საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო მოწაფეებს თავმდაბლობას ასწავლის
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მოგვიანებით ისინი კაპერნაუმში ჩადიან, ქალაქში, სადაც იესო უმთავრესად ქადაგებს და რომელიც, როგორ უკვე აღვნიშნეთ, ზოგი მისი მოციქულის მშობლიური ქალაქია. იქ პეტრესთან მიდიან კაცები, რომლებიც ტაძრის გადასახადს აგროვებენ. როგორც ჩანს, მათ უნდათ, იესოს ბრალი დასდონ იმაში, რომ არ იხდის გადასახადებს და ამიტომ პეტრეს ეკითხებიან: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის ორ დრაქმას [ტაძრის გადასახადი]?“ (მათე 17:24).

      პეტრე პასუხობს: „როგორ არა“. როდესაც იესო სახლში შედის, უკვე იცის, რაც მოხდა. სანამ პეტრე თავად ეტყვის ამის შესახებ, იესო ეკითხება: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“. პეტრე პასუხობს: „უცხოებისგან“. ამაზე იესო მიუგებს: „ესე იგი, ვაჟები თავისუფლები ყოფილან გადასახადებისგან“ (მათე 17:25, 26).

      ანკესით დაჭერილი თევზი სტატერით პირში

      იესოს მამა ხომ სამყაროს უზენაესი მმართველია და სწორედ მას სცემენ ტაძარში თაყვანს. ამიტომ ღვთის ძე ვალდებული არ არის, გადაიხადოს გადასახადი. მაგრამ იესო პეტრეს ეუბნება: „ისინი რომ არ დავაბრკოლოთ, მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს [ტეტრადრაქმა]. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“ (მათე 17:27).

      მალე ყველა მოწაფე ერთად იკრიბება; მათ აინტერესებთ, იესოსგან გაიგონ, ვინ იქნება სამეფოში ყველაზე დიდი. ცოტა ხნის წინ მათ ვერ გაბედეს, ჩასძიებოდნენ იესოს და უფრო მეტი გაეგოთ მის სიკვდილზე, მაგრამ ახლა არ ერიდებათ, თავიანთ მომავალზე ჰკითხონ მას. იესო ხვდება, რაზე ფიქრობენ ისინი. ეს ის თემაა, რაზეც მაშინ კამათობდნენ, როცა კაპერნაუმისკენ მიმავალ გზაზე იესოს უკან მიჰყვებოდნენ. ამიტომ იგი ასეთ კითხვას უსვამს: „რაზე კამათობდით გზაში?“ (მარკოზი 9:33). მოწაფეები უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან და ვერაფერს ამბობენ, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი. საბოლოოდ მოწაფეები უსვამენ იესოს იმ კითხვას, რაზეც კამათობდნენ: „მაინც ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“ (მათე 18:1).

      ეს ცოტა არ იყოს დაუჯერებელი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი უკვე თითქმის სამი წელია იესოს სიტყვებს ისმენენ და მის საქმეებს აკვირდებიან. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ მოწაფეები არასრულყოფილები არიან და თანაც ისეთ რელიგიურ გარემოში აღზრდილები, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდგომარეობას და ტიტულს. შეიძლება ეს იმითაცაა განპირობებული, თუ რას დაჰპირდა ცოტა ხნის წინ იესო პეტრეს; მისი სიტყვებისამებრ, პეტრე სამეფოს გასაღებებს მიიღებდა. იქნებ ამის გამო თვლის პეტრე, რომ სხვებზე აღმატებულია? შესაძლოა იაკობსაც და იოანესაც მსგავსი ფიქრები უტრიალებთ გონებაში, რადგან სწორედ ისინი გახდნენ იესოს გარდასახვის მოწმენი.

      რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, იესო ცდილობს, შეუსწოროს მათ თვალსაზრისი. იგი უხმობს ბავშვს, შუაში აყენებს და მოწაფეებს მიმართავს: „თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში. ამიტომ, ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში, და ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მეც მიღებს“ (მათე 18:3—5).

      რა კარგ მეთოდს მიმართავს იესო მათი თვალსაზრისის შესაცვლელად! იესო არ ბრაზდება მოწაფეებზე და არც სიხარბესა და ამბიციურობაში სდებს ბრალს. ნაცვლად ამისა, ცოცხალი მაგალითით უჩვენებს, თუ როგორები უნდა იყვნენ სინამდვილეში. ბავშვებს არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა და სტატუსი არა აქვთ. ამ მაგალითით იესო მოწაფეებს უხსნის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, მსგავსი თვალსაზრისი ჰქონდეთ საკუთარ თავზე. ბოლოს იესო ასეთი სიტყვებით ასრულებს სათქმელს: „ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკა 9:48).

  • იესო მოწაფეებს ორ საკითხზე აძლევს რჩევას
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მწყემსი შეხარის ცხვარს, რომელიც დაკარგული იყო და იპოვა

      თავი 63

      იესო მოწაფეებს ორ საკითხზე აძლევს რჩევას

      მათე 18:6—20; მარკოზი 9:38—50; ლუკა 9:49, 50

      • იესო მოწაფეებს ურჩევს, არავის ექცნენ დაბრკოლების ლოდად

      • იესო მოწაფეებს ასწავლის, როგორ უნდა მოექცნენ შემცოდველს

      იესომ ცოტა ხნის წინ მოწაფეებს შუა ბავშვი ჩააყენა და თვალსაჩინოდ უჩვენა, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ საკუთარ თავზე. ისინი ამ ბავშვივით თავმდაბლები უნდა იყვნენ და მის მსგავსად, მათთვისაც სულერთი უნდა იყოს მდგომარეობა თუ სტატუსი. თუ მოწაფეები „ასეთ ბავშვს“ იესოს სახელით მიიღებენ, იესოსაც მიიღებენ (მათე 18:5).

      რამდენიმე ხნის წინ მოციქულები ერთმანეთში იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ყველაზე დიდი. ამიტომ, ალბათ, ხვდებიან, რომ ამ სიტყვებით იესოს მათი გამოსწორება სურს. ახლა მოციქული იოანე იმაზე იწყებს საუბარს, რისი თვითმხილველიც ცოტა ხნის წინ გახდა: „ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს დევნიდა შენი სახელით, და დავუშალეთ, რადგან ჩვენ არ დაგვყვება“ (ლუკა 9:49).

      ხომ არ ფიქრობს იოანე, რომ მხოლოდ მოციქულებს აქვთ მიცემული სხვების განკურნების ან დემონების განდევნის ძალა? და თუ ეს ასეა, მაშინ როგორ დევნის ეს იუდეველი კაცი ბოროტ სულებს ხალხისგან? შესაძლოა იოანეს ჰგონია, რომ ეს კაცი არ უნდა ახდენდეს სასწაულებს, რადგან არ დაჰყვება იესოს და მის მოციქულებს.

      იოანეს გასაკვირად, იესო ამბობს: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, მალევე ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას, ვინაიდან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა. ვინც ერთ სასმის წყალს დაგალევინებთ იმის გამო, რომ ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური“ (მარკოზი 9:39—41).

      აღსანიშნავია, რომ იმ დროს არ იყო აუცილებელი, ყველა, ვინც იესოს მხარეს იკავებდა, მასთან ერთად ყოფილიყო. ქრისტიანული კრება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, ამიტომ ის, რომ ეს კაცი არ დაჰყვებოდა იესოს, სულაც არ ნიშნავდა, რომ იგი მოწინააღმდეგე ან ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო. აშკარაა, ამ კაცს სჯეროდა ღვთის ძის; იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ის არ დაკარგავდა თავის საზღაურს.

      კაცს, რომელსაც კისერზე დოლაბი დაჰკიდეს, ზღვაში აგდებენ

      იესოს შემდეგი სიტყვებიდან კიდევ ერთი მხარე იკვეთება — მოციქულებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ თავიანთი სიტყვითა თუ საქმით არ დააბრკოლონ ეს კაცი. იესო შენიშნავს: „იმისთვის კი, ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს, უმჯობესი იქნებოდა კისერზე დოლაბი დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ“ (მარკოზი 9:42). იესო ამბობს, რომ მისი მიმდევრები მზად უნდა იყვნენ, სხეულის ისეთ ნაწილებსაც კი შეელიონ, როგორიცაა ხელი, ფეხი ან თვალი, თუ ისინი აბრკოლებენ მათ. ჯობს, სხეულის ეს ნაწილები დაკარგონ და ღვთის სამეფოში შევიდნენ, ვიდრე შეინარჩუნონ და გეენაში („გეენა“ ებრაული სიტყვაა და „ჰინომის ველს“ ნიშნავს) აღმოჩნდნენ. მოწაფეებს, უეჭველად, ნანახი აქვთ იერუსალიმის მახლობლად მდებარე ეს ველი, სადაც ნაგავს წვავენ. ასე რომ, მათთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იესოს სიტყვები სამუდამო განადგურებაზე მიუთითებს.

      იესო კიდევ ერთ გაფრთხილებას აძლევს მოწაფეებს: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“. წარმოიდგინეთ, რა ძვირფასია თითოეული „ეს მცირეთაგანი“ ზეციერი მამის თვალში! ამის ხაზგასასმელად იესოს ერთი მწყემსის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც 100 ცხვარი ჰყავდა და ერთი დაეკარგა. მან დატოვა 99 და იმ ერთის საძებნელად წავიდა და როცა იპოვა, მას დანარჩენ 99-ზე მეტად შეხაროდა. იესო დასძენს: „ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათე 18:10, 14).

      ამის შემდეგ იესო მოწაფეებს მოუწოდებს: „გქონდეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მარკოზი 9:50). ამ სიტყვების წარმოთქმისას იესოს, ალბათ, მხედველობაში აქვს ის ფაქტი, როცა მოწაფეებს კამათი მოუვიდათ იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი. მარილი საჭმელს აგემრიელებს. მსგავსად, თუ მოწაფეებს გადატანითი მნიშვნელობით საკუთარ თავში ექნებათ მარილი, ეს გაუადვილებთ სხვისი აზრის გათვალისწინებას, რითაც კამათს აირიდებენ თავიდან და, შესაბამისად, მშვიდობას შეუწყობენ ხელს (კოლოსელები 4:6).

      დროდადრო იესოს მიმდევრებს სერიოზული საკითხების გადაჭრაც მოუწევთ, ამიტომ იესო ასწავლის მათ, როგორ გაართვან თავი ასეთ საკითხებს: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა“. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ შემცოდველი არ მოუსმენს მათ? იესო დასძენს: „თუ არ მოგისმენს, წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყველაფერი“. ხოლო თუ არც მათ მოუსმენს, მაშინ ამის შესახებ „კრებას“ ანუ პასუხისმგებელ ძმებს, უხუცესებს უნდა უთხრან, რომლებსაც ხელეწიფებათ ასეთი საკითხების მოგვარება. მაგრამ რა უნდა გააკეთონ, თუ შემცოდველი მაინც არ მიიღებს რჩევას? იესო ამბობს: „იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი და როგორც გადასახადების ამკრეფი“, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მათ ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ ასეთებთან, რადგან იუდეველები გაურბიან უცხოტომელებთან და გადასახადების ამკრეფებთან ურთიერთობას (მათე 18:15—17).

      კრების ზედამხედველებმა ღვთის სიტყვით უნდა იხელმძღვანელონ. თუ ისინი დაადგენენ, რომ ძმამ ან დამ ნამდვილად ჩაიდინა ცოდვა და დამსჯელობითი ზომის მიღებაა საჭირო, მათი გადაწყვეტილება, რომელსაც დედამიწაზე იღებენ, „ზეცაშიც შეკრული იქნება“. მაგრამ თუ ისინი მიხვდებიან, რომ და ან ძმა უდანაშაულოა, დედამიწაზე მიღებული მათი გადაწყვეტილება „ზეცაშიც გახსნილი იქნება“. ეს მითითებები ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევდა იესოს მიმდევრებს ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ. იესოს დაპირებისამებრ, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს იგი მათ შორის იქნებოდა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18:18—20).

  • პატიების ნამდვილი ფასი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მონა ხელს უჭერს ყელში თავისნაირ მონას და ახრჩობს

      თავი 64

      პატიების ნამდვილი ფასი

      მათე 18:21—35

      • საკმარისია შვიდჯერ პატიება?

      • იესოს მაგალითი მოჰყავს უმოწყალო მონაზე

      პეტრემ საკუთარი ყურით მოისმინა, თუ როგორ ურჩია იესომ მოწაფეებს, ძმებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები ერთი ერთზე მოეგვარებინათ. თუმცა, როგორც ჩანს, პეტრეს სურს, დაზუსტებით იცოდეს, რამდენჯერ უნდა აპატიოს მწყენინებელს.

      იგი ეკითხება იესოს: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ?“. ზოგი კანონის მცოდნე ხალხს ასწავლის, რომ სამჯერ პატიება საკმარისია. ამიტომ პეტრეს შეიძლება ჰგონია, რომ დიდსულოვნების მაჩვენებელი იქნება, თუ „შვიდჯერ“ აპატიებს ძმას (მათე 18:21).

      მაგრამ იმის აღრიცხვა, თუ ვინ რამდენჯერ გვაწყენინა, სრულიად ეწინააღმდეგება იესოს სწავლებას. ამიტომ იგი პეტრეს თვალსაზრისს უსწორებს: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათე 18:22). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, იესოს არ დაუდგენია ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინათ მწყენინებლისთვის. პირიქით, მან პეტრეს დაანახვა, რომ იმდენჯერ უნდა ეპატიებინა თანამორწმუნისთვის, რამდენჯერაც აწყენინებდა.

      მეფე დიდსულოვნად პატიობს მონას ვალს

      შემდეგ იესოს მოჰყავს მაგალითი, რათა პეტრეს და სხვა მოწაფეებს უჩვენოს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, აპატიონ სხვებს. იესო საუბრობს ერთ გულქვა მონაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი გულმოწყალე ბატონისგან. ერთხელ ამ დიდსულოვანმა მეფემ თავის მონებთან ანგარიშსწორება მოისურვა. ზემოხსენებულ მონას მისი 10 000 ტალანტი [60 000 000 დინარი] ემართა. ის მასთან მიიყვანეს, მაგრამ მას ვალის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ის და მისი ცოლ-შვილი და მისთვის ვალი დაებრუნებინათ. მაშინ ეს მონა მის ფერხთით დაეცა და შეევედრა: „ცოტა დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდი“ (მათე 18:26).

      მონა საპყრობილეში აგდებს თავისნაირ მონას

      მეფეს შეეცოდა ის და დიდსულოვნად აპატია ამხელა ვალი. როგორც კი ეს მონა გამოვიდა მეფისგან, მოძებნა სხვა მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა: „გადამიხადე, რაც გმართებს“. მაშინ ის მონა დაემხო და შეეხვეწა: „ცოტა დამაცადე და გადაგიხდი“ (მათე 18:28, 29). მაგრამ მონამ, რომელსაც მეფემ ამხელა ვალი აპატია, არ გამოავლინა თავისი ბატონის მსგავსი გულმოწყალება. მან არ აპატია თავისნაირ მონას, რომელსაც მასთან შედარებით გაცილებით ცოტა მართებდა მისი და საპყრობილეში ჩააგდო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა.

      მეფე ბრძანებას გასცემს, რომ უმოწყალო მონა საპყრობილეში ჩააგდონ

      როცა სხვა მონებმა დაინახეს, რა უმოწყალოდ მოიქცა ეს კაცი, მივიდნენ ბატონთან და ყველაფერი აცნობეს. ბატონი ძალიან გაბრაზდა, დაიბარა ის მონა და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“. განრისხებულმა ბატონმა ის საპყრობილის ზედამხედველებს გადასცა, ვიდრე მთლიანად არ გადაიხდიდა ვალს. ბოლოს იესო ამბობს: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათე 18:32—35).

      მართლაც რა კარგად დაგვანახვა იესომ პატიების ნამდვილი ფასი! ღმერთმა ძალიან დიდი ვალი გვაპატია, როცა ცოდვის ტყვეობისგან გაგვათავისუფლა; რაც არ უნდა დაგვიშავოს თანაქრისტიანმა და რისი პატიებაც არ უნდა მოგვიწიოს მისთვის, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი გვპატიობს. იეჰოვა მხოლოდ ერთხელ კი არ გვპატიობს, არამედ გამუდმებით — ასჯერ, ათასჯერ, ათიათასჯერ. და ნუთუ ჩვენ ვერ უნდა ვაპატიოთ ძმას იმდენჯერ, რამდენჯერაც გვაწყენინებს მაშინაც კი, თუ ნამდვილად გვაქვს ჩივილის მიზეზი? იესომ მთაზე ქადაგების დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღმერთი გვაპატიებს „ჩვენს ვალებს, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათე 6:12).

  • იერუსალიმისკენ მიმავალი იესო შემხვედრთ ასწავლის
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო გარკვეული ხნის მანძილზე, ძირითადად, გალილეაში ქადაგებდა; იქ მას უფრო კარგად უსმენდნენ, ვიდრე იუდეაში. შესაძლოა ამ მხარეში იმიტომ ქადაგებდა, რომ იერუსალიმში ყოფნის დროს, როცა შაბათს ერთი მამაკაცი განკურნა, იუდეველებმა მოკვლა დაუპირეს (იოანე 5:18; 7:1).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება