-
„სულის ნაყოფი“ განადიდებს ღმერთსსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
-
-
„სულის ნაყოფი“ განადიდებს ღმერთს
„მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“ (იოან. 15:8).
1, 2. ა) სხვების გამხნევების რა შესაძლებლობები გვაქვს? ბ) რა მოგვცა იეჰოვამ იმისათვის, რომ მისადმი მსახურების უნარი განვივითაროთ?
განვიხილოთ ორი შემთხვევა. ერთმა ქრისტიანმა ქალმა შეამჩნია, რომ ახალგაზრდა დას რაღაც აწუხებდა და მსახურება დაუნიშნა. კარდაკარ ქადაგებისას ამ ახალგაზრდა დამ მას თავისი სადარდებელი გაუზიარა. დღის ბოლოს მან იეჰოვას ლოცვაში მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოწიფულმა დამ მისადმი ინტერესი გამოავლინა; მას სწორედ ეს სჭირდებოდა. სხვაგან ერთი წყვილი უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგებიდან დაბრუნდა. ისინი აღფრთოვანებით მოუყვნენ თანაქრისტიანებს მსახურების შემთხვევებს. ერთი ახალგაზრდა ძმა უსიტყვოდ ისმენდა მათ მონათხრობს. წლების შემდეგ ეს ძმა თავად დანიშნეს უცხო ქვეყანაში. როცა იქ წასასვლელად ემზადებოდა, მას გაახსენდა იმ წყვილის საუბარი, რამაც მისიონერად მსახურების სურვილი აღუძრა.
2 შეიძლება ამ შემთხვევებმა გაგახსენათ ის, ვინც თქვენს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა მოახდინა. რასაკვირველია, მხოლოდ ერთი საუბარი იშვიათად ცვლის ვინმეს ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ ყოველდღე გვაქვს შესაძლებლობა, გავამხნევოთ და გავაძლიეროთ სხვები. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც დაგეხმარათ, განგევითარებინათ თქვენი უნარი და დაგეხვეწათ თვისებები. შედეგად მეტის გაკეთება შეძელით, როგორც ძმებისთვის, ისე ღვთისთვის. ეს ხომ შესანიშნავია! სინამდვილეში, იეჰოვა გვაძლევს ასეთ საჩუქარს — თავის წმინდა სულს (ლუკ. 11:13). ღვთის სულის გავლენით ვივითარებთ ძვირფას თვისებებს, რომლებიც მსახურების ნებისმიერ სფეროში უფრო გამოსადეგს გვხდის. რა დიდებული ძღვენია! (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23 ).
3. ა) როგორ მოაქვს ღვთისთვის დიდება სულის ნაყოფის განვითარებას? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?
3 თვისებები, რომლებიც წმინდა სულის ნაყოფია, ამ სულის წყაროს, იეჰოვა ღმერთის, პიროვნული თვისებების ანარეკლია (კოლ. 3:9, 10). იესომ მოიყვანა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები უნდა ეცადონ, მიჰბაძონ ღმერთს. მან მოციქულებს უთხრა: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“a (იოან. 15:8). თუ „წმინდა სულის ნაყოფს“ ვივითარებთ, ეს ჩვენს საუბრებსა და საქმეებში თვალნათლივ გამოჩნდება, რასაც ღვთისთვის დიდება მოაქვს (მათ. 5:16). რა მხრივ განსხვავდება სულის ნაყოფი სატანის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი თვისებებისგან? როგორ შეგვიძლია სულის ნაყოფის განვითარება? რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ეს? ამ საკითხებს განვიხილავთ ამავე სტატიაში, როდესაც წმინდა სულის ნაყოფის სამ ნაწილს — სიყვარულს, სიხარულსა და მშვიდობას — შევეხებით.
ღვთიურ პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული
4. იესოს მითითების თანახმად, როგორი სიყვარული უნდა გამოევლინათ მის მიმდევრებს?
4 რა მნიშვნელოვანი სხვაობაა წმინდა სულის გავლენით განვითარებულ სიყვარულსა და ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ სიყვარულს შორის? წმინდა სულის გავლენით განვითარებული სიყვარული ღვთიურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ამ განსხვავებას ხაზი იესომ მთაზე ქადაგებისას გაუსვა (წაიკითხეთ მათეს 5:43—48 ). მან აღნიშნა, რომ ცოდვილებსაც კი უყვართ თავიანთი მოყვარულები და სხვებს ისე ექცევიან, როგორც ისინი ექცევიან მათ. ასეთი სიყვარული ნამდვილად არ არის თავგანწირული სიყვარული, რადგან ეს მხოლოდ სიკეთეზე სიკეთით პასუხია. ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ მათგან, თუ გვსურს ვიყოთ ჩვენი „ზეციერი მამის შვილები“. ნაცვლად იმისა, რომ სხვებს ისე ვექცეოდეთ, როგორც თვითონ გვექცევიან, ჩვენ ისე უნდა ვუყურებდეთ და ვექცეოდეთ მათ, როგორც იეჰოვა უყურებს და ექცევა. მაგრამ, როგორ არის შესაძლებელი, იესოს მითითებისამებრ, გვიყვარდეს ჩვენი მტრები?
5. როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა მათ მიმართ, ვინც გვდევნის?
5 განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი. ფილიპეში ქადაგებისას პავლე და სილა დააპატიმრეს, სასტიკად სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ფეხებზე ხუნდები დაადეს. ამ დროს, შეიძლება, ციხის ზედამხედველიც უხეშად ეპყრობოდა მათ. მოულოდნელად, მიწისძვრის შედეგად პატიმრებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გამოსულიყვნენ საპყრობილიდან. გაუხარდათ პავლესა და სილას, რომ ამით ციხის ზედამხედველზე შურისძიების საშუალება მიეცათ? არა. ისინი მის კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ. თავგანწირული სიყვარულით აღძრულმა პავლემ და სილამ დაუყოვნებლივ დაამშვიდეს ის. სწორედ ამ სიყვარულის გამოვლენამ მისცა საშუალება ციხის ზედამხედველსა და მის მთელ ოჯახს, მორწმუნეები გამხდარიყვნენ (საქ. 16:19—34). მრავალი ჩვენი ძმა ავლენს მსგავს სულისკვეთებას და მიჰყვება ბიბლიურ რჩევას: „ლოცეთ თქვენი მდევნელები“ (რომ. 12:14).
6. როგორ შეგვიძლია თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა ჩვენი და-ძმების მიმართ? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე).
6 მორწმუნეებისადმი ჩვენი სიყვარული მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. „ვალდებულნი ვართ, ჩვენი სულები გავწიროთ ძმებისთვის“ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:16—18 ). მაგრამ უფრო ხშირად, სიყვარულის გამოვლენისთვის თავის გაწირვა არ არის საჭირო. მაგალითად, თუ ისეთი რამე ვთქვით ან გავაკეთეთ, რომ ძმას ვაწყენინეთ, სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა, თუ ინიციატივას გამოვავლენდით მშვიდობის აღსადგენად (მათ. 5:23, 24). მაგრამ, თუ ჩვენ გვაწყენინეს? მზად ვართ, ვაპატიოთ? თუ წყენის გულში ჩატოვება გვჩვევია? (ფსალმ. 86:5). წმინდა სულის გავლენით განვითარებული გულითადი სიყვარული დაგვეხმარება, ყურადღება არ გავამახვილოთ უმნიშვნელო შეცდომებზე და მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს, „როგორც იეჰოვამ გვაპატია მთელი გულით“ (კოლ. 3:13, 14; 1 პეტ. 4:8).
7, 8. ა) რა გავლენას ახდენს ღვთისადმი სიყვარული ადამიანებისადმი ჩვენს სიყვარულზე? ბ) როგორ შეგვიძლია გავიღრმავოთ იეჰოვასადმი სიყვარული? (იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი).
7 როგორ განვივითაროთ თავგანწირული სიყვარული ჩვენი ძმებისადმი? ღვთისადმი სიყვარულის გაღრმავებით (ეფეს. 5:1, 2; 1 იოან. 4:9—11, 20, 21). იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, ანუ ბიბლიის კითხვა, წაკითხულზე ფიქრი და ლოცვა, დაგვეხმარება გამოვკვებოთ ჩვენი გული და გავიღრმავოთ ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარული. მაგრამ იეჰოვასთან დასაახლოებლად დროის გამოსყიდვაა საჭირო.
8 მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ, ბიბლიის კითხვა, წაკითხულზე ფიქრი და ლოცვა ყოველდღიურად მხოლოდ განსაზღვრულ დროს შეგიძლიათ. განა ვინმეს ან რამეს დართავდით ნებას, რომ იეჰოვასთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი ეს დრო წაერთმია? რა თქმა უნდა, ვერავინ შეგვიშლის ხელს, რომ ლოცვით მივმართოთ ღმერთს და უმეტესობა ჩვენგანს ბიბლიის კითხვა ნებისმიერ დროს შეუძლია. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიურმა საქმეებმა არ წაგვართვას ღმერთთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი დრო. ყოველდღიურად მაქსიმალურად გამოყოფთ დროს იეჰოვასთან დასაახლოებლად?
„წმინდა სულის სიხარული“
9. რა არის სულის ნაყოფის, სიხარულის, მნიშვნელოვანი თავისებურება?
9 სულის ნაყოფის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მასზე სირთულეები გავლენას ვერ ახდენს. ამის მაგალითია სულის ნაყოფის მეორე ნაწილი — სიხარული. ის შეიძლება შევადაროთ მცენარეს, რომელიც არახელსაყრელ პირობებშიც კი კარგად ხარობს. მთელ მსოფლიოში ღვთის მრავალმა მსახურმა „დიდ გასაჭირში მიიღო სიტყვა წმინდა სულის სიხარულით“ (1 თეს. 1:6). სხვები სირთულეებსა და სიდუხჭირეს იტანენ. მაგრამ იეჰოვა თავისი სულის დახმარებით მათ ძალას აძლევს, „რათა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყონ სიხარულით“ (კოლ. 1:11). საიდან აქვთ მათ ეს სიხარული?
10. საიდან გვაქვს სიხარული?
10 სატანის ქვეყნიერების „არასაიმედო სიმდიდრისგან“ განსხვავებით, იეჰოვასგან მიღებული სულიერი სიმდიდრე ღირებულებას არასდროს კარგავს (1 ტიმ. 6:17; მათ. 6:19, 20). ღმერთი გვპირდება უსასრულო მომავალს და ეს გულებს სიხარულით გვივსებს. სიხარულს გვანიჭებს ისიც, რომ მსოფლიო ქრისტიანული საძმოს ნაწილი ვართ. უფრო მეტიც, ჩვენი სიხარული იეჰოვასთან ურთიერთობაზეა დაფუძნებული. ჩვენც ვიზიარებთ მეფე დავითის გრძნობებს, რომელიც დევნილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იეჰოვას ხოტბას ასხამდა: „შენი სიკეთე სიცოცხლეს სჯობია, ჩემი ბაგეებით შეგაქებ. მთელი სიცოცხლე გაკურთხებ“ (ფსალმ. 63:3, 4). მაშინაც კი, როცა სირთულეები გასაქანს არ გვაძლევს, იეჰოვას განდიდება გულებს სიხარულით გვივსებს.
11. რატომ არის მნიშვნელოვანი, სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას?
11 მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფილ. 4:4). რატომ არის ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვას სიხარულით ემსახურონ? იმიტომ რომ, ეს ეხება საკითხს, რომელიც სატანამ იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებით წამოჭრა. სატანის სიტყვების თანახმად, არავინ ემსახურებოდა ღმერთს მთელი გულით (იობ. 1:9—11). თუ იეჰოვას იმიტომ ვემსახურებით, რომ ვალდებულნი ვართ, და ამას სიხარულის გარეშე ვაკეთებთ, ჩვენი ქების მსხვერპლი სრული არ იქნება. ამიტომ ყურად უნდა ვიღოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას. მხიარული ყიჟინით მიდით მის წინაშე“ (ფსალმ. 100:2). მთელი გულით და სიხარულით მსახურება განადიდებს ღმერთს.
12, 13. როგორ დავძლიოთ უარყოფითი გრძნობები?
12 უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც უტყდებათ გული და უჭირთ დადებითი განწყობის შენარჩუნება (ფილ. 2:25—30). რა დაგვეხმარება ასეთ დროს? ეფესოელების 5:18, 19-ში ნათქვამია: „სულით ივსებოდეთ, ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის საქებარი სიტყვებითა და სულიერი სიმღერებით. გულში უმღერეთ იეჰოვას, განადიდეთ“. როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გათვალისწინება?
13 როდესაც უარყოფითი ფიქრები მოსვენებას გვიკარგავს, არ უნდა დავკარგოთ იეჰოვასადმი მხურვალე ლოცვით მიმართვის სურვილი და მაქსიმალურად ვეცადოთ, ვიფიქროთ იმაზე, რაც საქებარია (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6—9 ). ზოგს დადებით განწყობას უქმნის სამეფო მელოდიების მოსმენა და ღიღინი. ერთი ძმა, რომელსაც მძიმე განსაცდელის გამო არაერთხელ უგვრძნია გულგატეხილობა და იმედგაცრუება, იხსენებს: «გარდა იმისა, რომ რეგულარულად და მხურვალედ ვლოცულობდი, სამეფოს რამდენიმე სიმღერაც ვისწავლე ზეპირად. იეჰოვას განმადიდებელ ამ ლამაზ სიმღერებს ხან ხმამაღლა ვმღეროდი, ხან — გულში, რაც სულის სიმშვიდეს მანიჭებდა. ამ დროისთვის გამოიცა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, რომელიც მომდევნო წელს ორჯერ წავიკითხე. ის მალამოდ დაედო ჩემს გულს. ვიცი, იეჰოვამ აკურთხა ჩემი ძალისხმევა».
„მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირი“
14. განსაკუთრებით, რით გამოირჩევა მშვიდობა, რომელიც წმინდა სულის ნაყოფია?
14 საერთაშორისო კონგრესებზე სხვადასხვა წარმოშობის დელეგატებს გულს უთბობთ ქრისტიანული საძმოს სიყვარული. ასეთი შეხვედრები აშკარად ცხადყოფს ღვთის დღევანდელ მსახურთა შორის არსებულ მშვიდობას — ჩვენს ერთიანობას. გარეშეები ხშირად გაოცებულნი რჩებიან, როცა ხედავენ, რომ ხალხი, რომლებიც მათი აზრით, ერთმანეთის მტრები უნდა ყოფილიყვნენ, გულმოდგინედ იცავენ „სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:3). ეს ერთიანობა მართლაც რომ განსაკუთრებულია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რის გადალახვაც მრავალს მოუწია.
15, 16. ა) რა გარემოში აღიზარდა პეტრე და ამის გამო, რა სირთულის წინაშე აღმოჩნდა ის? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვა პეტრეს თვალსაზრისის შეცვლაში?
15 სხვადასხვა წარმოშობის ადამიანთა გაერთიანება ადვილი არ არის. გადავინაცვლოთ პირველ საუკუნეში და განვიხილოთ მოციქულ პეტრეს მაგალითი იმის გასაგებად, თუ რა უნდა დავძლიოთ ერთიანობის მისაღწევად. წინადაუცვეთელ უცხოტომელთა მიმართ პეტრეს დამოკიდებულება აშკარად ჩანს მისი სიტყვებიდან: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უკრძალავს უცხოტომელთან მისვლასა და ურთიერთობას, მაგრამ ღმერთმა მაჩვენა, რომ არავის ვუწოდო ბილწი ან უწმინდური“ (საქ. 10:24—29; 11:1—3). როგორც ჩანს, პეტრე აღიზარდა გარემოში, სადაც იმ დროს გავრცელებული თვალსაზრისის შესაბამისად, კანონის თანახმად, იუდეველებს მხოლოდ იუდეველები უნდა ჰყვარებოდათ. ერთი შეხედვით, შეიძლება სრულიად ნორმალურად ჩათვლილიყო, რომ უცხოტომელები პეტრესთვის საძულველი მტრები ყოფილიყვნენ.b
16 წარმოიდგინეთ, როგორ უხერხულად იგრძნობდა თავს პეტრე, როდესაც კორნელიუსის სახლში შევიდოდა. შეეძლო კაცს, რომელსაც უარყოფითი თვალსაზრისი ჰქონდა უცხოტომელებზე, ოდესმე გამხდარიყო მათთან „მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით . . . თანაზომიერად შეერთებული“? (ეფეს. 4:3, 16). რამდენიმე დღით ადრე ღვთის სულმა იმოქმედა პეტრეს გულზე და უცხოტომელების მიმართ დამოკიდებულება და წინასწარ შექმნილი აზრი შეაცვლევინა. იეჰოვა ღმერთმა ხილვის საშუალებით პეტრეს აჩვენა, რომ ადამიანისადმი მის დამოკიდებულებას ეროვნება და კანის ფერი არ განსაზღვრავს (საქ. 10:10—15). ამგვარად, პეტრეს შეეძლო კორნელიუსისთვის ეთქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). პეტრე შეიცვალა და ის ნამდვილად გახდა „მთელი საძმოს“ ნაწილი (1 პეტ. 2:17).
17. რით არის ღვთის ხალხს შორის არსებული მშვიდობა განსაკუთრებული?
17 პეტრეს შემთხვევა გვეხმარება, გავიგოთ, თუ რა მნიშვნელოვანი გარდაქმნა ხდება დღეს ღვთის ხალხს შორის (წაიკითხეთ ესაიას 2:3, 4 ). მილიონობით ადამიანმა „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ შეიცვალა აზროვნება და შეუსაბამა „ღვთის ნებას — კარგს, მოსაწონსა და სრულყოფილს“ (გამოცხ. 7:9; რომ. 12:2). მრავალი მათგანი ერთ დროს ჩაფლული იყო სატანის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ სიძულვილში, მტრობასა და უთანხმოებებში. მაგრამ ღვთის სიტყვის შესწავლითა და წმინდა სულის დახმარებით მათ ისწავლეს იმისკენ სწრაფვა, „რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომ. 14:19). ასეთი ერთიანობა კი განადიდებს ღმერთს.
18, 19. ა) როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წვლილი შეიტანოს კრების მშვიდობასა და ერთიანობაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წვლილი შეიტანოს ღვთის ხალხს შორის არსებულ მშვიდობასა და ერთიანობაში? მრავალ კრებაში არიან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაუწყებლები. ზოგს შეიძლება განსხვავებული კულტურა აქვს და ჩვენს ენაზე გამართულად ვერ ლაპარაკობს. ვცდილობთ მათ გაცნობას? ამას გვირჩევს ღვთის სიტყვა. პავლემ რომის კრებას, რომელშიც იუდეველებიც იყვნენ და უცხოტომელებიც, მისწერა: „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად, ღვთის სადიდებლად“ (რომ. 15:7). არის თქვენს კრებაში ვინმე, ვისი გაცნობაც უკეთესად შეგიძლიათ?
19 კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რათა წმინდა სულმა ჩვენს ცხოვრებაზე იმოქმედოს? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ. ამასთანავე, შევეხებით სულის ნაყოფის სხვა ნაწილებსაც.
[სქოლიოები]
a იესოს მიერ მოხსენიებულ ნაყოფში შედის, როგორც „სულის ნაყოფი“, ისე „ბაგეთა ნაყოფი“, რომელსაც ქრისტიანები ღმერთს სამეფოს შესახებ ქადაგებით სწირავენ (ებრ. 13:15).
b ლევიანების 19:18-ში ნათქვამია: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“. იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები თვლიდნენ, რომ „შენი ხალხის ძეებსა“ და „მოძმეში“ მხოლოდ იუდეველები იგულისხმებოდა. კანონის თანახმად, ისრაელები სხვა ერებისგან გამოყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ კანონი მხარს არ უჭერდა პირველი საუკუნის რელიგიურ წინამძღოლთა თვალსაზრისს, კერძოდ იმას, რომ ყველა არაიუდეველი მტერი იყო და უნდა სძულებოდათ.
-
-
მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
-
-
მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?
„კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი სიმართლის ქვეყანაში“ (ფსალმ. 143:10).
1, 2. ა) ჩამოთვალე შემთხვევები, როდესაც იეჰოვამ თავისი მსახურების სასარგებლოდ წმინდა სული გამოიყენა. ბ) მოქმედებს წმინდა სული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში? ახსენით.
რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როდესაც წმინდა სულის მოქმედებაზე ფიქრობთ? გედეონისა და სამსონის ძლევამოსილი საქმეები ხომ არა? (მსაჯ. 6:33, 34; 15:14, 15). შეიძლება გახსენდებათ პირველი ქრისტიანების საოცარი გაბედულება ან სინედრიონის წინაშე მდგარი სტეფანეს სიმშვიდე (საქ. 4:31; 6:15). წმინდა სულის ზემოქმედებაზე მეტყველებს აგრეთვე სიხარული, რომელიც საერთაშორისო კონგრესებზე სუფევს, და იმ ძმათა სიმტკიცე, რომლებიც თავიანთი ნეიტრალური პოზიციის გამო დაპატიმრებული არიან. ამაზე მეტყველებს სამქადაგებლო საქმიანობაც, რომელმაც წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია.
2 მოქმედებს წმინდა სული მხოლოდ განსაკუთრებული ან უჩვეულო შემთხვევების დროს? არა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ქრისტიანები სულით დადიან, სულით ცოცხლობენ და მათ სული მიუძღვით (გალ. 5:16, 18, 25). ეს გამოთქმები ცხადყოფს, რომ წმინდა სულს ყოველთვის შეუძლია იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე. ყოველდღე უნდა ვევედროთ იეჰოვას, წმინდა სულის საშუალებით უხელმძღვანელოს ჩვენს აზროვნებას, მეტყველებასა და მოქმედებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 143:10 ). ღვთის სული, რომელსაც საშუალებას მივცემთ, იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენში გამოიღებს ნაყოფს, რომელიც გამომაცოცხლებელი იქნება სხვებისთვის და დიდებას მოუტანს ღმერთს.
3. ა) რატომ უნდა მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
3 რატომ არის მნიშვნელოვანი, მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას? იმიტომ, რომ არსებობს სხვა ძალაც, რომელიც ჩვენზე გაბატონებას ცდილობს, ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება წმინდა სულის მოქმედებას. ამ ძალას ბიბლია „ხორცს“ უწოდებს; მასში იგულისხმება ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მიდრეკილებები, ანუ ჩვენი არასრულყოფილება (წაიკითხეთ გალატელების 5:17 ). მაშ, რა იგულისხმება ღვთის სულის ხელმძღვანელობის მიყოლაში? რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, განვიხილოთ „სულის ნაყოფის“ ექვსი დარჩენილი ნაწილი: „სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23).
რბილი ხასიათი და სულგრძელობა კრებაში მშვიდობას უწყობს ხელს
4. როგორ უწყობს ხელს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას რბილი ხასიათი და სულგრძელობა?
4 წაიკითხეთ კოლოსელების 3:12, 13. როგორც რბილი ხასიათი, ისე სულგრძელობა ხელს უწყობს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას. ეს ორი თვისება გვეხმარება მხედველობაში მივიღოთ სხვების გრძნობები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე რთულ სიტუაციაში და არ ვიძიოთ შური, როცა ჩვენზე ცუდად ლაპარაკობენ ან ცუდად გვეპყრობიან. როდესაც თანაქრისტიანთან უთანხმოება გვაქვს, სულგრძელობა, ანუ მოთმინება, დაგვეხმარება ხელი კი არ ჩავიქნიოთ ძმაზე ან დაზე, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ნამდვილად საჭიროა კრებაში რბილი ხასიათი და სულგრძელობა? დიახ, რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ.
5. რა მოხდა პავლესა და ბარნაბას შორის და რაში გვარწმუნებს ეს?
5 განვიხილოთ, რა მოხდა პავლესა და ბარნაბას შორის. წლების განმავლობაში ისინი მხარდამხარ მსახურობდნენ და სასიხარულო ცნობას ქადაგებდნენ. პავლეც და ბარნაბაც კარგი თვისებებით გამოირჩეოდნენ. მაგრამ, ერთხელ „ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“ (საქ. 15:36—39). ეს შემთხვევა გვარწმუნებს, რომ დროდადრო ღვთის ერთგულ მსახურებს შორისაც კი შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება. რის გაკეთება შეიძლება ამ დროს, რათა მდგომარეობა ისე არ გართულდეს, რომ შემდეგ მიყენებული ჭრილობის მოშუშებას დიდი დრო დასჭირდეს?
6, 7. ა) რომელი ბიბლიური რჩევა უნდა გავითვალისწინოთ, რათა თანამორწმუნესთან საუბარი ცხარე კამათში არ გადაიზარდოს? ბ) რა სარგებლობა მოაქვს იაკობის 1:19-ში მოცემული რჩევის გათვალისწინებას?
6 სიტყვა „გაცეცხლდნენ“ იმაზე მიუთითებს, რომ იმ მომენტში პავლე და ბარნაბა ძალიან გაბრაზდნენ. თუ ქრისტიანი ატყობს, რომ თანაქრისტიანთან საუბრისას ურთიერთობა იძაბება, გონივრული იქნებოდა იაკობის 1:19, 20-ში მოცემული რჩევის გათვალისწინება, სადაც ნათქვამია: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში, რადგან კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“. მდგომარეობის შესაბამისად, ქრისტიანმა შეიძლება შეცვალოს საუბრის თემა, საუბარი სამომავლოდ გადადოს ან უბრალოდ გაეცალოს იქაურობას, სანამ საუბარი ცხარე კამათში გადაიზრდება (იგავ. 12:16; 17:14; 29:11).
7 რა სარგებლობა მოაქვს ამ რჩევის გათვალისწინებას? სიტყვასა და რისხვაში ნელი ადამიანი ცდილობს, დამშვიდდეს, ღმერთს ლოცვით მიმართავს და კარგად აწონ-დაწონის, რა თქვას. ამგვარად ის ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება (იგავ. 15:1, 28). ამ სულის ზემოქმედებით ის გამოავლენს რბილ ხასიათსა და სულგრძელობას, რაც საშუალებას მისცემს, ყურად იღოს ეფესოელების 4:26, 29-ში ჩაწერილი რჩევა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ . . . ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“. მართლაც, როდესაც რბილი ხასიათითა და სულგრძელობით ვიმოსებით, კრების მშვიდობასა და ერთიანობას ვუწყობთ ხელს.
სიკეთე და ყოველივე კარგი — თვისებები, რომლებიც გამომაცოცხლებელია ოჯახისთვის
8, 9. რა არის სიკეთე და ყოველივე კარგი, და რა გავლენას ახდენს ეს თვისებები ოჯახურ ატმოსფეროზე?
8 წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32; 5:8, 9. სიკეთე და ყოველივე კარგი ისეთივე გამომაცოცხლებელია, როგორც გრილი სიო და წყაროს წყალი ცხელ დღეს. ამ თვისებების გამოვლენა ოჯახში თბილი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. სიკეთეს, ამ მიმზიდველ თვისებას, ადამიანი სიტყვითა თუ საქმით მაშინ ავლენს, როდესაც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვების კეთილდღეობით. სიკეთის მსგავსად, ყოველივე კარგიც დადებითი თვისებაა, და ისიც სხვების სასარგებლოდ გაკეთებულ საქმეებში ვლინდება. მას ხელგაშლილობაც ახასიათებს (საქ. 9:36, 39; 16:14, 15). მაგრამ ეს თვისება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
9 ყოველივე კარგში ზნეობრივი სიწმინდე იგულისხმება. მასში შედის არა მარტო ჩვენი საქმეები, არამედ ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია — ჩვენი შინაგანი პიროვნება. წარმოიდგინეთ დიასახლისი, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ხილს ჭრის. ის თითოეულ ნაჭერს აკვირდება — არის თუ არა მწიფე და ტკბილი, და საღი შიგნით თუ გარეთ. მსგავსად ამისა, ყოველივე კარგი არის წმინდა სულის ნაყოფი, რომელიც ქრისტიანის ცხოვრებაში ყველაფერზე ახდენს გავლენას.
10. რის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა განივითარონ სულის ნაყოფი?
10 რა დაეხმარებათ ქრისტიანული ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ ამ თვისებების, სიკეთისა და ყოველივე კარგის, გამოვლენაში? მნიშვნელოვან როლს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა ასრულებს (კოლ. 3:9, 10). ზოგიერთმა ოჯახის თავმა დაგეგმა, რომ სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები ყოველკვირეული ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე შეესწავლათ. ამის გაკეთება არც ისე რთულია. კვლევისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი ლიტერატურა. მოძებნეთ მასალა სულის ნაყოფის თითოეულ ნაწილის შესახებ. ყოველკვირეულად შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე აბზაცი განიხილოთ და თითოეული ნაწილის შესწავლას რამდენიმე კვირა დაუთმოთ. შესწავლისას, წაიკითხეთ და იმსჯელეთ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც მითითებულია, მაგრამ ციტირებული არ არის. ეცადეთ, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ და იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, რომ აკურთხოს თქვენი ძალისხმევა (1 ტიმ. 4:15; 1 იოან. 5:14, 15). ახდენს გავლენას ასეთი შესწავლა ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე?
11, 12. რა დადებითი გავლენა იქონია ორ ოჯახზე სულის ნაყოფის, სიკეთის, გამოკვლევამ?
11 ერთმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, რომელთაც სურდათ ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ, გადაწყვიტა საფუძვლიანად გამოეკვლია და შეესწავლა სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები. რა დადებითი გავლენა იქონია ამან მათ ოჯახზე? აი, რას ამბობს ცოლი: «ჩვენ ვისწავლეთ სიკეთის გამოვლენა, რაშიც როგორც ერთგულება, ისე ერთმანეთის მხარდაჭერაც იგულისხმება. ამან კი ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობაზე. უფრო დამთმობები და მიმტევებლები გავხდით. ამის შემდეგ სიტყვები „მადლობა“ და „ბოდიში“ ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი რამ გახდა».
12 სხვა ქრისტიანი წყვილი, რომელთაც ოჯახური პრობლემები ჰქონდათ, მიხვდა, რომ ერთმანეთისადმი სიკეთეს არ ავლენდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს ეს საკითხი კარგად გამოეკვლიათ. რა ნაყოფი გამოიღო ამან? ქმარი ამბობს: „ამ შესწავლამ დაგვანახვა, რომ ცუდი მოტივების მიწერის ნაცვლად, ერთმანეთის კარგ თვისებებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ახლა ერთმანეთის საჭიროებებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ. ჩემი მხრიდან სიკეთის გამოვლენა იქნებოდა, თუ მეუღლეს საშუალებას მივცემდი, თავისუფლად გამოეხატა გრძნობები და მისი ნათქვამი არ მწყენოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სიამაყე გვერდზე უნდა გადამედო. როგორც კი ოჯახში სიკეთის გამოვლენა დავიწყეთ, ერთმანეთისგან თავდაცვის აუცილებლობაც თანდათანობით გაქრა. შვებით ამოვისუნთქეთ“. კარგი იქნებოდა, თუ თქვენი ოჯახიც გამოიკვლევდა სულის ნაყოფის სხვადასხვა ნაწილს.
გამოავლინეთ რწმენა მაშინაც კი, როცა მარტონი ხართ
13. რა უქმნის საფრთხეს ჩვენ სულიერობას?
13 ღვთის სულის ხელმძღვანელობას ქრისტიანები მაშინაც უნდა მიჰყვნენ, როცა მარტონი არიან. დღეს სატანის ქვეყნიერება გაჟღენთილია უხამსობის ამსახველი გამოსახულებებითა და გამხრწნელი გართობით. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას. ამიტომ, როგორ უნდა მოვიქცეთ? ღვთის სიტყვა გვირჩევს: „მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ის, რაც ზედმეტია, ანუ ბოროტება, და რბილად მიიღეთ სიტყვა, როცა თქვენში ინერგება, და რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია“ (იაკ. 1:21). ახლა განვიხილოთ, როგორ გვეხმარება სულის ნაყოფის სხვა ნაწილი, რწმენა, რომ იეჰოვას წინაშე სუფთად დავრჩეთ.
14. როგორ მიგვიყვანდა რწმენის ნაკლებობა არასწორ საქციელამდე?
14 თუ ნამდვილი რწმენა გვაქვს, იეჰოვა ღმერთი ჩვენთვის რეალური პიროვნება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად შეიძლება, არასწორად მოვიქცეთ. ვნახოთ, რა შეემთხვა ძველად ღვთის ხალხს. იეჰოვამ წინასწარმეტყველ ეზეკიელს აჩვენა, რა სისაძაგლეებს ჩადიოდნენ ისრაელები მაშინ, როცა გარეშე თვალი ვერ ხედავდა მათ. იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „ხედავ, კაცის ძეო, რას სჩადიან სიბნელეში ისრაელის სახლის უხუცესები?! რას სჩადის თითოეული შიდა ოთახებში, სადაც გამოსახულებები აქვთ ამოკვეთილი?! ისინი ამბობენ, ვერ გვხედავსო იეჰოვა, მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა“ (ეზეკ. 8:12). რამ შეუწყო ხელი პრობლემის წარმოშობას? ისინი ფიქრობდნენ, რომ იეჰოვა ვერ ხედავდა მათ საქციელს. იეჰოვა მათთვის რეალური პიროვნება არ იყო.
15. როგორ დაგვიცავს იეჰოვასადმი რწმენა?
15 ახლა განვიხილოთ საპირისპირო მაგალითი. იოსები შორს იყო თავისი ოჯახისა და ახლობლებისგან. მიუხედავად ამისა, მან უარი თქვა ფოტიფარის ცოლთან მრუშობაზე. რატომ? იოსებმა თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბ. 39:7—9). იეჰოვა, მართლაც, რეალური იყო მისთვის. თუ ღმერთი ჩვენთვისაც რეალურია, მაშინაც კი, როცა მარტონი ვართ, მოვერიდებით ყოველივე უხამს და არ გავაკეთებთ არაფერს, რაც იეჰოვას არ მოსწონს. ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც ვიტყვით: „უმწიკვლო გულით ვივლი ჩემს სახლში. უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმ. 101:2, 3).
გამოავლინეთ თავშეკავება და ამგვარად დაიცავით გული
16, 17. ა) როგორ გაება ცოდვის მახეში იგავებში მოხსენიებული ერთი უგუნური ახალგაზრდა? ბ) ასაკისდა მიუხედავად, როგორ შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს ნებისმიერ ადამიანს? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)
16 თავშეკავება, სულის ნაყოფის ბოლო ნაწილი, საშუალებას გვაძლევს, უარი ვთქვათ ყველაფერზე, რასაც ღმერთი განსჯის. ის გვეხმარება, გავუფრთხილდეთ გულს (იგავ. 4:23). იგავების 7:6—23 მოგვითხრობს ერთი უგუნური ახალგაზრდის შესახებ, რომელიც მეძავის მიერ დაგებულ მახეში გაება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ახალგაზრდა მახეში მას შემდეგ გაება, რაც იმ ქუჩისკენ წავიდა, სადაც მეძავი ცხოვრობდა. შესაძლოა, ის იქ ცნობისმოყვარეობის გამო აღმოჩნდა. მან გააზრებაც კი ვერ მოასწრო, რომ უკვე დაღუპვის გზაზე იდგა.
17 როგორ შეეძლო ამ ახალგაზრდას ასეთი საბედისწერო შეცდომის თავიდან არიდება? თუკი გაითვალისწინებდა გაფრთხილებას: „ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე“ (იგავ. 7:25). რის სწავლა შეგვიძლია ჩვენ? თუ გვსურს, რომ მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას, უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რასაც ჩვენი ცდუნება შეუძლია. იგავებში მოხსენიებულ უგუნურ ახალგაზრდას დაემსგავსება ის, ვინც, მაგალითად, ტელევიზორს უმიზნოდ რთავს ერთი არხიდან მეორეზე ან ინტერნეტში დაძვრება. ასეთ დროს ის შეიძლება, ნებით თუ უნებლიეთ, წააწყდეს სექსუალურად აღმგზნებ სცენებს. თანდათანობით მას შეიძლება განუვითარდეს პორნოგრაფიის ყურების უწმინდური ჩვევა, რაც გამანადგურებლად იმოქმედებს მის სინდისსა და ღმერთთან ურთიერთობაზე. ეს კი შეიძლება მისი დაღუპვის მიზეზი გახდეს (წაიკითხეთ რომაელების 8:5—8 ).
18. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა საკუთარი გულის დასაცავად და რა როლს ასრულებს ამაში თავშეკავება?
18 რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გამოვავლინოთ კიდეც თავშეკავება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ, როდესაც შემთხვევით უზნეობის ამსახველ კადრებს ვაწყდებით. მაგრამ ბევრად უკეთესი იქნება, თუ თავიდანვე ფრთხილად ვიქნებით (იგავ. 22:3). თავშეკავების გამოვლენაა საჭირო იმისათვის, რომ თავდაცვის მიზნით გარკვეული საზღვრები დავადგინოთ, შემდეგ კი მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოვიქცეთ. მაგალითად, კომპიუტერი გამოსაჩენ ადგილას დავდოთ; ზოგისთვის საუკეთესო გამოსავალია, კომპიუტერი და ტელევიზორი მარტო არასდროს არ ჩართოს. ზოგმა კი გადაწყვიტა, რომ ინტერნეტით საერთოდ არ ისარგებლოს (წაიკითხეთ მათეს 5:27—30 ). მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი, რათა თაყვანი ვცეთ იეჰოვას „სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“! (1 ტიმ. 1:5).
19. რით არის სასარგებლო, მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას?
19 წმინდა სულის ნაყოფის გამოვლენას მრავალი კურთხევა მოაქვს. რბილი ხასიათი და სულგრძელობა ხელს უწყობს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას. სიკეთე და ყოველივე კარგი ოჯახური ბედნიერების საწინდარია. რწმენა და თავშეკავება კი გვეხმარება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებასა და მის წინაშე სუფთად დგომაში. უფრო მეტიც, გალატელების 6:8 გვარწმუნებს: „ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“. დიახ, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, იეჰოვა გამოიყენებს წმინდა სულს, რათა უსასრულო სიცოცხლით დააჯილდოოს ისინი, ვინც წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება.
-