-
დავიცვათ შვილები ბანდებისაგანგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
დავიცვათ შვილები ბანდებისაგან
„ბავშვებს მზრუნველობა ესაჭიროებათ“, — ნათქვამია ერთ ბროშურაში (Not My Kid—Gang Prevention for Parents).
ღვთის შემდეგ შვილები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასები არიან. მათ უნდა დაველაპარაკოთ, მოვუსმინოთ, მოვეხვიოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ძალიან გვიყვარს ისინი. უნდა ვასწავლოთ ყოველივე სასარგებლო — პატიოსნება და დახმარების აღმოსაჩენად მზადყოფნა, როგორ შეიქმნან ბედნიერი ცხოვრება და როგორ გამოავლინონ სიკეთე სხვების მიმართ.
არასრულწლოვანთა საპატიმრო სახლის უფროსმა დღეს არსებული უდიდესი პრობლემის შესახებ თქვა: „ოჯახში სწორ პრინციპებს არ ასწავლიან“. რა თქმა უნდა, საჭიროა ამას ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, და უნდა ვაჩვენებდეთ მათ, რომ ამას ჩვენთვის სიხარული მოაქვს. თუ შვილებს სწორ პრინციპებს არ ვასწავლით, როგორღა უნდა მოველოდეთ, რომ ისინი ამ პრინციპების თანახმად იცხოვრებენ?
გაზეთი „თუდეი“, რომელიც ამერიკელი მასწავლებლებისთვის გამოდის, აღნიშნავდა, რომ ბანდები ხშირად ისეთ ახალგაზრდებს იზიდავენ, რომლებიც „საკუთარ თავს უიღბლოებად მიიჩნევენ“ და „უსაფრთხოებას, ახლო ურთიერთობებსა და აღიარებას ეძებენ“. თუ შვილებს ოჯახში ნამდვილად ვაგრძნობინებთ უსაფრთხოებას და დავარწმუნებთ, რომ წარმატებულები არიან ოჯახურსა და პირად ცხოვრებაში, ნაკლები იქნება ალბათობა, რომ ისინი ბანდების ცრუ დაპირებებმა მოხიბლოს.
კალიფორნიის პოლიციის ბანდათსაწინააღმდეგო განყოფილების უფროსი ყვება, რომ მშობლებს ყოველთვის დიდი აღელვება გამოეხატებათ ხოლმე სახეზე, როცა პოლიციის თანამშრომელი კარზე უკაკუნებს და ეუბნება, რომ მათი შვილი დაპატიმრებულია. ისინი ვერ იჯერებენ, რომ ბავშვს, რომელსაც ასე კარგად იცნობენ, შეეძლო რაიმე ცუდი ჩაედინა. მაგრამ მათმა შვილმა ახალი მეგობრები შეიძინა და შეიცვალა. მშობლებმა ეს, უბრალოდ, ვერ შენიშნეს.
მნიშვნელოვანია წინდახედულობა
ხალხი, რომელიც იმ უბნებში ცხოვრობს, სადაც ბანდიტები აქტიურად მოქმედებენ, ამბობს, რომ ახალგაზრდებმაც და მოხუცებმაც გონივრულობა უნდა გამოიჩინონ, რათა ბანდები არ გამოიწვიონ ან არ დაემუქრონ მათ. მოერიდეთ ბანდიტების დიდ ჯგუფებს, ნუ მიბაძავთ მათი ქცევის მანერებს ან გარეგნობას, მათი ტანსაცმლის სტილსა და ფერებს. მათი მიბაძვით შეიძლება მოწინააღმდეგე ბანდის სამიზნე გახდეთ.
ამასთანავე, თუ პიროვნება ისე იცვამს ან მოქმედებს, თითქოს სურს, ბანდის წევრი გახდეს, ბანდიტებმა შეიძლება აიძულონ, რომ მათ შეუერთდეს. ერთმა ჩიკაგოელმა მამაკაცმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბანდის წევრების პოზიციის ცოდნა. „თუ კეპი მარჯვნივ მაქვს შეტრიალებული, ისინი ფიქრობენ, რომ უპატივცემულოდ ვექცევი“, — თქვა მან. ამან შეიძლება ადამიანი ძალადობის მსხვერპლი გახადოს!
ახლო ურთიერთობა გქონდეთ შვილებთან
ერთმა დედამ თქვა: „ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რას გრძნობენ და რას აკეთებენ ჩვენი შვილები. დახმარებას ვერ შევძლებთ, თუ ინტერესს არ გამოვავლენთ მათ მიმართ“. სხვამ კი აღნიშნა, რომ ბანდებთან დაკავშირებულ პრობლემას ბოლო არ მოეღება, თუ მას მშობლები არ მოუღებენ ბოლოს. მან დაამატა: „მოდით ვაგრძნობინოთ ბავშვებს სიყვარული. თუ ისინი დაიღუპებიან, ჩვენც დავიღუპებით“.
ვიცნობთ ჩვენი შვილების მეგობრებს? ვიცით სად მიდიან სკოლის შემდეგ და სად არიან დაღამებისას? რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა დედა არ იყოს სახლში შვილის სკოლიდან დაბრუნებისას. მაგრამ მარტოხელა დედებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ გადასახადის გადასახდელად და შვილების საკვებით უზრუნველსაყოფად, შეუძლიათ სხვა დედებს ან ვინმე სანდო პირს სთხოვონ, რომ შუადღისას ყურადღება მიაქციონ მათ შვილებს.
მამაკაცს, რომლის უბანშიც მრავლად არიან ბანდიტები, ჰკითხეს, როგორ იცავდა შვილებს ბანდებისაგან. მან თქვა, რომ თავისი ვაჟი უბანში გაჰყავდა და აჩვენებდა ბანდიტური მოქმედებების შედეგებს. მაგალითად, ის მიუთითებდა წარწერებსა და დანგრეულ შენობებზე და უხსნიდა, „რომ ეს ადგილი უსაფრთხო არ იყო და რომ ბანდის წევრები უმიზნოდ დაეხეტებოდნენ და უნაყოფო ცხოვრებას ეწეოდნენ“. „შემდეგ, — აღნიშნა მან, — ვუხსნიდი, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება მას ამგვარი შედეგისგან დაიცავდა“.
ჩვენი შვილები შეიძლება სულ უბრალო რამემ დაიცვას — ჩვენმა გულწრფელმა ინტერესმა სკოლაში მათთვის მიცემული დავალებების მიმართ. თუ სკოლაში ტარდება მშობელთა კრებები, სადაც მშობლებს მასწავლებლებთან სასაუბროდ იწვევენ, აუცილებლად დაესწარით. გაიცანით შვილის მასწავლებლები და გააგებინეთ, რომ ზრუნავთ თქვენს შვილზე და დაინტერესებული ხართ მისი განათლებით. თუ სკოლას არა აქვს მოწვევის პროგრამა, შეეცადეთ, გამონახოთ შესაძლებლობა და ესაუბროთ მასწავლებლებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე და იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ.
ამერიკის ერთ დიდ ქალაქში გამოკვლევამ აჩვენა, რომ ოჯახებიდან, სადაც მშობლები ეხმარებოდნენ და ახალისებდნენ შვილებს საშინაო დავალების შესრულებისას, მოსწავლეების 9 პროცენტი უერთდებოდა ბანდებს, ხოლო იმ ოჯახებიდან, სადაც ბავშვებს ამგვარ ყურადღებას არ აქცევდნენ, ორჯერ მეტი — 18 პროცენტი. თუ ოჯახი მოსიყვარულე და ერთიანი გვაქვს და ერთად ნაყოფიერად ვატარებთ დროს, ეს შეამცირებს ალბათობას, რომ ბანდების ცრუ დაპირებებმა ჩვენი შვილები მიიზიდოს.
სინამდვილეში რა სჭირდებათ შვილებს
ჩვენს შვილებს ყოველივე ის სჭირდებათ, რაც ჩვენ — სიყვარული, გულკეთილობა და სითბო. ბევრ ბავშვს თბილად, სიყვარულით არასოდეს მოჰფერებიან ან არასოდეს უთქვამთ მათთვის, რომ ნამდვილად დიდ ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში. ნურასოდეს დავუშვებთ ამას! მოვეხვიოთ ბავშვებს, ვუთხრათ, რომ გვიყვარს ისინი, და ვიზრუნოთ, რომ ისე იცხოვრონ, როგორც ვასწავლეთ. ისინი ჩვენთვის იმდენად ძვირფასები არიან, რომ სხვაგვარად არ უნდა მოვექცეთ.
ყოფილი ბანდიტი, ჯერალდი, ამბობს: „მამა არ მყავდა და ცხოვრებაში ეს სიცარიელე რომ შემევსო, ბანდას შევეკედლე“. მან 12 წლის ასაკში ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო. როდესაც ჯერალდი 17 წლის იყო, დედამისი ბიბლიის შესწავლას შეუდგა იეჰოვას მოწმეებთან. ის ბიბლიაში მოცემული შესანიშნავი პრინციპებით ცხოვრობდა. „ვხედავდი, თუ როგორ შეიცვალა დედა, და ვფიქრობდი, რომ ეს ნამდვილი და ღირსეული გზა იყო“, — ამბობს ჯერალდი. დედის კარგმა მაგალითმა ჯერალდს ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგა.
შვილები უნდა ხედავდნენ ჩვენს კარგ მაგალითს — უნდა ხედავდნენ, რომ ისე ვცხოვრობთ, როგორც მათ ვასწავლით. საკუთარ ოჯახზე კარგ წარმოდგენას მათ მატერიალური ქონება კი არ უნდა უქმნიდეს, არამედ ოჯახის წევრების ცხოვრების წესი. ბავშვებს ისე უნდა დავეხმაროთ, რომ სინდისი არ ქენჯნიდეთ თავიანთი ყოფა-ქცევის გამო. ლოს-ანჯელესის რაიონის ყოფილი ადვოკატი — აირა რეინერი — ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ბავშვებს სიყვარული მანამ უნდა ვაგრძნობინოთ, სანამ ბანდაში აღმოჩნდებიან“.
უზრუნველვყოთ იმით, რაც სჭირდებათ
მატერიალური ნივთები, რომლებითაც შვილებს უზრუნველვყოფთ, პირველხარისხოვანი არ არის. მთავარია დავეხმაროთ მათ, გახდნენ მოსიყვარულე, მზრუნველი და კარგი ზნეობის მქონე ადამიანები. ბიბლიის თანახმად, მართალმა იაკობმა თავისი ბავშვები მოიხსენია როგორც ‘შვილები, ღმერთმა რომ უწყალობა’ (დაბადება 33:5). თუ ჩვენც ისე შევხედავთ შვილებს, როგორც ღვთისგან ბოძებულს, უფრო გაგვიადვილდება, სიყვარულით მოვეპყროთ მათ და ვასწავლოთ პატიოსნება, წესიერება და ზნეობრივი ცხოვრება.
ამგვარად, ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ბავშვებისთვის სამაგალითო იყოს. დავეხმარებით მათ, რომ მართებულად ამაყობდნენ ოჯახით — არა ჩვენი მატერიალური ქონებით, არამედ იმით, თუ როგორი ადამიანები ვართ. ამგვარად, ისინი ქუჩაში აღარ დაიწყებენ მხარდაჭერის ძებნას.
ერთმა პაპამ, როცა თავის ახალგაზრდობას გადახედა, თქვა: „მე ისეთი რამე არასოდეს გამიკეთებია, რომ ჩემი ოჯახი შემერცხვინა“. მან თქვა, რომ მშობლებისგან სიყვარულს გრძნობდა და ასე იმიტომ იქცეოდა. ბავშვების მიმართ სიყვარულის გამოვლენა შეიძლება ნამდვილად ძნელია იმ დედებისა და მამებისთვის, რომლებსაც თვითონ არასოდეს უგრძვნიათ სიყვარული მშობლებისგან. მიუხედავად ამისა, მშობლები უნდა შეეცადონ, შვილებს სიყვარული აგრძნობინონ.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? „როდესაც ახალგაზრდები სიყვარულს გრძნობენ, და ხედავენ, რომ უზრუნველყოფილები არიან — არა ფინანსურად, არამედ ემოციურად — ხშირად ბანდაში ჩაბმის მოთხოვნილება უქრებათ“, — აღნიშნული იყო ბანდების მკვლევართა ასოციაციის (იუტა) მიერ გამოცემულ ჟურნალში (What’s Up).
ზოგმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი მოსიყვარულე ოჯახები აღარც კი არსებობს. მაგრამ ეს არასწორია. მრავალ ასეთ ოჯახს ნახავთ იეჰოვას მოწმეების კრებებში მთელ მსოფლიოში. მართალია, ეს ოჯახები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ მათ დიდი უპირატესობა აქვთ: ისინი სწავლობენ ბიბლიის თვალსაზრისს ბავშვის აღზრდაზე და ცდილობენ ცხოვრებაში გამოიყენონ ბიბლიაში მოცემული ღვთიური პრინციპები. გარდა ამისა, ისინი შვილებსაც ასწავლიან ამ პრინციპებს.
იეჰოვას მოწმეები ეთანხმებიან მტკიცებას, რომელიც ერთ ჟურნალში იყო მოცემული: „არ უნდა მოელოდე, რომ. . . მოზარდი რაიმეზე უარს იტყვის, თუკი სანაცვლოს არ მისცემ“. (The Journal of the American Medical Association). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები კარგ და სასარგებლო საქმიანობას ეწეოდნენ, უნდა ვუბიძგოთ მისკენ.
არც ერთი ჩვენგანი არ ისურვებდა, ერთი მამის მსგავსად ეთქვა: „თავის ბანდაში ჩემმა ვაჟმა მხარდაჭერა და პატივისცემა იგრძნო, რაც აქამდე მისთვის უცხო იყო“. არც იმის სურვილი გვექნება, რომ ჩვენმა შვილებმა ერთი ახალგაზრდის სიტყვები გაიმეორონ: „ბანდას შევუერთდი, რადგან ოჯახი მჭირდებოდა“.
ჩვენ, მშობლები, უნდა ვიყოთ ეს ოჯახი. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რის ძალაც შეგვწევს, რომ ჩვენი ძვირფასი შვილები ოჯახის თბილი და მოსიყვარულე წევრები იყვნენ.
-
-
დავიცვათ შვილები ბანდებისაგანგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
რჩევები მზრუნველი მშობლებისთვის
✔ შვილებს დრო დაუთმეთ და ერთად აკეთეთ საქმე ოჯახში.
✔ გაიცანით შვილების მეგობრები და მათი ოჯახები; თვალყური ადევნეთ, სად და ვისთან ერთად დადიან თქვენი შვილები.
✔ აგრძნობინეთ შვილებს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი პრობლემით მოგმართონ.
✔ ასწავლეთ, პატივი სცენ სხვებს, მათ უფლებებსა და შეხედულებებს.
✔ მხარში ამოუდექით შვილებს — მასწავლებლებს გაეცანით და უთხარით, რომ აფასებთ და მხარს უჭერთ მათ მცდელობებს.
✔ პრობლემებს ყვირილითა და ძალის გამოყენებით ნუ გადაჭრით.
შვილებს თქვენი სითბო და სიყვარული ესაჭიროებათ.
-