-
ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი მახარობელიასაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 იანვარი
-
-
ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი მახარობელია
„უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი“ (ფსალმუნი 95:2).
1. რა სასიხარულო ცნობას უნდა დაუგდოს ყური ხალხმა და მის გავრცელებაში რა მხრივ არიან იეჰოვას მოწმეები სამაგალითონი?
ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველდღე მრავალი უბედურება ხდება. ამიტომაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ, ბიბლიის თანახმად, ომები, დამნაშავეობა, შიმშილი და ჩაგვრა მალე წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 45:10; 71:3, 7, 8, 12, 16). ნუთუ ეს არ არის სასიხარულო ცნობა, რომელსაც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაუგდოს ყური? იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ეს ასეც არის. მათ ყველგან გაითქვეს სახელი, როგორც ‘სიკეთის მახარობლებმა’ (ესაია 52:7). რაც მართალია — მართალია, იმის გამო, რომ გაბედულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, მრავალი მოწმე დევნას განიცდის. მაგრამ ისინი სხვების სასიკეთოდ ფიქრობენ, და მართლაც, რამდენი რამ გააკეთეს მოწმეებმა, რაც მათ გულმოდგინებასა და სიმტკიცეზე მეტყველებს!
2. რა არის იეჰოვას მოწმეების გულმოდგინების პირველი მიზეზი?
2 იეჰოვას დღევანდელი მოწმეების გულმოდგინება პირველი საუკუნის ქრისტიანების გულმოდგინებას გვაგონებს. აი რა იყო მათ შესახებ სამართლიანად შენიშნული ერთ კათოლიკურ გაზეთ „ლ’ოსსერვატორე რომანოში“: „პირველი ქრისტიანები მონათვლისთანავე თავს მოვალედ გრძნობდნენ სახარების გასავრცელებლად. მონები ერთიმეორეს უზიარებდნენ სახარებას“. იეჰოვას მოწმეები, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ბაძავენ, რატომ ავლენენ ასეთ გულმოდგინებას? პირველ რიგში იმიტომ, რომ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქადაგებენ, თავად იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს. განა ამაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს გულმოდგინებისათვის? იეჰოვას მოწმეები ქადაგებით ეხმაურებიან ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი“ (ფსალმუნი 95:2).
3. ა) რა არის იეჰოვას მოწმეთა გულმოდგინების ამხსნელი მეორე მიზეზი? ბ) რას ნიშნავს ‘ღვთისმიერი ხსნა’?
3 ფსალმუნმომღერლის სიტყვები იეჰოვას მოწმეთა გულმოდგინების ამხსნელ მეორე მიზეზსაც გვახსენებს. ისინი ქადაგებენ ხსნის შესახებ. ხალხს რომ შეუმსუბუქონ დუხჭირი ცხოვრება, ზოგი ადამინი მუშაობს სოციალურ სფეროში, მედიცინისა თუ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში და ასე შემდეგ. მათი შრომა მართლაც შექების ღირსია, მაგრამ მათ მიერ გაწეული დახმარება ძალიან შეზღუდულია ‘ღვთისმიერ ხსნასთან’ შედარებით. იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით თვინიერთ ცოდვისგან, დაავადებისგან და სიკვდილისგან იხსნის. დახსნილები კი მარადიულად იცოცხლებენ! (იოანე 3:16, 36; გამოცხადება 21:3, 4). ხსნა ის ერთ-ერთი ‘სასწაული’ ანუ სასწაულებრივი საქმეა, რის შესახებაც ქრისტიანები ქადაგებენ. ისინი შემდეგ სიტყვებს ეხმაურებიან: „მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის“ (ფსალმუნი 95:3, 4).
უფლის მაგალითი
4—6. ა) რომელია მესამე მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მოწმეები გულმოდგინებას ავლენენ? ბ) რამდენად გულმოდგინე იყო იესო სასიხარულო ცნობის ქადაგებისადმი?
4 არსებობს მესამე მიზეზიც, რის გამოც იეჰოვას მოწმეები გულმოდგინებას ავლენენ. ისინი იესო ქრისტეს კვალს მიჰყვებიან (1 პეტრე 2:21). ამ სრულყოფილმა ადამიანმა მთელი გულით მიიღო დავალება «გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] სახარებლად» (ესაია 61:1; ლუკა 4:17—21). ის გახდა მახარობელი, სასიხარულო ცნობის მქადაგებელი. მან გალილეისა და იუდეის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა და „ქადაგებდა სასუფევლის სახარებას“ (მათე 4:23). და რაკი წინასწარვე იცოდა, რომ მრავალი გამოეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38).
5 თავისი ლოცვის თანახმად, იესო სხვებს მახარობლობას ასწავლიდა. მოგვიანებით მან მოციქულები გაგზავნა, დამოუკიდებლად რომ ექადაგათ, და ასე დაარიგა: «მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი [„ზეციერი სამეფო“, აქ]». იქნებ უფრო პრაქტიკული ყოფილიყო გარკვეული პროგრამების შემუშავება იმ დროის საჭირბოროტო სოციალური საკითხების გადასაწყვეტად? ან იქნებ ღირდა პოლიტიკაში ჩარევა, რათა ფართოდ გავრცელებული მექრთამეობის აღმოსაფხვრელად ებრძოლათ? არამც და არამც. იესომ ყველა ქრისტიან მახარობელს ერთი რამ დაავალა, როცა თავის მიმდევრებს უთხრა: „მიაკითხეთ და უქადაგეთ“ (მათე 10:5—7, სსგ).
6 მოგვიანებით იესომ მოწაფეების მეორე ჯგუფი გაგზავნა, რათა ასეთი ცნობა ეუწყებინათ: «მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი [„ღვთის სამეფო“, აქ]». როცა დაბრუნდნენ და თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობის წარმატების შესახებ მოუთხრეს, იესომ ძალზე გაიხარა. იგი ლოცულობდა: „გადიდებ, შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე“ (ლუკა 10:1, 8, 9, სსგ, 21). იესოს მოწაფეები — წარსულში თავდაუზოგავი მეთევზეები, მიწათმოქმედები და ასე შემდეგ — ჩვილებს ჰგავდნენ ხალხის დიდად განათლებულ რელიგიურ თავკაცებთან შედარებით. მაგრამ მოწაფეები განისწავლნენ იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობათაგან საუკეთესო ეუწყებინათ.
7. იესოს ცად ამაღლების შემდეგ მისი მიმდევრები, პირველ რიგში, ვისთან ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას?
7 იესოს ცად ამაღლების შემდეგ მისი მიმდევრები კვლავაც აუწყებდნენ ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობას (საქმეები 2:21, 38—40). ვისთან ქადაგებდნენ პირველ რიგში? იმ ხალხებს ხომ არ მიაკითხეს, ღმერთს რომ არ იცნობდნენ? არა, ისინი უწინარეს ყოვლისა ისრაელში მოღვაწეობდნენ — იქ, სადაც ხალხი იეჰოვას 1500 წელზე მეტხანს იცნობდა. ჰქონდათ თუ არა იმ ქვეყანაში ქადაგების უფლება, სადაც ხალხი უკვე თაყვანს სცემდა იეჰოვას? დიახ. იესომ მათ უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). ისრაელისთვის სხვა ნებისმიერ ხალხზე არანაკლებ აუცილებელი იყო სასიხარულო ცნობის გაგება.
8. როგორ ბაძავენ დღეს იეჰოვას მოწმეები იესოს მიმდევრებს, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ?
8 დღესდღეობით იეჰოვას მოწმეებიც ქადაგებენ მთელ დედამიწაზე. ისინი თანამშრომლობენ ანგელოზთან, რომელიც იოანემ იხილა. ამ ანგელოზს «ჰქონდა მარადიული სახარება [„სასიხარულო ცნობა“, აქ] დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად» (გამოცხადება 14:6). ისინი 2001 წელს 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომელთაც ქრისტიანული სამყაროს შემადგენელ ნაწილად თვლიან. არასწორი ხომ არ არის იეჰოვას მოწმეების მხრიდან იმ ტერიტორიებზე ქადაგება, სადაც ქრისტიანულმა სამყარომ უკვე დააფუძნა თავისი ეკლესიები? ზოგის აზრით — კი. ისინი შესაძლოა იეჰოვას მოწმეებს „ცხვრების მოპარვაშიც“ კი ადანაშაულებენ. მაგრამ მოწმეებს ახსოვთ, თუ როგორ ეპყრობოდა იესო თავისი დროის თავმდაბალ იუდეველებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავდათ სამღვდელოება, ეს იესოს სულაც არ უშლიდა ხელს მათთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. მას „შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). ნუთუ იეჰოვას მოწმეებმა, როცა იმ თავმდაბალ ადამიანებს ხვდებიან, რომლებიც არც იეჰოვას იცნობენ და არც მისი სამეფოს შესახებ სმენიათ რამე, საერთოდ არ უნდა ახსენონ სასიხარულო ცნობა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც რელიგია ამ ხალხს თავის მრევლად მიიჩნევს? იესოს მოციქულთა მაგალითის თანახმად, უნდა ახსენონ — ეს არის ჩვენი პასუხი. აუცილებლად უნდა ექადაგოს სასიხარულო ცნობა „ყველა ერს“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე (მარკოზი 13:10).
ყველა ადრინდელი ქრისტიანი მახარობლობდა
9. ვინ მონაწილეობდა ქადაგების საქმეში პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებიდან?
9 ვინ ქადაგებდა პირველ საუკუნეში? ფაქტები იმაზე მოწმობენ, რომ ყველა ქრისტიანი მახარობლობდა. მწერალი უ. ს. უილიამსი შენიშნავს: „საერთო ჯამში, ისტორიული მონაცემები იმაზე მოწმობენ, რომ, ადრინდელი ეკლესიის ყველა ქრისტიანი... სახარებას ქადაგებდა“. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ბიბლია მოგვითხრობს: „ყველანი [მამაკაცებიცა და ქალებიც] აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“. მახარობლები მამაკაცებიც ხდებოდნენ და ქალებიც, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, მონებიც და თავისუფლებიც (საქმეები 1:14; 2:1, 4, 17, 18; იოველი 2:28, 29; გალატელთა 3:28). როცა დევნების გამო მრავალ ქრისტიანს ძალით დაატოვებინეს იერუსალიმი, „გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:4). ახარებდა ყველა ‘გაფანტული’ და არა საამისოდ დანიშნული რამდენიმე ადამიანი.
10. რომელი ორგვარი დავალება შესრულდა ჯერ კიდევ იუდეველთა სისტემის განადგურებამდე?
10 დიახ, პირველი საუკუნის ქრისტიანები გულმოდგინედ ქადაგებდნენ მთელი იმ დროის განმავლობაში. იესო წინასწარმეტყველებდა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). როცა ეს წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში შესრულდა, სასიხარულო ცნობა ფართოდ იყო გავრცელებული ჯერ კიდევ მანამ, სანამ რომაელთა არმია გაანადგურებდა იუდეველთა რელიგიურ და პოლიტიკურ სისტემას (კოლასელთა 1:23). შემდგომში იესოს ყველა მიმდევარი ასრულებდა მის ბრძანებას: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ადრინდელი ქრისტიანები არ მოქცეულან იმ ზოგი ამჟამინდელი მქადაგებელივით, რომლებიც ჯერ გამუდმებით მოუწოდებენ თვინიერ ადამიანებს, ირწმუნონ იესო, მერე კი თითსაც არ ატოკებენ მათ დასახმარებლად. არა, პირველი ქრისტიანები ასწავლიდნენ ახლებს, ეხმარებოდნენ იმაში, რომ იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ, მათგან კრება ჩამოეყალიბებინათ და იმასაც ასწავლიდნენ, თუ როგორ ექადაგათ სასიხარულო ცნობა და რანაირად მოემზადებინათ მოწაფეები (საქმეები 14:21—23). დღეს იეჰოვას მოწმეები ამ ნიმუშის მიხედვით მოქმედებენ.
11. ვინ აუწყებს დღეს სასიხარულოთაგან საუკეთესო ცნობას მთელ კაცობრიობას?
11 იეჰოვას მოწმეთა შორის არიან ისინიც, რომლებიც პირველი საუკუნის იმ ქრისტიანების მსგავსად, როგორებიც იყვნენ პავლე, ბარნაბა და სხვები, მისიონერებად გაემგზავრნენ საზღვარგარეთ. მათმა შრომამ ნამდვილად გამოიღო ნაყოფი, ვინაიდან ისინი არ ჩაერივნენ არც პოლიტიკაში და არც რაიმე სხვა ისეთ სფეროში, რაც ნელ - ნელა ხელს ააღებინებდა თავიანთ დავალებაზე — სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე. ისინი ზუსტად ასრულებენ იესოს ბრძანებას: „მიაკითხეთ და უქადაგეთ“. იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა კი მისიონერად არ მსახურობს საზღვარგარეთ. მრავალი მათგანი მუშაობს საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად, სხვები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ. ზოგიც შვილებს ზრდის. მაგრამ ყველა მოწმე უზიარებს ხალხს იმ სასიხარულო ცნობას, რომელიც გაიგეს. ახალგაზრდები და ხანდაზმულები — ყველა სიხარულით ეხმაურება ბიბლიის მოწოდებას: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ“ (2 ტიმოთე 4:2). ისევე როგორც მათი წინამორბედნი პირველ საუკუნეში, იეჰოვას მოწმეები ‘დაუცხრომლად ასწავლიან და ახარებენ ქრისტე იესოს შესახებ’ (საქმეები 5:42). ისინი აუწყებენ მთელ კაცობრიობას სასიხარულოთაგან საუკეთესო ცნობას.
პროზელიტიზმი თუ მახარობლობა?
12. რა არის პროზელიტიზმი და როგორი დამოკიდებულება განავითარეს მის მიმართ?
12 ბერძნულ ენაში არის სიტყვა „პროსილიტოს“, რომელიც „მოქცეულს“ ნიშნავს. ამ სიტყვიდან დამკვიდრდა ქართულ ენაში სიტყვა „პროზელიტიზმი“, რომელიც „თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ მისწრაფებას“ ნიშნავს. ზოგის აზრით, პროზელიტიზმი საზიანოა. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში „პროზელიტიზმი ცოდვადაც“ კი არის შერაცხული. რატომ? ერთ კათოლიკურ გამოცემაში ასეთი განმარტებაა: „მართლმადიდებელი ეკლესიის გაუთავებელი ჩივილის გამო „პროზელიტიზმმა“ სარწმუნოებაზე ძალდატანებით მოქცევის გაგება შეიძინა (Catholic World Report).
13. მოიყვანეთ საზიანო პროზელიტიზმის მაგალითები.
13 მართლაც საზიანოა პროზელიტიზმი? ზოგ შემთხვევაში, დიახ. იესოს სიტყვებისამებრ, მწიგნობართა და ფარისეველთა პროზელიტიზმი საზიანო იყო მათთვის, ვისაც თავიანთ სარწმუნოებაზე აქცევდნენ (მათე 23:15). „სარწმუნოებაზე ძალდატანებით მოქცევა“, უდავოდ, მიუღებელია. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ, როცა მაკაბელმა იოანე ჰირკანმა ედომელები დაამარცხა, „ნება დართო, დარჩენილიყვნენ ქვეყანაში, ოღონდ იმ პირობით, თუ წინადაიცვეთდნენ და იუდეველთა კანონების მიხედვით იცხოვრებდნენ“. თუ ედომელებს სურდათ, დამორჩილებოდნენ იუდეველთა მმართველობას, მათი რელიგიის აღმსარებლები უნდა გამხდარიყვნენ. გარდა ამისა, როგორც ისტორია მოწმობს, ახ. წ. VIII საუკუნეში კარლოს დიდმა ევროპის ჩრდილოეთში მცხოვრები წარმართი საქსონები დაამარცხა და წარმოუდგენელი სისასტიკით მოაქცია ქრისტიანობაზეa. მაგრამ რამდენად გულწრფელად მიიღეს ახალი სარწმუნოება მოქცეულმა საქსონებმა და ედომელებმა? რამდენად მხურვალედ სურდა ედომელ მეფე ჰეროდეს, რომელიც პატარა იესოს მოკვლას ცდილობდა, ღვთისგან შთაგონებული რჯულის დაცვა? (მათე 2:1—18).
14. როგორ ზემოქმედებს ხალხზე ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი მისიონერი თავიანთ სარწმუნოებაზე მოსაქცევად?
14 დღესაც ხომ არ ხდება იძულებითი მოქცევა? დიახ, გარკვეული გაგებით. როგორც იტყობინებიან, ქრისტიანული სამყაროს მისიონერები ზოგს, რომლებიც შესაძლოა მათს სარწმუნოებაზე მოექცნენ, საზღვარგარეთ განათლების მიღებას სთავაზობენ. ან რომელიმე მშიერ ლტოლვილს დაისვამენ და დიდხანს ასმენინებენ თავიანთ ქადაგებას; ლტოლვილიც რჩება და ისმენს, იმ იმედით, რომ საკვებს მისცემენ... 1992 წელს, მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ყრილობის მიერ გამოცემულ დოკუმენტში გაცხადებული იყო, რომ „ზოგჯერ პროზელიტიზმი მატერიალური კეთილდღეობის შეთავაზების გზით ხორციელდება, ზოგჯერ კი — სხვადასხვა ფორმის ძალადობის გამოყენებით“.
15. ეწევიან თუ არა იეჰოვას მოწმეები პროზელიტიზმს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით? ახსენით.
15 არ შეიძლება იძულებით შეაცვლევინო ვინმეს რელიგია. იეჰოვას მოწმეები ასე არ იქცევიანb. მაშასადამე, ისინი არ ეწევიან პროზელიტიზმს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. პირიქით, ისევე როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები, ყველას უზიარებენ სასიხარულო ცნობას. ყველას, ვინც ნებაყოფლობით ეხმაურება ამ ცნობას, ბიბლიის შესწავლის საშუალებით უფრო მეტის გასაგებად იწვევენ. ეს დაინტერესებული ადამიანები იგებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი ღვთისა და მისი განზრახვებისადმი ბიბლიის ზუსტ ცოდნაზე მტკიცედ დაფუძნებული რწმენის შეძენა. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, მოუხმონ ღვთის სახელს, იეჰოვას, რათა გადარჩნენ (რომაელთა 10:13, 14, 17). მიიღებენ თუ არ მიიღებენ სასიხარულო ცნობას — ეს ყოველი მათგანის პირადი საქმეა. მათ არავინ არაფერს აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოქცევას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ვინაიდან ღმერთს მხოლოდ გულით თაყვანისცემა მოსწონს (მეორე რჯული 6:4, 5; 10:12).
მახარობლობა ჩვენს დროში
16. როგორ იძენს ფართო მასშტაბებს იეჰოვას მოწმეთა მიერ შესრულებული სამახარობლო საქმე ჩვენს დროში?
16 ჩვენს დროში იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას ქადაგებენ სამეფოს შესახებ, და ეს საქმიანობა მათეს 24:14-ის უფრო დიდ შესრულებას წარმოადგენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომელსაც სამახარობლო საქმეში იყენებენ, ჟურნალი „საგუშაგო კოშკია“c. 1879 წელს, როცა „საგუშაგო კოშკის“ პირველმა ნომრებმა დღის სინათლე იხილეს, ჟურნალების ტირაჟი დაახლოებით 6000 ეგზემპლარი იყო ერთ ენაზე. 2001 წელს, 122 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ტირაჟმა 23042000 ეგზემპლარს მიაღწია 141 ენაზე. უდავოა, რომ იეჰოვას მოწმეების სამახარობლო საქმიანობაში უდიდესი ძვრები მოხდა. მე-19 საუკუნეში სამახარობლო საქმეს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათასი საათი ეთმობოდა, 2001 წელს კი მას 1169082225 საათი მიეძღვნა. ხოლო იმავე წელს უსასყიდლოდ ჩატარდა ბიბლიის 4921702 საშინაო შესწავლა. მართლაც, რამდენი შესანიშნავი საქმე გაკეთდა სამეფოს 6117666 აქტიური მქადაგებლის მონაწილეობით.
17. ა) რომელ ცრუ ღმერთებს ეთაყვანება დღეს ხალხი? ბ) რა უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, მიუხედავად ენისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა?
17 ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი“ (ფსალმუნი 95:5). დღეს ხალხი აღმერთებს ნაციონალიზმს, ეროვნულ სიმბოლოებს, გამოჩენილ ადამიანებს, გარკვეულ ნივთებს და სიმდიდრესაც კი (მათე 6:24; ეფესელთა 5:5; კოლასელთა 3:5). მოჰანდას განდიმ ერთხელ თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ... თანამედროვე ევროპა მხოლოდ სახელწოდებითაა ქრისტიანული. სინამდვილეში კი მამონას [სიმდიდრეს] ეთაყვანება“. ამიტომაც ყველგან არის საჭირო სასიხარულო ცნობის ქადაგება. ყოველმა ადამიანმა, მიუხედავად ენისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა, უნდა იცოდეს, თუ ვინ არის იეჰოვა და რა განზრახვები აქვს. სურვილი გვაქვს, რომ ყველა გამოეხმაუროს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა“ (ფსალმუნი 95:7, 8). იეჰოვას მოწმეები იეჰოვას შესახებ ცოდნის შეძენაში ეხმარებიან ხალხს, რათა ხალხმაც ისე ადიდოს იგი, როგორც მას შეშვენის. ხოლო ისინი, ვინც ეხმაურება სასიხარულო ცნობას, დიდ სარგებლობას იღებენ. რა სარგებლობას? ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
[სქოლიოები]
a „კათოლიკური ენციკლოპედიის“ თანახმად, რეფორმაციის დროს ადამიანთა ძალდატანებით მოქცევას სხვა სარწმუნოებაზე ასეთი დევიზი ჰქონდა: „ის, ვინც ქვეყანას განაგებს, რელიგიასაც აწესებს“ (Cuius regio, illius et religio).
b აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის შეხვედრაზე, რომელიც 2000 წლის 16 ნოემბერს შედგა, ერთ-ერთმა მონაწილემ ცალსახად განასხვავა იეჰოვას მოწმეები და ისინი, ვინც ძალდატანებით ცდილობს სარწმუნოებაზე მოქცევას. შეინიშნებოდა, რომ მას, ვისაც იეჰოვას მოწმეები ესაუბრებიან, ყოველთვის შეუძლია თქვას: „მე ეს არ მაინტერესებს“; და კარი მიიხუროს.
c ჟურნალის სრული სახელწოდებაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“.
-
-
სასიხარულო ცნობას კურთხევები მოაქვსსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 იანვარი
-
-
სასიხარულო ცნობას კურთხევები მოაქვს
«მცხო მე უფალმა გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად... სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა» (ესაია 61:1, 2).
1, 2. ა) რა და როგორ გაამჟღავნა იესომ საკუთარი თავის შესახებ? ბ) რა კურთხევები მოჰქონდა სასიხარულო ცნობას, რომელსაც იესო აუწყებდა?
შაბათი იყო. იესო, რომელიც მაშინ ის-ის იყო თავის მსახურებას იწყებდა, ნაზარეთის სინაგოგაში იმყოფებოდა. როგორც ბიბლიაშია ჩაწერილი, «მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც ჩაწერილი იყო: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო... სახარებლად“». იესომ კიდევ ცოტა წაიკითხა ამ წინასწარმეტყველებიდან. შემდეგ დაჯდა და თქვა: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“ (ლუკა 4:16—21).
2 ასე ცხადყო იესომ, რომ სწორედ თვითონ იყო ის მახარობელი, სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, და მანუგეშებელი, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი (მათე 4:23). მერედა რა სასიხარულო ცნობას ახარებდა იესო! აი რა უთხრა თავის მსმენელებს: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანე 8:12). შემდეგ კი დასძინა: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:31, 32). დიახ, იესოს ჰქონდა „საუკუნო სიცოცხლის სიტყვები“ (იოანე 6:68, 69). ნათელი, სიცოცხლე, თავისუფლება — ეს ყველაფერი საგოგმანები კურთხევებია!
3. რა სასიხარულო ცნობას ქადაგებდნენ იესოს მოწაფეები?
3 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იესოს მოწაფეებმა განაგრძეს მის მიერ წამოწყებული სამახარობლო საქმე. ისინი აუწყებდნენ ‘ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ’ როგორც ისრაელებს, ისე სხვა ხალხებს (მათე 24:14, აქ; საქმეები 15:7; რომაელთა 1:16). ვინც ეხმაურებოდა, იეჰოვა ღმერთს ეცნობოდა. ისინი თავისუფლდებოდნენ რელიგიური მონობისგან და ახალ სულიერ ერს, ‘ღვთის ისრაელს’, ერწყმოდნენ, რომლის წევრებიც მარადიული მმართველები უნდა იყვნენ ზეცაში უფალ იესო ქრისტესთან ერთად (გალატელთა 5:1; 6:16; ეფესელთა 3:5—7; კოლასელთა 1:4, 5; გამოცხადება 22:5). მართლაც რა დიდებული კურთხევებია!
თანამედროვე მახარობლობა
4. როგორ სრულდება დღეს სასიხარულო ცნობის ქადაგების დავალება?
4 თანამედროვე ცხებული ქრისტიანები, რომელთაც მხარს უჭერს ‘სხვა ცხვრების უამრავი ხალხი’, განაგრძობენ იმ წინასწარმეტყველური დავალების შესრულებას, თავდაპირველად იესოს რომ მიეცა (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ამის წყალობით სასიხარულო ცნობის ქადაგებამ, ადრინდელთან შედარებით, უდიდესი მასშტაბები შეიძინა. 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეები ‘გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] ახარებენ... გულშემუსვრილთ კურნავენ, ტყვეთათვის თავისუფლებას აცხადებენ და შებორკილთ ბორკილებს ხსნიან. აცხადებენ უფლის წყალობის წელიწადს და ჩვენი ღვთის შურისგების დღეს ყოველი მგლოვიარის სანუგეშებლად’ (ესაია 61:1, 2). ესე იგი, სამახარობლო საქმეს, რომელსაც ქრისტიანები ასრულებენ, ბევრისთვის კვლავაც მოაქვს კურთხევები, „ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის“ კი — ნამდვილი ნუგეში (2 კორინთელთა 1:3, 4).
5. როდესაც საქმე სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება, რით განსხვავდებიან იეჰოვას მოწმეები ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისგან?
5 ეს მართალია, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებს სახსრები აქვთ გამოყოფილი სხვადასხვაგვარი სამახარობლო მეთოდების დასაფინანსებლად. მრავალი მათგანი გზავნის სხვა ქვეყნებში მისიონერებს თავიანთ სარწმუნოებაზე ხალხის მოსაქცევად. მაგალითად, ერთი მართლმადიდებლური გამოცემა გვატყობინებს მართლმადიდებელი მისიონერების საქმიანობის შესახებ მადაგასკარზე, აფრიკის სამხრეთში, ტანზანიასა და ზიმბაბვეში („მართლმადილებლურ-ქრისტიანული მისიის მთავარი ჟურნალი“). მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქრისტიანული სამყაროს სხვა ეკლესიების წევრთა დიდი უმრავლესობა არ მონაწილეობს ასეთ საქმიანობაში. მათგან განსხვავებით, ყველა, ვინც თავი მიუძღვნა იეჰოვა ღმერთს, სამახარობლო საქმის შესრულებას დიდ ძალ-ღონეს ახმარს. მათ ესმით, რომ, თუ სასიხარულო ცნობას აუწყებენ, ამით იმას ადასტურებენ, რომ ნამდვილი რწმენა აქვთ. პავლემ თქვა: „გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“. რწმენა, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ არ აღძრავს, ფაქტობრივად, მკვდარია (რომაელთა 10:10; იაკობი 2:17).
მარადიული კურთხევების მომტანი სასიხარულო ცნობა
6. რა სასიხარულო ცნობა ვრცელდება დღეს?
6 იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობათაგან საუკეთესოს ქადაგებენ. ისინი გულისხმიერ ადამიანებს ბიბლიიდან უჩვენებენ, რომ იესომ მსხვერპლად გაიღო საკუთარი სიცოცხლე, რათა კაცობრიობას ღმერთთან დაახლოების, ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლის იმედის შესაძლებლობა ჰქონოდა (იოანე 3:16; 2 კორინთელთა 5:18, 19). ისინი იუწყებიან, რომ ღვთის სამეფო, რომელსაც ცხებული მეფე იესო ქრისტე განაგებს, ზეცაშია დამყარებული, რომ მალე იგი ბოლოს მოუღებს ბოროტებას დედამიწაზე და მისი თაოსნობით სამოთხე იქნება აღდგენილი (გამოცხადება 11:15; 21:3, 4). ისინი ესაიას წინასწარმეტყველებას ასრულებენ, რადგან თავიანთ მოყვასთ ამცნობენ, რომ ახლაა ‘უფლის წყალობის წელიწადი’, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ სასიხარულო ცნობის ყურად ღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი ყველას აფრთხილებენ, რომ მალე დადგება ‘ჩვენი ღვთის შურისგების დღე’, როცა იეჰოვა აღგვის პირისაგან მიწისა მოუნანიებელ ბოროტებს (ფსალმუნი 36:9—11).
7. რომელი შემთხვევა მეტყველებს იეჰოვას მოწმეთა ერთობაზე და რით აიხსნება ასეთი ერთობა?
7 მთელ მსოფლიოში, ტრაგედიებითა და უბედურებებით გათანგული ხალხისთვის, ეს ერთადერთი სასიხარულო ცნობაა, რომელსაც მარადიული კურთხევები ახლავს. ისინი, ვინც მას იზიარებს, უერთდებიან იმ ქრისტიანთა ერთიან მსოფლიო საძმოს, რომლებიც ეროვნულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ სხვაობას გასაქანს არ აძლევენ საიმისოდ, რომ მათ შორის კედლად აღიმართოს. ისინი ‘იმოსებიან სიყვარულით, რადგან ის ერთობის სრულყოფილი კავშირია’ (კოლასელთა 3:14, აქ; იოანე 15:12). ამაზე მოწმობს ის, რაც შარშან მოხდა ერთ აფრიკულ ქვეყანაში. ერთ დილას დედაქალაქის მცხოვრებთ სროლის ხმებმა ძილი გაუფრთხეს. ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო მოხდა. როცა ბრძოლამ ეთნიკური ხასიათი მიიღო, მოწმეთა ერთი ოჯახი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის მოწმეებს იფარებდა. ოჯახმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენთან მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ცხოვრობენ“. ამ ოჯახისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეთნიკურ სხვაობას; მთავარი მათთვის ქრისტიანული სიყვარული იყო, რომელიც გამოიხატება მათ სანუგეშოდ, ვისაც ეს ესაჭიროება. ამ ოჯახის ერთმა ნათესავმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, შენიშნა: „ყველა რელიგიის წევრები ღალატობდნენ თანამორწმუნეებს. ასე მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არ იქცეოდნენ“. სამოქალაქო ომით გაპარტახებულ ქვეყნებში მომხდარი მრავალი ასეთი შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად ‘უყვართ საძმო’ (1 პეტრე 2:17).
სასიხარულო ცნობა ადამიანებს აკეთილშობილებს
8, 9. ა) როგორ კეთილშობილდებიან ისინი, ვინც იზიარებს სასიხარულო ცნობას? ბ) რომელი შემთხვევები მეტყველებს სასიხარულო ცნობის ძალაზე?
8 სასიხარულო ცნობა გავლენას ახდენს იმაზე, რასაც პავლემ ‘აწმყო და სამომავლო სიცოცხლე’ უწოდა (1 ტიმოთე 4:8). ეს ცნობა არა მარტო დიდებულ და მტკიცე იმედს უსახავს ხალხს სამომავლოდ, არამედ ‘ამჟამინდელი ცხოვრების’ გაუმჯობესების შესაძლებლობასაც აძლევს. იეჰოვას ყოველი მოწმე ღვთის სიტყვით, ბიბლიით, ხელმძღვანელობს, რათა თავიანთი ცხოვრება ღვთის ნებას შეუსაბამონ (ფსალმუნი 118:101). ისინი ივითარებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა უმწიკვლობა და ერთგულება, ამის წყალობით კი მათი პიროვნების გარდაქმნა ხდება (ეფესელთა 4:24).
9 აი, მაგალითად, ფრანკო. ის თავს ვერ იკავებდა მრისხანებისას. ყოველთვის, როცა რაღაც არ ხდებოდა საჭიროებისამებრ, ცოფდებოდა და რაც კი ხელში მოხვდებოდა, ანადგურებდა. მის ცოლს იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ ბიბლიას, და ფრანკომ, მათს ქრისტიანულ ყოფაქცევას რომ აკვირდებოდა, დროთა განმავლობაში შეიგნო, რომ უნდა გამოსწორებულიყო. ისიც შეუერთდა მათ ბიბლიის შესწავლაში და შედეგად სულის ნაყოფის შემადგენელ თვისებებს — მშვიდობასა და თავშეკავებას — ავლენდა (გალატელთა 5:22, 23). ის ბელგიაში 2001 სამსახურებრივ წელს ერთ-ერთი იყო 492 მონათლულიდან. ახლა კი ალეხანდროზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ეს ახალგაზრდა ნარკოტიკებს მიეჩვია და იქამდე დაეცა, რომ მისი საცხოვრებელი ნაგავსაყრელი იყო, სადაც, ნარკოტიკების შეძენის მიზნით, გასაყიდად ვარგის სხვადასხვა ხარახურას ეძებდა. 22 წლის ალეხანდროს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს, მასაც უარი არ უთქვამს. ის ყოველდღე კითხულობდა ბიბლიას და ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა. ალეხანდრო ისე სწრაფად გამოსწორდა, რომ ნახევარ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ სამახარობლო საქმეში მონაწილეობა შეეძლო. ის ერთ-ერთი იყო იმ 10 115 ადამიანიდან, რომლებიც შარშან პანამაში მახარობლობდნენ.
სასიხარულო ცნობა — კურთხევა თვინიერთათვის
10. ვინ ეხმაურება სასიხარულო ცნობას და როგორ იცვლება მათი თვალსაზრისი ცხოვრების მიმართ?
10 ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობა თვინიერთ ექადაგება. ვინ იგულისხმება ამაში? ისინი, ვისაც „მოციქულთა საქმეების“ წიგნში ‘საუკუნო სიცოცხლისათვის განწესებული’ ეწოდება (საქმეები 13:48). ისინი არიან საზოგადოების ყველა ფენის თავმდაბალი ადამიანები, რომლებიც გულის კარს უხსნიან ჭეშმარიტების სიტყვებს. ისინი იგებენ, რომ ღვთის ნებისამებრ ცხოვრება იმისთანა კურთხევების მომტანია, რომლებიც ბევრად აღემატება იმას, რასაც ეს წუთისოფელი გვთავაზობს (1 იოანე 2:15—17). მაგრამ როგორ ახერხებენ იეჰოვას მოწმეები ადამიანთა გულების აჩქროლებას მახარობლობისას?
11. პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ, როგორ უნდა ვქადაგებდეთ სასიხარულო ცნობას?
11 აი პავლე მოციქულის მაგალითი, რომელმაც კორინთელებს მისწერა: „და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად, არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით, რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა“ (1 კორინთელთა 2:1, 2). პავლეს არც კი უცდია, თავისი განათლებულობით შთაბეჭდილება მოეხდინა მსმენელებზე. ის ასწავლიდა მხოლოდ იმას, რაც ღვთისმიერი და უტყუარი იყო და რაც დღეს ბიბლიაშია ჩაწერილი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ პავლე თავის თანამახარობელ ტიმოთეს რისკენ მოუწოდებდა: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით“ (2 ტიმოთე 4:2). ტიმოთეს უნდა ექადაგა „სიტყვა“, ღვთის სიტყვა. პავლე ტიმოთეს ამასაც სწერდა: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15).
12. როგორ ითვალისწინებენ დღეს იეჰოვას მოწმეები პავლე მოციქულის სიტყვებსა და მაგალითს?
12 იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ პავლეს მაგალითს და იმ სიტყვებსაც, ტიმოთეს რომ უთხრა. მათ შეგნებული აქვთ, თუ რაოდენ ძლიერია ღვთის სიტყვა,რომელსაც საუკეთესოდ იყენებენ, როცა თავიანთ მოყვასთ ყურადღებას ამახვილებინებენ დამაიმედებელ და მანუგეშებელ სიტყვებზე (ფსალმუნი 118:52; 2 ტიმოთე 3:16, 17; ებრაელთა 4:12). დიახ, ისინი იყენებენ ბიბლიურ ლიტერატურას, რათა დაინტერესებულ ადამიანებს, როცა მათ თავისუფალი დრო ექნებათ, დაეხმარონ ბიბლიის შესახებ მეტი ცოდნის შეძენაში. მაგრამ მოწმეები ყოველთვის იმის ჩვენებას ცდილობენ, თუ რა არის ნათქვამი თვითონ წმინდა წერილებში. მათ იციან, რომ ღვთის სიტყვა გულს აუჩქროლებს თავმდაბლებს. თანაც, როცა მას მიმართავენ, მოწმეები თვითონაც იძლიერებენ საკუთარ რწმენას.
„სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა“
13. 2001 წლის რომელი მოვლენის გამო გახდა სულ უფრო აუცილებელი მრავალი მგლოვიარის ნუგეშისცემა?
13 არაერთი უბედურება დატრიალებულა 2001 წელს; გასაკვირი არ არის, რომ ბევრს ნუგეში ესაჭიროებოდა. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს გასული წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი შემზარავი ტრაგედია — ტერორისტული თავდასხმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრზე ნიუ-იორკში და პენტაგონზე ვაშინგტონის მახლობლად. რა გამაოგნებელი იყო ეს მთელი ქვეყნისთვის! როცა ასეთი მოვლენები ხდება, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, შეასრულონ ის, რაც დავალებული აქვთ — ‘ანუგეშონ ყოველი მგლოვიარე’. აი ამის მაჩვენებელი რამდენიმე შემთხვევა.
14, 15. რამდენად ეფექტურად გამოიყენეს მოწმეებმა ორივე შემთხვევაში ბიბლიური მუხლები დამწუხრებულთა სანუგეშებლად?
14 მახარობელმა, რომელიც პიონერად მსახურობს, ტროტუარზე მიმავალ ქალს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ამასწინანდელ ტერაქტებზე? ქალი ატირდა. მან თქვა, რომ დამწუხრებულია იმის გამო, რაც მოხდა და რაღაცნაირად დახმარების გაწევასაც ისურვებდა. მოწმემ უთხრა, რომ ღმერთი ძალიან არის დაინტერესებული ყოველი ჩვენგანით, და ესაიას 61:1, 2-დან ამოუკითხა სიტყვები. ეს ღვთივსულიერი სიტყვები ამ ქალმა გულთან მიიტანა: მან თქვა, რომ დღეს გარშემო ყველა მგლოვიარეა. მან ტრაქტატი გამოართვა მოწმეს და სთხოვა, შინ სტუმრებოდა.
15 სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ორი მოწმე ფარდულში მომუშავე მამაკაცს შეხვდა. მათ უთხრეს, რომ მისთვის ბიბლიიდან იმ სანუგეშო სიტყვების გაზიარება სურდათ, რომლებიც ბევრს ესაჭიროება საერთაშორისო სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული ამასწინანდელი ტრაგედიის შემდეგ. მამაკაცი მოსასმენად განეწყო და მოწმეებმა მე-2 კორინთელთა 1:3—7 ამოუკითხეს, სადაც ასეთი სიტყვებია: „მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ“. მამაკაცმა დააფასა ის, რომ მისი მეზობელი მოწმეები სანუგეშო სიტყვებს უზიარებდნენ ხალხს და უთხრა: „ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენს სასიკეთო საქმეში“.
16, 17. რომელი ორი შემთხვევა მეტყველებს იმაზე, რომ ბიბლიის წყალობით შესაძლებელია ნამდვილი დახმარების გაწევა მათთვის, ვინც ამ ტრაგედიამ დაამწუხრა?
16 დაინტერესებულთა განმეორებითი მონახულებისას ერთი მოწმე ერთ-ერთი დაინტერესებული ქალის ვაჟიშვილს შეხვდა და აუხსნა, რომ გულისხმიერებით ეკიდება იმას, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ახლახან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. ეს კაცი გაკვირვებული იყო, რომ მოწმემ სპეციალურად გამოყო დრო ადამიანთა მოსანახულებლად და იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობდა ხალხი თავს. მამაკაცმა უთხრა, რომ ამ თავდასხმის დროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მახლობლად მუშაობდა და ყველაფერს, თავიდან ბოლომდე, საკუთარი თვალით უყურებდა. როცა იკითხა, თუ რატომ უშვებს ამას ღმერთი, მოწმემ რამდენიმე მუხლი ამოუკითხა ბიბლიიდან, მათ შორის 36-ე ფსალმუნის 39-ე მუხლიც, სადაც ნათქვამია: „წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს“. მამაკაცი კეთილმოსურნედ დაინტერესდა მოწმისა და მისი ოჯახის კეთილდღეობით, სთხოვა, კვლავაც სტუმრებოდა, და გულითადი მადლობა გადაუხადა მონახულებისათვის.
17 ათასობით დამწუხრებულთა შორის, რომელთაც იეჰოვას მოწმეები ანუგეშებდნენ ტერაქტების შემდეგ, იყო ერთი ქალიც, რომელსაც მოწმეები სხვა მეზობლების მონახულებისას შეხვდნენ. ის მეტად დაუდარდიანებია იმას, რაც მოხდა და გაფაციცებით ისმენდა, როცა მოწმეები 71-ე ფსალმუნის 12—14-ს უკითხავდნენ: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“. მართლაც რა დროული აღმოჩნდა ეს სიტყვები! ქალმა მოწმეებს სთხოვა, ერთხელაც წაეკითხათ ეს მუხლები და შინ შეიპატიჟა საუბრის გასაგრძელებლად. საუბრის დასასრულს ბიბლიის შესწავლა მოჰყვა.
18. როგორ დაეხმარა ერთი მოწმე თავის მოყვასთ, როცა ყველასთვის ლოცვა სთხოვეს?
18 ერთი მოწმე მდიდარი რაიონის რესტორანში მუშაობს, სადაც ადრე ხალხი მაინცდამაინც არ იყო დაინტერესებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით. ტერაქტების შემდეგ შეინიშნებოდა, რომ ამ რაიონის მცხოვრებლები გაოგნებულები იყვნენ. იმ კვირას, როცა ტერაქტები მოხდა, პარასკევს რესტორნის მენეჯერმა ყველას სთხოვა, ქუჩაში გასულიყვნენ და სანთლები დაეჭირათ, რათა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისადმი. მოწმე, რომელიც პატივისცემით მოეკიდა თანამშრომელთა გრძნობებს, გავიდა და მდუმარედ დადგა ტროტუარზე. მენეჯერმა იცოდა, რომ იგი იეჰოვას მოწმე იყო, და წუთიერი დუმილის შემდეგ სთხოვა, ელოცა. მოწმე დაეთანხმა. ლოცვაში მან მოიხსენია საერთო წუხილი, მაგრამ თქვა, რომ დამწუხრებულები სასოწარკვეთილებას არ უნდა მისცემოდნენ. ის ლაპარაკობდა იმ დროზე, როცა ასეთი შემაძრწუნებელი მოვლენები წარსულს ჩაჰბარდებოდა, და თქვა, რომ ბიბლიიდან შეძენილი ზუსტი ცოდნა ყველას დაეხმარება ნუგეშის ღმერთთან დაახლოებაში. მას შემდეგ, რაც მოწმემ თქვა „ამინ“, მენეჯერი — მასთან ერთად კი რესტორნიდან გამოსული 60-ზე მეტი კაცი — მიუახლოვდა ამ მოწმეს, მადლობა გადაუხადა, გადაეხვია და უთხრა, რომ ასეთი ლოცვა თავის დღეში არ გაეგონა.
კურთხევა გარშემო მყოფთათვის
19. რომელი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ზოგი აღიარებს იეჰოვას მოწმეებს, როგორც მაღალზნეობრივ ხალხს?
19 განსაკუთრებით ამ დღეებში იეჰოვას მოწმეებს სარგებლობა მოაქვთ გარშემო მყოფთათვის, რაც ბევრმა უკვე აღნიშნა კიდეც. გარდა ამისა, განა შეიძლება, რომ ხალხს, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, პატიოსნებასა და მაღალზნეობრიობას, კაცობრიობისთვის სიკეთე არ მოჰქონდეს? შუა აზიის ერთ ქვეყანაში მოწმეები შეხვდნენ ყოფილ სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა გადამდგარ ოფიცერს. მან თქვა, რომ თავის დროზე მას დავალებული ჰქონდა სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის შესწავლა. როცა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას იკვლევდა, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და წესიერებამ. აღფრთოვანებული იყო მათი მტკიცე რწმენით და იმითაც, რომ მათი სწავლებები ბიბლიას ეფუძნებოდა. ყოფილმა ოფიცერმა თანხმობა განაცხადა ბიბლიის შესწავლაზე.
20. ა) რაზე მეტყველებს იეჰოვას მოწმეთა მიერ შარშან გაწეული შრომა? ბ) საიდან ჩანს, რომ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი და როგორ ვეკიდებით სამახარობლო საქმეს?
20 ამ სტატიაში მოყვანილი რამდენიმე შემთხვევიდან (ასეთი შემთხვევები კი ათასობით იყო) აშკარაა, რომ 2001 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეებმა დიდძალი შრომა გასწიესa. ისინი ესაუბრებოდნენ მილიონობით ადამიანს, ანუგეშებდნენ მრავალ დამწუხრებულს და მათმა სამახარობლო საქმემ კარგი ნაყოფი გამოიღო. 263431 ადამიანი ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. მთელ მსოფლიოში მახარობელთა რიცხვმა 1,7 პროცენტით იმატა. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 15374986 ადამიანი დაესწრო, ცხადია, რომ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი (1 კორინთელთა 11:23—26). მაშ, ისევ და ისევ ვეძებოთ თვინიერი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გამოეხმაურონ სასიხარულო ცნობას. სანამ ჯერ კიდევ გრძელდება ‘უფლის წყალობის წელიწადი’, მოდი კვლავინდებურად ვანუგეშოთ ‘გულშემუსვრილნი’. ეს რა შესანიშნავი საქმე გვაქვს მობარებული! უდავოდ, ყოველი ჩვენგანი სულითა და გულით უერთდება ესაიას სიტყვებს: „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში“ (ესაია 61:10). დაე მომავალშიც სასარგებლონი ვიყოთ ღვთისათვის, რომელიც ასრულებს წინასწარმეტყველურ სიტყვებს: „უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე“ (ესაია 61:11).
[სქოლიოები]
a 2001 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეთა მოღვაწეობის ანგარიში ცხრილშია მოცემული; გვერდები 19—22.
-