-
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
ახალგაზრდა მეფე მსოფლიოს იპყრობს
დაახლოებით 2 300 წლის წინათ ოც წელს გადაცილებული ქერათმიანი მხედართმთავარი ხმელთაშუა ზღვის ნაპირთან იდგა და ერთ კილომეტრში კუნძულზე გაშენებული ქალაქისკენ იმზირებოდა. ქალაქის წინააღმდეგობით გაშმაგებულ მხედართმთავარს მისი აღება ჰქონდა განზრახული. როგორ აპირებდა დაპყრობას? ნაპირი კუნძულთან მიწაყრილით უნდა შეეერთებინა და მთელი ძალებით შეეტია ქალაქისთვის. საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა.
ამ დროს ახალგაზრდა მხედართმთავარმა სპარსეთის სამეფოს დიდებული მეფისგან ცნობა მიიღო. დაზავების მსურველი სპარსეთის მმართველი მას არაჩვეულებრივ წინადადებას სთავაზობდა — 10 000 ტალანტ ოქროს (დღეისათვის ორ მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი), ერთ-ერთი ასულის ხელსა და სპარსეთის იმპერიის დასავლეთ ნაწილზე ბატონობას. თავის მხრივ, ახალგაზრდა მხედართმთავარს სპარსეთის მეფის დატყვევებული ოჯახი უნდა გაეთავისუფლებინა.
არჩევნის წინაშე მდგომი მხედართმთავარი ალექსანდრე III მაკედონელი იყო. დათანხმდებოდა ალექსანდრე მეფის წინადადებაზე? „ეს გადამწყვეტი მომენტი იყო ძველი მსოფლიოსთვის, — ამბობს ისტორიკოსი ულრიხ ვილენი. — ამ გადაწყვეტილებამ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში შუა საუკუნეებისა და თვით ჩვენი დროის ისტორიაზეც კი მოახდინა ზეგავლენა“. სანამ ალექსანდრეს პასუხს გავიგებდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ გადამწყვეტ მომენტამდე.
მსოფლიო დამპყრობის ბავშვობა
ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის ქალაქ პელაში. ის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ოლიმპიადას ვაჟი იყო. დედა ალექსანდრეს ასწავლიდა, რომ მაკედონიის მეფეები ჰერკულესის, ზევსის (ბერძნების ღმერთი) ვაჟის, შთამომავლები იყვნენ. ოლიმპიადა შვილს იმასაც ჩააგონებდა, რომ ჰომეროსის პოემა „ილიადას“ გმირი აქილევსი მისი წინაპარი იყო. მშობლების მიერ ამგვარად აღზრდილ ალექსანდრეს დაპყრობებისა და მეფური დიდების გარდა არაფერი აინტერესებდა. კითხვაზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, ალექსანდრეს უპასუხებია, რომ უარს არ იტყოდა, თუ თამაშის მონაწილენი მეფეები იქნებოდნენ. მას ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული, მამამისზე მეტად გაეთქვა სახელი და დიდება მოეპოვებინა თავისი მიღწევებით.
ცამეტი წლის ალექსანდრე ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელეს მოწაფე გახდა. არისტოტელემ მას ფილოსოფიისადმი, მედიცინისა და სხვა მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივა. დღემდე საკამათოა, რა ზეგავლენა მოახდინა ალექსანდრეს აზროვნებაზე არისტოტელეს ფილოსოფიამ. „ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის აზრი, რომ ისინი ბევრ რამეში ვერ თანხმდებოდნენ, — ამბობს XX საუკუნის ფილოსოფოსი ბერტრან რასელი. — არისტოტელეს პოლიტიკური მრწამსის საფუძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელსაც დღეები დათვლილი ჰქონდა“. პატარა ქალაქ-სახელმწიფოს ცნება არ მიიზიდავდა დიდი ცენტრალიზებული იმპერიის შექმნით დაინტერესებულ მიზანდასახულ ტახტის მემკვიდრეს. გარდა ამისა, ალექსანდრე სკეპტიკურად უნდა ყოფილიყო განწყობილი არისტოტელეს თვალსაზრისისადმი, რომ ბერძნები სხვა ეროვნების წარმომადგენლებს მონებივით უნდა მოპყრობოდნენ, რადგანაც ის ისეთი იმპერიის შექმნას ოცნებობდა, სადაც ბერძნები და დაპყრობილი ერები მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ ერთმანეთთან.
მიუხედავად ზემოთქმულისა, არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ალექსანდრეს არისტოტელემ გაუღვივა კითხვისა და სწავლისადმი ინტერესი. მეფე მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრს კითხულობდა; მას განსაკუთრებით ჰომეროსის ნაწარმოებები იტაცებდა. გადმოცემის თანახმად, ალექსანდრემ ზეპირად იცოდა 15 693-სტრიქონიანი პოემა „ილიადა“.
ალექსანდრეს ძვ. წ. 340 წელს 16 წლის ასაკში მოულოდნელად მოუწია არისტოტელესთან მეცადინეობის შეწყვეტა, რადგანაც პელაში უნდა დაბრუნებულიყო და მამის არყოფნაში მაკედონია ემართა. ტახტის მემკვიდრემ მალევე გამოიჩინა თავი ბრძოლებში. ფილიპეს საამაყოდ, ალექსანდრემ სწრაფად დაამარცხა აჯანყებული თრაკიული ტომი მიდი, შტურმით აიღო მათი მთავარი ქალაქი და მას თავისი სახელის მიხედვით ალექსანდრუპოლისი უწოდა.
ალექსანდრეს დაპყრობითი ომები
ფილიპე II-ის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 336 წელს 20 წლის ალექსანდრე მაკედონიის ტახტზე ავიდა. ძვ. წ. 334 წლის გაზაფხულზე ის ჰელესპონტით (ახლანდელი დარდანელი) აზიაში შევიდა და 30 000 ქვეითი მეომრისა და 5 000 ცხენოსნისგან შემდგარი მცირე, მაგრამ ძლიერი ჯარით დაპყრობითი ომები წამოიწყო. მის ჯარს თან ახლდნენ მიწისმზომელნი, ხუროთმოძღვარნი, სწავლულნი და მემატიანენი.
ალექსანდრე მაკედონელმა მდინარე გრანიკოსთან, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), პირველად დაამარცხა სპარსეთის ჯარი. იმ ზამთარს მან მცირე აზიის დასავლეთი დაიპყრო. მომდევნო წელს შემოდგომაზე მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ისოსთან, ალექსანდრე მეორედ შეებრძოლა სპარსელებს. სპარსეთის დიდებული მეფე დარიოს III დაახლოებით 500 000-კაციანი ჯარით გამოვიდა მასთან საბრძოლველად. თავდაჯერებულმა დარიოსმა თან წაიყვანა დედა, ცოლი და ოჯახის სხვა წევრები, რომ ისინი მისი შთამბეჭდავი გამარჯვების მოწმენი გამხდარიყვნენ. მაგრამ სპარსელები მზად არ იყვნენ მაკედონელთა მოულოდნელი და გაცხარებული შეტევისთვის. ალექსანდრეს ჯარმა სასტიკად დაამარცხა სპარსელები. დარიოსმა გაქცევით უშველა თავს, ხოლო მისი ოჯახი ალექსანდრეს ჩაუვარდა ხელში.
ალექსანდრე არ დადევნებია გაქცეულ სპარსელებს. ის სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაუყვა და სპარსეთის ძლევამოსილი ფლოტის საზღვაო ბაზები დაიპყრო. წინააღმდეგობა მხოლოდ კუნძულზე გაშენებულმა ქალაქმა ტვიროსმა გაუწია. მისი დამორჩილების სურვილით შეპყრობილ ალექსანდრეს ქალაქი შვიდი თვის მანძილზე ალყაში ჰყავდა მოქცეული. სწორედ ამ დროს მიიღო ალექსანდრემ დარიოსისგან ზემოხსენებული ცნობა დაზავების შესახებ. ზავის პირობები იმდენად სახარბიელო ჩანდა, რომ გადმოცემების მიხედვით, ალექსანდრეს ნდობით აღჭურვილ მრჩეველს, პარმენიონს, უთქვამს: „ალექსანდრეს ადგილზე დავთანხმდებოდიო“. „პარმენიონის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო“, — სიტყვა მოუჭრია ახალგაზრდა მხედართმთავარს. ალექსანდრემ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, არ მოხსნა ალყა და ძვ. წ. 332 წლის ივლისში ხელში ჩაიგდო ეს ქედმოუხრელი ქალაქი.
ალექსანდრემ დაინდო იერუსალიმი, რადგანაც უბრძოლველად ჩაბარდა მას, შემდეგ ლაშქრობები სამხრეთისკენ განაგრძო და ღაზა დაიპყრო. ეგვიპტეში შესვლისას სპარსეთის უღელქვეშ გატანჯული ხალხი მას მხსნელად მიიჩნევდა. მემფისში, ეგვიპტელი ქურუმების გულის მოსაგებად, ალექსანდრემ აპისს, წმინდა ხარს, მსხვერპლი შესწირა. ალექსანდრემ დააარსა დღემდე მისი სახელით წოდებული ქალაქი ალექსანდრია, რომელიც მოგვიანებით, როგორც საგანმანათლებლო ცენტრი, ათენს უწევდა მეტოქეობას.
შემდეგ ალექსანდრემ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი, პალესტინაზე გაიარა და მდინარე ტიგროსისკენ გაემართა. ძვ. წ. 331 წელს ნინევიის ნანგრევებთან ახლოს, გავგამელასთან, ალექსანდრეს მესამე დიდი ბრძოლა ჰქონდა სპარსელებთან. მისმა 47 000-კაციანმა ლაშქარმა სპარსელების, სულ ცოტა, 250 000-კაციან განახლებულ ჯარს სძლია! დარიოსი გაიქცა და მოგვიანებით თავისივე ხალხის მსხვერპლი გახდა.
გამარჯვებით გულმოცემულმა ალექსანდრემ სამხრეთისკენ გასწია და სპარსეთის მეფეების ზამთრის რეზიდენცია — ბაბილონი — დაიპყრო. გარდა ამისა, დაიმორჩილა ქალაქები სუსა და პერსეპოლისი, ხელში ჩაიგდო სპარსეთის დიდძალი სიმდიდრე და გადაწვა ქსერქსეს დიდებული სასახლე. ბოლოს კი დედაქალაქის, ეკბატანას, დაპყრობაც შეძლო. ამ უსწრაფესმა დამპყრობელმა სპარსეთის სამეფოს დარჩენილი ნაწილიც დაიმორჩილა და აღმოსავლეთით მდინარე ინდის სანაპიროს (ახლანდელი პაკისტანის ტერიტორია) მიადგა.
ინდის გადალახვის შემდეგ სპარსეთის ქალაქ ტაქსილასთან ალექსანდრე საშინელ მეტოქეს — ინდოეთის მეფე პოროსს — შეებრძოლა. ძვ. წ. 326 წლის ივნისში ამ მეფესთან ბრძოლა ალექსანდრესთვის მეოთხე და უკანასკნელი მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო. პოროსის 35 000-კაციან ჯარს 200 სპილო ჰყავდა, რომლებმაც შეაშინეს მაკედონელთა ცხენები. მძვინვარე, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ალექსანდრეს ჯარმა სძლია ინდოელებს. პოროსი ალექსანდრეს მორჩილი გახდა.
რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში აზიაში ლაშქრობის შემდეგ მაკედონელი მეომრები დაიღალნენ და სახლი მოენატრათ. პოროსთან ცხარე ბრძოლით ილაჯგაწყვეტილებს სამშობლოში დაბრუნება უნდოდათ. ალექსანდრეს მეტი გზა არ ჰქონდა და დაჰყვა მეომრების სურვილს. საბერძნეთი უკვე ნამდვილად მსოფლიო მპყრობელი იყო. დაპყრობილ ტერიტორიებზე ბერძნული კოლონიების დაარსებით ბერძნული ენა და კულტურა მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა.
ალექსანდრე როგორც პიროვნება
წლების მანძილზე მაკედონიის ჯარის სიმტკიცის მიზეზი სწორედ ალექსანდრეს პიროვნება იყო. ბრძოლის შემდეგ ის, ჩვეულებრივ, დაჭრილებს ინახულებდა, ჭრილობებს უსინჯავდა, მეომრებს სიმამაცისთვის აქებდა და ღირსეულად აჯილდოებდა. ბრძოლაში დაცემულებს კი ალექსანდრე საკადრისად მარხავდა. დაღუპული მეომრების მშობლებსა და შვილებს ყოველგვარი გადასახადისა და სამსახურისგან ათავისუფლებდა. ბრძოლების შემდეგ მეომრების გასართობად თამაშებსა და შეჯიბრებებს მართავდა. ერთხელ მან ახალდაქორწინებული მეომრები დროებით სახლებში გაუშვა, რომ ზამთარი მაკედონიაში თავიანთ მეუღლეებთან გაეტარებინათ. ასეთი მოპყრობის გამო მეომრებს უყვარდათ ალექსანდრე და ყველა აღტაცებული იყო მისით.
ალექსანდრესა და ბაქტრიელ მეფის ასულ როქსანეს ქორწინებაზე ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე წერს: „ეს ნამდვილად სიყვარულით ქორწინება იყო, თუმცა ალექსანდრეს მიზნის განხორციელებასაც ხელს უწყობდა. დაპყრობილი ხალხი კმაყოფილი იყო, რომ ალექსანდრე ცოლს მათგან ირჩევდა, ხოლო როდესაც დაინახეს, რომ ამ უაღრესად თავდაჭერილ კაცს სიყვარულის ძალამ სძლია, მაგრამ მოთმინება გამოიჩინა, ვიდრე კანონიერად და ღირსეულად არ შეირთო მეფის ასული, კიდევ უფრო შეუყვარდათ ის“.
ალექსანდრე სხვის ქორწინებასაც პატივს სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ მეფე დარიოსის მეუღლე მისი ტყვე იყო, ალექსანდრემ იზრუნა, რომ მას პატივისცემით მოპყრობოდნენ. აგრეთვე, როდესაც მან შეიტყო, რომ ორმა მაკედონელმა მეომარმა გააუპატიურა უცხოელების ცოლები, ბრძანება გასცა, სიკვდილით დაესაჯათ ისინი, თუ დანაშაული დაუმტკიცდებოდათ.
ალექსანდრესთვის დედამისის, ოლიმპიადას, მსგავსად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რწმენას. ბრძოლის წინ და ბრძოლის შემდეგ მსხვერპლს სწირავდა და თავის მარჩიელებს მომასწავებელი ნიშნების შესახებ ეკითხებოდა. ლიბიაში ყოფნისას ალექსანდრე ამონის ორაკულშიც დადიოდა სამკითხაოდ. ბაბილონში ქალდეური ტრადიციის მიხედვით ასრულებდა მსხვერპლშეწირვას; ძირითადად ბაბილონელთა ღმერთ ბელს (მარდუქს) სწირავდა მსხვერპლს.
ალექსანდრე არ იყო ჭამის მოყვარული, მაგრამ რაც შეეხება სმას, ბოლოს ის მეტისმეტად მიეძალა ღვინოს. ყოველი სასმისის შესმის შემდეგ გაუთავებლად ლაპარაკობდა და თავისი მიღწევებით ტრაბახობდა. ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა ერთ-ერთი საშინელი საქციელიც — აღელვების ნიადაგზე მოკლა თავისი მეგობარი კლიტოსი. მაგრამ ამის შემდეგ თავს იმდენად დამნაშავედ გრძნობდა, რომ სამი დღის განმავლობაში ლოგინიდან არ დგებოდა და პირს არაფერს აკარებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მეგობრებმა დაიყოლიეს.
დიდებისკენ სწრაფვამ დროთა განმავლობაში სხვა არაკეთილსასურველი თვისებებიც ჩამოუყალიბა ალექსანდრეს. მან ცრუ ბრალდებების საფუძველზე ხალხის დაუყოვნებლივ უმკაცრესად დასჯა დაიწყო. მაგალითად, როდესაც უთხრეს, რომ ფილოტა მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობდა, მან სიკვდილით დასაჯა ის და მამამისი პარმენიონი — მრჩეველი, რომელიც ერთ დროს მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
ალექსანდრეს სიკვდილი
ბაბილონში დაბრუნებიდან მცირე ხანში ალექსანდრე მალარიით დაავადდა და ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს 32-წლიანი და 8-თვიანი სიცოცხლის გზის განვლის შემდეგ ყველაზე საშინელ მტერს — სიკვდილს — ჩაბარდა.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ერთმა ინდოელმა ბრძენმა თქვა: „ო, მეფე ალექსანდრევ, თითოეული კაცი მიწის მხოლოდ იმ მონაკვეთს ფლობს, რომელზეც დგას; შენ კი სხვათა მსგავსი, თუ არ მოვიხსენიებთ შენს საქმეებსა და სისასტიკეს, სახლს მოწყვეტილი მთელ დედამიწაზე დაეხეტები, თავსაც იტანჯავ და სხვებსაც ტანჯავ. მაგრამ სულ მალე ბოლო მოგეღება და მიწის მხოლოდ იმხელა ნაჭერი დაგრჩება, რამხელაც შენს სამარეს ეყოფა“.
-
-
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
[რუკა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი ტერიტორია
მაკედონია
ეგვიპტე
ბაბილონი
მდ. ინდი
[სურათი]
ალექსანდრე
[სურათი]
არისტოტელე და მისი მოწაფე ალექსანდრე.
[მთელი გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი]
მედალიონი ალექსანდრე დიდის გამოსახულებით.
-