საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა განვიცდიდე ასე ძალიან?
    როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი
    • უნდა განვიცდიდე ასე ძალიან?

      ᲔᲠᲗᲘ მამაკაცი, რომელსაც ოჯახის წევრი დაეღუპა, წერს: «როგორც ინგლისელი, ისე აღმზარდეს, რომ ყველას დასანახად ჩემი გრძნობები არ უნდა გამომეხატა. მახსოვს, როცა რამე მეტკინებოდა, მამაჩემი, რომელიც ყოფილი სამხედრო პირი იყო, კბილებში გამოსცრიდა ხოლმე: „ტირილი არ გაბედო!“. არ მახსოვს, ოდესმე დედას გულში ჩავეკარით რომელიმე ჩვენგანი ან ეკოცნა ჩვენთვის (ოთხი დედმამიშვილი ვიყავით). 56 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, და ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ტირილი ვერ შევძელი».

      ზოგ კულტურაში ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ გრძნობებს და თავიანთ ბედნიერებასა თუ უბედურებას არ მალავენ. მეორე მხრივ, მსოფლიოს ზოგ ნაწილში, ძირითადად ჩრდილოეთ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, განსაკუთრებით მამაკაცებს, თავიდანვე იმას აჩვევენ, რომ არ გამოხატონ ემოციები; რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და არ გამოააშკარავონ თავიანთი გულისნადები. მაგრამ რა არის იმაში სასირცხვილო, თუ ადამიანი მწუხარებას გამოხატავს ახლობლის სიკვდილის გამო? რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

      ბიბლიაში მოხსენიებული მგლოვიარეები

      ბიბლია დაწერეს ებრაელებმა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრებმა ხალხმა, რომლებიც თავიანთი ემოციური ბუნებით გამოირჩევიან. ბიბლიაში მრავლად შეხვდებით იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც დაუფარავად გამოხატავდნენ თავიანთ მწუხარებას. მაგალითად, მეფე დავითი მწარედ მოთქვამდა მოკლული შვილის, ამნონის გამო (2 სამუელი 13:28—39). ის მოღალატე შვილს, აბესალომსაც გლოვობდა, რომელიც უკანონოდ ცდილობდა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას. ბიბლია მოგვითხრობს: «გულშეძრული მეფე კარიბჭის ზედა ოთახისკენ გაემართა; მიდიოდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“» (2 სამუელი 18:33). ეს იყო ბუნებრივი რეაქცია, რომელიც მშობელ მამას უნდა ჰქონდეს შვილის სიკვდილზე. ბევრ მგლოვიარე მშობელს უნატრია, შვილის ნაცვლად თვითონ მომკვდარიყო! ძალიან რთულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ მშობელზე ადრე შვილი კვდება.

      როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილზე? ის აცრემლდა, როცა ლაზარეს სამარხს მიუახლოვდა (იოანე 11:30—38). თავად იესოს სიკვდილის შემდეგ მარიამ მაგდალელი ატირდა მის სამარხთან (იოანე 20:11—16). ქრისტიანები, რომელთათვისაც აღდგომის იმედი რეალურია, არ ეძლევიან სასოწარკვეთილებას მათ მსგავსად, ვისაც ეს ბიბლიური იმედი არა აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი არ გლოვობს და არ განიცდის საყვარელი ადამიანის სიკვდილს (1 თესალონიკელები 4:13, 14).

      უნდა შევიკავოთ თავი ტირილისგან?

      ჩვეულებრივ როგორ რეაგირებენ ადამიანები ახლობლის სიკვდილზე? ზოგს უძნელდება ან ეუხერხულება გრძნობების გამოხატვა. თანამედროვე ფსიქოლოგებიც იმას გვირჩევენ, რასაც უძველესი, ღვთიური სიბრძნით დაწერილი წიგნი, ბიბლია, გვირჩევს. კერძოდ იმას, რომ თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და გულში დარდი არ ჩავიკლათ. სწორედ ასე იქცეოდნენ ძველი დროის ღვთის ერთგული მამაკაცები: იობი, დავითი და იერემია. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ისინი არ მალავდნენ გრძნობებს და გამოხატავდნენ მწუხარებას. აქედან გამომდინარე, გონივრული არ იქნება, ასეთ დროს ახლობლებისგან თავის გარიყვა (იგავები 18:1). მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები მწუხარებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, რაზეც მათი რელიგიური შეხედულებებიც ახდენს გავლენასa.

      ასე რომ, თავს ნუ გაკიცხავთ იმის გამო, რომ ტირილი გინდებათ. ეს ბუნებრივი, ადამიანური რეაქციაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლაზარეს სიკვდილის გამო იესომ „ამოიოხრა . . . და აცრემლდა“ (იოანე 11:33, 35). ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო ტირილი სრულიად ბუნებრივია.

      მგლოვიარე ხალხი

      საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო ტირილი და გლოვა სრულიად ბუნებრივია.

      მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. ენს პატარა რეიჩელი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით დაეღუპა. მისი მეუღლე იხსენებს: „გაგიკვირდებათ და დაკრძალვაზე არც მე და არც ენს არ გვიტირია იმ დროს, როცა სხვები მოთქვამდნენ“. ენი კი ასეთ რამეს ამბობს: „ბავშვი ორივეს მაგივრად გამოვიტირე, როცა რამდენიმე კვირის შემდეგ სახლში მარტო დავრჩი და ჩემი უბედურება სრულად გავაცნობიერე; მთელი დღე ვტიროდი. ამის შემდეგ თავი უკეთესად ვიგრძენი. ჩემი პატარა უნდა გამომეტირა. მგლოვიარეს უნდა მისცე ტირილის საშუალება და არ უნდა დაუშალო ტირილი, რადგან ამით სინამდვილეში ვერ დაეხმარები“.

      როგორ რეაგირებს ზოგი ახლობლის სიკვდილზე

      როგორი რეაქცია ჰქონდა ზოგს ახლობლის სიკვდილზე? მოვიყვანოთ ხუანიტას მაგალითი. მანაც გამოსცადა შვილის სიკვდილი. მას შემდეგ, რაც ხუთჯერ მოეშალა მუცელი, ის კვლავ დაორსულდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი კვირის შემდეგ მან ნაადრევად იმშობიარა; მას პატარა ვანესა შეეძინა, რომელიც 1 კილოგრამსაც არ იწონიდა. „უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, — იხსენებს ხუანიტა, — როგორც იქნა დედა გავხდი!“

      მაგრამ მისი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ოთხი დღის შემდეგ ბავშვი დაიღუპა. ხუანიტა იხსენებს: „ენით აუწერელი სიცარიელის გრძნობა დამეუფლება. დედობა არ დამცალდა. თავს უღირსად ვგრძნობდი. ძალიან გამიჭირდა ვანესასთვის მომზადებულ ოთახში შესვლა და მისთვის ნაყიდი ტანსაცმლის დანახვა. თვეების მანძილზე თავში სულ მისი დაბადების დღე მიტრიალებდა. არავისთან არ მინდოდა ურთიერთობა“.

      ზედმეტად მძაფრი ხომ არ არის ასეთი რეაქცია? შეიძლება სხვებს ეს გრძნობა ეუცხოოს, მაგრამ ვისაც მსგავსი ტკივილი განუცდია, ამბობს, რომ თოთო ბავშვსაც ისევე გლოვობს, როგორც მოზრდილს იგლოვებდა. მშობლები შვილის სიყვარულს ბავშვის დაბადებამდე გრძნობენ. დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს. დედისთვის ახალშობილის სიკვდილი ისეთივე მძიმე დანაკარგია, როგორც ზრდასრული შვილის. ამიტომ გარეშეებმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ.

      სიბრაზე და დანაშაულის გრძნობა

      ერთი დედა ყვება, რა რეაქცია ჰქონდა, როცა თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებული 6 წლის შვილის მოულოდნელი სიკვდილი შეიტყო: „ათასგვარი გრძნობა დამეუფლა — ყოველგვარი შეგრძნება დავკარგე, მომხდარს თვალს ვერ ვუსწორებდი და თავს ვიდანაშაულებდი. ჩემს ქმარსა და ექიმზეც ვბრაზობდი, რადგან სათანადოდ ვერ შეაფასეს, რამდენად სერიოზული იყო ბავშვის მდგომარეობა“.

      ზოგჯერ მგლოვიარე ადამიანები სხვებზე ბრაზობენ. ისინი შეიძლება გაღიზიანდნენ ექიმებსა და მედდებზე, რადგან მათი აზრით, მედპერსონალმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა მათი ახლობლის მიმართ. შეიძლება მგლოვიარეს მეგობრებისა და ნათესავების ქცევაზე და ლაპარაკზე მოუვიდეს გული. ზოგი მიცვალებულზეც კი ბრაზდება იმის გამო, რომ ჯანმრთელობას არ უფრთხილდებოდა. სტელა იხსენებს: „ვბრაზობდი ჩემს ქმარზე; რომ არა მისი დაუდევრობა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ის სერიოზულად ავად იყო, მაგრამ ექიმების მითითებებს ყურადღებას არ აქცევდა“. ზოგჯერ სიბრაზეს ისიც იწვევს, რომ მიცვალებული თავისი სიკვდილით დიდ ტვირთს ჰკიდებს ოჯახს.

      ზოგი თავს იმის გამო იდანაშაულებს, რომ ბრაზს ვერ ერევა; ზოგიც თავს საყვარელი ადამიანის სიკვდილში იდანაშაულებს და ასეთი არგუმენტები მოჰყავს: „დროულად რომ წამეყვანა ექიმთან, არ მოკვდებოდა“, „ნეტავ სხვა ექიმთან მიმეყვანა“, „მეტი ყურადღება უნდა მიმექცია მისი ჯანმრთელობისთვის“.

      დედა იხსენებს, როგორ იკრავდა გულში თავის ბავშვს

      ბავშვის სიკვდილი ძლიერ ემოციურ ტრავმას აყენებს მშობელს, მაგრამ გულწრფელ თანაგრძნობას და თანადგომას მშობლების ნუგეშისცემა შეუძლია.

      ზოგს დანაშაულის გრძნობას ის უმძაფრებს, რომ მოულოდნელად ეცლება ხელიდან საყვარელი ადამიანი. სულ ის ახსენდებათ, როგორ უბრაზდებოდნენ ან ეკამათებოდნენ გარდაცვლილს, ვიდრე ის ცოცხალი იყო. ზოგს იმაზე ფიქრი არ აძლევს მოსვენებას, რომ სიცოცხლეში შეეძლო მისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა.

      როგორ წესი, დედა დიდი ხნის მანძილზე ვერ ურიგდება შვილის სიკვდილს, რაც ადასტურებს ბევრი ფსიქოლოგის მოსაზრებას, კერძოდ იმას, რომ შვილის სიკვდილი მოუშუშებელ ჭრილობად რჩება მშობლების, განსაკუთრებით კი დედის გულში.

      როცა მეუღლე გიკვდებათ

      ღრმა ემოციურ ჭრილობას ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვაც იწვევს, მით უმეტეს, თუ ცოლ-ქმარმა მრავალი წელი გაატარა ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მეტად ვეღარ გაატარებენ ერთად დროს, ვეღარ გაიზიარებენ ერთად მოგზაურობით, შრომით თუ დასვენებით გამოწვეულ სიხარულს. მეუღლის დაკარგვით ადამიანს ემოციური საყრდენიც ეცლება ხელიდან.

      იუნისი იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა მეუღლე გულის შეტევით მოულოდნელად დაეღუპა. „თავიდან ყოველგვარი შეგრძნება გამიქრა, თითქოს ჩემში ყველაფერი ჩაკვდა. გემო და ყნოსვა დავკარგე, თუმცა საღი აზროვნების უნარი არ დამიკარგავს. სანამ ექიმები გულ-ფილტვის რეანიმაციითა და მედიკამენტური მკურნალობით ჩემი მეუღლის გადარჩენას ცდილობდნენ, მას გვერდიდან არ მოვცილებივარ, ვაცნობიერებდი, რაც ხდებოდა და რეალობას არ გავქცევივარ. მიუხედავად ამისა, უსუსურობის შეგრძნება მტანჯავდა, თითქოს ჩემ თვალწინ ჩემი მეუღლე მანქანით უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ვერაფრით ვშველოდი“.

      როგორ გამოხატავდა მწუხარებას იუნისი? ის ყვება: „ცრემლებს ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასობით თანაგრძნობით სავსე წერილს ვკითხულობდი. ყოველი ასეთი წერილის წაკითხვაზე მეტირებოდა. ეს წერილები მაძლებინებდა. სულ მეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდი თავს, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეპასუხა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო, თავს საშინლად ვგრძნობდი“.

      როგორ შეძლო იუნისიმ ამ ტკივილის ატანა? „დრომ თავისი ქნა და ცხოვრება გავაგრძელე, — ამბობს ის. — მაგრამ დღემდე მიმძიმს, რომ მეუღლე გვერდით არ მყავს და ვერ ტკბება სიცოცხლით, რომელიც ასე ძალიან უყვარდა“.

      „სხვებს ნუ გადააწყვეტინებთ . . .“

      ერთი წიგნში ასეთი რჩევა იყო მოცემული: „ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გადაგიწყვიტონ, რა უნდა გააკეთოთ ან როგორ უნდა იგრძნოთ თავი. ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად განიცდის ტკივილს. სხვები შეიძლება ფიქრობდნენ ან მეტიც, გითხრან კიდეც, რომ თქვენი წუხილი მეტისმეტია ან პირიქით, საერთოდ არ განიცდით. შეეცადეთ, აპატიოთ და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მათი ნათქვამი. როცა თავს აიძულებთ, რომ გარეშეების ან საზოგადოების შეხედულებისამებრ მოიქცეთ, ამით საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებთ“ (Leavetaking—When and How to Say Goodbye).

      რასაკვირველია, ადამიანები სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან გულისტკივილს. ჩვენ არ ვცდილობთ ტკივილთან გასამკლავებლად რაიმე კონკრეტული საშუალების შემოთავაზებას. მდგომარეობა მაშინ რთულდება, როცა არაფერი იცვლება და მგლოვიარე რეალობას ვერა და ვერ ეგუება. ამ დროს შესაძლოა დაგჭირდეს თანამგრძნობი მეგობრების თანადგომა. ბიბლია ამბობს: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ამიტომ, ნუ მოგერიდებათ, მეგობრებს მხარდაჭერა სთხოვოთ, გული გადაუშალოთ და იტიროთ კიდეც.

      საყვარელი ადამიანის გლოვა სავსებით ბუნებრივია, და არაფერია დასაძრახი, თუ სხვებიც ხედავენ როგორ განიცდით. და მაინც, ჩნდება კითხვები: როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით? ნორმალურია, როცა სხვებზე ბრაზი მომდის ან მომხდარში საკუთარ თავს ვიდანაშაულებ? როგორ მოვერიო ჩემს გრძნობებს? რა დამეხმარება დანაკლისით გამოწვეული ტკივილის ატანაში? შემდეგ ნაწილში პასუხები გაეცემა ამ და სხვა კითხვებს.

      a მაგალითად, ნიგერიაში მცხოვრებ იორუბა ენაზე მოლაპარაკე ხალხს ტრადიციულად სულის გარდასახვის სწამს. როცა დედას შვილი უკვდება, გლოვა მხოლოდ მცირე ხნით გრძელდება. მათი ტრადიციის მიხედვით, თუ დედას სხვა შვილი შეეძინება, სავარაუდოდ, ის გარდასახული მკვდარი შვილი იქნება. მოძღვრება სულის უკვდავებისა და გარდასახვის შესახებ ეწინააღმდეგება ბიბლიას. ამიტომ იეჰოვას მოწმეები არ მიჰყვებიან ცრურწმენებზე აგებულ ტრადიციებს (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4, 20).

      დაფიქრდით:

      • რა გავლენას ახდენს კულტურა იმაზე, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები მწუხარებას?

      • რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ მწუხარების დაუფარავად გამოხატვა ნორმალურია?

      • როგორ რეაგირებს ზოგი საყვარელი ადამიანის სიკვდილზე? თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ?

      • რატომ იწვევს ღრმა ემოციურ ჭრილობას მეუღლის სიკვდილი?

      • როგორ გამოხატავს მწუხარებას მგლოვიარე? დასაძრახია მწუხარების გამოხატვა?

      • რა ახლავს თან გლოვას? (იხილეთ ჩარჩო მე-9 გვერდზე)

      • რა ამწვავებს მშობლების მდგომარეობას ჩვილის უეცარი სიკვდილის დროს? (იხილეთ ჩარჩო მე-12 გვერდზე)

      • რას გრძნობს დედების უმრავლესობა მუცლის მოშლის ან მკვდარი ბავშვის დაბადების დროს? (იხილეთ ჩარჩო მე-10 გვერდზე)

      გლოვის პროცესი

      გლოვის პროცესი იმას არ გულისხმობს, რომ მისი ყველა ეტაპი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ვითარდება. გლოვის დროს ადამიანებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და სხვადასხვა ხანგრძლივობის რეაქცია აქვთ. რა ეტაპებს მოიცავს გლოვის პროცესი? ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი.

      პირველი რეაქცია: პირველი შოკი; უნდობლობა; რეალობის უარყოფა; ყოველგვარი ემოციის დაკარგვა; დანაშაულის გრძნობა; ბრაზი.

      ღრმა მწუხარება: მეხსიერების დაკარგვა და უძილობა; გადაღლილობა; ხასიათის სწრაფი ცვალებადობა; განსჯის უნარის დაკარგვა და არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა; ისტერიკა; კვების რეჟიმის დარღვევის შედეგად წონაში მომატება ან დაკლება; ჯანმრთელობის გაუარესების სხვადასხვა სიმპტომი; ლეთარგია; შრომისუნარიანობის დაქვეითება; ჰალუცინაციები (მგლოვიარეს ჰგონია, ესმის მისი ხმა და ეხება მას); ბავშვის სიკვდილის შემთხვევაში მეუღლეზე გაღიზიანება.

      დამშვიდება: სევდანარევი მონატრება; სასიამოვნო მოგონება ზოგჯერ იუმორითაც კი.

      დედის ტკივილი — მუცლის მოშლა და მკვდარი ნაყოფის დაბადება

      მონა მოუთმენლად ელოდა კიდევ ერთი შვილის დაბადებას. ის ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს ეთამაშებოდა და ელაპარაკებოდა; ოცნებებში სულ მასთან იყო.

      დედასა და ჯერ არდაბადებულ ბავშვს შორის განსაკუთრებული კავშირია. მონა ამბობს: „რეიჩელ-ენი მუცლად ყოფნისას ისე ფართხალებდა, რომ მუცელზე დადებულ წიგნებს დაბლა მიყრიდა, თეთრად მათენებინებდა ღამეებს. დღემდე მახსოვს, როგორ სათუთად გაინძრა პირველად მუცელში. მის ყოველ განძრევაზე გული სიყვარულით მევსებოდა. იმასაც კი ვხვდებოდი, როდის რა აწუხებდა“.

      მონა განაგრძობს: „ექიმი როგორც იქნა დავარწმუნე, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. მანამდე ის მიმტკიცებდა, რომ ნერვიულობის საბაბი არ მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბავშვს ვკარგავდი. სრულიად მოულოდნელად ის მუცელში მკვეთრად შემოტრიალდა; მეორე დღეს კი ბავშვი დაიღუპა“.

      სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში ორსულ ქალთა 10—20 პროცენტის შემთხვევაში ორსულობა მუცლის მოშლით მთავრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად მილიონობით ქალს ეშლება მუცელი.

      ბევრი ვერ ხვდება, რომ მუცლის მოშლა ან მკვდარი ნაყოფის დაბადება ქალისთვის დიდი ტრაგედიაა. ეს ტკივილი მას შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ვერონიკა, რომელიც ახლა 50 წელს არის გადაცილებული, იხსენებს, რამდენჯერ მოეშალა მუცელი. ის დღემდე ვერ ივიწყებს ბავშვს, რომელიც 9 თვე მუცლით ატარა, ბოლოს კი მკვდარი დაიბადა. ვერონიკა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუცლით 6-კილოგრამიან მკვდარ ბავშვს დაატარებდა. მან თქვა: „დედისთვის იმაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როცა მკვდარ ბავშვს აჩენს“.

      ზოგჯერ თვითონ ქალებსაც კი არ ესმით ასეთი უბედური დედების ტკივილი. ერთი ქალი, რომელსაც მუცელი მოეშალა, წერდა: „საკუთარი თავზე გამოვცადე, თურმე რა საშინელება გადაუტანიათ ჩემს მეგობრებს. ახლა, როცა სხვების მხრიდან გულგრილობას ვგრძნობ, ვხვდები, რომ თავის დროზე მეც ასეთი ვიყავი მათ მიმართ“.

      წყვილი ერთმანეთს ეხუტება და გლოვობს

      ზოგ ქალს ჰგონია, რომ ქმარი ვერ იზიარებს ბავშვის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, რაც კიდევ ერთ სირთულეს ქმნის. ერთი ქალი ამბობს: „მაშინ ჩემს ქმარზე გული ამიცრუვდა. მისთვის ორსულობა არაფერს ნიშნავდა. მას არ შეეძლო ჩემი ტკივილის გაზიარება. ის მთელი გულით მანუგეშებდა, როცა შეშინებული ვიყავი, მაგრამ ჩემი მწუხარება ვერ გაიზიარა“.

      ქმრების ამგვარი რეაქცია ბუნებრივია, რადგან ფეხმძიმე დედის მსგავსად მამა ვერ გრძნობს ფიზიკურ სიახლოვეს ნაყოფთან და, შესაბამისად, არც ემოციური კავშირი აქვს მასთან. მიუხედავად ამისა, დანაკარგს ისიც განიცდის. ცოლმაც და ქმარმაც უნდა იცოდეს, რომ ორივე განიცდის, თუმცა ამ ტკივილს სხვადასხვანაირად გამოხატავენ. მათ მძიმე წუთებში უნდა თანაუგრძნონ ერთმანეთს. თუ ქმარი დარდს გულში იკლავს, ეს შეიძლება ცოლმა გულგრილობაში ჩაუთვალოს. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ, თქვენი განცდები ცრემლებით გამოხატოთ. გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი ფიქრები და გულში ჩაიკარით ის. დაანახვეთ მას, რომ ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ ერთმანეთი. ქმრებო, თანაუგრძნეთ თქვენს ცოლებს!

      ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი

      ჩვილის უეცარი სიკვდილი ოჯახისთვის დიდი ტრაგედიაა. არავინ მოელის, რომ ერთხელაც ჯანმრთელი ბავშვი აღარ გაიღვიძებს. ყველასთვის წარმოუდგენელია, რომ ჩვილი ან თუნდაც მოზრდილი ბავშვი მშობელზე ადრე მოკვდება. ბავშვი, რომლის მიმართაც დედა უსაზღვრო სიყვარულს გრძნობდა, მოულოდნელად უსაზღვრო წუხილის მიზეზად იქცევა.

      მშობლები დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებენ. ბავშვის სიკვდილში საკუთარ თავს იდანაშაულებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მხედველობიდან რაღაც გამორჩათ. მათ გამუდმებით ასეთი კითხვა უტრიალებთ თავში: „როგორ შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან არიდება?“b. ზოგჯერ ქმრები სრულიად უსაფუძვლოდ და გაუცნობიერებლადაც კი ადანაშაულებენ ცოლებს. სამსახურში წასულმა ჯანმრთელი ბავშვი დატოვა სახლში, შინ დაბრუნებულს კი ის მკვდარი დახვდა! სად იყო ამ დროს მისი ცოლი?! რას აკეთებდა?! ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ოჯახში დაძაბულობის განსამუხტავად.

      ტრაგედია შეიძლება სრულიად მოულოდნელმა და გაუთვალისწინებელმა გარემოებამ გამოიწვიოს. ბიბლია ამბობს: „ამ ცისქვეშეთში ისიც ვიხილე, რომ სწრაფები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ ყოველთვის საჭმელი და არც გამჭრიახებს — სიმდიდრე; ვერც მცოდნენი აღწევენ ყოველთვის წარმატებას, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

      როგორ შეუძლიათ სხვებს იმ ოჯახის დახმარება, რომელსაც ბავშვი მოუკვდა? ერთმა შვილმკვდარმა დედამ თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ არ მითხოვია, მეგობარმა სახლი დამილაგა. ზოგმა საჭმელი მოგვიმზადა. ზოგიც უბრალოდ უსიტყვოდ გულში მიხუტებდა. არ მინდოდა ჩემს უბედურებაზე ლაპარაკი და გამუდმებით იმის ახსნა, რაც მოხდა. მაღიზიანებდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობით დასმული კითხვები, რომლებითაც თითქოს მე მადანაშაულებდნენ. მე დედა ვარ და, ცხადია, ყველაფერს გავაკეთებდი ჩემი პატარის გადასარჩენად“.

      b ჩვილი ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომი ერთიდან ექვს თვემდე ბავშვებში შეინიშნება. ამ დროს ჯანმრთელი ბავშვი მოულოდნელად კვდება აუხსნელი მიზეზის გამო. ზოგის აზრით, თუ ბავშვს ზურგზე ან გვერდზე დააწვენენ და არა მუცელზე, შეიძლება ბავშვის სიკვდილი თავიდან აირიდონ, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს.

  • როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით?
    როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი
    • როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით?

      „ᲕᲒᲠᲫᲜᲝᲑᲓᲘ, რომ თავი მაქსიმალურად ხელში უნდა ამეყვანა“, — იხსენებს მაიკი მამის სიკვდილის პერიოდს. ის ფიქრობდა, რომ კაცს გრძნობების გამოხატვა არ შეჰფეროდა. მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ცდებოდა. როცა მეგობარს პაპა დაეღუპა, მაიკმა უკვე იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მან თქვა: «ეს რომ რამდენიმე წლის წინ მომხდარიყო, მეგობარს მხარზე ხელს დავადებდი და ვეტყოდი: „კაცი არა ხარ?!“. ახლა კი ხელი დავადე და ვუთხარი: „უფრო გაგიადვილდება, თუ არ შეეწინააღმდეგები შენს გრძნობას. თუ მარტო ყოფნა გინდა, მე წავალ; თუ გირჩევნია, რომ დავრჩე, დავრჩები. დარდს გულში ნუ ჩაიკლავ, თამამად გამოხატე შენი გრძნობები“».

      მერიენიც ფიქრობდა, რომ თავი ხელში უნდა აეყვანა და არ გამოეხატა თავისი გრძნობები, როცა მეუღლე დაეღუპა. «მაქსიმალურად ვცდილობდი, სხვებისთვის კარგი მაგალითი მიმეცა, — იხსენებს ის. — ამიტომ საკუთარ თავს ემოციის გამოხატვის უფლებას არ ვაძლევდი; ვცდილობდი, სხვების თვალში ძლიერი გამოვჩენილიყავი, თუმცა ეს მე ვერაფერში დამეხმარა. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი: „თუ გეტირება, იტირე. ნუ ეცდები, თავი ვინმეს ძლიერად მოაჩვენო. თავისუფლად გამოხატე შენი გრძნობები“».

      მაიკი და მერიენი გვირჩევენ: „დარდს გულში ნუ ჩაიკლავთ!“ და ისინი მართლებიც არიან, რადგან მწუხარების დროს აუცილებელია დაიცალოთ ემოციისგან. თუ ეს კარგად გექნებათ გააზრებული და თქვენს გრძნობებს გამოხატავთ, დაძაბულობა მოგეხსნებათ და აღარ დაითრგუნებით.

      რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ვერ გამოხატავს მწუხარებას. ადამიანის რეაქცია სიკვდილზე შეიძლება იმაზეც იყოს დამოკიდებული, მოულოდნელად უკვდება საყვარელი ადამიანი თუ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მაგრამ ერთი რამ ცხადია: საკუთარი თავის დათრგუნვამ შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას თქვენს ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობას. როგორ შეგიძლიათ გრძნობების გამოხატვა? ბიბლია ამ მხრივ კარგ რჩევებს გვაძლევს.

      როგორ გამოვხატოთ მწუხარება?

      სხვებისთვის გულის გადაშლა შვებას მოგგვრით. მას შემდეგ, რაც ძველი დროის პატრიარქმა იობმა 10 შვილი დაკარგა და ბევრი სხვა უბედურებაც დაატყდა თავს, თქვა: „მომძულდა სიცოცხლე; ჩივილს მოვყვები და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 1:2, 18, 19; 10:1). იობს მეტად აღარ შეეძლო გულში დარდის ჩაკვლა. მას უნდა გამოეხატა მწუხარება, უნდა ელაპარაკა თავის სატკივარზე. ინგლისელი დრამატურგი შექსპირიც ამბობდა, გული რომ არ გასკდეს, უნდა ამოთქვაო ტკივილი („მაკბეტი“).

      გულის გადაშლა ნამდვილი მეგობრისთვის, რომელიც მოთმინებითა და თანაგრძნობით მოგისმენთ, შვებას მოგგვრით (იგავები 17:17). ხშირად, როცა ჩვენს განცდებზე ვლაპარაკობთ, უკეთ გვესმის საკუთარი თავის და ტკივილსაც უფრო ადვილად ვუმკლავდებით. შეიძლება მისი გამოცდილება დაგეხმაროთ, ვისაც მსგავსი ტკივილი განუცდია. ერთმა შვილმკვდარმა დედამ აღნიშნა, თუ რატომ იყო მისთვის მანუგეშებელი იმ ქალთან საუბარი, რომელმაც მსგავსი უბედურება გადაიტანა: „მანუგეშა იმან, რომ სხვამ, ვინც მსგავსი მწუხარება გამოიარა, მოერია ტკივილს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა“.

      მგლოვიარე ქალს თავისი გრძნობები ფურცელზე გადმოაქვს

      ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ გრძნობების ფურცელზე გადატანამ შეიძლება ტკივილი შეგიმსუბუქოთ.

      როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გიჭირთ თქვენს გრძნობებზე საუბარი? დავითმა საულისა და იონათანის სიკვდილის შემდეგ ძლიერი ემოციების გამომხატველი სამგლოვიარო სიმღერა შეთხზა, რომელშიც მან მთელი თავისი ტკივილი ჩააქსოვა. ეს სევდიანი სიმღერა ბიბლიაში ჩაიწერა, კერძოდ „მეორე სამუელში“ (2 სამუელი 1:17—27; 2 მატიანე 35:25). მსგავსად, ზოგს თავისი მწუხარების ფურცელზე გადმოტანა უფრო უადვილდება. მაგალითად, ერთ ქვრივს თავისი განცდები ფურცელზე გადმოაქვს და რამდენიმე დღის შემდეგ კითხულობს. ეს მას ძალიან ეხმარება.

      განცდების ფურცელზე გადატანა ან სხვებისთვის გულის გადაშლა ტკივილს შეგიმსუბუქებთ. ამგვარად, გაუგებრობებსაც აირიდებთ თავიდან. მგლოვიარე დედა ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ზოგიერთს ოჯახი დაენგრა, და არ გვინდოდა, ჩვენც იმავე საშიშროების წინაშე დავმდგარიყავით. ამიტომ, როცა ერთმანეთზე ვღიზიანდებოდით და იმის სურვილი გვიჩნდებოდა, რომ ერთმანეთი დაგვედანაშაულებინა, გულახდილად ვსაუბრობდით. ვფიქრობ, რომ ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან“. თუ გრძნობებს ერთმანეთს გაუზიარებთ, მიხვდებით, რომ მართალია, საერთო ტკივილი გაქვთ, მაგრამ თითოეული თქვენებურად განიცდით ამ დანაკარგს.

      ტკივილის შემამსუბუქებელი კიდევ ერთი საშუალება ტირილია. „[არის] ტირილის დრო“, — ამბობს ბიბლია (ეკლესიასტე 3:1, 4). ასეთი დრო მაშინ დგება, როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება. ტირილი შვებას გვგვრის და თავს უკეთესად ვგრძნობთ.

      ერთი ახალგაზრდა ქალი იხსენებს, როგორ დაეხმარა ახლო მეგობარი, აეტანა დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. ის ამბობს: „მეგობარი ყოველთვის გვერდით მყავდა. ჩემთან ერთად ტიროდა და მესაუბრებოდა. მე მასთან თავისუფლად გამოვხატავდი ემოციებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ მრცხვენოდა ჩემი ცრემლების“ (იხილეთ რომაელების 12:15). ნურც თქვენ შეგრცხვებათ თქვენი ცრემლების. როგორც დავინახეთ, იესოს და ბიბლიაში მოხსენიებულ სხვა ღვთის მსახურებს არ რცხვენოდათ, თავიანთი მწუხარება ცრემლებით გამოეხატათ (დაბადება 50:3; 2 სამუელი 1:11, 12; იოანე 11:33, 35).

      მგლოვიარეებს სხვები ანუგეშებენ

      ყველა ადამიანი აფასებს ნუგეშისცემას, კულტურისა თუ წარმომავლობის მიუხედავად.

      ზოგჯერ შეიძლება გაგიჭირდეთ ემოციების გაკონტროლება და ცრემლები თქვენდა უნებურად წამოგივიდეთ. ერთი ქვრივი ამბობს, რომ მაღაზიაში (სადაც მანამდე ერთად დადიოდნენ) ტირილი უვარდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნებლიეთ მეუღლესთვის საყვარელი პროდუქტებისკენ გაექცეოდა ხელი. ბევრს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს და ცრემლებს ნუ შეიკავებთ. გახსოვდეთ, რომ გლოვის დროს ტირილი აბსოლუტურად ბუნებრივია.

      დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება

      როგორც აღვნიშნეთ, საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ზოგს დანაშაულის გრძნობა ტანჯავს. შესაძლოა სწორედ ეს იყო ერთგული იაკობის უდიდესი მწუხარების მიზეზი; ის დაარწმუნეს, რომ მისი შვილი, იოსები, ნადირმა დაგლიჯა. იაკობმა თვითონ გაგზავნა იოსები თავისი ძმების მოსანახულებლად. ამიტომ შესაძლოა თავს ასე იდანაშაულებდა: „რატომ გავუშვი იოსები მარტო?! რატომ გავგზავნე იქ, სადაც ბევრი მხეცია?!“ (დაბადება 37:33—35).

      შესაძლოა ფიქრობთ, რომ ახლობლის სიკვდილი გარკვეულწილად თქვენი უყურადღებობის ბრალია. შვებას მოგგვრით იმის გაანალიზება, რომ დანაშაულის გრძნობა — უსაფუძვლოა თუ საფუძვლიანი — სავსებით ბუნებრივია. გულში ნუ ჩაიკლავთ მსგავს გრძნობებს. თუ ამის შესახებ ისაუბრებთ, გულზე მოგეშვებათ.

      აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ, თუნდაც ძალიან გვიყვარდეს ვინმე, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მის ცხოვრებას და ვერც „დროისა და შემთხვევისგან“ დავიცავთ მას (ეკლესიასტე 9:11). ფაქტია, რომ თქვენ მხოლოდ საუკეთესო გინდოდათ თქვენი ახლობლისთვის. მაგალითად, თუ დროულად ვერ მიმართეთ ექიმს, განა ეს იმას ნიშნავს, რომ გინდოდათ მისი ავადმყოფობა და სიკვდილი?! რა თქმა უნდა, არა! მაშ, თქვენ ხართ დამნაშავე მის სიკვდილში? ცხადია, არა!

      ერთი დედა, რომელსაც ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მოერია დანაშულის გრძნობას და თქვა: „თავს ვიდანაშაულებდი, რადგან მე გავუშვი. თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს უაზრობა იყო. ცუდი რა არის იმაში, თუ შვილს მამასთან ერთად გაუშვებ საქმეზე. ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო“.

      შესაძლოა ფიქრობთ: „რამდენი რამის თქმა და გაკეთება მინდოდა მისთვის“. ეს გასაგებია, მაგრამ რომელ ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ იდეალური მამა, დედა ან შვილია?! ბიბლია შეგვახსენებს: „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2; რომაელები 5:12). შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ უნაკლო არ ხართ. სულ იმაზე ფიქრი, ნეტავ ასე არ მომხდარიყო, არაფერს შეცვლის, პირიქით თქვენი რეაბილიტაციის პროცესს შეაფერხებს.

      თუ ფიქრობთ, რომ თავის დასადანაშაულებლად საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, ყველაზე მეტად ღვთის მიმტევებლობაზე ფიქრი შეგიმსუბუქებთ დანაშაულის გრძნობას. ბიბლია გვარწმუნებს: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?! ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ“ (ფსალმუნი 130:3, 4). წარსულს ვერ დააბრუნებთ და ვერც ვერაფერს შეცვლით. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ ღმერთს პატიება სთხოვოთ წარსულში ჩადენილი შეცდომებისთვის. თუ იეჰოვა გპირდებათ, რომ გაპატიებთ შეცდომებს, განა თქვენ არ უნდა აპატიოთ საკუთარ თავს?! (იგავები 28:13; 1 იოანე 1:9).

      ბრაზთან გამკლავება

      თქვენც ხომ არ ბრაზდებით მედპერსონალზე, მეგობრებზე ან თუნდაც გარდაცვლილზე? იცოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი რეაქციაა საყვარელი ადამიანის სიკვდილზე. ზოგჯერ ბრაზს ტკივილი იწვევს. ერთმა მწერალმა თქვა: „საკუთარ თავში ამ გრძნობის აღმოჩენა — აღმოჩენა და არა მისი გამოვლენა — თავიდან აგარიდებთ ცუდ შედეგებს“.

      სიბრაზის გამოხატვა ან სხვებთან უარყოფით გრძნობებზე საუბარი შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს თქვენთვის. როგორ? რასაკვირველია, ამაში ბრაზის გადმონთხევა არ იგულისხმება. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სიბრაზის გულში ჩატოვება საშიშია (იგავები 14:29, 30). შეიძლება თავი უკეთ იგრძნოთ, თუ თქვენს განცდებს თანამგრძნობ მეგობარს გაუზიარებთ. ზოგს სიბრაზესთან გამკლავებაში ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში დაეხმარა (იხილეთ აგრეთვე ეფესოელების 4:25, 26).

      მნიშვნელოვანია თქვენს გრძნობებზე გულწრფელად და გულახდილად ისაუბროთ, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. დიდი სხვაობაა გრძნობების გამოხატვასა და რისხვის გადმონთხევას შორის. არ იქნებოდა კარგი სხვებზე გეყარათ ჯავრი. ამიტომ შეეცადეთ, საუბრის დროს ემოციები მოთოკოთ და აგრესია არ გამოავლინოთ (იგავები 18:21). მოდი ახლა ვისაუბროთ, ყველაზე უკეთ, რა დაგეხმარებათ ტკივილთან გამკლავებაში.

      ღვთის თანადგომა

      ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმუნი 34:18). ყველაზე უკეთ ტკივილთან გამკლავებაში ღმერთთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. როგორ? ამ ბროშურაში განხილული რჩევები ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მომდინარეობს. მათი გათვალისწინება შვებას მოგგვრით.

      ნუ გააუფასურებთ ლოცვის ძალას. ბიბლია მოგვიწოდებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). თუ თანამგრძნობი მეგობრისთვის გულის გადაშლამ დაგამშვიდათ, დაფიქრდით, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს, თუ „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ გაანდობთ თქვენს სატკივარს (2 კორინთელები 1:3).

      ლოცვა უბრალოდ თერაპია არ არის. „ლოცვების მომსმენი“ წმინდა სულს ჰპირდება ყველა თავის მსახურს, ვინც მთელი გულით სთხოვს (ფსალმუნი 65:2; ლუკა 11:13). ღვთის წმინდა სული, ანუ მოქმედი ძალა, ყოველდღიურად მოგცემთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). გახსოვდეთ, რომ ღმერთი თავის ერთგულებს ნებისმიერი სირთულის გადატანაში დაეხმარება!

      ერთი შვილმკვდარი დედა იხსენებს, როგორ დაეხმარა ლოცვა მას და მის მეუღლეს ტკივილის ატანაში: „საღამოობით სახლში მარტო დარჩენილებს, როცა წუხილი მეტისმეტად გვეძალებოდა, ხმამაღლა ვიწყებდით ლოცვას . . . გვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ახლა უკვე ყველაფერი მის გარეშე უნდა გაგვეკეთებინა — დავსწრებოდით კრებას თუ კონგრესს. ვლოცულობდით, რადგან ღვთისგან გამაგრება გვჭირდებოდა. ყოველი ახალი დღის დაწყება გვიჭირდა, რადგან რეალობას თვალს ვერ ვუსწორებდით. სულგამწარებულები ვთხოვდით შველას იეჰოვას. გასაგები მიზეზების გამო სახლში მარტო შესვლა ძალიან მიჭირდა. ამიტომ, ყოველთვის, როცა მარტო მიწევდა შინ დაბრუნება, ლოცვით ვთხოვდი იეჰოვას, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაში დამხმარებოდა“. ეს ღვთისმოშიში ქალი დარწმუნებული იყო, რომ ლოცვა შეუმსუბუქებდა მას მდგომარეობას. თქვენც დარწმუნდებით, რომ თქვენი დაჟინებული ლოცვის პასუხად „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7; რომაელები 12:12).

      ღვთისგან მიღებული დახმარება მდგომარეობას აუცილებლად შეგიმსუბუქებთ. მოციქულმა პავლემ თქვა: „[ღმერთი] ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“. მართალია, ეს ტკივილისგან არ გაგვათავისუფლებს, მაგრამ თავს უკეთესად გვაგრძნობინებს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდაცვლილ ახლობელზე აღარასდროს აგეტირებათ ან აღარ გაიხსენებთ მას. უბრალოდ შეძლებთ ტკივილის მიუხედავად ცხოვრება განაგრძოთ! გადატანილი ტრაგედია უფრო თანამგრძნობსა და გულისხმიერს გაგხდით მათ მიმართ, ვინც მსგავს ტკივილს განიცდის (2 კორინთელები 1:4).

      დაფიქრდით:

      • რატომ არის მნიშვნელოვანი მწუხარების გამოხატვა?

      • როგორ შეგიძლიათ ტკივილის შემსუბუქება?

      • როგორ გვეხმარება წმინდა წერილები დანაშაულის გრძნობასა და ბრაზთან გამკლავებაში?

      • როგორ გვეხმარება ღმერთთან დაახლოება საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის ატანაში?

      • რომელი პრაქტიკული რჩევების გათვალისწინება შეგვიმსუბუქებს საწუხარს?

      პრაქტიკული რჩევები

      ენდეთ მეგობრებს. უარს ნუ იტყვით, თუ დახმარებას შემოგთავაზებენ. დაფიქრდით: შეიძლება თქვენი მეგობრები საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ თქვენს სანუგეშებლად და ცდილობენ, პრაქტიკული დახმარებით გაგრძნობინონ, რომ განიცდიან თქვენს მდგომარეობას (იგავები 18:24).

      იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით პირველ ხანებში მწუხარებამ შეიძლება სრულიად გამოგფიტოთ. ამ დროს აუცილებელია საკმარისად დაისვენოთ, ივარჯიშოთ და სათანადოდ იკვებოთ. კარგი იქნება, თუ დროდადრო ოჯახის ექიმს მიმართავთ.

      სამომავლოდ გადადეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. თუ შესაძლებელია, ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებები, როგორიცაა სახლის გაყიდვა ან სამსახურის შეცვლა იქამდე არ მიიღოთ, ვიდრე თქვენი ემოციური ფონი არ გადაივლის (იგავები 21:5). ქმრის სიკვდილის შემდეგ ერთმა ქვრივმა მალევე გააჩუქა ქმრის პირადი ნივთები. მოგვიანებით კი ინანა, რომ ისეთი ნივთებიც გააჩუქა, რომლებთანაც სასიამოვნო მოგონებები აკავშირებდა.

      ლმობიერი იყავით საკუთარი თავის მიმართ. ჩვეულებრივ, გლოვის პერიოდი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ზოგს ჰგონია. შეიძლება ტკივილი საყვარელი ადამიანის სიკვდილის დღის მოახლოებისას განგიახლდეთ. ზოგი სურათი, სიმღერა და თუნდაც ნაცნობი სუნი შეიძლება თქვენი ტირილის მიზეზი გახდეს. ერთ მეცნიერულ ნაშრომში გლოვის პერიოდი შემდეგნაირად ხასიათდება: „მგლოვიარე შესაძლოა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდეს; ის შეიძლება ხან თავს არიდებდეს საყვარელ ადამიანზე ფიქრს, ხან სულ მასზე ფიქრობდეს“. როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენ გვერდით იქნება და არ მიგატოვებთ (ფილიპელები 4:8, 9).

      ანგარიში გაუწიეთ სხვებს. შეეცადეთ, მომთმენი იყოთ სხვების მიმართ. დაფიქრდით, რა უხერხულად გრძნობენ ისინი თავს იმის გამო, რომ სათანადო სიტყვები ვერ შეარჩიეს და რაღაც უტაქტოდ გამოუვიდათ (კოლოსელები 3:12, 13).

      ტკივილის გაყუჩებას წამლითა და ალკოჰოლით ნუ შეეცდებით. წამლისა და ალკოჰოლის ეფექტი დროებითია. მხოლოდ ის მედიკამენტები მიიღეთ, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ. თუმცა ფრთხილად იყავით, რომ მათზე დამოკიდებული არ გახდეთ. თანაც შეიძლება მედიკამენტებმა გლოვის პროცესი გაგიხანგრძლივოთ. ერთი ექიმი გვირჩევს: „ტრაგედიას უნდა გაუმკლავდე, საყვარელი ადამიანი უნდა გამოიტირო და ბოლოს და ბოლოს გააცნობიერო მომხდარი. მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ რეაბილიტაციის პროცესი მკვეთრად ფერხდება ან არასასურველი შედეგით მთავრდება“. ნამდვილი შვება იეჰოვას დიდებულ განზრახვებზე ფიქრს მოაქვს (ფსალმუნი 1:2; 119:97).

      დაუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. შესაძლოა თავიდან გაგიჭირდეთ სამსახურში და საყიდლებზე წასვლა ან სხვა მოვალეობების შესრულება. მაგრამ, თუ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით, ეს თქვენთვისვე აჯობებს. აქტიურად ჩაებით ღვთის მსახურებაში (შეადარეთ 1 კორინთელების 15:58).

      შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ტკივილი თანდათან გაგიყუჩდებათ. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგ მგლოვიარეს აშინებს ის ფაქტი, რომ პირვანდელი სიმძაფრით ვეღარ განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვას. მათ ჰგონიათ, რომ გარდაცვლილის მიმართ სიყვარული გაუნელდათ. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ტკივილის ადგილს თანდათანობით სასიამოვნო მოგონებები დაიკავებს, რომლებიც სამუდამოდ თქვენს მეხსიერებაში დარჩება (ეკლესიასტე 3:1, 4).

      ზედმეტად ნუ ინერვიულებთ. შეიძლება ხვალინდელ დღეზე ფიქრი მოსვენებას გიკარგავთ. ბიბლია გვირჩევს მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვიზრუნოთ. „როცა ზედმეტად არ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ“, — ამბობს ერთი ქვრივი. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს“ (მათე 6:25—34).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება