-
ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი — მის სისასტიკეზე მეტყველებს?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 მაისი
-
-
სანამ იეჰოვა ბოროტებს წარღვნით გაანადგურებდა, ის მათ ნოეს მეშვეობით აფრთხილებდა
ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი — მის სისასტიკეზე მეტყველებს?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დავფიქრდეთ ბიბლიაში ჩაწერილ ორ შემთხვევაზე, როცა ღმერთმა განაჩენი გამოუტანა უღვთო ხალხს. ეს იყო ნოეს დროს მომხდარი წარღვნა და ქანაანელების განადგურება.
წარღვნა
რას ამბობს ხალხი. „ღმერთმა სისასტიკე გამოავლინა, როცა ნოესა და მისი ოჯახის გარდა, მთელი ქვეყნიერება წარღვნით გაანადგურა“.
რას ამბობს ბიბლია. ღმერთი ამბობს: „ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს, არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი თავისი გზიდან და იცოცხლოს“ (ეზეკიელი 33:11). ამგვარად, ნოეს დროს ბოროტი ადამიანების განადგურება სულაც არ იყო ღვთისთვის სიამოვნების მომგვრელი. მაშ, რატომ გააკეთა ეს?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როდესაც წარსულში ღმერთს ბოროტი ხალხისთვის განაჩენი გამოჰქონდა, „ამით აჩვენებდა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2 პეტრე 2:5, 6). და მაინც, რას გვეუბნება ეს მაგალითები ღმერთზე? სულ მცირე, ორ რამეს.
პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ტკივილს აყენებს ადამიანების განადგურება, მის თვალს შეუმჩნეველი არ რჩება ბოროტთა მოქმედება, რისთვისაც მათ პასუხს აგებინებს. მალე ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უსამართლობასა და ტანჯვას.
მეორე, წარსულის მაგალითებიდან ჩანს, რომ მოსიყვარულე ღმერთი განადგურებამდე ყოველთვის აფრთხილებს ბოროტებს. ნოე სიმართლის მქადაგებელი იყო, მაგრამ ხალხი არ უსმენდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:39).
ყოველთვის ასე იქცევა იეჰოვა? დიახ. მაგალითად, მან გააფრთხილა თავისი რჩეული ერი, ისრაელი, რომ თუ გარშემო მცხოვრები ერებივით დაიწყებდნენ ბოროტების ჩადენას, ის მათ მტრების ხელში ჩააგდებდა, რომლებიც გაანადგურებდნენ იერუსალიმს, მათ კი ტყვედ წაასხამდნენ. დროთა განმავლობაში, ისრაელებმა დაიწყეს ბოროტების ჩადენა, ისინი ცრუ ღმერთებს ბავშვებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად. შეასრულა იეჰოვამ თავისი სიტყვა? დიახ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც არაერთი წინასწარმეტყველის პირით მრავალჯერ გააფრთხილა ისინი, მიეტოვებინათ ბოროტების ჩადენა, სანამ გვიანი არ იყო. იეჰოვამ ასეთი რამეც კი თქვა: „უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თუ საიდუმლო არ გაუცხადა თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს“ (ამოსი 3:7).
რატომ უნდა გვაინტერესებდეს. იეჰოვას ასეთი მოქმედება იმედს გვისახავს. შეგვიძლია მტკიცედ გვჯეროდეს, რომ ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს ბოროტებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან ... თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11). რას ფიქრობთ იმ განაჩენზე, რომელიც კაცობრიობას შვებას მოუტანს? ღვთის სისასტიკის მაჩვენებელია ეს თუ გულმოწყალების?
ქანაანელების განადგურება
რას ამბობს ხალხი. „ქანაანელების განადგურება უფრო დიდი დანაშაული და სისასტიკე იყო, ვიდრე თანამედროვე დროში მომხდარი ნებისმიერი გენოციდი“.
რას ამბობს ბიბლია. „სამართლიანია მისი [ღვთის] ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან“ (კანონი 32:4). ღვთის ომებს ვერანაირად ვერ შევადარებთ ადამიანების მიერ წარმოებულ ომებთან. ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთს შეუძლია გულების წაკითხვა და მათი მოტივების დანახვა.
მაგალითად, როდესაც ღმერთმა სოდომსა და გომორას განაჩენი გამოუტანა და ამ ქალაქების განადგურება განიზრახა, ღვთის ერთგულ აბრაამს სურდა, დარწმუნებულიყო იეჰოვას სამართლიანობაში. მას ვერ წარმოედგინა, რომ სამართლიან ღმერთს შეეძლო გაენადგურებინა „მართალი ბოროტთან ერთად“. ღმერთმა დიდი მოთმინებით დაარწმუნა აბრაამი, რომ თუ სოდომში ათი ადამიანი მაინც აღმოჩნდებოდა მართალი, მათი გულისთვის დაინდობდა ამ ქალაქს (დაბადება 18:20—33). უდავოა, რომ ღმერთმა შეამოწმა იმ ადამიანთა გულები და დარწმუნდა, რომ ისინი ბოროტები იყვნენ (1 მატიანე 28:9).
მსგავსადვე, ღმერთმა დაინახა ქანაანელების ბოროტი გული და სამართლიანად გადაწყვიტა მათი განადგურება. ქანაანელები ცნობილნი იყვნენ სისასტიკით. ისინი თავიანთ ღმერთებს ცოცხალ ბავშვებს სწირავდნენa (2 მეფეები 16:3). ქანაანელებმა იცოდნენ, რომ იეჰოვამ უბრძანა ისრაელებს, დაუფლებოდნენ ქანაანის მთელ მიწებს. ის ქანაანელები, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ, სინამდვილეში, იეჰოვას წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან აშკარად ხედავდნენ, რომ ამ ხალხის უკან ღმერთი იდგა.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა იმ ქანაანელების მიმართ, რომლებმაც მიატოვეს ბოროტება და მისი სამართლიანი ნორმებით დაიწყეს ცხოვრება. მაგალითად, მან სიცოცხლე შეუნარჩუნა ქანაანელ მეძავ ქალს, რახაბს და მის ოჯახს. იეჰოვამ ასევე დაინდო ქანაანის ქალაქი გაბაონი, როცა მისმა მცხოვრებლებმა წყალობა ითხოვეს (იესო ნავეს ძე 6:25; 9:3, 24—26).
რატომ უნდა გვაინტერესებდეს. ქანაანელებისთვის გამოტანილი განაჩენიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია. ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებით ნაწინასწარმეტყველებ დღეს, რომელიც „არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვისთვის“ (2 პეტრე 3:7). თუ გვიყვარს იეჰოვა, დიდად გავიხარებთ მაშინ, როცა ის მოსპობს ადამიანთა ტანჯვას. ამისათვის კი ღმერთი მიწის პირიდან აღგვის ყველას, ვინც უარყოფს მის მმართველობას.
ქანაანელები ცნობილნი იყვნენ თავიანთი სისასტიკით და შეგნებულად შეეწინააღმდეგნენ ღმერთსა და მის ხალხს
იეჰოვა სიყვარულით შეგვახსენებს, რომ მშობლების არჩევანი შვილებზეც ახდენს გავლენას. ბიბლიაში ნათქვამია: „აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას“ (კანონი 30:19, 20). იტყოდა ამ სიტყვებს სასტიკი და შეუბრალებელი ღმერთი, თუ ეს უფრო გულმოწყალე ღვთის სიტყვებია, რომელსაც უყვარს ადამიანები და სურს, რომ ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოს?
a არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულებები, რომ ქანაანელები ბავშვებს ცეცხლში წვავდნენ თაყვანისმცემლობის დროს.
-
-
ენდობით ღმერთს?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 მაისი
-
-
ენდობით ღმერთს?
წარმოიდგინეთ, რომ გყავთ კარგი მეგობარი, რომელსაც ძალიან აფასებთ. ერთხელაც იგებთ, რომ მან თქვენთვის გაუგებარი რამ გააკეთა. სხვები აკრიტიკებენ მას და ეჭვი შეაქვთ მის მოტივებში. ისინი ამბობენ, რომ თქვენი მეგობარი სასტიკია. სწრაფად დაეთანხმებოდით მათ, თუ ჯერ მეგობარს ჰკითხავდით, რა მოხდა სინამდვილეში? და თუ მას მალე ვერ ნახავდით, მოთმინებით დაელოდებოდით მის გამოჩენას, თუ თქვენს მეგობრობას მაშინვე წერტილს დაუსვამდით?
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ლოგიკურია დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რამდენად კარგად ვიცნობ მას? რა თვისებების გამო ვაფასებ? განა იგივე პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, როცა ზოგიერთები ღმერთს სისასტიკეში სდებენ ბრალს?
ალბათ ყოველთვის არ გესმით, რატომ იქცევა ღმერთი ასე თუ ისე, ან შეიძლება საგონებელში ხართ ჩავარდნილი და ფიქრობთ, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს. ბევრი გეტყვით, რომ ღმერთი სასტიკი და უმოწყალოა. მათ სურთ, რომ თქვენც მათსავით ფიქრობდეთ. შეიკავებდით თავს ღმერთზე ცუდის თქმისგან, სანამ სიტუაციაში უკეთ არ გაერკვეოდით? პასუხი ალბათ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იცნობთ ღმერთს. დაფიქრდით, რა გაუკეთებია მას პირადად თქვენთვის?
თუ რთული ცხოვრება გაქვთ, შეიძლება თქვათ, რომ კარგი არაფერი გახსოვთ ღვთისგან. მაგრამ აბა, დაფიქრდით, ღმერთის ბრალია, დალხინებული ცხოვრება რომ არ გაქვთ? როგორც წინა სტატიებიდან დავინახეთ, „ამ ქვეყნიერების მმართველი“ სატანაა და არა იეჰოვა ღმერთი (იოანე 12:31). უსამართლობა და უბედურებები უმეტესწილად სატანის მიზეზით ხდება. არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბევრი პრობლემა ჩვენი არასრულყოფილებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამოც ხდება?
ღმერთის ბრალია, დალხინებული ცხოვრება რომ არ გაქვთ?
მეორე მხრივ, დავფიქრდეთ იმაზე, რაც ღმერთმა გაგვიკეთა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი არის „ცისა და დედამიწის შემოქმედი“. აქედან გამომდინარე, ჩვენც მისი ქმნილება ვართ და მართლაც რომ „საოცრად ვართ შექმნილი“. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა არის „ღმერთი ... რომლის ხელთაა შენი სუნთქვა“ (ფსალმუნი 124:8; 139:14; დანიელი 5:23). რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ჩვენს შემოქმედს უნდა ვუმადლოდეთ (საქმეები 17:28). სიცოცხლე, ირგვლივ არსებული ულამაზესი სამყარო, სიყვარულითა და მეგობრობით განცდილი სასიამოვნო გრძნობა, გემოს, შეხების, სმენისა და ყნოსვის შეგრძნება — ეს ყველაფერი ღვთის ძღვენია (იაკობი 1:17). განა ამ კურთხევების გამო არ იმსახურებს ღმერთი ჩვენს დაფასებასა და ნდობას?
თუმცა შეიძლება მაინც გაგიჭირდეთ ღვთის ნდობა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ მას ისე კარგად არ იცნობთ, რომ ენდოთ. ეს სავსებით გასაგებია. ამ პატარა სტატიებში შეუძლებელია ყველა იმ მიზეზის ახსნა, თუ რატომ არ არის ღმერთი უმოწყალო. მაგრამ ნუთუ არ ღირს, უკეთ გაიცნოთ ღმერთი?a ჩვენ გვჯერა, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, სიმართლეს გაიგებთ ღმერთზე. სასტიკია ღმერთი? ამ კითხვას ბიბლია ასე პასუხობს: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
a იმისათვის რომ გაიგოთ, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, წაიკითხეთ მე-11 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-