია, სრულად ჩავებათ სულიერ საქმეებში (გალ. 5:16). დავფიქრდეთ ნოესა და მისი ოჯახის მაგალითზე. ისინი მოძალადე და ზნედაცემულ ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, მათზე გავლენა ვერ მოახდინა ირგვლივ მცხოვრები ხალხის მისწრაფებებმა და სურვილებმა. როგორ დაიცვეს მათ თავი? ისინი სრულად იყვნენ დაკავებულები იმ საქმით, რომელიც იეჰოვამ დაავალა — აშენებდნენ კიდობანს, იმარაგებდნენ საკვებს თავისთვისაც და ცხოველებისთვისაც და ხალხს გამაფრთხილებელ ცნობას გადასცემდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22). შედეგად, ქვეყნიერების აღსასრულს ნოეც გადაურჩა და მისი ოჯახიც (ებრ. 11:7).

      13. რა დავალება მიიღო იესომ და ჩვენ რა გვაქვს მისგან დავალებული?

      13 დღეს რა დავალებას გვაძლევს იეჰოვა? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა იესოს ქადაგება დაავალა, იესომ კი ჩვენ დაგვავალა ამ საქმის შესრულება (წაიკითხეთ ლუკას 4:18, 19). დღეს ადამიანთა უმრავლესობას ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ცრუ რელიგიის, მატერიალიზმისა და პოლიტიკური სისტემის მონები არიან (2 კორ. 4:4). ჩვენთვის დიდი პატივია, იესოს მსგავსად გავაცნოთ ადამიანებს იეჰოვა, თავისუფლების ღმერთი, და დავეხმაროთ, რომ ისინიც მისი თაყვანისმცემლები გახდნენ (მათ. 28:19, 20). ამ დავალების შესრულება ადვილი არ არის და მას მრავალი სირთულე ახლავს თან. ზოგ ქვეყანაში ხალხი გულგრილი გახდა სასიხარულო ცნობის მიმართ, ზოგან კი მტრულადაც კი არიან განწყობილნი ჩვენდამი. თითოეული უნდა დავფიქრდეთ: „შემიძლია ჩემი თავისუფლება უფრო სრულად გამოვიყენო სამეფოს საქმის მხარდასაჭერად?“.

      ახალგაზრდა და ავსებს პიონერად მსახურების ბლანკს, ესწრება პიონერულ სკოლას, სწავლობს უცხო ენას და მოგვიანებით მსახურობს უცხო ქვეყანაში

      14, 15. როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ხალხს სამქადაგებლო საქმის მიმართ? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

      14 ბევრს ესმის, რომ ახლა დაყოვნების დრო არ არის, ამიტომ იმარტივებენ ცხოვრებას და სრული დროით მსახურებას იწყებენ, რაც ძალიან გამამხნევებელია (1 კორ. 9:19, 23). ზოგიერთი მათგანი იმ ტერიტორიაზე მსახურობს, სადაც ცხოვრობს, სხვები კი იქ გადადიან, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პიონერების რიცხვი 250 000-ზე მეტით გაიზარდა და 1 100 000-ს გადააჭარბა. რა შესანიშნავია, რომ ბევრი თავისუფლებას იეჰოვას მსახურებისთვის იყენებს! (ფსალმ. 110:3).

      15 რა დაეხმარა ამ და-ძმებს, რომ გონივრულად გამოეყენებინათ თავისუფლება? განვიხილოთ ჯონისა და ჯუდითის მაგალითი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში იმსახურეს. მათ გაიხსენეს, რომ 1977 წელს, როცა პიონერული მსახურების სკოლა ჩამოყალიბდა, პიონერებს ხშირად მოუწოდებდნენ, იქ გადასულიყვნენ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამ მიზნისთვის რომ მიეღწიათ და კვლავაც უბრალოდ ეცხოვრათ, ჯონს ბევრჯერ მოუწია სამსახურის შეცვლა. საბოლოოდ, ამ წყვილმა შეძლო უცხო ქვეყანაში გადასვლა. მათ ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა დაეხმარა ისეთი სირთულეების დაძლევაში, როგორიცაა ახალი ენის შესწავლა და ახალ კულტურასა თუ რთულ კლიმატურ პირობებთან შეგუება. რას ფიქრობენ ისინი განვლილ წლებზე? ჯონი ამბობს: «ეს იყო საუკეთესო საქმე, რაც კი ოდესმე მიკეთებია. იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, უფრო რეალური გახდა ჩემთვის. ახლა უკეთ მესმის იაკობის 4:8-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი — კმაყოფილებითა და აზრით აღსავსე ცხოვრება».

      16. როგორ გამოიყენა ათასობით და-ძმამ თავისუფლება გონივრულად?

      16 ჯონისა და ჯუდითისგან განსხვავებით ზოგს მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ დიდხანს იმსახუროს სრული დროით. მიუხედავად ამისა, ბევრი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს მთელ მსოფლიოში მიმდინარე თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში. მაგალითად, მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაზე უორიკში (ნიუ-იორკი) დაახლოებით 27 000-მა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა. ზოგი ორი კვირა ან რამდენიმე თვე მსახურობდა, სხვები კი — ერთი წელი ან მეტი. ბევრმა მათგანმა ამისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ჩვენი და-ძმები ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას იეჰოვას განსადიდებლად!

      17. რა დიდებული მომავალი ელის მათ, ვინც დღეს ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას გონივრულად იყენებს?

      17 ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ვიცნობთ იეჰოვას და ვტკბებით იმ თავისუფლებით, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მოაქვს. დაე ჩვენმა გადაწყვეტილებებმა ცხადყოს, რომ ვაფასებთ ამ თავისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ ბოროტად გამოვიყენოთ ის, მოდი ვისარგებლოთ ამ თავისუფლებით და შეძლებისდაგვარად სრულად ჩავებათ იეჰოვას მსახურებაში. თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია მთელი გულით დაველოდოთ დროს, როცა შესრულდება იეჰოვას დაპირება: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება