-
იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
-
-
იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!
„სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია“ (იგავები 9:10).
1. რატომ არის იდეა ღვთისმოშიშების შესახებ ბევრისთვის ძნელად გასაგები?
ადრე ვინმეზე რომ ეთქვათ, ღვთისმოშიშიაო, კომპლიმენტად ჩაითვლებოდა. დღეს მრავლისთვის იდეა ღვთისმოშიშების შესახებ ძველმოდური და ძნელად გასაგებია. ისინი შეიძლება სვამენ კითხვას: „თუ ღმერთი სიყვარულია, რატომ უნდა მეშინოდეს მისი?“ მათთვის შიში უარყოფითი და დამთრგუნველი გრძნობაც კია. მაგრამ ღვთისადმი ნამდვილი შიში უფრო მეტის მომცველია და, როგორც დავინახავთ, ის არ არის, უბრალოდ, გრძნობა თუ ემოცია.
2, 3. რას ნიშნავს ნამდვილი ღვთისმოშიშება?
2 ბიბლიაში ღვთისმოშიშება დადებითი მნიშვნელობით არის გამოყენებული (ესაია 11:3). ეს არის ღვთისადმი დიდი მოკრძალებისა და ღრმა პატივისცემის გრძნობა — ძლიერი სურვილი იმისა, ღმერთს არ ვაწყენინოთ (ფსალმუნები 113:19). ღვთისმოშიშება მოიცავს ღვთის ზნეობრივი ნორმების აღიარებას, მტკიცედ დაცვას და იმის სურვილს, რომ ღვთის სიტყვების შესაბამისად ვიცხოვროთ. ერთი ნაშრომის თანახმად, ასეთი ჯანსაღი შიშით ვლინდება „ღვთის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება, რომელსაც შედეგად გონივრული ქმედება და ყოველგვარი ბოროტებისთვის თავის არიდება მოჰყვება“. ღვთის სიტყვა მართებულად აღნიშნავს: „სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია“ (იგავები 9:10).
3 მართლაც, ღვთისმოშიშება ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროს მოიცავს. ის დაკავშირებულია არა მარტო სიბრძნესთან, არამედ სიხარულსა თუ მშვიდობასთან, კეთილდღეობასა თუ დღეგრძელობასთან, იმედსა თუ ნდობასთან და დაჯერებულობასთან (ფსალმუნები 2:11; იგავები 1:7; 10:27; 14:26; 22:4; 23:17, 18; საქმეები 9:31). ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რწმენასა და სიყვარულთან. ღვთისმოშიშება გავლენას ახდენს ღმერთთან და სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე (მეორე რჯული 10:12; იობი 6:14; ებრაელები 11:7). ღვთისმოშიში ადამიანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ზეციერი მამა ზრუნავს მასზე და მზად არის ცოდვების მისატევებლად (ფსალმუნები 129:4). მხოლოდ მოუნანიებელ შემცოდველებს აქვს საფუძველი, ძრწოდნენ ღვთის წინაშეa (ებრაელები 10:26—31).
იეჰოვასადმი შიშის სწავლა
4. რა დაგვეხმარება, ‘ვისწავლოთ შიში უფლისა’?
4 ვინაიდან ღვთისმოშიშება მნიშვნელოვანია როგორც სწორი გადაწყვეტილებების, ისე ღვთისგან კურთხევების მისაღებად, როგორ შეგვიძლია ‘ვისწავლოთ შიში უფლისა’? (მეორე რჯული 17:19). წმინდა წერილებში მრავალი ღვთისმოშიში ადამიანის მაგალითი ‘ჩვენს სასწავლებლად ჩაიწერა’ (რომაელები 15:4). უკეთესად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ღვთის შიში, მოდი დავფიქრდეთ ძველი ისრაელის მეფე დავითის მაგალითზე.
5. როგორ დაეხმარა ცხვრის მწყემსვა დავითს იეჰოვასადმი შიშის სწავლაში?
5 იეჰოვამ უარყო ისრაელის პირველი მეფე საული, რადგან მას ხალხისა ეშინოდა, ღვთის შიში კი არ ჰქონდა (1 მეფეთა 15:24—26). მეორე მხრივ, დავითის ცხოვრება და იეჰოვასთან მისი ახლო ურთიერთობა ცხადყოფს, რომ ის ნამდვილად ღვთისმოშიში კაცი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავითი ხშირად მწყემსავდა მამის ცხვარს (1 მეფეთა 16:11). ცხვრის მწყემსვისას დავითს არაერთი ღამე გაუტარებია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, რაც დაეხმარებოდა, გაეგო, რას ნიშნავს იეჰოვასადმი შიში. თუმცა დავითს უკიდეგანო სამყაროს შესახებ მხოლოდ მწირი ცოდნა ჰქონდა, ის სწორ დასკვნამდე მივიდა — ღმერთი იმსახურებს ჩვენს პატივისცემასა და თაყვანისცემას. მოგვიანებით ის წერდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნები 8:4, 5).
6. რა გრძნობა დაეუფლა დავითს, როდესაც იეჰოვას დიდებულებას ჩასწვდა?
6 დავითი ხედავდა, თუ რა პატარა იყო თვითონ ვარსკვლავებით მოჭედილ უზარმაზარ ცასთან შედარებით, რაც მას მოწიწების გრძნობას ჰგვრიდა. ამის გაცნობიერებამ დავითი კი არ შეაშინა, არამედ აღძრა, განედიდებინა იეჰოვა და ეთქვა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნები 18:2). ღვთისადმი ასეთმა მოკრძალებამ დავითი უფრო დაახლოვა იეჰოვასთან და იმის სურვილი გაუჩინა, რომ მისი სრულყოფილი გზების შესახებ მეტი გაეგო და მიჰყოლოდა მათ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა დავითი, როდესაც იეჰოვას უმღეროდა: „დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთი ღმერთი. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“ (ფსალმუნები 85:10, 11).
7. როგორ დაეხმარა ღვთისმოშიშება დავითს გოლიათთან ბრძოლაში?
7 როდესაც ფილისტიმელებმა ისრაელებს შეუტიეს, დაახლოებით სამმეტრიანი გოლიათი ისრაელებს დასცინოდა და, ფაქტობრივად, ეუბნებოდა: ‘გამომიყვანეთ ვინმე, რომ პირისპირ შემებრძოლოს! თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ თქვენი მსახურნი ვიქნებით’ (1 მეფეთა 17:4—10). საული და ყველა მისი მეომარი შიშმა აიტანა, მაგრამ დავითი — არა. მან იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას შიში უნდა ჰქონოდა და არა — ადამიანის, როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო იგი. „მე . . . ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, — უთხრა დავითმა გოლიათს, — და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი“. იეჰოვას დახმარებით, დავითმა შურდულითა და ერთ ქვით გოლიათი მოკლა (1 მეფეთა 17:45—47).
8. რას გვასწავლის ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთისმოშიშ ადამიანთა მაგალითები?
8 დავითის მსგავსად ჩვენც შეიძლება რთული დაბრკოლებებისა და ძლიერი მტრების წინაშე აღმოვჩნდეთ. რის გაკეთება შეგვიძლია ამ დროს? დავითისა და ძველი დროის სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, ღვთისმოშიშება უნდა გამოვავლინოთ. ღვთისადმი შიში ადამიანებისადმი შიშზე ძლიერია. ღვთის ერთგული მსახური ნეემია მტრებისგან შევიწროებულ თანამემამულეებს მოუწოდებდა: „ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ უფალი, დიდი და საშინელი“ (ნეემია 4:14). იეჰოვას დახმარებით დავითმა, ნეემიამ და ღვთის სხვა ერთგულმა მსახურებმა წარმატებით შეასრულეს მათთვის დაკისრებული დავალება. თუ ღვთისმოშიშებას გამოვავლენთ, ჩვენც ვიქნებით წარმატებულნი.
რთულ სიტუაციებში ღვთისმოშიშების გამოვლენა
9. რა სიტუაციებში ცხადყო დავითმა, რომ ღვთისმოშიში კაცი იყო?
9 გოლიათის დამარცხების შემდეგ იეჰოვამ დავითს სხვა გამარჯვებებიც მოუტანა. მაგრამ შურით აღძრული საული თავიდან იმპულსურად და შემდეგ ვერაგულად შეეცადა დავითის მოკვლას; ბოლოს ჯარი შეკრიბა და ისე სცადა თავისი მიზნის განხორციელება. იეჰოვამ დავითი დაარწმუნა, რომ მეფე გახდებოდა, მაგრამ ღვთის ეს ერთგული მსახური წლების განმავლობაში დევნილი უნდა ყოფილიყო, ებრძოლა და დალოდებოდა დროს, როდესაც იეჰოვა გაამეფებდა. ამ განსაცდელების გადატანით დავითმა ცხადყო, რომ ჭეშმარიტი ღვთის შიში ჰქონდა (1 მეფეთა 18:9, 11, 17; 24:2).
10. როგორ გამოავლინა დავითმა ღვთისმოშიშება რთულ სიტუაციაში?
10 ერთხელ დავითმა თავი შეაფარა ფილისტიმის ქალაქ გათს, რომელიც გოლიათის სამშობლო იყო და სადაც აქიში მეფობდა (1 მეფეთა 21:11—16). მეფის მსახურებმა დავითი ერის მტრად გამოაცხადეს. როგორ მოიქცა დავითი? მან მხურვალე ლოცვით მიმართა იეჰოვას (ფსალმუნები 55:2—5, 12—14). თუმცა დავითმა თავი მოიგიჟიანა, მან იცოდა, რომ, სინამდვილეში, იეჰოვამ იხსნა იგი და აკურთხა მისი მცდელობა. დავითი მთელი გულით იყო იეჰოვაზე მინდობილი და სჯეროდა მისი, რითაც ცხადყო, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო (ფსალმუნები 33:5—7, 10—12).
11. როგორ შეგვიძლია განსაცდელების დროს ცხადვყოთ, რომ, დავითის მსგავსად, ღვთისმოშიშები ვართ?
11 პრობლემებთან გამკლავებისას დავითის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ღვთისადმი შიშის გამოვლენა, თუ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა მისი დანაპირების. „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“, — თქვა დავითმა (ფსალმუნები 36:5). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას, უბრალოდ, ვეტყვით ჩვენი პრობლემის შესახებ, თავად კი არაფერს გავაკეთებთ მის მოსაგვარებლად და დაველოდებით, რას გააკეთებს ჩვენს სასარგებლოდ. დავითი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილებულა, რომ ლოცვაში ღმერთს დახმარება სთხოვა. მან იეჰოვასგან ბოძებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები პრობლემებთან გასამკლავებლად გამოიყენა. და მაინც, დავითმა იცოდა, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა არ კმარა. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენც. მას შემდეგ, რაც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ. ხშირად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, იეჰოვას მივენდოთ. სწორედ ასეთ დროს ჩანს, თუ რამდენად ღვთისმოშიშები ვართ. ჩვენთვის მანუგეშებელია დავითის სიტყვები: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]).
12. რატომ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ლოცვებს სერიოზულად და როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ?
12 სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ლოცვებსა და ღმერთთან ურთიერთობას. როდესაც იეჰოვას ვუახლოვდებით, ‘უნდა გვწამდეს, რომ ის არსებობს და თავის გულმოდგინედ მძებნელს აჯილდოებს’ (ებრაელები 11:6; იაკობი 1:5—8). როცა ის გვეხმარება, „მადლიერნი“ უნდა ვიყოთ, როგორც ამას მოციქული პავლე გვირჩევს (კოლოსელები 3:15, 17). არ უნდა დავემსგავსოთ მათ, რომელთა შესახებაც ერთი ცხებული ქრისტიანი წერდა: «ისინი ფიქრობენ, რომ თითქოს ღმერთი „ზეციერი ოფიციანტია“. როცა თვითონ რამე სჭირდებათ, მაშინვე უნდათ, რომ მოვიდეს. როგორც კი ის სურვილს აუსრულებს, უკვე აღარ სჭირდებათ იგი». ასეთი დამოკიდებულება იმაზე მეტყველებს, რომ მათ ღვთის შიში არა აქვთ.
ღვთისადმი შიშის დაკარგვა
13. როდის არ გამოავლინა დავითმა ღვთის კანონისადმი პატივისცემა?
13 გაჭირვების დროს იეჰოვასგან დახმარების მიღებამ დავითს ღვთისადმი შიში გაუღრმავა და ნდობა განუმტკიცა (ფსალმუნები 30:23—25). მაგრამ სამ მნიშვნელოვან შემთხვევაში დავითმა ღვთისმოშიშება არ გამოავლინა, რამაც სერიოზული შედეგები მოუტანა. პირველ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის კანონის თანახმად, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ლევიანებს მხრებით გადაეტანათ იერუსალიმში, იგი ურემზე დადეს. როდესაც ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რომ არ გადმოვარდნილიყო, ღმერთმა მაშინვე მოკლა ის ამ „უპატივცემულო საქციელისთვის“ (აქ). ნამდვილად, ყუზამ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ, ფაქტობრივად, დავითმა არ გამოავლინა ღვთის კანონისადმი სათანადო პატივისცემა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ღვთისადმი შიშის გამოვლენა მისი ნების თანახმად ცხოვრებას ნიშნავს (2 მეფეთა 6:2—9; რიცხვნი 4:15; 7:9).
14. რა შედეგი მოჰყვა დავითის მიერ ისრაელების აღრიცხვას?
14 მოგვიანებით, სატანის მიერ აღძრულმა დავითმა ისრაელის მეომრები აღრიცხა (1 ნეშტთა 21:1). ამგვარი მოქმედებით დავითმა არ გამოავლინა ღვთისადმი შიში, რასაც 70 000 ისრაელის სიკვდილი მოჰყვა. მართალია, დავითმა იეჰოვას წინაშე მოინანია, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ სავალალო შედეგები მოუტანა როგორც მას, ისე ხალხს (2 მეფეთა 24:1—16).
15. რატომ ჩაიდინა დავითმა უზნეობა?
15 დავითმა კიდევ ერთ შემთხვევაში არ გამოავლინა ღვთისადმი შიში, როცა ბათშებაყთან, ურიას ცოლთან, უზნეობა ჩაიდინა. დავითმა იცოდა, რომ მრუშობა ან სხვისი ცოლის ნდომაც კი არასწორი იყო (გამოსვლა 20:14, 17). ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეფემ თვალი მოჰკრა მობანავე ბათშებაყს. ღვთისადმი სათანადო შიშს დავითი მაშინვე უნდა აღეძრა, რომ თვალი მოერიდებინა ბათშებაყისთვის და ფიქრები სხვა რამეზე გადაეტანა. ნაცვლად ამისა დავითი, როგორც ჩანს, განაგრძობდა ყურებას მანამ, სანამ ვნებამ ღვთისადმი შიში არ სძლია (მათე 5:28; 2 მეფეთა 11:1—4). დავითს იმ მომენტში დაავიწყდა, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იეჰოვა მის ცხოვრებაში (ფსალმუნები 138:1—7).
16. რა შედეგები მოიმკა დავითმა თავისი არასწორი მოქმედებისთვის?
16 ბათშებაყთან მრუშობის შედეგად დავითს ვაჟი შეეძინა. ცოტა ხანში იეჰოვამ წინასწარმეტყველი ნათანი მიუგზავნა დავითს, რომელმაც ის ცოდვაში ამხილა. მას შემდეგ, რაც გონს მოეგო, დავითს ღვთისადმი შიში დაუბრუნდა, და მან მოინანია. დავითი იეჰოვას შეევედრა, ზურგი არ ექცია და წმინდა სული არ წაერთმია მისთვის (ფსალმუნები 50:9, 13). იეჰოვამ მიუტევა დავითს და სასჯელი შეუმსუბუქა, მაგრამ მისი მოქმედების ცუდი შედეგებისგან არ დაუცვია იგი. დავითს ვაჟი მოუკვდა და, მას შემდეგ, მის ოჯახს მწუხარება და უბედურება არ მოშორებია. რა ძვირად დაუჯდა დავითს ღვთისადმი შიშის უგულებელყოფა! (2 მეფეთა 12:10—14; 13:10—14; 15:14).
17. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ რა მტკივნეული შედეგები მოაქვს ცოდვილ ქმედებებს.
17 დღესაც ზნეობრივ საკითხებში ღვთის შიშის უგულებელყოფამ შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს იგრძნობდა ერთი ახალგაზრდა ქალი, როცა გაიგო, რომ ქრისტიანმა მეუღლემ, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, უღალატა. გაოგნებულმა და გულმოკლულმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. რამდენი ხანი დასჭირდებოდა მის ქმარს, რომ კვლავ მოეპოვებინა ცოლის ნდობა და პატივისცემა? ღვთისადმი ნამდვილი შიში ასეთი სამწუხარო შედეგებისგან დაიცავს ადამიანს (1 კორინთელები 6:18).
ღვთისადმი შიში ცოდვის ჩადენისგან გვიცავს
18. ვინ არის სატანის სამიზნე და რა მეთოდებს იყენებს თავისი მიზნის მისაღწევად?
18 სატანის გავლენით ქვეყნიერებაში ზნეობრივი ფასეულობები სწრაფად ეცემა; განსაკუთრებით სატანას ჭეშმარიტი ქრისტიანების გახრწნა სურს. ამ მიზნის მისაღწევად ის ჩვენს თვალებსა და ყურებს იყენებს, რათა გრძნობებზე იმოქმედოს და ამგვარად გულსა და გონებაში შეაღწიოს (ეფესოელები 4:17—19). როგორ რეაგირებთ, როცა მოულოდნელად ამორალურ სურათებს ხედავთ, უწმაწური სიტყვები გესმით ან უზნეო ადამიანებს აწყდებით?
19. როგორ დაეხმარა ღვთისადმი შიში ერთ ქრისტიანს ცდუნების დაძლევაში?
19 განვიხილოთ ანდრესb მაგალითი, რომელიც ქრისტიანი უხუცესი და მამაა; ის ევროპაში მუშაობს ექიმად. საავადმყოფოში ღამით მორიგეობისას ანდრეს თანამშრომელი ქალები ბალიშზე გულებით მოხატულ სასიყვარულო ბარათებს უდებდნენ და სქესობრივ ურთიერთობას სთავაზობდნენ. ანდრე მტკიცე უარს ამბობდა მათ წინადადებაზე. უფრო მეტიც, ამ ცუდ გარემოს რომ გასცლოდა, სამუშაოდ ის სხვაგან გადავიდა. ღვთისმოშიშების გამოვლენა გონივრული აღმოჩნდა და კურთხევები მოუტანა — დღეს ის თავის ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს დროდარო.
20, 21. ა) როგორ დაგვეხმარება ღვთისადმი შიში, არ შევცოდოთ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 თუ ადამიანი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რაც ღვთის თვალში არასწორია, ამან შეიძლება მას ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობა გაუფუჭოს — გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებაც არა აქვს (იაკობი 1:14, 15). მეორე მხრივ, თუ იეჰოვასი გვეშინია, გავერიდებით ისეთ ხალხს, ადგილებს, მოქმედებებსა და გართობებს, რომლებიც ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით სიფხიზლეს მოგვიდუნებდა (იგავები 22:3). როგორ უხერხულ მდგომარეობაშიც უნდა აღმოვჩნდეთ და რა მსხვერპლის გაღებაც უნდა მოგვიწიოს, ეს არაფერია იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვასთან შედარებით (მათე 5:29, 30). ვიყოთ ღვთისმოშიშნი ნიშნავს, შეგნებულად ავარიდოთ თავი ნებისმიერ უზნეობას, მათ შორის ყოველგვარ პორნოგრაფიას, და ‘მოვარიდოთ თვალი ამაოების ცქერას’. თუ ასე ვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ‘გვაცოცხლებს’ და მოგვცემს ყველაფერს, რაც ნამდვილად გვჭირდება (ფსალმუნები 83:12; 118:37).
21 მართლაც, ღვთისადმი ნამდვილი შიშის გამოვლენა ყოველთვის გონივრულია. ღვთისმოშიშებას აგრეთვე ჭეშმარიტი ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნები 33:10). ამას უფრო ნათლად მომდევნო სტატია დაგვანახვებს.
[სქოლიოები]
a იხილეთ 1998 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“–ში „ბიბლიის თვალსაზრისი — როგორ შეგიძლია გეშინოდეს სიყვარულის ღმერთის?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b სახელი შეცვლილია.
-
-
გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
-
-
გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
„ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა“ (ფსალმუნები 111:1).
1, 2. რა მოაქვს ღვთისადმი შიშს?
ბედნიერების მიღწევა ადვილი არ არის. ნამდვილი ბედნიერება დამოკიდებულია სწორი არჩევნის გაკეთებაზე, კარგის კეთებასა და ცუდისგან თავის არიდებაზე. ჩვენმა შემოქმედმა იეჰოვამ მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, და ის გვასწავლის, როგორ ვიყოთ ნამდვილად ბედნიერნი. როცა იეჰოვას ხელმძღვანელობას ვეძებთ და მის თანახმად ვცხოვრობთ, ღვთისადმი შიშს ვავლენთ, რასაც ნამდვილი კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნები 22:1; იგავები 14:26).
2 ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ და თანამედროვე მაგალითებს; ისინი დაგვანახვებს, როგორ აძლევდა ღვთისადმი ნამდვილი შიში მის მსახურებს ძალას, წინ აღდგომოდნენ ცუდს და კარგი ეკეთებინათ. გავიგებთ, რომ ღვთის შიშს შეუძლია არასწორი გზიდან მოგვაბრუნოს, როგორც ეს დავითის შემთხვევაში იყო, და ბედნიერება მოგვიტანოს. ასევე დავინახავთ, რომ ღვთისადმი ნამდვილი შიში არის ძვირფასი მემკვიდრეობა, რომლის გადაცემაც მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შეუძლიათ. მართლაც, ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა“ (ფსალმუნები 111:1).
დაკარგული ბედნიერების დაბრუნება
3. რა დაეხმარა დავითს შეცდომების გამოსწორებაში?
3 წინა სტატიაში განვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც დავითმა არ გამოავლინა ღვთისადმი სათანადო შიში და შესცოდა. მაგრამ ის, თუ როგორ გამოეხმაურა დავითი იეჰოვას დასჯას, ცხადყოფს, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო. ღვთისადმი მოკრძალებამ და პატივისცემამ დავითი აღძრა, ეღიარებინა თავისი დანაშაული, დაბრუნებოდა სწორ გზას და აღედგინა იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა. მართალია, დავითის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მას და სხვებს ტანჯვა მოუტანა, მაგრამ გულწრფელი მონანიებით იეჰოვას მხარდაჭერა და კურთხევები მოიპოვა. დღეს დავითის მაგალითი გამამხნევებელია იმ ქრისტიანებისთვის, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს.
4. როგორ შეუძლია ღვთის შიშს, დაეხმაროს პიროვნებას, კვლავ ბედნიერი იყოს?
4 მოვიყვანოთ სონიასa მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ სრული დროით მქადაგებელი იყო, ის ცუდ საზოგადოებას დაუახლოვდა, არაქრისტიანული საქციელი ჩაიდინა და ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა. როცა გონს მოეგო, სონიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა აღედგინა. გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ ქრისტიანული კრების წევრი გახდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სონიას იეჰოვას მსახურების სურვილი არ განელებია. ბოლოს, მან პიონერული მსახურებაც კი განაახლა. მოგვიანებით ის უხუცესზე გათხოვდა და ახლა ისინი ერთ–ერთ კრებაში სიხარულით მსახურობენ. სონია ძალიან ნანობს, რომ გარკვეული დროით ქრისტიანული გზიდან გადაუხვია, მაგრამ ის ბედნიერია, რომ ღვთის შიში დაეხმარა, კვლავ სწორ გზაზე დამდგარიყო.
ცოდვის ჩადენას ტანჯვა ჯობია
5, 6. ახსენით, როგორ და რატომ გადაურჩა საული ორჯერ დავითის მახვილს.
5 რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც ადამიანს ღვთის შიში ეხმარება, რომ თავიდანვე არ ჩაიდინოს ცოდვა. ამას ადასტურებს დავითის შემთხვევა. ერთხელ საული იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც დავითი და მისი ხალხი საულსა და მის სამიათას მეომარს ემალებოდნენ. დავითს თავისი ხალხი აქეზებდა, რომ საული მოეკლა. იეჰოვამ ჩაუგდო დავითს ხელში მისი დაუძინებელი მტერი? დავითი მიეპარა სულს და მის მოსასხამს კიდე მოაჭრა. ასეთი უმნიშვნელო მოქმედების გამოც კი, რომელსაც საულისთვის ზიანი არ მიუყენებია, დავითს სინდისი ქენჯნიდა, რადგან ის ღვთისმოშიში კაცი იყო. დავითმა შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა თავისი ხალხი: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი“b (1 მეფეთა 24:2—8).
6 სხვა შემთხვევაში, როცა საული და მისი მეომრები ღამით დაბანაკებულნი იყვნენ, „უფლის ძილქუში დაეცათ მათ“. დავითი და მისი მამაცი დისშვილი აბიშაი ბანაკში შეიპარნენ და მძინარე საულს თავზე დაადგნენ. აბიშაის სურდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღო საულისთვის. დავითმა აბიშაი შეაკავა და უთხრა: „უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება“ (1 მეფეთა 26:9, 12).
7. რა დაეხმარა დავითს, რომ ცოდვა არ ჩაედინა?
7 რატომ არ მოკლა დავითმა საული, როცა მას ამის გაკეთების საშუალება ორჯერ მიეცა? რადგან მას საულზე მეტად იეჰოვასი ეშინოდა. დავითს ღვთის შიში ჰქონდა და, ამიტომ, თუ საჭირო გახდებოდა, ცოდვის ჩადენას ტანჯვას ამჯობინებდა (ებრაელები 11:25). ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა ზრუნავდა როგორც თავის ხალხზე, ისე პირადად მასზე. დავითმა იცოდა, რომ ღმერთზე მინდობა და მორჩილება მას ბედნიერებასა და კურთხევებს მოუტანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ღვთის კეთილგანწყობას დაკარგავდა (ფსალმუნები 64:5). დავითმა ისიც იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის დანაპირებს და, დანიშნულ დროს და საჭირო სახით, მას გაამეფებდა (1 მეფეთა 26:10).
ღვთისადმი შიშს ბედნიერება მოაქვს
8. რატომ არის ჩვენთვის სამაგალითო გასაჭირში მყოფი დავითის საქციელი?
8 ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, დაგვცინიან, გვდევნიან და სხვადასხვა მხრივ გვავიწროებენ (მათე 24:9; 2 პეტრე 3:3). დროდადრო, შესაძლოა, თანაქრისტიანების მხრიდანაც ვხვდებით სირთულეებს. მაგრამ ვიცით, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს, ისმენს ჩვენს ლოცვებს და, თავის დროზე, ყველაფერს თავისი ნებისამებრ გამოასწორებს (რომაელები 12:17—21; ებრაელები 4:16). ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგეების გვეშინოდეს, ჩვენ ღვთის შიში გვაქვს და ხსნას მისგან მოველით. დავითის მსგავსად, ჩვენ შურს არ ვიძიებთ და არც კომპრომისზე მივდივართ სამართლიან პრინციპებთან დაკავშირებით, რათა ტანჯვას თავი ავარიდოთ. ამას კი, საბოლოოდ, ბედნიერება მოაქვს. როგორ?
9. მოიყვანეთ მაგალითი, როგორ შეიძლება ღვთისადმი შიშმა, დევნის მიუხედავად, ადამიანს ბედნიერება არ დააკარგვინოს.
9 ერთი მისიონერი, რომელიც დიდი ხანია აფრიკაში მსახურობს, ყვება: „მახსენდება ჩვენი დისა და მისი მოზარდი გოგონას მაგალითი, რომლებმაც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო უარი თქვეს პარტიული ბილეთის შეძენაზე. ამის გამო, მამაკაცებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; შემდეგ კი სახლში წასვლის ნება დართეს. უკან დაბრუნებისას დედა ანუგეშებდა აქვითინებულ შვილს, რომელსაც ვერ გაეგო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მართალია, იმ მომენტში ეს მათთვის ძნელი ასატანი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, სუფთა სინდისი ჰქონდათ. მოგვიანებით ისინი ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ ღმერთს დაემორჩილნენ. მათ პარტიული ბილეთები რომ ეყიდათ, ამით იმ ხალხს ასიამოვნებდნენ; დედა–შვილს გაზიან სასმელებს მისცემდნენ და სახლამდე ცეკვა–ცეკვით მიაცილებდნენ. მაგრამ გოგონამ და მისმა დედამ იცოდნენ, რომ, თუ კომპრომისზე წავიდოდნენ, ამ ქვეყანაზე ყველაზე უბედური ადამიანები იქნებოდნენ“. ღვთის შიშმა ისინი საშინელი განცდებისგან იხსნა.
10, 11. რა დადებითი შედეგები მოჰყვა ერთი ქალის მიერ ღვთისადმი შიშის გამოვლენას?
10 ღვთისადმი შიშს ბედნიერება მოაქვს მაშინაც, როდესაც ქრისტიანი განსაცდელს სიცოცხლის სიწმინდისადმი პატივისცემის გამო აწყდება. მაგალითად, მერი მესამე ბავშვზე იყო ორსულად, როდესაც ექიმმა ბავშვის მოშორება ურჩია. „თქვენი მდგომარეობა კრიტიკულია, — უთხრა მან. — შეიძლება მდგომარეობა ნებისმიერ დროს გამწვავდეს და 24 საათში დაიღუპოთ. შემდეგ ბავშვიც მოკვდება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ბავშვი ნორმალური დაიბადება“. მერი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, მაგრამ ჯერ მონათლული არ იყო. „და მაინც, — ამბობს მერი, — გადაწყვეტილი მქონდა, იეჰოვასთვის მემსახურა და, რა ფასადაც უნდა დამჯდომოდა, მისადმი ერთგულება შემენარჩუნებინა“ (გამოსვლა 21:22, 23).
11 ორსულობის პერიოდში მერი განაგრძობდა ბიბლიის შესწავლას და ოჯახზე ზრუნვას. ბავშვის დაბადების შემდეგ მერიმ თქვა: „მშობიარობა პირველ ორთან შედარებით რთული იყო, მაგრამ სერიოზული გართულებები არ მქონია“. ღვთის შიში მერის სუფთა სინდისის შენარჩუნებაში დაეხმარა; ამის შემდეგ ის მალევე მოინათლა. ბავშვი წამოიზარდა და მანაც ისწავლა ღვთის შიში; ამჟამად ის იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობს.
‘უფლით გამხნევებული’
12. როგორ გააძლიერა დავითი ღვთის შიშმა?
12 იეჰოვასადმი შიში დავითისთვის ბოროტებისგან თავის შეკავებაზე მეტს ნიშნავდა. ამგვარი შიშით გაძლიერებული დავითი რთულ სიტუაციებში გადაჭრით და გონივრულად მოქმედებდა. დაახლოებით წლისა და ოთხი თვის განმავლობაში დავითი და მისი ხალხი ფილისტიმელთა ქვეყანაში, ციკლაგში, აფარებდნენ თავს (1 მეფეთა 27:5—7). ერთხელ, როდესაც ისინი ქალაქიდან იყვნენ გასულები, ამალეკელებმა ქალაქი გადაწვეს და მათი ცოლები და ბავშვები ტყვედ წაასხეს. როდესაც დავითი და მისი ხალხი დაბრუნდნენ და დაინახეს, რაც მოხდა, ხმამაღლა ატირდნენ. დავითის ხალხს მალე მწუხარება გამწარებაში გადაეზარდა და დავითს ჩაქოლვა დაუპირეს. დავითი დამწუხრდა, მაგრამ გული არ გასტეხია (იგავები 24:10). ის ღვთის შიშმა აღძრა, იეჰოვასთვის მიემართა და ‘უფლით გაემხნევებინა თავი’. ღვთის დახმარებით დავითი და მისი ხალხი დაეწია ამალეკელებს და ყველაფერი დაიბრუნეს (1 მეფეთა 30:1—20).
13, 14. როგორ დაეხმარა ღვთის შიში ერთ ქრისტიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?
13 დღეს ღვთის მსახურებიც ხვდებიან ისეთ სიტუაციებს, როდესაც საჭიროა იეჰოვაზე მინდობა და გაბედულად მოქმედება. მოვიყვანოთ კრისტინას შემთხვევა. ბავშვობაში კრისტინა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. ამავე დროს, მას სურდა, ცნობილი პიანისტი გამოსულიყო; ამ მხრივ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. კრისტინას რცხვენოდა ქადაგების; ამიტომ ეშინოდა იმ პასუხისმგებლობის, რაც ნათლობას მოჰყვებოდა. ის შესწავლას განაგრძობდა და მალე იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა. ღვთის შიშის სწავლა დაეხმარა მას, გაეგო, რომ იეჰოვა თავისი მსახურებისგან მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით სიყვარულს მოელის (მარკოზი 12:30). ამან კრისტინა აღძრა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის და მონათლულიყო.
14 კრისტინამ იეჰოვას სთხოვა, სულიერ წინსვლაში დახმარებოდა მას. „ვიცოდი, რომ ცნობილ პიანისტებს გამუდმებით უწევთ მოგზაურობა, კონტრაქტების დადება და წელიწადში დაახლოებით 400 კონცერტის გამართვა, — ამბობს კრისტინა. — ამიტომ გადავწყვიტე, მუსიკის მასწავლებელი გავმხდარიყავი, რათა საკუთარი თავი მერჩინა და სრული დროით მექადაგა“. იმ დროს კრისტინას დებიუტი უნდა ჰქონოდა თავისი ქვეყნის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში. „ეს გამოსვლა ჩემთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა“, — ყვება კრისტინა. ცოტა ხანში ის ცოლად გაჰყვა ქრისტიან უხუცესს. დღეს ისინი იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობენ. კრისტინა კმაყოფილია, რომ იეჰოვამ სწორი გადაწყვეტილებების მიღების ძალა მისცა და დღეს შეუძლია მთელი დრო და ენერგია მსახურებას მოახმაროს.
ძვირფასი მემკვიდრეობა
15. რის გადაცემა უნდოდა დავითს შვილებისთვის და როგორ გააკეთა მან ეს?
15 „მოდით, შვილებო, მომისმინეთ! — წერდა დავითი. — უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“ (ფსალმუნები 33:12). დავითს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვილებისთვის გადაეცა ძვირფასი მემკვიდრეობა — ჭეშმარიტი, გაწონასწორებული და ჯანსაღი შიში იეჰოვასადმი. სიტყვით და საქმით დავითმა შვილებს დაანახვა, რომ იეჰოვა მოსიყვარულე, მზრუნველი და მიმტევებელი მამაა და არა მომთხოვნი და შიშის შთამნერგავი ღმერთი, რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება, როდის დაარღვევენ მისი მსახურები კანონს. „ვინ შეძლებს მიჰყვეს არასწორი ნაბიჯების კვალს?“ — იკითხა დავითმა. დავითს სჯეროდა, რომ იეჰოვა არ ეძებს თავის მსახურთა შეცდომებს, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „დამანახე დაფარული!“ დავითი დარწმუნებული იყო, რომ თუ ძალ–ღონეს არ დაიშურებდა, მისი სიტყვები და აზრები იეჰოვასთვის მისაღები იქნებოდა (ფსალმუნები 19:12, 14, „ბაინგტონის თარგმანი“ [18:13, 15]).
16, 17. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვასადმი შიში ასწავლონ შვილებს?
16 დავითი დღეს მშობლებს მისაბაძ მაგალითს აძლევს. „მშობლებმა ისე აღგვზარდეს, რომ ღვთის მსახურებად ყოფნა ჩვენთვის სასიამოვნო ყოფილიყო, — ყვება რალფი, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობს. — როცა პატარები ვიყავით, კრების საქმეებზე საუბრისას მშობლები ყოველთვის გვაძლევდნენ საშუალებას, ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა; ამიტომ ჭეშმარიტებისადმი ისეთივე გულმოდგინება განგვივითარდა, როგორიც მათ ჰქონდათ. ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს, რომ შეგვეძლო იეჰოვას მსახურებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. ჩვენი ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო; იქ კრებების დაფუძნებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.
17 სწორ ბილიკზე დარჩენაში მკაცრად დადგენილი წესების დაცვა კი არ დაგვეხმარა, არამედ ის, რომ ჩვენი მშობლებისთვის იეჰოვა რეალური და ძალიან, ძალიან კეთილი და კარგი ღმერთი იყო. ისინი ცდილობდნენ, უკეთესად გაეცნოთ იეჰოვა და ესიამოვნებინათ მისთვის; მათგან ღვთისადმი ნამდვილი შიში და სიყვარული ვისწავლეთ. მაშინაც კი, როდესაც რამეს ვაშავებდით, მშობლებს არასოდეს უთქვამთ, იეჰოვას აღარ უყვარხართო; დასასჯელად არც ზედმეტ შეზღუდვებს გვიდგენდნენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი გვსხამდნენ და მშვიდად გვესაუბრებოდნენ; დედა ზოგჯერ თვალცრემლიანი გველაპარაკებოდა და ცდილობდა, ჩვენს გულებს შეხებოდა. და ეს ეფექტური იყო. მშობლებმა სიტყვითა და საქმით გვასწავლეს, რომ შესანიშნავია, გვქონდეს იეჰოვას შიში, და მის მოწმედ ყოფნა ტვირთი კი არ არის, არამედ სასიხარულო და სასიამოვნოა“ (1 იოანე 5:3).
18. რას მოგვიტანს ჭეშმარიტი ღვთის შიში?
18 „დავითის უკანასკნელ სიტყვებში“ ვკითხულობთ: „მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას“ (2 მეფეთა 23:1, 3, 4). დავითის ძემ და მისი ტახტის მემკვიდრემ, სოლომონმა, როგორც ჩანს, კარგად აითვისა მამისგან ნასწავლი, რადგან იგი იეჰოვას სთხოვდა, მისთვის „გონიერი გული“ და იმის უნარი მიეცა, რომ ‘სიკეთე და ბოროტება გაერჩია’ (3 მეფეთა 3:9). სოლომონს ესმოდა, რომ იეჰოვასადმი შიშის გამოვლენა ადამიანს გონიერს ხდის და ბედნიერება მოაქვს. მოგვიანებით წიგნი „ეკლესიასტე“ მან ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი. რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს — კარგი იქნება თუ ცუდი“ (ეკლესიასტე 12:13, 14). თუ ყურად ვიღებთ ამ რჩევას, დავინახავთ, რომ „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს“ არა მარტო სიბრძნე და ბედნიერება მოაქვს, არამედ ‘სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეც’ (იგავები 22:4, აქ).
19. რის დახმარებით გავიგებთ, რა არის „უფლის შიში“?
19 ბიბლიური და თანამედროვე მაგალითებიდან დავინახეთ, რომ ღვთისადმი სათანადო შიში დადებით გავლენას ახდენს იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურების ცხოვრებაზე. ასეთი შიში დაგვიცავს, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ჩვენს ზეციერ მამას არ მოსწონს; აგრეთვე მოგვცემს გაბედულებას, მტკიცედ დავუდგეთ მტრებს; ის განსაცდელებსა თუ სირთულეებთან გამკლავების ძალასაც მოგვცემს. ამიტომ მოდი, ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა, გულმოდგინედ ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, ვიფიქროთ ნასწავლზე და რეგულარული, გულწრფელი ლოცვებით დავუახლოვდეთ იეჰოვას. ამგვარი მოქმედებით არა მარტო „ღვთისშემეცნებას“ ვპოვებთ, არამედ შევიგნებთ, თუ რა არის „უფლის შიში“ (იგავები 2:1—5, სსგ).
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.
b შესაძლოა, ამ შემთხვევამ აღძრა დავითი 56–ე და 141–ე ფსალმუნების დასაწერად.
-