სარგებლობა, რომელიც ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს მოაქვს
„შეიყვარე [სიბრძნე] და დაგიფარავსო . . . პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო“ (იგავნი 4:6, 8).
1. რას ნიშნავს ღვთის სიტყვისადმი ნამდვილი სიყვარული?
ბიბლიის კითხვა ქრისტიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მხოლოდ კითხვა არ არის ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის მაჩვენებელი. რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც ბიბლიას კითხულობს, შემდეგ კი ისეთ საქციელს სჩადის, რასაც განსჯის ბიბლია? ცხადია, ასეთ ადამიანს 118-ე ფსალმუნის დამწერივით არ უყვარს ბიბლია. ფსალმუნმომღერალი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულმა ბიბლიური მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრებისკენ აღძრა (ფსალმუნი 118:97, 101, 105).
2. რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სიტყვიდან გამომდინარე სიბრძნეს?
2 ღვთის სიტყვის შესაბამისად რომ ვიცხოვროთ, ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრების წესში გამუდმებით უნდა შევიტანოთ ცვლილებები. ამგვარი მოქმედება ღვთიურ სიბრძნეს ირეკლავს, რაც ბიბლიის შესწავლის შედეგად მიღებული შემეცნების პრაქტიკულ გამოყენებას ნიშნავს. „შეიყვარე [სიბრძნე] და დაგიფარავსო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო“ — ამბობს საღვთო წერილი (იგავნი 4:6, 8, 9). რა შესანიშნავი სტიმულია ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განსავითარებლად და ბიბლიური პრინციპების შესაბამისად საცხოვრებლად! ვის არ უნდა, რომ დაიფარონ, აამაღლონ და პატივი მიაგონ?
ის დაგიფარავთ
3. ქრისტიანებს რატომ სჭირდებათ ახლა უფრო მეტად დაცვა, ვიდრე ოდესმე, და ვისგან?
3 როგორ დაგვიფარავს ღვთის სიტყვის შესწავლითა და გამოყენებით მოპოვებული სიბრძნე? პირველი, ის სატანა ეშმაკისგან გვიცავს. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ლოცვაში ბოროტისგან, სატანისგან, ხსნა ეთხოვათ ღმერთისთვის (მათე 6:13). დღეს ლოცვაში ამ თხოვნის ჩართვის აუცილებლობა განსაკუთრებით დიდია. 1914 წლიდან სატანა და მისი დემონები ზეციდან გადმოყრილ იქნენ და ამიტომ სატანა ‘გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა’ (გამოცხადება 12:9, 10, 12). დღეს, როდესაც უკანასკნელი ჟამი იწურება, მისი რისხვა კულმინაციას აღწევს, რადგან წარუმატებლად იბრძვის ‘ღვთის სიტყვის მცნებების დამცავთა’ წინააღმდეგ, ‘რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ’ (გამოცხადება 12:17).
4. რა იცავს ქრისტიანებს სატანის გავლენისა და მახეებისგან?
4 გამძვინვარებული სატანა განაგრძობს ქრისტიანი მსახურებისთვის სხვადასხვა ზიანის მიყენებას. აღვივებს მათ მიმართ სასტიკ დევნას ან ცდილობს სხვა საშუალებებით დააბრკოლოს მათი საქმიანობა. მისი სურვილია ისიც, რომ სამეფოს მქადაგებლების ყურადღება კეთილი ცნობის უწყების ნაცვლად, წუთისოფელში პრესტიჟული მდგომარეობის დაკავებას, დროს ტარების სიყვარულს, მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასა და სიამეთა ძიებას მიაპყროს. რა იცავს ღვთის ერთგულ მსახურებს სატანის გავლენისა ან მახეებისგან? რა თქმა უნდა, ლოცვა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და იმის რწმენა, რომ მისი აღთქმები ნამდვილად შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველივე ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის სიტყვის ცოდნასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ყურად ვიღოთ ღვთის სიტყვაში მოცემული შეხსენებები. ამ შეხსენებებს ვღებულობთ ღვთის სიტყვისა და მის შესასწავლად გამოცემული დამხმარე ლიტერატურის კითხვისას, ქრისტიანულ კრებებზე დასწრებისას, თანაქრისტიანებისგან მოცემული საღვთო წერილზე დაფუძნებული რჩევის გათვალისწინებისას ან, უბრალოდ, იმ ბიბლიურ პრინციპებზე გულდასმით ფიქრისას, რომლებიც ღვთის სულის დახმარებით გვახსენდება (ესაია 30:21; იოანე 14:26; 1 იოანე 2:15—17).
5. როგორ გვიცავს ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნე?
5 ღვთის სიტყვის მოყვარულები სხვაგვარადაც არიან დაცული. მაგალითად, მათ არ ეხებათ ის ემოციური და ფიზიკური მოშლილობები, რაც ნარკოტიკებისა და თამბაქოს გამოყენებას ან სექსუალური უზნეობას მოჰყვება ხოლმე (1 კორინთელთა 5:11; 2 კორინთელთა 7:1). აგრეთვე ისინი არ ძაბავენ ურთიერთობებს ერთმანეთზე ჭორაობითა და გესლიანი საუბრებით (ეფესელთა 4:31). მათ არც მაცდურ ფილოსოფიებში, წუთისოფლისეულ სიბრძნეში, ქექვის გამო ეჭვებით შეპყრობის საფრთხე ემუქრებათ (1 კორინთელთა 3:19). ღვთის სიტყვისადმი სიყვარული ამ ხალხს ყველაფრისგან იცავს, რაც ღმერთთან ურთიერთობასა და მარადიულად ცხოვრების იმედს აკარგვინებს ადამიანს. ისინი დროს არ იშურებენ, რათა მოყვასს ბიბლიაში მოცემული შესანიშნავი იმედისადმი რწმენის განვითარებაში დაეხმარონ, რადგან იციან, რომ ასე მოქმედებით ‘თავიანთ თავსაც იხსნიან და მსმენელთაც’ (1 ტიმოთე 4:16).
6. როგორ შეიძლება ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნემ რთული სიტუაციების დროსაც კი დაგვიცვას?
6 მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ არავინ, — და მათ შორის ისინიც, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს, — ‘დროისა და შემთხვევისგან’ დაზღვეული არ არის (ეკლესიასტე 9:11). ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება თავს დაატყდეს სტიქიური უბედურება, სერიოზულად დაავადდეს, რაიმე კატასტროფაში მოჰყვეს ან ნაადრევად გარდაიცვალოს. მაგრამ ჩვენ მაინც დაცული ვართ. ვერავითარი უბედურება ვერ მიაყენებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტად მოყვარულს აუნაზღაურებელ ზიანს. ამიტომ ზედმეტად არ უნდა გვაღელვებდეს მომავალი. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ყველა ზომას მივიღებთ, უკეთესია, იეჰოვას მივენდოთ და დღეს არსებულ მრავალგვარ საშიშროებას ჩვენი სიმშვიდის დარღვევის საშუალება არ მივცეთ (მათე 6:33, 34; ფილიპელთა 4:6, 7). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ აუცილებლად იქნება აღდგომა და დადგება ის დრო, როდესაც ღმერთი ‘შექმნის ყოველივე ახალს’ (გამოცხადება 21:5; იოანე 11:25).
იყავით ‘კარგი ნიადაგი’
7. რა იგავი მოუყვა იესომ მის მოსასმენად მისულებს?
7 იესომ ერთ-ერთ იგავში ღვთის სიტყვის მიმართ სწორი თვალსაზრისის განვითარების მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება. როდესაც ქრისტე პალესტინაში კეთილ ცნობას ქადაგებდა, მის მოსასმენად დიდძალი ხალხი მოგროვდა (ლუკა 8:1, 4). მაგრამ იქ მისულთაგან ყველას ნამდვილად როდი უყვარდა ღვთის სიტყვა. ეჭვგარეშეა, მრავალი იმის გამო მივიდა, რომ სასწაული ეხილა ან მოესმინა, რა საუცხოოდ ასწავლიდა ეს კაცი. ამიტომ იესომ თავმოყრილ ხალხს შემდეგი იგავი მოუყვა: „გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზასთან დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდეზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა. ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“ (ლუკა 8:5—8).
8. რა არის იესოს იგავში თესლი?
8 იესოს იგავი ცხადყოფს, რომ კეთილ ცნობაზე ხალხი სხვადასხვაგვარად რეაგირებს და ეს მათ გულზეა დამოკიდებული. თესლი კი „ღვთის სიტყვაა“ (ლუკა 8:11). ან, როგორც ამ იგავის სხვა ვარიანტი ამბობს, თესლი არის „სიტყვა სასუფეველზე“ (მათე 13:19). იესოს ორივე გამოთქმის გამოყენება შეეძლო, რადგან ღვთის სიტყვის თემა ზეციერი სასუფეველი ანუ სამეფოა, სადაც იესო ქრისტე მეფობს. სწორედ ამ სამეფოს საშუალებით გაამართლებს იეჰოვა თავის უზენაესობას და განწმენდს თავის სახელს (მათე 6:9, 10). მაშასადამე, თესლი არის ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული კეთილი ცნობა. პირველი მთესველის, იესო ქრისტეს, მიბაძვით დღეს იეჰოვას მოწმეები სამეფოს შესახებ ცნობას „თესავენ“. ხალხის როგორ რეაქციას ხვდებიან ისინი?
9. რა არის ნაჩვენები თესლით, რომელიც ა) გზის პირას ვარდება? ბ) კლდეზე ვარდება? გ) ეკალ-ბარდებიან მიწაზე ვარდება?
9 იესომ თქვა, რომ ზოგი თესლი გზის პირას ვარდება და ითელება. ეს ისეთი ადამიანების არსებობაზე მიუთითებს, რომლებიც იმდენად დაკავებული არიან, რომ მათ გულში სამეფოს შესახებ თესლი ფესვს ვერ იკეთებს. ვიდრე ისინი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს განივითარებენ „მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ მათ არ იწამონ და არ გადარჩნენ“ (ლუკა 8:12). ზოგი თესლი კლდეზე ვარდება. აქ ლაპარაკია ხალხზე, რომელთაც იზიდავთ ბიბლიური ცნობა, მაგრამ ამ ცნობას თავიანთ გულებზე მოქმედების საშუალებას არ აძლევენ. როდესაც წინააღმდეგობა იქმნება ან, როდესაც ბიბლიური რჩევების გამოყენება უჭირთ, ისინი „განდგებიან“ ფესვების უქონლობის გამო (ლუკა 8:13). იგავში მოხსენიებული არიან ისეთებიც, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ „ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი“ სძლევენ. ბოლოს კი, ეკლებში ამოსული მცენარის მსგავსად, მათაც ‘აშთობთ’ ყოველივე ეს (ლუკა 8:14).
10, 11. ა) ვინ არის წარმოდგენილი კარგ ნიადაგად? ბ) რა უნდა ვქნათ ჩვენს გულებში ღვთის სიტყვის ‘დასაცავად’?
10 და ბოლოს, იგავში ლაპარაკია თესლზე, რომელიც კარგ ნიადაგზე ეცემა. ეს მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც „კეთილი და წრფელი გულით“ ღებულობენ სამეფოს შესახებ ცნობას. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ ამ კატეგორიის თესლს მივეკუთვნებოდეთ. მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ღვთის თვალსაზრისს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა ჩვენსას (იგავნი 17:3; 1 კორინთელთა 4:4, 5). მის სიტყვაში ნათქვამია, რომ ჩვენი გულის ‘სიკეთესა და სიწრფელეს’ ადასტურებს საქმეები, რომლებსაც დღეიდან მოყოლებული სიკვდილამდე ან იმ დრომდე გავაკეთებთ, სანამ ღმერთი არ მოსპობს თანამედროვე ბოროტ სისტემას. შესანიშნავია, თუ სამეფოს შესახებ ცნობას თავიდანვე დადებითად გამოვეხმაურეთ, მაგრამ კეთილი და კარგი გულის მქონენი არა მარტო ღებულობენ ღვთის სიტყვას, არამედ „იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“ (ლუკა 8:15).
11 ღვთის სიტყვის გულებში დაცვის ერთადერთი საიმედო გზა მისი კითხვა და შესწავლაა; ეს კი როგორც პირადად, ისე თანამორწმუნეებთან ერთად უნდა გავაკეთოთ. ამაში შედის იესოს ჭეშმარიტი მიმდევრების სულიერ ინტერესებზე მზრუნველობის გასაწევად დანიშნული არხის საშუალებით მოწოდებული სულიერი საზრდოდან სრული სარგებლობის მიღება (მათე 24:45—47). ამგვარად მათ, ვინც ღვთის სიტყვას იცავს, სიყვარული აღძრავს ‘მოთმინებით გამოიღონ ნაყოფი’.
12. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ მოთმინებით?
12 რა ნაყოფს იძლევა კარგი ნიადაგი? ჩვეულებრივ, თესლიდან მცენარე აღმოცენდება. ის იზრდება და იძლევა ნაყოფს, რომელიც თავისივე სახეობის თესლს შეიცავს. ეს თესლი შეიძლება მიმოიფანტოს და ბევრი ნაყოფი გამოიღოს. მსგავსად ამისა, კეთილი და წრფელი გულის ადამიანებში ჩათესილი სიტყვა მათში იზრდება და სულიერი პროგრესი იქამდე აღწევს, რომ ისინი უკვე თვითონ იწყებენ სხვების გულში ამ თესლის ჩათესვას (მათე 28:19, 20). მათი საქმე მოთმინებით გამოირჩევა. იესომ გვიჩვენა, რომ თესვის დროს მნიშვნელოვანია ამ თვისების გამოვლენა. „ბოლომდის დამთმენი გადარჩება. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ — თქვა ჩვენმა უფალმა (მათე 24:13, 14).
‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღება’
13. რაზე ლოცულობდა პავლე და რა კავშირია ნაყოფის გამოღებასა და ღვთის სიტყვიდან მიღებულ შემეცნებას შორის?
13 მოციქული პავლეც საუბრობდა ნაყოფის გამოღების აუცილებლობაზე და ის ღვთის სიტყვის შემეცნებას დაუკავშირა; ის ლოცულობდა, რომ თანამორწმუნეები ‘აღვსებულიყვნენ მისი [ღვთის] ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით’ (კოლასელთა 1:9, 10; ფილიპელთა 1:9—11).
14—16. პავლეს ლოცვის თანახმად, რა ნაყოფები გამოაქვს ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს?
14 ამრიგად, ამ სიტყვებით პავლე ცხადყოფს, რომ ბიბლიური შემეცნების ათვისებით ყველაფერი არ მთავრდება. ღვთის სიტყვისადმი სიყვარული აღგვძრავს, ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით უფლის [იეჰოვას] ღირსად მოვიქცეთ’. რომელ კეთილ საქმეზეა აქ საუბარი? ამ უკანასკნელ დღეებში ქრისტიანების ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაა (მარკოზი 13:10). გარდა ამისა, ღვთის სიტყვის მოყვარულები, შესაძლებლობის ფარგლებში, ამ საქმიანობას ფინანსურადაც რეგულარულად და სიამოვნებით უჭერენ მხარს, რადგან იციან, რომ „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). მათი შესაწირავები ხმარდება ასზე მეტი ბეთელის სახლის შენახვას, საიდანაც ხდება სამეფოს შესახებ ქადაგების ხელმძღვანელობა და ზოგიერთ მათგანში ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის ბეჭვდაც კი. ეს შესაწირავები დიდი კონგრესების ხარჯებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების, მისიონერებისა და სხვა სრული დროით მქადაგებლების ხარჯების დასაფარავადაც გამოიყენება.
15 კეთილ საქმეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრების აშენება და უკვე აშენებულებზე ზრუნვაც შედის. ბიბლიის სიყვარული ღვთის თაყვანისმცემლებს აღძრავს, უყურადღებოდ არ დარჩეთ საკონგრესო და სამეფო დარბაზები (შეადარეთ ნეემია 10:39). რადგან ასეთ შენობების აბრებზე ღვთის სახელი გვხვდება, ძალზე მნიშვნელოვანია ისინი შიგნითაც და გარეთაც სუფთა და მიმზიდველი იყოს. აგრეთვე იქ თაყვანსაცემად მისულთა საქციელიც სათანადო უნდა იყოს (2 კორინთელთა 6:3). ზოგ ქრისტიანს მეტის გაკეთების უნარი აქვს. ღვთის სიტყვისადმი სიყვარული მათ მშობლიური ადგილებიდან საკმაოდ მოშორებით გამგზავრებისკენ აღძრავს, რათა ძმებს დაეხმარონ მსოფლიოს იმ მრავალ კუთხეში მიმდინარე მშენებლობებზე, სადაც სიღარიბის ან ხელობის უცოდინრობის გამო თავიანთი ძალებით ვერ აგებენ თაყვანისმცემლობის ადგილებს (2 კორინთელთა 8:14).
16 ‘ყველა კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღება’ ოჯახზე ზრუნვასა და თანაქრისტიანების მიმართ ყურადღებიანობასაც ნიშნავს. ღვთის სიტყვის სიყვარული გაჭირვებულ ‘რწმენით ჩვენიანთა’ მიმართ გულისხმიერებისა და ‘საკუთარი ოჯახის წევრებისადმი პატივისცემის’ გამოვლენისკენ აღძრავს (გალატელთა 6:10; 1 ტიმოთე 5:4, 8). ამ მხრივ, კარგი იქნებოდა ავადმყოფების მონახულება და დამწუხრებულებისთვის ნუგეშისცემა. რა შესანიშნავ საქმეს ასრულებენ კრების უხუცესები და საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტები, რომლებიც ადამიანებს სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციებში ეხმარებიან (საქმეები 15:29). გარდა ამისა, დღეს უფრო და უფრო იზრდება უბედურებათა რიცხვი, ზოგი მათგანი სტიქიის ბრალია, ზოგის მიზეზი კი თავად ადამიანები არიან. ღვთის სულის დახმარებით იეჰოვას მოწმეები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცნობილი არიან იმით, რომ არაერთხელ გაუწიეს თანამორწმუნეებსა და უბედურების სხვა მსხვერპლთ სასწრაფო დახმარება. ყოველივე ეს ის კეთილი ნაყოფებია, რომლებიც ღვთის სიტყვის მოყვარულთ გამოაქვთ.
დიდებული მომავალი
17, 18. ა) რა სრულდება სამეფოს შესახებ ცნობის თესვით? ბ) რა გრანდიოზული მოვლენების თვითმხილველები გახდებიან მალე ღვთის სიტყვის მოყვარულები?
17 სამეფოს შესახებ ცნობის თესვას კაცობრიობისთვის ყოველთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ბოლო წლებში ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანის გულში იმდენად ღრმად იდგამს ფესვს ბიბლიური ცნობა, რომ ისინი თავინთ სიცოცხლეს იეჰოვას უძღვნიან და ამის ნიშნად წყალში ინათლებიან. რა დიდებული მომავალი ელით მათ!
18 ღვთის სიტყვის მოყვარულებმა იციან, რომ მალე იეჰოვა ღმერთი განადიდებს თავის სახელს. „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია, განადგურდება (გამოცხადება 18:2, 8). მაშინ იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, მოსპობს ყველას, ვინც უარყოფს იცხოვროს ღვთის სიტყვის თანახმად (ფსალმუნი 2:9—11; დანიელი 2:44). შემდეგ კი ღვთის სამეფოს წყალობით სამუდამოდ აღმოიფხვრება დამნაშავეობა, ომები და სხვა უბედურებები. უკვე საჭირო აღარ იქნება ნუგეშისცემა ტკივილის, ავადმყოფობისა თუ სიკვდილის გამო (გამოცხადება 21:3, 4).
19, 20. რა დიდებული მომავალი ელოდება ღვთის სიტყვის ჭეშმარიტ მოყვარულებს?
19 რა დიდებულ კეთილ საქმეებს გააკეთებენ მაშინ ღვთის სიტყვის მოყვარულები! არმაგედონგადატანილები მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევის სასიამოვნო დავალების შესრულებას შეუდგებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ აღმაფრთოვანებელ საქმიანობაში — იზრუნებენ იმ გარდაცვლილთა აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც ახლა სამარეში არიან, მაგრამ ღმერთს ახსოვს და მკვდრეთით აღდგომაში წილი ექნებათ (იოანე 5:28, 29). იმ დროს დედამიწის მცხოვრებლებს ზეციდან თავისი განდიდებული ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ღმერთი უხელმძღვანელებს. ‘გადაიშლება წიგნები’, რომლებშიც იეჰოვას მითითებები იქნება ჩაწერილი ახალი ქვეყნიერების მცხოვრებთათვის (გამოცხადება 20:12).
20 იეჰოვას მიერ დადგენილ დროს უკვე ყველა ერთგული ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს მიიღებს და ‘ქრისტეს თანამემკვიდრე’ გახდება (რომაელთა 8:17). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ღვთის სიტყვის მოყვარულები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ, გასრულყოფილდებიან როგორც გონებით, ისე სხეულით. საბოლოო გამოცდისას ერთგულების დამტკიცების შემდეგ ისინი მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებიან და ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ დატკბებიან (რომაელთა 8:21; გამოცხადება 20:1—3, 7—10). რა შესანიშნავი იქნება ყოველივე ეს! ნამდვილად, ზეციური ცხოვრების იმედი გვაქვს თუ მიწიერი, ღვთის სიტყვისადმი ჭეშმარიტი სიყვარული და ღვთიური სიბრძნის თანახმად ცხოვრება დაგვიცავს. ხოლო მომავალში ‘პატივს შეგვმატებს, თუ გულში ჩავიკრავთ’ მას (იგავნი 4:6, 8).
შეგიძლიათ განმარტოთ?
◻ როგორ გვიცავს ღვთის სიტყვისადმი სიყვარული?
◻ რა არის იესოს იგავში მოხსენიებული თესლი და სად ითესება ის?
◻ როგორ შეიძლება ‘კარგი ნიადაგი’ აღმოვჩნდეთ?
◻ როგორი მომავალი ელით ღვთის სიტყვის მოყვარულებს?
[სურათი 16 გვერდზე]
იესოს იგავში მოხსენიებული თესლი ღვთის სიტყვაში გადმოცემული კეთილი ცნობაა.
[საავტორო უფლება]
Garo Nalbandian
[სურათი 17 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები დიდებულ მთესველს ბაძავენ.
[სურათები 18 გვერდზე]
არმაგედონგადატანილები დედამიწის ნაყოფებით დატკბებიან.