საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო ათასობით კაცს აპურებს და მოწაფეებს აფრთხილებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მას შემდეგ, რაც იესო ხალხს ემშვიდობება, ის და მისი მოწაფეები ნავში სხდებიან და გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მაგდალისკენ იღებენ გეზს. იქ ის ფარისევლებს და სადუკეველთა სექტის ზოგ წევრს ხვდება, რომლებსაც იესოს გამოცდა სურთ; ისინი სთხოვენ მას, ზეციდან ნიშანი აჩვენოს.

      იესო ხედავს, რა ამოძრავებთ მათ; ამიტომ ეუბნება: „საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, მზიანი ამინდი იქნებაო, ხოლო დილით, დღეს გაავდრდება, რადგან ცა, თუმცა წითელია, მოქუფრულიაო. ცის ფერის ახსნა შეგიძლიათ, დროის ნიშნების კი — არა“ (მათე 16:2, 3). შემდეგ კი დასძენს, რომ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემათ.

      ამის მერე იესო და მისი მოწაფეები ნავზე ადიან და ბეთსაიდისკენ, გალილეის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, იღებენ გეზს. გზად მოწაფეები ხედავენ, რომ პურის წამოღება დავიწყებიათ; მათ მხოლოდ ერთი პურიღა აქვთ. იესო მოწაფეებს აფრთხილებს: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“. მას მხედველობაში აქვს ის, თუ რა საუბარი შედგა მასსა და ჰეროდეს მომხრე სადუკეველებსა და ფარისევლებს შორის. მოწაფეები შეცდომით ასკვნიან, რომ იესო მათ პურზე ელაპარაკება, რადგან წამოღება დაავიწყდათ. იესო ხვდება, რომ ვერ ჩასწვდნენ მისი ნათქვამის მნიშვნელობას და ამიტომ ეკითხება: „რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ?“ (მარკოზი 8:15—17).

      იესომ ხომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე პურით ათასობით კაცი დააპურა?! წესით, მოწაფეები უნდა ხვდებოდნენ, რომ იესოსთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, კვლავაც დააპუროს ისინი. იგი ეუბნება მათ: „ნუთუ არ გახსოვთ, ხუთი პური რომ დავამტვრიე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“. ისინი პასუხობენ: „თორმეტი“. „შვიდი პური რომ დავამტვრიე ოთხი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“, — პასუხობენ ისინი (მარკოზი 8:18—20).

      იესო უმარტავს: „როგორ ვერ ხვდებით, რომ პურზე არ მითქვამს, არამედ იმაზე, რომ ერიდოთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“ (მათე 16:11).

      როგორც იქნა, მოწაფეები ხვდებიან, რის თქმა სურს იესოს მათთვის. ჩვეულებრივ, საფუარს პურის ცომის მოზელვის დროს იყენებენ — ის დუღილს იწვევს და ცომს აფუებს. იესო ამ შემთხვევაში საფუარს გახრწნილების სიმბოლოდ იყენებს. იგი აფრთხილებს მოწაფეებს, ერიდონ „ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებას“, რამაც შეიძლება გახრწნას მათი აზროვნება (მათე 16:12).

  • ვინ არის კაცის ძე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო თავის მოწაფეებთან ერთად ბეთსაიდაში ჩადის. ხალხს მასთან ერთი უსინათლო კაცი მიჰყავს; ისინი ეხვეწებიან იესოს, რომ შეეხოს მას და განკურნოს.

      იესო ხელს ჰკიდებს ამ კაცს და სოფლიდან გაჰყავს; შემდეგ კი თვალებზე აფურთხებს და ეკითხება: „ხედავ რამეს?“. ამაზე კაცი პასუხობს: „ადამიანებს ვხედავ, თითქოს ხეებივით არიან და აქეთ-იქით დადიან“ (მარკოზი 8:23, 24). იგი კვლავ ხელებს ადებს თვალებზე და კაცს მხედველობა უბრუნდება. განკურნებულს, რომელიც ახლა კარგად ხედავს, იესო სახლში უშვებს და აფრთხილებს, რომ სოფელში არ შევიდეს.

      შემდეგ იესო და მისი მოწაფეები გეზს ჩრდილოეთისკენ, ფილიპეს კესარეისკენ იღებენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება