ვხარობთ, რომ იეჰოვა თავის გზას გვიჩვენებს
«წრფელია [„სრულყოფილია“, აქ] ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა» (მეორე მეფეთა 22:31).
1, 2. ა) რა მოთხოვნილება დევს ყველა ადამიანში? ბ) ვისი მაგალითის მიბაძვა იქნებოდა ჩვენთვის კარგი?
ყველა ადამიანში დევს ხელმძღვანელობის მოთხოვნილება. დიახ, ჩვენ დახმარება გვესაჭიროება, რომ ცხოვრებაში გზა გავიკვალოთ. მართალია, იეჰოვამ გარკვეულწილად დაგვაჯილდოვა გონებითა და სინდისით, რომ დაგვხმარებოდა სწორისა და არასწორის გარჩევაში. მაგრამ საიმედო ხელმძღვანელობის გასაწევად ჩვენს სინდისს გაწაფვა სჭირდება (ებრაელთა 5:14). სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ჩვენს გონებასაც ესაჭიროება სწორი ინფორმაცია — აგრეთვე გაწაფვა ამ ინფორმაციის შესაფასებლად (იგავნი 2:1–5). ასეთ შემთხვევაშიც კი ცხოვრების გაურკვეველი სიტუაციების გამო შეიძლება მთლად სასურველი გადაწყვეტილება ვერ მივიღოთ (ეკლესიასტე 9:11). ჩვენით ვერანაირად გავიგებთ, რას მოგვიტანს მომავალი.
2 ამ და სხვა მიზეზებით წინასწარმეტყველი იერემია წერდა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იესო ქრისტე, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, ეხმაურებოდა ხელმძღვანელობას. მან თქვა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს“ (იოანე 5:19). ამიტომ რა გონივრულია, მივბაძოთ იესოს და დახმარება ვთხოვოთ იეჰოვას, რომ მიმართულება მისცეს ჩვენს ნაბიჯებს! მეფე დავითი მღეროდა: «წრფელია [„სრულყოფილია“, აქ] ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი» (მეორე მეფეთა 22:31). თუ საკუთარი სიბრძნის მიყოლის ნაცვლად იეჰოვას გზით სიარულს ვცდილობთ, სრულყოფილი ხელმძღვანელობა გაგვეწევა. ღვთის გზის უარყოფას კი უბედურება მოაქვს.
იეჰოვა გვიჩვენებს გზას
3. როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა ადამსა და ევას და რა პერსპექტივებით?
3 ყურადღება მიაქციეთ ადამისა და ევას შემთხვევას. თუმცა უცოდველები იყვნენ, მათ ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდათ. იეჰოვას არ მიუტოვებია ადამი, რომ ედემის მშვენიერ ბაღში მას თვითონ დაეგეგმა თავისთვის ყველაფერი. ნაცვლად ამისა, ღმერთმა მას დავალება მისცა. უპირველესად, ადამს ცხოველებისთვის სახელები უნდა დაერქვა. გარდა ამისა, იეჰოვამ ადამსა და ევას ხანგრძლივი მიზნები დაუსახა. ისინი უნდა დაუფლებოდნენ მთელ დედამიწას, აევსოთ ის შთამომავლებით და ეზრუნათ ცხოველებზე (დაბადება 1:28). ეს დიდ შრომას მოითხოვდა, მაგრამ, საბოლოოდ, მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა ცხოველთა სამყაროსთან ჰარმონიაში მცხოვრებ სრულყოფილ ადამიანთა მოდგმით სავსე სამოთხე. რა შესანიშნავი პერსპექტივაა! გარდა ამისა, სანამ ადამი და ევა ერთგულად ივლიდნენ იეჰოვას გზით, ურთიერთობა ექნებოდათ მასთან (შეადარეთ დაბადება 3:8). რა სასწაულებრივი უპირატესობაა შემოქმედთან მუდმივი ურთიერთობა!
4. როგორ გამოავლინეს ადამმა და ევამ, რომ არ ენდობოდნენ იეჰოვას და არ იყვნენ ერთგულები, და რა სამწუხარო შედეგებით?
4 პირველ წყვილს იეჰოვამ აუკრძალა ედემში არსებული კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა, რამაც კარგი შესაძლებლობა მისცა მათ, ეჩვენებინათ თავიანთი მორჩილება, ანუ სურვილი — ევლოთ იეჰოვას გზით (დაბადება 2:17). მაგრამ მალე ეს მორჩილება გამოიცადა. როდესაც სატანამ ადამსა და ევას მაცდუნებელი სიტყვებით მიმართა, მორჩილების შესანარჩუნებლად მათ იეჰოვასადმი ერთგულება უნდა გამოევლინათ და მის აღთქმებს მინდობოდნენ. სამწუხაროდ, მათ არ გააკეთეს ეს. როცა სატანამ დამოუკიდებლობა შესთავაზა ევას და ღმერთი სიცრუეში დაადანაშაულა, ის მოტყუვდა და არ დაემორჩილა ღმერთს. ცოდვაში მას ადამიც შეუერთდა (დაბადება 3:1–6; 1 ტიმოთე 2:14). ამის გამო მათ დიდებული რამ დაკარგეს. იეჰოვას გზით სიარული მისი ნების თანდათან შესრულებასთან ერთად სიხარულსაც გაუზრდიდა. ნაცვლად ამისა, მათი ცხოვრება გულგატეხილობამ და ტკივილმა მოიცვა, სანამ, საბოლოოდ, სიკვდილი არ ეწეოდა მათ (დაბადება 3:16–19; 5:1–5).
5. რა არის იეჰოვას განზრახვა და როგორ ეხმარება ის ერთგულებს, რომ იხილონ ამ განზრახვის შესრულება?
5 მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ შეუცვლია თავისი განზრახვა, რომ ერთ დღეს დედამიწა სრულყოფილი, უცოდველი ადამიანებისთვის სამოთხისებურ სახლად იქცეს (ფსალმუნი 36:11, 29). ის არასოდეს ტოვებს სრულყოფილი ხელმძღვანელობის გარეშე მათ, ვინც მისი გზით დადის და ამ დანაპირების შესრულების იმედი აქვს. ვისაც ყურები გვაქვს სასმენად, ჩვენ უკან იეჰოვას ხმა ისმის: „აჰა, გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21).
ზოგი დადიოდა იეჰოვას გზით
6. ძველ დროში მცხოვრები რომელი ორი პიროვნება დადიოდა იეჰოვას გზით და რა შედეგით?
6 ბიბლიის თანახმად, ადამისა და ევას შთამომავლებიდან მხოლოდ უმცირესობა დადიოდა იეჰოვას გზით. პირველი მათგანი იყო აბელი. თუმცა ნაადრევად დაიღუპა, მან იეჰოვას მოწონება დაიმსახურა და, ამგვარად, უეჭველი პერსპექტივა აქვს, წილი ჰქონდეს ღვთის მიერ დანიშნულ დროს ‘მართალთა მკვდრეთით აღდგომაში’ (საქმეები 24:15). ის იხილავს დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით იეჰოვას დიდებული განზრახვის საბოლოო შესრულებას (ებრაელთა 11:4). მეორე, ვინც იეჰოვას გზით დადიოდა, იყო ენოქი, რომლის წინასწარმეტყველებაც ამ სისტემის აღსასრულის შესახებ შემონახულია იუდას წიგნში (იუდა 14, 15). არც ენოქი მომკვდარა თავისი სიკვდილით (დაბადება 5:21–24). მაგრამ „მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა“ (ებრაელთა 11:5). სიკვდილისას, აბელის მსგავსად, მასაც მკვდრეთით აღდგომის უდავო პერსპექტივა ჰქონდა და ის მათ შორის იქნება, ვინც იეჰოვას განზრახვების შესრულებას იხილავს.
7. როგორ გამოავლინეს ნოემ და მისმა ოჯახმა იეჰოვასადმი ერთგულება და მასზე მინდობა?
7 იმ დროს, როცა წარღვნამდელი მსოფლიო ბოროტებაში იძირებოდა, იეჰოვასადმი მორჩილება ერთგულების უფრო და უფრო დიდი გამოცდა ხდებოდა. იმ წუთისოფლის აღსასრულისთვის მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი აღმოჩნდა იეჰოვას გზით მოსიარულე. ნოემ და მისმა ოჯახმა მოუსმინეს ღმერთს და ენდნენ მის ნათქვამს. მათ ერთგულად შეასრულეს თავიანთი დავალება და არ აჰყვნენ იმ დღეების წუთისოფლის ბოროტ ჩვევებს (დაბადება 6:5–7, 13–16; ებრაელთა 11:7; 2 პეტრე 2:5). შეგვიძლია მადლიერები ვიყოთ, რომ მათ ერთგული და მიმნდობი მორჩილება გამოავლინეს. ამის წყალობით, მათ წარღვნა გადაიტანეს და ჩვენი წინაპრები გახდნენ (დაბადება 6:22; 1 პეტრე 3:20).
8. რა შედიოდა ისრაელი ერისთვის ღვთის გზით სიარულში?
8 დროთა განმავლობაში იეჰოვამ კავშირი დაუდო ერთგული იაკობის შთამომავლებს და ისინი მის განსაკუთრებულ ერად იქცნენ (გამოსვლა 19:5, 6). იეჰოვა მათ ხელმძღვანელობას უწევდა დაწერილი რჯულის, სამღვდელოებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით უწყვეტი მითითებებით. მაგრამ ამ ხელმძღვანელობის მიყოლა ისრაელებზე იყო დამოკიდებული. იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველს ისრაელებისთვის ათქმევინა: „უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას: კურთხევას — თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს, შეჩვენებას — თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ“ (მეორე რჯული 11:26–28).
რატომ მიატოვა ზოგმა იეჰოვას გზა
9, 10. რა სიტუაციის გამო უნდა მინდობოდნენ ისრაელები იეჰოვას და განევითარებინათ მისადმი ერთგულება?
9 როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში იყო, ისრაელები იეჰოვას მორჩილები რომ დარჩენილიყვნენ, უნდა მინდობოდნენ მას და ერთგულები ყოფილიყვნენ. ისრაელი პატარა ერი იყო, რომელსაც გარშემო მოდავე მეზობლები ჰყავდა. სამხრეთ-დასავლეთით ეგვიპტე და ეთიოპია იყო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სირია და ასურეთი, ახლომახლო — ფილისტია, ყამონი, მოაბი და ედომი. ზოგჯერ ყველა ესენი ისრაელის მტრები ხდებოდნენ. გარდა ამისა, ისინი ცრუ რელიგიას მისდევდნენ, რომელსაც ახასიათებდა კერპთაყვანისმცემლობა, ასტროლოგია, ზოგჯერ კი ძალიან უზნეო სექსუალური რიტუალები და უმოწყალოდ ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ისრაელის მეზობლები თავიანთი ღმერთებისგან დიდ ოჯახებს, უხვ მოსავალსა და ომებში გამარჯვებას მოელოდნენ.
10 მხოლოდ ისრაელი ეთაყვანებოდა ერთ ღმერთს — იეჰოვას. მან აღუთქვა მათ, რომ, თუკი დაემორჩილებოდნენ მის კანონებს, დიდი ოჯახებითა და უხვი მოსავლით აკურთხებდა და მტრებისგან დაიცავდა (მეორე რჯული 28:1–14). სამწუხაროდ, ისრაელში ბევრმა არ გააკეთა ეს. იმათგან კი, ვინც იეჰოვას გზით დადიოდა, მრავალი ერთგულების გამო იტანჯა. თანამემამულეებმა ზოგი აწამეს, ზოგს აგინეს, ზოგი გვემეს, საპყრობილეში ჩასვეს, ჩაქოლეს და დახოცეს კიდეც (საქმეები 7:51, 52; ებრაელთა 11:35–38). რა დიდი გამოცდა უნდა ყოფილიყო ეს ერთგული ადამიანებისთვის! მაგრამ რატომ გადაუხვია ასე ბევრმა იეჰოვას გზიდან? ისრაელის ისტორიიდან ორი მაგალითი დაგვეხმარება, დავინახოთ მათი არასწორი აზროვნება.
ახაზის ცუდი მაგალითი
11, 12. ა) რის გაკეთება უარყო ახაზმა, როდესაც სირია ემუქრებოდა? ბ) რომელი ორი წყაროდან მოელოდა ახაზი დაცვას?
11 ძვ. წ. მერვე საუკუნეში ახაზი სამხრეთ სამეფოს, იუდას, მართავდა. მისი მმართველობა მშვიდობიანი არ ყოფილა. ერთხელ სირიამ (არამი) და ისრაელმა, ჩრდილოეთ სამეფომ, გაილაშქრეს მის წინააღმდეგ და „შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული“ (ესაია 7:1, 2). მაგრამ, როდესაც იეჰოვამ ახაზს მხარდაჭერა და თავისი გამოცდა შესთავაზა, ახაზმა კატეგორიულად უარყო! (ესაია 7:10–12). შედეგად ამისა, იუდა ომში დამარცხდა და ბევრი ადამიანი დაკარგა (მეორე ნეშტთა 28:1–8).
12 თუმცა ახაზმა უარყო, გამოეცადა იეჰოვა, მას სულაც არ მორიდებია, დახმარება ეთხოვა ასურეთის (აშური) მეფისთვის. მაგრამ იუდა კვლავ იტანჯებოდა მეზობლების ხელში. როდესაც ასურეთიც ახაზის წინააღმდეგ წავიდა და „შეავიწროვა იგი“, მეფე „მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო“ (მეორე ნეშტთა 28:20, 23).
13. რა აჩვენა ახაზმა სირიის ღმერთებისთვის მიმართვით?
13 მოგვიანებით იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18). სირიის ღმერთებისთვის მიმართვით ახაზმა აჩვენა, რამდენად შორს იყო იგი ‘სავალ გზაზე წარმართვისგან’. გარშემო მყოფი ერების აზროვნების გავლენით ის ძალიან შეცდა, რომ დაცვას, იეჰოვას ნაცვლად, მათი ცრუ წყაროებიდან მოელოდა.
14. რატომ არ ჰქონდა ახაზს არანაირი გამართლება, როცა ცრუ ღმერთებს მიმართა?
14 იმ ერების, მათ შორის სირიის, ღმერთები დიდი ხნის განმავლობაში ავლენდნენ, რომ „უსარგებლო ღმერთები“ იყვნენ (ესაია 2:8, აქ). მანამდე, მეფე დავითის მმართველობის დროს, როდესაც სირიელები (არამელები) დავითის მორჩილები გახდნენ, გამოაშკარავდა, რომ იეჰოვა აღემატებოდა სირიის ღმერთებს (პირველი ნეშტთა 18:5, 6). მხოლოდ იეჰოვას, „ღმერთთა ღმერთსა და მეუფეთა მეუფეს, დიდ, ძლიერ და საშინელ ღმერთს“, შეეძლო ნამდვილი უსაფრთხოებით უზრუნველყოფა (მეორე რჯული 10:17). მიუხედავად ამისა, ახაზმა ზურგი აქცია იეჰოვას და დაცვისთვის სხვა ერების ღმერთებს მიმართა. შედეგი იუდასთვის სავალალო აღმოჩნდა (მეორე ნეშტთა 28:24, 25).
იუდაელები იერემიასთან ერთად ეგვიპტეში
15. რა მხრივ სცოდავდნენ იერემიას დღეებში მცხოვრები იუდაელები ეგვიპტეში?
15 თავისი ხალხის უკიდურესი ორგულობისთვის იეჰოვამ ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებს იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურებინა. ერის უმეტესი ნაწილი ბაბილონში გადაასახლეს, მაგრამ ზოგი, მათ შორის წინასწარმეტყველი იერემია, დატოვეს. მმართველ გედალიაჰუს მოკვლის შემდეგ ეს ჯგუფი ეგვიპტეში გაიქცა და იერემიაც თან წაიყვანა (მეოთხე მეფეთა 25:22–26; იერემია 43:5–7). იქ მათ ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს. იერემია შეაგონებდა ორგულ იუდაელებს, მაგრამ ისინი ჯიუტები იყვნენ. მათ უარი თქვეს იეჰოვასთან დაბრუნებაზე და დაიჟინეს, რომ კვლავაც „ცის დედოფალს“ უკმევდნენ საკმეველს. რატომ? იმიტომ რომ ამას აკეთებდნენ ისინი და მათი მამა-პაპა ‘იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ძღებოდნენ პურით, კარგად იყვნენ და უბედურება არ ენახათ’ (იერემია 44:16, 17). იუდაელები აგრეთვე აცხადებდნენ: „რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით“ (იერემია 44:18).
16. რატომ ჰქონდათ ეგვიპტეში მყოფ იუდაელებს უკიდურესად მცდარი აზროვნება?
16 ხომ კარგად უჭრიდათ მეხსიერება?! რა იყო სინამდვილეში? იუდაელები მართლა სწირავდნენ მსხვერპლს ცრუ ღმერთებს ქვეყანაში, რომელიც მათ იეჰოვამ უბოძა. ზოგჯერ, როგორც ახაზის დროს, ისინი ამ განდგომილების გამო იტანჯებოდნენ. მაგრამ იეჰოვა „სულგრძელი“ იყო თავისი მოკავშირე ხალხისადმი (გამოსვლა 34:6; ფსალმუნი 85:15). ის მათ თავის წინასწარმეტყველებს უგზავნიდა შესაგონებლად, რომ მოენანიებინათ. ზოგჯერ, როდესაც მეფე ერთგული იყო, იეჰოვა აკურთხებდა ხოლმე მას და ამ კურთხევით ხალხიც სარგებლობდა, თუმცა მათი უმეტესობა ორგული იყო (მეორე ნეშტთა 20:29–33; 27:1–6). როგორ ცდებოდნენ ეგვიპტეში მყოფი ის იუდაელები, როცა აცხადებდნენ, რომ, რა კეთილდღეობითაც კი ხარობდნენ თავიანთ სამშობლოში, ყველაფერი ცრუ ღმერთებისგან მომდინარეობდა!
17. რატომ დაკარგა იუდამ თავისი ქვეყანა და ტაძარი?
17 ძვ. წ. 607 წლამდე იეჰოვა დაჟინებით მოუწოდებდა იუდაელ ხალხს: „გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი“ (იერემია 7:23). იუდაელებმა დაკარგეს თავიანთი ტაძარი და ქვეყანა, რადგან უარი თქვეს, ევლოთ ‘ყველა გზაზე, რომელიც იეჰოვამ მიასწავლა’. მოდი ნურასოდეს დავუშვებთ ასეთ საბედისწერო შეცდომას.
იეჰოვა აკურთხებს მისი გზით მოსიარულეებს
18. რა მოეთხოვებათ იეჰოვას გზით მოსიარულეებს?
18 დღეს, ისევე როგორც წარსულში, იეჰოვას გზით სიარული მოითხოვს ერთგულებას — გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ მას ვემსახუროთ. მოითხოვს აგრეთვე მინდობას — სრულ რწმენას, რომ იეჰოვას აღთქმები საიმედოა და შესრულდება. იეჰოვას გზით სიარული მოითხოვს მორჩილებას — მისი კანონების მიყოლას ყოველგვარი გადახრის გარეშე და მისი მაღალი ნორმების დაცვას. „მართალია უფალი, უყვარს სიმართლე“ (ფსალმუნი 10:7).
19. რომელ ღმერთებს ეთაყვანება დღეს მრავალი და რა შედეგით?
19 ახაზი დაცვას სირიის ღმერთებისგან მოელოდა. ეგვიპტეში გაქცეული ისრაელები იმედოვნებდნენ, რომ „ცის დედოფალი“ — ქალღმერთი, რომლის თაყვანისცემაც ფართოდ იყო გავრცელებული ძველ შუა აღმოსავლეთში, — მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანდა მათ. დღეს მრავალი ღმერთი, პირდაპირი გაგებით, კერპი არ არის. იესო გვაფრთხილებდა გვემსახურა არა „მამონისთვის“, არამედ იეჰოვასთვის (მათე 6:24). მოციქული პავლე ლაპარაკობდა „ანგარებაზე, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5). მან აგრეთვე მოიხსენია ისინი, რომელთა ‘ღმერთი მუცელია’ (ფილიპელთა 3:19). დიახ, ფული და მატერიალური ქონება ის მთავარი ღმერთებია, რომლებსაც დღეს ეთაყვანებიან. სინამდვილეში, უმეტესობა — მათ შორის მრავალი სხვადასხვა რელიგიის წევრი — ‘მიენდო მაცდურ სიმდიდრეს’ (1 ტიმოთე 6:17). ბევრი მძიმედ შრომობს და ამ ღმერთებს ემსახურება; ზოგს უმართლებს კიდეც — ცხოვრობენ საუკეთესო სახლებში, აქვთ ძვირადღირებული ნივთები და ჭამენ მდიდრულ საჭმელებს. თუმცა ყველა არ არის ასეთ ფუფუნებაში; მათ კი, ვინც არის, საბოლოოდ, დაინახეს, რომ ამ ნივთებს არ მოაქვს მათთვის კმაყოფილება. ისინი არასაიმედო და დროებითია და არ აკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებებს (მათე 5:3, აქ).
20. რა გაწონასწორებულობა უნდა შევინარჩუნოთ?
20 რასაკვირველია, ჩვენ პრაქტიკულები უნდა ვიყოთ, რადგან ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. გონივრული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ჩვენი ოჯახები მატერიალურად უზრუნველვყოთ. მაგრამ, თუ ღვთისმსახურებაზე მეტ მნიშვნელობას ცხოვრების მაღალ დონეს, ფულს ან ასეთ რამეებს ვანიჭებთ, კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთ სახეობაში ვართ გაბმული და აღარ დავდივართ იეჰოვას გზით (1 ტიმოთე 6:9, 10). რა ვქნათ, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ან ფინანსურ თუ სხვა პრობლემებს ვაწყდებით? მოდი ნუ დავემსგავსებით ეგვიპტეში მყოფ იმ იუდაელებს, რომლებმაც თავიანთ პრობლემებში ღვთისმსახურება დაადანაშაულეს. ნაცვლად ამისა, გამოვცადოთ იეჰოვა, რის გაკეთებაც ახაზმა ხელიდან გაუშვა. ერთგულად მიმართეთ იეჰოვა ღმერთს ხელმძღვანელობისთვის. ნდობით მიჰყევით მის ხელმძღვანელობას და ლოცვით სთხოვეთ ძალა და სიბრძნე ნებისმიერი სიტუაციის მოსაგვარებლად. შემდეგ კი დარწმუნებით ელოდეთ იეჰოვას კურთხევას.
21. რა კურთხევები აქვთ იეჰოვას გზით მოსიარულეებს?
21 ისრაელის ისტორიის მანძილზე იეჰოვამ უხვად აკურთხა მისი გზით მოსიარულეები. მეფე დავითი მღეროდა: „უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო“ (ფსალმუნი 5:9). ომებში იეჰოვამ დაამარცხებინა მას მეზობელი ერები, რომლებიც მოგვიანებით ახაზს აწუხებდნენ. სოლომონის მმართველობის დროს ისრაელი მშვიდობითა და კეთილდღეობით იყო კურთხეული, რასაც მოგვიანებით ეგვიპტეში მყოფი იუდაელები ნატრობდნენ. ახაზის ძეს, ხიზკიაჰუს, იეჰოვამ ძლევამოსილი ასურეთიც კი დაამარცხებინა (ესაია 59:1). დიახ, იეჰოვას ხელი არ იყო მოკლე მისი ერთგული მსახურებისთვის, რომლებიც არ დაადგნენ „ცოდვილთა გზას“ და რომელთა მისწრაფებაც ღვთის რჯულში იყო (ფსალმუნი 1:1, 2). ეს დღესაც ასეა. მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ იეჰოვას გზით დავდივართ? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
გახსოვთ?
◻ რომელი თვისებებია მნიშვნელოვანი, თუ იეჰოვას გზით სიარული გვინდა?
◻ რატომ ჰქონდა ახაზს მცდარი აზროვნება?
◻ რაში ცდებოდნენ ეგვიპტეში მყოფი იუდაელები?
◻ როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ჩვენი გადაწყვეტილება — ვიაროთ იეჰოვას გზით?
[სურათი 13 გვერდზე]
ახაზი, იეჰოვას ნაცვლად, სირიის ღმერთებს შეჰყურებდა.