საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 12/15 გვ. 8-10
  • მათ ‘შეიძინეს ჭეშმარიტება’

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მათ ‘შეიძინეს ჭეშმარიტება’
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • ბიბლიის სწავლებებით მიზიდვა
  • ჭეშმარიტებაში დარწმუნება
  • მცდარი რელიგიის გამო რწმენის დაკარგვა
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 12/15 გვ. 8-10

მათ ‘შეიძინეს ჭეშმარიტება’

„ჭეშმარიტება შეიძინე და. . . ნუ გაჰყიდი“ (იგავნი 23:23). მოგვიწოდა ბრძენმა ადამიანმა სოლომონმა. ეს შეიძლება ითქვას ჭეშმარიტების შესახებ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჭეშმარიტება ბიბლიიდან, ღვთის სიტყვიდან, გამომდინარეობს. ასეთ ჭეშმარიტებას მარადიულ სიცოცხლემდე მიყვანა შეუძლია! (იოანე 17:3, 17). თუმცა ყურადღება მიაქციე, რომ ასეთ ჭეშმარიტებას უსასყიდლოდ ვერ შეიძენ. პიროვნება მონდომებული უნდა იყოს, ‘შეიძინოს’, ამისთვის კი საჭიროა მსხვერპლი ან რაიმესთვის თავის დანებება (შეადარე მათე 13:45, 46). საერთოდ, ადამიანები არ არიან მონდომებულნი, ასე მოიქცნენ. მაგრამ მრავალ ქვეყანაში მამაცი პიროვნებებისგან შემდგარი მზარდი რიცხვი იძენს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელიც ხშირად ძვირად უჯდებათ.

მაგალითად, ავიღოთ იეჰოვას მოწმეები დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, განაში. 1989 წლისთვის 34 000-ზე მეტმა პიროვნებამ შეითვისა ბიბლიური ჭეშმარიტება და აქტიურად უზიარებდა მას სხვებს. მაშინ სამქადაგებლო მსახურება აკრძალული იყო. მიუხედავად აკრძალვისა, გულწრფელი ადამიანები განაგრძობდნენ ‘ჭეშმარიტების შეძენას’. შეზღუდვა 1991 წლის 31 ოქტომბერს შეწყდა და 1995 წლის შუა რიცხვებამდე, ზუსტად სამ-ნახევარი წლის შემდეგ, რაც შეზღუდვა მოიხსნა განაში, იეჰოვას აქტიურ მოწმეთა რიცხვი 46 104-მდე გაიზარდა! ხოლო წელს 52 800-ზე მეტია.

რა იზიდავდა ხალხს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებისკენ? რა მსხვერპლი გაიღო ზოგმა ‘ჭეშმარიტების შესაძენად’? პასუხისთვის განვიხილოთ სამი განელი ქრისტიანის მაგალითი.

ბიბლიის სწავლებებით მიზიდვა

პირველად ყურადღება მივაქციოთ ოცი წლის ახალგაზრდა ქალს. მამამისი ეკლესიის მოძღვარი იყო. მაგრამ მან ირჩია, მამამისის რელიგია დაეტოვებინა. მიზეზი? მას უყვარდა ჭეშმარიტება.

ერთხელ მან თქვა: „მოწმეები ჩვენთან კარდაკარ ქადაგებისას მოდიოდნენ. მათთან მცირე მსჯელობის შემდეგ მივხვდი, რომ, რასაც ისინი ასწავლიდნენ, ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. შევეკითხე სამებაზე, ჯოჯოხეთის ცეცხლზე, სულის უკვდავებასა და განსაკუთრებით რწმენით განკურნებაზე. მტკიცედ მწამდა, რომ ეს მოძღვრება ბიბლიური იყო. მაგრამ მოწმეები დამეხმარნენ, დამენახა, რომ ეს ასე არ იყო“. ასეთ საკითხებზე ბიბლიის თვალსაზრისის გასაგებად, გთხოვთ, იხილოთ მარკოზი 13:32; რომაელთა 6:23; საქმეები 10:40 და 1 კორინთელთა 13:8–10.

ახალგაზრდა ქალმა დაამატა: «ოჯახისგან დიდი წინააღმდეგობა მქონდა, განსაკუთრებით კი მამისგან. ის ფიქრობდა, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი. მაგრამ ვიცოდი, რომ, რასაც იეჰოვას მოწმეებისგან ვსწავლობდი, ჭეშმარიტება იყო. ვცდილობდი, მამისთვის ამეხსნა ეს საკითხები ბიბლიიდან, მაგრამ არ უნდოდა მოსმენა. სინამდვილეში წინააღმდეგობა გაძლიერდა.

მე უშიშარი ვიყავი. ვიცოდი, რომ ჭეშმარიტ შემეცნებას მიჰყავს საუკუნო სიცოცხლემდე სამოთხეში და გადავწყვიტე, ჩავჭიდებოდი მას. როდესაც ადგილობრივმა მოწმეებმა გაიგეს, რომ პრობლემები მქონდა, სიყვარულით დამიჭირეს მხარი, მამხნევებდნენ და გარკვეული აუცილებელი საჭიროებებით მამარაგებდნენ. ეს დამეხმარა იოანეს 13:35-ში მოცემული იესოს სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“. ჩემი რწმენა, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგია ჭეშმარიტი იყო, გაღრმავდა. მოგვიანებით ჩემმა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესისკენ შეიცვალა, ეს მოეწონათ და ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მამაჩემმა სთხოვა იეჰოვას მოწმეებს, ჩემს უფროს ძმასთან დაეწყოთ ბიბლიის შესწავლა!»

ჭეშმარიტებაში დარწმუნება

‘ჭეშმარიტების შეძენა’ აგრეთვე რთულია იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც მოწმეების ოჯახში გაიზარდნენ. ზოგიერთი ახალგაზრდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას ზერელედ უყურებს. თუ ისინი არ ცდილობენ, რომ ასეთი რწმენა გაითავისონ, მათი რწმენა სუსტდება და მერყევი ხდება (შეადარე მათე 13:20, 21). 30 წელს გადაცილებული განელი მამაკაცი, სახელად ნათანაელი, მოგვითხრობს, თუ როგორ ‘შეიძინა ჭეშმარიტება’, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო.

«მშობლები ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ ბიბლიას, — იხსენებს ის. — როცა გავიზარდე, დავყვებოდი საქადაგებლად, მაგრამ სინამდვილეში არ გადამეწყვიტა მოწმე გავმხდარიყავი. მალე მივხვდი, რომ მესაჭიროებოდა, შემემოწმებინა ზოგი საკითხი.

პირველ რიგში, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ღვთის სიტყვა ბიბლიაა და არა სხვა წმინდა რელიგიური წიგნები. პირადი შესწავლისას გავიგე, რომ მხოლოდ ის არის საღვთო წიგნი, რომელიც მრავალ ნათელ წინასწარმეტყველებას შეიცავს, რომლებიც ზუსტად სრულდებოდა. აგრეთვე გავიგე, რომ ბიბლია შეიცავს მეცნიერულ ჭეშმარიტებებს — მაგალითად იმას, რომ დედამიწა ‘არაფერზეა დაკიდებული’ (იობი 26:7). სანამ მეცნიერები შეისწავლიდნენ მზის სისტემას, ეს სიტყვები ათასობით წლის წინ ჩაიწერა. მხოლოდ ღმერთს შეეძლო შთაეგონებინა ადამიანებისთვის ასეთი სიტყვების დაწერა!a

შემდეგ, მსურდა, მეპოვა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ასწავლიდა და ასრულებდა ბიბლიაში ნასწავლ ჭეშმარიტებას. რელიგიების უმეტესობა ასწავლიდა მოძღვრებას ჯოჯოხეთის ცეცხლზე, სამებასა და სიკვდილის შემდეგ სულის უკვდავებაზე. მაგრამ ეს მოძღვრებები ჩემთვის უაზრობა იყო. განა ბოროტი არ იქნებოდა მამა, რომელიც თავის შვილს ადუღებულ წყალში ჩააყოფინებდა ხელს დასჯის მიზნით? — ვფიქრობდი. მაშ, როგორ შეუძლია სიყვარულის ღმერთს, ჩაყაროს თავისი შვილები ცეცხლოვან ჯოჯოხეთში და აწამოს? მაგრამ იეჰოვას მოწმეები ასწავლიან იმას, რაც ბიბლიაში, რომაელთა 6:23-ში არის ჩაწერილი. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და არა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ეს ჩემთვის გასაგები იყო.

აგრეთვე დავაკვირდი, რომ იეჰოვას მოწმეები მოითხოვენ, ყველა წევრმა ბიბლიურ პრინციპებთან შეთანხმებულად იცხოვროს, ხოლო მოუნანიებელი ცოდვილები ირიცხებიან. ყოველივე ამის გათვალისწინებით დავასკვენი, რომ იეჰოვას მოწმეებს აქვთ ჭეშმარიტება, და გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ერთ-ერთი მათგანი. გულმოდგინედ ვემზადებოდი მონათვლისთვის» (1 კორინთელთა 5:11–13).

ნათანაელის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ იმ ახალგაზრდებმაც კი, რომლებსაც ქრისტიანი მშობლები ზრდიან, უნდა ‘შეიძინონ ჭეშმარიტება’. მათ კრების შეხვედრებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ძველი დროის ბერელების მსგავსად, მათ ‘ყოველდღე უნდა გაარჩიონ წერილები, ნამდვილად ასეა თუ არა’ (საქმეები 17:11). ეს დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მას შეუძლია ნამდვილი რწმენა და დამაჯერებლობა წარმოშვას (შეადარე ეფესელთა 3:17–19).

მცდარი რელიგიის გამო რწმენის დაკარგვა

განელი მამაკაცი, სახელად გოდვინი, თითქმის 70 წლის იყო, როდესაც პრესვიტერიალური ეკლესია და მასონობა მიატოვა. „ეკლესიაში ისეთი რამ ხდებოდა, რასაც არ ვეთანხმებოდი, — ამბობს გოდვინი. — მაგალითად, უამრავი შიდა კონფლიქტები, რომლებიც დღესაც გრძელდება. ზოგჯერ პოლიციაც კი არ მოდიოდა მშვიდობის და წესრიგის დასამყარებლად! ვფიქრობდი, რომ ქრისტეს მიმდევრებისთვის ეს შეუფერებელი იყო. შემდეგ ერთ-ერთ თანამორწმუნე პრესვიტერიანელსა და ჩემს შორის პრობლემა წარმოიშვა. სახალხო სასამართლომ მოისმინა ეს და დამნაშავედ სცნო ის. მაგრამ ეკლესიის წინამძღვარი უსამართლოდ მიემხრო ამ კაცს და სცადა, გავეკიცხე მთელი კრების წინაშე! ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი გულახდილად მოკლედ ვუთხარი და სამუდამოდ დავტოვე ეკლესია.

რამდენიმე ხნის შემდეგ იეჰოვას მოწმეები მოვიდნენ ჩემს სახლში. თავიდან უბრალოდ ვუსმენდი, რადგანაც არ მსურდა, უარი მეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთზე საუბრობდნენ. მაგრამ დავიწყე გაანალიზება, რომ, თუმცა ათეული წლების განმავლობაში პრესვიტერიანელი ვიყავი, ბიბლიის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი. მაგალითად, არასოდეს გამეგო, რომ ბიბლია დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედს იძლეოდაb. როდესაც იეჰოვას მოწმეთა კრებებზე დასწრება დავიწყე, ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდების ქცევებმა, ჩაცმულობამ და გარეგნობამ. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობდნენ!“

მიუხედავად ამისა, ‘ჭეშმარიტების შეძენამ’ მისგან ცხოვრებაში რთული ცვლილებების მოხდენა მოითხოვა. გოდვინი იხსენებს: «მასონთა კავშირის წევრი ვიყავი. თუმცა ის ცნობილია როგორც ძმური საზოგადოება, რომელიც თავის წევრებს დახმარებას უწევს, ვიცავდი რიტუალებს, რომლებშიც თავის ქალას, ძვლებსა და სულების გამოძახებას იყენებდნენ. თითქოსდა ეს სულები ეხმარებოდნენ მათ, ვინც მათთან ურთიერთობაში იყო, რომ განვითარებულიყვნენ სულიერად.

ჩემი კვლევა დამეხმარა, დამენახა, რომ იეჰოვა ღმერთს ეზიზღება სპირიტიზმის სხვადასხვა ფორმები, რადგანაც მას შეუძლია პიროვნება სატანისა და მისი ბოროტი სულის ზეგავლენის ქვეშ მოაქციოსc. გავაგრძელებდი მასონობას მთელი თავის მისტიციზმით თუ დავანებებდი თავს და ამით იეჰოვას ვასიამოვნებდი? მე უკანასკნელი ავირჩიე. მასონიზმთან დაკავშირებული ყველა ნივთი გავანადგურე, კოსტიუმიც კი, რომელსაც მასონთა ლოჟაში შეხვედრებისას ვიცვამდი. იესოს ჭეშმარიტი დაპირება, რომელშიც ნათქვამია: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“, გამოვცადე (იოანე 8:32). რაც ვისწავლე, ახლა სიხარულით ვუზიარებ სხვებს. არაფერს არ ვნანობ»

ათასობით გულწრფელმა ადამიანმა მსგავსადვე გაიღო დიდი მსხვერპლი ‘ჭეშმარიტების შესაძენად’. აქ განხილული სამი ქრისტიანის მსგავსად, ისინი არ ნანობენ იმას, რომ შეიცვალნენ. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მათ მისცა ‘მტკიცე საფუძველი მომავლისთვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:19). ეს ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ და მისი თანმხლები ყველა კურთხევები შეიძლება აგრეთვე შენც მიიღო, თუ ‘შეიძენ ჭეშმარიტებას’.

[სქოლიოები]

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი (The Bible—God’s Word or Man’s?). გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

b მაგალითად, იხილე ფსალმუნი 36:9–11, 29.

c იხილე მეორე რჯული 18:10–12 და გალატელთა 5:19–21.

[სურათი 9 გვერდზე]

ნათანაელი

[სურათი 9 გვერდზე]

გოდვინი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება