-
თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!გამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
-
-
თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!
მსოფლიოში, როგორც ჩანს, ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება ძვირადღირებული და ბოლო მოდელის მანქანის შეძენას, დიდ საბანკო ანგარიშს, კარიერას, დიდ სახლსა და უახლეს ელექტრომოწყობილობებს მოაქვს. გარდა ამისა, ზოგს ბედნიერება ვერ წარმოუდგენია მიმზიდველი ან ათლეტური აღნაგობის გარეშე. და მაინც, მატერიალურ ნივთებსა და ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული ბედნიერება?
როგორც ჟურნალ „ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, „უამრავი სახის გამოკვლევა ტარდება ბედნიერებასთან, ოპტიმიზმთან, დადებით განწყობასა და ჯანსაღ აზროვნებასთან დაკავშირებით“. ბევრს აოცებს ასეთი გამოკვლევების შედეგები. ფაქტები კვლავაც ცხადყოფს, რომ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფული, დიდება ან გარეგნული სილამაზე ბედნიერებას მოუტანს, თავს იტყუებენ. ფაქტობრივად, ასეთები ცხოვრებას ისეთ საძირკველზე აგებენ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.
შეერთებულ შტატებში ბევრი არასდროს ყოფილა ისეთი მდიდარი, როგორც დღეს. „მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ამას ბედნიერება არ მოუტანია“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. ცხადია, იმავეს თქმა შეიძლება სხვა ქვეყნებში მცხოვრებლებზეც. ეკონომიკური აღმასვლის მიუხედავად, ჩინეთში შემაშფოთებლად მატულობს მათი რიცხვი, რომლებიც თავს უბედურად თვლიან. ჩინეთში „15–დან 34–წლამდე ასაკის ადამიანების სიკვდილის მიზეზი უმეტესწილად“ თვითმკვლელობა ხდება, აღნიშნულია ერთ კვარტალურ გამოცემაში (Access Asia). როგორც ჩანს, ასეთი ტენდენციის ხელშემწყობი ერთ–ერთი ფაქტორი მოზარდებზე ქვეყნიერების ზეწოლაა, ქვეყნიერებისა, რომელიც წარმატების გასაღებს კარიერის შექმნასა და მატერიალურ კეთილდღეობაში ხედავს.
აშკარაა, რომ მატერიალური კეთილდღეობა ვერ ამცირებს საწუხარსა და სტრესს; სინამდვილეში, პირიქით ხდება. „ჩვენი ემოციური და ფსიქიკური არასტაბილურობის ძირითადი მიზეზი დღევანდელი ცხოვრებაა“, — ნათქვამია ერთი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ანგარიშში. ანალიტიკოს ვან ვიშარდის აზრით, რომელიც საზოგადოების განვითარების საკითხებს სწავლობს, „ბევრი კომპანია დღეს სულ უფრო მეტად ინტერესდება თანამშრომელთა ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის დაზღვევით“.
სწრაფად ცვალებადი მსოფლიო ბავშვებზედაც კი ახდენს გავლენას. დღეს 8 წლის ბავშვებისთვის გამოიცემა წიგნები, რომლებიც „ასწავლის მათ, როგორ ამოიცნონ სტრესის სიმპტომები და როგორ დასძლიონ ის“, — აღნიშნავს ვიშარდი. ერთი საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, დასავლეთის ზოგ ქვეყანაში ყოველ წელს კატასტროფულად, 23 პროცენტით, იზრდება დეპრესიით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი, ასევე „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა რიცხვი, რომლებიც ანტიდეპრესანტებს იღებენ“.
დღევანდელი საზოგადოება შიშში ცხოვრობს და ეს მხოლოდ ეკონომიკური არასტაბილურობით არ არის გამოწვეული. მზარდი პოლიტიკური და რელიგიური ექსტრემიზმის გამო ბევრი საგონებელში ვარდება, რადგან მათ არ იციან, რას მოუტანთ ხვალინდელი დღე. არსებობს გამოსავალი?
დაახლოებით 2 000 წლის წინათ, იესო ქრისტემ მიუთითა სიცოცხლის გზაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი მშფოთვარე ცხოვრებისგან. ამ გზაზე სიარული სტრესის შემცირებაშიც დაგვეხმარება. იესოს სწავლებაში მარტივი, თუმცა ღრმა ჭეშმარიტებაა ჩადებული. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). დიახ, იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს, ყურადღება კაცობრიობის უდიდეს მოთხოვნილებაზე გადაეტანათ. ეს არის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ანუ ჭეშმარიტების ცოდნა ღვთისა და კაცობრიობისადმი მისი განზრახვების შესახებ.
როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ჭეშმარიტებას შეუძლია დაგვეხმაროს იმის გარჩევაში, თუ რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი და რა — არა. ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს და ჩვენი ცხოვრებაც აზრით აღსავსე გახდება. რადგან სულიერი ჭეშმარიტება ღვთის განზრახვებს გვიმხელს, ის მომავლის იმედსაც გვისახავს.
-
-
ნამდვილი ბედნიერების რეცეპტიგამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
-
-
ნამდვილი ბედნიერების რეცეპტი
გემრიელი კერძის მოსამზადებლად კარგი რეცეპტი და კარგი მზარეულია საჭირო. იმავეს თქმა შეიძლება ბედნიერებაზეც. ბედნიერების მიღწევა მხოლოდ ერთ ფაქტორზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ბევრზე. ესენია: სამუშაო, გართობა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა და სულიერი საქმეებით დაკავება. მაგრამ არსებობს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტორებიც, როგორიცაა ჩვენი შეხედულებები, სურვილები და მიზნები.
რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბედნიერების რეცეპტის შედგენა ჩვენ არ გვიწევს. რატომ? ჩვენმა შემოქმედმა შესანიშნავი სახელმძღვანელო გვიბოძა. ეს არის ბიბლია, რომელიც დღეისათვის, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 2 377 ენასა და დიალექტზეა ნათარგმნი. ამ მხრივ, მას მსოფლიოში ბადალი არა ჰყავს!
ბიბლიის თარგმანის ამდენ ენასა და დიალექტზე არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი დაინტერესებულია ადამიანების ბედნიერებითა და სულიერი კეთილდღეობით (საქმეები 10:34, 35; 17:26, 27). „მე ვარ . . . დამმოძღვრავი სასიკეთოდ“, — ამბობს ღმერთი. თუ დავიცავთ მის მცნებებს, ის გვპირდება, რომ ჩვენი მშვიდობა „მდინარესავით“ იქნება (ესაია 48:17, 18, სსგ).
ღვთის ეს დანაპირები გვახსენებს წინა სტატიაში ციტირებულ იესოს სიტყვებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). სულიერს მოწყურება ზერელე ღვთისმოსაობას არ ნიშნავს. პირიქით, ის მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს იმის დიდ სურვილს, ვუსმინოთ ღმერთს და ვისწავლოთ მისგან, რადგან გვესმის, რომ მან გაცილებით მეტი იცის ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცით საკუთარ თავზე. „ბიბლია რომ ღვთის სიტყვაა, ყველაზე მეტად იმით ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ბიბლიური სწავლებების გამოყენებას წარმატებები მოაქვს“, — ამბობს ერორი, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც ბიბლიას იკვლევს. მაგალითად, განვიხილოთ ბიბლიაში მოცემული პრაქტიკული რჩევები სიმდიდრისა და სიამოვნების ძიებასთან დაკავშირებით.
გონივრული რჩევა ფულთან დაკავშირებით
„ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“, — თქვა იესომ (ლუკა 12:15). დიახ, ადამიანის ღირსება, განსაკუთრებით ღვთის თვალში, იმით არ განისაზღვრება, თუ რა თანხა აქვს მას საბანკო ანგარიშზე. ფაქტობრივად, სიმდიდრისკენ სწრაფვას ხშირად თან ახლავს მღელვარება, რაც სიხარულს გვაკარგვინებს და გვართმევს დროს, რომელიც შეგვეძლო უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად გამოგვეყენებინა (მარკოზი 10:25; 1 ტიმოთე 6:10).
ამერიკელი ფსიქოლოგის, რიჩარდ რინის, აზრით, რაც მეტად ეძებს ხალხი კმაყოფილებას მატერიალურ ნივთებში, მით ნაკლებად პოულობს მას. ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, სოლომონმა, თქვა: „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:9, სსგ). ეს სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ქავილს, რომელსაც კოღოს ნაკბენი იწვევს. რაც მეტს ვიქავებთ, მით მეტად გვექავება, სანამ ნაკბენი წყლულად არ გადაიქცევა.
ბიბლია მოგვიწოდებს, გავისარჯოთ და ჩვენი შრომის ნაყოფით დავტკბეთ (ეკლესიასტე 3:12, 13). ასე მოქცევით, უფრო ავიმაღლებთ პირადი ღირსების გრძნობას, რაც ბედნიერების კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, სასარგებლო გართობასაც შეუძლია სიამოვნება მოგვანიჭოს. მართალია, ცხოვრებით რომ დავტკბეთ ფული საჭიროა, მაგრამ გამდიდრება ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად არ უნდა იქცეს.
გართობას თავისი ადგილი აქვს
სულიერის დაფასება დაგვეხმარება, უდიდესი სარგებლობა მივიღოთ გართობა-დასვენებისგან და ცხოვრების სხვა სასიამოვნო წუთებიდან. იესო სიამოვნებით დადიოდა წვეულებებზე (ლუკა 5:29; იოანე 2:1—10). მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ იყო მისი სიხარულის ძირითადი წყარო. უდიდეს სიხარულს მას სულიერი საქმეების კეთება ანიჭებდა, რაშიც ადამიანებისთვის ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ სწავლებაც შედიოდა (იოანე 4:34).
სოლომონ მეფემ გადაწყვიტა, გამოეცადა ბევრი რამ, რაც სიამოვნებას მიანიჭებდა. მას უნდოდა, ენახა, მოუტანდა თუ არა ეს ყოველივე ბედნიერებას. „მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეს“, — თქვა მან. სოლომონი არ დაკმაყოფილებულა იმით, რომ მხოლოდ ზედაპირულად გამოეცადა ეს ყოველივე. ის სიამეს მიეცა, ანუ სიამოვნებაში ჩაეფლო. რა გრძნობა დაეუფლა მას ყოველივე ამის შემდეგ? „ესეც ამაოება ყოფილა“, — დაწერა მან (ეკლესიასტე 2:1, სსგ).
ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიამოვნებას ბედნიერების მოტანა შეუძლია, ჩვეულებრივ, გულგატეხილები რჩებიან, რადგან მათ სიცარიელისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლებათ. დამკვირვებლებმა სიამოვნების მოყვარულები იმ ადამიანებს შეადარეს, რომლებიც სულიერი საქმეებით არიან დაკავებულნი და, რომლებსაც დამაკმაყოფილებელი სამუშაო და ძლიერი ოჯახები აქვთ. მათ აღმოაჩინეს, რომ სიამოვნების მოყვარულები ნაკლებად არიან ბედნიერები.
იყავით გულუხვნი და მადლიერნი
ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ, ბედნიერი ადამიანები სხვებით არიან დაინტერესებულნი და მათდამი გულუხვობას ავლენენ. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). გულუხვობაში მხოლოდ მატერიალურის გაღება არ იგულისხმება. უფრო მეტად დასაფასებელი ის არის, როცა სხვებისთვის, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის, ჩვენს დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ. ბედნიერებისა და ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად მეუღლეებმა დრო უნდა გამოუყონ ერთმანეთს. მშობლებმაც საკმაოდ დიდი დრო უნდა დაუთმონ შვილებს — ესაუბრონ, დაარიგონ და სიყვარული გამოავლინონ მათდამი. მათ, რომლებიც ასეთი სახით ავლენენ გულუხვობას ერთმანეთისადმი, უფრო მტკიცე და ბედნიერი ოჯახები აქვთ.
მეორე მხრივ,‘ხართ მადლიერნი’, როცა თქვენდამი ავლენენ გულუხვობას, იქნება ეს მატერიალური სახით თუ ძვირფასი დროისა და ენერგიის გაღებით? (კოლოსელები 3:15). მადლიერების გამოვლენა ძალიან დადებითად იმოქმედებს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე და ჩვენც უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს. განა გული სიხარულით არ გევსებათ, როცა ვინმე თქვენდამი გულწრფელ მადლიერებას ავლენს?
მადლიერების გამოვლენა იმაშიც გვეხმარება, რომ ვიფიქროთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც ვიღებთ. რივერსაიდის (კალიფორნიის შტატი) უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით ხალხს სთხოვა, ეწარმოებინა „მადლიერების დღიური“, რომელშიც მოიხსენიებდნენ ყველაფერს, რისთვისაც მადლიერნი იყვნენ. დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ, ისინი ცხოვრებით უფრო კმაყოფილნი იყვნენ.
რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ აქედან? როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იღებთ. ბიბლიაც მოგვიწოდებს ამისკენ: „ყოველთვის ხარობდეთ . . . ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თესალონიკელები 5:16, 18). რასაკვირველია, ასე რომ მოვიქცეთ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავიხსენოთ ის კარგი, რაც ჩვენთვის გაუკეთებიათ. რატომ არ დაისახავდით ამას მიზნად?
სიყვარული და იმედი — ბედნიერების გასაღები
ჭეშმარიტებაა, რომ დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი სიყვარულს საჭიროებს. სიყვარულის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს. და მაინც, რა არის სიყვარული? ეს სიტყვა დღეს სხვადასხვანაირად განიმარტება. სიყვარულის აღსაწერად ბიბლია ხატოვან გამოთქმებს იყენებს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უსამართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორინთელები 13:4—8).
ჭეშმარიტი სიყვარული მართლაც რომ უანგაროა! რადგან „თავისას არ ეძებს“, სიყვარული სხვების ბედნიერებას საკუთარზე წინ აყენებს. სამწუხაროდ, ასეთი სიყვარულის ნაკლებობა დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა. ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წარმოთქმული უდიდესი წინასწარმეტყველებისას იესომ თქვა, რომ ‘მრავალს სიყვარული გაუნელდებოდა’ (მათე 24:3, 12; 2 ტიმოთე 3:1—5).
მაგრამ ასეთი მდგომარეობა მარადიულად არ გაგრძელდება, რადგან ეს შეურაცხყოფს შემოქმედს, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა! (1 იოანე 4:8). ახლო მომავალში ღმერთი მოსპობს სიძულვილით სავსე, ხარბ ადამიანებს. ის მხოლოდ მათ გადაარჩენს, რომლებიც ისწრაფვიან, ზემოთ აღწერილი სიყვარული განივითარონ. შედეგად, მთელ დედამიწაზე მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს. ბიბლიის დანაპირები უსათუოდ შესრულდება: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:10, 11).
წარმოიდგინეთ, ყოველი დღე უამრავ სიხარულს მოგვიტანს! განა გასაკვირია, რომ ბიბლია გვეუბნება: „იხარეთ იმედში“? (რომაელები 12:12) გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ იმ საუცხოო იმედის შესახებ, რასაც ღმერთი მორჩილ კაცობრიობას ჰპირდება? ამისათვის, გთხოვთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატია.
[ჩანართი 7 გვერდზე]
„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
[ჩარჩო 5 გვერდზე]
წარმატებულ ადამიანთა ისტორიები— შეესაბამება სინამდვილეს?
ზოგჯერ ვისმენთ ისტორიებს იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეები გადალახეს და დიდძალი სიმდიდრე მოიპოვეს. „მსგავსი ისტორიები ხშირად იმის დასადასტურებლად მოჰყავთ, რომ ადამიანს ბედნიერი ბავშვობაც რომ არ ჰქონდეს, მაინც შეუძლია ნებისმიერი სირთულე გადალახოს და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, როგორც ფაქტები ცხადყოფს, საეჭვოა, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს ბედნიერება. ისინი უბრალოდ გამდიდრდნენ“, — ნათქვამია ამერიკაში გამომავალი პუბლიკაციის „სან-ფრანცისკო ქრონიკლ“-ის ერთ-ერთ სტატიაში, რომელშიც ბედნიერებაზე იყო საუბარი.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ბედნიერება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია
კარგი განწყობა საუკეთესო წამალია. „ბედნიერება, იმედი, ოპტიმიზმი და კმაყოფილების გრძნობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დააავადების, დიაბეტის, ჰიპერტონიის, გაცივებისა და სასუნთქი გზების ინფექციების, შემთხვევებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. გარდა ამისა, ჰოლანდიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცხრა წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ 50%-ით იკლო იმ ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ.
ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ მოქმედებს დადებითი განწყობა ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა, გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ხალისიან და ოპტიმისტურ ადამიანებს სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის — ნაკლებობა აღენიშნებათ. ეს ჰორმონი, როგორც ცნობილია, აქვეითებს იმუნურ სისტემას.
-
-
იხარეთ იმედშიგამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
-
-
იხარეთ იმედში
ჯოუ უკურნებელი სენით, კიბოთი, იყო დაავადებული. მისი მეუღლე კირსტენი და ახლო მეგობრები მის საწოლთან ახლოს ისხდნენ და საუბრობდნენ. კირსტენმა მეუღლის თვალებზე ცრემლები შენიშნა. მას ეგონა, რომ ჯოუ ტკივილების გამო ტიროდა. ეს შეიძლება ასეც იყო, მაგრამ, როგორც მეუღლეს უთხრა, იმ მომენტში ის სხვა რამეზე წუხდა.
„იმ მძიმე წუთებში, ჯოუს გარს ეხვია ახლო მეგობრები, რომლებიც მის სანუგეშებლად მოდიოდნენ, — გვიყვება მისი მეუღლე. — გარდა ამისა, მას ჰქონდა შესანიშნავი იმედი, რომელიც ახლა უფრო რეალური იყო მისთვის, ვიდრე ოდესმე. ჯოუმ იცოდა, რომ ამ იმედს მას ვერავინ და ვერაფერი დააკარგვინებდა. მან მითხრა, რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო. იმ ღამით ჯოუ გარდაიცვალა“.
რა იმედი აძლიერებდა სიკვდილის პირას მყოფ ჯოუს? ეს იყო იეჰოვა ღმერთის დანაპირები, რომ ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნები 36:10, 11, 29). გამოცხადების 21:3, 4 ამბობს: „ღვთის კარავი ადამიანებთან არის . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი [მათ შორის დღევანდელი პრობლემები] მოისპო“.
იმედი გარდაცვლილებისთვისაც არსებობს
ჯოუს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა. მას ანუგეშებდა იესოს დანაპირები, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან“, ანუ მკვდრები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში იმყოფებიან, სიკვდილის ძილისგან გამოიღვიძებენ (იოანე 5:28, 29). თქვენც ხომ არ ხართ დამწუხრებული ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის დაკარგვით? თუ ასეა, აღდგომის იმედი თქვენთვისაც გამამხნევებელი იქნება. ცხადია, ამ იმედის მიუხედავად, საყვარელი ადამიანის დაკარგვისას მაინც განვიცდით საშინელ ტკივილს. თვით „იესოც აცრემლდა“, როცა მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა. თუმცა აღდგომის იმედი, გარკვეულწილად, ტკივილს გვიმსუბუქებს (იოანე 11:14, 34, 35; 1 თესალონიკელები 4:13).
„როცა ჩემი ძვირფასი მეუღლე, ჯოუ კიბოთი დაიღუპა, მეგონა, აღარასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი“, — თქვა კირსტენმა. დღესაც კი, როცა ჯოუს დაღუპვიდან რამდენიმე წელი გავიდა, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება ამ სისტემაში აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე. ჯოუს სიკვდილის შემდეგ ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ, რომლის შევსებაც შეუძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მაინც ვგრძნობ შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას“.
კირსტენის სიტყვები შეგვახსენებს, რომ ამ სისტემაში შეუძლებელია, ყოველი დღე სიხარულით იყოს სავსე. ცხოვრებაში სიხარულიც გვხვდება და მწუხარებაც. როცა დამწუხრებულები ვართ, შეუძლებელია მხიარულ ხასიათზე ვიყოთ (ეკლესიასტე 3:1, 4; 7:2—4). ამასთანავე, ზოგ ჩვენგანს სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლოა დეპრესიასთან უწევდეს გამკლავება. მიუხედავად ამისა, ბიბლიური დანაპირები ჩვენთვის უდიდესი გამხნევების წყაროა. აღმატებული სიბრძნე, რომელსაც ბიბლია იძლევა, თავიდან აგვაცილებს ბევრ საშიშროებას, რაც ბედნიერებას დაგვაკარგვინებდა. „მაგრამ ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება“ — ამბობს ღმერთი (იგავები 1:33).
დიახ, იეჰოვა დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით. მას სურს, რომ ნამდვილად ვიყოთ ბედნიერები და არა მხოლოდ ერთი შეხედვით, არა მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდი, არამედ მარადიულად! ამიტომაც გაუძლო ჟამთა სვლას იესოს განაცხადმა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:33). გონიერებას გამოვავლენთ, თუ იესოს ამ სიტყვებს ყურად ვიღებთ.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ბედნიერების რეცეპტის ცხრა ინგრედიენტი:
1. იყავით სულიერს მოწყურებულნი (მათე 5:3).
2. დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ და ნუ გექნებათ „ფულის სიყვარული“ (1 ტიმოთე 6:6—10).
3. ეცადეთ, რომ გართობამ და დროსტარებამ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არ დაჩრდილოს (2 ტიმოთე 3:1, 4).
4. იყავით გულუხვნი და იზრუნეთ სხვებზე (საქმეები 20:35).
5. იყავით მადლიერნი და იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც იღებთ (კოლოსელები 3:15).
6. მზად იყავით, რომ აპატიოთ სხვებს (მათე 6:14).
7. გონივრულად აირჩიეთ მეგობრები (იგავები 13:20).
8. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ცუდი ჩვევები მოიშორეთ (2 კორინთელები 7:1).
9. „იხარეთ იმედში“, რომელსაც ბიბლია გვაძლევს (რომაელები 12:12).
-