საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეგიძლიათ სიბერის თავიდან არიდება?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
    • შეგიძლიათ სიბერის თავიდან არიდება?

      „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; ... სწრაფად მიჰქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ“ (ფსალმუნები 89:10).

      წარმოიდგინეთ, რომ ყოველთვის ჯან–ღონით სავსე ხართ. შესანიშნავი ჯანმრთელობა გაქვთ და გონებაც კარგად გიჭრით. ყოველივე ეს ფანტაზიად ხომ არ მიგაჩნიათ? დაფიქრდით შემდეგ საინტერესო ფაქტზე: ზოგიერთი სახეობის თუთიყუში ას წელზე მეტ ხანს ცოცხლობს, თაგვები კი იშვიათად ცოცხლობენ სამ წელიწადზე მეტს. სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არსებულმა ასეთმა სხვაობამ ზოგი ბიოლოგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სიბერეს აქვს გამომწვევი მიზეზი და, თუ მიზეზი არსებობს, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია.

      გამოკვლევებმა, რომლებიც სიბერის აღმოსაფხვრელი საუკეთესო საშუალებების საძიებლად იყო მიმართული, წამლების მწარმოებელი კომპანიების ინვესტიციები მიიზიდა. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ და ამჟამად 60 წლამდე არიან, ეძებენ სიბერესთან ბრძოლის საშუალებებს, და პირადად არიან ამით დაინტერესებულები.

      მრავალი მეცნიერი გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, ზოოლოგიისა და გერონტოლოგიის დარგში აგრეთვე ძალიან არის დაინტერესებული სიბერესთან დაკავშირებული გამოკვლევებით. სტივენ ოსტადის წიგნში „რატომ ვბერდებით“ ნათქვამია: „დღეს გერონტოლთა შორის არსებობს სუსტი, მაგრამ საგრძნობი აღფრთოვანება. ჩვენ უფრო და უფრო მეტს ვიგებთ სიბერის გამომწვევი ძირითადი მიზეზების შესახებ“.

      არსებობს მრავალი მოსაზრება სიბერის გამომწვევი მიზეზების შესახებ. ერთ–ერთი მოსაზრების თანახმად, სიბერეს უჯრედების მწყობრიდან გამოსვლა იწვევს; სხვა მოსაზრების მიხედვით კი, სიბერე გენეტიკურ კოდშია ჩადებული. ზოგი ფიქრობს, რომ სიბერეს ორივე მიზეზი იწვევს. რამდენად კარგად არის დაბერების პროცესი შესწავლილი? არსებობს იმის საფუძველი, რომ სიბერე აღმოიფხვრება?

      [ცხრილი⁄სურათები 2, 3 გვერდებზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      სიცოცხლის დაახლოებითი ხანგრძლივობა

      ფუტკარი

      90 დღე

      ↓

      თაგვი

      3 წელი

      ↓

      ძაღლი

      15 წელი

      ↓

      მაიმუნი

      30 წელი

      ↓

      ალიგატორი

      50 წელი

      ↓

      სპილო

      70 წელი

      ↓

      ადამიანი

      80 წელი

      ↓

      თუთიყუში

      100 წელი

      ↓

      გიგანტური კუ

      150 წელი

      ↓

      გიგანტური სექვოია

      3 000 წელი

      ↓

      მარადი ფიჭვი

      4 700 წელი

      [სურათი 3 გვერდზე]

      ზოგიერთი სახეობის თუთიყუში 100 წელი ცოცხლობს, ადამიანი კი დაახლოებით — 80 წელი. მეცნიერებს აინტერესებთ: „რა იწვევს სიბერეს?“

  • რატომ ვბერდებით?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
    • რატომ ვბერდებით?

      „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1).

      თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ყველა ცოცხალი ქმნილება თანდათანობით კარგავს ნორმალურად ფუნქციონირების უნარს. ყოველდღიური გამოყენების გამო ავტომობილი თუ მტვერსასრუტი საბოლოოდ მწყობრიდან გამოდის. ცხადია, ცხოველებზეც მოქმედებს დრო — ისინი დროთა განმავლობაში ბერდებიან და კვდებიან. მაგრამ პროფესორი ზოოლოგიის დარგში სტივენ ოსტადი გვიხსნის, რომ „ცოცხალი არსებები ძალიან განსხვავდებიან უსიცოცხლო მექანიზმებისგან. ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი განმასხვავებელი თავისებურება ის არის, რომ მათ თვითგანახლების უნარი აქვთ“.

      საოცარია, თუ როგორ ხდება სხეულის დაზიანებული ნაწილის თვითგანახლება, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო საოცარია ჯანმრთელ ორგანიზმში მიმდინარე რეგულარული თვითგანახლების პროცესი. მაგალითად, განვიხილოთ ძვალი. ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ ნათქვამია, რომ „ძვალი, რომელიც ერთი შეხედვით, უსიცოცხლო ჩანს, არის ცოცხალი ქსოვილი; ის მოზრდილი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტად განიცდის დაშლისა და განახლების პროცესს. მთლიანი ჩონჩხი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ განიცდის განახლების პროცესს“. თქვენი სხეულის სხვა ნაწილების განახლება უფრო ხშირად ხდება. კანის, ღვიძლისა და ნაწლავების ზოგი უჯრედი თითქმის ყოველდღე შეიძლება განახლდეს. ყოველ წამს თქვენი სხეული წარმოქმნის 25 მილიონ ახალ უჯრედს ძველის შესაცვლელად. თუ ეს ასე არ მოხდებოდა და თქვენი სხეულის თითოეული ნაწილი არ განახლდებოდა მუდმივად, თქვენ ბავშვობიდანვე დაიწყებდით დაბერებას.

      მას შემდეგ, რაც ბიოლოგებმა ცოცხალი უჯრედების მოლეკულების შესწავლა დაიწყეს, კიდევ უფრო საოცარი გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზმის უჯრედები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირების გამო არ გამოდის მწყობრიდან. რეგენერაციის შედეგად თითოეულ ახალ უჯრედში უნდა იყოს დნმ ანუ მოლეკულა, რომელიც ორგანიზმის ხელახლა წარმოსაქმნელად საჭირო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავს. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ ხდება დნმ-ის ხელახლა წარმოქმნა არა მარტო თქვენი ორგანიზმის არსებობის განმავლობაში, არამედ კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდან! იმის დასანახად, თუ რამდენად საოცარია ეს პროცესი, დავფიქრდეთ, რა ხდება, როდესაც რაიმე დოკუმენტის ქსეროასლს ვაკეთებთ, შემდეგ კი ამ ასლიდან ვიღებთ ასლს. თუ ამას მრავალჯერ გაიმეორებთ, ასლის ხარისხი თანდათანობით გაუარესდება და ბოლოს დოკუმენტის შინაარსის წაკითხვა შეუძლებელი გახდება. საბედნიეროდ, ჩვენი დნმ დროთა განმავლობაში, უჯრედთა მრავალჯერ დაყოფის შედეგად, არ „ფუჭდება“. რატომ? ჩვენს უჯრედებს მრავალი სახით შესწევს უნარი, რომ შეასწოროს შეცდომები, რომლებიც დნმ-ის ხელახლა წარმოქმნის დროს შეიძლება მოხდეს. ეს რომ ასე არ იყოს, კაცობრიობა დიდი ხნის წინათ შეწყვეტდა არსებობას!

      ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილი, იქნება ეს დიდი სტრუქტურები თუ პაწაწინა მოლეკულები, მუდმივად განიცდის განახლებას, რის გამოც დროთა განმავლობაში უჯრედის ფუნქციის დაკარგვის შესახებ იდეა ბოლომდე ვერ ხსნის დაბერების პროცესს. სხეულის მრავალ სისტემას შეუძლია ათწლეულების განმავლობაში საკუთარი თავის სხვადასხვა სახით და სისწრაფით „შეკეთება“ და განახლება. მაშ, რატომღა წყვეტს ყოველი მათგანი თითქმის ერთდროულად ფუნქციონირებას?

      გენებშია ჩადებული დაბერება?

      რატომ ცხოვრობს შინაური კატა 20 წელი, მაგრამ იმავე ზომის ჩანთოსანი ცხოველი, ოპოსუმი, კი მხოლოდ 3 წელი?a რატომ ცოცხლობს ღამურა 20-30 წელი, ხოლო თაგვი — მხოლოდ სამი წელი? რატომ აღწევს გიგანტური კუ 150 წელს, სპილო კი მხოლოდ — 70-ს? ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კვება, სხეულის მასა, ტვინის ზომა და ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე, ვერ ხსნის, თუ რატომ აქვს სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმს ასე განსხვავებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „გენეტიკურ მასალაში კოდირებული ინფორმაცია განაპირობებს, თუ რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ამა თუ იმ სახეობამ“. სიცოცხლის ხანგრძლივობა გენებშია ჩადებული. მაგრამ ამ პერიოდის ამოწურვისას რა იწვევს მთელი სხეულის კვდომას?

      მოლეკულური ბიოლოგიის დ-რი ჯონ მედინა წერს: «როგორც ჩანს, ერთ კონკრეტულ მომენტში რაღაც იდუმალებით მოცული სიგნალები უჯრედებს „ამცნობს“, შეწყვიტონ ნორმალურად ფუნქციონირება». დოქტორი აგრეთვე აღნიშნავს: „არსებობს გენები, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედებს და მთელ სხეულს „უბრძანონ“, რომ დაბერდეს და მოკვდეს“.

      ჩვენი სხეული შეიძლება შევადაროთ კომპანიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას. უცებ ხელმძღვანელები წყვეტენ, რომ არ აიყვანონ მუშახელი და არ ასწავლონ ახლებს მუშაობა; აგრეთვე არ შეაკეთონ ან არ განაახლონ დანადგარები და შეწყვიტონ მათ მფლობელობაში არსებული შენობების მოვლა და შეკეთება. მალე მათი საქმიანობა უკან-უკან წავა. მაგრამ რატომ გადაწყვიტეს ხელმძღვანელებმა თავიანთი წარმატებული საქმიანობის შეწყვეტა? მსგავსი კითხვა წამოეჭრებათ ბიოლოგებსაც, რომლებიც დაბერების პროცესებს სწავლობენ. ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი წიგნი ამბობს: „დაბერების პროცესში ყველაზე გაუგებარი ის არის, თუ რატომ წყვეტს უჯრედი დაყოფას და რატომ იწყებს კვდომას“ (The Clock of Ages).

      მოისპობა სიბერე?

      მეცნიერებმა დაბერების პროცესს „ბიოლოგიურ პრობლემათა შორის ურთულესი“ უწოდეს. ათწლეულების განმავლობაში მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ აღმოაჩინეს, თუ რა არის დაბერების მიზეზი და, მით უმეტეს, ვერ შეაჩერეს ეს პროცესი. 2004 წელს ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ 51 გერონტოლოგის სიტყვები იყო მოყვანილი. მასში აღინიშნა: „დღეს არსებულმა ვერც ერთმა წამალმა დაბერების პროცესი ვერ შეანელა, ვერ შეაჩერა ან მისი უკუპროცესი ვერ გამოიწვია“. ჯანსაღმა კვებამ და სათანადო ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა და შეამციროს ავადმყოფობით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი, მაგრამ ვერაფერი აჩერებს დაბერების პროცესს. ეს ფაქტი შეგვახსენებს იესოს სიტყვებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27).

      ჯონ მედინა აჯამებს იმ შედეგებს, რომლებიც სიბერის პროცესთან საბრძოლველად მოხმარებულ მცდელობას მოჰყვა და აღნიშნავს: „ჩვენ არ ვიცით, პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, რატომ ვბერდებით. . . ათწლეულების წინ კიბოსთვის ომის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ჯერაც ვერ გამოვნახეთ მისი განკურნების გზები. დაბერების პროცესი კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კიბოს განვითარების მექანიზმი“.

      გამოკვლევებს მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ

      გამოკვლევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ცოცხალი ორგანიზმი და რატომ ბერდება იგი, არ მოუსპია ყოველგვარი იმედი უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ. ზოგი მეცნიერი გამოკვლევებმა შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა — დაბერების პროცესში წვდომა მნიშვნელოვანია. მოლეკულური ბიოქიმიის დარგის სპეციალისტი მაიკლ ბიჰი წერს: «გასული ოთხი ათეული წლის განმავლობაში ბიოქიმიის დარგში მომუშავე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს უჯრედის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტი . . . უჯრედის გამოკვლევის, ანუ სიცოცხლის მოლეკულურ დონეზე შესწავლის, ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგები ხმამაღლა, ნათლად და პირდაპირ მეტყველებს „შემოქმედებაზე“». ვიღაც გონიერმა პიროვნებამ შექმნა ცოცხალი არსებები. ცხადია, ბიჰი არ არის პირველი, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა. ადამიანის ორგანიზმზე დაკვირვების შედეგად ძველი დროის ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „საოცრებით შემქმენი“ (ფსალმუნები 138:14).

      თუ ყველა ცოცხალი ქმნილება შემოქმედების ნაყოფია, იბადება საინტერესო კითხვა: „შექმნა ღმერთმა, დიდებულმა შემოქმედმა, ადამიანები დაახლოებით სიცოცხლის ისეთივე ხანგრძლივობით, როგორიც მრავალ ცხოველს აქვს? თუ მას სურს, რომ ცხოველებზე დიდხანს ვიცოცხლოთ?“

      [სქოლიოები]

      a ჩვეულებრივი ოპოსუმი ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ჩანთოსანი ცხოველია.

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      ‘საოცრებით ვართ შექმნილნი’.

      [სურათი 4, 5 გვერდებზე]

      არის სიბერე უჯრედების ხანგრძლივი ფუნქციონირების გამო მწყობრიდან გამოსვლის შედეგი?

      [სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

      DNA: Photo: www.comstock.com

  • რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
    • რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?

      „მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება“ (იობი 33:25).

      ძაღლს, როდესაც ის 10–20 წლისა კვდება, ალბათ, უკვე გაკეთებული აქვს თითქმის ყველაფერი, რის გაკეთებაც შეუძლია. მან, ალბათ, გაზარდა ლეკვები, დასდევდა კატებს, მარხავდა ძვლებს და იცავდა თავის პატრონს. მაგრამ, როდესაც ადამიანი 70–80 წლის ასაკში კვდება, მას თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს გამოყენებული. თუ მას სპორტი იტაცებდა, ალბათ, მხოლოდ მის ერთ ან ორ სახეობაში დახელოვნდა. თუ მუსიკა უყვარდა, ალბათ, ერთ ან ორ ინსტრუმენტზე უკრავდა კარგად. თუ სხვა ეროვნების ადამიანებთან მათ მშობლიურ ენებზე ლაპარაკი უყვარდა, ალბათ, თავისუფლად ორ ან სამ ენას ფლობდა. უფრო დიდხანს რომ ეცოცხლა, მას შეეძლო ბევრი რამით გაეხარა — გაეცნო ხალხი, აღმოეჩინა მრავალი რამ და დაახლოებოდა ღმერთს.

      შეიძლება დაგაინტერესოთ: „რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ისეთი ტვინით, რომელსაც ძალიან ბევრი სიამოვნების განცდის უნარი აქვს, შემდეგ კი იმედი გაუცრუა იმით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანს ამ სიამოვნებათაგან მხოლოდ ნაწილის განცდის შესაძლებლობას აძლევს?“ ადამიანის სიცოცხლე რომ ასე ხანმოკლეა, ვერ უთავსდება იმ ჩანაფიქრს, რომელიც ასე აშკარად ჩანს ქმნილებებში“. აგრეთვე შეიძლება გაინტერესებთ: „რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ისეთი უნიკალური თვისებებით, როგორიცაა სამართლიანობა და თანაგრძნობა და, ამავე დროს, მასში ცუდის კეთების მიდრეკილება ჩადო?“

      როდესაც ხედავთ კარგ მანქანას, რომელიც შეჭეჭყილია, დაასკვნიდით, რომ ეს მისი დიზაინის ნაწილია? რა თქმა უნდა, არა! თქვენ, ალბათ, ფიქრობთ: „ეს მანქანა ასეთი სულაც არ უნდა ყოფილიყო. ის თავიდან კარგი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ დააზიანა“. მსგავსად ამისა, როდესაც ვხედავთ, თუ რა საოცრად ვართ შექმნილნი, მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჩვენი სხეული ახლა ისეთი არ არის, როგორიც უნდა ყოფილიყო. სიცოცხლის ხანმოკლეობა და ცუდისადმი მიდრეკილება ძალიან ჰგავს მანქანის შეჭეჭყილ ადგილს. აშკარაა, ვიღაცამ გამოიწვია ადამიანის გენეტიკური კოდის დაზიანება. ვინ? ბიბლიური მტკიცებები დამაჯერებლად მიუთითებს ერთ დამნაშავეზე.

      თუ ადამიანები მარადიული სიცოცხლის უნარით იყვნენ შექმნილნი, ვის შეეძლო ადამიანთა მემკვიდრეობის დაზიანება? მხოლოდ მთელი კაცობრიობის წინაპარს. სხვა ადამიანს მხოლოდ კაცობრიობის ნაწილის, საკუთარი შთამომავლობის, გენების დაზიანება შეეძლო. ღვთის სიტყვა, ბიბლია, შეესაბამება ამ აშკარა ფაქტს, როდესაც ამბობს: „ერთი ადამიანის [პირველი კაცის, ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ასე რომ, წმინდა წერილები ადამს სდებს ბრალს კაცობრიობის მემკვიდრეობის დაზიანებაში. თავდაპირველი განზრახვის თანახმად, როგორი სიცოცხლე უნდა ჰქონოდათ ადამიანებს?

      როგორ ვიყავით შექმნილნი?

      სიტყვებით ‘სიკვდილი შემოვიდა ქვეყნიერებაში’ ბიბლია ცხადყოფს, რომ ადამიანები არ უნდა მომკვდარიყვნენ. ადამიანების დაბერებისა და სიკვდილის მიზეზი პირველი ადამიანის ღვთის წინააღმდეგ წასვლა იყო. ცხოველები კი არ იყვნენ მარადიულად ცხოვრებისთვის შექმნილნი (დაბადება 3:21; 4:4; 9:3, 4).

      ადამიანები და ცხოველები სხვადასხვაგვარად იყვნენ შექმნილნი. ჩვენ ცხოველებზე მაღლა ვდგავართ, ისევე როგორც ანგელოზები დგანან ადამიანებზე მაღლა (ებრაელები 2:7). ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანი „ღვთის ხატად“ შეიქმნა (დაბადება 1:27). აგრეთვე ბიბლია ადამს „ღვთის ძეს“ უწოდებს (ლუკა 3:38). ამგვარად, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ადამიანი დაბერებისა და სიკვდილისთვის არ შექმნილა. ღმერთი არ კვდება და არც თავისი ძეები შეუქმნია იმისათვის, რომ მომკვდარიყვნენ (აბაკუმი 1:12; რომაელები 8:20, 21).

      ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანთა პირველი მოდგმების შესახებ ჩანაწერებიც. იმ დროს ადამიანები საუკუნეები ცხოვრობდნენ და მხოლოდ შემდეგ ბერდებოდნენ. ადამმა 930 წელი იცოცხლა. რამდენიმე თაობის შემდეგ ნოეს ვაჟმა სემმა 600 წელი იცოცხლა, ხოლო ნოეს შვილიშვილმა არფაქშადმა — 438 წელიa (დაბადება 5:5; 11:10—13). მოგვიანებით კი აბრაამმა 175 წელი იცოცხლა (დაბადება 25:7). სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ცოდვის გავლენა უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა და, რაც უფრო შორდებოდა ადამიანი სრულყოფილებას, მით უფრო ხანმოკლე ხდებოდა მისი სიცოცხლე. მაგრამ თავიდან ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის იყო შექმნილი. ამიტომ სრულიად ნორმალურია გვაინტერესებდეს: „სურს ღმერთს კვლავაც, რომ ადამიანებმა დედამიწაზე მარადიულად იცოცხლონ?“

      სიბერისგან გათავისუფლება

      იეჰოვა ღმერთმა განაცხადა, რომ ურჩობის საზღაური სიკვდილი იქნებოდა; ამიტომ ადამის ყველა შთამომავლი თითქოს უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა (დაბადება 2:17). მაგრამ ღვთის შთაგონებით დაწერილ წერილებში მოცემულია იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა გაიღებდა საზღაურს და სიბერისგან გაგვათავისუფლებდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი! მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება“ (იობი 33:24, 25; ესაია 53:4, 12). ამ სიტყვებით ბიბლიამ შესანიშნავი პერსპექტივა მოგვცა — ვიღაცა გადაიხდიდა გამოსასყიდს, რომელიც სიბერისგან გაგვათავისუფლებდა!

      ვის შეეძლო ამ გამოსასყიდის გაღება? გამოსასყიდი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყოველივე ის, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება. არასრულყოფილ ადამიანებზე ბიბლიაში ნათქვამია: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს . . . რომ ცოცხალი დარჩეს სამარადისოდ“ (ფსალმუნები 48:8—10). მაგრამ იესო ქრისტეს ჰქონდა რაღაც, რაც ფულზე ბევრად ღირებული იყო. დედამიწაზე ყოფნისას ის სრულყოფილ სიცოცხლეს ფლობდა, რადგან ღვთის ძე იყო და ღმერთმა ადამის ცოდვის მემკვიდრეობით მიღებისგან დაიცვა. იესოს სიტყვების თანახმად, ის იმიტომ მოვიდა, რომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო. სხვა შემთხვევაში მან თქვა: ‘მე იმისთვის მოვედი, რომ მათ სიცოცხლე ჰქონოდათ, თანაც უხვად’ (მათე 20:28; იოანე 10:10).

      იესოს ქადაგებაში მარადიული სიცოცხლის იმედს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მისმა ერთგულმა მიმდევარმა, პეტრემ, ერთხელ იესოს უთხრა: „შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოანე 6:68). რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც მარადიულ სიცოცხლეზე საუბრობს?

      მარადიული სიცოცხლე

      იესოს მოციქულები მოელოდნენ დროს, როდესაც მარადიულად იცხოვრებდნენ და იესოსთან ერთად ზეციერი სამეფოს მთავრობის ნაწილი გახდებოდნენ (ლუკა 22:29; იოანე 14:3). და მაინც, იესო ხშირად ლაპარაკობდა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე (მათე 5:5; 6:10; ლუკა 23:43). ამიტომ იესოს სასწაულები და მარადიული სიცოცხლის შესახებ სწავლება ადასტურებს დანაპირებს, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველ ესიას მეშვეობით დიდი ხნის წინათ წარმოთქვა: „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“ (ესაია 25:8). ადამიანის სიცოცხლე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ სწრაფად ჩაიქროლოს ახალგაზრდობის წლებმა, შემდეგ კი ნელ–ნელა დაუძლურდეს და დაჩაჩანაკდეს.

      ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც სრულყოფილებას მიაღწევენ, ერთგული ადამიანები გათავისუფლდებიან სიბერისგან. ბიბლიაში ნათქვამია: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21). წარმოიდგინეთ, ხალხი გამუდმებით შეიძენს სიბრძნესა და გამოცდილებას. საუკუნეების სვლა ვერაფერს დააკლებს მათ ახალგაზრდულ ენერგიას. იქნებით პირადად თქვენ ყოველივე ამის თვითმხილველი?

      რამდენ ხანს იცოცხლებთ?

      იესოს სიტყვების თანახმად, ღვთის სასამართლოს დღის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდება (მათე 24:21, 22). იესომ თქვა: „განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).

      მათ შორის რომ იყოთ, ვინც მარადიული სიცოცხლით გაიხარებს, საჭიროა ღვთის კეთილგანწყობა ეძიოთ. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ღმერთის გაცნობაა. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3). მართალია, ადამიანმა ღმერთი რომ გაიცნოს, ამისათვის ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ღირს ამგვარი ძალისხმევის გამოვლენა. მსგავსად ამისა, ყოველდღიური საკვების საყიდლად ფულის გამომუშავებასაც ძალისხმევა სჭირდება. იესომ ღვთის შესახებ ცოდნა საკვებს შეადარა და თქვა: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოანე 6:27). განა ნებისმიერ ძალისხმევად არ ღირს ის, რომ მარადიულად იცხოვროთ? (მათე 16:26).

      იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ამგვარად, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პასუხობთ ღვთის სიყვარულს.

      [სქოლიოები]

      a ზოგიერთი აცხადებს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული წლები სინამდვილეში თვეებია. მაგრამ ამავე წიგნში ნათქვამია, რომ არფაქშადს შელახი 35 წლის ასაკში გაუჩნდა. თუ აქ წლების ნაცვლად თვეებს ვიგულისხმებთ, გამოვა, რომ არფაქშადს შვილი მანამ ეყოლა, სანამ 3 წელი შეუსრულდებოდა, რაც სრულიად შეუძლებელია. გარდა ამისა, დაბადების პირველი თავები განსხვავებას აკეთებს მზისა და მთვარის წელიწადებს შორის (დაბადება 1:14—16; 7:11).

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      80 წლის განმავლობაში ადამიანი თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      ადამიანები ცხოველებზე მაღლა დგანან.

      [სურათი 7 გვერდზე]

      თავიდანვე შეჭეჭყილი იყო ეს მანქანა?

      [სურათი 8, 9 გვერდებზე]

      ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ადამიანები ‘სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდებიან’.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება