საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • მარიამი გაფართოებული თვალებით მაღლა იყურება

      თავი 17

      „იეჰოვას მხევალი ვარ!“

      1, 2. ა) ვინ ესტუმრა მარიამს და როგორ მიმართა? ბ) რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო მარიამს და როგორ შეიცვლებოდა მთელი მისი ცხოვრება?

      მარიამი გაფართოებული თვალებით შესცქერის სახლში შესულ სტუმარს. ის მის მშობლებთან კი არა, პირადად მასთანაა მისული. მარიამს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს კაცი ნაზარეთელი არ არის. მის პატარა ქალაქში მაშინვე ცნობენ უცხოს, თუმცა ეს სტუმარი ნებისმიერ ქალაქში იქნებოდა თვალში მოსახვედრი. მან მარიამს უცნაურად მიმართა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (წაიკითხეთ ლუკას 1:26—28).

  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • ანგელოზის სტუმრობა

      5. ა) რა რეაქცია ჰქონდა მარიამს, როცა ანგელოზი მეტად უჩვეულოდ მიესალმა? ბ) რატომ გვაძლევს ამ მხრივ მარიამი კარგ მაგალითს?

      5 ალბათ, იცით, რომ მარიამს ადამიანი არ სტუმრებია, მასთან ანგელოზი გაბრიელი მივიდა. როდესაც მან „მადლით მოსილი“ უწოდა, მარიამი „ამ სიტყვებმა შეაშფოთა“ და უჩვეულო მისალმებამ დააფიქრა (ლუკ. 1:29). ვისგან იყო მარიამი „მადლით მოსილი“? არა კაცთაგან. ანგელოზი იეჰოვა ღმერთისგან მინიჭებულ მადლზე საუბრობდა; ამას კი მარიამისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა. თუ ღვთის მადლის მოპოვებას ვცდილობთ, ამპარტავნულად არასდროს დავასკვნით, რომ უკვე მადლმოსილნი ვართ, არამედ ვისწავლით იმას, რაც მარიამს ბოლომდე ჰქონდა გათავისებული — ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მხარს უჭერს (იაკ. 4:6).

      მარიამს ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა

      6. ანგელოზის ცნობის თანახმად, რა პატივი ხვდა წილად მარიამს?

      6 მარიამი მართლაც თავმდაბალი უნდა ყოფილიყო, რადგან ანგელოზმა აცნობა, რომ უდიდესი პატივი ხვდა წილად და უთხრა, რომ შობდა ბავშვს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. გაბრიელმა ამცნო: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკ. 1:32, 33). მარიამმა იცოდა, რას შეჰპირდა ღმერთი დავითს ათასზე მეტი წლის წინათ — დავითის ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამ. 7:12, 13). ასე რომ, მისი ძე იქნებოდა მესია, რომელსაც ღვთის ხალხი საუკუნეები ელოდა.

      ანგელოზი გაბრიელი ელაპარაკება მარიამს

      ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს აცნობა, რომ უდიდესი პატივი ხვდა წილად

      7. ა) რა კითხვა დასვა მარიამმა და რა გამოჩნდა მისი სიტყვებიდან? ბ) რის სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს მარიამისგან?

      7 უფრო მეტიც, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მის ვაჟს „უზენაესის ძე“ დაერქმეოდა. ადამიანს როგორ უნდა ეშვა ღვთის ძე? ან, საერთოდ, მარიამს როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი? მართალია, ის დანიშნული იყო, მაგრამ იოსები მისი ქმარი ჯერ კიდევ არ იყო. მარიამმა გულახდილად ჰკითხა ანგელოზს: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ლუკ. 1:34). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ მარიამს არც ერთი წუთით არ რცხვენოდა, რომ ქალწული იყო. პირიქით, მას ეამაყებოდა თავისი უბიწობა. დღეს მრავალ ახალგაზრდას სურს, რაც შეიძლება მალე დაკარგოს უბიწობა, და დასცინის კიდეც უმწიკვლოებს. ქვეყნიერება მართლაც შეიცვალა, მაგრამ იეჰოვა არ იცვლება (მალ. 3:6). როგორც მარიამის დროს, ისე დღესაც იგი აფასებს მათ, ვინც ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:4).

      8. როგორ გაუჩნდებოდა არასრულყოფილ მარიამს სრულყოფილი ძე?

      8 ღვთის ერთგულების მიუხედავად, მარიამი არასრულყოფილი იყო. მაშ, როგორ შეეძლო სრულყოფილი შვილის, ღვთის ძის, გაჩენა? გაბრიელმა უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკ. 1:35). „წმინდა“ ნიშნავს „სუფთას“. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიანთ შთამომავლებს უწმინდურებას, ცოდვას გადასცემენ; მაგრამ ამ შემთხვევაში იეჰოვა სასწაულს მოახდენდა. ის თავისი ძის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა და მარიამს „დაჩრდილავდა“ ღვთის მოქმედი ძალა, ანუ წმინდა სული, რის წყალობითაც ბავშვს დედისგან ცოდვა არ გადაეცემოდა. დაიჯერა მარიამმა ანგელოზის დანაპირები? როგორი იყო მისი რეაქცია?

      მარიამის მზადყოფნა

      9. ა) რაში ცდებიან სკეპტიკოსები? ბ) როგორ განუმტკიცა რწმენა გაბრიელმა მარიამს?

      9 სკეპტიკოსებს, მათ შორის ზოგ თეოლოგს, არ სწამთ, რომ შეიძლებოდა ქალწულს შვილი შესძენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა აქვთ, უჭირთ უბრალო ჭეშმარიტების გაგება. გაბრიელის სიტყვების თანახმად, „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკ. 1:37). მარიამს გაბრიელის სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან ამ ახალგაზრდა ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა, და მისი რწმენა არ ყოფილა უსაფუძვლო. ნებისმიერი გონიერი ადამიანის მსგავსად, მარიამსაც სჭირდებოდა ფაქტები, რაზეც თავის რწმენას ააგებდა. ამიტომ, გაბრიელმა მარიამს მისთვის ნაცნობი ფაქტი მოუყვანა. ის ხანში შესულ ელისაბედზე ელაპარაკა, რომელზეც ყველამ იცოდა, რომ უშვილო იყო, მაგრამ ღვთის წყალობით დაორსულდა.

      10. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარიამისთვის მიცემული დავალება ნამდვილად არ იყო ადვილი შესასრულებელი?

      10 როგორ მოიქცა მარიამი? მარიამს ღმერთმა მისცა დავალება და მან იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა გაბრიელის პირით ნათქვამს. ეს დავალება მარიამს შეაშინებდა კიდეც და არაერთ თავსატეხსაც გაუჩენდა. ის ხომ უკვე დანიშნული იყო იოსებზე. დაქორწინდებოდა იოსები მარიამზე, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო? გარდა ამისა, ამ ახალგაზრდა ქალს თვით დავალებაც საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე ძვირფასი, ღვთის საყვარელი ძე უნდა ეტარებინა მუცლით. მასვე უნდა ეზრუნა უმწეო ჩვილზე და ბოროტი ქვეყნიერებისგან დაეცვა ის. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობა იყო!

      11, 12. ა) რატომ უჭირდათ ღვთის ერთგული და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი ღვთისგან მიღებული რთული დავალებების შესრულება? ბ) რა პასუხი გასცა მარიამმა გაბრიელს და რაზე მეტყველებს ეს?

      11 ბიბლია ცხადყოფს, რომ ერთგულ და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი უჭირდათ ღვთისგან დაკისრებული რთული დავალების შესრულება. მოსემ აღნიშნა, რომ მჭევრმეტყველი არ იყო და ფარაონს ღვთის სიტყვას ვერ გადასცემდა (გამ. 4:10). იერემიამ თქვა, რომ ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესასრულებლად ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო (იერ. 1:6). იონა დავალების შესრულებას გაექცა (იონ. 1:3). როგორ მოიქცა მარიამი?

      12 მისი სიტყვები თავმდაბლობასა და მორჩილებაზე მეტყველებს. მან გაბრიელს უთხრა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:38). მხევალი მსახურთა შორის ყველაზე მდაბიო იყო; მისი სიცოცხლე მთლიანად ბატონის ხელში იყო. ასეთ მსახურად გრძნობდა მარიამი თავს თავისი ბატონის, იეჰოვას, წინაშე. მან იცოდა, რომ იეჰოვასთან უსაფრთხოდ იყო, და რომ იეჰოვა თავის ერთგულთა ერთგულია; ისიც იცოდა, რომ ის აკურთხებდა მას, თუ დაკისრებული რთული დავალების შესრულებას მთელი გულით შეეცდებოდა (ფსალმ. 18:25).

      მარიამმა იცოდა, რომ თავის ერთგულ ღმერთთან, იეჰოვასთან უსაფრთხოდ იქნებოდა

      13. რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ მარიამს, თუ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება გვიძნელდება?

      13 ზოგჯერ ღმერთი ისეთი რამეს გვავალებს, რისი შესრულებაც ძალიან გვიჭირს და შეუძლებლადაც კი გვეჩვენება. მაგრამ მისი სიტყვა იმის საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, რომ მარიამივით მივენდოთ მას (იგავ. 3:5, 6). თუ მივენდობით, ის გვაკურთხებს და უფრო მეტად განგვიმტკიცებს რწმენას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება