საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბედნიერების ძიებაში
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • მამაკაცი ბილიკს მიუყვება

      გზა ბედნიერებისკენ

      ბედნიერების ძიებაში

      თვლით საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანად? თუ დიახ, რა განიჭებთ ბედნიერებას? ის ხომ არა, რომ კარგი ოჯახი გყავთ, სასიამოვნო სამუშაო გაქვთ ან მორწმუნე ხართ? შესაძლოა რაიმე კარგის მოლოდინი გაქვთ, მაგალითად, სკოლის დამთავრებას ელით, იმედოვნებთ, რომ კარგ სამუშაოს იშოვით ან ახალ მანქანას იყიდით და სწორედ ეს გაბედნიერებთ.

      ბევრს რაიმე მიზნის მიღწევა ან სასურველი ნივთის შეძენა ანიჭებს ბედნიერებას. თუმცა ხშირად ამ დროს განცდილი სიხარული ხანმოკლეა და საბოლოოდ შესაძლოა ადამიანს გულიც კი გაუტყდეს.

      ბედნიერება არის მდგრადი ემოციური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს კმაყოფილების გრძნობა, სიხარულის ინტენსიური განცდა და მისი შენარჩუნების ბუნებრივი სურვილი.

      ბედნიერებას ადამიანი წამიერად კი არა, მუდმივად განიცდის. ასე რომ, ბედნიერება არ არის დამოკიდებული რაღაცის მიღებაზე ან მიღწევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. ვინც ფიქრობს, რომ ბედნიერი მაშინ იქნება, როცა რაღაცას მიაღწევს ან მიიღებს, საკუთარ ბედნიერებას გზას უღობავს.

      ბედნიერება რაღაცით კარგ ჯანმრთელობას ჰგავს. რა არის საჭირო, რომ ჯანმრთელები ვიყოთ? სწორი კვება, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მსგავსად ამისა, ბედნიერები რომ ვიყოთ, სწორი პრინციპებით უნდა ვიცხოვროთ.

      რა უწყობს ხელს ბედნიერებას? ბევრი რამ, თუმცა ქვემოთ მოყვანილია ბედნიერების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები:

      • კმაყოფილება და ხელგაშლილობა

      • ფიზიკური ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა

      • სიყვარული

      • მიმტევებლობა

      • სიცოცხლის აზრის პოვნა

      • იმედი

      მომდევნო სტატიებიდან გავიგებთ, როგორ უწყობს ხელს ბედნიერებას ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები.

  • კმაყოფილება და ხელგაშლილობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • მამა-შვილი ფეხბურთს თამაშობს

      გზა ბედნიერებისკენ

      კმაყოფილება და ხელგაშლილობა

      ხშირად ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად მას თვლიან, ვინც დიდ ქონებას ან სიმდიდრეს ფლობს. ამ აზრით შეპყრობილი მილიონობით ადამიანი დღე-ღამეს ასწორებს მუშაობაში, რომ მეტი ფული იშოვოს. მაგრამ მოაქვს ფულს და ქონებას ნამდვილი ბედნიერება? რაზე მეტყველებს ფაქტები?

      როგორც ერთ ჟურნალში იყო აღნიშნული, როცა ძირითად მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ, დამატებითი შემოსავალი მაინცდამაინც დიდ სიხარულს აღარ გვანიჭებს (Journal of Happiness Studies). სხვა ჟურნალში კი ნათქვამია, რომ ის, რაც ადამიანს ბედნიერებას აკარგვინებს, ფულის შოვნის დაუოკებელი სურვილია (Monitor on Psychology). ასე რომ, პრობლემა ფული კი არა, ფულისადმი არასწორი დამოკიდებულებაა. მსგავსი აზრი დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ბიბლიაში ჩაიწერა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). რა ტკივილზეა საუბარი?

      შფოთვა და უძილო ღამეები. მდიდრებს ეშინიათ ქონების დაკარგვის. „ტკბილია მსახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:12).

      გულგატეხილობა. ვინც ფიქრობს, რომ ფული ბედნიერებას მოუტანს, გულგატეხილი რჩება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანი ვერასდროს კმაყოფილდება. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10). მეტიც, ხშირად ასეთი ადამიანი მზად არის, მთელი დრო ფულის შოვნაში გალიოს, ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს დაუთმოს და სულიერი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, რასაც ნამდვილი ბედნიერება მოაქვს.

      წუხილი და იმედგაცრუება. დაბანდებული კაპიტალის ან ფულის გაუფასურება იმედგაცრუებას იწვევს. „სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ. საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. თვალს აპყრობ მას? ის ხომ არარაობაა! არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება“ (იგავები 23:4, 5).

      რა უწყობს ხელს ბედნიერებას

      კმაყოფილება. „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). მას, ვინც კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, არ ახასიათებს წუწუნი და არ შურს სხვისი. ასეთი ადამიანები არ ოცნებობენ ისეთ რამეზე, რაზეც ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ ზედმეტ თავის ტკივილსა და წუხილს ირიდებენ თავიდან.

      ხელგაშლილობა. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ხელგაშლილი ადამიანები ბედნიერები იმიტომ არიან, რომ სხვებს სიხარულს ანიჭებენ, თუნდაც იმით, რომ ცოტაოდენ დროს უთმობენ ან დახმარების ხელს უწვდიან. სანაცვლოდ ბევრად მეტს იღებენ — სხვების სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ და ნამდვილ მეგობრებს იძენენ, რომლებიც, თავის მხრივ, გულუხვად გასცემენ მათთვის. ამას კი ფულით ნამდვილად ვერ იყიდი! (ლუკა 6:38).

      ქონებაზე წინ ადამიანების დაყენება. „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავები 15:17). აქ მოცემული პრინციპიდან ჩანს, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოვლენა და მათთან თბილი ურთიერთობა ქონებაზე გაცილებით ძვირფასია. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, სიყვარულის გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

      საბინამ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს, დაინახა, რამდენად ღირებულია ბიბლიური პრინციპები. მას შემდეგ, რაც ეს ქალი ქმარმა მიატოვა, მარტოს უწევდა საკუთარი თავისა და ორი გოგონას რჩენა. ის ორ ადგილზე მუშაობდა და ყოველდღე დილის ოთხ საათზე დგებოდა. ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საბინამ გადაწყვიტა, ბიბლია შეესწავლა. შეიცვალა რამე მის ცხოვრებაში?

      მართალია, მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამ საბინას ბედნიერება მოუტანა (მათე 5:3). თანაქრისტიანებს შორის მან ნამდვილი მეგობრები იპოვა. მეტიც, როცა თავად დაიწყო სხვებისთვის გაცემა და ბიბლიიდან ნასწავლის გაზიარება, უდიდესი სიხარული იგრძნო.

      ბიბლიაში წერია, რომ „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). აქედან გამომდინარე, თუ კმაყოფილები და ხელგაშლილები ვიქნებით და ქონებაზე წინ ადამიანებს დავაყენებთ, ბიბლიური სიბრძნის სიმართლეში დავრწმუნდებით.

      მთავარი აზრები

      „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10)

      ფულის სიყვარულმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

      • შფოთვა და უძილო ღამეები.

      • გულგატეხილობა.

      • წუხილი და იმედგაცრუება.

      ადამიანი ბედნიერია, თუ . . .

      • კმაყოფილია იმით, რაც აქვს.

      • ხელგაშლილია.

      • ქონებაზე წინ მოყვასს აყენებს.

  • ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • ქალი ხილს კრეფს

      გზა ბედნიერებისკენ

      ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა

      ქრონიკული დაავადების ან შრომისუნარიანობის დაკარგვის შედეგად ადამიანის ცხოვრება შეიძლება თავდაყირა დადგეს. ულფი, რომელიც ერთ დროს ჯანმაგარი კაცი იყო და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მოულოდნელად დაინვალიდდა. ის იხსენებს: „ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ძალა და მხნეობა დავკარგე . . . თავს განადგურებულად ვგრძნობდი“.

      ულფის შემთხვევა შეგვახსენებს, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს შეერყეს ჯანმრთელობა. თუმცა მაინც შეგვიძლია რაღაც ვიღონოთ, რომ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელები ვიყოთ. მაგრამ, თუ ჯანმრთელობა გაგვიუარესდება, ნიშნავს ეს იმას, რომ ბედნიერები ვეღარასდროს ვიქნებით? რა თქმა უნდა, არა. ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, ვიმსჯელოთ რამდენიმე პრინციპზე, რომელთა დაცვაც კარგ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

      იყავით ზომიერები (1 ტიმოთე 3:2, 11). თუ ჩვევად გვაქვს უზომო ჭამა-სმა, ცხადია, ეს ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს ჯიბეზე. „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს და ვინც ხორცით ვერ ძღება; რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება“ (იგავები 23:20, 21).

      ნუ დაიბინძურებთ ორგანიზმს. „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“ (2 კორინთელები 7:1). თამბაქოს ღეჭვა, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება ბილწავს სხეულს. მაგალითად, მოწევა „იწვევს არაერთ დაავადებას, აქვეითებს შრომისუნარიანობას და ვნებს თითქმის ყველა ორგანოს“, — ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებ-გვერდზე.

      გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ნუ დაიზიანებთ სხეულს. „[ღვთის წყალობით] ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქმეები 17:28). როცა ამ ფაქტს ვაცნობიერებთ, ვცდილობთ, მოვერიდოთ ზედმეტ რისკს, იქნება ეს მუშაობის, მანქანის ტარებისა თუ გართობის დროს. ნამდვილად არ ღირს, წამიერი სიამოვნების გამო მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩე.

      აკონტროლეთ ემოციები. ჩვენი ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ ინერვიულებთ, დაიოკებთ ბრაზს, არ შეგშურდებათ სხვების და გასაქანს არ მისცემთ მსგავს უარყოფით ემოციებს. „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“, — ნათქვამია ფსალმუნის 37:8-ში. ბიბლია აგრეთვე გვირჩევს: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34).

      იფიქრეთ დადებითზე. იგავების 14:30-ში წერია: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“. იმავე წიგნში ვკითხულობთ: „მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავების 17:22). ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია. „თუ ბედნიერი ხარ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში სერიოზულად დაავადდე, რასაც ვერ ვიტყვით მასზე, ვინც უბედურია“, — აღნიშნა შოტლანდიელმა ექიმმა დერეკ კოქსმა.

      გამოიმუშავეთ ბრძოლისუნარიანობა. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ულფის მსგავსად, შეიძლება ჩვენც ვებრძვით ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას და მოთმინება გვიწევს. მაგრამ მოთმენაც არის და მოთმენაც. ზოგი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. იგავების 24:10-ში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“.

      ზოგს მალევე უბრუნდება ცხოვრების ხალისი. ისინი ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას და პრობლემასთან გასამკლავებლად სხვადასხვა საშუალებას ეძებენ. ასე იყო ულფის შემთხვევაში. როგორც თავად თქვა, გამუდმებული ლოცვის და ბიბლიურ აზრებზე ფიქრის შედეგად, მან იმაზე გადაიტანა ყურადღება, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეეძლო. მეტიც, ბევრი ადამიანის მსგავსად, რომელთაც სერიოზულ სირთულეებთან უწევთ ბრძოლა, მანაც დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობის გამოვლენა. ამან კი აღძრა ულფი, ბიბლიიდან მანუგეშებელი ცნობა სხვებისთვის გაეზიარებინა.

      კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც დიდი ტანჯვა გამოიარა, სტივია. 15 წლის ასაკში ის უბედური შემთხვევის შედეგად კისერს ქვემოთ პარალიზებული გახდა. თუმცა 3 წელიწადში მას მკლავებში ძალა დაუბრუნდა და უნივერსიტეტშიც კი ჩააბარა. იქ სწავლის დროს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მიეძალა და აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. სტივი სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყო, ვიდრე ბიბლიის შესწავლა არ დაიწყო, რამაც მის სიცოცხლეს აზრი შესძინა. ბიბლიის დახმარებით მან მავნე ჩვევებიც დასძლია. ის ამბობს: „მეტად აღარ ვგრძნობ იმ სიცარიელეს, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა. ახლა ჩემი ცხოვრება აზრით აღსავსეა, რის გამოც სიმშვიდეს, ბედნიერებას და კმაყოფილებას ვგრძნობ“.

      სტივისა და ულფის სიტყვები მე-19 ფსალმუნის მე-7 და მე-8 მუხლებს გვახსენებს: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს აცოცხლებს . . . იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს“.

      მთავარი აზრები

      ღვთის კანონებისა და პრინციპების დაცვა სულს აცოცხლებს, გულს ახარებს და თვალებს აბრწყინებს (ფსალმუნი 19:7, 8)

      ბიბლია მოგვიწოდებს, . .

      • ვიყოთ ზომიერები.

      • არ დავიბინძუროთ ორგანიზმი.

      • გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს.

      • ვაკონტროლოთ ემოციები.

      • ვიფიქროთ დადებითზე.

      • გამოვიმუშაოთ ბრძოლისუნარიანობა.

  • სიყვარული
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • ბედნიერი წყვილი

      გზა ბედნიერებისკენ

      სიყვარული

      სიყვარულის მოთხოვნილება ყველას აქვს. სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია მტკიცე და ახლო ურთიერთობა მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ ცოლ-ქმარს შორის. ამიტომ სწორედ სიყვარულია საჭირო, რათა ბედნიერები და ემოციურად გაწონასწორებულები ვიყოთ. სინამდვილეში რა არის სიყვარული?

      ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ რომანტიკულ სიყვარულზე, რომელსაც თავისი ადგილი აქვს, არამედ უფრო აღმატებულ სიყვარულზე, რომელიც ადამიანს აღძრავს, გულწრფელად დაინტერესდეს სხვების კეთილდღეობით და მათი ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. მართალია, ასეთ სიყვარულს ღვთის მიერ დადგენილი პრინციპები მართავს, მაგრამ მას თბილი და სათუთი გრძნობებიც ახლავს თან.

      ბიბლია ლამაზი ენით აღგვიწერს სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).

      სიყვარული „არასოდეს მთავრდება“ ანუ მარადიულია. მეტიც, დროის სვლასთან ერთად ის უფრო ძლიერდება. ვინაიდან სიყვარულს სულგრძელობა, სიკეთე და მიმტევებლობა ახასიათებს, ის „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). მიუხედავად იმისა, რომ ნაკლოვანებები ყველას გვაქვს, როცა ასეთ სიყვარულს ვავლენთ, ყველა ბედნიერები ვართ და სხვებთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ვნახოთ, როგორ უწყობს ხელს ასეთი სიყვარული ბედნიერ ქორწინებას.

      სრულყოფილი კავშირით გაერთიანებულნი

      იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს არაერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ასწავლა, რომლებიც ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება. მაგალითად, მან თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:5, 6). ამ სიტყვებიდან, სულ მცირე, ორი მნიშვნელოვანი პრინციპი იკვეთება.

      „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. ადამიანური ურთიერთობებიდან ყველაზე ახლო და მჭიდრო ცოლქმრული ურთიერთობაა. სწორედ სიყვარული იცავს ქორწინებას, რომ ღალატის ანუ მეუღლის გარდა სხვასთან „ერთხორცად“ ყოფნის გამო ცოლ-ქმრის ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდეს (1 კორინთელები 6:16; ებრაელები 13:4). ღალატი ძირს უთხრის ნდობას და ოჯახი შეიძლება დანგრევამდეც კი მიიყვანოს. თუ ოჯახში ბავშვები არიან, ამან შესაძლოა მათ ემოციური ტრავმა მიაყენოს და შეიძლება ისეთი გრძნობა გაუჩნდეთ, რომ არავის უყვართ, შიში დაეუფლოთ და გულში ბოღმაც კი ჩაიდონ.

      „ვინც ღმერთმა შეაუღლა“. ქორწინება წმინდა კავშირიცაა. წყვილები, რომლებიც ქორწინებას წმინდა კავშირად თვლიან, ყველანაირად ცდილობენ ცოლქმრული კავშირის განმტკიცებას. სირთულეების დროს ისინი არ ეძებენ იოლ გზებს, რომ თავი დააღწიონ „უბედურ“ ქორწინებას. ვინაიდან მათი სიყვარული ძლიერია და „ყველაფერს იტანს“, არ იშურებენ ძალ-ღონეს იმისათვის, რომ გადაჭრან პრობლემები და ერთმანეთს შორის მშვიდობა და ურთიერთგაგება ჰქონდეთ.

      როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ უანგარო სიყვარულს ავლენს, ეს ბავშვებზეც დადებითად აისახება. ერთი გოგონა ამბობს: „ჩემი მშობლები სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. როცა ვხედავ, რომ დედა პატივისცემით ექცევა მამას, მისი მიბაძვის სურვილი მიჩნდება“.

      სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამიტომაც იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1 ტიმოთე 1:11). ჩვენც ვიქნებით ბედნიერები, თუ მივბაძავთ შემოქმედს და შევეცდებით, მის მსგავსად გამოვავლინოთ სიყვარული. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ბიბლია: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფესოელები 5:1, 2).

      მთავარი აზრები

      სიყვარული სულგრძელი და კეთილია. ყველაფერს იტანს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება (1 კორინთელები 13:4—8)

      თუ სიყვარულს გამოვავლენთ, ბედნიერები ვიქნებით, რადგან სიყვარული . . .

      • გვიბიძგებს, გულწრფელად ვიზრუნოთ სხვებზე.

      • დროის სვლასთან ერთად უფრო ძლიერდება.

      • ამტკიცებს მეგობრობას და ქორწინებას.

      • გვეხმარება, ოჯახში ისეთი გარემო შევქმნათ, რომ შვილებმა თავი დაცულად იგრძნონ.

      • გვეხმარება, მივბაძოთ ჩვენს შემოქმედს.

  • მიმტევებლობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • მეგობრები ერთმანეთს ურიგდებიან

      გზა ბედნიერებისკენ

      მიმტევებლობა

      „ბავშვობაში შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ყვირილის მეტი არაფერი მესმოდა, — ამბობს პატრისია. — პატიება ჩემთვის უცხო იყო. დიდობაშიც კი წყენას დღეების განმავლობაში ვერ ვივიწყებდი და ამის გამო ძილიც მიკრთებოდა“. ფაქტია, ვისაც გაბრაზება და გულით წყენის ტარება სჩვევია, ბედნიერი ვერ იქნება და თავის ჯანმრთელობასაც საფრთხეს შეუქმნის. როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ხშირ შემთხვევაში, ვინც არ პატიობს, . .

      • სხვებთან კარგ ურთიერთობას ვერ ინარჩუნებს, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და მარტოსულად გრძნობს თავს.

      • ადვილად ნაწყენდება, კარგავს შინაგან სიმშვიდეს და ღრმა დეპრესიაშიც კი ვარდება.

      • გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რის გამოც სიცოცხლის ხალისს კარგავს.

      • სინდისი ქენჯნის, რადგან ხვდება, რომ არასწორად იქცევა.

      • მეტ სტრესს განიცდის და თავის ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის, რადგან ამ დროს იზრდება არტერიული წნევის მატების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ისეთი აშლილობების რისკი, რომელთაც ქრონიკული ტკივილები ახლავს თან.a

      რას ნიშნავს მიტევება? მიტევება ნიშნავს, აპატიო მწყენინებელს, დაივიწყო წყენა, მოიშორო ბრაზი და არ იფიქრო სამაგიეროს გადახდაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, დანაშაული შეიწყნარო, ნაკლებად სერიოზულად მიიჩნიო ან თავი ისე დაიჭირო, თითქოს არაფერი მომხდარა. პატიება გააზრებული გადაწყვეტილებაა, რისკენაც ადამიანს სიყვარული და სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენის ან შენარჩუნების სურვილი უბიძგებს.

      მიმტევებელი ადამიანი გაგებით ეკიდება სხვებს, რადგან ესმის, რომ სიტყვითა თუ საქმით ყველანი ვცდებით ანუ ვცოდავთ (რომაელები 3:23). სწორედ ამიტომ გვირჩევს ბიბლია: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

      ერთი რამ ცხადია: პატიებით ვავლენთ სიყვარულს, რომელიც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). როგორც მეიოს კლინიკის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მიმტევებელი ადამიანი ...

      • ხარობს სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობით და თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდება მას, ვინც აწყენინა.

      • ემოციურად სტაბილურია და ღვთის წყალობას გრძნობს.

      • ნაკლებად წუხს ან განიცდის სტრესს და მას იშვიათად უჩნდება სხვების მიმართ უარყოფითი გრძნობები.

      • ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ.

      საკუთარი თავის პატიება. როგორც ერთ სამედიცინო ჟურნალშია ნათქვამი, საკუთარი თავის პატიება ხშირად ყველაზე რთულია, თუმცა ჩვენი ემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის — გადამწყვეტი (Disability & Rehabilitation). რა დაგეხმარებათ, აპატიოთ საკუთარ თავს?

      • ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას საკუთარი თავისგან. გახსოვდეთ, შეცდომებს ყველა უშვებს (ეკლესიასტე 7:20).

      • ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ იგივე შეცდომა.

      • იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. ზოგიერთი მავნე ჩვევის ან სისუსტის დაძლევას დრო სჭირდება (ეფესოელები 4:23, 24).

      • ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდით, რომლებიც თქვენზე დადებით გავლენას ახდენენ, მხარში გიდგანან და კეთილად გეპყრობიან, თუმცა, როცა საჭიროა, სათქმელს გულახდილად გეუბნებიან (იგავები 13:20).

      • თუ ვინმეს აწყენინეთ, აღიარეთ შეცდომა და რაც შეიძლება მალე მოუბოდიშეთ. როცა შეურიგდებით, შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ (მათე 5:23, 24).

      ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობას საუკეთესო შედეგები მოაქვს

      სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა პატრისიამ ბიბლიის შესწავლის შედეგად პატიება ისწავლა. ის აღნიშნავს: „როგორც იქნა გავთავისუფლდი ბოღმისგან, რაც მთელი ცხოვრება გულს მიღრღნიდა. ახლა აღარც მე ვიტანჯები და აღარც სხვები. ღვთისგან ბოძებული პრინციპები იმის დასტურია, რომ მას ვუყვარვართ და საუკეთესო სურს ჩვენთვის“.

      რონი, რომელმაც ბიბლიური პრინციპების გათვალისწინების შედეგად შინაგანი სიმშვიდე იგრძნო, ამბობს: „სხვების ფიქრებსა და საქციელს მე ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი ხომ შემიძლია?! თუ მშვიდობის აღდგენა მინდა, წყენა უნდა დავივიწყო. წარმოუდგენელია, ადამიანი ერთდროულად ჩრდილოეთ პოლუსზეც იყოს და სამხრეთ პოლუსზეც, ასევე წარმოუდგენელია, განაწყენებული ვიყო და, ამავდროულად, სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა მქონდეს“.

      a წყარო: Mayo Clinic and Johns Hopkins Medicine websites and the journal Social Psychiatry and Psychiatric Epidemiology.

      მთავარი აზრები

      „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13)

      მიმტევებელი ადამიანი . . .

      • ხარობს სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობით და შინაგან სიმშვიდეს გრძნობს.

      • ნაკლებად წუხს ან განიცდის სტრესს და მას იშვიათად უჩნდება სხვების მიმართ უარყოფითი გრძნობები.

      • უკეთესი ჯანმრთელობითა თუ ემოციური სტაბილურობით გამოირჩევა და ღვთის კეთილგანწყობას გრძნობს.

  • სიცოცხლის აზრი
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • მამაკაცი სიცოცხლის აზრზე ფიქრობს

      გზა ბედნიერებისკენ

      სიცოცხლის აზრი

      ცოცხალ ქმნილებათა შორის ადამიანები სხვადასხვა უნარით გამოვირჩევით და უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ვეძებთ პასუხებს: რატომ არსებობს სამყარო? როგორ გავჩნდით ამქვეყნად? რა არის სიცოცხლის აზრი? როგორი მომავალი გველის?

      ზოგს არ სურს ასეთ კითხვებზე პასუხების მოძიება, რადგან თვლის, რომ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება. ზოგი კი ამბობს, რომ ასეთი კითხვები აზრს მოკლებულია, რადგან სიცოცხლე ევოლუციის შედეგად გაჩნდა. ისტორიის და ბიოლოგიის პროფესორმა, უილიამ პროვაინმა თქვა: „არ არსებობს ღმერთი და არც არანაირი განზრახვა . . . არ არსებობს ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი პირველწყარო და არც სიცოცხლეს აქვს კონკრეტული მიზანი“.

      ზოგისთვის მიუღებელია მსგავსი მსოფლმხედველობა, რომ თითქოს არაფერს აქვს აზრი, რადგან მაინც ვერაფერს შეცვლი. ისინი ხედავენ, რომ სამყარო ზუსტი მათემატიკური კანონებით იმართება. მათ აოცებთ ბუნებაში არსებული რთული და სრულყოფილად ფუნქციონირებადი კონსტრუქციები თუ მექანიზმები, რომელთა ანალოგების შექმნასაც მეცნიერები ცდილობენ. ისინი ყოველდღიურად ხედავენ იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ მსგავსი კონსტრუქციებისა და მექანიზმების მიღმა მაღალი ინტელექტი დგას და არა რაღაც უმართავი ძალები.

      ასეთი მსჯელობის შედეგად ზოგმა ევოლუციონისტმა შეიცვალა შეხედულება. ქვემოთ მოყვანილია ორი მაგალითი.

      ნეიროქირურგი ალექსეი მარნოვი. „ყველგან, სკოლასა თუ ინსტიტუტში, ათეიზმს და ევოლუციის თეორიას მასწავლიდნენ, — იხსენებს ის. — ვისაც ღვთის არსებობის სჯეროდა, გაუნათლებელ ადამიანად მიიჩნევდნენ“. 1990 წელს ამ მამაკაცის აზროვნებაში გარდაქმნა მოხდა.

      „ვცდილობდი, ლოგიკური ახსნა მომეძებნა ყველაფრისთვის, — ამბობს ალექსეი. — მაგალითად დავფიქრდი გასაოცარ ორგანოზე, ტვინზე, რომელსაც მართებულად ეწოდება სამყაროში აღმოჩენილ მექანიზმებს შორის ურთულესი. ნუთუ მხოლოდ იმისთვის გვაქვს ეს უნიკალური ორგანო, რომ შევიძინოთ ცოდნა, ესა თუ ის უნარი და შემდეგ მოვკვდეთ? ჩემთვის ეს ალოგიკური და აზრმოკლებული იყო. ამიტომ გამიჩნდა კითხვები: რატომ ვარსებობთ? რა არის სიცოცხლის აზრი? ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემოქმედი არსებობდა“.

      სიცოცხლის აზრის ძიების დროს ალექსეიმ ბიბლიის გამოკვლევა დაიწყო. მისმა ცოლმა, რომელიც ექიმი და ათეისტი იყო, გადაწყვიტა, თავადაც შეესწავლა ბიბლია, რათა ალექსეისთვის დაემტკიცებინა, რომ ცდებოდა. თუმცა ახლა არც ერთ მათგანს აღარ ეპარება ეჭვი ღვთის არსებობაში. დღეს ამ ცოლ-ქმრისთვის სავსებით მისაღები და ლოგიკურია კაცობრიობის მიმართ ღვთის განზრახვის შესახებ ბიბლიისეული ახსნა.

      მეცნიერებათა დოქტორი პლაზმური ფიზიკის დარგში ჰუაბი ინი. ეს ფიზიკოსი ქალი მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა პლაზმის თვისებებს. პლაზმა მატერიის მეოთხე ფორმააa და მეტწილად ელექტრონებისა და დადებითად დამუხტული იონებისგან შედგება. ამის ტიპური მაგალითია მზე.

      ჰუაბი ინი ამბობს: «როცა ჩვენ, მეცნიერები, ბუნებრივ მოვლენებს ვაკვირდებით, ყოველთვის ვხედავთ უდიდეს წესრიგს, რასაც უზუსტესი კანონები განაპირობებს. მიკვირდა, ვინ დაადგინა ეს კანონები. თუკი ვიღაცაა საჭირო, რომ გაზქურაზე ცეცხლის ალი დაარეგულიროს, მაშინ ვინ დგას იმ კანონების მიღმა, რომლებიც მზის ტემპერატურას არეგულირებს? დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემს კითხვას ყველაზე ლოგიკურად ბიბლიის პირველი სიტყვები პასუხობდა: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“» (დაბადება 1:1).

      ფაქტია, რომ მეცნიერებამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, მაგალითად, როგორ ფუნქციონირებს ტვინის უჯრედები და როგორ წარმოქმნის მზე სითბოსა და სინათლეს. მაგრამ, როგორც ალექსეიმ და ჰუაბიმ დაინახეს, ბიბლია პასუხობს გაცილებით მნიშვნელოვან კითხვებს, მაგალითად, რატომ არსებობს სამყარო, რატომ მართავს მას კანონები და რატომ ვარსებობთ.

      ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [დედამიწა], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). დიახ, ღმერთმა კონკრეტული მიზნისთვის შექმნა დედამიწა. მისი ეს განზრახვა უშუალოდ ჩვენს მომავალს უკავშირდება. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.

      მთავარი აზრები

      ღმერთს ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია დედამიწა, არამედ დასასახლებლად შექმნა (ესაია 45:18)

      „ჩვენს ცხოვრებას მიზანი უნდა ჰქონდეს“

      „იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ და ფსიქიკურად ჯანმრთელები ვიყოთ, ჩვენს ცხოვრებას მიზანი უნდა ჰქონდეს“, — დაწერა ფსიქოლოგიის პროფესორმა უილიამ მაკდუგალმა. მსგავსი აზრი გამოთქვა კაროლ რიფმა, რომელიც აგრეთვე ფსიქოლოგიის პროფესორია.

  • იმედი
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • მამაკაცი განსხვავებული მიმართულებით მიდის

      გზა ბედნიერებისკენ

      იმედი

      „მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“ (იერემია 29:11)

      „კაცი იმედით ცოცხლობს“, — ამბობს ერთი ძველი ანდაზა. ერთ წიგნში კი ნათქვამია, რომ იმედი საუკეთესო საშუალებაა, „დავძლიოთ უსუსურობისა და მარტოობის განცდა და მოვერიოთ შიშს“ (Hope in the Age of Anxiety).

      ბიბლიაც ამახვილებს ყურადღებას იმედის აუცილებლობაზე. თუმცა ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, თავი არ მოვიტყუოთ და არ ვიკვებოთ ცრუ იმედებით. ფსალმუნის 146:3-ში ნათქვამია: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“. ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების გადაჭრას ადამიანებისგან მოველოდეთ, გონივრულია, იმედი შემოქმედზე დავამყაროთ, რომელსაც ვერაფერი შეუშლის ხელს, თავისი დანაპირები შეასრულოს. ვნახოთ, რას გვპირდება ის.

      ბოლო მოეღება ბოროტებას; მართლები გაიხარებენ მარადიული მშვიდობით: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“, — წერია ფსალმუნის 37:10, 11-ში. 29-ე მუხლში კი ნათქვამია, რომ „მართლები . . . მარადიულად იცხოვრებენ“ დედამიწაზე.

      სამუდამოდ შეწყდება ომები: „[იეჰოვა] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:8, 9).

      მეტად აღარ იქნება ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

      ყველას უხვად ექნება საკვები: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

      მთელ მსოფლიოში იქნება ერთი სამართლიანი ხელისუფლება, რომლის სათავეშიც ქრისტე იდგება: „[იესო ქრისტეს] მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:14).

      რა გვარწმუნებს, რომ ეს დანაპირები უსათუოდ შესრულდება? დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ დაამტკიცა, რომ საუკეთესო მეფე იქნება — ის ავადმყოფებს კურნავდა, გაჭირვებულებს აპურებდა და მკვდრებს აღადგენდა. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რასაც იესო ასწავლიდა. თუ ადამიანები იმ პრინციპებს გაითვალისწინებენ, რომელთაც იგი უნერგავდა თავის მსმენელს, მარადიულად გაიხარებენ მშვიდობითა და ერთობით. ამასთან, იესომ მომავალი მოვლენების, მათ შორის ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი მოვლენების შესახებ იწინასწარმეტყველა.

      მშვიდობის დადგომამდე შემაშფოთებელი მოვლენები მოხდება

      იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მშვიდობა და უსაფრთხოება კი არა, სრულიად საპირისპირო მდგომარეობა იქნებოდა. მისი თქმით, „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“ ისეთ მოვლენებს გულისხმობს, როგორიცაა ომები, საკვების უკმარისობა, ეპიდემიები და მიწისძვრები (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:3—8). იესომ აგრეთვე თქვა: „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12).

      აშკარაა, რომ ადამიანებს სიყვარული გაუნელდათ. ამის შესახებ ბიბლიის ერთმა დამწერმა იწინასწარმეტყველა. 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ვკითხულობთ, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანების უმეტესობა საკუთარი თავის, ფულისა და სიამოვნების მოყვარული, ამაყი და სასტიკი იქნებოდა; ოჯახის წევრებსაც აღარ ეყვარებოდათ ერთმანეთი და შვილები აღარ დაემორჩილებოდნენ მშობლებს; მოჩვენებითი ღვთისმოსაობა ჩვეული რამ გახდებოდა.

      ეს შემაშფოთებელი მოვლენები ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნიერებას დიდი დრო აღარ დარჩა და, რომ ღვთის სამეფო მალე დაამყარებს მშვიდობას დედამიწაზე. ბოლო დღეების ნიშანზე საუბრისას იესომ კიდევ ერთი რამ იწინასწარმეტყველა: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

      ეს სასიხარულო ცნობა ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც არ იცავს ღვთის მცნებებს, მართლებისთვის კი — იმედის მომცემი, რადგან დარწმუნებული არიან, რომ დაპირებულ კურთხევებს მალე მიიღებენ. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ კურთხევების შესახებ, ყურადღებით წაიკითხეთ ამ ჟურნალის ბოლო გვერდი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება