-
„გეპატია ცოდვები“იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 26
„გეპატია ცოდვები“
მათე 9:1—8; მარკოზი 2:1—12; ლუკა 5:17—26
იესო ერთ დამბლადაცემულს პატიობს ცოდვებს და კურნავს მას
იესოს შესახებ ხმამ უკვე ბევრის ყურამდე მიაღწია. ხალხი საკმაოდ შორი მანძილიდან მოდის, საკუთარი თვალით რომ იხილოს იესოს სასწაულები და მოუსმინოს მის ქადაგებას. მაგრამ რამდენიმე დღეში იესო კაპერნაუმში ბრუნდება. ეს ის ქალაქია, სადაც იგი დედამიწაზე მსახურების დროს ყველაზე ხშირად ქადაგებდა. მისი დაბრუნების ამბავი მალე მთელ ამ ზღვისპირა ქალაქში ვრცელდება. ამიტომ იმ სახლთან, სადაც იესოა გაჩერებული, უამრავი ხალხი იყრის თავს. მათ შორის ფარისევლები და კანონის მასწავლებლებიც არიან, რომლებიც გალილეისა და იუდეის სხვადასხვა მხარიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის იერუსალიმიდანაც.
„იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც კი აღარ არის ადგილი. ის მათ სასიხარულო ცნობას გადასცემს“ (მარკოზი 2:2). ცოტა ხანში ისეთი რამ ხდება, რაც გვარწმუნებს, რომ იესოს შესწევს ძალა, აღმოფხვრას ადამიანთა ტანჯვის გამომწვევი მიზეზი და ჯანმრთელობა დაუბრუნოს ყველას, ვისაც მოისურვებს.
სანამ იესო იქ შეკრებილთ ასწავლის, ოთხი კაცი ცდილობს, მასთან საკაცით დამბლადაცემული მიიყვანონ. მათ სურთ, რომ იესომ მათი მეგობარი განკურნოს, მაგრამ ხალხმრავლობის გამო „პირდაპირ იესოსთან ვერ მიჰყავთ“ იგი (მარკოზი 2:4). ნუთუ ვერაფერს იღონებენ?! ნახეთ, რას აკეთებენ ისინი — სახლის სახურავზე ადიან და ჭერიდან უშვებენ დამბლადაცემულს საკაცით!
ხომ არ ბრაზდება ამაზე იესო? რასაკვირველია, არა. პირიქით, ის გაოცებას ვერ მალავს, როცა ხედავს, რამხელა რწმენას ავლენენ ისინი და დამბლადაცემულს ეუბნება: „გეპატია ცოდვები“ (მათე 9:2). ნამდვილად შეუძლია იესოს სხვებისთვის ცოდვების პატიება? იქვე რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველი ზის, რომელთაც აშკარად არ მოსწონთ იესოს ნათქვამი და თავისთვის ფიქრობენ: „ასე რატომ ლაპარაკობს? ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?“ (მარკოზი 2:7).
იესომ იცის, რაზე ფიქრობენ ისინი და ეუბნება: „ასე რატომ მსჯელობთ გულში? რის თქმა უფრო ადვილია დამბლადაცემულისთვის: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი, აიღე საკაცე და იარე?“ (მარკოზი 2:8, 9). დიახ, იმ მსხვერპლის საფუძველზე, რომელსაც მალე გაიღებს კაცობრიობისთვის, იესოს ნამდვილად შეუძლია მიუტევოს ადამიანებს ცოდვები.
შემდეგ იესო ყველა იქ შეკრებილთ, მათ შორის კრიტიკის სულით შეპყრობილ ფარისევლებსა და მწიგნობრებს, ნათლად აჩვენებს, რომ მას ნამდვილად აქვს უფლებამოსილება, ცოდვები მიუტევოს ადამიანებს. იგი დამბლადაცემულს მიმართავს: „შენ გეუბნები, ადექი, აიღე საკაცე და წადი სახლში“. ეს მამაკაცი მაშინვე დგება, იღებს საკაცეს და ყველას წინაშე გამოდის. აღფრთოვანებული ხალხი ღმერთს ადიდებს და ამბობს: „მსგავსი არაფერი გვინახავს“ (მარკოზი 2:11, 12).
ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ცოდვების პატიებას გამოჯანმრთელებას უკავშირებს. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ჩვენმა პირველმა მშობელმა, ადამმა შესცოდა და მთელ თავის შთამომავლობას მემკვიდრეობით ავადმყოფობა და სიკვდილი უანდერძა, რაც ცოდვის შედეგი იყო. მაგრამ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იესო ცოდვებს მიუტევებს ყველას, ვისაც უყვარს ღმერთი და ემსახურება მას. იმ დროს ავადმყოფობის ყველანაირი კვალი გაქრება (რომაელები 5:12, 18, 19).
-
-
იესო მათეს უხმობსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 27
იესო მათეს უხმობს
მათე 9:9—13; მარკოზი 2:13—17; ლუკა 5:27—32
იესო უხმობს მათეს, გადასახადების ამკრეფს
იესო არ ერიდება ცოდვილებთან ურთიერთობას და დახმარების ხელს უწვდის მათ
დამბლადაცემულის განკურნების შემდეგ იესო, როგორც ჩანს, კაპერნაუმსა და მის შემოგარენში, გალილეის ზღვის მახლობლად ქადაგებს; მას კვლავაც უამრავი ხალხი მიჰყვება, რომლებსაც ბევრ რამეს ასწავლის. გზად ის ხვდება ერთ გადასახადების ამკრეფს, მათეს, იგივე ლევის, რომელიც საგადასახადოში ზის. იესო მას განსაკუთრებულ რამეს სთავაზობს: „გამომყევი“ (მათე 9:9).
ალბათ, მათეს უკვე სმენია იესოს ქადაგებისა და მის მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ, როგორც ეს პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს შემთხვევაში იყო. მათ მსგავსად მათე მაშინვე თანხმდება იესოს. თავის სახარებაში ის წერს: „ისიც [მათე] ადგა და გაჰყვა“ იესოს (მათე 9:9). ასე რომ, მათე უარს ამბობს თავის საქმეზე და იესოს მოწაფე ხდება.
ცოტა ხანში მათე, როგორც ჩანს, მადლიერების ნიშნად დიდ ნადიმს მართავს. ალბათ, ის გახარებულია, რომ იესომ ამხელა პატივი დასდო. ნადიმზე იგი იესოსა და მის მოწაფეებს იწვევს. საინტერესოა, კიდევ ვინ არიან მოწვეულთა შორის? მან სხვა გადასახადების ამკრეფებიც მოიწვია, რომლებთან ერთადაც მუშაობდა. ეს მამაკაცები გადასახადებს აგროვებდნენ ყველასთვის საძულველი რომაელი მმართველებისთვის; გადასახადის გადახდა საჭირო იყო ნებისმიერი გემისთვის, რომელიც ნავსადგურში ჩამოდგებოდა, აგრეთვე ნებისმიერი ქარავნისთვის, რომელიც მთავარ გზაზე გაივლიდა; ვაჭრებს ქვეყანაში შემოტანილი საქონლისთვისაც უნდა გადაეხადათ გადასახადი. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იუდეველებს გადასახადების ამკრეფთა მიმართ? მათ სძულდათ ისინი, რადგან ხშირად იმაზე მეტ გადასახადს მოითხოვდნენ ხალხისგან, ვიდრე ეს საჭირო იყო. მოწვეულთა შორის ისინიც არიან, ვისაც არასწორი ცხოვრების წესის გამო „ცოდვილის სახელი“ აქვს (ლუკა 7:37—39).
როდესაც იქ მყოფი ფარისევლები, რომლებსაც საკუთარი თავი მართლებად მოაქვთ, იესოს ასეთი ადამიანების გარემოცვაში ხედავენ, მის მოწაფეებს ეკითხებიან: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“ (მათე 9:11). იესოს ესმის, რას ლაპარაკობენ ისინი და პასუხობს: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად» (მათე 9:12, 13; ოსია 6:6). საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ფარისევლები გულწრფელობისგან შორს არიან, როცა იესოს მოძღვრად მოიხსენიებენ, მაგრამ მისი სიტყვებიდან შეუძლიათ გაიგონ, ღვთის თვალში რა არის სწორი.
როგორც ჩანს, მათემ გადასახადების ამკრეფები და ცოდვილები, რომელთაგანაც ბევრი იესოს „მიმდევარი გახდა“, თავისთან იმიტომ მიიწვია, რომ იესოსგან მეტი ესწავლათ და სულიერად განკურნებულიყვნენ (მარკოზი 2:15). იესოს სურს, რომ მათ ღმერთთან სრულფასოვანი ურთიერთობა განავითარონ. ამაყი და თავდაჯერებული ფარისევლებისგან განსხვავებით, იესო ზემოდან არ უყურებს მათ. პირიქით, მათდამი თანაგრძნობა და გულმოწყალება ამოძრავებს; სწორედ ამიტომ საუკეთესო მკურნალია ნებისმიერისთვის, ვინც სულიერადაა ავად.
იესო გულმოწყალებას ავლენს გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალს ხუჭავს მათ ცოდვებზე; სინამდვილეში ის მათაც ისევე თანაუგრძნობს, როგორც ფიზიკურად დასნეულებულთ. გაიხსენეთ, რამხელა თანაგრძნობა გამოავლინა იესომ კეთროვნის მიმართ, როდესაც შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ (მათე 8:3). კარგი იქნება, თუ მივბაძავთ იესოს და მის მსგავსად გულმოწყალებას გამოვავლენთ გასაჭირში მყოფთა მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვისაც სულიერი დახმარება ესაჭიროება.
-