ქრისტეს საფლავი იაპონიაში?
კომა ტაკეუჩმა, სინტოისტმა მღვდელმა, 1935 წელს გამოაცხადა, რომ სოფელ შინგოს (ჩრდილოეთ იაპონია) ერთ გორაკზე იესო ქრისტეს საფლავი აღმოაჩინა. ის ამბობდა, რომ საგვარეულო საგანძურში ნაპოვნი დოკუმენტები ადასტურებდნენ, რომ იესო გარკვეული დროის განმავლობაში შინგოში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. იესოს სამარხის ძებნაში ის წააწყდა ბორცვს და დაასკვნა, რომ ეს იყო მისი საფლავი.
ასევე, გადმოცემის თანახმად, ტაკეუჩების საგვარეულო სამარხში ნაპოვნი ებრაული დოკუმენტი ადასტურებდა, რომ იესო ორჯერ იყო იაპონიაში და იაპონელ მღვდლებთან მისტიციზმსაც კი სწავლობდა. ცნობაში მოცემულია ვარაუდი, რომ გაცემის შემდეგ იესო იუდეიდან ჯერ ციმბირში გაიქცა, ხოლო შემდეგ იაპონიაში ჩავიდა, სადაც დაქორწინდა ადგილობრივ ქალიშვილზე, სახელად მიიუკოზე, ეყოლა სამი გოგო და 106 წლის ასაკში მოკვდა. მონათხრობის თანახმად, მამაკაცი, რომელიც იერუსალიმში მოკლეს, იესო კი არ იყო, არამედ მისი უმცროსი ძმა, სახელად ისიუკირი.
რა მიზნით შეიძლება შეთხზულიყო ასეთი ისტორია? ერთ-ერთი იაპონური გაზეთის თანახმად, იესოსა და შინგოს შორის კავშირი „ეკონომიური გამორჩენის საშუალებას იძლევა, რაც ადგილობრივი მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი“ (Mainichi Shimbun). ამგვარად, ისინი ხელს უწყობენ იმას, რომ ღირსშესანიშნავი დასათვალიერებელი ადგილი ჰქონდეთ. შემდგომი კვლევა-ძიების ჩატარება მაინცდამაინც არ აწყობთ. მაგრამ „სავარაუდო საფლავი ამოთხარეს და ძროხის ძვლების გარდა ვერაფერი იპოვეს, — თქვა ერთმა თვითმხილველმა. — წარმოიდგინეთ, რამდენად იმედგაცრუებული დარჩებოდა ყველა“.
ასე რომ, ყოველწლიურად 3 მაისს ხალხი მორჩილად იკრიბება იესოს „საფლავთან“, რათა „ქრისტეს დღესასწაული“ იზეიმონ. ცერემონიალს სინტოისტი მღვდელი უძღვება და ცეკვების დაწყებამდე ის წყევლით დევნის ბოროტ სულებს.
არის ამ მონათხრობში ჭეშმარიტების რაიმე მარცვალი? არა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ 30 წლის ასაკში იესოს იცნობდნენ როგორც დურგლის ვაჟს, რომელიც ნაზარეთში გაიზარდა, და არა როგორც მსოფლიოში მოგზაურს. ოთხ სახარებაში გადმოცემულია თვითმხილველების ცნობები იმის შესახებ, რომ 30–33 წლის ასაკში იესო ისრაელში ქადაგებდა. მათ მოჰყავთ ადგილები და თარიღები, აგრეთვე ადასტურებენ, რომ იერუსალიმში იესო ქრისტე მოკლეს და არა სხვა ვინმე. ამიტომ ჭეშმარიტ ქრისტიანებზე გავლენას ვერ ახდენს უცნაური ცნობები, რომლებშიც, პირადი გამორჩენის მიზნით, ბიბლიური ჭეშმარიტება დამახინჯებულია.