-
ოქროს წესი — საყოველთაო სწავლებასაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 დეკემბერი
-
-
ოქროს წესი — საყოველთაო სწავლება
„ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).
ყველასთვის კარგად ცნობილი ეს სიტყვები იესო ქრისტემ თითქმის ორი ათასი წლის წინათ წარმოთქვა მთაზე ქადაგებისას. საუკუნეების განმავლობაში ბევრი ითქვა და დაიწერა ამ უბრალო გამონათქვამის შესახებ. მაგალითად, ის აღიარეს, როგორც „საღვთო წერილის დედაარსი“, „მოყვასისადმი ქრისტიანის მოვალეობის ეტალონი“ და „ძირითადი ეთიკური პრინციპი“. იესოს სიტყვები ისეთი ცნობილი გახდა, რომ ხშირად ოქროს წესს უწოდებენ.
ოქროს წესის იდეას, მხოლოდ ქრისტიანული სამყარო არ იზიარებს. იუდაიზმი, ბუდიზმი და ბერძნული ფილოსოფია ამ ძირითად პრინციპს სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ. კონფუცმა — რომელსაც ღრმა პატივისცემით იხსენიებენ აღმოსავლეთის ქვეყნებში, როგორც დიდებულ მოაზროვნესა და მასწავლებელს — ოდნავ სხვაგვარად ჩამოაყალიბა ეს იდეა, რომელიც განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი შორეულ აღმოსავლეთში. კონფუციანური „ოთხი წიგნის“ მესამე წიგნში „ანალექტებში“ სამჯერ გვხვდება მსგავსი გამოთქმა. მოსწავლეთა კითხვებზე, კონფუცმა ორჯერ ასე უპასუხა: „რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ, შენც არ გაუკეთო ის სხვებს“. ერთხელ მისმა მოწაფე დზიგონმა დაიკვეხნა, „რაც მე არ მინდა რომ სხვებმა გამიკეთონ, ის მეც არ მინდა, გავუკეთო მათ“, მასწავლებელმა უთხრა: „მართალია, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება შენს ძალებს აღემატება“.
ამ სიტყვებიდან იმის დანახვა შეიძლება, რომ კონფუცის გამონათქვამი, იესოს ნათქვამის შებრუნებული ფორმაა. აშკარა განსხვავება კი ის არის, რომ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული ოქროს წესი დადებით მოქმედებას, სხვებისთვის სიკეთის კეთებას მოითხოვს. ადამიანებს იესოს სიტყვების თანახმად რომ ემოქმედათ, ეზრუნათ ერთმანეთზე, დახმარებოდნენ ერთიმეორეს და ყოველდღე ამ პრინციპის თანახმად ეცხოვრათ, იქნებოდა დღევანდელი წუთისოფელი უკეთესი? თავისთავად ცხადია.
წესი, როგორადაც უნდა ყოფილიყო ფორმულირებული, მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა დროსა და ადგილას ოქროს წესის იდეას ენდობოდნენ და ენდობიან. ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ იესოს მიერ მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული ეს ფრაზა, საყოველთაო სწავლებაა, რომელიც ყველა ასაკისა და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთა ცხოვრებას ეხება.
შეეკითხეთ საკუთარ თავს: „ვისურვებდი, მომქცეოდნენ მოკრძალებულად, სამართლიანად და პატიოსნად; მეცხოვრა ისეთ სამყაროში, სადაც არ იქნებოდა რასობრივი შეუწყნარებლობა, დამნაშავეობა და ომები; მქონოდა ისეთი ოჯახი, რომლის თითოეული წევრიც ერთმანეთის გრძნობებს გაუფრთხილდებოდა და ერთმანეთის კეთილდღეობაზე იზრუნებდა? განა ვინმე იტყოდა ამაზე უარს? მწარე სინამდვილე კი გვიჩვენებს, რომ ძალიან ცოტას თუ აქვს ასეთი პირობები. უმეტესობას ასეთი ცხოვრების იმედიც კი არ გააჩნია.
ოქროს წესი ძალას ჰკარგავს
კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა მოდგმის წინაშე უამრავი ბოროტმოქმედება იქნა ჩადენილი; რამაც ადამიანთა უფლებები ხელყო. ეს იყო აფრიკელი მონებით ვაჭრობა, ნაცისტური სასიკვდილო ბანაკები, ბავშვების ექსპლუატაცია და გენოციდის გლობალური პრობლემა. ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა.
დღეს ჩვენს მაღალგანვითარებულ სამყაროში ეგოიზმი ჩვეულებრივი რამ არის. ძალიან ცოტანი თუ ფიქრობენ სხვებზე, როდესაც მათ კეთილდღეობას და, შესაძლოა, უფლებებს საფრთხე ემუქრება (2 ტიმოთე 3:1—5). რატომ ხდება ამდენი ადამიანი ეგოისტი, გულქვა და უგრძნობი? განა იმიტომ არა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ოქროს წესი დავიწყებას ეძლევა, როგორც ზნეობის განუხორციელებელი პრინციპი? სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მათშიც შეიმჩნევა, ვინც აცხადებს, რომ ღმერთი სწამს. ამ თემაზე მსჯელობისას, მხოლოდ ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანები უფრო გაეგოისტდებიან.
მაშასადამე, უმნიშვნელოვანეს კითხვებად, რომლებიც ღრმად დაფიქრებას მოითხოვს, რჩება: რას ნიშნავს ოქროს წესის თანახმად ცხოვრება? ცხოვრობს ვინმე კვლავ მის თანახმად? დადგება ოდესმე ის დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა ოქროს წესის შესაბამისად იცხოვრებს? შემოგვიერთდით შემდგომ განხილვაში და დასმულ კითხვებზე საფუძვლიან პასუხებს მიიღებთ.
[სურათი 3 გვერდზე]
კონფუცი და სხვები ოქროს წესის თავიანთ ვერსიებს ასწავლიდნენ.
-
-
ოქროს წესი — ნამდვილად გამოსადეგიასაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 დეკემბერი
-
-
ოქროს წესი — ნამდვილად გამოსადეგია
თუმცა უმეტესობა ოქროს წესს ქრისტეს მიერ ჩამოყალიბებულ ზნეობრივ ნორმად მიიჩნევს, თვითონ იესომ ასეთი რამ თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“ (იოანე 7:16).
დიახ, იესოს სწავლებების — მათ შორის ეგრეთწოდებული ოქროს წესის — სულისჩამდგმელი მისი წარმომგზავნელი, შემოქმედი, იეჰოვა ღმერთია.
ღმერთს თავიდანვე განზრახული ჰქონდა, რომ ადამიანები ისე მოქცეოდნენ ერთმანეთს, როგორც თვითონ სურდათ, რომ სხვები მოქცეოდნენ. იმით, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანები, სხვებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი მოგვცა: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27). ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა სიყვარულით დააჯილდოვა ადამიანები და ისეთივე თვისებები ჩაუნერგა, რომლებიც თავად ახასიათებს; რათა შესძლებოდათ მარადიულად დამტკბარიყვნენ მშვიდობითა და ბედნიერებით. მათ უხელმძღვანელებდათ ღვთისგან ბოძებული სინდისი, რომელიც სწორად იყო განსწავლული, რომ ისე მოქცეოდნენ სხვებს, როგორც თავად ისურვებდნენ, სხვები მოქცეოდნენ.
ეგოიზმი გაბატონდა
თუმცა თავიდან ყველაფერი ასე შესანიშნავად დაიწყო, რა დაემართათ ადამიანებს? მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ეგოიზმმა დაამახინჯა. უმეტესობისთვის ცნობილია ბიბლიაში, „დაბადების“ მესამე თავში, აღწერილი შემთხვევა, რა გააკეთეს პირველმა ადამიანებმა. ღვთის სამართლიანი პრინციპის მოწინააღმდეგის, სატანის წაქეზებით ეგოისტურად უარყვეს ღვთის მმართველობა, დამოუკიდებლობა აირჩიეს და თავად განსაზღვრეს, როგორ ეცხოვრათ. ეგოისტურმა და მეამბოხე სულმა, არა მარტო მათ დააკარგვინა უმნიშვნელოვანესი რამ, არამედ მათ შთამომავლებსაც. ადამისა და ევას საქციელი ხილული დადასტურება იყო იმ საშინელი შედეგისა, რომელიც მოჰყვა ოქროს წესად ცნობილი პრინციპის უგულებელყოფას. მაშასადამე, „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12).
თუმცა იეჰოვა ღმერთის გზებს მთელმა კაცობრიობამ აქცია ზურგი, მას არ მიუტოვებია ისინი. მაგალითად, იეჰოვამ ისრაელ ერს ხელმძღვანელობისთვის რჯული მისცა. იგი მათ ასწავლიდა, სხვებს ისე მოჰქცეოდნენ, როგორც სურდათ, რომ სხვები მოჰქცეოდნენ. რჯულში მოცემული იყო მითითებები, როგორ უნდა მოპყრობოდნენ მონებს, ობლებსა და ქვრივებს. მასში განხილული იყო, როგორ დაეძლიათ ძალადობის, ადამიანების მოტაცებისა და ქურდობის პრობლემა; სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მაჩვენებელი სანიტარიული კანონები იყო; რჯული არც სექსთან დაკავშირებულ საკითხებს ტოვებდა ყურადღების გარეშე. იეჰოვამ თავისი რჯული მოკლედ ჩამოუყალიბა ხალხს: „გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი“. მოგვიანებით იესოც ციტირებდა ამ სიტყვებს (ლევიანნი 19:18; მათე 22:39, 40). რჯულში საუბარი იყო იმაზეც, თუ როგორ უნდა მოჰქცეოდნენ ისრაელები მდგმურებს: „მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელებს თანაგრძნობა და სიკეთე უნდა გამოევლინათ გაჭირვებაში მყოფი ხალხისადმი (გამოსვლა 23:9; ლევიანნი 19:34; მეორე რჯული 10:19).
სანამ ისრაელი ერთგულად მიჰყვებოდა რჯულს, იეჰოვა კურთხევებს არ აკლებდა ამ ერს. დავითისა და სოლომონის მეფობის დროს ისრაელი ყვაოდა და ხალხი ბედნიერი და კმაყოფილი იყო. მათი მდგომარეობის შესახებ ბიბლია ასეთ ისტორიულ მონაცემებს გვაწვდის: „ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას“ (მესამე მეფეთა 4:20, 25).
სამწუხაროდ, ამ მშვიდობამ და უსაფრთხოებამ დიდხანს არ გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისგან მიცემული ჰქონდათ რჯული, ისრაელები არ იცავდნენ მას; ეგოიზმს გასაქანი მისცეს, რამაც მათ სხვებზე ზრუნვის სურვილი მოუშთო. ასეთმა დამოკიდებულებამ და, ამავდროულად, განდგომილებამ გასაჭირში ჩაყარა, როგორც ცალკეული ადამიანები, ისე მთლიანად ერი. ბოლოს, ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ დაუშვა, რომ ბაბილონელებს იუდას სამეფო, იერუსალიმი და მისი ბრწყინვალე ტაძარიც კი გაენადგურებინათ. რატომ? „რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ“ (იერემია 25:8, 9). რა ძვირად დაუჯდათ ისრაელებს იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისცემის მიტოვება!
მისაბაძი მაგალითი
იესო ქრისტე განა მხოლოდ ასწავლიდა ოქროს წესს, არამედ მისი დაცვის საუკეთესო მაგალითიც დაგვიტოვა. ის გულწრფელად ზრუნავდა სხვების კეთილდღეობაზე (მათე 9:36; 14:14; ლუკა 5:12, 13). ერთხელ, ქალაქ ნაინის მახლობლად იესომ დაინახა ვაჟის სიკვდილით გულდამძიმებული დედა, რომელიც ერთადერთ ვაჟს მარხავდა. ბიბლიაში ნათქვამია: „ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი“ (ლუკა 7:11—15). „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად „შეეცოდად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა „სულით ხორცამდე შეძვრას“ ნიშნავს. ქვრივის გულისტკივილით შეძრული იესო აღიძრა, რამე ეღონა ამ ქალის მწუხარების გასაქარვებლად. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იესომ აღუდგინა შვილი და „ჩააბარა იგი თავის დედას“.
ბოლოს კი, ღვთის განზრახვის თანახმად, იესო ნებაყოფლობით იტანჯა და თავისი სიცოცხლე გამოსასყიდად მისცა, რათა კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან ეხსნა. სწორედ ეს იყო ოქროს წესის თანახმად ცხოვრების უდიდესი მაგალითი (მათე 20:28; იოანე 15:13; ებრაელთა 4:15).
ადამიანები, რომლებიც ოქროს წესის თანახმად ცხოვრობენ
ცხოვრობენ ჩვენს დროში ისეთი ადამიანები, რომლებიც ოქროს წესის თანახმად მოქმედებენ? დიახ, და ისინი ოქროს წესის თანახმად მხოლოდ მაშინ არ იქცევიან, როდესაც მათ ეს ხელს აძლევს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებმა ღვთისადმი რწმენა და მოყვასისადმი სიყვარული შეინარჩუნეს და ოქროს წესის დარღვევაზე ცივი უარი განაცხადეს. მაშინაც კი, როდესაც მთელ სახელმწიფოში ებრაელებისადმი სიძულვილი და დისკრიმინაცია ბატონობდა ისინი კვლავ ოქროს წესის თანახმად ცხოვრებას განაგრძობდნენ. საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი თავდაუზოგავად ზრუნავდნენ სხვებზე; ისინი საკუთარ ლუკმას, თუმცა მისი შოვნა ადვილი არ იყო, უნაწილებდნენ როგორც ებრაელებს, ისე არაებრაელებს. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ბრძანებაზე, იარაღი აეღოთ ხელში და ხალხი დაეხოცათ, უარი განაცხადეს, რამეთუ, ცხადია, თავადვე არ სურდათ მსგავსად მოქცეოდნენ. როგორ უნდა მოეკლათ ისინი, რომლებიც საკუთარი თავივით უნდა ჰყვარებოდათ? ცივი უარის გამო ბევრ მათგანს არა მარტო საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, არამედ ხოცავდნენ კიდეც (მათე 5:43—48).
ამ სტატიაში ოქროს წესის მოქმედების კიდევ ერთ სასარგებლო მაგალითსაც ნახავთ. იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ დღეს უამრავი ხალხი უიმედობითა და უძლურებით იტანჯება. ამიტომ იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან მათ, რათა გააცნონ ხალხს ბიბლიაში მოცემული იმედი და პრაქტიკული ხელმძღვანელობა. სწორედ ეს არის იმ მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილი, რომელიც ახლა უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს. რა შედეგებით? როგორც ესაიას 2:2—4 მუხლებშია ნაწინასწარმეტყველები, „უთვალავმა ხალხმა“, რომელთა რიცხვიც, ფაქტობრივად, ექვს მილიონს აჭარბებს, ‘ისწავლა იეჰოვას გზები და მის ბილიკებზე დადიან’. ხატოვნად თუ ვიტყვით, მათ ისწავლეს „მახვილებისგან სახნისების გამოჭედვა და შუბებისგან — ნამგლების“. იეჰოვას მოწმეებმა მიაღწიეს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამ ძნელ დროში.
თქვენ რას ფიქრობთ?
ერთი წამით დაფიქრდით იმ ტანჯვა-წამებაზე, რომელიც ედემის ბაღში სატანა-ეშმაკის წაქეზებით ამბოხებისას ოქროს წესის უგულებელყოფამ მოუტანა კაცობრიობას. იეჰოვას მიზანია, რომ მალე მდგომარეობა გამოასწოროს. როგორ? „ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი“ (1 იოანე 3:8). ეს მოხდება მაშინ, როდესაც ღვთის სამეფო დამყარდება და იმეფებს იესო ქრისტე, რომელიც თავად ასწავლიდა ოქროს წესს და მის თანახმადვე ცხოვრობდა (ფსალმუნი 36:10, 11; დანიელი 2:44).
ძველი ისრაელის მეფემ, დავითმა აღნიშნა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი. ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია“ (ფსალმუნი 36:25, 26, კს). განა არ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ დღეს ადამიანთა უმეტესობა უფრო ქონების მომხვეჭელი და თავკერძაა, ვიდრე ‘მოწყალების გამღები და გამსესხებელი’? ნათელია, რომ ოქროს წესის დაცვით მშვიდობა და უსაფრთხოება მიიღწევა, რადგან იგი ადამიანს დღევანდელსავე დღეს კურთხევებით ახარებს, ხოლო მომავალში ღვთის სამეფოში ცხოვრებით დატკბობას ჰპირდება. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ეგოიზმსა და ბოროტებას დედამიწაზე და ადამიანთა მმართველობას ღვთის ახალი სისტემით შეცვლის. მაშინ ყველანი ოქროს წესის თანახმად იცხოვრებენ (ფსალმუნი 28:11; 2 პეტრე 3:13).
[სურათები 4, 5 გვერდებზე]
იესო არა მარტო ასწავლიდა ოქროს წესს, არამედ მის თანახმად ცხოვრების შესანიშნავი მაგალითიც დაგვიტოვა.
[სურათები 7 გვერდზე]
ოქროს წესის გამოყენებას ნამდვილი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება შეუძლია.
-