საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • „იეჰოვას მხევალი ვარ!“

      მარიამი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა სახლში შესულ სტუმარს. ის მის მშობლებთან კი არა, პირადად მასთან იყო მისული. მარიამს ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ ეს კაცი ნაზარეთელი არ იყო. მის პატარა ქალაქში მაშინვე სცნობდნენ უცხოს, თუმცა ეს სტუმარი ნებისმიერ ქალაქში იქნებოდა თვალშისაცემი. მან მარიამს უცნაურად მიმართა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (ლუკა 1:28).

  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • ანგელოზის სტუმრობა

      ალბათ, იცით, რომ მარიამს ადამიანი არ სტუმრებია, მასთან ანგელოზი გაბრიელი მივიდა. როდესაც მან „მადლით მოსილი“ უწოდა, მარიამი „ამ სიტყვებმა შეაშფოთა“ და უჩვეულო მისალმებამ დააფიქრა (ლუკა 1:29). ვისგან იყო მარიამი „მადლით მოსილი“? არა კაცთაგან. ანგელოზი იეჰოვა ღმერთისგან მინიჭებულ მადლზე საუბრობდა; ამას კი მარიამისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა. თუ ღვთის მადლის მოპოვებას ვცდილობთ, ამპარტავნულად არასდროს დავასკვნით, რომ უკვე მადლმოსილნი ვართ, არამედ ვისწავლით იმას, რაც მარიამს ბოლომდე ჰქონდა გათავისებული — ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მხარს უჭერს (იაკობი 4:6).

      მარიამი მართლაც თავმდაბალი უნდა ყოფილიყო, რადგან ანგელოზმა ენით აუწერელი უპირატესობა შესთავაზა, და უთხრა, რომ შობდა ბავშვს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. გაბრიელმა ამცნო: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 33). მარიამმა იცოდა, რას შეჰპირდა ღმერთი დავითს ათასზე მეტი წლის წინათ — დავითის ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამუელი 7:12, 13). ასე რომ, მისი ძე იქნებოდა მესია, რომელსაც ღვთის ხალხი საუკუნეები ელოდა.

      უფრო მეტიც, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მის ვაჟს „უზენაესის ძე“ დაერქმეოდა. ადამიანს როგორ უნდა ეშვა ღვთის ძე? ან, საერთოდ, მარიამს როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი? მართალია, ის დანიშნული იყო, მაგრამ იოსები მისი ქმარი ჯერ კიდევ არ იყო. მარიამმა გულახდილად ჰკითხა ანგელოზს: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ლუკა 1:34). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ მარიამს არც ერთი წუთით არ ესირცხვილებოდა, რომ ქალწული იყო. პირიქით, მას ეამაყებოდა თავისი უბიწობა. დღეს მრავალი ახალგაზრდა ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაკარგოს ქალიშვილობა, და დასცინის კიდეც უბიწოებს. ქვეყნიერება მართლაც შეიცვალა, მაგრამ იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). როგორც მარიამის დროს, ის დღესაც აფასებს მათ, ვინც ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებს (ებრაელები 13:4).

      ღვთის ერთგულების მიუხედავად, მარიამი არასრულყოფილი იყო. მაშ, როგორ შეეძლო სრულყოფილი შვილის, ღვთის ძის გაჩენა? გაბრიელმა უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:35). „წმინდა“ ნიშნავს „სუფთას“. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიანთ შთამომავლებს უწმინდურებას, ცოდვას გადასცემენ; მაგრამ ამ შემთხვევაში იეჰოვა სასწაულს მოახდენდა. ის თავისი ძის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა და მარიამს „დაჩრდილავდა“ ღვთის მოქმედი ძალა, ანუ წმინდა სული, რის წყალობითაც ბავშვს დედისგან ცოდვა არ გადაეცემოდა. დაიჯერა მარიამმა ანგელოზის დანაპირები? როგორი იყო მისი რეაქცია?

      მარიამის მზადყოფნა

      სკეპტიკოსებს — და მათ შორის ზოგ თეოლოგს — არ სწამთ, რომ შეიძლებოდა ქალწულს შვილი შესძენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა აქვთ, უჭირთ უბრალო ჭეშმარიტების გაგება. გაბრიელის სიტყვების თანახმად: „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკა 1:37). მარიამს გაბრიელის სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან ამ ახალგაზრდა ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა, და მისი რწმენა არ ყოფილა უსაფუძვლო. ნებისმიერი გონიერი ადამიანის მსგავსად, მარიამსაც სჭირდებოდა ფაქტები, რაზეც თავის რწმენას ააგებდა. ამიტომ, გაბრიელმა მას მისთვის ნაცნობი ფაქტი მოუყვანა. ის ხანში შესულ ელისაბედზე ელაპარაკა, რომელზეც ყველამ იცოდა, რომ უშვილო იყო, მაგრამ ღვთის წყალობით დაორსულდა.

      როგორ მოიქცა მარიამი? მარიამს ღმერთმა მისცა დავალება და მან იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა გაბრიელის პირით ნათქვამს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დავალების შესრულება შიშთან და სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული. მარიამს მხედველობაში უნდა მიეღო ის, რომ უკვე დანიშნული იყო იოსებზე. დაქორწინდებოდა იოსები მარიამზე, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო? გარდა ამისა, ამ ახალგაზრდა ქალს თვით დავალებაც საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე ძვირფასის, ღვთის საყვარელი ძის, სიცოცხლე უნდა ეტარებინა. მასვე უნდა ეზრუნა უმწეო ჩვილზე და ბოროტი ქვეყნიერებისგან დაეცვა ის. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობა იყო!

      ბიბლია ცხადყოფს, რომ ერთგულ და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი უჭირდათ ღვთისგან დაკისრებული რთული დავალების შესრულება. მოსემ აღნიშნა, რომ მჭევრმეტყველი არ იყო, და ფარაონს ღვთის სიტყვას ვერ გადასცემდა (გამოსვლა 4:10). იერემიამ თქვა, რომ ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესასრულებლად ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო (იერემია 1:6). იონა დავალების შესრულებას გაექცა (იონა 1:3). როგორ მოიქცა მარიამი?

      მისი სიტყვები თავმდაბლობასა და მორჩილებაზე მეტყველებს. მან გაბრიელს უთხრა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკა 1:38). მხევალი მსახურთა შორის ყველაზე მდაბიო იყო; მისი სიცოცხლე მთლიანად ბატონის ხელში იყო. ასეთ მსახურად გრძნობდა მარიამი თავს თავისი ბატონის, იეჰოვას, წინაშე. მან იცოდა, რომ იეჰოვასთან უსაფრთხოდ იყო, და რომ იეჰოვა თავის ერთგულთა ერთგულია; ისიც იცოდა, რომ ის აკურთხებდა მას, როდესაც დაკისრებული რთული დავალების შესრულებას მთელი გულით შეეცდებოდა (ფსალმუნი 18:25).

      ზოგჯერ ღმერთი ისეთი რამის შესრულებას გვთხოვს, რის შესრულებაც ძალიან გვიჭირს და შეუძლებლადაც კი გვეჩვენება. მაგრამ მისი სიტყვა იმის საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, რომ მარიამივით მივენდოთ მას (იგავები 3:5, 6). თუ მივენდობით, ის გვაკურთხებს და რწმენის განსამტკიცებლად უფრო მეტ საფუძველს მოგვცემს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება