საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 3/8 გვ. 17-19
  • რატომ არის ჭორაობა ცუდი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ არის ჭორაობა ცუდი?
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ ვაკეთებთ ამას
  • ჭორაობის საშიშროებები
  • ბოროტი ჭორის ჩახშობა
  • მოსმენა — ჭორაობის სხვა მხარე
  • როგორ მოვერიდო ჭორაობას?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • რა არის ცუდი ჭორაობაში?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • როგორ უნდა მოვიქცე, თუ ჩემზე ჭორაობენ?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • ცილისწამება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 3/8 გვ. 17-19

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არის ჭორაობა ცუდი?

„ეს ჩემი სკოლის ეპიდემიაა. არ ვიყენებთ ნარკოტიკებს, არ ვატარებთ იარაღს და არც ვჩხუბობთ, მაგრამ სამაგიეროდ ვჭორაობთ. ეს კი დიდი პრობლემაა“ (16 წლის მიშელიa).

ზოგის აზრით, ის სასიამოვნოა, სხვები კი ფიქრობენ, რომ მომშხამველია. მისი ნაკადი ღვარად მოედინება ჟურნალებში, გაზეთებსა და სატელევიზიო გადაცემებში და, რა თქმა უნდა, თან ახლავს ბევრ საუბარს. რა არის ეს? ეს არის საუბარი ადამიანებსა და მათს პირად საქმეებზე, რომელიც ჭორადაც არის ცნობილი.

შეიძლება ჩვენს ყურადღებას ისე სწრაფად არაფერი იპყრობს, როგორც სიტყვები: „გაიგე ახალი ამბავი?“, რასაც შეიძლება მოჰყვეს სინამდვილე ან ტყუილი — ან კიდევ ცოტ-ცოტა ორივე. რაც უნდა იყოს, ჭორაობის ცდუნება ძლიერია. „ძალიან ძნელია არ დაინტერესდე სხვისი საქმეებით, — ამბობს 17 წლის ლორა. — შენსა და შენს მეგობრებში უსიტყვო შეთანხმებაა, რომ, თუ რამე საინტერესო გაიგე, უნდა უთხრათ ერთმანეთს“.

რატომ ვაკეთებთ ამას

რატომ გვიზიდავს ჭორაობა? ადამიანები ურთიერთობის მოყვარულნი არიან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს ერთმანეთი აინტერესებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ საუბარში ადრე თუ გვიან მეგობრებისა და ნაცნობების ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს შევეხებით.

დასაძრახია ეს? ყოველთვის არა. საკმაოდ ხშირად საჭირო თემებზე მიდის საუბარი, მაგალითად: ვინც ქორწინდება, ვის ბავშვი შეეძინა, ვინ ავადმყოფობს. პირველ საუკუნეშიც საუბრობდნენ ქრისტიანები თანამორწმუნეების ცხოვრებაში მომხდარ ახალ ამბებზე (ეფესელთა 6:21, 22; კოლასელთა 4:8, 9). სინამდვილეში, მეგობრებსა და ნაცნობებზე საუბარი ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირებისა და ჯანსაღი ურთიერთობის განუყრელი ნაწილია.

ჭორაობის საშიშროებები

მაგრამ ზოგჯერ სხვისი ამბების განხილვას გულწრფელი ინტერესის მაგივრად სხვა რაღაცა უბიძგებს. მაგალითად, 18 წლის დადრა ამბობს: „ხალხი პოპულარობის მოსაპოვებლად ჭორაობს. ისინი ფიქრობენ, რომ ამას მაშინ მიაღწევენ, თუ წინაზე უკეთესი ამბავი იციან“. სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ჭორიკანამ შეიძლება ფაქტებიც კი დაამახინჯოს. „თუ იცი რაღაც ამბავი, შეგიძლია გადაასხვაფერო, — ამბობს 17 წლის რეიჩელი. — ეს ისეა როგორც, რაღაც მონაცემებზე დაყრდნობით, შეგიძლია შენთვის სასურველი ნაწარმოები შექმნა“.

ხანდახან ჭორს სამაგიეროს გადახდის მიზნით ავრცელებენ. „ერთხელ მეგობრის შესახებ ჭორი გავავრცელე, — თქვა 12 წლის ემიმ, — რადგანაც მან ჩემზე რაღაცა თქვა“. როგორი იყო შედეგი? „პირველად ვფიქრობდი, რომ ნამდვილად გადავუხადე სამაგიერო“. შემდეგ დაამატა: „მალე ეს ამბავი ყველას მოედო და ამას უფრო მტკივნეულად განვიცდიდი“.

როგორც გამოცდილი ფსიქიატრი ამბობს: „ძალიან ადვილია ნახო, როგორ ხდება ჭორი სწრაფად გავრცელებული ალის მსგავსი“ (შეადარე იაკობი 3:5, 6). ამას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, რა ხდება, როდესაც საიდუმლო ვრცელდება? ან თუ გავრცელებული ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამება და მისი გავრცელებით ვიღაცას სახელს უტეხ? „მეგობარმა ჩემზე ხმა გააგდო, რომ თითქოს ნარკოტიკებს ვიყენებდი, — ამბობს 12 წლის ბილი, — ამან ძალიან გამანაწყენა“.

ბოროტი ჭორის ჩახშობა

სამართლიანად ამბობს ბიბლია, რომ „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავნი 18:21). დიახ, ჩვენი სიტყვები შეიძლება სამშენებლო ან დამანგრეველი იარაღები იყოს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი სწორედ დამანგრეველ იარაღად იყენებს ენას. ისინი ფსალმუნმომღერალ დავითის მიერ აღწერილი პიროვნებების მსგავსნი არიან, რომელთაც „ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი — მწარე სიტყვა, რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს“ (ფსალმუნი 63:3–5).

ვისაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს, არასწორი ცნობები არ უნდა გაავრცელოს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ „ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავნი 12:22). გამიზნულად მოგონება ან გავრცელება იმისა, რაც იცი რომ სწორი არაა, ტყუილია. ბიბლია კი ქრისტიანებს ეუბნება: „განიშორეთ სიცრუე და თვითოეულმა. . . თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესელთა 4:25).

ასე რომ, სანამ ვინმეზე რამეს იტყოდე, საკუთარ თავს ჰკითხე: „ნამდვილად ვიცი, რომ ეს ასეა? ჩემი ნათქვამი შეხედულებას შეუცვლის მსმენელებს იმ პიროვნებაზე, ვისზეც ვსაუბრობ? თუ დიახ, მაშ, რა მალაპარაკებს?“ გახსოვდეს ის ფაქტი, რომ რაღაცა სიმართლეა არ ამართლებს მის გავრცელებას, განსაკუთრებით კი, თუ ინფორმაცია ვიღაცას სახელს გაუტეხს.

გარდა ამისა შეეკითხე საკუთარ თავს: „როგორ იმოქმედებს ჩემი ჭორაობა, ჩემს რეპუტაციაზე?“ დიახ, ჭორაობით შენ თავზე ამბობ რაღაცას. მაგალითად, კრისტინი ამბობს: „თუ სხვებზე საუბარს დიდ დროს უთმობ, მაშინ შენი ცხოვრება უინტერესოა“. ლიზამ აღმოაჩინა, რომ, რადგანაც ჭორიკანას სახელი ჰქონდა, უახლოესი მეგობრის ნდობა დაკარგა. „ეს იქამდე მივიდა, რომ დაეჭვდა, შეიძლებოდა თუ არა დამნდობოდა, — ამბობს ის. — თავს საშინლად ვგრძნობდი — უნდა დამემტკიცებინა, რომ შეეძლო ჩემი იმედი ჰქონოდა“.

თუ ჭორიკანას სახელი გაქვს, ხალხის თვალში მავნებელი იქნები და შეიძლება შენთან ურთიერთობა აღარც სურდეთ. ბიბლიური იგავი ამბობს: “ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები“ (იგავნი 20:19). მაგრამ იცი თუ არა, რომ შეიძლება წვლილი მიგიძღოდეს ჭორაობაში მაშინაც კი, თუ სიტყვასაც არ იტყვი?

მოსმენა — ჭორაობის სხვა მხარე

ჭორაობაში სულ მცირე ორი მონაწილეობს — ჭორიკანა და მსმენელი. თუმცა შეიძლება ჩანდეს, რომ მსმენელი მოლაპარაკესთან შედარებით ნაკლებად იმსახურებს გაკიცხვას, ბიბლია ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. იგავნის 17:4-ში ვკითხულობთ: „ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს“. ასე რომ, ჭორის მომსმენი მძიმე პასუხისმგებლობას იღებს. „ზოგიერთ შემთხვევაში უარესიც კი არის მოუსმინო ჭორს, ვიდრე თვითონ იჭორაო“, — ამბობს მწერალი სტეფან მ. ვალენი. რატომ? „მოსმენით, — ამატებს ის, — მოლაპარაკეს ახალისებ, განაგრძოს საუბარი“.

რა უნდა გააკეთო, თუ შენს ყურს ჭორი ჩააწვეთეს? საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნის გარეშე შეიძლებოდა, უბრალოდ, გეთქვა: „მოდი საუბრის თემა შევცვალოთ“ ან „მეუხერხულება ამაზე საუბარი. მით უმეტეს, ის აქ არ არის, თავის აზრი რომ გამოთქვას“.

მაგრამ რა უნდა ქნა, თუ იმის გამო გერიდებიან, რომ მათთან ერთად საუბრებში მონაწილეობას არ ღებულობ? ეს, ერთი მხრივ, დაგიცავს. როგორ? გახსოვდეს, რომ, ვინც შენთან სხვებზე ჭორაობს, სხვებთან შენზეც იჭორავებს. ამიტომ იმ ახალგაზრდებთან და მოზარდებთან ყოფნით, რომლებიც ცილს არ სწამებენ სხვებს, თავიდან ბევრ ხიფათს აიცილებ. ვილენი ამბობს: „რაც უნდა მტკივნეული იყოს შენთვის ჭორაობისგან თავის შეკავება, მალე დაინახავ, რომ არაფერი დაგიკარგავს. პირიქით, ასეთ საცოდავ მდგომარეობაში ყოფნას თავი აარიდე. ბოლოს, უფრო სახარბიელო მდგომარეობაში იქნები, რადგანაც სანდო ადამიანის რეპუტაცია გექნება“.

უფრო მნიშვნელოვანია ღვთის თვალში კარგი სახელი შეიძინო. მას აინტერესებს, როგორ ვლაპარაკობთ სხვებზე, რადგან იესო ქრისტემ თქვა: „ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“ (მათე 12:36, 37).

მაშ, გონივრულია, პავლე მოციქულის გაფრთხილებას მიჰყვე: „გულმოდგინედ ეცადოთ იყოთ წყნარი, აკეთოთ თქვენი საქმე“ (1 თესალონიკელთა 4:11). ასე მოქცევით სხვებთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებ და ღვთის თვალში მოწონებული იქნები.

[სქოლიო]

a სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

„მსოფლიოში ჭორის გავრცელების საუკეთესო საშუალება“

გაიგეთ ახალი ამბავი? ელექტრონული ფოსტის (E-mail) გამოგონებით ჭორმა კომპიუტერულ სისტემებშიც შეაღწია. მწერალი სეტ გოდინი ელექტრონულ ფოსტას „მსოფლიოში ჭორის გავრცელების საუკეთესო საშუალებას“ უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს მის დადებით მხარეებს, ამბობს: „როგორც კი ვინმე მასში ნამდვილ თუ მოგონილ ამბავს შეიტანს, ათასობით ადამიანმა იცის უკვე“.

ელექტრონულ ფოსტას თვალის დახამხამებაში შეუძლია ინფორმაცია ფართო მასებს მიაწოდოს. „ეს არის კომუნიკაციის პირველი ფორმა, რომელიც აერთიანებს აწონ-დაწონილსა და გააზრებულად დაწერილ სიტყვას და სატელეფონო საუბრისთვის დამახასიათებელ ინფორმაციის გადაცემის ელვისებურ სისწრაფეს“, — ამბობს გოდინი. მაშ, გონივრულია ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის გაგზავნისას დარწმუნებული იყო, რომ შენი ცნობის მიზანი ნათლად არის გამოკვეთილი. არ გაავრცელო დაუსაბუთებელი ინფორმაცია მეგობრებში.

[სურათები 18 გვერდზე]

ვინც შენთან სხვებზე ჭორაობს. . . სხვებთან შენზეც იჭორავებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება