სად შეიძლება ნამდვილი ბედნიერების პოვნა?
მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ბედნიერების პოვნა მატერიალური საკუთრების შეძენით შეიძლება. რას იტყოდი საკუთარ თავზე? თუმცა, უდავოა, მატერიალური საგნები ბედნიერებას გვმატებენ, ისინი არ გარანტირებენ მას; არც ფიზიკური კომფორტი წარმოშობს რწმენას ან სულიერ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ). იესომ აგრეთვე თქვა: „დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).
მრავალი ეძებს ბედნიერებას უკანონო სექსუალური კავშირის დამყარებითა და ‘ხორცის სხვა საქმეების’ მიყოლით (გალატელთა 5:19–21). მაგრამ ავხორცული სიამოვნებების დაკმაყოფილებას არ მოაქვს ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება. სინამდვილეში ასე მოქმედნი არ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს (1 კორინთელთა 6:9, 10).
სხვები ღირსების გრძნობის გაზრდის მცდელობით ბედნიერების ძიებაში საკუთარ თავში იძირებიან. ბიბლიოთეკები და წიგნების მაღაზიები სავსეა თვითსრულყოფის წიგნებით, მაგრამ ასეთ პუბლიკაციებს არ მოაქვთ ადამიანებისთვის ხანგრძლივი ბედნიერება. მაშ, სად შეგვიძლია ნამდვილი ბედნიერების პოვნა?
ნამდვილი ბედნიერებისთვის ჩვენი თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილებები უნდა შევიგნოთ. იესომ თქვა: „ბედნიერია, ის ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“. რასაკვირველია, ამის შეგნება, ხოლო შემდეგ უმოქმედობა დიდ სარგებელს არ მოგვიტანდა. მაგალითად, რა მოუვიდოდა მარათონელ მორბენალს, რომელიც შეჯიბრის შემდეგ არ დააკმაყოფილებდა მწყურვალე სხეულის ძლიერ მოთხოვნილებას? განა ცოტა ხანში გაუწყლოებასა და სხვა სერიოზულ შედეგებს არ შეხვდებოდა? მსგავსადვე, თუ სულიერი კვების მოთხოვნილებებს არ დავაკმაყოფილებთ, საბოლოოდ სულიერად დავჭკნებით. ეს კი სიხარულისა და ბედნიერების დაკარგვას გამოიწვევს.
იესოს სავსებით ესმოდა თავისი სულიერი მოთხოვნილებები და რეგულარულად სწავლობდა და უფიქრდებოდა ღვთის სიტყვას. მას იოლად შეეძლო საღვთო წერილიდან ნაწყვეტების მოძებნა და წაკითხვა და სხვებსაც იმავეს გაკეთებას ასწავლიდა (ლუკა 4:16–21; შეადარე ეფესელთა 4:20, 21). აგრეთვე თავისი ზეციერი მამის ნების შესრულება იესომ საკვებს შეადარა. ღვთის ნების შესრულება მას დიდ ბედნიერებას ანიჭებდა (იოანე 4:34).
დიახ, ნამდვილი ბედნიერების მოპოვება შეუძლებელია მატერიალური საგნების შეძენით; ბედნიერება არც ზნედაცემული სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებიდან გამომდინარეობს. ნამდვილი ბედნიერება გულის მდგომარეობაა და ის დაფუძნებულია წრფელ რწმენასა და იეჰოვა ღმერთთან კარგ დამოკიდებულებაზე. მართლაც, რა მართებულად მღეროდა ფსალმუნმომღერალი დავითი: „ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი“ (ფსალმუნი 143:15ბ).
[სურათი 23 გვერდზე]
რწმენა და ღმერთთან კარგი დამოკიდებულება მოგიტანს ნამდვილ ბედნიერებას.