საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მომავლის განჭვრეტის დაუცხრომელი სურვილი
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • სინოპტიკოსი ერთკვირიან ამინდის პროგნოზს აცხადებს

      მომავლის განჭვრეტის დაუცხრომელი სურვილი

      ადამიანებს ოდითგანვე აფიქრებდათ თავიანთი მომავალი. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ: ნეტა როგორი იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალი? უზრუნველად ვიცხოვრებ თუ სიდუხჭირეში? ვიპოვი ნამდვილ სიყვარულს თუ მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები? დღეგრძელი ვიქნები თუ ხანმოკლე აღმოჩნდება ჩემი სიცოცხლე?

      დღეს ანალიტიკოსები მსოფლიო მოვლენებისა და მიმდინარე ტენდენციების საფუძველზე აკეთებენ პროგნოზებს, რომელთაგან ზოგი მართლდება, ზოგი კი — არა. მეტიც, ზოგჯერ მოვლენები სრულიად საპირისპიროდ ვითარდება. მაგალითად, რადიოტელეგრაფის გამომგონებელმა, გულიელმო მარკონმა, 1912 წელს ასეთი განცხადება გააკეთა: „უსადენო კავშირის ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ომებს“. ერთ-ერთი ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენელმა 1962 წელს ჯგუფ „ბითლზს“ კონტრაქტზე უარი უთხრა, რადგან, მისი აზრით, გიტარისტთა ბენდებს მომავალი არ ჰქონდათ.

      ბევრი მომავლის გასაგებად ზებუნებრივ ძალებზე ამყარებს იმედს. ზოგი ასტროლოგებს მიმართავს; ჰოროსკოპი თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში ქვეყნდება. ზოგი კი მკითხავებთან ან ექსტრასენსებთან მიდის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კარტების, ციფრებისა თუ ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მეშვეობით შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება.

      ძველად მომავლის გასაგებად ორაკულებს მიმართავდნენ. ესენი იყვნენ ქურუმები, რომელთა შუამავლობითაც სხვადასხვა ღვთაებები ვითომდა საიდუმლოებებს ამჟღავნებდნენ. ერთი გადმოცემის თანახმად, ვიდრე ლიდიის მეფე კრეზი სპარსეთის მეფე კიროსის წინააღმდეგ გაილაშქრებდა, საბერძნეთში დელფოს ორაკულს ძვირფასი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, ეწინასწარმეტყველებინა მისთვის, როგორ დასრულდებოდა ეს ბრძოლა. ორაკულმა უწინასწარმეტყველა, რომ, თუ კიროსის წინააღმდეგ გავიდოდა საბრძოლველად, „დიდ იმპერიას“ გაანადგურებდა. გაგულიანებულმა კრეზიმ იერიში მიიტანა სპარსეთის სამეფოზე, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა — სპარსეთის სამეფოს ნაცვლად ლიდიის სამეფო განადგურდა!

      ორაკულის ორაზროვანი წინასწარმეტყველება ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებოდა — ამ ორი „დიდი იმპერიიდან“ ერთ-ერთი აუცილებლად განადგურდებოდა. ორაკულის მოსმენა კრეზის ძალიან ძვირად დაუჯდა. დღეს თუ მართლდება მათი მოლოდინი, ვინც მომავლის გასაგებად მკითხავებს მიმართავს?

  • ღირს მომავლის გასაგებად მივმართოთ ასტროლოგიასა და მკითხაობას?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • ასტროლოგიური რუკა

      ღირს მომავლის გასაგებად მივმართოთ ასტროლოგიასა და მკითხაობას

      ᲐᲡᲢᲠᲝᲚᲝᲒᲘᲐ

      ასტროლოგია არის მომავლის წინასწარმეტყველების ერთ-ერთი სახეობა, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავები, მთვარე და პლანეტები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ასტროლოგები აცხადებენ, რომ ბავშვის დაბადების დროს ციური სხეულების განლაგება განსაზღვრავს მის პიროვნულ თვისებებსა და მომავალს.

      ასტროლოგია დასაბამს ძველი ბაბილონიდან იღებს, მაგრამ ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2012 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ერთი მესამედი თვლიდა, რომ ასტროლოგიას რაღაც საერთო აქვს მეცნიერებასთან, ხოლო 10 პროცენტი მას მეცნიერების დარგად მიიჩნევდა. ქვემოთ მოყვანილი მიზეზები ცხადყოფს, რომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს.

      • ვარსკვლავების და პლანეტების ზემოქმედება არ არის იმდენად ძლიერი, რომ გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, როგორც ამას ასტროლოგები ამტკიცებენ.

      • ხშირად ასტროლოგიური პროგნოზი იმდენად ზოგადია, რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მიუსადაგო.

      • ასტროლოგიური გამოთვლები ეფუძნება ძველ შეხედულებას, თითქოს პლანეტები დედამიწის გარშემო ბრუნავს, მაშინ როცა ისინი მზის გარშემო ბრუნავენ.

      • ერთსა და იმავე ადამიანზე სხვადასხვა ასტროლოგის მიერ გაკეთებული პროგნოზები განსხვავდება ერთმანეთისგან.

      • ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნებით ყოფს ადამიანებს 12 კატეგორიად მათი დაბადების თარიღის მიხედვით. ვინაიდან საუკუნეების მანძილზე კოსმოსში დედამიწის მდებარეობა იცვლება, თანავარსკვლავედებს შორის მზის ხილული გზა აღარ ემთხვევა ზოდიაქოს იმ ნიშნებისთვის მინიჭებულ თარიღებს, რომელთა მიხედვითაც ამ თანავარსკვლავედებს თავდაპირველად დაარქვეს სახელი.

      ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანის პიროვნულ თვისებებს ის განაპირობებს, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნითაა დაბადებული. სინამდვილეში ერთსა და იმავე დღეს დაბადებულ ადამიანებს სრულიად განსხვავებული თვისებები აქვთ; ასე რომ, დაბადების თარიღი ვერაფერს გაგვიმჟღავნებს ადამიანის ბუნებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად შეაფასონ ადამიანები, ასტროლოგები წინასწარ შექმნილი შეხედულებებისა თუ ვარაუდების საფუძველზე ასკვნიან, ვის როგორი ხასიათი და თვისებები აქვს. ნუთუ ეს სინამდვილის დამახინჯება არ არის?!

      ᲛᲙᲘᲗᲮᲐᲝᲑᲐ

      ძველთაგანვე ხალხი მკითხავებს მიმართავდა. მკითხავები სხვადასხვა საშუალებით ეძებდნენ ნიშნებს. ზოგი აკვირდებოდა ცხოველისა თუ ადამიანის შინაგან ორგანოებს, ზოგიც ცდილობდა, იმაში დაენახა რაიმე ნიშანი, თუ როგორ კენკავდა მამალი მარცვალს. სხვები ჩაის ფოთლებზე ან ყავის ნალექზე დაკვირვებით მკითხაობდნენ. დღეს ბევრი ტაროს კარტით, მაგიური კრისტალებით ან კამათლებით უწინასწარმეტყველებს ადამიანებს მომავალს. მართლა შეუძლიათ მკითხავებს მომავლის განჭვრეტა? რასაკვირველია, არა. ქვემოთ მოყვანილია ამის რამდენიმე მიზეზი.

      საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მკითხავების პროგნოზები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება ან ურთიერთსაწინააღმდეგოა მიუხედავად იმისა, მკითხაობის ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ თუ სხვადასხვას. მაგალითად, როცა ადამიანი ერთსა და იმავე კითხვას ორ მკითხავს უსვამს, რომლებიც ერთი და იმავე კარტით მკითხაობენ, წესით, პასუხიც ერთნაირი უნდა იყოს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

      მკითხავების მეთოდები და მოტივები ბევრ ადამიანში ეჭვს ბადებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კარტები და მაგიური კრისტალები ბუტაფორიაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში მკითხავები კლიენტის რეაქციებზე დაკვირვებით აკეთებენ დასკვნებს. მაგალითად, დახელოვნებული მკითხავი ზოგად კითხვებს სვამს და ყურადღებით აკვირდება კლიენტის მიმიკასა თუ სიტყვებს, რათა მის შესახებ ესა თუ ის დეტალი დააფიქსიროს. შემდეგ ის კლიენტის მიერ გაუთვითცნობიერებლად გამჟღავნებულ ინფორმაციას ისე წარმოადგენს, თითქოს ეს ყველაფერი უკვე იცოდა. არაერთმა მკითხავმა ძალიან დიდი თანხები გამოსძალა თავიანთ კლიენტებს, რომელთა ნდობაც მოიპოვა.

      ᲠᲐᲡ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ

      ასტროლოგია და მკითხაობა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ ადამიანის მომავალი წინასწარაა განსაზღვრული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველას გვაქვს არჩევანის თავისუფლება. ამიტომ ჩვენს მომავალზე ის მოახდენს გავლენას, რა არჩევანსაც გავაკეთებთ (იესო ნავეს ძე 24:15).

      არსებობს კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც ღვთისმოშიში ადამიანები ზურგს აქცევენ ასტროლოგიასა და მკითხაობას: მომავლის განჭვრეტის ამგვარ მეთოდებს ღმერთი განსჯის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ იყოს თქვენ შორის . . . მარჩიელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მკითხავს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“a (კანონი 18:10—12).

      a უზენაესი ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).

  • წინასწარმეტყველებები, რომლებიც უკვე შესრულდა
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • ქალი იკვლევს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს

      წინასწარმეტყველებები, რომლებიც უკვე შესრულდა

      როგორც პირველი სტატიიდან გავიგეთ, ლიდიის მეფე კრეზი დელფოს ორაკულმა შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც ის სპარსეთის მეფესთან ბრძოლაში დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომელიც სპარსეთის მეფე კიროსს ეხება, ზედმიწევნით შესრულდა.

      ბაბილონის განადგურებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე ებრაელმა წინასწარმეტყველმა ესაიამ სახელით მოიხსენია სპარსეთის მეფე და დეტალურად აღწერა, თუ როგორ დაიპყრობდა იგი ამ აუღებელ ქალაქს. ეს წინასწარმეტყველება კიროსის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე წარმოითქვა.

      ესაია 44:24, 27, 28: «აი, რას ამბობს იეჰოვა . . . [რომელიც] „ეუბნება ღრმა წყლებს, ამოშრიო! მე დავაშრობ შენს მდინარეებსო! ის ამბობს კიროსზე, ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებსო; ის ამბობს იერუსალიმზე, აღდგებაო, და ტაძარს ეუბნება, საძირკველი ჩაგეყრებაო“».

      ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით, კიროსის ჯარმა მიმართულება შეუცვალა მდინარე ევფრატს, რომლის სანაპიროზეც ბაბილონი იყო გაშენებული. ამ ტაქტიკის წყალობით კიროსის ჯარმა მდინარის გავლით შეაღწია ქალაქში. ბაბილონის აღების შემდეგ კიროსმა გაათავისუფლა ტყვეობაში მყოფი იუდეველები და უფლება მისცა, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და აღედგინათ იერუსალიმი, რომელიც 70 წლის მანძილზე გაპარტახებული იყო.

      ესაია 45:1: „აი, რას ეუბნება იეჰოვა კიროსს, თავის ცხებულს, რომლის მარჯვენაც მიჭირავს, რომ დავუმორჩილო მას ერები, იარაღი ავყარო მეფეებს, გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები, რომ არ დაიხუროს კარიბჭეები“.

      სპარსელები ქალაქ ბაბილონში დაუდევრობის გამო ღიად დარჩენილი კარიბჭეების გავლით შევიდნენ. ბაბილონელებს რომ სცოდნოდათ, რას გეგმავდა კიროსი, მდინარის მხარეს მდებარე კარიბჭეებს ჩარაზავდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გაუკეთებიათ, რის გამოც ქალაქი სრულიად დაუცველი იყო.

      ეს გასაოცარი წინასწარმეტყველება მხოლოდ ერთია ბიბლიაში ჩაწერილ უამრავ წინასწარმეტყველებას შორის, რომლებიც ზედმიწევნით შესრულდა.a იმ წინასწარმეტყველებებისგან განსხვავებით, რომლებიც ცრუღვთაებების სახელით წარმოითქვა, ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები მისი შთაგონებით წარმოითქვა, ვინც დასაწყისიდანვე აცხადებს „დასასრულს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10).

      ასეთი განაცხადის გაკეთება მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას შეუძლია. არაერთი სწავლულის აზრით, ღვთის სახელი ნიშნავს „აქცევინებს“, რაც მიანიშნებს, რომ მას შეუძლია განჭვრიტოს მომავალი და თავისი ნებისამებრ წარმართოს მოვლენები. ეს გვარწმუნებს, რომ ღმერთი უცილობლად შეასრულებს თავის დანაპირებს.

      ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲓᲦᲔᲡ ᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ

      გაინტერესებთ, რა არის ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ჩვენს დროსთან დაკავშირებით? დაახლოებით 2 000 წლის წინათ ბიბლიაში ჩაიწერა წინასწარმეტყველება, რომ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა. ეს სიტყვები კაცობრიობის ან ჩვენი პლანეტის აღსასრულზე კი არა, იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო მოეღება ყველა იმ უბედურებას, რაც ათასობით წელია თავს ატყდება ადამიანებს. განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც აღწერს, რა იქნებოდა „ბოლო დღეებისთვის“ დამახასიათებელი.

      2 ტიმოთე 3:1—5: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს“.

      ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ავლენს ამ თვისებებს. ჩვენ გარშემო მრავლად არიან ამაყი ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავისა და ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ. ბევრი არასდროს მიდის დათმობაზე და ყოველთვის ცდილობს, თავისი გაიტანოს. ბავშვებიც კი აღარ ემორჩილებიან მშობლებს. ადამიანთა უმეტესობა საკუთარი სიამოვნებისთვის უფრო ცხოვრობს, ვიდრე ღვთისთვის. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

      მათე 24:6, 7: „გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ . . . ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“.

      ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, 1914 წლიდან მოყოლებული ომებსა თუ სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც ბევრად აღემატება არაერთი ქვეყნის მოსახლეობას. ადვილი არ არის, წარმოიდგინო, რამხელა ტკივილი და მწუხარება იმალება ამ მშრალი სტატისტიკის მიღმა! მაგრამ შეიცვალა რამე? გონს მოეგნენ ერები და შეწყვიტეს ომები?

      მათე 24:7: „იქნება საკვების უკმარისობა“.

      გაეროს ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, „მსოფლიოში ყველასთვის საკმარისადაა საკვები, თუმცა ყოველ საღამოს 815 მილიონი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი მშიერი იძინებს, ყოველი მესამე კი არასრულფასოვნად იკვებება“. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით სამი მილიონი ბავშვი შიმშილისგან კვდება.

      ლუკა 21:11: „იქნება დიდი მიწისძვრები“.

      ყოველწლიურად საშუალოდ 50 000 მიწისძვრა ისეთი სიძლიერისაა, რომ ვგრძნობთ მათ ბიძგებს. აქედან დაახლოებით 100 მიწისძვრა აზიანებს შენობებს. თითქმის ყოველ წელს ერთი გამანადგურებელი მიწისძვრა ხდება, რომელიც მიწასთან ასწორებს ყველაფერს. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, 1975—2000 წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა 471 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

      მათე 24:14: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“.

      იეჰოვას მოწმეები, რომელთა რიცხვმაც რვა მილიონს გადააჭარბა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას 240-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ. ისინი ამ ცნობას აცხადებენ ყველგან — ქალაქსა თუ სოფელში, მთასა თუ ბარში. როცა ღმერთი ჩათვლის, რომ ეს საქმე დასრულდა, „მაშინ დადგება აღსასრული“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა მმართველობას წერტილი დაესმება და ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას. რომელი დანაპირები შესრულდება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? ამას მომდევნო სტატიებიდან შეიტყობთ.

      a იხილეთ სტატია „ზედმიწევნით შესრულებული წინასწარმეტყველების უტყვი მოწმე“.

  • ზედმიწევნით შესრულებული წინასწარმეტყველების უტყვი მოწმე
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • ზედმიწევნით შესრულებული წინასწარმეტყველების უტყვი მოწმე

      ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲡ ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥ ᲠᲝᲛᲨᲘ ᲐᲦᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲢᲠᲘᲣᲛᲤᲐᲚᲣᲠᲘ ᲗᲐᲦᲘᲡ ᲡᲐᲜᲐᲮᲐᲕᲐᲓ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲙᲣᲗᲮᲘᲓᲐᲜ ᲣᲐᲛᲠᲐᲕᲘ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲘ ᲩᲐᲓᲘᲡ. ᲔᲡ ᲗᲐᲦᲘ ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗ-ᲔᲠᲗᲘ ᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲘᲛᲞᲔᲠᲐᲢᲝᲠᲘᲡ, ᲢᲘᲢᲣᲡᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲡᲐᲪᲔᲛᲐᲓ ᲐᲐᲒᲔᲡ.

      ტიტუსის თაღზე ამოკვეთილია ორი დიდი ბარელიეფური გამოსახულება, რომლებზეც ცნობილი ისტორიული მოვლენაა ასახული. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ტიტუსის თაღი უდიდესი სიზუსტით შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველების უტყვი მოწმეა.

      ᲒᲐᲡᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲚᲐᲓ ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘ ᲥᲐᲚᲐᲥᲘ

      ახ. წ. პირველი საუკუნის დასაწყისში რომის იმპერია გადაჭიმული იყო ბრიტანეთიდან ეგვიპტემდე. მთელ იმპერიაში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობა იყო. თუმცა ერთ-ერთი შორეული პროვინცია, იუდეა, დიდ თავსატეხს უჩენდა რომს, რადგან იქ გამუდმებით ეწყობოდა აჯანყებები.

      როგორც ერთ ენციკლოპედიაშია ნათქვამი, თითქმის არცერთ პროვინციასთან არ ჰქონდა რომს ისეთი მტრული დამოკიდებულება, როგორიც იუდეასთან; თავად იუდეველებიც მტრულად იყვნენ განწყობილი რომაელების მიმართ, რადგან ამ უკანასკნელთ არაფრად მიაჩნდათ იუდაური ტრადიციები. იუდეველთა დაუმორჩილებლობა კი, თავის მხრივ, მწვავე რეაქციას იწვევდა რომაელებში (Encyclopedia of Ancient Rome). იუდეველთა უმეტესობას იმედი ჰქონდა, რომ გამოჩნდებოდა მხსნელი, რომელიც ისრაელს რომაელთა ბატონობისგან გაათავისუფლებდა და ძველ დიდებას დაუბრუნებდა. მაგრამ ახ. წ. 33 წელს იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა.

      მან თქვა: „მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით მესერს შემოგავლებენ და ალყაში მოგაქცევენ. მიწასთან გაგასწორებენ და დაგიხოცავენ შვილებს, ქვა ქვაზე არ დარჩება“ (ლუკა 19:43, 44).

      იესოს სიტყვებმა მოწაფეები საგონებელში ჩააგდო. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ორი დღის შემდეგ, როცა ისინი იერუსალიმის ტაძარს შესცქეროდნენ, მათგან ერთ-ერთმა იესოს აღტაცებულმა უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა დიდებული ქვები და შენობებია!“. ისტორიული ცნობების თანახმად, იმ ქვებიდან, რომლითაც ტაძარი ააგეს, ზოგი სიგრძეში 11 მეტრს, სიგანეში 5 მეტრს, სიმაღლეში კი 3 მეტრს აღემატებოდა! მიუხედავად ამისა, იესომ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა ყველაფერი, რასაც ხედავთ, დაინგრევა, ქვა ქვაზე არ დარჩება“ (მარკოზი 13:1; ლუკა 21:6).

      იესომ დასძინა: „როცა დაინახავთ იერუსალიმს, დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მისი გაპარტახება მოახლოებულია. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფებმა დატოვონ ქალაქი, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ ქალაქში“ (ლუკა 21:20, 21). შესრულდა იესოს სიტყვები?

      ᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡ ᲓᲐᲪᲔᲛᲐ

      ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 33 წლის შემდეგაც იუდეა რომაელთა უღელქვეშ იყო და ამ უღლის გადაგდებას ლამობდა. ახ. წ. 66 წელს იუდეის პროკურორმა გესიუს ფლორუსმა ტაძრის წმინდა საგანძურიდან ტალანტები აიღო. იუდეველებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ; იერუსალიმი გამძვინვარებული იუდეველი მებრძოლებით აივსო. მათ ამოხოცეს რომაელთა გარნიზონი და რომისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

      დაახლოებით სამი თვის შემდეგ 30 000-ზე მეტი რომაელი მეომრისგან შემდგარმა ჯარმა, რომლის სათავეშიც ცესტიუს გალუსი იდგა, აჯანყების ჩასახშობად იერუსალიმზე იერიში მიიტანა. რომაელებმა მალევე შეაღწიეს ქალაქში და ტაძრის გალავანს ძირი გამოუთხარეს, მაგრამ მოულოდნელად უკან დაიხიეს. იუდეველი მეამბოხეები რომაელებს უკან დაედევნენ. ქალაქი მეომრებისგან დაცარიელდა. ამ დროს ქრისტიანებმა იესოს მითითება ყურად იღეს და იორდანეს გაღმა, მთებში გაიქცნენ (მათე 24:15, 16).

      მომდევნო წელს რომაელებმა მხედართმთავარ ვესპასიანესა და მისი ვაჟის, ტიტუსის, მეთაურობით ისევ გაილაშქრეს იუდეის წინააღმდეგ. მაგრამ ახ. წ. 68 წელს იმპერატორ ნერონის დაღუპვიდან მალევე ვესპასიანე რომში დაბრუნდა ტახტის ხელში ჩასაგდებად, ტიტუსი კი 60 000-იანი ჯარით იუდეაში დატოვა.

      ახ. წ. 70 წლის ივნისში ტიტუსის ბრძანებით ჯარისკაცებმა იერუსალიმის შემოგარენში ხეები მოჭრეს, მათგან წვეტიანი ბოძები დაამზადეს და ქალაქს 7-კილომეტრიანი საალყო მესერი შემოავლეს. სექტემბრისთვის ქალაქი და ტაძარი უკვე გაძარცული და გადამწვარი იყო და, როგორც იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, იქ ქვა ქვაზე აღარ იყო დარჩენილი (ლუკა 19:43, 44). ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, „იერუსალიმსა და მის შემოგარენში 250 000-დან 500 000-მდე ადამიანი დაიღუპა“.

      დროის დიაგრამა, რომელზეც აღნიშნულია ზოგიერთი მოვლენა ახ. წ. 33 წელს იესოს მიერ იერუსალიმის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან ახ. წ. 81 წელს ტიტუსის სიკვდილამდე

      ᲞᲝᲛᲞᲔᲖᲣᲠᲘ ᲢᲠᲘᲣᲛᲤᲘ

      ახ. წ. 71 წელს გამარჯვებული ტიტუსი იტალიაში დაბრუნდა. რომის მოქალაქეები მას ზარ-ზეიმით შეხვდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური ტრიუმფალური მსვლელობა, რაც კი იმპერიის დედაქალაქში გამართულა.

      ხალხი აღტაცებული შესცქეროდა დიდძალ განძეულობას, ნავებს და იერუსალიმის ტაძრიდან დატაცებულ ნივთებს, რომლებიც მოძრავი პლატფორმებით ჩამოატარეს რომის ქუჩებში. ამ პლატფორმებზე გიგანტური ზომის ნახატების ფონზე მსახიობები ბრძოლის სცენებს დგამდნენ.

      ახ. წ. 79 წელს ტიტუსი მამამისის, ვესპასიანეს, სიკვდილის შემდეგ რომის იმპერატორი გახდა. თუმცა, სულ რაღაც, ორ წელიწადში ისიც მოულოდნელად დაიღუპა. იმპერატორის ტახტზე მისი ძმა დომიციანე ავიდა და ტიტუსის პატივსაცემად ტრიუმფალური თაღი ააგო.

      ᲢᲘᲢᲣᲡᲘᲡ ᲗᲐᲦᲘ

      ტიტუსის ტრიუმფალური თაღი

      ტიტუსის თაღი

      ყოველწლიურად რომში ჩასულ ასიათასობით ტურისტს გულგრილს არ ტოვებს ტიტუსის ტრიუმფალური თაღი. ზოგისთვის ეს თაღი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, ზოგისთვის კი — რომის იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლო. თუმცა ზოგს ის იერუსალიმისა და მისი ტაძრის ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებულ მემორიალად მიაჩნია.

      ბიბლიის დაკვირვებული მკითხველები ტიტუსის თაღს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათთვის ეს თაღი იმის უტყვი მოწმეა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სანდო, ზუსტი და ღვთივშთაგონებულია (2 პეტრე 1:19—21).

  • დანაპირები, რომელიც უცილობლად შესრულდება
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • ახალგაზრდა მთების ცქერით ტკბება

      დანაპირები, რომელიც უცილობლად შესრულდება

      დღეს სრულდება იესოს წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ (მათე 24:14). როგორც ბიბლიის წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, ეს სამეფო ღვთის ხელისუფლებაა. ამ წიგნის მეორე თავში ჩაწერილია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ როგორ შეენაცვლებოდა ერთმანეთს ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფო დანიელის დროიდან (იმ დროს ბაბილონი იყო მსოფლიო მპყრობელი) დღემდე. მეორე თავის 44-ე მუხლში ასეთ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ვკითხულობთ:

      „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

      ამ და სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად, ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას და დედამიწაზე მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებს. როგორი იქნება ცხოვრება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე აღმაფრთოვანებელი დაპირება, რომელთა შესრულებას მალე ვიხილავთ:

      • ხელის ჩამორთმევა

        ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲝᲛᲘ

        ფსალმუნი 46:9: „[ღმერთი] წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს“.

        წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მსოფლიო, თუ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს იარაღის წარმოების ნაცვლად ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოიყენებდნენ. ზემოხსენებული დაპირება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს შესრულდება.

      • აღმართზე ასვლა

        ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲐᲕᲐᲓᲛᲧᲝᲤᲝᲑᲐ

        ესაია 33:24: „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.

        წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც აღარავინ დაიტანჯება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, კიბოთი, მალარიითა თუ სხვა სნეულებებით. აღარც საავადმყოფოები იქნება საჭირო და აღარც მედიკამენტები. დედამიწის მკვიდრთ სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ.

      • მარცვლეული

        ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲣᲙᲛᲐᲠᲘᲡᲝᲑᲐ

        ფსალმუნი 72:16: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“.

        მეტად აღარავის მოუწევს შიმშილი, რადგან დედამიწის რესურსები თანაბრად გადანაწილდება და ყველას საკმარისად ექნება საკვები.

      • კაცი, ქალი და ბავშვი

        ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ, ᲬᲣᲮᲘᲚᲘ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ

        გამოცხადება 21:4: „მოსწმენდს მათ [ღმერთი] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

        ეს იმას ნიშნავს, რომ სამოთხედქცეულ დედამიწაზე ყველა სრულყოფილი იქნება და უსასრულოდ იცხოვრებს. სწორედ ამას გვპირდება ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი!

      ᲦᲕᲗᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲞᲘᲠᲔᲑᲘ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ

      დაუჯერებლად ხომ არ ჟღერს ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებები? მართალია, არავინ იტყოდა უარს ასეთ ცხოვრებაზე, მაგრამ ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია მარადიული სიცოცხლე და გასაგებიცაა, რატომ — დედამიწაზე არავინ ყოფილა ისეთი, ვისაც სიკვდილი არ უგემია.

      თანაც, ადამიანები უკვე იმდენი ხანია ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში არიან და იმდენ უბედურებას უძლებენ, რომ ბევრს სხვაგვარად ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია. სინამდვილეში ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, არ სურდა, ადამიანებს ასეთი ცხოვრება ჰქონოდათ.

      ღმერთს უნდა, დაგვარწმუნოს, რომ თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს: „[ჩემი სიტყვა] უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

      ბიბლიაში წერია, რომ იეჰოვა ღმერთმა „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2). ვინაიდან ღმერთი ასეთ შესანიშნავ მომავალს გვპირდება, ურიგო არ იქნება, დავფიქრდეთ: მართლა შესაძლებელია, ადამიანმა მარადიულად იცოცხლოს სამოთხეში დედამიწაზე? რის გაკეთება გვმართებს, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ, როგორ შესრულდება ღვთის დანაპირები? ამ კითხვებზე პასუხებს მომდევნო სტატიებიდან გავიგებთ.

  • თქვენ შეგიძლიათ მარადიულად იცხოვროთ დედამიწაზე!
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • დედა თავის პატარასთან ერთად

      თქვენ შეგიძლიათ მარადიულად იცხოვროთ დედამიწაზე!

      ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ, ჩვენი შემოქმედი გვპირდება, რომ მარადიულად ვიცოცხლებთ აქ, დედამიწაზე! თუმცა ბევრს ეს დაუჯერებლად მიაჩნია. ისინი ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა კვდება და, რომ სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა. ზოგი კი თვლის, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია, მაგრამ არა დედამიწაზე. მათი აზრით, ადამიანი მარადიულობის მოზიარე მაშინ გახდება, როცა სიკვდილის შემდეგ ზეცაში ღმერთთან დაიდებს ბინას. თქვენ რას ფიქრობთ?

      ვიდრე გადაჭრით იტყოდეთ რამეს, კარგი იქნება, მხედველობაში მიიღოთ ბიბლიის თვალსაზრისი. სწორედ ის პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა: რა ამტკიცებს, რომ ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვისაა შექმნილი? რა იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწის და კაცობრიობის მიმართ? როგორ აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმა სიკვდილის ტყვეობაში?

      ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲛᲜᲘᲚᲔᲑᲐ

      დედამიწაზე ცოცხალ ქმნილებათა შორის ადამიანი უნიკალური და გამორჩეულია. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთმა მხოლოდ ადამიანი შექმნა თავის ანარეკლად და მსგავსებად (დაბადება 1:26, 27). ამაში იგულისხმება ის, რომ ადამიანს შეუძლია ისეთივე თვისებები გამოავლინოს, როგორსაც ღმერთი ავლენს, მაგალითად, სიყვარული და სამართლიანობა.

      ამასთან, ჩვენ გვაქვს აზროვნების და განსჯის უნარი, შეგვიძლია სწორი არასწორისგან გავარჩიოთ და სულიერი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. ამიტომაც ვაცნობიერებთ, რაოდენ უკიდეგანოა სამყარო და რამდენად საოცარია ბუნება. მეტიც, ჩვენ ვტკბებით მუსიკით, პოეზიით, სახვითი ხელოვნებით. რაც ყველაზე მთავარია, შეგვიძლია თაყვანი ვცეთ ჩვენს შემოქმედს. სწორედ ამიტომ გამოვირჩევით დანარჩენი ცოცხალი ქმნილებებისგან, რაც კი დედამიწაზე არსებობს.

      დაფიქრდით: განა დაგვაჯილდოებდა ღმერთი ასეთი უნიკალური თვისებებით ან გვექნებოდა მათი განვითარებისა და დახვეწის უსაზღვრო შესაძლებლობები, თუკი ჩვენი სიცოცხლე ასეთი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო?! სინამდვილეში ღმერთმა ყველა ეს თვისება თუ უნარი იმიტომ გვიბოძა, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით დავმტკბარიყავით.

      ᲦᲕᲗᲘᲡ ᲗᲐᲕᲓᲐᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲐ

      ზოგის აზრით, ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი იმისთვის, რომ დედამიწაზე მარადიულად ეცხოვრა. ისინი მიიჩნევენ, რომ დედამიწა დროებითი საცხოვრებელია, ერთგვარი გამოსაცდელი ადგილი, რათა დადგინდეს, ვინ დაიმკვიდრებს მარადიულ სამყოფელს ზეცაში. თუ ასეა, გამოდის, რომ ღმერთი ყოფილა ყველა იმ უბედურებისა და ბოროტების თავი და თავი, რაც კი დედამიწაზე ხდება. მაგრამ შეუძლებელია, ეს ასე იყოს, რადგან ბიბლიაში ღვთის შესახებ ნათქვამია: „სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4).

      ბიბლიიდან ნათლად ჩანს ღვთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწასთან მიმართებით: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16). დიახ, ღმერთმა დედამიწა იმიტომ შექმნა, რომ ადამიანებს მუდმივი საცხოვრებელი ჰქონოდათ. უფრო მეტიც, მან დედამიწაზე ყველანაირი პირობა შექმნა საიმისოდ, რომ მათ აზრიანად და, თანაც, მარადიულად ეცხოვრათ (დაბადება 2:8, 9).

      „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16)

      ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რა არის ღვთის განზრახვა კაცობრიობის მიმართ. მან პირველ წყვილს ასეთი დავალება მისცა: „აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). რამხელა პატივი იყო მათთვის, მოევლოთ სამოთხისთვის და გაეფართოებინათ მისი საზღვრები! ასე რომ, ადამსა და ევას თავიანთ შთამომავლებთან ერთად მარადიულად არათუ ზეცაში, არამედ დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ.

      ᲠᲐᲢᲝᲛ ᲕᲙᲕᲓᲔᲑᲘᲗ?

      მაშ, რატომ ვკვდებით? ერთმა სულიერმა ქმნილებამ, რომელსაც ბიბლია სატანა ეშმაკის სახელით მოიხსენიებს, ღვთის განზრახვის ჩაშლა სცადა. რა მოიმოქმედა მან?

      სატანამ ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ წააქეზა. სატანის მტკიცებით, ღმერთი მათ რაღაც კარგს უმალავდა, ანუ არ აძლევდა უფლებას, თავად განესაზღვრათ, რა იყო სწორი და რა — არასწორი. ადამმა და ევამ დაუჯერეს სატანას და ღმერთს ზურგი აქციეს. შედეგად, როგორც ღმერთს ჰქონდა მათთვის ნათქვამი, დაბერდნენ და მოკვდნენ. მათ დაკარგეს დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა (დაბადება 2:17; 3:1—6; 5:5).

      მათი ურჩობის შედეგებს დღემდე ვიმკით. ღვთის სიტყვაში წერია: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ასე რომ, ჩვენ ვკვდებით არა იმიტომ, რომ უფალმა ინება ასე, არამედ იმიტომ, რომ ცოდვა და სიკვდილი ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა.

      ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲝᲗ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐᲖᲔ

      იმის მიუხედავად, რაც ედემის ბაღში მოხდა, ღვთის განზრახვა არ ჩაშლილა. ღმერთმა, რომელიც სრულყოფილად ავლენს სიყვარულს და სამართლიანობას, იზრუნა, რომ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დავეხსენით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთისგან ბოძებული ძღვენი — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). ღმერთს იმდენად უყვარს ადამიანები, რომ „თავისი მხოლოდშობილი ძე [იესო ქრისტე] მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). იესომ საკუთარი ნებით გაიღო თავისი სიცოცხლე და გამოგვისყიდა — ის დაგვიბრუნებს ყველაფერს, რაც ადამმა წაგვართვა.a

      ღვთის დაპირებისამებრ, მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ ამ დანაპირების შესრულებას, თუ ყურად იღებთ იესოს მოწოდებას: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). ასე რომ, თქვენი მომავალი თქვენს ხელშია! როგორ არჩევანს გააკეთებთ?

      a მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის იესოს გამოსასყიდს, იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 27-ე გაკვეთილში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. უფასოდ ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებგვერდიდან www.pr2711.com.

  • თქვენი მომავალი თქვენს ხელშია!
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • გზის გასაყარი

      თქვენი მომავალი თქვენს ხელშია!

      ᲛᲐᲠᲗᲚᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲖᲔᲐ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲒᲔᲥᲜᲔᲑᲐᲗ? ზოგს სჯერა, რომ მათ მომავალს ბედისწერა განსაზღვრავს და არა პირადი არჩევანი. როცა რაღაც არ გამოსდით, ამბობენ, რომ მაინც ვერაფერს გახდებოდნენ, რადგან ასე ეწერათ.

      ზოგი კი გულგატეხილობაში ვარდება, რადგან ჰგონია, რომ ამ უსამართლო ქვეყნიერებაში მდგომარეობა არასდროს გამოსწორდება. შესაძლოა მათ აქვთ რაღაცის შეცვლის მცდელობა, მაგრამ ომის, დამნაშავეობის, სტიქიური უბედურებებისა თუ ავადმყოფობის გამო მათი გეგმები წამდაუწუმ იფუშება. ამიტომ ყველაფერზე ხელი აქვთ ჩაქნეული.

      მართალია, სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ გეგმების განხორციელებაში, მაგრამ საბოლოოდ თქვენს ხელშია თქვენი მომავალი (ეკლესიასტე 9:11). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ თქვენს მომავალს თქვენივე არჩევანი განსაზღვრავს.

      ვიდრე ისრაელი აღთქმულ მიწაზე შევიდოდა, ერის წინამძღოლმა მოსემ მათ ღვთის სახელით მიმართა: „აირჩიეთ სიცოცხლე ან სიკვდილი, კურთხევა ან წყევლა. თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა რომ იცოცხლოთ, აირჩიეთ სიცოცხლე და გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაემორჩილეთ მას და არასოდეს ჩამოშორდეთ“ (კანონი 30:15, 19, 20).

      „აირჩიეთ სიცოცხლე ან სიკვდილი, კურთხევა ან წყევლა . . . რომ იცოცხლოთ, აირჩიეთ სიცოცხლე“ (კანონი 30:19)

      ღმერთმა ისრაელი ეგვიპტის მონობიდან იხსნა და დაჰპირდა, რომ აღთქმულ მიწაზე ბედნიერად იცხოვრებდნენ, თანაც ისე, რომ არავის ბატონობის ქვეშ არ იქნებოდნენ. თუმცა ეს თავისთავად არ მოხდებოდა — ამისთვის მათ უნდა აერჩიათ სიცოცხლე. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ შეიყვარებდნენ ღმერთს, მოუსმენდნენ მის ხმას და მიეკვრებოდნენ მას.

      დღეს თქვენც მსგავსი არჩევანის წინაშე დგახართ; თქვენი მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუ შეიყვარებთ ღმერთს, მოუსმენთ მის ხმას და მიეკვრებით მას, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებთ. რა იგულისხმება ამაში?

      ᲨᲔᲘᲧᲕᲐᲠᲔᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ

      სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. ღვთივშთაგონებით მოციქულმა იოანემ დაწერა, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). როცა იესოს ჰკითხეს, რომელი იყო უდიდესი მცნება, მან მიუგო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). ასე რომ, ღმერთთან სიყვარული დაგვაახლოებს და არა ბრმა მორჩილება და შიში. რატომ უნდა შევიყვაროთ ღმერთი?

      იეჰოვას ისევე ძლიერ უყვარს ადამიანები, როგორც მშობელს საკუთარი შვილები. მოსიყვარულე მშობლები არიგებენ, ახალისებენ, მხარში უდგანან და სჯიან კიდეც თავიანთ შვილებს, რადგან სურთ, რომ ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ. სანაცვლოდ ისინი მოელიან, რომ შვილები მათ სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებენ და ყურად იღებენ მათ რჩევებს. ბუნებრივია, ჩვენს ზეციერ მამასაც სურს, მის სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ და მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს.

      ᲛᲝᲣᲡᲛᲘᲜᲔᲗ ᲛᲘᲡ ᲮᲛᲐᲡ

      ბიბლიის დედნისეულ ენებზე სიტყვა „მოსმენა“ ხშირად მორჩილების აზრსაც ატარებს. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ მოუსმინოს მშობლებს. ამგვარად, ღვთის ხმის მოსმენა იმას ნიშნავს, რომ გავიგოთ, რის თქმა სურს ჩვენთვის და შემდეგ გავითვალისწინოთ. ვინაიდან ღვთის ხმა პირდაპირი გაგებით არ გვესმის, ჩვენ მას მაშინ ვუსმენთ, როცა ვკითხულობთ მის სიტყვას, ბიბლიას და ვითვალისწინებთ მასში ჩაწერილ რჩევებს (1 იოანე 5:3).

      ერთხელ იესომ იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთის მოსმენა, თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ფაქტია, საკვების გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, თუმცა ჩვენი სიცოცხლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვიდან ვიკვებოთ, ანუ ღვთის შესახებ ცოდნა მივიღოთ. ამის მიზეზს ბრძენი მეფე სოლომონი გვიმხელს: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს“ (ეკლესიასტე 7:12). ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნა და სიბრძნე დღესვე გვიცავს და გვეხმარება, გონივრული არჩევანი გავაკეთოთ, რის შედეგადაც მარადიულ სიცოცხლეს დავიმკვიდრებთ.

      ᲛᲘᲔᲙᲐᲠᲘᲗ ᲛᲐᲡ

      კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იესოს სიტყვებზე, რომლებიც წინა სტატიაში იყო მოყვანილი: „ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). დანიშნულების ადგილამდე რომ მივაღწიოთ, ანუ მარადიული სიცოცხლე რომ დავიმკვიდროთ, გამოცდილი გიდი უნდა გვყავდეს და ფეხდაფეხ მივყვეთ მას. ამ გზაზე ღმერთი გიდივით მიგვიძღვის. ამიტომ უნდა მივეკრათ მას და არასდროს დავშორდეთ (ფსალმუნი 16:8). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

      ყოველდღიურად, შინ თუ გარეთ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და კიდევ ბევრის გაკეთებას ვისურვებდით. შეიძლება ასეთმა ყოფითმა საქმეებმა იმდენად მოგვიცვას, რომ თითქმის აღარ დაგვრჩეს დრო იმაზე ფიქრისთვის, რის გაკეთებასაც ღმერთი მოელის ჩვენგან. ამიტომაც გვირჩევს ბიბლია: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო, რადგან მძიმე დროში ვცხოვრობთ“ (ეფესოელები 5:15, 16). ღმერთს იმ შემთხვევაში მივეკრობით, თუ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ღმერთთან ურთიერთობა იქნება (მათე 6:33).

      ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲖᲔᲐ!

      მართალია, წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ დღეს შეგიძლიათ ისეთი არჩევანი გააკეთოთ, რის შედეგადაც თქვენ და თქვენს ახლობლებს შესანიშნავი მომავალი გექნებათ გარანტირებული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს, ძალიან ვუყვარვართ. თავისი სიტყვის მეშვეობით ის იმასაც გვიმჟღავნებს, რას მოელის ჩვენგან. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ღმერთმა წინასწარმეტყველ მიქას პირით:

      „მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან? მხოლოდ სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენი ღვთის წინაშე!“ (მიქა 6:8).

      ყურად იღებთ იეჰოვას სიტყვებს და ივლით მასთან ერთად, რათა მიიღოთ თქვენთვის შემონახული კურთხევები? არჩევანი თქვენზეა!

  • „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 2
    • ოჯახი

      „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“

      ბევრი ჩვენგანი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება უსამართლობას; ბოროტები ჩაგრავენ პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს. დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა უსამართლობისა და ბოროტების კვალი სამუდამოდ წაიშლება?

      ბიბლია, კერძოდ 37-ე ფსალმუნი, არა მარტო პასუხს გვცემს ამ კითხვაზე, არამედ გვირჩევს კიდეც, როგორ მოვიქცეთ. ნახეთ, როგორ გვპასუხობს ღვთის სიტყვა ქვემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კითხვებზე:

      • როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ვინმე უსამართლოდ გვექცევა? — მუხლები 1, 2.

      • რა დაემართებათ ბოროტებს? — მუხლი 10.

      • როგორი მომავალი ელით მართლებს? — მუხლები 11, 29.

      • რის გაკეთება გვმართებს დღეს? — მუხლი 34.

      37-ე ფსალმუნში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული სიტყვები ადასტურებს, რომ მათ, ვისაც იეჰოვას იმედი აქვს და მისი ნორმებით ცხოვრობს, ნათელი მომავალი ელით. იეჰოვას მოწმეები სიხარულით შეგასწავლიან ბიბლიას და დაგანახვებენ, რის გაკეთება გმართებთ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენს ახლობლებს ასეთი მომავალი გქონდეთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება