-
ირეკლავთ ღვთის დიდებას?საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 აგვისტო
-
-
ირეკლავთ ღვთის დიდებას?
„ჩვენ . . . სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას“ (2 კორინთელები 3:18).
1. რა იხილა მოსემ და რა მოხდა შემდეგ?
ეს იყო ერთ-ერთი ამაღელვებელი ხილვა, რაც კი ადამიანს ოდესმე უნახავს. სინას მთაზე მოსეს არაჩვეულებრივი სათხოვარი შეუსრულდა. მან იეჰოვას დიდება იხილა, რისი ხილვის შესაძლებლობაც მანამდე არც ერთ ადამიანს არ ჰქონია. მოსეს იეჰოვა პირისპირ არ უხილავს. ადამიანს არ შეუძლია იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს. ამიტომ, იეჰოვამ თავისი „ხელით“, როგორც დამცავი საფარით, დაფარა მოსე, ვიდრე ჩაივლიდა. როგორც ჩანს, მან ანგელოზი გამოიყენა ამისთვის. ამის შემდეგ იეჰოვამ ნება დართო მოსეს, რომ ღვთიური დიდების ანარეკლი ენახა. იეჰოვა ანგელოზის მეშვეობითაც ელაპარაკა მოსეს. ბიბლიაში ნათქვამია, თუ რა მოხდა შემდეგ: „სინას მთიდან რომ ჩამოვიდა მოსე . . . მისი სახე სხივებს გამოსცემდა მასთან [იეჰოვასთან] ლაპარაკის გამო“ (გამოსვლა 33:18—34:7, 29, აქ).
2. რა თქვა პავლე მოციქულმა ღვთის დიდებაზე, რომელსაც ქრისტიანები ირეკლავენ?
2 წარმოიდგინე, რომ მოსესთან ერთად ხარ ამ მთაზე. მართლაც, რა ამაღელვებელი იქნებოდა ყოვლისშემძლე ღმერთის თვალისმომჭრელი დიდებულების ნახვა და მისი სიტყვების მოსმენა! რა დიდი პატივი იქნებოდა მოსესთან, რჯულის შეთანხმების შუამავალთან, ერთად სინას მთიდან ჩამოსვლა! იცოდი, რომ გარკვეული გაგებით ქრისტიანებს მოსესთან შედარებით უფრო მეტად შეუძლიათ აირეკლონ ღვთის დიდება? ეს მნიშვნელოვანი აზრი ნათლად ჩანს პავლე მოციქულის წერილში. მან თქვა, რომ ცხებული ქრისტიანები ‘სარკესავით ირეკლავენ იეჰოვას დიდებას’ (2 კორინთელები 3:7, 8, 18). გარკვეულწილად, ღვთის დიდებას ის ქრისტიანებიც ირეკლავენ, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ.
როგორ ირეკლავენ ქრისტიანები ღვთის დიდებას?
3. როგორ შეგვიძლია მოსესთან შედარებით უფრო მეტი გავიგოთ იეჰოვას შესახებ?
3 როგორ შეგვიძლია ავირეკლოთ ღვთის დიდება? მოსესგან განსხვავებით ჩვენ არ გვინახავს იეჰოვა და არც მისი ხმა მოგვისმენია. მაგრამ ჩვენ უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იეჰოვას შესახებ, ვიდრე მოსეს. იესო, როგორც მესია, მოსეს სიკვდილიდან დაახლოებით 1 500 წლის შემდეგ გამოჩნდა. ამიტომ მოსემ არ იცოდა, თუ როგორ შესრულდებოდა წინასწარმეტყველება იესოზე, რომელიც იმისთვის მოკვდა, რომ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის საშინელი მონობისგან ეხსნა (რომაელები 5:20, 21; გალატელები 3:19). გარდა ამისა, მოსეს შეეძლო მხოლოდ ნაწილობრივ ჩაწვდომოდა იეჰოვას დიდებულ განზრახვას, რომელიც მესიანური სამეფოს მეშვეობით განხორციელდება სამოთხეში დედამიწაზე. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ იეჰოვას დიდება არა ფიზიკური თვალით, არამედ რწმენის თვალით; რწმენისა, რომელიც ბიბლიურ სწავლებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, იეჰოვას ხმას ანგელოზის მეშვეობით კი არ ვისმენთ, არამედ ბიბლიის, განსაკუთრებით კი სახარებების მეშვეობით, სადაც შესანიშნავადაა აღწერილი იესოს მსახურება და სწავლებები.
4. ა) როგორ ირეკლავენ ცხებული ქრისტიანები ღვთის დიდებას? ბ) როგორ შეუძლიათ ღვთის დიდების არეკვლა მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს?
4 ქრისტიანებზე ღვთის დიდება ისე არ აირეკლება, რომ მათი სახეები სხივებს გამოსცემდეს. მაგრამ მათ სახე უბრწყინავთ იმით, რომ სხვებს იეჰოვას დიდებული პიროვნებისა და განზრახვების შესახებ ესაუბრებიან. ესაია წინასწარმეტყველმა ჩვენს დღეებთან დაკავშირებით თქვა, რომ ღვთის ხალხი ‘აუწყებდა მის [იეჰოვას] დიდებას ხალხებში’ (ესაია 66:19). გარდა ამისა, 2 კორინთელების 4:1, 2-ში ნათქვამია: „რადგან . . . მივიღეთ ეს მსახურება . . . უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ცბიერებით კი არ დავდივართ და ღვთის სიტყვას კი არ ვაყალბებთ, არამედ ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს ყოველი ადამიანის სინდისთან ღვთის წინაშე“. პავლე ძირითადად ლაპარაკობდა ცხებულ ქრისტიანებზე, რომლებიც „ახალი შეთანხმების მსახურნი“ არიან (2 კორინთელები 3:6). მათი საქმიანობა გავლენას ახდენს უამრავ ადამიანზე, რომელთაც მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ დედამიწაზე. ამ ორივე ჯგუფის მსახურებაში იეჰოვას დიდება აირეკლება არა მხოლოდ იმით, რასაც ასწავლიან, არამედ იმითაც, თუ როგორ ცხოვრობენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და პატივი, რომ ავირეკლოთ უზენაესი ღმერთის დიდება.
5. რას ცხადყოფს ჩვენი სულიერი კეთილდღეობა?
5 იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, დღეს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგება ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად (მათე 24:14). ადამიანები ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას და ღვთის ნებასთან შეთანხმებულად ცხოვრობენ (რომაელები 12:2; გამოცხადება 7:9). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მათ არ შეუძლიათ შეწყვიტონ იმაზე ლაპარაკი, რაც იხილეს და მოისმინეს (საქმეები 4:20). დღეს, ისე როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, ღვთის დიდებას 6 მილიონზე მეტი ადამიანი ირეკლავს. ხარ შენც მათ შორის? ღვთის ხალხის სულიერი კეთილდღეობა ნათლად აჩვენებს, რომ იეჰოვა აკურთხებს და იცავს თავის ხალხს. და რადგან ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, ეს უფრო მეტად ცხადყოფს, რომ იეჰოვას სული ჩვენთანაა. განვიხილოთ, თუ რატომ არის ეს ასე.
ღვთის ხალხი არ გაჩუმდება
6. რატომ გვჭირდება რწმენა და გაბედულება, რომ იეჰოვას მხარე დავიკავოთ?
6 წარმოიდგინეთ, რომ დაუნდობელი ბოროტმოქმედის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება უნდა მისცეთ. თქვენთვის ცნობილია, რომ ბოროტმოქმედს ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელი შეგიშალონ მის მხილებაში. ასეთი დამნაშავის წინააღმდეგ რომ მოწმედ გამოხვიდე, საჭიროა გაბედულება და იმაში დარწმუნება, რომ მთავრობა უსაფრთხოების გარანტიას მოგცემს. ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვამოწმებთ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ და ამით სატანა ეშმაკის წინააღმდეგ გამოვდივართ, რადგან ვამხელთ, რომ ის არის კაცისმკვლელი და ცრუ, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). რწმენა და გაბედულება გვჭირდება, რომ იეჰოვას მხარე დავიკავოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას.
7. როგორ ძალაუფლებას ფლობს სატანა და რის გაკეთებას ცდილობს?
7 იეჰოვა, რა თქმა უნდა, უზენაესი ღმერთია. ის გაცილებით ძლიერია სატანაზე. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას ჩვენი დაცვის მხოლოდ ძალა კი არა, არამედ დიდი სურვილიც აქვს, რადგან მას ერთგულად ვემსახურებით (2 ნეშტთა 16:9). მიუხედავად ამისა, სატანა ღვთისგან გაუცხოებული ქვეყნიერებისა და დემონების მმართველია (მათე 12:24, 26; იოანე 14:30). სატანა, რომელიც დედამიწაზე გადმოგდებული და „დიდად განრისხებული“ არის, სასტიკად ეწინააღმდეგება იეჰოვას მსახურებს და ამისათვის თავის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებას იყენებს. მას სურს, რომ გააჩუმოს ყველა, ვინც სასიხარულო ცნობას აუწყებს (გამოცხადება 12:7—9, 12, 17). როგორ აკეთებს ის ამას? სულ მცირე, ის სამ მეთოდს იყენებს.
8, 9. როგორ იყენებს სატანა სიყვარულის არასწორ გამოვლინებას და რატომ უნდა დავუკვირდეთ, ვის ვირჩევთ მეგობრებად?
8 პირველი მეთოდი, რითაც სატანა ცდილობს ღმერთს ჩამოგვაშოროს, ცხოვრებისეული საზრუნავია. ბოლო დღეებში ადამიანები ფულის, საკუთარი თავისა და სიამოვნებათა მოყვარულები არიან. მათ არ უყვართ ღმერთი (2 ტიმოთე 3:1—4). ადამიანთა უმრავლესობა ყოველდღიური საქმეებით არის დაკავებული და ყურად არ იღებს სასიხარულო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ. მათ არ აინტერესებთ ბიბლია (მათე 24:37—39). ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენზე და თანდათანობით სულიერად უმოქმედოები გაგვხადოს. თუ საკუთარ თავს ნებას დავრთავთ, რომ სიმდიდრისა და სიამოვნების სიყვარულმა გაგვიტაცოს, ღვთისადმი სიყვარული გაგვინელდება (მათე 24:12).
9 ამის თავიდან ასარიდებლად, ქრისტიანები ყურადღებით ირჩევენ მეგობრებს. „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, — თქვა მეფე სოლომონმა, — რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20). მოდი ‘ვიაროთ’ მათთან, ვინც ღვთის დიდებას ირეკლავს. მართლაც, რა კარგია ასე მოქცევა! კრების შეხვედრებზე თუ სხვა დროს სულიერ და-ძმებთან შეკრებისას მათ მიერ გამოვლენილი სიყვარულით, რწმენით, სიხარულითა და სიბრძნით ვმხნევდებით. ასეთი ჯანსაღი ურთიერთობები მტკიცეს ხდის ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ სირთულეების მიუხედავად განვაგრძოთ მსახურება.
10. როგორ იყენებს სატანა დაცინვას მათ წინააღმდეგ, ვინც ღვთის დიდებას ირეკლავს?
10 მეორე საშუალება, რითაც სატანა ცდილობს, ხელი შეუშალოს ქრისტიანებს ღვთის დიდების არეკვლაში, დაცინვაა. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. დედამიწაზე მსახურების დროს იესო ქრისტეს დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ, შეურაცხყოფდნენ და აფურთხებდნენ კიდეც (მარკოზი 5:40; ლუკა 16:14; 18:32). პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც დასცინოდნენ (საქმეები 2:13; 17:32). დღეს იეჰოვას მსახურებსაც მსგავსად ექცევიან. პეტრე მოციქულის სიტყვების თანახმად, ისინი შეიძლება „ცრუ წინასწარმეტყველებადაც“ კი მიიჩნიონ. «ბოლო დღეებში, — წინასწარმეტყველებდა პეტრე, — მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? . . ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტრე 3:3, 4). ღვთის ხალხზე დაცინვით ამბობენ, რომ ისინი რეალობას მოწყვეტილნი არიან. მრავალი ფიქრობს, რომ ბიბლიის ზნეობრივი ნორმები მოძველებულია. ბევრი უგუნურებად მიიჩნევს იმ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ (1 კორინთელები 1:18, 19). ქრისტიანებს დასცინიან სკოლაში, სამსახურში და დროდადრო ოჯახშიც კი. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ ღვთის დიდების არეკვლას ქადაგებით, რადგან იესოს მსგავსად ვიცით, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17).
11. როგორ იყენებს სატანა დევნას, რომ ქრისტიანები გააჩუმოს?
11 მესამე მეთოდი, რომელსაც სატანა ჩვენს გასაჩუმებლად იყენებს, წინააღმდეგობა და დევნაა. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები მართლაც რომ საშინლად იდევნებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ის სიძულვილი ანუ მტრობა, რაც სატანა ეშმაკის მსახურებს ექნებოდათ ღვთის მსახურების მიმართ (დაბადება 3:15). ასევე ვიცით, რომ განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებით იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობას ვუჭერთ მხარს. ამის ცოდნა უკიდურეს ვითარებებშიც კი გაგვაძლიერებს. ვერავითარი დევნა ვერ გაგვაჩუმებს, თუ გადაწყვეტილი გვექნება, რომ ღვთის დიდება ავირეკლოთ.
12. რატომ უნდა გვიხაროდეს, თუ სატანის მიერ შექმნილი წინააღმდეგობების დროს ერთგულებას ვინარჩუნებთ?
12 ახმართ ძალისხმევას იმას, რომ ქვეყნიერებამ არ მიგიზიდოთ და ინარჩუნებთ ერთგულებას დაცინვისა და დევნის მიუხედავად? თუ დიახ, სიხარულის მიზეზი ნამდვილად გაქვთ. იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით ხტოდეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათე 5:11, 12). თქვენ მიერ გამოვლენილი მოთმინება ცხადყოფს, რომ იეჰოვას ძლიერი წმინდა სული თქვენზეა, რაც ძალებს გმატებთ მისი დიდების ასარეკლად (2 კორინთელები 12:9).
იეჰოვა გვეხმარება, რომ მოვითმინოთ
13. რა ძირითადი მიზეზის გამო ვითმენთ ქრისტიანულ მსახურებაში?
13 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვითმენთ მსახურებაში, ის არის, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვსურს მისი დიდების არეკვლა. ადამიანები მიდრეკილნი არიან, მიბაძონ მათ, ვინც უყვართ და ვისაც დიდ პატივს სცემენ; ამას კი იეჰოვაზე მეტად არავინ იმსახურებს. ვინაიდან ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, დედამიწაზე თავისი ძე გამოგზავნა ჭეშმარიტების დასამოწმებლად და მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად (იოანე 3:16; 18:37). ღვთის მსგავსად, ჩვენც გვსურს, რომ ყველამ მოინანიოს და გადარჩეს; ამიტომაც ვქადაგებთ მათთან (2 პეტრე 3:9). ეს სურვილი და ჩვენი გადაწყვეტილება, მივბაძოთ ღმერთს, აღგვძრავს, რომ მისი დიდების არეკვლა განვაგრძოთ მსახურებაში.
14. როგორ გვაძლევს იეჰოვა ძალებს, რომ ქრისტიანულ მსახურებაში მოთმინება გამოვავლინოთ?
14 იეჰოვა გვაძლევს ძალებს, რომ ქრისტიანულ მსახურებაში მოთმინება გამოვავლინოთ. ის გვიცავს და გვაძლიერებს თავისი სულის, ორგანიზაციისა და სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით. იეჰოვა ‘მოთმინებას აძლევს’ მათ, რომლებსაც მისი დიდების არეკვლა სურთ. ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს და სიბრძნეს გვაძლევს განსაცდელების დროს (რომაელები 15:5; იაკობი 1:5). გარდა ამისა, იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ განსაცდელებს, რომელთა ატანაც ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. თუ მივენდობით მას, გამოსავალსაც მოგვცემს, რათა კვლავაც ავირეკლოთ მისი დიდება (1 კორინთელები 10:13).
15. რა გვეხმარება მოთმინებაში?
15 მსახურებაში გამოვლენილი მოთმინება ცხადყოფს, რომ ღვთის სულია ჩვენზე. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ გთხოვათ, რომ უფასოდ დაგერიგებინათ პური კარდაკარ. გითხრეს, რომ ამისათვის საკუთარი თანხებისა და თქვენი საუკეთესო დროის გამოყოფაა საჭირო. შემდეგ იგებთ, რომ ძალიან ცოტას უნდა პურის აღება; ზოგმა შეიძლება ხელიც კი შეგიშალოთ. შეძლებდით ასეთი დავალების დიდხანს შესრულებას? ალბათ, არა. მაგრამ შეიძლება უკვე წლების ან ათწლეულების განმავლობაში სასიხარულო ცნობის ქადაგებას საკუთარ ხარჯებსა და თქვენს საუკეთესო დროს ახმართ. რატომ იქცევით ასე? იმიტომ ხომ არა, რომ გიყვართ იეჰოვა და თავისი სულის მეშვეობით ის აკურთხებს თქვენს ძალისხმევას და გეხმარებათ, რომ მოითმინოთ? რა თქმა უნდა!
საქმიანობა, რომელიც უნდა გვახსოვდეს
16. რას ნიშნავს მსახურებაში გამოვლენილი მოთმინება ჩვენთვის და ჩვენი მსმენელებისთვის?
16 საქმიანობა, რომელსაც ახალი შეთანხმების მსახურნი ასრულებენ, შეუდარებელი ძღვენია (2 კორინთელები 4:7). მსგავსად ამისა, ქრისტიანული მსახურება, რომელსაც სხვა ცხვრები ეწევიან მთელ დედამიწაზე, ძღვენს წარმოადგენს. მსახურებაში გამოვლენილი მოთმინებით, როგორც პავლემ მისწერა ტიმოთეს, ‘თქვენს თავსაც იხსნით და მსმენელებსაც’ (1 ტიმოთე 4:16). დაფიქრდით, თუ რას ნიშნავს ეს. სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქადაგებთ, შესაძლებლობას აძლევს სხვებს, რომ მარადიულად იცხოვრონ. თქვენ შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მათ, ვისაც სულიერ ზრდაში ეხმარებით. წარმოიდგინეთ, რა სასიხარულო იქნება სამოთხეში მარადიულად ცხოვრება მათთან, ვისაც ღვთის შესახებ შემეცნების მიღებაში დაეხმარეთ! ცხადია, ისინი არასოდეს დაივიწყებენ ამას. ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ კმაყოფილები იყოთ!
17. რატომ არის ჩვენი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული?
17 ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებულია. ღმერთისგან გაუცხოებულ მსოფლიოს აღარასოდეს ექადაგება სასიხარულო ცნობა. ნოე ცხოვრობდა ასეთ ქვეყნიერებაში და საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ განადგურდა ის. მართლაც რა გახარებული უნდა ყოფილიყო ნოე, რომ ერთგულად შეასრულა ღვთის დავალება, ააგო კიდობანი და ამის წყალობით გადარჩა ის და მისი ოჯახი! (ებრაელები 11:7). თქვენც შეგიძლიათ მსგავსად გაიხაროთ. წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაგეუფლებათ ახალ ქვეყნიერებაში, როცა გაიხსენებთ, რომ ბოლო დღეებში სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ.
18. რაში არწმუნებს და როგორ ამხნევებს იეჰოვა თავის მსახურებს?
18 დაე ყოველთვის ავირეკლოთ ღვთის დიდება. თუ ასე მოვიქცევით, ეს არასდროს იქნება დავიწყებული. იეჰოვა არ ივიწყებს ჩვენს შრომას. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინაიდან ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს. მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში, რომ არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:10—12).
-
-
ქრისტიანები ირეკლავენ იეჰოვას დიდებასსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 აგვისტო
-
-
ქრისტიანები ირეკლავენ იეჰოვას დიდებას
„ბედნიერები ხართ, რომ თვალებით ხედავთ და ყურებით გესმით“ (მათე 13:16).
1. რა კითხვა იბადება ისრაელების რეაქციასთან დაკავშირებით, როცა მათ სინას მთაზე მოსე დაინახეს?
ისრაელებს, რომლებიც სინას მთაზე შეიკრიბნენ, იეჰოვასთან დაახლოების საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. ღმერთმა ისინი თავისი ძლიერი მკლავით გაათავისუფლა ეგვიპტის მონობიდან. ის ზრუნავდა მათ საჭიროებებზე და საჭმელსა და წყალს აძლევდა უდაბნოში. ამის შემდეგ ღმერთმა გამარჯვება მოუტანა ისრაელებს ყამალეკთან ბრძოლაში (გამოსვლა 14:26—31; 16:2—17:13). უდაბნოში, სინას მთასთან დაბანაკებულ ისრაელებს იმდენად შეეშინდათ ქუხილისა და ელვის, რომ კანკალი დაიწყეს. მოგვიანებით მათ დაინახეს სინას მთიდან ჩამომავალი მოსე, რომლის სახეც იეჰოვას დიდებას ირეკლავდა. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ გაოცება გამოეხატათ და იეჰოვასთვის პატივი მიეგოთ, მათ უკან დაიხიეს. „შეეშინდათ მასთან [მოსესთან] მისვლისა“ (გამოსვლა 19:10—19; 34:30). რატომ შეეშინდათ მათ იეჰოვას დიდების ანარეკლის დანახვის? იეჰოვამ ხომ ბევრი რამ გააკეთა მათთვის?!
2. რატომ შეეშინდათ ისრაელებს, დაენახათ იეჰოვას დიდება, რომელიც მოსეს სახეზე აირეკლა?
2 ალბათ, ისრაელთა უმრავლესობა ადრე მომხდარი მოვლენების გამო შეშინდა. როდესაც მათ გამიზნულად გამოავლინეს იეჰოვასადმი ურჩობა და ხბოს ქანდაკება ჩამოასხეს, ღმერთმა დასაჯა ისინი (გამოსვლა 32:4, 35). ისწავლეს მათ რამე ამ სასჯელიდან და მადლიერები იყვნენ ამისათვის? არა, უმრავლესობამ არც არაფერი ისწავლა და არც მადლიერება გამოავლინა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოსემ ოქროს ხბოს ჩამოსხმის ამბავიც მოიხსენია იმ შემთხვევებთან ერთად, რომელთა დროსაც ისრაელებმა დაუმორჩილებლობა გამოავლინეს. მან უთხრა ხალხს: „თქვენ წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას და არ ერწმუნეთ მას, და არ ისმინეთ მისი ხმა. ურჩნი იყავით თქვენ უფლისადმი იმ დღიდან, რაც გიცნობთ“ (მეორე რჯული 9:15—24).
3. რას აკეთებდა მოსე, როცა სახეზე რიდეს იფარებდა?
3 განვიხილოთ, როგორ მოიქცა მოსე, როდესაც ისრაელები შეშინდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე. როცა შედიოდა მოსე [კარავში] უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. და ხედავდნენ ისრაელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს თავის სახეზე, ვიდრე მივიდოდა მასთან [იეჰოვასთან] სალაპარაკოდ“ (გამოსვლა 34:33—35). რატომ იფარებდა დროდადრო მოსე სახეზე რიდეს? რის სწავლა შეგვიძლია აქედან? ამ კითხვებზე პასუხი დაგვეხმარება, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე დავფიქრდეთ.
შესანიშნავი შესაძლებლობის დაკარგვა
4. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, რაზე მიანიშნებდა მოსეს მიერ რიდეს ტარება?
4 პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ მოსეს მიერ რიდეს ტარება მიანიშნებდა ისრაელთა გონებისა და გულის მდგომარეობაზე. ის წერდა: „ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე მოფენილი დიდების გამო . . . მათ გონება დაუჩლუნგდათ“ (2 კორინთელები 3:7, 14). რა სამწუხაროა! ისრაელი იეჰოვას რჩეული ერი იყო და ღმერთს სურდა, რომ ისინი დაახლოებოდნენ მას (გამოსვლა 19:4—6). მაგრამ ისრაელები ვეღარ უყურებდნენ მოსეს სახეზე მოფენილ ღვთის დიდებას. იმის მაგივრად, რომ გულითა და გონებით იეჰოვასადმი სიყვარულით აღსავსე ერთგულება გამოევლინათ, მათ ზურგი აქციეს მას.
5, 6. ა) როგორი პარალელის გავლება შეგვიძლია პირველი საუკუნის იუდეველებსა და მოსეს დღეებში მცხოვრებ ისრაელებს შორის? ბ) რით განსხვავდებოდნენ იესოს მოწაფეები სხვა იუდეველებისგან?
5 ამ მხრივ, ახ. წ. პირველ საუკუნესთან შეგვიძლია გავავლოთ პარალელი. იმ დროისთვის, როცა პავლე მიმართავდა ქრისტიანებს, კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება ახალმა შეთანხმებამ შეცვალა, რომლის შუამავალიც არის იესო ქრისტე, დიდი მოსე. სიტყვითა თუ საქმით იესომ სრულყოფილად აირეკლა იეჰოვას დიდება. პავლე მკვდრეთით აღმდგარი იესოს შესახებ წერდა: „ის არის მისი [ღმერთის] დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მის არსებას“ (ებრაელები 1:3). მართლაც რა შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ იუდეველებს! მათ შეეძლოთ თავად ღვთის ძისგან მოესმინათ ცნობა მარადიული სიცოცხლის შესახებ! სამწუხაროდ, უმეტესობამ არ მოისმინა იესოს ქადაგება. მათ შესახებ იესომ ესაიას მიერ წარმოთქმული იეჰოვას წინასწარმეტყველება მოიყვანა: „გაუუხეშდა ამ ხალხს გული, ყურებით ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ თვალებით აღარ დაინახონ და ყურებით აღარ მოისმინონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“ (მათე 13:15; ესაია 6:9, 10).
6 იუდეველებსა და იესოს მოწაფეებს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. თავისი მოწაფეების შესახებ იესომ თქვა: „ბედნიერები ხართ, რომ თვალებით ხედავთ და ყურებით გესმით“ (მათე 13:16). ჭეშმარიტ ქრისტიანებს მთელი გულით სურთ უფრო მეტი გაიგონ იეჰოვას შესახებ და ემსახურონ მას. მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ ღვთის ნების შესრულება, რის შესახებაც ბიბლიაშია საუბარი. შედეგად, ცხებული ქრისტიანები იეჰოვას დიდებას ირეკლავენ მსახურებაში, რომელსაც ახალი შეთანხმების თანახმად ასრულებენ, და სხვა ცხვრებიც მსგავსად იქცევიან (2 კორინთელები 3:6, 18).
რატომ არის დაფარული სასიხარულო ცნობა?
7. რატომ არ არის გასაკვირი, რომ მრავალი უარს ამბობს სასიხარულო ცნობის მოსმენაზე?
7 როგორც დავინახეთ, იესოს დღეებში, ისევე როგორც მოსეს დროს, ისრაელთა უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა შესანიშნავი შესაძლებლობა. დღესაც მსგავსი სიტუაციაა. მრავალი ადამიანი უარს ამბობს სასიხარულო ცნობის მოსმენაზე, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ და ეს გასაკვირი არც არის. პავლე წერდა: „თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება, ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ სისტემის ღმერთმა დაუბრმავა გონება“ (2 კორინთელები 4:3, 4). გარდა იმისა, რომ სატანა ცდილობს, დაფაროს სასიხარულო ცნობა, მრავალი ადამიანი თვითონ იფარებს სახეზე რიდეს, რომ არ დაინახოს.
8. რა გაგებით აქვს მრავალ ადამიანს თვალები დაბრმავებული და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს?
8 გადატანითი მნიშვნელობით მრავალ ადამიანს უცოდინრობის გამო დაბრმავებული აქვს თვალები. ბიბლიაში საუბარია ერებზე, რომლებიც ‘გონებადაბნელებულნი და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი არიან თავიანთი უმეცრების გამო’ (ეფესოელები 4:18). პავლე, რომელიც რჯულის კარგი მცოდნე იყო, სანამ ქრისტიანი გახდებოდა, უმეცრების გამო იმდენად დაბრმავებული იყო, რომ ღვთის კრებას დევნიდა (1 კორინთელები 15:9). მაგრამ იეჰოვამ გაუცხადა მას ჭეშმარიტება. მან თქვა: „შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი, რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მას ირწმუნებს მარადიული სიცოცხლისთვის“ (1 ტიმოთე 1:16). პავლეს მსგავსად, მრავალი, ვინც ერთ დროს ღვთის ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდა, დღეს ღმერთს ემსახურება. ეს კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოწინააღმდეგეებსაც კი ვუქადაგოთ. ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა და მისი მნიშვნელობის გაგება დაგვიცავს, უცოდინრობით ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც იეჰოვას არ მოეწონება.
9, 10. ა) როგორ აჩვენეს პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველებმა, რომ არ სურდათ ღვთის სიტყვების მოსმენა და ჯიუტად იცავდნენ თავიანთ შეხედულებებს? ბ) დღესაც მსგავსი მდგომარეობაა ქრისტიანულ სამყაროში? ახსენით.
9 მრავალი სულიერ საკითხებს იმიტომ ვერ წვდება, რომ არ სურთ ღვთის სიტყვის შესწავლა და ჯიუტად იცავენ თავიანთ შეხედულებას. მრავალმა იუდეველმა უარყო იესო და მისი სწავლებები, რადგან დაჟინებით იცავდნენ მოსეს კანონს. რა თქმა უნდა, არსებობდა გამონაკლისიც. მაგალითად, იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ „რწმენას უამრავი მღვდელიც ღებულობდა“ (საქმეები 6:7). მიუხედავად ამისა, მრავალი იუდეველის შესახებ პავლე წერდა: „დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე აქვთ ჩამოფარებული გულზე“ (2 კორინთელები 3:15). პავლემ ალბათ იცოდა, თუ რა უთხრა იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს: „წმინდა წერილებს იკვლევთ, რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე. სწორედ ისინი მოწმობენ ჩემ შესახებ“ (იოანე 5:39). საღვთო წერილს, რომელსაც ასე გულმოდგინედ იკვლევდნენ, უნდა დაენახვებინა მათთვის, რომ იესო მესია იყო. მაგრამ იუდევლებს საკუთარი შეხედულებები ჰქონდათ და ღვთის ძემაც კი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, ვერ შეძლო მათი დარწმუნება.
10 დღეს ქრისტიანულ სამყაროშიც მსგავსი მდგომარეობაა. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდევლების მსგავსად, მათ „ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2). მართალია, ზოგიერთი სწავლობს ბიბლიას, მაგრამ არ სწამთ მისი. ისინი უარყოფენ, რომ იეჰოვა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფის, ერთგული და გონიერი მონის, მეშვეობით ასწავლის თავის ხალხს (მათე 24:45). ჩვენ კი ვიცით, რომ იეჰოვა მოძღვრავს თავის ხალხს და ღვთის ჭეშმარიტება უფრო და უფრო ნათელი ხდება (იგავები 4:18). ჩვენ გვსურს, რომ იეჰოვასგან ვისწავლოთ და ამიტომ მისი ნებისა და განზრახვების ცოდნას კურთხევები მოაქვს ჩვენთვის.
11. როგორ არის ჭეშმარიტება დაფარული მათთვის, ვისაც მხოლოდ ის სწამს, რაც თავად მიაჩნია სწორად?
11 სხვები დაბრმავებულები არიან იმიტომ, რომ მხოლოდ ის სწამთ, რაც თავად მიაჩნიათ სწორად. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ზოგიერთი დასცინებდა ღვთის ხალხს და იმ ცნობას, რასაც ისინი იქადაგებდნენ იესოს მოსვლასთან დაკავშირებით. პეტრე მოციქული წერდა: „მათ, თავიანთი ნებისამებრ, მხედველობიდან რჩებათ“, რომ ნოეს დროს ღმერთმა წარღვნა მოავლინა ქვეყნიერებაზე (2 პეტრე 3:3—6). მსგავსად ამისა, ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, აღიარებენ, რომ იეჰოვა გულმოწყალე, კეთილი და მიმტევებელი ღმერთია, მაგრამ, ამავე დროს, უარყოფენ, რომ იეჰოვა დაუსჯელს არავის დატოვებს (გამოსვლა 34:6, 7). ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდ ძალისხმევას ახმარენ, რომ გაიგონ, თუ სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია.
12. როგორ აბრმავებს ხალხს ტრადიციები?
12 ეკლესიის მრევლიდან ბევრს ტრადიციები უბრმავებს გონებას. იესომ დედამიწაზე ყოფნისას რელიგიურ წინამძღოლებზე თქვა: „თქვენ თქვენივე ადათ–წესების გამო ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“ (მათე 15:6). იუდეველებმა გულმოდგინება გამოავლინეს და ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინეს, მაგრამ მღვდლები ქედმაღლები და თავდაჯერებულები გახდნენ; რელიგიური დღესასწაულები ფორმალობად აქციეს და ღმერთს სათანადო პატივს აღარ მიაგებდნენ (მალაქია 1:6—8). იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს მოსეს კანონთა კრებულისთვის უამრავი წეს–ჩვეულება ჰქონდათ დამატებული. იესომ გამოააშკარავა მათი თვალთმაქცობა, რადგან ისინი ვეღარ ხედავდნენ იმ სამართლიან პრინციპებს, რომლებზეც რჯული იყო დაფუძნებული (მათე 23:23, 24). ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სიფრთხილე უნდა გამოავლინონ, რომ ადამიანთა მიერ დამკვიდრებულმა რელიგიურმა ტრადიციებმა ისინი წმინდა თაყვანისმცემლობას არ ჩამოაშოროს.
„ხედავდა მას, ვინც უხილავია“
13. რომელი ორი სახით იხილა მოსემ ღვთის დიდება?
13 მოსეს სურდა, რომ მთაზე ღვთის დიდება ეხილა და მან დაინახა კიდეც იეჰოვას დიდების ანარეკლი. როდესაც ის კარავში შედიოდა, მას რიდე არ ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული. მოსე ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო, რომელსაც ღვთის ნების შეესრულების დიდი სურვილი ჰქონდა. მართალია მას შესაძლებლობა მიეცა, ნაწილობრივ ეხილა იეჰოვას დიდება, მაგრამ ის რწმენის თვალით უკვე ხედავდა ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მოსე „მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:27; გამოსვლა 34:5—7). მან ღვთის დიდება არა მხოლოდ იმით აირეკლა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მისი სახე სხივებს გამოსცემდა, არამედ ძალისხმევასაც ახმარდა, რათა დახმარებოდა ისრაელებს, გაცნობოდნენ იეჰოვას და ემსახურათ მისთვის.
14. როგორ ხედავდა იესო ღვთის დიდებას და რა ანიჭებდა მას დიდ სიამოვნებას?
14 იესო ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე, დიდი ხნის განმავლობაში, საკუთარი თვალით ხედავდა ღვთის დიდებას ზეცაში (იგავები 8:22, 30). ამ პერიოდში იეჰოვასა და იესოს სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. იეჰოვა ღმერთი სათუთ გრძნობებსა და სიყვარულს ავლენდა თავისი პირმშოსადმი. იესოსაც ძალიან უყვარდა ღმერთი, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა მას (იოანე 14:31; 17:24). მამასა და ძეს შორის სრულყოფილი სიყვარული სუფევდა. იესოს, მოსეს მსგავსად, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, სხვების სწავლებისას იეჰოვას დიდება აერეკლა.
15. რა გაგებით ხედავენ ქრისტიანები ღვთის დიდებას?
15 მოსესა და იესოს მსგავსად, დედამიწაზე მცხოვრებ ღვთის დღევანდელ მსახურებს იეჰოვას დიდების დანახვის ძლიერი სურვილი აქვთ. ისინი არ უგულებელყოფენ შესანიშნავ სასიხარულო ცნობას. პავლე მოციქულმა დაწერა: „როცა იეჰოვას უბრუნდებიან [მისი ნების შესასრულებლად], რიდე ეხდებათ“ (2 კორინთელები 3:16). ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას, რადგან გვსურს, რომ ღვთის ნება შევასრულოთ. მოხიბლულნი ვართ დიდებით, რომელიც იეჰოვას ძის, ცხებული მეფის, იესო ქრისტეს, სახეზე ირეკლება და მივყვებით მის მაგალითს. მოსესა და იესოს მსგავსად, მსახურების შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვასწავლოთ სხვებს დიდებული ღვთის შესახებ, რომელსაც თაყვანს ვცემთ.
16. როგორ გვეხმარება ჭეშმარიტების ცოდნა?
16 იესო ლოცულობდა: „მამა . . . გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებს და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). იეჰოვა უმხელს თავის განზრახვებს და აცნობს თავის პიროვნებას გულწრფელ და თავმდაბალ ადამიანებს (1 კორინთელები 1:26—28). ის გვმფარველობს და გვასწავლის, რაც გვეხმარება, საუკეთესოდ გამოვიყენოთ სიცოცხლის წლები. მოდი ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ დავუახლოვდეთ იეჰოვას და მადლიერნი ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს, რათა უფრო კარგად გავიცნოთ ის.
17. როგორ ვიგებთ უფრო მეტს იეჰოვას თვისებების შესახებ?
17 პავლემ მისწერა ცხებულ ქრისტიანებს: „რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას და იმავე სახედ გარდავიქმნებით დიდებიდან დიდებაში“ (2 კორინთელები 3:18). ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი, რაც უფრო ახლოს ვეცნობით იეჰოვას — ბიბლიის მეშვეობით ვიგებთ მისი თვისებებისა და პიროვნების შესახებ — მით უფრო მეტად ვხდებით მისი მსგავსნი. თუ მადლიერებით ვიფიქრებთ იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, მსახურებასა და სწავლებებზე, უფრო სრულად ავირეკლავთ იეჰოვას თვისებებს. მართლაც, რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია დიდება მივაგოთ ღმერთს, რომლის დიდების არეკვლასაც ვცდილობთ!
-