საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია!“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 6
    • გოგონა ძაღლით ხელში, ქალი კომპიუტერთან, ახალგაზრდა ხელნაკეთი ბარათით ხელში

      მთავარი თემა | უძვირფასესი საჩუქარი

      „ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია!“

      ეს სიტყვები თქვა 13 წლის გოგონამ, რომელსაც ლეკვი აჩუქეს. ერთ ქალბატონს, რომელიც დღეს წარმატებული ბიზნესმენია, როცა სკოლას ამთავრებდა, მამამ კომპიუტერი აჩუქა. როგორც მან აღნიშნა, ამ საჩუქარმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. ერთი ახალდაქორწინებული მამაკაცისთვის კი საუკეთესო საჩუქარი ხელნაკეთი ბარათი აღმოჩნდა, რომელიც მეუღლემ მათი ქორწინების პირველ წლისთავზე აჩუქა.

      ბევრი არ იშურებს დროსა და ენერგიას, რათა ღირსსახსოვარ დღეს მეგობარს ან ახლობელს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთოს. ალბათ, ისინი ისურვებდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებულ საჩუქარს საყვარელ ადამიანში ისეთივე გრძნობები გამოეწვია, როგორიც სტატიის დასაწყისში მოხსენიებულთ დაეუფლათ. თქვენც ხომ არ ისურვებთ, სხვებს გაუკეთოთ ან თავად მიიღოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ნამდვილად სასურველი იქნება?

      ასეთი საჩუქრის გაკეთების სურვილი ადამიანს მხოლოდ იმიტომ კი არა აქვს, რომ სხვებს მიანიჭოს სიამოვნება, არამედ თავადაც განიცადოს სიხარული. სწორედ ამას უსვამს ხაზს ბიბლიაც: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). რა თქმა უნდა, გაცემით გამოწვეული სიხარული ერთიორად იზრდება, როცა საჩუქარი ნამდვილად სასურველია.

      რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ საჩუქარმა არა მხოლოდ თქვენ მოგიტანოთ სიხარული, არამედ მასაც, ვისაც საჩუქარს უკეთებთ? და თუ საუკეთესო საჩუქრის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაშინ რა დაგეხმარებათ, რომ თქვენი საჩუქარი სასურველი მაინც იყოს?

  • როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 6
    • რას აჩუქებდი ახლობელს?

      მთავარი თემა | უძვირფასესი საჩუქარი

      როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი?

      ვინმესთვის საუკეთესო საჩუქრის შერჩევა არც ისე იოლია, რადგან საჩუქრის ნამდვილ ფასეულობას საბოლოოდ ის ადამიანი განსაზღვრავს, ვისაც საჩუქარს ვუკეთებთ. ის, რაც ერთისთვისაა საუკეთესო, სხვისთვის შეიძლება საერთოდ არაფერს წარმოადგენდეს.

      მაგალითად, მოზარდი შეიძლება საუკეთესო საჩუქრად უახლესი მოდელის პლანშეტს ან სმარტფონს თვლიდეს, მაშინ როცა უფროსი ასაკის ადამიანისთვის ისეთი ნივთი ფასობდეს, რომელიც ოჯახის რელიკვიაა. ზოგ ქვეყანაში ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც საჩუქრად ფულის მიღება ურჩევნიათ, რადგან იმას შეიძენენ, რასაც თავად მოისურვებენ.

      ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, ბევრი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მიაგნოს ისეთ საჩუქარს, რომელიც ყველაზე სასურველი აღმოჩნდება საყვარელი ადამიანისთვის. მართალია, ეს ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ქვემოთ მოყვანილ ოთხ ფაქტორს, დიდი ალბათობით, შევძლებთ შესაფერისი საჩუქრის შერჩევას.

      სურვილი. ერთმა ბელფასტელმა (ჩრდილოეთი ირლანდია) მამაკაცმა ველოსიპედს, რომელიც 10-11 წლის ასაკში აჩუქეს, საუკეთესო საჩუქარი უწოდა. როგორც თავად ახსნა, ეს სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად უნდოდა. მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ ხშირად ადამიანის სურვილი განაპირობებს, დააფასებს თუ არა საჩუქარს. ამიტომ იფიქრეთ მასზე, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთებას აპირებთ. შეეცადეთ, გაიგოთ, რა უყვარს, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მისთვის სასურველი საჩუქრის შერჩევას. მაგალითად, პაპა-ბებიებს ძალიან უყვართ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. ამიტომ მათ სურთ, შვილებმა და შვილიშვილებმა რაც შეიძლება ხშირად მოინახულონ. ასე რომ, თუ ოჯახი არდადეგებს პაპა-ბებიასთან ერთად გაატარებს, ეს ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნება მათთვის.

      თუ გსურთ გაიგოთ, რა მოსწონს ადამიანს, საჭიროა, კარგი მსმენელი იყოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19). მეგობარსა თუ ახლობელთან საუბრის დროს ყურადღება მიაქციეთ ისეთ ნიუანსებს, რომლებიც მიგანიშნებთ, რა მოსწონს მას და რა — არა.

      საჭიროება. ზოგჯერ ადამიანს უბრალო საჩუქარიც კი ძალიან ახარებს, რადგან ზუსტად ისაა, რაც მას სჭირდება. მაგრამ როგორ უნდა გაიგოთ, რა სჭირდება მას, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთებას აპირებთ?

      შეგიძლიათ პირდაპირ ჰკითხოთ, რა სჭირდება ან როგორ საჩუქარს ისურვებდა, თუმცა ამ შემთხვევაში ისეთ სიხარულს ვერ იგრძნობთ, როგორსაც მაშინ, როცა სასურველ საჩუქარს მოულოდნელად მიართმევთ. ამიტომაც ამჯობინებს ბევრი, ახლობელს ან მეგობარს სიურპრიზი გაუკეთოს. გარდა ამისა, ზოგი თავისუფლად საუბრობს იმაზე, რა მოსწონს და რა — არა, მაგრამ არასდროს ამბობს, სინამდვილეში რა სჭირდება.

      იყავით დაკვირვებული და მხედველობაში მიიღეთ მისი ოჯახური მდგომარეობა და ასაკი, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთებას აპირებთ; ისიც გაითვალისწინეთ, დასაქმებულია თუ პენსიაზეა გასული. დაფიქრდით, როგორი საჩუქარი გამოადგებოდა ასეთ ადამიანს.

      იმისათვის, რომ გაიგოთ, სინამდვილეში რა სჭირდება მას, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთება გსურთ, რჩევა ჰკითხეთ იმ ადამიანებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. შეიძლება მათ ისეთ საჭიროებებზე გაამახვილონ ყურადღება, რაც არც ისე ადვილი შესამჩნევია. ამან შესაძლოა მიგახვედროთ, რა სჭირდება სინამდვილეში თქვენს ახლობელს, რის შესახებაც შეიძლება სხვებს წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, და შესაფერისი საჩუქარი შეურჩიოთ.

      შესაფერისი დრო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). ამ მუხლიდან ჩანს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის რას ვამბობთ. თუმცა ამ პრინციპის გამოყენება მაშინაც შეგვიძლია, როცა საქმე საჩუქრის გაკეთებაზე მიდგება. როგორც დროულად ნათქვამი სიტყვები სიამოვნებს მსმენელს, ისე დროულად გაკეთებული საჩუქარი დიდ სიხარულს ანიჭებს მას, ვისაც საჩუქარს ვჩუქნით.

      საჩუქარი შეიძლება გავუკეთოთ მეგობარს, რომელიც ქორწინდება, ახალგაზრდას, რომელიც სკოლას ამთავრებს ან წყვილს, რომელიც ბავშვს ელოდება. თუმცა საჩუქრის გასაკეთებლად უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს. ზოგისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა, წინასწარ ჩამოეწერათ, მთელი წლის მანძილზე რა ღირსშესანიშნავი მოვლენების აღნიშვნა იგეგმება. ეს ეხმარება მათ, თითოეულ შემთხვევაში წინასწარ შეარჩიონ შესაფერისი საჩუქარი.a

      რასაკვირველია, საჩუქრის გაკეთება სხვა დროსაც შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს განვიცადოთ სიხარული, რომელიც გაცემას მოაქვს. თუმცა წინდახედულობაც უნდა გამოვიჩინოთ. მაგალითად, თუ კაცი საჩუქარს უკეთებს ქალს და ამისთვის არანაირი საბაბი არა აქვს, ქალმა შეიძლება დაასკვნას, რომ ამ მამაკაცს სიმპათია აქვს მის მიმართ. მაგრამ, თუ მას არა აქვს სერიოზული განზრახვა, ასეთმა ყურადღებამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. ეს მაგალითი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საჩუქრის გაკეთების დროს კიდევ ერთი ფაქტორის, მოტივების, გათვალისწინება.

      მოტივები. კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ხომ არ შეიტანს ჩვენს მოტივებში ეჭვს ის, ვისაც საჩუქარს ვუკეთებთ. თუმცა საკუთარ თავსაც უნდა დავუკვირდეთ, რა მოტივით ვჩუქნით სხვებს საჩუქრებს. მართალია, ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საჩუქრის გაკეთების დროს მათ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ბევრი იძულებულია, სადღესასწაულო დღეებში გაუკეთოს სხვებს საჩუქრები. არიან ისეთებიც, ვინც საჩუქრებს გამორჩენის მიზნით გასცემს.

      როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წრფელი მოტივით ვუკეთებთ სხვებს საჩუქრებს? ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ“ (1 კორინთელები 16:14). თუ ის, ვისაც საჩუქარს ვუკეთებთ, ნამდვილად გვიყვარს და გულწრფელად ვზრუნავთ მასზე, დიდი ალბათობაა, რომ სიხარულით მიიღებს ამ საჩუქარს და გაცემის შედეგად ჩვენც უდიდეს კმაყოფილებას ვიგრძნობთ. როცა მთელი გულით გავცემთ, ჩვენს ზეციერ მამასაც ვახარებთ. მოციქულმა პავლემ შეაქო კორინთელი ქრისტიანები, რომლებმაც გულუხვად და სიხარულით გაიღეს შესაწირავი იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული თანაქრისტიანებისთვის. პავლემ მათ უთხრა: „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

      ზემოხსენებული ფაქტორების მხედველობაში მიღება დაგვეხმარება, სხვებს ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ, რომელიც მათ გულს ნამდვილად ეამება. ღმერთმა არა მარტო ეს, არამედ გაცილებით მეტი გაითვალისწინა, როცა კაცობრიობას საუკეთესო საჩუქარი უბოძა. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რა საჩუქარზეა საუბარი.

      a ბევრი თავის ახლობლებს საჩუქარს დაბადების დღეს ან სხვადასხვა დღესასწაულის დროს უკეთებს. მაგრამ ხშირად ასეთი დღესასწაულებისთვის დამახასიათებელია წეს-ჩვეულებები, რომლებიც ბიბლიის სწავლებებს ეწინააღმდეგება. ამავე ნომერში იხილეთ სტატია „უნდა აღნიშნავდნენ ქრისტიანები შობას?“.

  • უძვირფასესი საჩუქარი
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 6
    • ბედნიერი ოჯახი სამოთხეში

      გამოსასყიდი, რომელიც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს, მართლაც უძვირფასესი საჩუქარია!

      მთავარი თემა | უძვირფასესი საჩუქარი

      უძვირფასესი საჩუქარი

      „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკობი 1:17). აქ საუბარია, თუ რაოდენ გულუხვია ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა. ღმერთმა უამრავი საჩუქარი გვიბოძა, მაგრამ ამ საჩუქრებიდან ერთი განსაკუთრებულად ძვირფასია. იესოს სიტყვებიდან, რომლებიც ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, ვიგებთ, რა არის ეს საჩუქარი: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

      ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე შემოგვწირა — ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერავინ ვერასდროს მივიღებდით, რადგან ის ცოდვის, სიბერისა და სიკვდილის ტყვეობიდან გაგვათავისუფლებს (ფსალმუნი 51:5; იოანე 8:34). რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენით ვერასდროს შევძლებთ ამ ტყვეობიდან თავის დაღწევას. მაგრამ ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ ჩვენს ხსნაზე იზრუნა. იეჰოვამ მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, გაიღო, რათა მათ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონოდათ. რა არის გამოსასყიდი? რატომ გახდა საჭირო მისი გაღება? რა მოითხოვება ჩვენგან, რომ ამ გამოსასყიდმა სიკეთე მოგვიტანოს?

      გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც ხდება დაკარგულის უკან დაბრუნება ან ვისიმე ტყვეობიდან დახსნა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, რომლებიც თავიდან უცოდველები იყვნენ, შეეძლოთ თავიანთ შთამომავლებთან ერთად მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში (დაბადება 1:26—28). სამწუხაროდ, მათ ეს ყველაფერი დაკარგეს, როცა ღმერთს ეურჩნენ და ცოდვილები გახდნენ. რა მოჰყვა ამას შედეგად? ბიბლია გვპასუხობს: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). სრულყოფილი შთამომავლების ნაცვლად, ადამმა ცოდვილი და მოკვდავი შთამომავლობა წარმოშვა.

      ის, რასაც გამოსასყიდად იღებენ, დაკარგულის ზუსტი ეკვივალენტი უნდა იყოს. როდესაც ადამი განზრახ ეურჩა ღმერთს, შესცოდა და სრულყოფილი სიცოცხლე დაკარგა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, შედეგად მისი შთამომავლებიც ცოდვასა და სიკვდილს დაემონნენ. ამიტომ მათ სახსნელად სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლის გაღება გახდა საჭირო — ეს ადამიანი იყო იესო (რომაელები 5:19; ეფესოელები 1:7). ასე რომ, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა, რომელიც ადამმა და ევამ დაკარგეს, მათ შთამომავლებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიეცათ, რომ ღმერთმა მათთვის სიყვარულით გაიღო გამოსასყიდი (გამოცხადება 21:3—5).

      ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ გამოსასყიდი, რომელიც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს, მართლაც უძვირფასესი საჩუქარია! იმის გასაგებად, თუ რატომ არის გამოსასყიდი „სრულყოფილი საბოძვარი“, განვიხილოთ, როგორ გაითვალისწინა იეჰოვამ ყველა ის ფაქტორი, რომლებიც წინა სტატიაში იყო მოყვანილი საჩუქრის შერჩევასთან დაკავშირებით.

      სურვილი. ადამიანებში დევს მარადიულად ცხოვრების ძლიერი სურვილი (ეკლესიასტე 3:11). ჩვენით ამ სურვილს ვერასდროს დავიკმაყოფილებთ, მაგრამ გამოსასყიდის წყალობით ეს სავსებით შესაძლებელია. ბიბლიაში ნათქვამია: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23).

      საჭიროება. ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა გამოსასყიდის გაღებას. ბიბლიაში ახსნილია: „ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება“ (ფსალმუნი 49:7, 8). ასე რომ, ღვთის დახმარების გარეშე თავს ვერ დავაღწევდით ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობას. მაგრამ „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით“ ღმერთმა ზუსტად ის გვიბოძა, რაც ნამდვილად გვჭირდებოდა (რომაელები 3:23, 24).

      შესაფერისი დრო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8). ის ფაქტი, რომ ღმერთმა ჯერ კიდევ მაშინ გაიღო გამოსასყიდი, როცა „ცოდვილნი ვიყავით“, გვარწმუნებს, რომ ჩვენი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, მას უსაზღვროდ ვუყვარვართ. მეტიც, თუმცა დღეს ვიწვნევთ ცოდვის შედეგებს, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ გამოსასყიდი მომავალში ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

      მოტივები. ბიბლიიდან ვიგებთ, რამ აღძრა ღმერთი, საკუთარი ძის სიცოცხლე ჩვენ გამოსასყიდად გაეღო: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:9, 10).

      ჩვენ როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ასეთი უძვირფასესი საჩუქრისთვის? იესოს სიტყვების თანახმად, რომელიც იოანეს 3:16-შია ჩაწერილი, ღმერთი მხოლოდ მათ იხსნის, ვინც რწმენას ავლენს იესოს მიმართ. როგორც ბიბლიაში წერია, რწმენა „იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრაელები 11:1). ასეთი რწმენის განსავითარებლად აუცილებელია საფუძვლიანი ცოდნის მიღება. ამიტომ მოგიწოდებთ, უკეთ გაიცნოთ იეჰოვა ღმერთი, ამ „სრულყოფილი საბოძვრის“ მბოძებელი, და გაიგოთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი თქვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახუროს.

      იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამაში. ამასთან, დიდ დახმარებას გაგიწევთ ბიბლიაზე დაფუძნებული სტატიები, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.pr2711.com. დარწმუნებული ვართ, როცა მეტს გაიგებთ ამ უძვირფასესი საჩუქრის შესახებ და საკუთარ თავზე გამოსცდით, რა სიკეთე მოაქვს მას, თქვენც იტყვით პავლე მოციქულის მსგავსად: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:25).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება