-
უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ღმერთზე?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აგვისტო
-
-
უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ღმერთზე?
„რელიგიებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ერთმანეთი შეგვაძულონ და არა შეგვაყვარონ“ (ჯონათან სვიფტი, ინგლისელი მწერალი).
მართალია, ეს სიტყვები ჯონათან სვიფტმა XVIII საუკუნეში წარმოთქვა, მაგრამ მის აზრს დღესაც ბევრი იზიარებს. ზოგი ფიქრობს, რომ მშობლებს არა აქვთ იმის უფლება, რომ შვილებს ღმერთზე ესაუბრონ. მათი აზრით, რელიგიურ გარემოში ბავშვების აღზრდა გარკვეულწილად არასახარბიელოა.
თქვენ რას ფიქრობთ? ქვემოთ მოხსენიებული რომელი მოსაზრებაა თქვენთვის ყველაზე გონივრული?
● მშობლები არ უნდა უნერგავდნენ შვილებს ღვთისადმი რწმენას.
● მშობლებმა შვილებთან რელიგიურ თემებზე მხოლოდ მაშინ უნდა ისაუბრონ, როცა ისინი გაიზრდებიან.
● მშობლებმა შვილებს პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგონ ღვთისადმი რწმენა. მაგრამ შვილებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავად შეუძლიათ მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილება, როცა წამოიზრდებიან.
● შვილებმა მშობლების რელიგია ბრმად უნდა მიიღონ.
ვნებს რელიგია ბავშვებს?
არც ერთ მზრუნველ მშობელს არ უნდა, საკუთარ შვილს ავნოს. საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ მშობლებმა შვილებს არ უნდა ესაუბრონ ღმერთზე? მკვლევარები ათწლეულების მანძილზე გულდასმით იკვლევდნენ, რა გავლენას ახდენს მშობლების რელიგია შვილებზე. რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი?
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რელიგია ბავშვებს კი არ ვნებს, არამედ დადებითად მოქმედებს მათ განვითარებაზე. 2008 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო: „რელიგია მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას ამტკიცებს“. ამავე ანგარიშში აგრეთვე აღნიშნული იყო: „რწმენა და რელიგიური ფასეულობები ბევრი ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ოჯახურ კვანძებსაც აძლიერებს“ (Social Science Research).a აღსანიშნავია, რომ იესო ქრისტემაც მსგავსი აზრი გამოთქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
თქვენც იზიარებთ იმ აზრს, რომ მშობელმა ბავშვს ღმერთსა და რელიგიაზე მხოლოდ მაშინ უნდა ელაპარაკოს, როცა გაიზრდება? ბავშვის გონება ცარიელ კალათას ჰგავს, რომელიც ავსებას ელოდება. სინამდვილეში მშობლები არჩევნის წინაშე დგანან: ან აავსებენ ამ „კალათას“ ანუ ოჯახშივე ჩაუნერგავენ ბავშვებს რწმენას და ზნეობრივ პრინციპებს, ანდა მისცემენ მათ იმის უფლებას, რომ გარეთ, სხვებისგან ისწავლონ.
საუკეთესო გამოსავალი
ისტორია ამტკიცებს, რომ რელიგიას შეუძლია ადამიანებს შორის გააღვივოს სიძულვილი. ასე რომ, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმ სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად, რის შესახებაც ჯონათან სვიფტი საუბრობდა? როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს ღვთისადმი რწმენა და სხვების სიყვარული ჩაუნერგონ?
საუკეთესო გამოსავალს იმ შემთხვევაში მივაგნებთ, თუ სამ კითხვაზე მივიღებთ პასუხს: 1) რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ღვთის შესახებ? 2) ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს? 3) სწავლების რომელი მეთოდებია საუკეთესო?
[სქოლიო]
a ეს გამოკვლევა დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში მცხოვრები 21 000-ზე მეტი ბავშვის, მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.
-
-
რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ღვთის შესახებ?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აგვისტო
-
-
რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ღვთის შესახებ?
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16).
ბავშვებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ. სად შეუძლიათ მათ ამის სწავლა? ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული წიგნიდან, ბიბლიიდან.
ბიბლია შეიძლება შევადაროთ წერილს, რომელიც ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა. ამ წერილის მეშვეობით ღმერთი თავის ყველა შვილს, დიდსა თუ პატარას, უმჟღავნებს თავის თვისებებს და უნერგავს ზნეობრივ ფასეულობებს. ახლა ვიმსჯელებთ ბიბლიის ზოგ სწავლებაზე და ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს ამ წიგნიდან.
რა უნდა ვიცოდეთ ღვთის შესახებ?
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ღმერთი უპიროვნო ძალა კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელსაც განსაკუთრებული სახელი აქვს.
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას. თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: იეჰოვა ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს, მათ შორის პატარა ბავშვებზეც (ფსალმუნი 10:14; 146:9). ღმერთს უნდა, რომ გავიცნოთ ის.
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „არ დაჩაგროთ . . . უმამო ბავშვი. თუ დაჩაგრავ და ის შემომღაღადებს, უეჭველად მოვისმენ მის ღაღადს“ (გამოსვლა 22:22—24).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: იეჰოვა პატარა ბავშვების ლოცვასაც ისმენს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ მას და ჩვენი გრძნობები და ფიქრები გავანდოთ.
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს, ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმუნი 78:41).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: იეჰოვასთვის სულერთი არ არის, რას ვამბობთ და როგორ ვიქცევით. ამიტომ, წინასწარ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ.
როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენგან განსხვავდება?
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ღმერთი არ ასხვავებს ადამიანებს ეროვნებისა თუ წარმოშობის მიხედვით, ამიტომ, არც ჩვენ უნდა გავარჩიოთ ადამიანები ერთმანეთისგან მათი კანის ფერისა და გარეგნული ნიშან-თვისებების მიხედვით.
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტრე 3:15).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: რელიგიაზე საუბრის დროს საკუთარი თვალსაზრისი და მრწამსი პატივისცემით უნდა გამოვხატოთ. ჩვენ აგრეთვე პატივი უნდა ვცეთ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს.
როგორ უნდა მოვეპყროთ ოჯახის წევრებს?
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „ბავშვებო, დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის“ (კოლოსელები 3:20).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: შვილები მორჩილებით მხოლოდ მშობლების მიმართ კი არ გამოხატავენ სიყვარულს, არამედ იმასაც ცხადყოფენ, რომ ღვთის გულის გახარება სურთ.
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი გვიცრუებენ იმედს. მაგრამ, თუ გვსურს, რომ ღმერთმა გვაპატიოს, სხვების პატიება უნდა ვისწავლოთ (მათე 6:14, 15).
რატომ უნდა ვიყოთ გულახდილნი და კეთილნი სხვების მიმართ?
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: როდესაც სიმართლეს ვამბობთ, ღმერთს ვბაძავთ და გულს ვუხარებთ მას. თუ ჩვევად გვაქვს ტყუილის თქმა, ღვთის მტერს ეშმაკს ვემსგავსებით, რომელიც „სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44; ტიტე 1:2).
◼ რას გვასწავლის ბიბლია: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).
რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის წევრებისა თუ სხვების გრძნობები და მოთხოვნილებები. როდესაც სხვების მიმართ გულისხმიერები ვართ, ისინიც მსგავსად გვექცევიან (1 პეტრე 3:8; ლუკა 6:38).
როგორც დავინახეთ, ბიბლიას შეუძლია, დაეხმაროს ბავშვებს, ისწავლონ მადლიერებისა და პატივისცემის გამოვლენა და იყვნენ თანამგრძნობნი. მაგრამ, ვინ უნდა ასწავლოს მათ ეს ყველაფერი?
-