-
უბედურება მასობრივ ხასიათს ღებულობსგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
უბედურება მასობრივ ხასიათს ღებულობს
რობერტი მხოლოდ 11 წლის იყო, როცა გაუქმებული ხიდის ქვეშ პირქვე დაგდებული იპოვეს. კეფაზე ორი ნატყვიარი აჩნდა. ფიქრობდნენ, რომ ის თავისივე ახალგაზრდული ბანდის წევრებმა მოკლეს. თხუთმეტი წლის ალექსის ბანდის წევრობისკენ უბიძგებდნენ და, ალბათ, ნაადრევადაც უთხრიდნენ სამარეს. მაგრამ როცა თავისი მეგობრის სიკვდილი იხილა, გაიფიქრა: „არ მინდა, მეც ასე დავასრულო სიცოცხლე“.
ქუჩის მძვინვარე ბანდები, რომლებიც ერთ დროს დაკავშირებული იყვნენ ლოს-ანჯელესის საყოველთაოდ ცნობილ ბანდებთან „ბლადზ“ და „კრიპს“, დღეს მთელ მსოფლიოს მოედნენ. მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ, ბანდები საოცრად გვანან ერთმანეთს.
მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მთელი მსოფლიო შეძრა ინგლისის ბანდამ „ტედი ბოიზმა“. ლონდონის გაზეთ „ტაიმში“ ნათქვამი იყო, რომ ამ ბანდის წევრები ნაჯახებს, დანებს, ველოსიპედის ჯაჭვებსა და სხვა იარაღებს იყენებდნენ უდანაშაულო ადამიანების „დასასახიჩრებლად“. დანებით ჩხუბობდნენ, კაფეებსა და ყავახანებში ყველაფერს ამსხვრევდნენ“. ხალხს გადაეკიდებოდნენ, ძარცვავდნენ, სცემდნენ და კლავდნენ კიდეც.
ჰამბურგის (გერმანია) გაზეთი იუწყებოდა, რომ ამას წინათ „დისკოთეკისა თუ შინისკენ მიმავალ“ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ ბანდიტები, რომლებსაც თან ჰქონდათ „ბეისბოლის ტეფელები, დანები და პისტოლეტები“ (Die Welt). მიუნხენის ერთ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ თავგადაპარსულები ბერლინში თავს ესხმიან სუსტ ადამიანებს — უსახლკაროებს, ხეიბრებსა და პენსიონერ ქალებს“ (Süddeutsche Zeitung).
ესპანეთში „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტის ცნობით, მოზარდთა ბანდებთან დაკავშირებული პრობლემა ახალია, მაგრამ სწრაფად მწვავდება. მადრიდის გაზეთში ერთი სტატია ასე იყო დასათაურებული: „თავგადაპარსულები — ახალი კოშმარი ქუჩებში“ (ABC). ყოფილმა ესპანელმა თავგადაპარსულმა თქვა, რომ ისინი სუნით ცნობდნენ „ბინძურ უცხოელებს, მეძავებსა და ჰომოსექსუალისტებს“. მან ისიც დაუმატა, რომ „ჩალის ფასი ჰქონდა ღამეს ძალადობის გარეშე“.
სამხრეთ აფრიკის ერთ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ იქ ძალმომრეობითი დამნაშავეობა უმეტეს წილად „მოძალადე ბანდების შედეგია“ (Cape Times). კეიპტაუნში გამოცემულ ერთ წიგნში ნათქვამია, რომ სამხრეთ აფრიკის ბანდებმა ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილ დაბებში დაიწყეს „პარაზიტობა“, ისინი „ძარცვავდნენ და აუპატიურებდნენ თავიანთივე ჯგუფის წევრებს, მუშტი-კრივს მართავდნენ ქუჩებსა და მაღაზიებში, აუპატიურებდნენ ქალებს“.
ბრაზილიურ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ იქ „ბანდების რაოდენობა ელვის სისწრაფით იზრდება“ (O Estado de S. Paulo). მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ ბანდები თავს ესხმოდნენ მოწინააღმდეგე ბანდებს, შეძლებულ ახალგაზრდებს, სხვა რასის წარმომადგენლებსა და სამუშაოდ ჩასულ ღარიბებს. გაზეთი აგრეთვე იუწყებოდა, რომ ერთ დღეს რამდენიმე ბანდამ ორგანიზებული თავდასხმები მოაწყო, „პლაჟზე მყოფი ხალხი გაძარცვა. . . ურთიერთშორის ბრძოლა გააჩაღა“ და რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ქუჩა „საომარ ზონად“ აქცია. ბრაზილიიდან სხვა ცნობა გვატყობინებს, რომ ბანდების რაოდენობა იზრდება არა მხოლოდ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სან-პაულუ და რიო-დე-ჟანეირო, არამედ შედარებით პატარა ქალაქებშიც.
1995 წელს კანადის გაზეთში აღნიშნული იყო, რომ, პოლიციის ვარაუდით, უინიპეგში (კანადა) სულ მცირე რვა აქტიური ბანდა მაინც არსებობდა (Maclean’s). აშშ-ს გაზეთში დაიბეჭდა იმ ბანდიტების სურათები, რომლებმაც ინდიელთა იზოლირებულ რეზერვაციაში (სამხრეთ-დასავლეთი ამერიკა) ჩაცმულობის სტილი შეიტანეს და იქაურობა წარწერებით ააჭრელეს.
გასულ წელს ნიუ-იორკში მრავალი ბანდიტური თავდასხმა მოხდა. ამბობდნენ, რომ მათში მონაწილეობას ღებულობდნენ ლოს-ანჯელესში თავიდანვე განთქმული ბანდიტები — „ბლადზისა„ და „კრიპსის“ წევრები. როგორც ნიუ-იორკის მერი გვატყობინებს, ივლისიდან სექტემბრამდე პოლიციამ 702 ბანდიტი დააპატიმრა.
ეს პრობლემა უკვე არა მხოლოდ დიდი ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი. ერთ-ერთი გაზეთი, რომელიც აშშ-ს ცენტრალურ ნაწილში გამოდის, იუწყებოდა, რომ „მოზარდთა შორის იმატა ძალადობამ, ნარკომანიამ და სასოწარკვეთილებამ“ (Quad–City Times).
გულშემზარავი უბედურება
როგორც ამბობენ, ჩამოყალიბებამდე ერთი ბანდა მხოლოდ მეგობრების ჯგუფს წარმოადგენდა. მაგრამ მისი ლიდერის რეპუტაციის ზრდასთან ერთად ძალადობაც იზრდებოდა. ბანდის ლიდერი ბებიასთან ცხოვრობდა; მათ სახლი არაერთხელ დაცხრილეს, თანაც მაშინ, როცა ბებია შინ იყო. როგორც გაზეთი იუწყებოდა, სახლს 50-ზე მეტი ნატყვიარი აჩნდა. ეტყობა, სროლით სამაგიეროს უზღავდნენ შვილიშვილის ბანდას იმ მოქმედებების გამო, რომლებსაც მას აწერდნენ. ამასთანავე, ბანდის ლიდერის უფროსი ძმა ციხეში იჯდა ბანდიტური თავდასხმების გამო, ხოლო მისი დეიდაშვილი, რომელიც ძალადობისთვის თავის არიდების მიზნით სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მცირე ხნით დაბრუნდა სახლში, ჩამვლელი ავტოფურგონიდან მოკლეს.
ლოს-ანჯელესში ბანდიტებმა მანქანას ესროლეს და მოკლეს სამი წლის უდანაშაულო ბავშვი, რომლის დედამ და მისმა მეგობარმა იმ ქუჩაზე შეცდომით შეუხვიეს. ერთი ტყვია სკოლაში შეიჭრა და იმსხვერპლა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა, თუ როგორ უნდა გამოსწორებულიყვნენ. ბანდიტების მსხვერპლი გახდა ბევრი სხვაც, რომლებსაც არავითარი კავშირი ჰქონიათ ბანდებთან. ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მცხოვრებ ერთ დედას სამეზობლოში ყველა იცნობდა თავისი სამწუხარო მდგომარეობის გამო — მისი სამივე ვაჟი ბანდიტების ძალადობამ იმსხვერპლა.
რა იწვევს ამ მსოფლიო უბედურებას — ახალგაზრდების ძალადობას — და როგორ შეგვიძლია დავიცვათ მისგან ჩვენი საყვარელი შვილები? როგორ იქმნება ბანდები და რატომ უერთდება მათ ამდენი ახალგაზრდა? ეს კითხვები განხილულია მომდევნო სტატიებში.
-
-
რა უნდა ვიცოდეთ ბანდების შესახებგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
რა უნდა ვიცოდეთ ბანდების შესახებ
„თავიდან უბრალოდ მეზობელი ბიჭები ვიყავით. დაწყებით სკოლაში ერთად შევედით. ჩვენ მხოლოდ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით“, — აღნიშნა კალიფორნიის ბანდის ყოფილმა წევრმა, უეიდმა.
ბანდები ხშირად მეზობლობაში ყალიბდებოდა. მოზარდები ქუჩის კუთხეებში იყრიდნენ თავს. ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთადვე იცავდნენ თავს მეზობლად არსებული უფრო ავტორიტეტული ბანდისგან. მაგრამ მალე მთელი ჯგუფი ყველაზე მოძალადე წევრების გავლენის ქვეშ ექცეოდა და სახიფათო კრიმინალურ მოქმედებებში ებმებოდა.
სხვა ქუჩაზე არსებულ მოწინააღმდეგე ბანდას ახალი ჯგუფი შეიძლება მტრად მიეჩნია. გულისწყრომას ძალადობა მოსდევდა. ნარკოტიკებით მოვაჭრეები ბანდებში ასაღებდნენ ნარკოტიკებს. ამას სხვა კრიმინალური მოქმედებებიც მოჰყვებოდა.
ლუისი 11 წლის იყო, როცა მეგობრებმა ბანდა ჩამოაყალიბეს. 12 წლისამ ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო. პირველად 13 წლის ასაკში დააპატიმრეს. ლუისი ავტომობილების გატაცებაში, სახლების გატეხვასა და შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობდა. ხშირად აპატიმრებდნენ ბანდების ჩხუბში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო.
ზოგჯერ შეიძლება გაგვაკვირვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ბანდებს ეკუთვნიან. მართა კარგი შესახედაობის გოგონა იყო, სკოლაში ადვილად აღწევდა წარმატებებს, კარგ ნიშნებს ღებულობდა და კარგი ყოფაქცევითაც გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, ის ლიდერობდა ბანდას, რომელიც მარიხუანით, ჰეროინითა და კოკაინით ვაჭრობდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი დაცხრილეს, მართამ შიშის გამო ცხოვრების წესის შეცვლა.
რატომ უერთდებიან ბანდებს
საოცარია, მაგრამ როგორც ზოგი ბანდიტი ამბობს, ბანდას იმიტომ შეუერთდა, რომ სიყვარული ეგრძნო. ისინი ეძებდნენ მეგობრობასა და ახლო ურთიერთობას, რაც ოჯახში არ გააჩნდათ. ჰამბურგის (გერმანია) გაზეთში (Die Zeit) აღნიშნული იყო, რომ ქუჩის ბანდებში ახალგაზრდები უსაფრთხოებას ეძებენ, რასაც სხვაგან ვერ ხედავენ. ყოფილმა ბანდიტმა — ერიკმა — აღნიშნა: „როცა სახლში სიყვარულს ვერ გრძნობ, გარეთ მიდიხარ უკეთესი პირობების საძებნელად“.
ერთი მამა, ყოფილი ბანდიტი, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ წერდა: „ციხეში არაერთხელ ვმჯდარვარ ხულიგნობის, ბანდების ჩხუბში მონაწილეობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ბოლოს, მიმავალი ავტომობილიდან მკვლელობის მცდელობის გამო“. მოგვიანებით, როცა ვაჟი, რამირო, შეეძინა, მამა მცირე დროს უთმობდა ბავშვს. მოზარდობისას რამიროც ბანდას შეუერთდა. ბანდების ჩხუბში მონაწილეობის გამო ისიც დააპატიმრეს. როცა მამამ კატეგორიულად მოსთხოვა შვილს ბანდასთან კავშირის გაწყვეტა, რამირომ იყვირა: „ახლა ის ჩემი ოჯახია“.
ერთმა მედდამ, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა 114 დაჭრილ ახალგაზრდას ტეხასის საავადმყოფოში, თქვა: „უცნაურია. ვფიქრობ, არასოდეს მსმენია, რომ რომელიმე ახალგაზრდას დედა ან ოჯახის წევრი მოეკითხოს“.
ისიც აღსანიშნავია, რომ ბანდებს მხოლოდ ქალაქის შედარებით ღარიბ უბნებში მცხოვრები ბავშვები არ უერთდებიან. რამდენიმე წლის წინ კანადის გაზეთში (Maclean’s) მოყვანილი იყო ციტატა პოლიციელის ნათქვამიდან, რომ მათ ქალაქის უმდიდრეს და უღარიბეს უბნებში მცხოვრები ბავშვები ერთ ბანდაში ნახეს. სხვადასხვა წარმომავლობის ახალგაზრდები ერთი მიზეზის გამო ერთიანდებიან — ეძებენ ერთიანობას, რასაც ოჯახში ვერ ხედავენ.
ზოგან ახალგაზრდები ბანდიტობას ნორმალურ ცხოვრებად მიიჩნევენ. 16 წლის ფერნანდო განმარტავს: «ჰგონიათ, რომ ბანდაში გაერთიანება მათ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. ფიქრობენ: „მეგობრებს შევიძენ. ისინი დიდები არიან და პისტოლეტები აქვთ. დამიცავენ და ვერავინ ვერაფერს დამაკლებს“ ». მაგრამ ბანდის ახალი წევრები მალევე ხვდებიან, რომ ბანდის მტრების სამიზნეები ხდებიან.
ხშირად ბანდები ისეთ უბნებში არიან, სადაც ხალხს ფული ცოტა აქვს, იარაღი კი — ბევრი. როგორც ახალი ამბებიდან ჩანს, დიდ ქალაქებში ყოველი 3 მოსწავლიდან ორს მარტოხელა მშობელი ჰყავს. ზოგი მოსწავლის მშობელი ნარკომანია და შესაძლოა ღამე სახლში არ მიდის, მოსწავლე კი იძულებულია, სანამ თვითონ სკოლაში წავა, თავისი უმამოდ დარჩენილი ბავშვი წაიყვანოს საბავშვო ბაღში.
კალიფორნიის გუბერნატორმა, პიტ უილსონმა, აღნიშნა: „ჩვენს წინაშე უდიდესი პრობლემა დგას, რადგან მრავალი ბავშვი უმამოდ იზრდება, მამაკაცის გარეშე, რომელიც მათთვის მაგალითი იქნებოდა, სიყვარულს აგრძნობინებდა, უხელმძღვანელებდა, დაარიგებდა და ღირსების გრძნობას ჩაუნერგავდა — წარმოდგენაც არა აქვთ, რატომ უნდა სცემდნენ პატივს საკუთარ თავსა და სხვებს“. მან თქვა, რომ ახალგაზრდებს არა აქვთ უნარი, თანაუგრძნონ ერთმანეთს და ამის გამო, „შეუძლიათ ისე მოკლან ადამიანი, რომ ოდნავი სინდისის ქენჯნაც კი არ იგრძნონ“.
თუმცა ბანდების ზრდა ძირითადად ოჯახური ერთიანობის, აღზრდისა და ნამდვილი ზნეობრივი მაგალითის უქონლობითაა განპირობებული, მასში სხვა ფაქტორებიც გარკვეულ როლს ასრულებს. მაგალითად, სატელევიზიო გადაცემები და ფილმები, რომლებიც ძალადობას პრობლემების გადაჭრის იოლ გზად წარმოგვიდგენს; საზოგადოება, რომელიც ხშირად ღარიბებს ბედშავებს უწოდებს და გამუდმებით შეახსენებს მათ, რომ არ შეუძლიათ ყოველივე იმის გაკეთება, რასაც სხვები აკეთებენ; მზარდი რაოდენობა ოჯახებისა, სადაც სამუშაოთი გადატვირთული ახალგაზრდა დედა ძალას არ ზოგავს, რათა მატერიალურად უზრუნველყოს თავისი უმეთვალყურეოდ დარჩენილი შვილი ან შვილები. ამ და შესაძლოა სხვა ფაქტორების ერთობლიობამაც გამოიწვია ქუჩის ბანდებთან დაკავშირებული მზარდი მსოფლიო უბედურება.
ბანდიდან გამოსვლა იოლი როდია
ზოგი ბანდიტი დროთა განმავლობაში ტოვებს ბანდას და სხვაგვარ საქმიანობას იწყებს. სხვები შესაძლოა ნათესავებთან საცხოვრებლად მიდიან სხვა მხარეში და ბანდიტობას ამგვარად არიდებენ თავს. მაგრამ ხშირად ბანდიდან გამოსვლა არცთუ ისე იოლია.
ჩვეულებრივ, სანამ პიროვნება ბანდის დატოვების უფლებას მიიღებდეს, მას ბანდის რამდენიმე წევრისგან მაგარი ცემა-ტყეპის ატანა უწევს. სინამდვილეში, ზოგ ბანდაში მიღებული იყო, ესროლათ იმ წევრებისთვის, რომლებიც ბანდიდან გავლას მოისურვებდნენ. თუ გადარჩებოდნენ, ბანდის დატოვების უფლებას ღებულობდნენ! ღირს თუ არა ბანდიდან გამოსვლა ამგვარ შეურაცხყოფად?
ერთმა ყოფილმა ბანდიტმა ახსნა, თუ რატომ უნდოდა ბანდიდან გამოსვლა: „ჩემი ხუთი მეგობარი უკვე მკვდარია“. ცხადია, ბანდიტის ცხოვრება შეიძლება წარმოუდგენლად საშიში იყოს. ჟურნალი „ტაიმი“ იუწყებოდა ყოფილი ჩიკაგოელი ბანდიტის შესახებ: „თავისი შვიდწლიანი კარიერის მანძილზე მუცელში დაჭრეს, თავში შპალი ჩაარტყეს, ჩხუბის დროს ხელი მოსტეხეს და ავტომობილის გატაცების გამო ორჯერ დააპატიმრეს. . . მაგრამ ახლა, როცა სწორ გზაზე დგას, ყოფილ მეგობრებს სურთ, მას რაიმე ავნონ“.
უკეთესი ცხოვრება შესაძლებელია
ბრაზილიელი მამაკაცი, ელენო, ერთ დროს „ჰედბენგერსის“ წევრი იყო, ბანდისა, რომელიც დანებით და ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღით იბრძოდა. რადგან ელენო ფიქრობდა, რომ ცხოვრებისგან დაჩაგრული იყო, სიამოვნებას პოულობდა ნივთების დამსხვრევასა და ხალხზე თავდასხმაში. თანამშრომელი მას ბიბლიის შესახებ ესაუბრა. მოგვიანებით ელენო იეჰოვას მოწმეთა კონგრესს დაესწრო, სადაც მან თავისი და მოწინააღმდეგე ბანდის ყოფილი წევრები ნახა. ისინი ძმებივით შეხვდნენ ერთმანეთს — რამდენად დიდი იყო სხვაობა იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა წარსულში მომხდარიყო?
ნამდვილად ხდება ასე? რა თქმა უნდა! ამას წინათ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი ესაუბრა ლოს-ანჯელესის მთავარი ბანდების ყოფილ წევრებს, რომლებიც ახლა იეჰოვას მოწმეთა კრებებში მსახურობენ. რამდენიმე საათის საუბრის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და თქვა: «შეხედეთ! „ბლადზისა“ და „კრიპსის“ ყოფილი წევრები ერთად სხედან და ერთმანეთი ძმებივით უყვართ!» ყველა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ულმობელი ბანდიტები გულკეთილ და მოსიყვარულე ადამიანებად ბიბლიის საშუალებით ღვთისმოსაწონი პრინციპების გულმოდგინე შესწავლამ აქცია.
შესაძლებელია, ეს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მომხდარიყო? მართლა შეუძლიათ დღეს ბანდიტებს, რომ ასე შეიცვალონ? შეუძლიათ, თუკი სურთ, რომ მონახონ ღვთის სიტყვაში მოცემული ძლიერი გამხნევება და თავიანთი ცხოვრება ბიბლიურ პრინციპებს შეუსაბამონ. თუ ბანდის წევრი ხარ, რატომ არ იფიქრებ ამგვარ ცვლილებაზე?
ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მივატოვოთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა და შევიმოსოთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღმერთისაებრ სიმართლით და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22–24, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). როგორ ხდება ახალ კაცად შემოსვა? ბიბლია ამბობს, რომ „შემეცნებით“ პიროვნება შეიძლება ‘განახლდეს მისი შემოქმედის [ღვთის] ხატისამებრ’ (კოლასელთა 3:9–11)
ღირს კი ცვლილება ძალისხმევად? დიახ! თუ ბანდის წევრი ხარ, ცხოვრების შესაცვლელად, ალბათ, დახმარება დაგჭირდება. შენს უბანში არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან. მაგრამ ხშირად მშობლებს ყველაზე დადებითად შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთ ბავშვებზე. მაშ ასე, ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა ბანდებისგან თავიანთი შვილების დასაცავად.
-
-
დავიცვათ შვილები ბანდებისაგანგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
დავიცვათ შვილები ბანდებისაგან
„ბავშვებს მზრუნველობა ესაჭიროებათ“, — ნათქვამია ერთ ბროშურაში (Not My Kid—Gang Prevention for Parents).
ღვთის შემდეგ შვილები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასები არიან. მათ უნდა დაველაპარაკოთ, მოვუსმინოთ, მოვეხვიოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ძალიან გვიყვარს ისინი. უნდა ვასწავლოთ ყოველივე სასარგებლო — პატიოსნება და დახმარების აღმოსაჩენად მზადყოფნა, როგორ შეიქმნან ბედნიერი ცხოვრება და როგორ გამოავლინონ სიკეთე სხვების მიმართ.
არასრულწლოვანთა საპატიმრო სახლის უფროსმა დღეს არსებული უდიდესი პრობლემის შესახებ თქვა: „ოჯახში სწორ პრინციპებს არ ასწავლიან“. რა თქმა უნდა, საჭიროა ამას ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, და უნდა ვაჩვენებდეთ მათ, რომ ამას ჩვენთვის სიხარული მოაქვს. თუ შვილებს სწორ პრინციპებს არ ვასწავლით, როგორღა უნდა მოველოდეთ, რომ ისინი ამ პრინციპების თანახმად იცხოვრებენ?
გაზეთი „თუდეი“, რომელიც ამერიკელი მასწავლებლებისთვის გამოდის, აღნიშნავდა, რომ ბანდები ხშირად ისეთ ახალგაზრდებს იზიდავენ, რომლებიც „საკუთარ თავს უიღბლოებად მიიჩნევენ“ და „უსაფრთხოებას, ახლო ურთიერთობებსა და აღიარებას ეძებენ“. თუ შვილებს ოჯახში ნამდვილად ვაგრძნობინებთ უსაფრთხოებას და დავარწმუნებთ, რომ წარმატებულები არიან ოჯახურსა და პირად ცხოვრებაში, ნაკლები იქნება ალბათობა, რომ ისინი ბანდების ცრუ დაპირებებმა მოხიბლოს.
კალიფორნიის პოლიციის ბანდათსაწინააღმდეგო განყოფილების უფროსი ყვება, რომ მშობლებს ყოველთვის დიდი აღელვება გამოეხატებათ ხოლმე სახეზე, როცა პოლიციის თანამშრომელი კარზე უკაკუნებს და ეუბნება, რომ მათი შვილი დაპატიმრებულია. ისინი ვერ იჯერებენ, რომ ბავშვს, რომელსაც ასე კარგად იცნობენ, შეეძლო რაიმე ცუდი ჩაედინა. მაგრამ მათმა შვილმა ახალი მეგობრები შეიძინა და შეიცვალა. მშობლებმა ეს, უბრალოდ, ვერ შენიშნეს.
მნიშვნელოვანია წინდახედულობა
ხალხი, რომელიც იმ უბნებში ცხოვრობს, სადაც ბანდიტები აქტიურად მოქმედებენ, ამბობს, რომ ახალგაზრდებმაც და მოხუცებმაც გონივრულობა უნდა გამოიჩინონ, რათა ბანდები არ გამოიწვიონ ან არ დაემუქრონ მათ. მოერიდეთ ბანდიტების დიდ ჯგუფებს, ნუ მიბაძავთ მათი ქცევის მანერებს ან გარეგნობას, მათი ტანსაცმლის სტილსა და ფერებს. მათი მიბაძვით შეიძლება მოწინააღმდეგე ბანდის სამიზნე გახდეთ.
ამასთანავე, თუ პიროვნება ისე იცვამს ან მოქმედებს, თითქოს სურს, ბანდის წევრი გახდეს, ბანდიტებმა შეიძლება აიძულონ, რომ მათ შეუერთდეს. ერთმა ჩიკაგოელმა მამაკაცმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბანდის წევრების პოზიციის ცოდნა. „თუ კეპი მარჯვნივ მაქვს შეტრიალებული, ისინი ფიქრობენ, რომ უპატივცემულოდ ვექცევი“, — თქვა მან. ამან შეიძლება ადამიანი ძალადობის მსხვერპლი გახადოს!
ახლო ურთიერთობა გქონდეთ შვილებთან
ერთმა დედამ თქვა: „ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რას გრძნობენ და რას აკეთებენ ჩვენი შვილები. დახმარებას ვერ შევძლებთ, თუ ინტერესს არ გამოვავლენთ მათ მიმართ“. სხვამ კი აღნიშნა, რომ ბანდებთან დაკავშირებულ პრობლემას ბოლო არ მოეღება, თუ მას მშობლები არ მოუღებენ ბოლოს. მან დაამატა: „მოდით ვაგრძნობინოთ ბავშვებს სიყვარული. თუ ისინი დაიღუპებიან, ჩვენც დავიღუპებით“.
ვიცნობთ ჩვენი შვილების მეგობრებს? ვიცით სად მიდიან სკოლის შემდეგ და სად არიან დაღამებისას? რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა დედა არ იყოს სახლში შვილის სკოლიდან დაბრუნებისას. მაგრამ მარტოხელა დედებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ გადასახადის გადასახდელად და შვილების საკვებით უზრუნველსაყოფად, შეუძლიათ სხვა დედებს ან ვინმე სანდო პირს სთხოვონ, რომ შუადღისას ყურადღება მიაქციონ მათ შვილებს.
მამაკაცს, რომლის უბანშიც მრავლად არიან ბანდიტები, ჰკითხეს, როგორ იცავდა შვილებს ბანდებისაგან. მან თქვა, რომ თავისი ვაჟი უბანში გაჰყავდა და აჩვენებდა ბანდიტური მოქმედებების შედეგებს. მაგალითად, ის მიუთითებდა წარწერებსა და დანგრეულ შენობებზე და უხსნიდა, „რომ ეს ადგილი უსაფრთხო არ იყო და რომ ბანდის წევრები უმიზნოდ დაეხეტებოდნენ და უნაყოფო ცხოვრებას ეწეოდნენ“. „შემდეგ, — აღნიშნა მან, — ვუხსნიდი, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება მას ამგვარი შედეგისგან დაიცავდა“.
ჩვენი შვილები შეიძლება სულ უბრალო რამემ დაიცვას — ჩვენმა გულწრფელმა ინტერესმა სკოლაში მათთვის მიცემული დავალებების მიმართ. თუ სკოლაში ტარდება მშობელთა კრებები, სადაც მშობლებს მასწავლებლებთან სასაუბროდ იწვევენ, აუცილებლად დაესწარით. გაიცანით შვილის მასწავლებლები და გააგებინეთ, რომ ზრუნავთ თქვენს შვილზე და დაინტერესებული ხართ მისი განათლებით. თუ სკოლას არა აქვს მოწვევის პროგრამა, შეეცადეთ, გამონახოთ შესაძლებლობა და ესაუბროთ მასწავლებლებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე და იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ.
ამერიკის ერთ დიდ ქალაქში გამოკვლევამ აჩვენა, რომ ოჯახებიდან, სადაც მშობლები ეხმარებოდნენ და ახალისებდნენ შვილებს საშინაო დავალების შესრულებისას, მოსწავლეების 9 პროცენტი უერთდებოდა ბანდებს, ხოლო იმ ოჯახებიდან, სადაც ბავშვებს ამგვარ ყურადღებას არ აქცევდნენ, ორჯერ მეტი — 18 პროცენტი. თუ ოჯახი მოსიყვარულე და ერთიანი გვაქვს და ერთად ნაყოფიერად ვატარებთ დროს, ეს შეამცირებს ალბათობას, რომ ბანდების ცრუ დაპირებებმა ჩვენი შვილები მიიზიდოს.
სინამდვილეში რა სჭირდებათ შვილებს
ჩვენს შვილებს ყოველივე ის სჭირდებათ, რაც ჩვენ — სიყვარული, გულკეთილობა და სითბო. ბევრ ბავშვს თბილად, სიყვარულით არასოდეს მოჰფერებიან ან არასოდეს უთქვამთ მათთვის, რომ ნამდვილად დიდ ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში. ნურასოდეს დავუშვებთ ამას! მოვეხვიოთ ბავშვებს, ვუთხრათ, რომ გვიყვარს ისინი, და ვიზრუნოთ, რომ ისე იცხოვრონ, როგორც ვასწავლეთ. ისინი ჩვენთვის იმდენად ძვირფასები არიან, რომ სხვაგვარად არ უნდა მოვექცეთ.
ყოფილი ბანდიტი, ჯერალდი, ამბობს: „მამა არ მყავდა და ცხოვრებაში ეს სიცარიელე რომ შემევსო, ბანდას შევეკედლე“. მან 12 წლის ასაკში ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო. როდესაც ჯერალდი 17 წლის იყო, დედამისი ბიბლიის შესწავლას შეუდგა იეჰოვას მოწმეებთან. ის ბიბლიაში მოცემული შესანიშნავი პრინციპებით ცხოვრობდა. „ვხედავდი, თუ როგორ შეიცვალა დედა, და ვფიქრობდი, რომ ეს ნამდვილი და ღირსეული გზა იყო“, — ამბობს ჯერალდი. დედის კარგმა მაგალითმა ჯერალდს ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგა.
შვილები უნდა ხედავდნენ ჩვენს კარგ მაგალითს — უნდა ხედავდნენ, რომ ისე ვცხოვრობთ, როგორც მათ ვასწავლით. საკუთარ ოჯახზე კარგ წარმოდგენას მათ მატერიალური ქონება კი არ უნდა უქმნიდეს, არამედ ოჯახის წევრების ცხოვრების წესი. ბავშვებს ისე უნდა დავეხმაროთ, რომ სინდისი არ ქენჯნიდეთ თავიანთი ყოფა-ქცევის გამო. ლოს-ანჯელესის რაიონის ყოფილი ადვოკატი — აირა რეინერი — ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ბავშვებს სიყვარული მანამ უნდა ვაგრძნობინოთ, სანამ ბანდაში აღმოჩნდებიან“.
უზრუნველვყოთ იმით, რაც სჭირდებათ
მატერიალური ნივთები, რომლებითაც შვილებს უზრუნველვყოფთ, პირველხარისხოვანი არ არის. მთავარია დავეხმაროთ მათ, გახდნენ მოსიყვარულე, მზრუნველი და კარგი ზნეობის მქონე ადამიანები. ბიბლიის თანახმად, მართალმა იაკობმა თავისი ბავშვები მოიხსენია როგორც ‘შვილები, ღმერთმა რომ უწყალობა’ (დაბადება 33:5). თუ ჩვენც ისე შევხედავთ შვილებს, როგორც ღვთისგან ბოძებულს, უფრო გაგვიადვილდება, სიყვარულით მოვეპყროთ მათ და ვასწავლოთ პატიოსნება, წესიერება და ზნეობრივი ცხოვრება.
ამგვარად, ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ბავშვებისთვის სამაგალითო იყოს. დავეხმარებით მათ, რომ მართებულად ამაყობდნენ ოჯახით — არა ჩვენი მატერიალური ქონებით, არამედ იმით, თუ როგორი ადამიანები ვართ. ამგვარად, ისინი ქუჩაში აღარ დაიწყებენ მხარდაჭერის ძებნას.
ერთმა პაპამ, როცა თავის ახალგაზრდობას გადახედა, თქვა: „მე ისეთი რამე არასოდეს გამიკეთებია, რომ ჩემი ოჯახი შემერცხვინა“. მან თქვა, რომ მშობლებისგან სიყვარულს გრძნობდა და ასე იმიტომ იქცეოდა. ბავშვების მიმართ სიყვარულის გამოვლენა შეიძლება ნამდვილად ძნელია იმ დედებისა და მამებისთვის, რომლებსაც თვითონ არასოდეს უგრძვნიათ სიყვარული მშობლებისგან. მიუხედავად ამისა, მშობლები უნდა შეეცადონ, შვილებს სიყვარული აგრძნობინონ.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? „როდესაც ახალგაზრდები სიყვარულს გრძნობენ, და ხედავენ, რომ უზრუნველყოფილები არიან — არა ფინანსურად, არამედ ემოციურად — ხშირად ბანდაში ჩაბმის მოთხოვნილება უქრებათ“, — აღნიშნული იყო ბანდების მკვლევართა ასოციაციის (იუტა) მიერ გამოცემულ ჟურნალში (What’s Up).
ზოგმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი მოსიყვარულე ოჯახები აღარც კი არსებობს. მაგრამ ეს არასწორია. მრავალ ასეთ ოჯახს ნახავთ იეჰოვას მოწმეების კრებებში მთელ მსოფლიოში. მართალია, ეს ოჯახები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ მათ დიდი უპირატესობა აქვთ: ისინი სწავლობენ ბიბლიის თვალსაზრისს ბავშვის აღზრდაზე და ცდილობენ ცხოვრებაში გამოიყენონ ბიბლიაში მოცემული ღვთიური პრინციპები. გარდა ამისა, ისინი შვილებსაც ასწავლიან ამ პრინციპებს.
იეჰოვას მოწმეები ეთანხმებიან მტკიცებას, რომელიც ერთ ჟურნალში იყო მოცემული: „არ უნდა მოელოდე, რომ. . . მოზარდი რაიმეზე უარს იტყვის, თუკი სანაცვლოს არ მისცემ“. (The Journal of the American Medical Association). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები კარგ და სასარგებლო საქმიანობას ეწეოდნენ, უნდა ვუბიძგოთ მისკენ.
არც ერთი ჩვენგანი არ ისურვებდა, ერთი მამის მსგავსად ეთქვა: „თავის ბანდაში ჩემმა ვაჟმა მხარდაჭერა და პატივისცემა იგრძნო, რაც აქამდე მისთვის უცხო იყო“. არც იმის სურვილი გვექნება, რომ ჩვენმა შვილებმა ერთი ახალგაზრდის სიტყვები გაიმეორონ: „ბანდას შევუერთდი, რადგან ოჯახი მჭირდებოდა“.
ჩვენ, მშობლები, უნდა ვიყოთ ეს ოჯახი. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რის ძალაც შეგვწევს, რომ ჩვენი ძვირფასი შვილები ოჯახის თბილი და მოსიყვარულე წევრები იყვნენ.
-
-
დავიცვათ შვილები ბანდებისაგანგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
რჩევები მზრუნველი მშობლებისთვის
✔ შვილებს დრო დაუთმეთ და ერთად აკეთეთ საქმე ოჯახში.
✔ გაიცანით შვილების მეგობრები და მათი ოჯახები; თვალყური ადევნეთ, სად და ვისთან ერთად დადიან თქვენი შვილები.
✔ აგრძნობინეთ შვილებს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი პრობლემით მოგმართონ.
✔ ასწავლეთ, პატივი სცენ სხვებს, მათ უფლებებსა და შეხედულებებს.
✔ მხარში ამოუდექით შვილებს — მასწავლებლებს გაეცანით და უთხარით, რომ აფასებთ და მხარს უჭერთ მათ მცდელობებს.
✔ პრობლემებს ყვირილითა და ძალის გამოყენებით ნუ გადაჭრით.
შვილებს თქვენი სითბო და სიყვარული ესაჭიროებათ.
-