საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
    • რელიგიის მარცხი

      რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ათეიზმის ჩამოყალიბებას რელიგიამ შეუწყო ხელი. ისტორიკოსმა ალისტერ მაგრათმა თქვა: „ძირითადად ხალხი ათეისტი იმიტომ ხდება, რომ სიძულვილი უვითარდებათ რელიგიებისადმი, რადგან ისინი ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და თავიანთ ვალდებულებას არ ასრულებენ“. ხშირად ომებისა და ძალადობის უკან რელიგია დგას. ათეისტისა და ფილოსოფოსის მიშელ ონფრაის აზრით, შეუძლებელია, ერთი და იმავე რელიგიურმა წიგნმა ერთი ადამიანი აღძრას, რომ „სიწმინდისკენ ისწრაფოს“, მეორეს კი „საშინელი სისასტიკისკენ“ — ტერორიზმისკენ უბიძგოს.

      მრავალ ადამიანს, რომლებიც ადრე მორწმუნეები იყვნენ, ბევრი არასასიამოვნო რამ ახსოვს იმასთან დაკავშირებით, რაც მათ რელიგიებში ხდებოდა. სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ბერტილმა, ახალგაზრდა შვედმა ჯარისკაცმა, გაიგონა, თუ როგორ ამართლებდა მათთან მისული მღვდელი ძალადობას. მღვდელმა მოიყვანა იესოს სიტყვები, რომ ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპებოდა. შემდეგ მან ახსნა, რომ იქნებოდნენ ისეთები, ვინც ამ მახვილს აიღებდა. ამიტომ ჯარისკაცებს ღვთის ნება უნდა შეესრულებინათ და მახვილით დაეხოცათ ისინი! (მათე 26:52).a

      ბერნადეტი, რომელსაც მამა მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მოუკლეს, იხსენებს, თუ როგორ აღაშფოთა მისი სამი წლის დეიდაშვილის დაკრძალვაზე მღვდლის სიტყვებმა: „ღმერთმა ეს ბავშვი თავისთან წაიყვანა ანგელოზად“. ბერნადეტს მოგვიანებით ავადმყოფი ბავშვი შეეძინა; ეკლესიაში ის ვერაფრით ანუგეშეს.

      კირანი ჩრდილოეთ ირლანდიაში ისეთ პერიოდში გაიზარდა, როცა იქ ძალადობა მძვინვარებდა. მას არ სწამდა ეკლესიის სწავლება ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ. კირანი აცხადებდა, რომ სძულდა ნებისმიერი ღმერთი, რომელიც ამ ბოროტებაზე იყო პასუხისმგებელი. ის ამბობდა: „ღმერთო, თუ არსებობ და რამე შეგიძლია, აბა, გამანადგურე!“. კირანის გარდა სხვებიც ვერ იტანდნენ ეკლესიის ასეთ მკაცრ სწავლებებს. ფაქტობრივად, ეკლესიის სწავლებებმა ხელი შეუწყო ევოლუციის თეორიის წარმოშობას. ალისტერ მაგრათის სიტყვების თანახმად, დარვინმა ღმერთის არსებობაში იმიტომ შეიტანა ეჭვი, რომ ჯოჯოხეთის სწავლება სძულდა და არა იმიტომ, რომ ევოლუციას უჭერდა მხარს. მაგრათი იმასაც დასძენს, რომ დარვინი „ძალიან წუხდა თავისი გარდაცვლილი ქალიშვილის გამო“.

      ზოგიერთი რელიგიურ მსახურებას სისულელედ მიიჩნევს და მორწმუნეებს ფანატიკოსებად თვლის. ირინა, რომელსაც მობეზრდა ეკლესიური ქადაგებებისა და ერთი და იმავე ლოცვების გაუთავებლად მოსმენა, ამბობს: „ისეთი აზრი მრჩებოდა, რომ მორწმუნეები არ აზროვნებდნენ“. ლუისს, რომელსაც სძულდა რელიგიური ფანატიკოსების მიერ ჩადენილი ბარბაროსული საქმეები, უფრო რადიკალური პოზიცია ეკავა. ის ამბობს: „წლების მანძილზე ვფიქრობდი, რომ რელიგია მოსაწყენი იყო, მაგრამ შემდეგ მისი ნამდვილი სახე დავინახე. ყველანაირი რელიგიის სასტიკი მოწინააღმდეგე გავხდი“.

  • შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
    • კიდევ რამ შეუწყო ხელი ურწმუნოებას?

      ბევრს ასწავლიდნენ, რომ ევოლუცია ფაქტებზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, ანილას, რომელიც ალბანეთში ცხოვრობს, ბავშვობიდან ათეიზმს უნერგავდნენ. ის ამბობს: „სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ისინი, ვისაც ღმერთი სწამდა, გულუბრყვილო და ცხოვრებას ჩამორჩენილი იყო. ყოველთვის ვსწავლობდი შესანიშნავი მცენარეებისა და ცოცხალი არსებების შესახებ, მაგრამ ყველაფერს ევოლუციას მივაწერდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს მეცნიერულად იყო დადასტურებული“. დღეს ანილა აღიარებს, რომ ევოლუციის თეორიის ბრმად სჯეროდა.

      ზოგს შეიძლება იმიტომ არ სწამს ღმერთი, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას ხვდება და გაღიზიანებულია. იეჰოვას მოწმეები ხშირად ხვდებიან კარდაკარ მსახურების დროს ასეთ ადამიანებს და ბიბლიურ იმედს უზიარებენ. ბერტილთან, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ახალგაზრდა მოწმე მივიდა. მის დანახვაზე ბერტილმა გაიფიქრა: „საწყალი ფანატიკოსი. მისამართი შეეშალა!“. თუმცა მოწმე სახლში მაინც შეიპატიჟა. ბერტილი ამბობს: „ის სახლში შევიყვანე და ღმერთზე, ბიბლიასა და რელიგიაზე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე“.

      შოტლანდიელი გესი უსამართლობის გამო იტანჯებოდა. იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას თავისი მტკიცებულებები მოჰყავდა და ეკამათებოდა მათ. მან ისეთი კითხვები დასვა, რომლებმაც მოწმეებს ღვთისთვის ნათქვამი ებრაელი წინასწარმეტყველი აბაკუმის სიტყვები გაახსენა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას?“ (აბაკუმი 1:3).

      ბოროტებისადმი ღვთის ერთი შეხედვით გულგრილი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ძველად აწუხებდათ ადამიანებს (ფსალმუნი 73:2, 3). ფრანგმა მწერალმა სიმონ დე ბოვუარმა ერთხელ თქვა: „ჩემთვის უფრო იოლია, ვიფიქრო, რომ არ არსებობს შემოქმედი, ვიდრე ის, რომ არსებობს შემოქმედი, რომელსაც არ შეუძლია მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა“.

  • შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
    • „როდესაც ვფიქრობდი, რომ სამყაროსა და ყველა ქმნილებას შეიძლებოდა ჰყოლოდა შემოქმედი, ბრაზი მერეოდა, რომ ასეთი ძალის მფლობელი არაფერს აკეთებდა ადამიანთა ტანჯვა-წამების შესაჩერებლად!“ — ასეთი სიტყვები თქვა ყოფილმა ათეისტმა, რომელსაც ჰოლოკოსტის დროს ოჯახის წევრები დაუხოცეს. მას მარტოობის საშინელი გრძნობა სტანჯავდა.

      ბევრს უჭირს ღვთის არსებობის დაჯერება, როცა მსოფლიოში არსებულ სისასტიკეს ხედავენ. ხშირად ისინი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ღმერთი არ არსებობს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება