-
ჭეშმარიტება პოპულარული დღესასწაულების შესახებგამოიღვიძეთ! — 2001 | ოქტომბერი 8
-
-
ჰელოუინს All Hallow Even-იც ეწოდება, რაც ყველა წმინდას წინადღეს ნიშნავს. ამ თითქოს ქრისტიანულ სახელს ამოფარებულია წარმოშობა, რომელიც საკმაოდ შორს არის ყველა წმინდისგან. ფაქტობრივად, სწავლულები ამბობენ, რომ ჰელოუინის დღესასწაული სათავეს ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი კელტების დასახლების დროიდან, ესე იგი, ქრისტიანობის დაფუძნებამდე დიდი ხნით ადრინდელი პერიოდიდან იღებს. მთვარის კალენდრის გამოყენებით კელტები წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ — ზამთრის ბნელ და ზაფხულის ნათელ თვეებად. 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, კელტები დღესასწაულობენ სამჰეინს, რაც „ზაფხულის დასასრულს“ ნიშნავსa.
ეს დღესასწაული, რომელიც კელტური ახალი წლის დაწყების აღმნიშვნელი გახლდათ, ზაფხულის ბოლოს დგებოდა, როდესაც მოსავალი უკვე აღებული იყო და ცხვრის ფარა და ნახირი საძოვრებიდან ფარეხებსა და გომურებში იყო დაბინავებული. კელტების რწმენით, მას შემდეგ, რაც დღეები შემოკლდებოდნენ, აუცილებელი იყო სხვადასხვა რიტუალისა და მსხვერპლის საშუალებით მზის გაცოცხლება. ძველი წლის სიკვდილის ნიშნად ყოველგვარ ცეცხლს აქრობდნენ და ახალი წელი საზეიმოდ იწყებოდა წმინდა კოცონის დანთებით, საიდანაც საზოგადოების ყველა წევრი იღებდა მუგუზალს თავის კერაში ცეცხლის დასანთებად. ფიქრობდნენ, რომ ასეთი კოცონით, რომელიც დღეს ბრიტანეთში გაი ფოკსის ღამის დღესასწაულში და ბრაზილიაში ივნისში გამართულ დღესასწაულებშია შემორჩენილი, ბოროტ სულებსაც აფრთხობდნენ.
კელტებს სწამდათ, რომ სამჰეინის დღესასწაულზე მატერიალურ და ზებუნებრივ სამყაროს შორის ბარიერი იხსნებოდა და როგორც კეთილი, ისე ბოროტი სულები დედამიწაზე დაეხეტებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ მიცვალებულთა სულები თავიანთ სახლებს უბრუნდებოდნენ, ამიტომაც ოჯახის წევრები მათი გულის მოსალბობად და მათი მხრიდან ზიანის ასარიდებლად საჭმელ-სასმელს უმზადებდნენ. ამიტომ დღეს, როდესაც ბავშვები მოჩვენებებივით და ჯადოქრებივით იმოსებიან, კარდაკარ დადიან და გამასპინძლებას ითხოვენ ან მასპინძელს ზიანის მიყენებით ემუქრებიან, ისინი უნებურად სამჰეინის ძველ რიტუალებს უკვდავყოფენ. თავის წიგნში „ჰელოუინი — ისტორია და ტრადიციები“ ჟან მარკალი აღნიშნავს: „როდესაც ხელში [ბავშვებს] რაღაცას უდებენ, ისინი სიმბოლურად, ისე რომ თავად გაცნობიერებული არც კი აქვთ, უხილავ და ხილულ სამყაროებს შორის ძმურ გაცვლას ახდენენ. ამიტომაც არის ჰელოუინის მასკარადები. . . ფაქტობრივად, რელიგიური ცერემონიალები“.
ვინაიდან ხალხს სწამდა, რომ მატერიალურ და ზებუნებრივ სამყაროებს შორის ბარიერი იხსნებოდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ სულიერ სამყაროში გადასვლა. ამიტომ მათთვის სამჰეინი მომავლის საიდუმლოებათა გასაგებად განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო იყო. ვაშლს ან თხილს წმინდა ხეების ნაყოფად მიიჩნევდნენ და ქორწინებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან დაკავშირებით ღვთიური ცნობების მისაღებად იყენებდნენ. მაგალითად, ნიშანდადებულ ვაშლებს წყლით სავსე დიდ ჭურჭელში აწყობდნენ. პირით ვაშლის დაჭერის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცსა თუ ქალს ვითომდა შეეძლო მომავალი მეუღლის დანახვა. მკითხაობის ეს ფორმა დღემდე არის შემორჩენილი ჰელოუინის თამაშებში, როცა ვაშლების დაჭერას ცდილობენ.
სამჰეინისთვის აგრეთვე დამახასიათებელი იყო ხმაურიანი მხიარულება, უზომოდ სმა და თავაშვებულობა. „ტრადიციული ფასეულობები მთლიანად უგულებელყოფილი ან რადიკალურად შეცვლილი გახლდათ“, — აღნიშნავს მარკალი. — ყველაფერი, რაც იკრძალებოდა, ამ დროს დაშვებული იყო და ყველაფერი, რასაც მისაღებად მიიჩნევდნენ, იმ დროს აკრძალული იყო“. ჰელოუინში დღემდე ირეკლება ეს სული, რითაც, ეჭვგარეშეა, დიდად არის განპირობებული ამ დღესასწაულის პოპულარობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რელიგიის ენციკლოპედია“ დღევანდელ ჰელოუინს აღწერს როგორც „დროს, როდესაც უფროსებსაც შეუძლიათ გადააბიჯონ ზომიერების ზღვარს, დაკარგონ თავიანთი სახე და იმ საღამოს ქარაფშუტობის მორევში გადაეშვან. ამგვარად, დღესასწაულის ეს ძირითადი კელტური თავისებურება — ყოველწლიურად რეალობიდან გაქცევა — დღემდე შემორჩა“.
-
-
ჭეშმარიტება პოპულარული დღესასწაულების შესახებგამოიღვიძეთ! — 2001 | ოქტომბერი 8
-
-
a სამჰეინი შეიძლება სულაც არ იყოს, როგორც ამას ხშირად ამბობენ, სიკვდილის კელტური ღმერთი, არამედ ის შეიძლება დღესასწაულის სახელი იყოს. ფრანგი კელტოლოგის, ჟან მარკალის, სიტყვების თანახმად, სამჰეინის დღესასწაული შესაძლოა ლუგუსის, სინათლის ღმერთის პატივსაცემადაც იმართებოდა.
-