-
რას ჰკითხავდით ღმერთს?საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
ღმერთო, ვინ ხარ სინამდვილეში?
ღვთის შესახებ ადამიანების თვალსაზრისზე მათი კულტურა, წინაპრების რელიგია და, შესაძლოა, საკუთარი არჩევანი ახდენს გავლენას. ზოგი მას რომელიმე ღვთაების სახელს უწოდებს, ზოგიც — მხოლოდ ღმერთს. აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა? ნამდვილად არსებობს თუ არა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გვიჩვენებს, როგორია ის და თავის სახელსაც გვამცნობს?
-
-
როგორ მიიღო ზოგმა პასუხისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
ღმერთი — ვინ არის ის?
ერთი პორტუგალიელი მასწავლებელი ბერებისა და მღვდლებისგან იყო განსწავლული. ის თავისი სარწმუნოების გულმოდგინე მიმდევარი იყო. ერთხელაც ეკლესიამ ცვლილება შეიტანა თავის რიტუალებში და შეწყვიტა იმის კეთება, რაზეც ადრე თავის მრევლს ასწავლიდა, რომ მნიშვნელოვანი იყო. ამან ეს გულწრფელი ქალი დააბნია. გავიდა დრო და ის მოხვდა ერთ ქვეყანაში, სადაც აღმოსავლურ რელიგიებს გაეცნო. ყოველივე ამან ის დააფიქრა: მართლა არსებობდა თუ არა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და, თუ დიახ, როგორ უნდა ეცა მისთვის თაყვანი. როდესაც ქალმა ბიბლიური კითხვებით თავის მოძღვარს მიმართა, ამ უკანასკნელმა მათზე პასუხის გაცემას თავი აარიდა, რამაც ქალს იმედი გაუცრუა.
ერთხელაც ქალაქში, რომელშიც ეს მასწავლებელი ცხოვრობდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ბროშურები გაავრცელა. მათში თავის მრევლს მოუწოდებდა, არ ესაუბრათ იეჰოვას მოწმეებთან. ქალის კითხვები კი კვლავაც უპასუხოდ რჩებოდა. ერთ მშვენიერ დღეს მასთან სახლში იეჰოვას მოწმეები მივიდნენ. მან მოუსმინა მათ და მოსმენილით საკმაოდ დაინტერესდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ის მოწმეებს გამოელაპარაკა.
თავის უამრავ კითხვაზე პასუხის მისაღებად ქალმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ყოველ კვირას მას მოწმეებისთვის დასასმელად კითხვების გრძელი სია ჰქონდა ჩამოწერილი. ქალს სურდა გაეგო, რა ერქვა ღმერთს, ერთადერთი იყო თუ არა ჭეშმარიტი ღმერთი, იწონებდა თუ არა ის გამოსახულებების თაყვანისცემას და მრავალი სხვა რამ. მან შენიშნა, რომ მოწმეები ყველა კითხვას ბიბლიიდან პასუხობდნენ და საკუთარ აზრს არ ახვევდნენ თავს, რამაც გააოცა და სწავლაშიც მეტი კმაყოფილება აპოვნინა. თანდათანობით ამ გულწრფელმა ადამიანმა მიიღო პასუხი თავის კითხვებზე. დღეს ის სულითა და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს იეჰოვას, როგორც ამას, იესოს სიტყვების თანახმად, უნდა აკეთებდნენ კიდეც „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი“ (იოანე 4:23).
შრი-ლანკაში ერთი ოჯახი რეგულარულად კითხულობდა ბიბლიას, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა. ცხადია, მათ დახმარება სჭირდებოდათ, მღვდელი კი საამისოდ უძლური იყო. გავიდა დრო და ამ ოჯახს იეჰოვას მოწმეები ეწვივნენ. მოწმეებმა დაუტოვეს ლიტერატურა, რომელიც მათ ბიბლიის გაგებაში დაეხმარებოდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ბიბლიურ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხებიც გასცეს, ოჯახმა ბიბლიის შესწავლის დაწყება გადაწყვიტა. ყველაფერი, რასაც სწავლობდნენ, მათთვის ძალიან საინტერესო იყო.
მიუხედავად ამისა, ოჯახის დიასახლისს ბავშვობაში ეკლესიაში ჩანერგილი სწავლებები ხელს უშლიდა იმის დანახვაში, რომ იესო ქრისტეს მამა „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია“, როგორც ამას თავად იესოც ამბობდა (იოანე 17:1, 3). მას ნასწავლი ჰქონდა, რომ იესო და მამა თანასწორნი იყვნენ ყველაფერში და ეს „საიდუმლო“ არ ექვემდებარებოდა განხილვას. ამ საკითხებზე ფიქრი ქალს მოსვენებას არ აძლევდა და ის გულწრფელად მიმართავდა ლოცვით იეჰოვას; სახელით უხმობდა მას და სთხოვდა, ეჩვენებინა, ვინ იყო იესო. შემდეგ კიდევ ერთხელ გულმოდგინედ გამოიკვლია ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები (იოანე 14:28; 17:21; 1 კორინთელთა 8:5, 6). თითქოს თვალზე გადაკრული ლიბრი ჩამოშორდაო, ქალმა აშკარად დაინახა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა, რომელიც ცისა და მიწის შემოქმედი და იესო ქრისტეს მამაა (ესაია 42:8; იერემია 10:10—12).
-