-
როცა საყვარელი ადამიანი გიკვდებათსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
-
-
როცა საყვარელი ადამიანი გიკვდებათ
ორიათას შვიდი წლის 17 ივლისს, სამშაბათს, დაახლოებით 7 საათზე, ბრაზილიაში სან-პაულუს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და დიდ საწყობს შეეჯახა. ამ უბედურმა შემთხვევამ დაახლოებით 200 ადამიანი შეიწირა.
ბრაზილიაში მომხდარი ეს შემაძრწუნებელი ავიაკატასტროფა არასდროს დაავიწყდება მათ, ვინც მაშინ საყვარელი ადამიანი დაკარგა. კლაუდეტემაც ამ დროს განიცადა უდიდესი დანაკლისი. ის ტელევიზორს უყურებდა, როცა ავიაკატასტროფის შესახებ გაიგო. ამ თვითმფრინავში მისი 26 წლის შვილი რენატო იჯდა, რომელიც ოქტომბერში დაქორწინებას აპირებდა. თავზარდაცემულმა კლაუდეტემ შვილს მაშინვე მობილურ ტელეფონზე დაურეკა, მაგრამ ამაოდ. ის ჩაიკეცა, იატაკზე დავარდა და მწარედ აქვითინდა.
ანჟეს საქმრო 1986 წლის იანვარში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ამბის გაგებამ მას თავზარი დასცა: „ვერ ვიჯერებდი, რომ ის აღარ იყო; მეგონა კოშმარს ვხედავდი, მალე გავიღვიძებდი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. მთელი სხეული მიცახცახებდა და ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს მუცელში ხანჯალი ჩამცესო“. ანჟე სამი წლის განმავლობაში დეპრესიიდან ვერ გამოდიოდა. ახლაც კი, როცა ამ შემთხვევიდან 20 წელზე მეტია გასული, მომხდარის გახსენებისას ანჟეს ცივი ოფლი ასხამს.
შეუძლებელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც კაცი ასეთი ტრაგედიის დროს განიცდის; ახლობლებისთვის თავზარდამცემი, დაუჯერებელი და გამანადგურებელია მოულოდნელი დანაკლისი. ტკივილი აუტანელია მაშინაც, როცა საყვარელი ადამიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო გეცლება ხელიდან. შეუძლებელია ბოლომდე შეეგუო იმ აზრს, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით აღარ გყავს. ნენსის დედა 2002 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დაეღუპა, მაგრამ დედის გარდაცვალების დღეს საავადმყოფოში თავზარდაცემული ჩაიკეცა; მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ დედაზე ფიქრისას ნენსი დღესაც ტირის.
„დანაკლისს ვერაფერი შეავსებს, ადამიანი უბრალოდ ეგუება შექმნილ მდგომარეობას“, — ამბობს დოქტორ ჰოლი პრიგერსონი. თუ სიკვდილმა მოულოდნელად ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად საყვარელი ადამიანი წაგართვათ, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები: ნორმალურია მწუხარების გამოხატვა? როგორ გავუმკლავდე საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს? ოდესმე ისევ ვნახავ მას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
EVERTON DE FREITAS/AFP/Getty Images
-
-
როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
-
-
«მიდიოდნენ მის [იაკობის] სანუგეშებლად მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ იღებდა ნუგეშს, ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში!“ დასტიროდა მას მამამისი» (დაბადება 37:35).
პატრიარქი იაკობი მოთქვამდა და შვილს დასტიროდა; ფიქრობდა, რომ მის მწუხარებას სიკვდილის გარდა ვერაფერი მოერეოდა. იაკობის მსგავსად, შეიძლება თქვენც ფიქრობთ, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არასოდეს გაგიყუჩდებათ. ღრმა მწუხარების გამოვლენა არის რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელი? რასაკვირველია, არა!
ბიბლია იაკობს ისეთ კაცად გვაცნობს, რომელიც რწმენით დადიოდა. იაკობის რწმენა მისი პაპის — აბრაამისა და მამის — ისააკის რწმენასავით ძლიერი იყო (ებრაელები 11:8, 9, 13). ერთხელ ღვთისგან კურთხევის მისაღებად, ანგელოზსაც კი ერკინებოდა ის მთელი ღამე! (დაბადება 32:24—30). როგორც ჩანს, იაკობს იეჰოვასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რას გვასწავლის ეს ისტორია? საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის მძაფრი განცდა სუსტი რწმენის მაჩვენებელი არ არის; მწუხარების გამოხატვა ნორმალური და ბუნებრივია.
მწუხარება
მწუხარებამ შეიძლება ჩვენზე სხვადასხვაგვარად იმოქმედოს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ამ დროს აუტანელ ემოციურ ტკივილს განიცდის. განვიხილოთ 14 წლის ლეონარდოს შემთხვევა, რომლის მამასაც გულმა უმტყუნა და მოულოდნელად დაიღუპა. ლეონარდოს არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა დეიდამ მამის სიკვდილი გააგებინა. თავიდან ვერ იჯერებდა, რომ ეს სიმართლე იყო. დაკრძალვაზე ლეონარდო უყურებდა მამის ცხედარს, მაგრამ თავი სიზმარში ეგონა. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ის ვერ ტიროდა. ხშირად უგრძვნია, რომ სამსახურიდან მამის დაბრუნებას ელოდა. ერთი წელი დასჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ მამა აღარ ჰყავდა; როცა ეს გააცნობიერა, საშინელი სიმარტოვე იგრძნო. ცარიელ სახლში ყოველი შესვლა ლეონარდოს კიდევ ერთხელ ახსენებდა, რომ მამა აღარ იყო. ასეთ დროს ის ხშირად თავს ვერ იკავებდა და ტიროდა. მას ძალიან ენატრებოდა მამა!
როგორც ლეონარდოს შემთხვევიდან ჩანს, ემოციური ტკივილი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს. ამ ტკივილის გაყუჩება შესაძლებელია, მაგრამ ამას დრო სჭირდება. როგორც ღრმა ფიზიკურ ჭრილობას სჭირდება დრო შესახორცებლად, ისე — დიდი დანაკლისით მიყენებულ ემოციურ ჭრილობას. ტკივილის გაყუჩებას შეიძლება თვეები, რამდენიმე წელი ან მეტიც კი დასჭირდეს, მაგრამ მწვავე ტკივილი დროთა განმავლობაში ნელდება და ნელ-ნელა ჭირისუფალს ცხოვრება ნაკლებად დამთრგუნველი და აზრს მოკლებული ეჩვენება.
როგორც ამბობენ, მწუხარების გამოხატვა ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას და მდგომარეობასთან შეგუებას. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას სიცარიელე ჩნდება და ჭირისუფალი იძულებულია, გარდაცვლილის გარეშე ცხოვრებას შეეგუოს. ის შვებას იგრძნობს, თუ თავს არ შეიკავებს და გამოხატავს ტკივილს. მართალია, ყველა ერთნაირად არ გამოხატავს მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია — დარდის გულში ჩაკვლას ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია.
-