-
„თქვენ ჩემი მეგობრები ხართ“საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ოქტომბერი
-
-
„თქვენ ჩემი მეგობრები ხართ“
„თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოან. 15:14).
1, 2. ა) ვინ იყვნენ იესოს მეგობრები? ბ) რატომ უნდა დავუმეგობრდეთ იესოს?
ზემოთა ოთახში იესოსთან შეკრებილი მამაკაცები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ძმები, პეტრე და ანდრია, მეთევზეები იყვნენ. მათე ერთ დროს მებაჟე იყო. მებაჟეები კი სძულდათ იუდეველებს. იაკობი და იოანე, როგორც ჩანს, იესოს ბავშვობიდან იცნობდნენ. ნათანაელი კი მხოლოდ რამდენიმე წელი იცნობდა იესოს (იოან. 1:43—50). მიუხედავად ამისა, პასექის იმ ღირსსახსოვარ საღამოს იერუსალიმში შეკრებილებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იესო აღთქმული მესია და ცოცხალი ღვთის ძე იყო (იოან. 6:68, 69). მათ გულგრილს არ დატოვებდა იესოს სიტყვები: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოან. 15:15).
2 შეიძლება ითქვას, რომ იესოს ეს სიტყვები ეხება დღეს მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს და გარკვეულწილად „სხვა ცხვარსაც“ (იოან. 10:16). წარსული ცხოვრების მიუხედავად ყველას შეგვიძლია იესოს მეგობრები გავხდეთ. იესოსთან მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იეჰოვასთანაც დაგვამეგობრებს. ფაქტია, რომ იეჰოვას ვერ დავუახლოვდებით, თუ ქრისტეს არ დავუახლოვდით (წაიკითხეთ იოანეს 14:6, 21 ). რა უნდა გავაკეთოთ, რომ იესოს დავუმეგობრდეთ? ვიდრე ამ საკითხზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ, როგორი მეგობრობა ჰქონდათ იესოსა და მის მოწაფეებს და რისი სწავლა შეიძლება აქედან.
იესო კარგი მეგობარი იყო
3. ვის მეგობრად იცნობდნენ იესოს?
3 „მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს“, — წერდა მეფე სოლომონი (იგავ. 14:20). ამ სიტყვებში კარგად ჩანს არასრულყოფილი ადამიანის ბუნება. ხშირად ადამიანები მეგობრების არჩევისას იმაზე ფიქრობენ, რა მიიღონ მისგან და არა იმაზე, თავად რა გასცენ. მაგრამ იესო ასე არ ირჩევდა მეგობრებს. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის ფინანსურ ან სოციალურ მდგომარეობას. მართალია იესო „სიყვარულით აღიძრა“ მდიდარი მმართველისადმი და შესთავაზა, მისი მიმდევარი გამხდარიყო, მაგრამ მას ისიც უთხრა, რომ გაეყიდა თავისი ქონება და ღარიბებისთვის დაერიგებინა (მარ. 10:17—22; ლუკ. 18:18, 23). იესოს მდიდრებისა და ცნობილი ხალხის მეგობრად კი არ იცნობდნენ, არამედ უბრალო და მოძულებული ხალხის მეგობრად (მათ. 11:19).
4. საიდან ჩანს, რომ იესოს მეგობრები უნაკლოები არ იყვნენ?
4 ცხადია, რომ იესოს მეგობრები უნაკლოები არ იყვნენ. მაგალითად, ერთხელ პეტრემ ვერ შეძლო სიტუაციის სულიერი თვალით შეფასება (მათ. 16:21—23). იოანე და იაკობი ამბიციებს აჰყვნენ და იესოს ზეციერ სამეფოში საპატიო ადგილები მოსთხოვეს. მათმა საქციელმა აღაშფოთა სხვა მოციქულები. ამის შემდეგ პირველობის საკითხზე დავა მათ შორის არაერთხელ წამოიჭრა. მაგრამ იესო არ ღიზიანდებოდა და მოთმინებით ცდილობდა, თავისი მეგობრებისთვის სწორი კუთხით დაენახვებინა ყველაფერი (მათ. 20:20—28).
5, 6. ა) მოციქულების სისუსტეების მიუხედავად, რატომ არ გაწყვიტა იესომ ურთიერთობა მათთან? ბ) რატომ თქვა იესომ უარი იუდასთან მეგობრობაზე?
5 ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო ზედმეტად შემწყნარებელი იყო და თვალს ხუჭავდა მეგობრების შეცდომებზე. ის უბრალოდ მათ დადებით თვისებებსა და სწორ მოტივებზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად, პეტრეს, იაკობსა და იოანეს ჩაეძინათ იმ დროს, როცა იესოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა. იესოს ჰქონდა განაწყენების მიზეზი, მაგრამ დაინახა, რომ მათ ეს ცუდი მოტივით არ გაუკეთებიათ და თქვა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათ. 26:41).
6 იუდას შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად იყო. იესომ უარი თქვა მასთან მეგობრობაზე. თუმცა იუდას მის მეგობრად მოჰქონდა თავი, იესოს შეუმჩნეველი არ დარჩენია, როგორ გაირყვნა მისი ყოფილი მეგობრის გული. ქვეყნიერებასთან მეგობრობამ იუდა ღვთის მტრად აქცია (იაკ. 4:4). ამიტომ იესომ მხოლოდ იუდას გაშვების შემდეგ უწოდა დარჩენილ 11 მოციქულს მეგობრები (იოან. 13:21—35).
7, 8. როგორ გამოხატა იესომ მეგობრებისადმი სიყვარული?
7 იესო ყურადღებას არ ამახვილებდა თავისი ერთგული მეგობრების შეცდომებზე და ყველაფერს მათ სასიკეთოდ აკეთებდა. მაგალითად, ის მამას ლოცვაში სთხოვდა, დაეცვა ისინი განსაცდელებისას (წაიკითხეთ იოანეს 17:11 ). იესო მათ შეზღუდულ შესაძლებლობებსაც ითვალისწინებდა (მარ. 6:30—32). ის მარტო თვითონ კი არ ლაპარაკობდა, არამედ ისიც აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ ისინი (მათ. 16:13—16; 17:24—26).
8 იესო თავისი მეგობრებისთვის ცხოვრობდა და მოკვდა კიდეც მათთვის. მან იცოდა, რომ ღვთის სამართლიანი მოთხოვნით მას სიცოცხლე უნდა გაეღო მსხვერპლად (მათ. 26:27, 28; ებრ. 9:22, 28). მაგრამ იესომ ეს სიყვარულით გააკეთა. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“, — თქვა მან (იოან. 15:13).
როგორი მეგობრები იყვნენ მოწაფეები?
9, 10. როგორ რეაგირებდა ხალხი იესოს გულუხვობაზე?
9 იესო უშურველად გასცემდა სიყვარულს და არ ზოგავდა დროსა და სახსრებს. ამიტომ ხალხს გული მიუწევდა მისკენ. ბევრს სურვილი უჩნდებოდა, რომ რაღაცით გამოეხატა მისადმი მადლიერება (ლუკ. 8:1—3). იესოს საკუთარი გამოცდილებიდან შეეძლო ეთქვა: „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკ. 6:38).
10 სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იესოს მხოლოდ იმიტომ დაჰყვებოდნენ, რომ მისგან რაღაცას ელოდნენ. მათ მაშინვე მიატოვეს იესო, როცა მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს. ნაცვლად იმისა, რომ იესოს სიტყვები დაეჯერებინათ, მათ არასწორი დასკვნა გამოიტანეს და მას ზურგი აქციეს. მათგან განსხვავებით მოციქულები იესოსთან დარჩნენ. მათი მეგობრობა არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჭირსა და ლხინში იესოს გვერდით ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ იოანეს 6:26, 56, 60, 66—68). მიწიერი სიცოცხლის დასრულების წინა ღამეს იესომ თავისი მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში“ (ლუკ. 22:28).
11, 12. როგორ დაარწმუნა იესომ თავის სიყვარულში მოწაფეები აღდგომის შემდეგ და როგორ მოიქცნენ ისინი?
11 მოწაფეებმა, რომლებიც იესომ ერთგულებისთვის შეაქო, მალე მიატოვეს ის. რაღაც მომენტში კაცთმოშიშებამ ქრისტეს სიყვარულს სძლია. იესომ ამჯერადაც აპატია მათ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის გამოეცხადა თავის მიმდევრებს და არა მარტო თავის სიყვარულში დაარწმუნა, არამედ წმინდა საქმეც მიანდო. მათ მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ „ხალხი ყველა ერიდან“ და მის შესახებ დაემოწმებინათ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (მათ. 28:19; საქ. 1:8). როგორ მოიქცნენ ისინი?
12 მოწაფეები მთელი გულმოდგინებით შეუდგნენ სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით მათ მალე იერუსალიმი თავიანთი სწავლებით აავსეს (საქ. 5:27—29). მათ სიკვდილითაც ემუქრებოდნენ, მაგრამ მაინც ასრულებდნენ იესოს დავალებას. იესოსგან დავალების მიღებიდან რამდენიმე ათწლეული იყო გასული, როცა მოციქულმა პავლემ თამამად თქვა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). იესოს მოწაფეებმა დაამტკიცეს, რომ აფასებდნენ იესოსთან მეგობრობას.
13. როგორ იმოქმედა იესოს სწავლებამ მის მოწაფეებზე?
13 იესოს სწავლებამ მათზეც იმოქმედა, ვინც მოგვიანებით გახდა მისი მოწაფე. ბევრ მათგანს უნდა შეეცვალა ცხოვრების წესი. ზოგი ერთ დროს ჰომოსექსუალისტი, მრუში, ლოთი და ქურდი იყო (1 კორ. 6:9—11). ზოგს დამოკიდებულება უნდა შეეცვალა სხვა ერის ადამიანების მიმართ (საქ. 10:25—28). ისინი დაემორჩილნენ იესოს, მოიშორეს „ძველი პიროვნება“ და „ახალი პიროვნებით“ შეიმოსნენ (ეფეს. 4:20—24). მათ შეიცნეს „ქრისტეს გონება“ ანუ ჩასწვდნენ მის აზროვნებას და თავადაც ცდილობდნენ, მიებაძათ მისთვის (1 კორ. 2:16).
დღეს როგორ ვიმეგობროთ ქრისტესთან?
14. რა უნდა გაეკეთებინა ქრისტეს ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას?
14 პირველ საუკუნეში მცხოვრები ბევრი ქრისტიანი პირადად იცნობდა იესოს, ბევრმა ის აღდგომის შემდეგ ნახა. ჩვენ კი არ გვქონია ამის უპირატესობა. მაშ, როგორ დავუმეგობრდეთ ქრისტეს? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ მივყვეთ იესოს სულითცხებული ძმებისგან შემდგარი ჯგუფის, „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას. იესომ თქვა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას „მთელ თავის ქონებას“ ამ მონას ჩააბარებდა (მათ. 24:3, 45—47). დღეს მათი უმეტესობა, ვისაც ქრისტესთან მეგობრობა სურს, მონის ჯგუფს არ მიეკუთვნება. ისინი მიჰყვებიან ერთგული მონის მითითებებს, რაც მათ ქრისტესთან დამეგობრებაში ეხმარება. როგორ ხდება ეს?
15. რაზეა დამოკიდებული ადამიანი „ცხვრად“ ჩაითვლება თუ „თხად“?
15 წაიკითხეთ მათეს 25:31—40. ერთგული მონის წარმომადგენლებს იესომ ძმები უწოდა. მაგალითში, რომელიც იესომ ცხვრებისა და თხების გამოცალკევებაზე მოიყვანა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ვინც მის ძმებს კარგად მოექცეოდა, მას მოექცეოდა კარგად. იესო ცხვრებს თხებისგან იმის მიხედვით გამოარჩევდა, თუ ვინ რას გაუკეთებდა თუნდაც მის „უმცირეს ძმას“. ამიტომ, დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეები მხარს უჭერენ ერთგულ მონას, რითაც ამტკიცებენ, რომ იესოსთან მეგობრობა სურთ.
16, 17. როგორ შეგვიძლია მეგობრობა დავუმტკიცოთ ქრისტეს ძმებს?
16 როგორ უნდა დავუმტკიცოთ მეგობრობა ქრისტეს ძმებს, თუ დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ცხოვრებას ველით? განვიხილოთ სამი საშუალება. პირველი: მთელი გულით უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. ქრისტემ თავის ძმებს დაავალა სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში (მათ. 24:14). მაგრამ დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ძმებს სხვა ცხვრის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ ამ დავალების შესრულება. როცა სხვა ცხვრის წარმომადგენლები ქადაგებენ, ისინი ქრისტეს ძმებს ეხმარებიან წმინდა საქმის შესრულებაში. ქრისტეს მსგავსად, ერთგული და გონიერი მონა ძალიან აფასებს მათ მხარდაჭერას.
17 ქრისტეს ძმებს მეგობრობას იმითაც ვუმტკიცებთ, თუ სამქადაგებლო საქმიანობას ფინანსურად ვუჭერთ მხარს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ მეგობრები „უმართლო სიმდიდრით“ შეეძინათ (ლუკ. 16:9). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესოსთან ან იეჰოვასთან მეგობრობა ფულზე იყიდება. თუ ჩვენს ფინანსებს სამეფოს ინტერესებისთვის ვწირავთ, სიყვარულსა და მეგობრობას მხოლოდ სიტყვით კი არა, „საქმითა და ჭეშმარიტებით“ ვამტკიცებთ (1 იოან. 3:16—18). ჩვენ საქადაგებლად საკუთარი ხარჯებით მივდივართ, გარკვეულ თანხას ვწირავთ კრების შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზების მშენებლობისა და მოვლისთვის, აგრეთვე მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ცოტას ვწირავთ თუ ბევრს, იეჰოვა და იესო გვიფასებენ, რომ სიხარულით გავცემთ (2 კორ. 9:7).
18. რატომ უნდა გავითვალისწინოთ უხუცესების მიერ ბიბლიიდან მოცემული რჩევები?
18 ქრისტესთვის მეგობრობის დამტკიცების მესამე საშუალება კრების უხუცესებთან თანამშრომლობაა. უხუცესები წმინდა სულით არიან დანიშნული კრებაში, რომლის თავიც ქრისტეა (ეფეს. 5:23). მოციქული პავლე წერდა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ“ (ებრ. 13:17). ზოგჯერ შეიძლება გვიჭირს, დავემორჩილოთ უხუცესების მიერ ბიბლიიდან მოცემულ რჩევებს. რჩევის მიღება შესაძლოა იმიტომაც გვიჭირს, რომ ისინი არასრულყოფილები არიან. მაგრამ ქრისტე, კრების თავი, ამ არასრულყოფილ ადამიანებს უცხადებს ნდობას. ამიტომ უხუცესებთან თანამშრომლობა ქრისტესთან ჩვენს მეგობრობაზეც ახდენს გავლენას. თუ ყურადღებას არ ვამახვილებთ უხუცესების შეცდომებზე და სიხარულით ვემორჩილებით მათ, ქრისტეს ჩვენს სიყვარულს ვუმტკიცებთ.
სად შეგვიძლია კარგი მეგობრების პოვნა?
19, 20. რისი საშუალება გვაქვს კრებაში და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 იესო მხოლოდ მოსიყვარულე მწყემსების მეშვეობით არ ზრუნავს ჩვენზე. კრებაში გვყავს სულიერი დედები, ძმები და დები (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). თავიდან როგორ შეხვდნენ შენი ნათესავები იმას, რომ იეჰოვას მოწმეებთან დაიწყე ურთიერთობა? შესაძლოა მათ მხარი დაგიჭირეს იმაში, რომ დაახლოებოდი ღმერთს. მაგრამ იესომ ისიც თქვა, რომ ზოგ შემთხვევაში „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). რამხელა ნუგეშია ჩვენთვის იმის ცოდნა, რომ კრებაში შეგვიძლია ღვიძლ ძმაზე ახლობელი მეგობრების პოვნა (იგავ. 18:24).
20 რომაელებისთვის მიწერილი წერილის ბოლოს პავლე მათ თბილ მოკითხვებს უთვლის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ბევრი კარგი მეგობარი ჰყავდა (რომ. 16:8—16). იოანე მოციქულმა მესამე წერილი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ყველა მეგობარი სათითაოდ მომიკითხე“ (3 იოან. 14). როგორც ჩანს, მასაც მრავალი მეგობარი ჰყავდა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იესოსა და პირველი ქრისტიანების მსგავსად, კარგი მეგობრები შევიძინოთ სულიერ და-ძმებს შორის? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
-
-
შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ოქტომბერი
-
-
შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!
„ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ“ (იოან. 15:17).
1. რატომ უნდა ყოფილიყვნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ერთმანეთის კარგი მეგობრები?
სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის ერთგულ მოწაფეებს მოუწოდა, ერთმანეთისთვის კარგი მეგობრობა გაეწიათ. მანამდე იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი მიმდევრების განმასხვავებელი ნიშანი სიყვარული იქნებოდა (იოან. 13:35). მოახლოებული განსაცდელები რომ გადაეტანათ და იესოს მიცემული დავალება შეესრულებინათ, მოციქულები ერთმანეთის კარგი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. ეს ასეც იყო. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ღვთისა და ერთმანეთისადმი უბადლო ერთგულებით გამოირჩეოდნენ.
2. ა) რისი სურვილი უნდა გვქონდეს და რატომ? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
2 ძალიან გვიხარია, რომ ვართ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანების კვალს მიჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ გავითვალისწინოთ იესოს მითითება და გულწრფელად გვიყვარდეს ერთმანეთი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დღეებში ადამიანთა უმეტესობა ორგული და სიყვარულს მოკლებულია (2 ტიმ. 3:1—3). მათთვის მეგობრობა ზედაპირულია და საკუთარი „მეს“ დაკმაყოფილებაზეა აგებული. მაგრამ ქრისტიანული სახე რომ არ დავკარგოთ, ჩვენი შეხედულება მეგობრობაზე სრულიად განსხვავებული უნდა იყოს. განვიხილოთ შემდეგი კითხვები: რა არის კარგი მეგობრობის საფუძველი? როგორ შეგვიძლია კარგი მეგობრების შეძენა? როდის ღირს მეგობრობაზე უარის თქმა? და რა უნდა გავაკეთოთ მეგობრობის შესანარჩუნებლად?
რა არის კარგი მეგობრობის საფუძველი?
3, 4. რა არის კარგი მეგობრობის საფუძველი და რატომ?
3 მეგობრობა ყველაზე მტკიცე მაშინ არის, როცა ის იეჰოვას სიყვარულს ეფუძნება. მეფე სოლომონმა დაწერა: „ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ გაუმკლავდება მას! მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლ. 4:12). მეგობრობა მტკიცეა, როცა მისი შემაკავშირებელი მესამე ძაფი იეჰოვაა.
4 კარგი მეგობრები მათაც შეიძლება ჰყავდეთ, ვისაც იეჰოვა არ უყვარს. მაგრამ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთთან ღვთის სიყვარული აკავშირებს, მათი მეგობრობა უფრო მტკიცეა. გაუგებრობების დროს ნამდვილი მეგობრები ისე მოეპყრობიან ერთმანეთს, როგორც იეჰოვას სიამოვნებს. თუ ღვთის მოწინააღმდეგეები შეეცდებიან ღვთის ხალხის ერთიანობის დარღვევას, ისინი დაინახავენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების მეგობრობას ძირს ვერ გამოუთხრიან. ისტორიამ დაამტკიცა, რომ იეჰოვას მსახურები ერთმანეთის გაცემას სიკვდილს ამჯობინებენ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:16 ).
5. რატომ იყო რუთისა და ნაომის მეგობრობა მტკიცე?
5 უდავოა, რომ ყველაზე სასიამოვნო მათთან მეგობრობაა, ვისაც იეჰოვა უყვარს. განვიხილოთ რუთისა და ნაომის მაგალითი. ბიბლიაში აღწერილი ამ ქალების მეგობრობა ერთ-ერთ სამაგალითო მეგობრობად შეიძლება ჩაითვალოს. რამ შეუწყო ხელი მათი ურთიერთობის განმტკიცებას? ეს კარგად ჩანს ნაომის მისამართით ნათქვამი რუთის სიტყვებიდან: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი . . . ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“ (რუთ. 1:16, 17). აშკარაა, რომ ორივეს, რუთსაც და ნაომისაც უყვარდათ იეჰოვა ღმერთი და სწორედ ამ სიყვარულის გამო სცემდნენ ერთმანეთს დიდ პატივს. ამიტომაც აკურთხა ისინი იეჰოვამ.
როგორ შევიძინოთ კარგი მეგობრები?
6—8. ა) როგორ ვითარდება მტკიცე მეგობრობა? ბ) როგორ შეგიძლია ინიციატივის გამოჩენა?
6 რუთისა და ნაომის შემთხვევა ადასტურებს, რომ კარგი მეგობრობა თავისით არ მოდის. ასეთი მეგობრობა იეჰოვას სიყვარულზე უნდა იყოს აგებული. ეს კი ძალისხმევასა და გაცემის სულს მოითხოვს. ღვიძლმა და-ძმებმაც კი, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახებში იზრდებიან, ძალისხმევა უნდა მოახმარონ იმას, რომ ერთმანეთის კარგი მეგობრები გახდნენ. როგორ შეგიძლია კარგი მეგობრების შეძენა?
7 გამოიჩინე ინიციატივა. მოციქული პავლე თავის მეგობრებს რომის კრებიდან მოუწოდებდა, რომ სტუმართმოყვარეები ყოფილიყვნენ (რომ. 12:13). სტუმართმოყვარეობა ჩვენგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ეს ბილიკზე სიარულს ჰგავს, როცა ერთ ნაბიჯს მეორე მოსდევს. შენ მაგივრად ამ ბილიკს სხვა ვერ გაივლის. ეს ასეა სტუმართმოყვარეობის შემთხვევაშიც (წაიკითხეთ იგავების 3:27 ). სტუმართმოყვარეობის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება კრების წევრების უბრალო სადილზე ან ვახშამზე მიპატიჟებაა. შეგიძლია ჩვევად გაიხადო სტუმართმოყვარეობის ასეთი სახით გამოვლენა?
8 ინიციატივის გამოჩენის კიდევ ერთი საშუალება ის არის, რომ სხვადასხვა მაუწყებელთან ერთად ვიმსახუროთ. როცა კართან დგახარ და ისმენ, როგორ ესაუბრება მთელი გულით შენი თანამორწმუნე მობინადრეს იეჰოვას სიყვარულზე, ძალაუნებურად მასთან დაახლოების სურვილი გიჩნდება.
9, 10. რისი მაგალითი მოგვცა პავლემ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
9 გაფართოვდი სათუთ გრძნობებში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:12, 13). გიფიქრია, რომ კრებაში ვერავის დაუმეგობრდები? თუ დიახ, შეიძლება იმიტომ, რომ ამ საკითხს სწორი კუთხით არ უყურებ. პავლე მოციქულმა სათუთ გრძნობებში გაფართოების კარგი მაგალითი მოგვცა. ერთ დროს მისთვის წარმოუდგენელი იყო არაებრაელებთან მეგობრობა, მაგრამ მოგვიანებით ის „უცხოტომელთა მოციქული“ გახდა (რომ. 11:13).
10 გარდა ამისა, პავლე მხოლოდ თავისი ასაკის ხალხთან არ მეგობრობდა. მაგალითად, ის თავისზე გაცილებით უმცროს ტიმოთეს დაუმეგობრდა. ისინი წარმომავლობითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ქრისტიანი ახალგაზრდები დღესაც აფასებენ კრებაში უფროსი ასაკის და-ძმებთან მეგობრობას. ოც წელს გადაცილებული ვანესა ამბობს: „ჩემი ძვირფასი მეგობარი 50 წელზე მეტისაა, მაგრამ შემიძლია მას ისიც კი მოვუყვე, რასაც ჩემს ტოლებს მოვუყვებოდი. ის ძალიან მზრუნველია“. რა უწყობს ხელს ასეთი მეგობრობის განვითარებას? ვანესა ამბობს: „მე თვითონ ვდგავდი ნაბიჯებს და გულხელდაკრეფილი არ ველოდი, თავისით როდის განვითარდებოდა ასეთი მეგობრობა“. შეგიძლია დაუმეგობრდე სხვა ასაკის თანამორწმუნეებს? იეჰოვა დაგიფასებს ძალისხმევას.
11. რას გვასწავლის იონათანისა და დავითის მაგალითი?
11 იყავი ერთგული. სოლომონი წერდა: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17). ამ სიტყვების დაწერისას სოლომონს შესაძლოა მამამისის, დავითის, და იონათანის მეგობრობა ჰქონდა მხედველობაში (1 სამ. 18:1). მეფე საულს უნდოდა, რომ მის ვაჟი იონათანი ასულიყო ისრაელის ტახტზე. მაგრამ იონათანს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას დავითის გამეფება სურდა. საულისგან განსხვავებით იონათანს არ შურდა დავითის. ის არ განაწყენებულა, როცა დავითს აქებდნენ. არც ის დაუჯერებია, რასაც საული აბრალებდა დავითს (1 სამ. 20:24—34). ვიქცევით იონათანივით? გვახარებს მეგობრების წარმატება? მათ გვერდით ვართ გასაჭირში? როცა მასზე რამე უარყოფითს გვეუბნებიან, მაშინვე ვიჯერებთ, თუ იონათანივით ერთგულად ვიცავთ?
როდის ღირს მეგობრობაზე უარის თქმა?
12—14. რა არჩევნის წინაშე დგებიან ბიბლიის შემსწავლელები და როგორ დავეხმაროთ მათ?
12 როცა ადამიანი ბიბლიის შესწავლას იწყებს და ცხოვრებას ღვთის ნორმების თანახმად ცვლის, მეგობრებთან მისი ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეიძლება მას ისეთი მეგობრები ჰყავს, რომლებიც ბიბლიის პრინციპების თანახმად არ ცხოვრობენ. ადრე ის შეიძლება დიდ დროს ატარებდა მათთან. ახლა კი ხედავს, რომ ასეთი მეგობრები ცუდად მოქმედებენ მასზე და ხვდება, რომ მათთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოს (1 კორ. 15:33). მაგრამ შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ თუ მათთან ურთიერთობას გაწყვეტს, ეს მეგობრების ღალატი იქნება.
13 თუ ბიბლიას სწავლობ, გახსოვდეს, რომ ნამდვილ მეგობარს უნდა ახარებდეს შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მან შეიძლება თვითონაც მოინდომოს იეჰოვას გაცნობა. მაგრამ ვაიმეგობრებმა შეიძლება დაგგმონ იმის გამო, რომ „აღარ ისწრაფვი აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ“ (1 პეტ. 4:3, 4). თუ ასეა, შენ კი არა, ისინი გღალატობენ.
14 თუ ბიბლიის შემსწავლელს ზურგს აქცევენ ის მეგობრები, რომლებსაც არ უყვართ ღმერთი, ამ დანაკარგს მას კრების წევრები აუნაზღაურებენ (გალ. 6:10). არიან თქვენს კრებაში ბიბლიის შემსწავლელები? შეგიძლია მხარში ამოუდგე მათ?
15, 16. ა) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი მეგობარი ზურგს აქცევს იეჰოვას? ბ) როგორ დავუმტკიცებთ ღმერთს ჩვენს სიყვარულს?
15 როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მეგობარი კრებაში ზურგს აქცევს იეჰოვას და გარიცხვის საშიშროების წინაშე დგება? ასეთი სიტუაცია ძალიან დამთრგუნველია. ერთი და, რომლის მეგობარმაც უარი თქვა იეჰოვას მსახურებაზე, თავისი გრძნობების შესახებ გვიყვება: „თავზარდაცემული ვიყავი. მეგონა, რომ ჩემს მეგობარს რწმენას ვერაფერი შეურყევდა. როგორც ჩანს, იეჰოვას ის მხოლოდ თავისი ოჯახის წევრების ხათრით ემსახურებოდა. ამის შემდეგ მეც დავიწყე საკუთარი თავის შემოწმება და იმაზე ფიქრი, თუ რა მამოძრავებდა იეჰოვას მსახურებაში“. როგორ გაუმკლავდა ეს და მეგობრის დაკარგვას? ის ამბობს: „ჩემი ტვირთი იეჰოვას მივანდე. მინდა, მას ჩემი სიყვარული დავუმტკიცო, მაგრამ იმიტომ არა, რომ მეგობრები მაპოვნინა თავის ორგანიზაციაში“.
16 ჩვენ ვერ ვიქნებით ღვთის მეგობრები, თუ მხარს დავუჭერთ მას, ვინც ქვეყნიერებასთან მეგობრობა არჩია. მოწაფე იაკობი წერდა: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკ. 4:4). ღმერთს ჩვენს სიყვარულს და ერთგულებას იმით დავუმტკიცებთ, თუ მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის დავიწყებას მას მივანდობთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:25 ). ზემოხსენებული და ასეთ დასკვნას აკეთებს: „მივხვდი, რომ სხვას ვერც იეჰოვას შევაყვარებთ და ვერც საკუთარ თავს. ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს“. მაგრამ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კრებაში კარგი მეგობრების შესანარჩუნებლად?
როგორ შევინარჩუნოთ მეგობრები?
17. როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს კარგი მეგობრები?
17 მეგობრობა წარმოუდგენელია აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარეშე. ალბათ, როცა ბიბლიაში წაიკითხე რუთისა და ნაომის, დავითისა და იონათანის, პავლესა და ტიმოთეს შესახებ, ყურადღება მიაქციე იმას, რომ კარგი მეგობრები თავისუფლად, მაგრამ პატივისცემით ესაუბრებიან ერთმანეთს. პავლემ სხვებთან ურთიერთობის შესახებ დაწერა: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“. აქ პავლე გულისხმობდა „გარეშეებთან“ ანუ მათთან საუბარს, ვინც ჩვენს ქრისტიანულ საძმოს არ მიეკუთვნება (კოლ. 4:5, 6). თუ გარეშეები იმსახურებენ ჩვენი მხრიდან პატივისცემით მოპყრობას, მით უმეტეს ჩვენი მეგობრები.
18, 19. როგორ უნდა ვუყურებდეთ მეგობრის რჩევას და რა მაგალითი დაგვიტოვეს ეფესოელმა უხუცესებმა?
18 კარგი მეგობრები აფასებენ ერთმანეთის შეხედულებებს. ამიტომ მათი საუბრები თავაზიანი და გულღია უნდა იყოს. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „როგორც ზეთი და საკმეველი ახალისებს გულს, ისე ახალისებს კაცს გულითადი რჩევის მომცემი ტკბილი მეგობარი“ (იგავ. 27:9). შენც ასე უყურებ მეგობრის რჩევას? (წაიკითხეთ ფსალმუნის 141:5 ). როგორ რეაგირებ, როცა მეგობარი წუხს შენი საქციელის ან გადაწყვეტილების გამო? მის რჩევას სიკეთედ თვლი თუ ნაწყენდები?
19 პავლე მოციქულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეფესოს კრების უხუცესებთან. ზოგი მათგანი პავლემ მაშინ გაიცნო, როცა ისინი ქრისტიანები გახდნენ. მაგრამ უკანასკნელი შეხვედრის დროს, პავლემ მათ პირდაპირი რჩევები მისცა. როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ? პავლეს მეგობრები არ განაწყენებულან, პირიქით, დააფასეს პავლეს მზრუნველობა და ტირილით გამოემშვიდობნენ, რადგან იცოდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ მას (საქ. 20:17, 29, 30, 36—38).
20. როგორ მოიქცევა ნამდვილი მეგობარი?
20 კარგი მეგობარი არა მარტო იღებს გონივრულ რჩევებს, არამედ თავადაც მზად არის, მეგობარს რჩევა მისცეს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტად არ ჩავერიოთ სხვის ცხოვრებაში (1 თეს. 4:11). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12). მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ნამდვილი მეგობარი მეგობარს იეჰოვას ნორმებზე გაუმახვილებს ყურადღებას (1 კორ. 7:39). მაგალითად, როგორ მოიქცევი თუ ხედავ, რომ შენი დაუქორწინებელი მეგობარი ურწმუნოს დაუახლოვდა? არაფერს ეტყვი იმის შიშით, რომ თქვენს მეგობრობას საფრთხე არ შეექმნას? ან როგორ მოიქცევი, თუ მეგობარი ყურად არ იღებს რჩევას? ნამდვილი მეგობარი მოსიყვარულე მწყემსების მეშვეობით დაეხმარება მეგობარს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა. ამის გაკეთებას გაბედულება სჭირდება. მაგრამ თუ ორი ადამიანის ურთიერთობა იეჰოვასადმი სიყვარულზეა დაფუძნებული, მათ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს.
21. რის მიზეზს ვაძლევთ ზოგჯერ მეგობრებს და რატომ უნდა გაუფრთხილდნენ კრების წევრები ერთმანეთთან მეგობრობას?
21 წაიკითხეთ კოლოსელების 3:13, 14. შეიძლება ზოგჯერ ჩვენს მეგობრებს „ჩივილის მიზეზი“ მივცეთ, ზოგჯერ კი შეიძლება მათ გაგვაღიზიანონ სიტყვით ან საქმით. „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“, — წერდა იაკობი (იაკ. 3:2). ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს შეცდომებს არ უთვლიან. ისინი მზად არიან, მთელი გულით აპატიონ ერთმანეთს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრული კვანძები გავაძლიეროთ, რაშიც გულღია საუბრები და მიმტევებლობა დაგვეხმარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირი“.
-