-
ნოეს კიდობანიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 5
ნოეს კიდობანი
დროთა განმავლობაში დედამიწაზე ადამიანების რიცხვმა მოიმატა. უმეტესობა ბოროტი იყო. ზოგიერთი ანგელოზიც ბოროტი გახდა. მათ დატოვეს ზეცაში თავიანთი ადგილი და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. იცი, რატომ მოიქცნენ ასე? იმიტომ რომ ადამიანის სხეული მიეღოთ და ქალები მოეყვანათ ცოლად.
ანგელოზებსა და ქალებს ვაჟები შეეძინათ. ისინი ძალიან ძლიერები და ბოროტები იყვნენ და ხალხს ჩაგრავდნენ. იეჰოვა არ დაუშვებდა, რომ ეს დიდხანს გაგრძელებულიყო. ამიტომ გადაწყვიტა, ბოროტები წარღვნით გაენადგურებინა.
იმ დროს ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. მას უყვარდა იეჰოვა. ამ კაცს ნოე ერქვა. ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟი – სემი, ქამი და იაფეთი; მის შვილებსაც ჰყავდათ ცოლები. იეჰოვამ უთხრა ნოეს, აეშენებინა დიდი კიდობანი, რათა წარღვნის დროს ის და მისი ოჯახი ცოცხლები დარჩენილიყვნენ. კიდობანი არის უზარმაზარი ყუთი, რომელსაც შეუძლია წყალზე ტივტივი. იეჰოვამ ნოეს ისიც უთხრა, რომ კიდობანში ბევრი ცხოველი შეეყვანა, რათა ისინიც გადარჩენილიყვნენ.
ნოე მაშინვე შეუდგა კიდობნის მშენებლობას. ის და მისი ოჯახი დაახლოებით 50 წელი აშენებდნენ კიდობანს. მათ ზუსტად ისე ააგეს კიდობანი, როგორც იეჰოვამ უთხრა. მშენებლობის პერიოდში ნოე ხალხს აფრთხილებდა წარღვნის შესახებ, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.
ბოლოს დადგა კიდობანში შესვლის დრო. მოდი ვნახოთ, რა მოხდა ამის მერე.
„როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოვა“ (მათე 24:37).
-
-
წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 6
წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა
ნოე თავის ოჯახთან ერთად კიდობანში შევიდა და ცხოველებიც შეიყვანა. იეჰოვამ დაკეტა კიდობნის კარი და თავსხმა წვიმაც წამოვიდა. წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ კიდობანმა ტივტივი დაიწყო. საბოლოოდ მთელი დედამიწა წყლით დაიფარა. კიდობნის გარეთ დარჩენილი ბოროტი ადამიანები დაიღუპნენ. ნოე და მისი ოჯახის წევრები კი უსაფრთხოდ იყვნენ კიდობანში. წარმოიდგინე, რა გახარებულები იქნებოდნენ ისინი, რომ დაემორჩილნენ იეჰოვას!
40 დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა; შემდეგ კი შეწყდა წვიმა. წყალმა ნელ-ნელა იკლო. ბოლოს კიდობანი მთებზე გაჩერდა, მაგრამ წყალი ჯერ კიდევ ბევრი იყო, რის გამოც ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან ვერ გამოვიდნენ.
წყალი თანდათან დაშრა. ნოესა და მის ოჯახს კიდობანში ერთ წელზე მეტხანს მოუწიათ ყოფნა. ბოლოს იეჰოვამ უთხრა მათ, რომ გამოსულიყვნენ კიდობნიდან. ისინი ძალიან მადლიერები იყვნენ, რომ ღმერთმა გადაარჩინა და ამის გამო იეჰოვას მსხვერპლი შესწირეს.
ღმერთს მოეწონა მათი შესაწირავი. მან თქვა, რომ აღარასდროს გაანადგურებდა ადამიანებს წარღვნით. პირობის ნიშნად იეჰოვამ ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა. გინახავს ცისარტყელა?
ბოლოს იეჰოვამ უთხრა ნოესა და მის ოჯახს, გაეჩინათ შვილები და აევსოთ დედამიწა.
„ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, [ხალხს] არაფერი ანაღვლებდა, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:38, 39).
-