-
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
სიყვარულის გამოვლენა ჰაიტიზე
2010 წლის 12 იანვარს ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ჰაიტის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, უფრო მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. დაიღუპა 154 იეჰოვას მოწმე, ათასობით მოწმემ კი საცხოვრებელი დაკარგა. სხვები სერიოზულად დაშავდნენ ან სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ.
მიწისძვრის დროს აკლოკი სახლში იყო. უცებ ბლოკით ნაშენი კედლები დომინოს ქვებივით ჩამოიშალა, თავად კი ჩამოვარდნილ ჭერსა და იატაკს შორის მოექცა. საბედნიეროდ, ის სერიოზულად არ დაზიანებულა. მან სიბნელეში ხელების ცეცება დაიწყო. აკლოკი იხსენებს: „მივხვდი, რომ იქვე წყლიანი ვედრო იდგა. მისი ახლოს მოწევა ვერ შევძელი, მაგრამ ის კი მოვახერხე, რომ თითები წყალში ჩავყავი და რამდენიმე წვეთით ტუჩები დავისველე. იქვე ქვა ვიპოვე და კაკუნი დავიწყე იმ იმედით, რომ ვიღაც გაიგონებდა და მიშველიდა“. აკლოკი იეჰოვას სთხოვდა დახმარებას და კაკუნს განაგრძობდა.
„საათი არ მქონდა და არ ვიცოდი, რა დრო იყო, — ამბობს აკლოკი. — თავიდან ვტიროდი და იეჰოვას ვეხვეწებოდი, გადავერჩინე. მაგრამ მოგვიანებით სხვანაირად დავიწყე ლოცვა: იეჰოვა ვიცი, რომ აღმადგენ, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ და თუ არ მოვკვდები, შენს მსახურებას არასოდეს შევწყვეტ“.
აკლოკი გრძნობდა, რომ თანდათანობით ძალა ეცლებოდა, უკვე დაკაკუნების თავიც აღარ ჰქონდა და გრძნობაც მალევე დაკარგა.
აკლოკი მაშინ მოვიდა გონზე, როცა საშველად მისული მოწმეები ნანგრევებიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ. „მოულოდნელად ჩემს ფეხთან ბეტონის ნატეხი დაეცა, — გვიყვება ის. — მივხვდი, რომ მეორე ნატეხი მუხლზე დამეცემოდა, ამიტომ იქით გავხოხდი, საიდანაც სინათლე შემოდიოდა, რათა მაშველებისთვის მენიშნებინა, რომ იქ ვიყავი“. მალე აკლოკი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სადაც ოთხი დღე იმყოფებოდა.
დაუყოვნებელი დახმარება
მიწისძვრიდან 24 საათში ჰაიტიზე პირველი მოწმე ექიმი დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩავიდა. მას მიჰყვა იეჰოვას მოწმე ექიმებისა და მაშველების უწყვეტი ნაკადი და ჰუმანიტარული დახმარება. ფილიალის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ მოაწყვეს საველე ჰოსპიტალი, სადაც ათასზე მეტ იეჰოვას მოწმესა თუ სხვა დაზარალებულს აღმოუჩინეს დახმარება.
პაციენტებს შორის იყო ორი გოგონა, ორივემ მარჯვენა ხელი დაკარგა. ერთ-ერთი მოხალისე, მილენი იხსენებს: „სხვა დაუქორწინებელი პაციენტების მსგავსად, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, ისინიც იმას დარდობდნენ, რომ ვეღარ გათხოვდებოდნენ და შვილები არ ეყოლებოდათ“. მილენი დაუკავშირდა საფრანგეთში მცხოვრებ ერთ დას, რომელმაც ბავშვობაში ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ხელი დაკარგა, და სთხოვა, ეს ორი გოგონა გაემხნევებინა. საფრანგეთიდან დამ მათ ელექტრონული ფოსტით ქმარ-შვილთან გადაღებული სურათები გაუგზავნა. ამ სურათებმა ისინი ძალიან ანუგეშა. ახლა გოგონები თავიანთ მდგომარეობას ეგუებიან.
საკვების, ტანსაცმლისა და წამლების გარდა, მიწისძვრით დაზარალებულებს თავშესაფარი სჭირდებოდათ. ჰაიტელმა და სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა მოწმეებმა 1 700-ზე მეტი დროებითი საცხოვრებელი ააგეს, რათა უსახლკაროდ დარჩენილი მოწმეები ღია ცის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. ივნისში მოხალისეების ჯგუფმა დროებითი სამეფო დარბაზების აშენება დაიწყო, ივლისში კი მთავრობამ მათ ოფიციალურად მისცა სამეფო დარბაზების აშენების უფლება.
ფიზიკური, ემოციური და სულიერი დახმარების აღმოჩენა
იეჰოვას მოწმე ერთი ექიმი, რომელიც ისეთ პაციენტებს ეხმარება, ვინც პოსტტრამვული სტრესი გადაიტანა, მარტში შეხვდა მიწისძვრით დაზარალებული 115 კრების უხუცესებს. ექიმმა უხუცესებს პრაქტიკული რჩევები მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაეწიათ სულიერი დახმარება კრების იმ წევრებისთვის, ვინც ემოციური ტრავმა გადაიტანა. შემდეგ ექიმი პირადად შეხვდა 100-ზე მეტ და-ძმას, ვისაც უშუალოდ სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა.
მალე ჰაიტიში და-ძმების სანუგეშებლად და გასამხნევებლად ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, დეივიდ სპლეინი, ჩავიდა. ძმა სპლეინმა, რომელიც ფრანგულადაც ლაპარაკობს, გაამხნევა სარაიონო კონგრესზე შეკრებილი თანაქრისტიანები. ის აგრეთვე შეხვდა ბეთელის ოჯახის წევრებს, მისიონერებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს. ჰაიტელმა და-ძმებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოვლენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა, „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჰაიტის კრეოლურ ენაზე ითარგმნა, დაიბეჭდა და გაიგზავნა ფილიალში. ბიბლიების ჰაიტიზე ჩატანა ივლისში, საოლქო კონგრესის დღეს მოხერხდა, რამდენიმე საათით ადრე, სანამ მისი გამოცემა გამოცხადდებოდა. 2010 წელს ჰაიტიზე განვითარებული მოვლენების პირველივე დღიდანვე დიდ თუ პატარა საქმეში ყველა გრძნობდა იეჰოვას ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერას. ყველანაირი დახმარება იმდენად დროული იყო და ისეთი სახით ხორციელდებოდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი შემთხვევითობისთვის მიგეწერა. ერთმა დიდი ხნის მისიონერმა თქვა: „იეჰოვას ხელი აშკარა იყო და ეს რომ დაგენახათ, აქ უნდა ყოფილიყავით“.
-
-
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 33 გვერდზე]
მიწისძვრიდან მალევე მოწმეებისგან შემდგარი მედპერსონალი ჰაიტიზე ჩავიდა
[სურათი 33 გვერდზე]
ჰაიტელმა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოწმეებმა 1 700-ზე მეტი დროებითი საცხოვრებელი ააგეს
-