-
მან იეჰოვას გული გადაუშალასაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივლისი
-
-
რაც უფრო უახლოვდებოდნენ შილოს, ალბათ, ხანა მით უფრო ფიქრობდა იმაზე, თუ რა უნდა ეთხოვა იეჰოვასთვის. ჩავიდნენ თუ არა დანიშნულ ადგილას, დასხდნენ პურის საჭმელად. როგორც კი მიეცა შესაძლებლობა, ხანა გამოეყო თავის ოჯახს და იეჰოვას კარვისკენ გასწია. მღვდელმთავარი ელი ტაძრის კარის წირთხლთან იჯდა, მაგრამ ხანას არც კი შეუმჩნევია ის, რადგან მხოლოდ თავის ღმერთზე ფიქრობდა. კარავთან მყოფი ხანა დარწმუნებული იყო, რომ შესმენილი იქნებოდა მისი ლოცვა და, თუ სხვა ვერავინ გაიგებდა მის გულისტკივილს ბოლომდე, ზეციერი მამა აუცილებლად გაუგებდა მას. გულში დაგროვილი სიმწარე ყელში მოაწვა და მწარედ აქვითინდა.
ხანა მთელი სხეულით ცახცახებდა, რადგან გულამოსკვნილი ტიროდა და იეჰოვას ევედრებოდა. და როცა იეჰოვას უმხელდა, თუ რა ტკივილს გრძნობდა, ბაგეები უკანკალებდა. ის დიდხანს ლოცულობდა და თავის ზეციერ მამას გულს უშლიდა. ის არა მხოლოდ სთხოვდა ღმერთს, რომ მისი აუხდენელი ოცნება შეესრულებინა და შვილი მიეცა მისთვის, არამედ თვითონაც მზად იყო ღვთისთვის გაეღო ის, რაც შეეძლო. ამიტომ მან აღთქმა დადო, რომ თუ ვაჟი ეყოლებოდა, იეჰოვას მიუძღვნიდა, რათა მთელი სიცოცხლე მისთვის ემსახურა (1 სამუელი 1:9—11).
ხანამ ლოცვის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. იეჰოვა მთელი გულით იწვევს თავის ხალხს, რომ უყოყმანოდ გადაუშალონ მას გული და როგორც პატარა ბავშვმა თავის მშობელს, ისე გაანდონ თავიანთი საწუხარი მას (ფსალმუნი 62:8; 1 თესალონიკელები 5:17). მოციქულმა პეტრემ ლოცვის შესახებ ღვთისგან შთაგონებით შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები დაწერა: „ყველა თქვენი საწუხარი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
ადამიანს არ შეუძლია ისე გაგიგოთ და შევიდეს თქვენს მდგომარეობაში ან თანაგიგრძნოთ, როგორც იეჰოვას. როდესაც ხანა ქვითინებდა და ლოცულობდა, უეცრად ვიღაცის ხმა შემოესმა. ეს იყო მღვდელმთავარი ელი, რომელიც მას აკვირდებოდა. ელიმ უთხრა: „როდემდე უნდა იყო მთვრალი! გამოფხიზლდი“. ელი ხედავდა, როგორ უკანკალებდა ხანას ბაგეები, როგორ ქვითინებდა და როგორი დათრგუნული იყო. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, რამე ხომ არ უჭირდა, მღვდელმთავარმა ნაადრევად დაასკვნა, რომ ხანა მთვრალი იყო (1 სამუელი 1:12—14).
ისედაც სულგამწარებულ ხანას როგორ ატკენდა გულს ასეთი უსაფუძვლო ბრალდება, თანაც იმ ადამიანისგან, რომელსაც ესოდენ საპატიო მდგომარეობა ეკავა! ხანამ ადამიანურ არასრულყოფილებას არ მისცა იმის უფლება, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში მისთვის ხელი შეეშალა და ამით რწმენის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. მან თავაზიანად უპასუხა ელის და აუხსნა, თუ რა მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს, ელი მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა და, შესაძლოა, უფრო რბილად უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“ (1 სამუელი 1:15—17).
როგორ იმოქმედა ხანაზე იმან, რომ კარავში თაყვანი სცა იეჰოვას და გული გადაუშალა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წავიდა ქალი, ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამუელი 1:18). ხანამ შვება იგრძნო. მან თითქოს მხრებიდან მოიხსნაო მძიმე ტვირთი და მისი ტარება თავისზე ძლიერს, ზეციერ მამას მიანდო (ფსალმუნი 55:22). განა არის რაიმე პრობლემა ღვთისთვის ძალიან „მძიმე“?! არც ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება!
თუ გულდამძიმებული, გულგატეხილი და განადგურებული ვართ, კარგი იქნება, თუ ხანას მივბაძავთ და გულს გადავუშლით მას, ვისაც ბიბლია „ლოცვების მომსმენს“ უწოდებს (ფსალმუნი 65:2). და, თუ ამას რწმენით გავაკეთებთ, ჩვენს მწუხარებასაც შეცვლის „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7).
-
-
მან იეჰოვას გული გადაუშალასაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივლისი
-
-
▪ პირველი ლოცვა ხანამ ასე დაიწყო: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა“. ბიბლიაში სწორედ მან მოიხსენია ღმერთი პირველად ამ ტიტულით. ღვთის ეს ტიტული ბიბლიაში 285-ჯერ გვხვდება და იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი ხელმძღვანელობას უწევს თავის სულიერ ძეებს, რომელთა რიცხვიც უთვალავია.
-