სასიხარულო ცნობის გავრცელება თვალწარმტაც ჰაიტიზე
ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა მდებარეობს ტროპიკულ კუნძულ ჰაიტიზე, რომელსაც კარიბის ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მაღალი მთები ამშვენებს. ზოგიერთი მთის მწვერვალი 2 400 მეტრს აღემატება. „ცივი“ თვეების დროს თრთვილი და ყინულის თხელი ფენები მაღლობში პატარა ტბორებს ქმნის.
მთა-ველები ჰაიტის სამხრეთ ნაწილში მდიდარი ტროპიკული ტყითაა დაფარული. სხვაგან კი მთები უმეტესწილად ისეა გაშიშვლებული, თითქოს საჭრეთლით ამოუკვეთიათო, რაც ხშირად ტყის გაჩეხვის შედეგია. ჩრდილოეთისკენ გაემართებით სამოგზაუროდ თუ სამხრეთისკენ, დარწმუნდებით, რომ ჰაიტი თვალწარმტაცი მხარეა. მთის ზოგიერთ ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზაზე თქვენ წინაშე ერთმანეთის მონაცვლეობით ზღვისა და ხმელეთის შთამბეჭდავი პანორამა გადაიშლება. ყველგან იხილავთ ნაირფერ ყვავილებს.
თვალწარმტაც ჰაიტიზე, სადაც მოსახლეობა 8, 3 მილიონს შეადგენს, ძირითადად, აფრიკული წარმოშობის ხალხი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ღარიბია, ისინი სიკეთითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. დაახლოებით 60 წელია, რაც ჰაიტიზე იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ. მოსახლეობა მათ თბილად ხვდება (მათე 24:14).
პატარა ქალაქში ქადაგება
ერთი მისიონერი და, რომელიც პირველად ჩავიდა ჰაიტის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, გვიყვება:
«2003 წლის მარტში, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ საქადაგებლად პატარა ქალაქ კაზალში წავედით. ქალაქ კაბარედან, სადაც ვცხოვრობდით, კაზალამდე დაახლოებით ნახევარი საათის სავალი იყო, ის ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ჩრდილოეთით 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა. ქალაქ კაზალში მოწმეებმა ბოლოს 1999 წელს იქადაგეს. ჩვენ იქ ქადაგების დიდი სურვილი გვქონდა; ამიტომ, დათქმულ დღეს, დილის 7 საათზე თითქმის მთელი ჩვენი კრება — 22 მაუწყებელი — შევიკრიბეთ და ორი ფურგონით საქადაგებლად გავემგზავრეთ. გზად ბევრს ვსაუბრობდით და ვიცინოდით. მანქანები ციცაბო, მტვრიან გზას მიუყვებოდა. მივადექით ველს, სადაც ბევრი დიდი ხე იდგა. ამ ველზე მდინარე ჩამოედინებოდა; ქალაქი კაზალი სწორედ ამ მდინარის ორივე მხარეს იყო გაშენებული.
ამ წყნარი ქალაქის ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც რამდენიმე პოლონელი ჯარისკაცი ჰაიტიზე ჩავიდა, რათა ყოფილ მონებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარებოდნენ. ეს ჯარისკაცები ამ ნაყოფიერ ველზე დასახლდნენ თავიანთ ჰაიტელ ცოლებთან ერთად, რომელთა შთამომავლობაც მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩეოდა. ძალიან სასიამოვნოა ამ პატარა ქალაქში თეთრკანიანების, მულატებისა და შავკანიანების დანახვა, რომლებსაც მწვანე ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ და სხვადასხვა თავისებურებით გამოირჩევიან.
პირველ ოჯახში, სადაც საქადაგებლად მივედით, ინტერესი არ გამოავლინეს. იქიდან უკან გამობრუნებულებს ერთი მამაკაცი შეგვხვდა. მას აინტერესებდა, გვწამდა თუ არა, რომ ღმერთი და იესო ორი სხვადასხვა პიროვნებაა. ვთხოვეთ, თავისი ბიბლია გადაეშალა; ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობის შედეგად მან დაინახა, რომ იესო ღვთის ძეა, იეჰოვა კი „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ (იოანე 17:3). ბევრმა შეგვიპატიჟა, რადგან ჩვენთან საუბარი სურდათ. ზოგმა გვკითხა კიდეც, როდის მივაკითხავდით მათ, რათა ბიბლიის შესწავლა დაგვეწყო.
შუადღისას ჩრდილში დავსხედით, რომ გვესადილა. ორი და თევზით გაგვიმასპინძლდა. ძალიან გემრიელი იყო! სადილის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს იქ ვისხედით და გამვლელებთანაც ვქადაგებდით. შემდეგ მდინარე გადავკვეთეთ და ქალაქის მეორე მხარეს აღმოვჩნდით. სასიამოვნო იყო აქ მეგობრულად განწყობილ ხალხთან ქადაგება, რომლებიც თავიანთ უბრალო სახლებთან ახლოს ხეების ჩრდილში ისხდნენ. ბავშვები ჟრიამულობდნენ, ქალები მდინარეში სარეცხს რეცხავდნენ, ხანდაზმული ქალები კი ყავის მარცვლებს ფქვავდნენ.
ოთხი საათი სრულდებოდა, როცა ფურგონებით უკან, კაბარესკენ გავეშურეთ. ჩვენ უზომოდ კმაყოფილები ვიყავით. ჩემზე და ჩემს მეუღლეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალაქმა, სადაც სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ცხოვრობს».
ჰაიტიზე მისიონერები პირველად 1945 წელს ჩავიდნენ. მას შემდეგ აქ სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება და დღეს დაახლოებით 14 000 მქადაგებელი 22 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებს. მქადაგებლები ყველას აუწყებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, რომელიც 59 372 ადამიანის გულს შეეხო. ეს ადამიანები 2005 წლის მარტში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაესწრნენ. ვნახოთ, რა საშუალებებს იყენებენ იეჰოვას მოწმეები, რათა სასიხარულო ცნობა ადამიანთა გულებს შეეხოს.
სასიხარულო ცნობამ სახვით ხელოვნებაშიც შეაღწია
ჰაიტელთა უმეტესობას მოსწონს ნათელი, ცოცხალი ფერები. ამაზე მეტყველებს მათი ჩაცმულობა, შეღებილი სახლები, ბაღებში მრავალფეროვანი ყვავილები და ხელოვნების ნიმუშები. ტილოზე ცოცხალ ფერებში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც L’Art Haitien-ის სახელითაა ცნობილი, პორტ-ო-პრენსის ქუჩებშია წარმოდგენილი. მათ შესაძენად მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოდიან.
ნათელი ფერები მხოლოდ ტილოზე არ აისახება. პორტ-ო-პრენსის ქუჩები სავსეა მგზავრების გადასაადგილებელი საშუალებებით, რომლებსაც „კამიონეტებს“ ანუ „ტაპ-ტაპებს“ უწოდებენ. ისინი ისეა მოხატული, რომ მნახველს ესთეტიკურ სიამოვნებას ჰგვრის. „კამიონეტებზე“ ასახული სცენები ხშირ შემთხვევაში ბიბლიიდან არის აღებული.
თუ ქუჩებში გაისეირნებთ, შესაძლოა თვალი მოჰკრათ ერთ-ერთ ნაცნობ სურათს, რომელზეც ასახულია, მაგალითად, ადამი და ევა სამოთხის ბაღში. ამ ეპიზოდს თქვენ გვერდით ჩავლილი „კამიონეტის“ უკანა ფანჯარაზეც დაინახავთ. ბიბლიური მუხლები თუ სურათზე გაკეთებული წარწერები, რომლებშიც იეჰოვას სახელია მოხსენიებული, ხშირად სატრანსპორტო საშუალებებზე ან კომერციული კომპანიების სახელწოდებებში გვხვდება.
სასიხარულო ცნობის ქადაგება სკოლაში
ახალგაზრდა ჰაიტელ მოწმეებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ კლასელებს ბიბლიის შესწავლაში დაეხმარონ. ამის მაგალითს წარმოადგენს იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის, 17 წლის გოგონას შემთხვევა.
„ერთ დღეს თანაკლასელი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მკითხა, რა იგულისხმებოდა სიძვაში. ვიფიქრე, რომ მას ცუდი მიზნები ამოძრავებდა და თავიდან მოვიშორე. როდესაც მან იგივე კითხვა თანაკლასელ ბიჭს დაუსვა, ამ საკითხით მთელი კლასი დაინტერესდა. მომდევნო კვირას, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გამოვიკვლიე, კლასის წინაშე წარვდექი და ავხსენი, თუ რატომ ახმარენ იეჰოვას მოწმეები დიდ ძალისხმევას, რომ ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად სუფთები იყვნენ.
თანაკლასელები კითხვებს მისვამდნენ, მე კი ბიბლიიდან ვპასუხობდი. დირექტორმაც კი, რომელიც თავიდან ჩუმად იყო, ბევრი შეკითხვა დამისვა და მთხოვა, რომ სხვა კლასებშიც მესაუბრა ამ საკითხზე. მე მათ ვაჩვენე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“a. ამ პუბლიკაციით ბევრი დაინტერესდა. მეორე დღეს კლასელებთან 45 წიგნი გავავრცელე. ბევრმა სწრაფად წაიკითხა ეს წიგნი და ზოგმა ბიბლიის შესწავლაც დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ერთ-ერთი თანაკლასელი, რომელიც ჩემს სამეზობლოში ცხოვრობს, უკვე ყველა შეხვედრას ესწრება“.
კრეოლური ენის გამოყენება
ჰაიტი თვალწარმტაცი და მრავალფეროვანი ქვეყანაა. მათი ენაც — ჰაიტის კრეოლური — საინტერესოა; საუბრისას ჰაიტელები იყენებენ ფრანგულ სიტყვებს, მაგრამ წინადადებებს დასავლეთ აფრიკული გრამატიკის მიხედვით აწყობენ. ეს ენა უფრო ღრმად ეხება ჰაიტელების გულს, რადგან მათი მშობლიური ენაა. იეჰოვას მოწმეები ძირითადად ჰაიტის კრეოლურ ენაზე ქადაგებენ და მიზნად აქვთ დასახული, უფრო მეტი ლიტერატურა გამოსცენ ამ ენაზე.
1987 წელს ჰაიტის კრეოლურ ენაზე ითარგმნა ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, ამის შემდეგ კი წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ და ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ეს პუბლიკაციები დიდ დახმარებას უწევს მათ, ვისაც სურს, ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ ცოდნა მიიღოს. 2002 წლის 1 სექტემბრიდან ჰაიტის კრეოლურ ენაზე „საგუშაგო კოშკიც“ გამოიცემა. ფრანგულ ენაზე ლიტერატურას კვლავაც კითხულობენ, თუმცა ბევრი მშობლიურ ენაზე ამჯობინებს პუბლიკაციების წაკითხვას.
სასიხარულო ცნობის ქადაგება ციხეში
არც ისე დიდი ხნის წინ იეჰოვას მოწმეებმა ჰაიტის ციხეებში დაიწყეს ქადაგება. მოწმეები სიხარულს განიცდიან, როცა ხედავენ, რომ მათ ქადაგებას ნუგეში მოაქვს პატიმრებისთვის. იეჰოვას ერთი მოწმე გვიყვება:
„როდესაც ციხეში პირველად მივედით, ჩვენთან შესახვედრად ორმოცდაათი პატიმარი შემოიყვანეს დიდ ოთახში. გვაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ მათ. როცა პატიმრებს ავუხსენით, რომ გვსურდა, ბიბლიის გაგებაში დავხმარებოდით, ყველა დადებითად გამოგვეხმაურა. მათ ჰაიტის კრეოლურ ენაზე შევთავაზეთ ბროშურები „ისწავლეთ წერა-კითხვა“ და „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, 26 პატიმართან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ათმა მათგანმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მათ ინტერესი გამოავლინეს, როდესაც ვაჩვენეთ, თუ როგორ შეეძლოთ ბროშურაში მოცემული ილუსტრაციების საშუალებით სიტყვების გაგება“.
მოწმეებმა კვლავ მოინახულეს პატიმრები. ერთმა მათგანმა მათ უთხრა: „მხოლოდ ერთხელ კი არ წავიკითხე ბროშურა, რამდენჯერმე. განუწყვეტლივ ვფიქრობდი წაკითხულზე და მოუთმენლად გელოდით“. ერთმა მამაკაცმა, რომელიც შეიარაღებული ძარცვის გამო იყო დაპატიმრებული, თქვა, რომ სურდა, შეცვლილიყო და მოწმეებს სთხოვა, მისი ცოლისთვისაც ესწავლებინათ ბიბლია. ერთ პატიმარს, ორი შვილის მამას, სურდა, მის ცოლსაც ესწავლა ბიბლია და განსხვავება დაენახა ჭეშმარიტ და ცრუ რწმენას შორის. პატიმრებს შორის იყო ერთი პროტესტანტი მღვდელი, რომელიც იმის გამო იყო დაპატიმრებული, რომ თავის მრევლს დიდი რაოდენობით თანხა გამოსტყუა. მან თქვა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და სასჯელის მოხდის შემდეგ თავის მრევლს აღძრავდა იმისკენ, რომ იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ.
ერთ პატიმარს არ ჰქონდა კრეოლურ ენაზე ბროშურა „რას მოითხოვს“. მან ბროშურა სხვა პატიმრისგან ითხოვა, მთლიანად გადაწერა და ზეპირად ისწავლა. ერთ-ერთი პატიმარი ქალი ბიბლიიდან ნასწავლს უზიარებდა ცხრა ქალს, რომლებიც მასთან ერთად ისხდნენ საკანში, და ბიბლიის შესწავლასაც კი უტარებდა მათ. ერთმა მამაკაცმა ბროშურის შემდეგ წიგნ „შემეცნების“ შესწავლა დაიწყო და სხვა პატიმრებთან ქადაგებდა. მალე მას ბიბლიის ოთხი შესწავლა ჰქონდა.
მერკონისb ნათესავები იეჰოვას მოწმეები იყვნენ. თავად მერკონი ბიბლიას სწავლობდა. მან სხვა პატიმრები აღძრა, ეკითხათ ბიბლიური ლიტერატურა, რომელიც მას ნათესავებმა დაუტოვეს. ის ამბობს: „პატიმრებს ლიტერატურას ვთავაზობ, რის გამოც ისინი იეჰოვას მოწმეს მეძახიან. მათ ვეუბნები, რომ არა ვარ იეჰოვას მოწმე, რადგან მესმის, რას ნიშნავს იყო იეჰოვას მოწმე. ახლა მსურს, სერიოზულად მოვეკიდო ამ საკითხს, საფუძვლიანად შევისწავლო ბიბლია და მოვინათლო. მოზარდობის წლებში ჩემი ძმებისთვის რომ მიმებაძა, დღეს აქ არ ვიქნებოდი“.
პატიმარმა, რომელიც მერკონისგან იღებდა ლიტერატურას, მასთან მისულ იეჰოვას მოწმეს უთხრა: „ორშაბათს, შენს მოსვლამდე, სასოწარკვეთილი ვიყავი და თავის მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ ჟურნალების წაკითხვის შემდეგ ღმერთს ლოცვით მივმართე და პატიება ვთხოვე იმ საქმეების გამო, რასაც ჩავდიოდი. ვთხოვე, გამოეგზავნა ვინმე, ვინც სწორ გზას მაჩვენებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მეორე დღეს მოხვედით და ბიბლიის შესწავლა შემოგვთავაზეთ. გთხოვთ, მასწავლეთ, როგორ ვემსახურო იეჰოვას!“
ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ სასიხარულო ცნობას აწვდის მრავალ ადამიანს
2000 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.) მოცემულია სტატიები იმის შესახებ, თუ რა როლი აკისრიათ მედდებს. ერთმა ქალბატონმა გამოიწერა ამ ჟურნალის 2 000 ეგზემპლარი და პორტ-ო-პრენსში ჩატარებულ სემინარზე დაურიგა მედდებს. 2002 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში განხილულია სტატიები პოლიციის შესახებ. ეს ჟურნალი ბევრმა პოლიციელმა აიღო პორტ-ო-პრენსში. პოლიციელებს მოეწონათ ეს ნომერი და ზოგი ახლაც აჩერებს იეჰოვას მოწმეებს ქუჩაში და ამავე ნომერს სთხოვს.
ახლახან „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენელმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ ხალხს უფრო მეტი გაეგო შიდს—ის შესახებ. ის მიიწვია იეჰოვას მოწმეების ფილიალმა, სადაც მას უჩვენეს „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი ინფორმაცია ამ საკითხზე. ის გაოცდა, როდესაც ნახა სტატიები, რომლებშიც ბიბლიის საფუძველზე განხილული იყო, თუ როგორ არის შესაძლებელი შიდს—ის თავიდან აცილება და როგორ დავეხმაროთ შიდს—ით დაავადებულ ადამიანებს ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ამ ქალბატონმა აღნიშნა, რომ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ყოველთვის აქტიურად აშუქებს ასეთ საჭირბოროტო საკითხებს.
იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა სახით ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას თვალწარმტაც ჰაიტიზე, ისევე როგორც მსოფლიოს 234 ქვეყანაში. ბევრი ეხმაურება ამ იმედის მომცემ ცნობას, რომელიც დღევანდელი სირთულეების მიუხედავად ადამიანებს ეხმარება, მზერა ახალი ქვეყნიერებისკენ მიმართონ, სადაც ყველა, ვინც თაყვანს სცემს ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, სრულყოფილი ცხოვრებით გაიხარებს (გამოცხადება 21:4).
[სქოლიოები]
a პუბლიკაციები, რომელთა სახელწოდებებიც ამ სტატიაშია მოცემული, იეჰოვას მოწმეების მიერ არის გამოცემული.
b სახელი შეცვლილია.
[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]
Background: ©Adalberto Rios Szalay/photodisc/age fotostock