საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში პოპულარული
    გამოიღვიძეთ! — 2002 | სექტემბერი 8
    • აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში პოპულარული

      ჯონი, რომელიც შოტლანდიაში გაიზარდა, ლატარიაში მოგებაზე ოცნებობდა. „ლატარიის ბილეთს ყოველკვირა ვყიდულობდი, — ამბობს იგი, — მასში მცირე თანხას ვიხდიდი, მაგრამ ეს ბილეთი იმედს მისახავდა, რომ ერთბაშად მოვიპოვებდი ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი“.

      კაზუშიგეს, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, დოღი უყვარდა. „მეგობრებთან ერთად დოღის დროს ფულზე სანაძლეოს დადება საუცხოო თავშესაქცევი იყო და ზოგჯერ დიდძალ ფულსაც ვიგებდი“, — იხსენებს იგი.

      „ბინგო ჩემი საყვარელი თამაში იყო, — ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები ლინდა, — ამ ჩვეულების გამო კვირაში 30 ამერიკული დოლარის დახარჯვა მიწევდა, სამაგიეროდ კი ძალიან მსიამოვნებდა ის განცდა, მოგებისას რომ მეუფლებოდა“.

      ჯონი, კაზუშიგე და ლინდა აზარტულ თამაშებს გართობის შედარებით უწყინარ ფორმად მიიჩნევდნენ. მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი იზიარებს ამავე თვალსაზრისს. გელაპის ინსტიტუტის მიერ 1999 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ამერიკელთა ორი მესამედი დადებითად იყო განწყობილი აზარტული თამაშებისადმი. ფულზე მოთამაშე ამერიკელებმა ლეგალურ აზარტულ თამაშებზე 1998 წელს თითქმის 50 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც აღემატება მათ მიერ კინოს ბილეთებზე, მუსიკალურ ჩანაწერებსა და სპორტულ სანახაობებზე, გართობა-დასვენების პარკებსა და ვიდეოთამაშებზე დახარჯული თანხის ჯამს.

      როგორც ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, ერთი წლის განმავლობაში ავსტრალიის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტმა, სულ მცირე, ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა აზარტულ თამაშებში, ხოლო მათი 40 პროცენტი ყოველკვირა თამაშობდა ფულზე. ავსტრალიელები მსოფლიოს ყველაზე აზარტულ მოთამაშეთა შორის არიან — ამ ქვეყნის სრულწლოვანი ადამიანები აზარტულ თამაშებზე ყოველწლიურად, საშუალოდ, 400 ამერიკულ დოლარზე მეტს ხარჯავენ, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ევროპელებისა და ამერიკელების მიერ დახარჯულ თანხებს.

      ბევრი იაპონელი პატინკოთია (ბილიარდის ნაირსახეობა) გატაცებული და ამ თამაშზე ისინი ყოველწლიურად მილიარდობით ამერიკულ დოლარს ხარჯავენ. ბრაზილიელები ყოველწლიურად 4 მილიარდამდე დოლარს მაინც ხარჯავენ აზარტულ თამაშებზე — უმეტესწილად კი ლატარიის ბილეთებზე. მაგრამ, მხოლოდ ბრაზილიელებს როდი უყვართ ლატარია. ჟურნალ „ფაბლიკ გეიმინგ ინტერნეშნლის“ ერთ-ერთ ბოლო გამოცემაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ „მსოფლიოს 102 ქვეყანაში ლატარიის 306 სხვადასხვა სახეობა თამაშდება“. აზარტული თამაშები მართლაც რომ მთელ მსოფლიოშია პოპულარული და, როგორც ზოგი ამბობს, მას დიდი სარგებლობა მოაქვს.

      როგორც აზარტული თამაშების შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომელი, შერონ შარპი, ამბობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1964—1999 წლებში ლატარიის გათამაშებით მიღებულმა თანხამ „125 მილიარდი დოლარი შემატა ქვეყნის ბიუჯეტს, თანაც ამ საბიუჯეტო შემოსავლის უდიდესმა ნაწილმა 1993 წლიდან დაიწყო შემოსვლა“. ამ თანხის დიდი ნაწილი სახალხო განათლების პროგრამების განსახორციელებლად, სახელმწიფო ნაკრძალების დასაფინანსებლად და სპორტული ნაგებობა-კომპლექსების სრულყოფის მიზნით იქნა გამოყოფილი. აზარტული თამაშების ბიზნესი ბევრს სამუშაოთიც უზრუნველყოფს. მაგალითად, მარტო ავსტრალიაში ამ სფეროში 100 000-მდე ადამიანია დასაქმებული 7 000-ზე მეტ კომპანიაში.

      ამრიგად, როგორც აზარტული თამაშების ქომაგები ირწმუნებიან, ფულზე თამაში გართობის საშუალებას აძლევს ხალხს. უფრო მეტიც, მათი თქმით, კანონით ნებადართული აზარტული თამაშები ქმნის სამუშაო ადგილებს, გადასახადების სახით ზრდის ბიუჯეტს და სასიკეთოდ მოქმედებს ადგილობრივ დაცემულ ეკონომიკაზე.

      ამიტომ, ბევრმა შეიძლება იკითხოს: „მაშ, რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?“. ამ კითხვაზე პასუხი მომდევნო სტატიაში განიხილება და ვფიქრობთ, რომ იგი შეცვლის თქვენს თვალსაზრისს აზარტულ თამაშებზე.

      [სურათი 3 გვერდზე]

      ჯონი

      [სურათი 3 გვერდზე]

      კაზუშიგე

      [სურათი 3 გვერდზე]

      ლინდა

  • რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | სექტემბერი 8
    • რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?

      „აზარტული თამაშებით დაახლოებით 290 000 ავსტრალიელია გატაცებული. საერთო ჯამში, ისინი ყოველწლიურად 3 მილიარდზე მეტ ამერიკულ დოლარს აგებენ. ამ გატაცებას დიდი ზიანი მოაქვს არა მარტო მოთამაშეებისთვის, არამედ დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანისთვისაც, რომლებზეც უშუალოდ მოქმედებს თამაშით გატაცებულთა გაკოტრება, განქორწინება, თვითმკვლელობა და სამუშაო დროის მოპარვა“ (ჯ. ჰოუარდი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, 1999).

      ჯონი, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, სერიოზულად გაიტაცა აზარტულმა თამაშებმაa. იგი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ლინდაზე — ასევე აზარტულ მოთამაშეზე — დაქორწინდა. ჯონს უფრო და უფრო ითრევდა აზარტი. ის ამბობს: „თავიდან მხოლოდ ლატარიის ბილეთებს ვყიდულობდი, მერე კი დოღზე სანაძლეოს დადება და კაზინოებში ფულზე თამაში დავიწყე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლამის ყოველდღე ვთამაშობდი. ზოგჯერ მთელ ხელფასს ვაგებდი და ვალების გასასტუმრებლად და ოჯახის სარჩენად აღარაფერი მრჩებოდა. დიდძალი ფულიც რომ მომეგო, მაინც განვაგრძობდი თამაშს. მოგების ექსტაზი იმდენად მიზიდავდა, რომ ვერა და ვერ ვიშლიდი ამ ჩვევას“.

      ამ მხრივ ჯონი გამონაკლისი არ არის. როგორც ჩანს, აზარტული თამაშების ციებ-ცხელებით ადამიანთა მთელი მასებია შეპყრობილი. როგორც ჟურნალი „იუ-ეს-ეი თუდეი“ იუწყება, შეერთებულ შტატებში 1976—1997 წლების განმავლობაში მართლაც რომ უჩვეულოდ, მთელი 3 200 პროცენტით, გაიზარდა კანონით ნებადართულ აზარტულ თამაშებში მონაწილეთა მიერ დახარჯული თანხის ოდენობა.

      „აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ადრე მანკიერებად ითვლებოდა და მიუღებელი იყო ხალხისთვის. დღეს კი საყოველთაოდ მიღებულ გართობად ითვლება“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. გაზეთი ხალხის მიერ დამოკიდებულების შეცვლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს და დასძენს: „საზოგადოებრივი აზრის შეცვლა პირდაპირი შედეგია კანადის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ძვირი და ყველაზე ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიისა, რომელსაც მთავრობა აფინანსებს“. რა გავლენა მოახდინა აზარტული თამაშების განვითარებისთვის ხელშეწყობამ ადამიანთა სხვადასხვა საზოგადოებაზე?

      აზარტული თამაშებით გატაცების ეპიდემია

      როგორც ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან არსებული მავნე ჩვევების შემსწავლელი განყოფილება ვარაუდობს, 1996 წელს „ამერიკაში აზარტული თამაშებით გატაცებული ან უკვე აქტიურად მოთამაშე 7,5 მილიონი სრულწლოვანი იყო“. ამას ემატებოდა „ფულზე თამაშით გატაცებული ან აქტიურად მოთამაშე 7,9 მილიონი ამერიკელი მოზარდიც“. ეს ციფრები ჩართეს აზარტული თამაშების ზემოქმედების შემსწავლელი ეროვნული კომისიის (NGISC) ანგარიშში, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინა. როგორც ანგარიშში იყო ნათქვამი, ამერიკაში აზარტული თამაშებით გატაცებულთა რიცხვი, სინამდვილეში, ოფიციალურ ციფრზე გაცილებით დიდია.

      ასეთი აზარტული ჩვევები სამუშაოს დაკარგვასა და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. სახელმწიფო კი თავის თავზე იღებს უმუშევართათვის ფულადი დახმარების გაწევას. გარდა ამისა, მავნე ჩვევების მქონეთა დასახმარებლად შემუშავებული პროგრამებიც საკმაოდ ძვირი ჯდება. ზემოხსენებული ფაქტორების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ აზარტული თამაშებით გატაცება შეერთებულ შტატებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით აზარალებს. მაგრამ ეს ციფრი ვერანაირ წარმოდგენას ვერ გვიქმნის აზარტული თამაშებით გატაცებულთა მიერ მიყენებულ ზიანსა და ტკივილზე — მასში არ აისახება ის ტრავმა, რომელსაც მოთამაშეები აყენებენ საკუთარ ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს ქურდობით, ფულის მითვისებითა და თვითმკვლელობით, აგრეთვე ოჯახის წევრებსა და ბავშვებზე ძალადობით. ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული თითოეული ადამიანის საქციელი უშუალო გავლენას ახდენს ათამდე სხვა ადამიანზე. როგორც შეერთებული შტატების ეროვნული კვლევითი საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი, „აქტიური აზარტული მოთამაშეების მეუღლეთა 50 პროცენტი და ბავშვების 10 პროცენტი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებოდა“.

      ჩვევა, რომელიც გადამდებია

      ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთი დაავადების მსგავსად, აზარტული თამაშებით გატაცებაც მშობლებიდან შვილებს გადაეცემა. „ფანატიკური აზარტული მოთამაშეების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ისეთი ცუდი ჩვევებისკენ, როგორიცაა მოწევა, გადამეტებული სმა და ნარკოტიკების გამოყენება. უფრო დიდია იმის საშიშროებაც, რომ, მშობლების მსგავსად, მათაც გაიტაცებს ფულზე თამაში, ან აქტიური მოთამაშეები გახდებიან“, — ნათქვამია NGISC-ის ანგარიშში. ცნობაში გაფრთხილებაც იყო, რომ „უფროსებთან შედარებით, მოზარდებში უფრო დიდია ფულზე თამაშით გატაცებისა და აქტიურ აზარტულ მოთამაშედ ქცევის ალბათობა“.

      ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან არსებული მავნე ჩვევების შემსწავლელი განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ჰოვარდ შაფერი, ამბობს: „საკმაოდ დიდი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდებს შორის უკანონო აზარტული თამაშებით გატაცება თითქმის ისეთივე ტემპით იზრდება, როგორც ფულზე კანონიერად თამაშის შესაძლებლობა“. აქტიური მოთამაშეების მიერ ინტერნეტის ბოროტად გამოყენების საშიშროების შესახებ კი მან თქვა: „როგორც მოსაწევი კოკაინის გავრცელებამ მოახდინა გარდატეხა ნარკომანების ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ ელექტრონული ფორმატიც სულ სხვანაირ მაცდურ ხიბლს მისცემს აზარტულ თამაშებს“.

      აზარტული თამაშების ბიზნესს ხშირად უწყინარი გართობის შემომთავაზებლად წარმოგვიდგენენ. მაგრამ აზარტულ თამაშებს მოზარდები ისევე ადვილად შეიძლება მიეჩვიონ, როგორც ნებისმიერ უკანონო ნარკოტიკს და შეიძლება დანაშაულიც კი ჩაიდინონ. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ფულზე მოთამაშე მოზარდების „46 პროცენტი ოჯახიდან ფულს იპარავდა“, რათა თამაში შეძლებოდა.

      ზემოხსენებული ფაქტების მიუხედავად, აზარტული თამაშების ერთი გავლენიანი ასოციაცია გამართლებულად მიიჩნევს ფულზე თამაშისთვის ხელის შეწყობას, რასაც მისი წარმომადგენლები ამგვარად ხსნიან: „ამერიკელთა უმრავლესობას, რომლებიც სიამოვნებით თამაშობენ ფულზე, არანაირი პრობლემა არ ექმნებათ ამის გამო“. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ფულზე თამაში უარყოფითად არ აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე მაინც ღირს დაფიქრება, თუ რა გავლენას ახდენს აზარტული თამაშები თქვენს სულიერ ჯანმრთელობაზე. არსებობს თუ არა საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც გონივრული იქნებოდა, აზარტულ თამაშებს მორიდებოდით? ამის თაობაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

      [სქოლიო]

      a იხილეთ ჩარჩო „გატაცებული ხომ არ ვარ აზარტული თამაშებით?“, გვ. 4, 5.

      [ჩარჩო⁄სურათები 4, 5 გვერდებზე]

      გატაცებული ხომ არ ვარ აზარტული თამაშებით?

      ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის თანამშრომელთა აზრით, მე-5 გვერდზე მოცემული კრიტერიუმები კარგ დახმარებას გაგიწევს იმის გასარკვევად, ხარ თუ არა აქტიური აზარტული მოთამაშე. სპეციალისტთა უმრავლესობას ერთი აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევებიდან რამდენიმე მაინც გახასიათებს, მაშასადამე, გატაცებული ხარ აზარტული თამაშებით. ხოლო, თუ მხოლოდ ერთი რომელიმე ქცევა გახასიათებს, მაშინ აზარტული თამაშებით გატაცების საფრთხე გემუქრება.

      ფიქრების ტყვეობაში. უზომოდ ბევრს ფიქრობ აზარტულ თამაშებზე — ცდილობ, ბოლო თამაშისას განცდილი აღიდგინო გონებაში, გეგმავ მომავალ „თავგადასავალს“, ან იმაზე ფიქრობ, როგორ იშოვო სათამაშოდ საჭირო ფული.

      ჩვევაში გადაზრდა. იმისათვის, რომ სასურველი ექსტაზი განიცადო, სულ უფრო და უფრო მეტი ფული გჭირდება.

      თავის დანებების „სინდრომი“. როდესაც ცდილობ, იშვიათად ან საერთოდ არ ითამაშო, მოუსვენრობა გეწყება ან ღიზიანდები.

      რეალობაზე თვალის დახუჭვა. იმ მიზნით თამაშობ, რომ გაექცე პრობლემებს, ან დასძლიო უმწეობისა და დანაშაულის გრძნობა და გათავისუფლდე ზედმეტი საზრუნავისა თუ დეპრესიისგან.

      წაგებულის დაბრუნების „სინდრომი“. ფულის წაგების შემთხვევაში, მეორე დღეს, ხშირად, კვლავ თამაშს უბრუნდები იმ მიზნით, რომ წაგებული დაიბრუნო.

      სიმართლის დამალვა. ოჯახის წევრებს, ექიმებსა და სხვებს ატყუებ — გინდა დამალო, რამდენად ხარ გატაცებული აზარტული თამაშებით.

      კონტროლის დაკარგვა. არაერთხელ შეეცადე თამაშისთვის თავი დაგენებებინა, საკუთარი თავი გაგეკონტროლებინა ან იშვიათად მაინც გეთამაშა, მაგრამ უშედეგოდ.

      არაკანონიერი ქმედებები. თამაშისთვის სამყოფი ფული რომ გქონოდა, ისეთი უკანონო ქმედებები ჩაიდინე, როგორიცაა: თაღლითობა, ქურდობა ან სხვისი ფულის გაფლანგვა.

      ურთიერთობებისთვის საფრთხის შექმნა. აზარტული თამაშების გამო საფრთხეში ჩაიგდე ან უკვე გაიფუჭე ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. უკვე დაკარგე განათლების მიღებისა და ცხოვრების გზის არჩევის შესაძლებლობა და სამსახური.

      სხვებზე დაიმედება. უზომოდ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან რომ გამოხვიდე, რომელშიც აზარტულმა თამაშებმა ჩაგაგდო, სხვებზე ამყარებ იმედს და მათგან ელი ფულად დახმარებას.

      [საავტორო უფლება]

      წყარო: National Opinion Research Center at the University of Chicago, Gemini Research, and The Lewin Group.

      [ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

      რა დგას ლატარიის რეკლამის უკან

      „ლატარიის რეკლამა. . . [ბევრმა] შეიძლება ზნეობრივი ფასეულობების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამად აღიქვას — თითქოსდა აზარტული თამაშები დიდად სასიკეთო და კეთილშობილური საქმე ყოფილიყოს“, — ნათქვამია დიუკის უნივერსიტეტის (შეერთებული შტატები) მკვლევარების მიერ აზარტული თამაშების ზემოქმედების შემსწავლელი ეროვნული კომისიისადმი მიწოდებულ ანგარიშში. მაგრამ, რა გავლენას ახდენს სინამდვილეში ლატარიის რეკლამა მოსახლეობაზე? ანგარიშში ნათქვამია: «ალბათ, არ გავაზვიადებდით, თუ ვიტყოდით, რომ ლატარიის რეკლამირება ძირგამომთხრელი საქმიანობაა — ის გვასწავლის, რომ ადამიანის წარმატება სწორი ციფრის შერჩევაზეა დამოკიდებული. ამ დამახინჯებულმა „საგანმანათლებლო“ მოღვაწეობამ, რომელსაც ლატარიის გათამაშების ორგანიზატორები ეწევიან, შეიძლება საკმაოდ არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს — ეკონომიკური ზრდის შენელების შედეგად, საბოლოო ჯამში, სამთავრობო საბიუჯეტო შემოსავლებიც შემცირდება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ ლატარიის რეკლამა ხალხს მუშაობის, დანაზოგის გადადების და განათლების მისაღებად ფულის დაბანდების სურვილს დაუკარგავს, შედეგად, შესამჩნევად შემცირდება შრომის ნაყოფიერება. როგორც უნდა იყოს, სასწაულის მოლოდინი ნამდვილად არ არის წარმატების საწინდარი — თუმცა ყოველდღე სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს შვილებს».

      [ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

      ნებისმიერი სახლი შეიძლება იქცეს კაზინოდ

      სამორინეების ასაშენებლად დიდძალი თანხებია საჭირო, მაგრამ აზარტული თამაშების მესვეურები ამ თანხებს ზოგავენ და ახლა ისინი შედარებით იაფად ქმნიან ვებ-საიტებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სახლი, სადაც ინტერნეტთან შეერთებული კომპიუტერი დგას, ვირტუალურ კაზინოდ აქციონ. XX საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში ინტერნეტში აზარტული თამაშების დაახლოებით 25 საიტი იყო. 2001 წლისთვის ეს რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა, ხოლო აზარტული ინტერნეტ-თამაშებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ყოველწლიურად ორმაგდება. 1997 წელს აზარტული საიტებიდან მიღებული მოგება 300 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 1998 წლისთვის მოგება 650 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2000 წელს მოგებამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა და, როგორც ვარაუდობენ, 2003 წლისთვის ეს ციფრი „6,4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“, — იტყობინება „რეიტერის“ საინფორმაციო სააგენტო.

      [სურათი 6 გვერდზე]

      აზარტული თამაშებით გატაცებული ადამიანი ზიანს აყენებს როგორც გარშემომყოფთ, ისე საკუთარ თავს და ოჯახი შეიძლება ულუკმაპუროდაც კი დატოვოს.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ახალგაზრდებს შორის შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება აზარტული თამაშებით გატაცებულთა რაოდენობა.

      [სურათი 8 გვერდზე]

      ფანატიკური აზარტული მოთამაშეების შვილებს უფრო მეტად ემუქრებათ აზარტული თამაშებით გატაცების საფრთხე.

  • მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს
    გამოიღვიძეთ! — 2002 | სექტემბერი 8
    • მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს

      „აზარტული თამაშებით გატაცება ცუდად არ მოქმედებდა ჩემს ჯანმრთელობაზე და ყოველთვის ვაკონტროლებდი, რამდენ ფულს ვხარჯავდი თამაშში. ერთი რამ კი უნდა ვაღიარო: როდესაც ლატარიის გათამაშებაში ვიღებდი მონაწილეობას, ყოველთვის იმ ციფრებს ვირჩევდი, რომლებსაც ჩემს ბედნიერ რიცხვებად მივიჩნევდი“ (ლინდა).

      აზარტული თამაშებით გატაცებულ მრავალ ადამიანს ბედნიერი რიცხვებისა და თილისმების სწამს. ისინი შეიძლება ვერ გრძნობდნენ, რომ თავიანთ ცრუმორწმუნეობრივ შეხედულებებს სრული სერიოზულობით ეკიდებიან, მაგრამ მათი საქციელი შეიძლება სწორედ ამაზე მეტყველებდეს.

      ზოგი მოთამაშე ლოცულობს კიდეც და ღმერთს შესთხოვს, ესა თუ ის თამაში მოაგებინოს. მაგრამ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ღმერთი განსჯის იმ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ღმერთს სცემენ თაყვანს, ამავე დროს კი „იღბლის ღმერთს უშლიან სუფრას“ (ესაია 65:11, აქ). დიახ, ღმერთს სძულს ყოველივე, რაც იღბლისადმი ცრურწმენის გაღვივებას უწყობს ხელს. თავისი არსით, ნებისმიერი აზარტული თამაში ადამიანებს იღბლისადმი ბრმა რწმენას უღვივებს.

      აზარტული თამაშები ხალხს მოურიდებლად უნერგავს ფულისადმი სიყვარულს. დღევანდელ სულ უფრო და უფრო არარელიგიურ საზოგადოებაში ფული ღმერთის შემცვლელად იქცა, ხოლო აზარტული თამაშები — მისი თაყვანისცემის პოპულარულ ფორმად. ტაძრების ადგილი გრანდიოზულმა სამორინეებმა დაიკავა, ხოლო ახალი მრწამსის თანახმად, სიხარბე კეთილშობილური თვისებაა. როგორც მკვლევარებმა გამოააშკარავეს, იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, ვინც კაზინოებში დადის, ამბობს, რომ აქ გასართობად ან, უბრალოდ, სასიამოვნო გარემოს გამო კი არ მოდიან, არამედ „ბევრი ფულის“ მოსაგებად. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: «ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა [„ფულის სიყვარულია“, აქ] და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს» (1 ტიმოთე 6:10).

      ბიბლიაში, 1 კორინთელთა 6:9, 10-ში, ნათლად არის ნათქვამი: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც. . . კერპთაყვანისმცემელნი, ვერც. . . ხარბნი. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. სიხარბეს მხოლოდ საზოგადოებისთვის არ მოაქვს ზიანი, იგი სულიერად მომაკვდინებელი დაავადებაც არის — მაგრამ, საბედნიეროდ, განკურნებადი.

      მათ ეყოთ ძალა, რომ შეცვლილიყვნენ

      „აზარტული თამაშებისთვის თავის დანებებას არაერთხელ შევეცადე, — გვიყვება შესავალ სტატიაში მოხსენიებული კაზუშიგე. — ვხვდებოდი, რომ მეგობრებთან ერთად დოღის დროს ფულზე თამაში ოჯახს მინგრევდა. თუ რამეს მოვიგებდი, მერე ყოველთვის ისევ ვაგებდი ხოლმე. ჩემს ცოლს მეორე ვაჟზე მშობიარობისთვის ფული ჰქონდა გადადებული და ისიც კი გავფლანგე აზარტულ თამაშში. ბოლოს, იმ ფირმის თანხებსაც მივყავი ხელი, რომელშიც ვმუშაობდი. ამან კი ის გამოიწვია, რომ სავსებით დავკარგე საკუთარი ღირსების გრძნობა. მეუღლე ხშირად ტიროდა და მეხვეწებოდა, თავი დამენებებინა ფულზე თამაშისთვის, მაგრამ მე, უბრალოდ, არ შემეძლო ამის გაკეთება“.

      შემდეგ კაზუშიგემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ის ამბობს: „რაც უფრო მეტად ვკითხულობდი ბიბლიას, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და თუ მას მოვუსმენდი, ეს სარგებლობას მომიტანდა. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ღვთის მიერ ბოძებული ძალით თავი დამენებებინა აზარტული თამაშებისთვის. ჩემდა გასაკვირად, არა მარტო თავი დავანებე ფულზე თამაშს, არამედ სიძულვილიც კი გამიჩნდა მისადმი. ახლა, როდესაც ფულზე თამაშით ოჯახისთვის მიყენებულ ზიანს ვიხსენებ, გული მტკივა. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვა ღმერთის იმისათვის, რომ მისი დახმარებით ფულზე თამაშს გადავეჩვიე და აზრით აღსავსე ცხოვრებას ვეწევი“ (ებრაელთა 4:12).

      ჯონმაც, რომელიც აგრეთვე შესავალ სტატიაში იყო მოხსენიებული, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის იხსენებს: „ბიბლიის შესწავლა სიტუაციის ახლებურად შეფასებაში დამეხმარა. შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ცხოვრებაში ბოლომდე ამეხილა თვალები და დავინახე, რამხელა ზიანს ვაყენებდი ფულზე თამაშით როგორც ოჯახს, ისე საკუთარ თავს. მივხვდი, რომ აზარტული თამაშები ეგოისტურ გრძნობებს და სიხარბეს აღვივებს — ეს კი ის თვისებებია, რომლებიც იეჰოვას სძულს. შესწავლამ იეჰოვასადმი სიყვარული ჩამინერგა გულში. სიყვარულმა კი ძალა მომცა, თავი დამენებებინა აზარტული თამაშებისთვის. ფულზე თამაში უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებამ დამაწყებინა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც მივატოვე აზარტული თამაში და იეჰოვას სიხარულით ვემსახურები, ეს ოცნება მართლა ამიხდა“.

      ჯონის ცოლმაც, ლინდამ, გადაწყვიტა, აზარტულ თამაშებს მორიდებოდა. „ეს ადვილი არ ყოფილა, — ამბობს ის, — მაგრამ, მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ქმარმა იეჰოვას მოწმეებთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა, ყურადღების იმაზე შეჩერება ვისწავლე, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ვისწავლე იმის შეყვარება, რაც ღმერთს უყვარს და იმის შეძულება, რაც მას სძულს — მათ შორის, ყოველგვარი სიხარბისა. ახლა ჩემმა ცხოვრებამ მეტი აზრი შეიძინა და საფულეშიც უფრო მეტი ფული მაქვს“ (ფსალმუნი 96:10).

      თუ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობას დაამყარებთ, თქვენც გექნებათ იმდენი ძალა და სიბრძნე, რომ თავი აარიდოთ აზარტული თამაშების მახეს. თუ ასე მოიქცევით, თქვენი ფინანსური და ემოციური მდგომარეობა, აგრეთვე სულიერი ჯანმრთელობა, აუცილებლად გაუმჯობესდება. სიამოვნებას მოგგვრით იმის დანახვა, რომ თქვენზეც სრულდება იგავნის 10:22-ში ჩაწერილი სიტყვები: „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“.

      [ჩანართი 11 გვერდზე]

      სიხარბეს მხოლოდ საზოგადოებისთვის არ მოაქვს ზიანი, იგი სულიერად მომაკვდინებელი დაავადებაც არის.

      [ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

      აზარტული თამაშები და ზებუნებრივი ძალები

      აზარტული თამაშების ზემოქმედების შემსწავლელი ეროვნული კომისიისთვის მიწვდილ ანგარიშში დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მინიშნება გააკეთეს აზარტული თამაშების რეკლამასა და ზებუნებრივი ძალებისადმი რწმენას შორის არსებულ კავშირზე. ანგარიშში ნათქვამია: „[ლატარიის] მრავალი რეკლამა მოურიდებლად ქადაგებს მომხვეჭელობას. . . მაგრამ, ისინი იმისკენ კი არ მოუწოდებენ, რომ ქონება მძიმე შრომითა და მიზანდასახული ბრძოლით დააგროვონ, არამედ ასწავლიან, ჯინებისა და ჯადოსნური ლამპრებისადმი რწმენით გააკეთონ ეს ყველაფერი — რწმენით, რომელსაც არარეალურ მოლოდინში, ოცნებებსა და ცრურწმენაში აქვს ფესვები გადგმული. ლატარიის გათამაშების ყველა ორგანიზატორმა იცის, რომ ყველაზე ხშირი კლიენტების დიდი ნაწილი ლატარიის თამაშისას ხელმძღვანელობს პირადი ცრუმორწმუნეობრივი შეხედულებებითა და ჰოროსკოპებით, მკითხავების რჩევებითა და სიზმრების ამხსნელი პოპულარული წიგნებით, რომლებშიც კონკრეტულ სახელებთან, თარიღებთან და სიზმრებთან დაკავშირებული რიცხვების ჩამონათვალია მოცემული. ლატარიის გათამაშების ორგანიზატორები მოთამაშეებს არ აფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ ყველა ციფრს მოგების თანაბარი შანსი აქვს და თუ ვინმე ტოტალიზატორზე თავისი საყვარელი რიცხვებით თამაშს ამჯობინებს, მას მოგების ნაკლები შანსი ექნება; პირიქით — ისინი ხალხს იმ რიცხვებით თამაშს ურჩევენ, რომლებსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას“.

      [სურათები 10 გვერდზე]

      „იეჰოვასადმი სიყვარულმა ძალა მომცა, თავი დამენებებინა აზარტული თამაშებისთვის“ (ჯონი).

      „ახლა ჩემმა ცხოვრებამ მეტი აზრი შეიძინა და საფულეშიც უფრო მეტი ფული მაქვს“ (ლინდა).

      [სურათები 10 გვერდზე]

      „ჩემდა გასაკვირად, არა მარტო თავი დავანებე ფულზე თამაშს, არამედ სიძულვილიც კი გამიჩნდა მისადმი“ (კაზუშიგე).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება