მდიდარი და ბრძენი მეფე
როგორ ფიქრობთ, მოგიტანდათ ბედნიერებას სიმდიდრე? არ გესიამოვნებოდათ, ვინმეს რომ თქვენთვის დიდი თანხა ეჩუქებინა? ალბათ, გესიამოვნებოდათ. ალბათ, დაიწყებდით ფიქრს, თუ როგორ მოგეხმარათ ის.
მართალია, ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, რის საშუალებითაც უფრო კომფორტულ და სასიამოვნო ცხოვრებას მოიწყობდით. ფულმა შეიძლება ‘დაიფაროს’ კიდეც ადამიანი, ვთქვათ, მოულოდნელად ავადმყოფობის ან უმუშევრობის პრობლემის წამოჭრისას (ეკლესიასტე 7:12).
მაგრამ რა კავშირია ფულსა და ბედნიერებას შორის? თქვენც ისევე ფიქრობთ, როგორც მრავალი სხვა, რომ ბედნიერება სიმდიდრეს მოაქვს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება გაგიძნელდეთ, ვინაიდან ფულის დათვლა ადვილია, ხოლო ბედნიერებისა — არა. შეუძლებელია სასწორის პინებზე მოათავსო ბედნიერება და აწონო.
გარდა ამისა, ზოგი მდიდარი ბედნიერი გვეჩვენება, ზოგი კი — უბედური. იმავეს თქმა შეიძლება ღარიბებზეც. მიუხედავად ამისა, უმეტესობას — მათ შორის მდიდრებსაც კი — სჯერა, რომ მეტ ფულს მეტი ბედნიერება მოაქვს.
ამ საკითხებს შეეხო ძველი ისრაელის მეფე სოლომონი. ის უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი დიდძალი სიმდიდრის ამბავი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „მესამე მეფეთა“, მე-10 თავში. მაგალითად, შენიშნეთ, თუ რას ამბობს მე-14 მუხლი: „ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად“. ეს 25 ტონის ტოლია. დღეს ამდენი ოქროს საფასური 200 000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.
მაგრამ სოლომონი მხოლოდ მდიდარი კი არ იყო, არამედ ღვთისგან სიბრძნითაც იყო კურთხეული. ბიბლია მოგვითხრობს: „ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა“ (მესამე მეფეთა 10:23, 24). სოლომონის სიბრძნით ჩვენც შეგვიძლია ვისარგებლოთ, რადგან მისი სიბრძნე ბიბლიაშია შეტანილი და მის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. ვნახოთ, თუ რას ამბობს ის სიმდიდრესა და ბედნიერებას შორის კავშირზე.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Reproduced from Die Heilige Schrift - Übersetzt von Dr. Joseph Franz von Allioli. Druck und Verlag von Eduard Hallberger, Stuttgart