საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას ბედნიერი მსახურები
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • იეჰოვას ბედნიერი მსახურები

      „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

      1. რა არის ნამდვილი ბედნიერება და რისი მაჩვენებელია ის?

      ბედნიერება არის ძვირფასი განძი, რომელსაც იეჰოვას ხალხი ფლობს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!“ (ფსალმუნები 143:15). ბედნიერება დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდაა. უდიდესი ბედნიერება, რომელიც ჩვენი სულის სიღრმემდე აღწევს, იმის ცოდნითაა გამოწვეული, რომ იეჰოვასგან ვართ კურთხეულნი (იგავები 10:22). ასეთი ბედნიერება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ვიცით, რომ მის ნებას ვასრულებთ (ფსალმუნები 111:1; 118:1, 2). იესომ მოიყვანა ცხრა მიზეზი, რის საფუძველზეც შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ. ამ და შემდეგ სტატიაში ბედნიერების ანუ ნეტარების განხილვა დაგვეხმარება, გავაცნობიეროთ, რა ბედნიერები შეიძლება ვიყოთ, თუ ერთგულად ვემსახურებით „ბედნიერ ღმერთს“ — იეჰოვას (1 ტიმოთე 1:11).

      სულიერს მოწყურებულნი

      2. რა დროს დაიწყო იესომ ბედნიერების შესახებ საუბარი და რა იყო მისი პირველი სიტყვები?

      2 იესომ ახ. წ. 31 წელს წარმოთქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქადაგება. მას მთაზე ქადაგება ეწოდება, რადგან იესო ლაპარაკობდა მთის ფერდობზე, რომელიც გალილეის ზღვას გადაჰყურებდა. მათეს სახარებაში ნათქვამია: „ხალხი რომ დაინახა, [იესო] მთაზე ავიდა. როცა დაჯდა, მოწაფეები მიუახლოვდნენ. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“. სიტყვასიტყვით იესოს შესავალი სიტყვები შემდეგნაირად ითარგმნება: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“ ან „ბედნიერნი არიან ისინი, რომლებიც მთელი გულით ითხოვენ სულიერს“. „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ კი ამბობს: „ბედნიერნი არიან ისინი, ვინც იცის, რომ სულიერად ღარიბია“ (მათე 5:1—3).

      3. როგორ უწყობს ხელს ბედნიერებას თავმდაბლობა?

      3 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა, რომ უფრო ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც სულიერს არის მოწყურებული, ანუ ესმის, თუ რამდენად სჭირდება სულიერი. თავმდაბალ ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ ცოდვილები არიან და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე პატიებას სთხოვენ იეჰოვას (1 იოანე 1:9). ასეთი სახით, ისინი პოულობენ სულის სიმშვიდესა და ნამდვილ ბედნიერებას. „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა“ (ფსალმუნები 31:1; 118:165).

      4. ა) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვესმის, რამდენად გვჭირდება სულიერი როგორც ჩვენ, ისე სხვებს? ბ) რას მატებს ჩვენს ბედნიერებას ის, რომ სულიერს მოწყურებულნი ვართ?

      4 როდესაც გვესმის, თუ რამდენად გვჭირდება სულიერი, ეს აღგვძრავს, რომ ყოველდღიურად ვიკითხოთ ბიბლია, ღრუბელივით შევიწოვოთ სულიერი საზრდო, რომელსაც „დროულად“ გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონა“ და რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს (მათე 24:45; ფსალმუნები 1:1, 2; 118:111; ებრაელები 10:25). მოყვასისადმი სიყვარული დაგვეხმარება იმის გათვითცნობიერებაში, რომ სულიერი სხვებსაც ესაჭიროებათ და ეს აღგვძრავს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ენთუზიაზმით ვაუწყოთ და ვასწავლოთ (მარკოზი 13:10; რომაელები 1:14—16). ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:20, 35). ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ სამეფოს შესანიშნავ იმედსა და იმ კურთხევებზე, რასაც ის მოგვიტანს. ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი „მცირე სამწყსოსთვის“ სამეფოსთან დაკავშირებული იმედი ნიშნავს უკვდავ ცხოვრებას ზეცაში, სადაც ისინი ქრისტესთან ერთად იმმართველებენ (ლუკა 12:32; 1 კორინთელები 15:50, 54). „სხვა ცხვრებისთვის“ კი ეს ნიშნავს მარადიულ ცხოვრებას ზეციერი მთავრობის ქვეშევრდომობით დედამიწაზე სამოთხეში (იოანე 10:16; ფსალმუნები 36:11; მათე 25:34, 46).

      როგორ შეუძლიათ მგლოვიარეებს იყვნენ ბედნიერები?

      5. ა) რა იგულისხმება გამოთქმაში „მგლოვიარენი“? ბ) როგორ პოულობენ ნუგეშს ამგვარად მგლოვიარენი?

      5 ბედნიერების შემდეგი მიზეზი, რომელიც იესომ მოიხსენია ურთიერთგამომრიცხავი ჩანს. მან თქვა: „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს ჰპოვებენ“ (მათე 5:4). როგორ შეიძლება ადამიანი გლოვობდეს და ამასთანავე ბედნიერი იყოს? იესოს სიტყვების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, საჭიროა, განვიხილოთ, რა სახის გლოვაზე საუბრობდა ის. მოწაფე იაკობი განმარტავს, რომ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა უნდა იყოს გლოვის მიზეზი. მან დაწერა: „გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო, და გაიწმინდეთ გულები, მერყევებო. იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს და სიხარული — სევდად. დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე და ის აგამაღლებთ“ (იაკობი 4:8—10). ისინი, რომლებიც ნამდვილად წუხან თავიანთ ცოდვილ მდგომარეობაზე, ნუგეშს პოულობენ, როცა იგებენ, რომ მათი ცოდვები შეიძლება მიტევებული იყოს ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენითა და ჭეშმარიტი მონანიებით, რაც იეჰოვას ნების შესრულებით ვლინდება (იოანე 3:16; 2 კორინთელები 7:9, 10). ამგვარად, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობა და მარადიული სიცოცხლის იმედი, რათა ემსახურონ და განადიდონ ის. ამას ღრმა შინაგანი კმაყოფილების გრძნობა და ბედნიერება მოაქვს მათთვის (რომაელები 4:7, 8).

      6. რა გაგებით გლოვობს ზოგიერთი და როგორ ჰპოვებენ ნუგეშს?

      6 იესოს სიტყვები ეხება მათაც, რომლებიც გლოვობენ დედამიწაზე არსებული საშინელი მდგომარეობის გამო. იესომ აღნიშნა, რომ მას ეხებოდა ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად . . . რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე“. ეს დავალება ასევე აკისრიათ ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც თავიანთი თანამსახურების, „სხვა ცხვრების“ დახმარებით ასრულებენ მას. მონაწილეობას ყველა იღებს, რათა სიმბოლური გაგებით ნიშანი დაადოს შუბლებზე ადამიანებს, „რომელნიც კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო, რომელიც მის შიგნით ხდება“ (ეზეკიელი 9:4). ასეთ ადამიანებს ანუგეშებთ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). ისინი ბედნიერები არიან იმის გაგებით, რომ მალე სატანის ბოროტი სისტემა იეჰოვას სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით შეიცვლება.

      ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი

      7. რას არ გულისხმობს გამოთქმა „რბილი ხასიათისანი“?

      7 იესომ მთაზე ქადაგება ასეთი სიტყვებით განაგრძო: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). ზოგი ფიქრობს, რომ რბილი ხასიათი სისუსტის მაჩვენებელია. მაგრამ ეს ასე არ არის. რბილი ხასიათის მქონე ადამიანის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ თავისი თავი ბოლომდე ჰყავს ხელში აყვანილი; ეს არ ნიშნავს უნებისყოფობას, უპრინციპობას, ყველაფრისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, არამედ ისეთ სიძლიერეს, რომელიც კონტროლს არის დაქვემდებარებული. იესომ საკუთარი თავის შესახებ თქვა: „რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათე 11:29). მაგრამ ის სამართლიანი პრინციპების მტკიცე დამცველი იყო (მათე 21:12, 13; 23:13—33).

      8. რასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული რბილი ხასიათი და რატომ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება სხვებთან ურთიერთობისას?

      8 რბილი ხასიათი მჭიდროდაა დაკავშირებული თავშეკავებასთან. პავლე მოციქულმა ერთად მოიყვანა რბილი ხასიათი და თავშეკავება, როცა „სულის ნაყოფები“ ჩამოთვალა (გალატელები 5:22, 23). რბილი ხასიათი წმინდა სულის დახმარებით უნდა იქნეს განვითარებული. ეს არის ქრისტიანული თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას გარეშეებთან და კრების წევრებთან. პავლე წერდა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:12, 13).

      9. ა) რატომ არ შემოიფარგლება რბილი ხასიათის გამოვლენა მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით? ბ) როგორ „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ რბილი ხასიათის მქონე ადამიანები?

      9 რბილი ხასიათის გამოვლენა მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით როდი შემოიფარგლება. იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი სიხარულით დამორჩილებით ცხადვყოფთ, რომ რბილი ხასიათი გვაქვს. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია იესო ქრისტე, რომელმაც დედამიწაზე ყოფნისას გამოავლინა რბილი ხასიათი და სრული მორჩილება მამის ნება-სურვილისადმი (იოანე 5:19, 30). უპირველესად იესო იმკვიდრებს დედამიწას, რადგან მის მმართველად არის დანიშნული (ფსალმუნები 2:6—8; დანიელი 7:13, 14). ის თავის მემკვიდრეობას უზიარებს 144 000 ‘თანამემკვიდრეს’, რომლებიც არჩეულია „ადამიანთაგან“, რათა იყვნენ „დედამიწის მმართველები“ (რომაელები 8:17; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, 4; დანიელი 7:27). ქრისტე და მისი თანამმართველები უხელმძღვანელებენ მილიონობით ცხვრისმაგვარ კაცსა და ქალს, რომლებზედაც შესრულდება ფსალმუნებში წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11; მათე 25:33, 34, 46).

      ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი

      10. როგორ გაძღებიან „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“?

      10 იესომ გალილეის მთის ფერდობზე საუბრის დროს ბედნიერების შემდეგი მიზეზი მოიყვანა: „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათე 5:6). ქრისტიანებისთვის იეჰოვა ადგენს სიმართლის ნორმებს. ამიტომ სიმართლეს მოშიებული და მოწყურებული ადამიანი, ფაქტობრივად ღვთის მმართველობას არის მოშიებული და მოწყურებული. ასეთმა ადამიანებმა კარგად იციან თავიანთი ცოდვებისა და არასრულყოფილების შესახებ და სურთ იეჰოვას მოწონება დაიმსახურონ. რა ბედნიერები არიან ისინი ღვთის სიტყვიდან იმის გაგებით, რომ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე თუ მოინანიებენ და პატიებას ითხოვენ, მიაღწევენ იმას, რომ სამართლიანად წარდგებიან ღვთის წინაშე! (საქმეები 2:38; 10:43; 13:38, 39; რომაელები 5:19).

      11, 12. ა) როგორ ცხადდებიან მართლებად ცხებული ქრისტიანები? ბ) როგორ იკმაყოფილებენ სიმართლის წყურვილს ცხებულთა თანამსახურნი?

      11 იესომ თქვა, რომ ასეთი ადამიანები ბედნიერები იქნებიან, რადგან ისინი „გაძღებიან“ ანუ დაკმაყოფილდებიან (მათე 5:6). ცხებული ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ‘იმეფონ’ ქრისტესთან ერთად ზეცაში, აღიარებულნი არიან ‘მართლებად სასიცოცხლოდ’ (რომაელები 5:1, 9, 16—18). იეჰოვას შვილად აჰყავს ისინი და ამგვარად ისინი მისი სულიერი ძეები ხდებიან. ისინი ხდებიან ქრისტეს თანამემკვიდრეები, რათა იყვნენ მეფეები და მღვდლები მის ზეციერ სამეფოში (იოანე 3:3; 1 პეტრე 2:9).

      12 ცხებული ქრისტიანების თანამსახურნი ჯერ არ არიან გამოცხადებულნი ‘მართლებად სასიცოცხლოდ’. მაგრამ იეჰოვა თვლის მათ მართლებად, რადგან ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი რწმენას ავლენენ (იაკობი 2:22—25; გამოცხადება 7:9, 10). ისინი მიჩნეულნი არიან მართლებად, როგორც იეჰოვას მეგობრები და ‘დიდ გასაჭირს’ გადაურჩებიან (გამოცხადება 7:14). ისინი წყურვილს მაშინ დაიკმაყოფილებენ, როცა „ახალი ცის“ მმართველობის დროს გახდებიან ახალი მიწის ნაწილი, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13; ფსალმუნები 36:29).

      ბედნიერნი არიან გულმოწყალენი

      13, 14. როგორ უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება და რა სარგებლობას მოგვიტანს ეს?

      13 იესომ მთაზე ქადაგება ასეთი სიტყვებით განაგრძო: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). კანონმდებლობაში შეწყალებად ითვლება მოსამართლის მიერ ბრალდებულისადმი კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქება, მაგრამ ბიბლიის ორიგინალში გამოყენებული სიტყვები, რომლებიც გულმოწყალებად ითარგმნა, უმეტესწილად მიუთითებს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფის მიმართ სიბრალულისა და თანაგრძნობის გამოვლენაზე, რასაც მისთვის შემსუბუქება მოაქვს. ამგვარად, გულმოწყალე ადამიანი თავისი საქციელით აჩვენებს, რომ თანამგრძნობია. კეთილი სამარიელის შესახებ იესოს მიერ მოყვანილი იგავი შესანიშნავი მაგალითია იმ ადამიანისა, ვინც „გულმოწყალებას ავლენს“ მათ მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება (ლუკა 10:29—37).

      14 გულმოწყალების გამოვლენის შედეგად ბედნიერება რომ განვიცადოთ, აუცილებელია, სიკეთე გავუკეთოთ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება (გალატელები 6:10). იესო სიბრალულს ავლენდა ხალხის მიმართ. „გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და მრავალი რამის სწავლება დაუწყო მათ“ (მარკოზი 6:34). იესოს ესმოდა, რომ კაცობრიობა სხვა ყველაფერზე მეტად სულიერ საზრდოს საჭიროებდა. ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ თანაგრძნობისა თუ გულმოწყალების გამოვლენა და გავუზიაროთ სხვებს ის, რაც მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ — „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). ჩვენ ასევე შეგვიძლია პრაქტიკული დახმარება შევთავაზოთ ხანდაზმულ თანაქრისტიანებს, ქვრივებს, ობლებს და ‘ვანუგეშოთ დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14; იგავები 12:25; იაკობი 1:27). ეს ყველაფერი არა მარტო ბედნიერებას, არამედ იეჰოვას გულმოწყალებასაც მოგვიტანს (საქმეები 20:35; იაკობი 2:13).

      სუფთა გულისანი და მშვიდობისმყოფელნი

      15. როგორ შეგვიძლია ვიყოთ „სუფთა გულისანი“ და „მშვიდობისმყოფელნი“?

      15 იესო ბედნიერების მეექვსე და მეშვიდე მიზეზს შემდეგი სიტყვებით აღწერდა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ; ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ“ (მათე 5:8, 9). სუფთა გული არა მარტო ზნეობრივად, არამედ სულიერადაც წმინდაა და იეჰოვასადმი ერთგულებას ავლენს (1 ნეშტთა 28:9; ფსალმუნები 85:11). მშვიდობისმყოფელნი მშვიდობიანად ცხოვრობენ ქრისტიან ძმებთან და რამდენადაც მათი მხრიდან შესაძლებელია სხვა ადამიანებთანაც (რომაელები 12:17—21). ისინი ‘ეძიებენ მშვიდობას და მისკენ ისწრაფიან’ (1 პეტრე 3:11).

      16, 17. ა) რატომ ეწოდებათ ცხებულებს „ღვთის ძეები“ და როგორ „იხილავენ [ისინი] ღმერთს“? ბ) როგორ ხედავენ „სხვა ცხვრები“ ღმერთს? გ) როგორ და როდის გახდებიან „სხვა ცხვრები“ „ღვთის ძეები“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით?

      16 მშვიდობისმყოფელთ, რომლებიც გულით სუფთანი არიან, დანაპირებისამებრ „ღვთის ძეები დაერქმევათ“ და „ღმერთს იხილავენ“. ცხებული ქრისტიანები სულით შობილნი არიან; იეჰოვა თავის შვილებად აცხადებს მათ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ისინი დედამიწაზე ცხოვრობენ (რომაელები 8:14—17). მკვდრეთით აღდგენის შემდეგ კი, ისინი ზეცაში ქრისტესთან ერთად არიან, იეჰოვას თანდასწრებით მსახურობენ და სინამდვილეში ხედავენ ღმერთს (1 იოანე 3:1, 2; გამოცხადება 4:9—11).

      17 მშვიდობისმყოფელი „სხვა ცხვრები“ ემსახურებიან იეჰოვას შესანიშნავი მწყემსის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, რომელიც ხდება მათი „საუკუნო მამა“ (იოანე 10:14, 16; ესაია 9:6). ის, ვინც წარმატებით გაივლის საბოლოო გამოცდას ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, იეჰოვას მიწიერი შვილი გახდება და „მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21; გამოცხადება 20:7, 9). ამ დროის მოლოდინში, ისინი მიმართავენ იეჰოვას, როგორც თავიანთ მამას, რადგან სიცოცხლეს მას უძღვნიან და აღიარებენ, რომ ის სიცოცხლის მომცემია (ესაია 64:8). მოსესა და იობის მსგავსად, მათ შეუძლიათ რწმენის თვალით იხილონ ღმერთი (იობი 42:5; ებრაელები 11:27). „გულის თვალებითა“ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მეშვეობით, ისინი წვდებიან იეჰოვას შესანიშნავ თვისებებს, ცდილობენ მიბაძონ მას და შეასრულონ მისი ნება (ეფესოელები 1:18; რომაელები 1:19, 20; 3 იოანე 11).

      18. ბედნიერებისთვის საჭირო პირველ შვიდ მიზეზთან დაკავშირებით იესოს სიტყვების თანახმად, ვინ პოულობს დღეს ნამდვილ ბედნიერებას?

      18 როგორც დავინახეთ, სულიერს მოწყურებულნი, მგლოვიარენი, რბილი ხასიათისანი, სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, გულმოწყალენი, სუფთა გულისანი და მშვიდობისმყოფელნი, ნამდვილ ბედნიერებას პოულობენ იეჰოვასადმი მსახურებაში. მაგრამ ასეთი ადამიანები ყოველთვის ხვდებოდნენ წინააღმდეგობას და დევნებსაც კი. ართმევთ ეს მათ ბედნიერებას? ეს საკითხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

  • დევნილნი, მაგრამ ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • დევნილნი, მაგრამ ბედნიერნი

      „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“ (მათე 5:11).

      1. რაში დაარწმუნა იესომ თავისი მიმდევრები ბედნიერებასა და დევნასთან დაკავშირებით?

      როცა პირველად იესომ თავისი მოციქულები სამეფოს შესახებ საქადაგებლად გაგზავნა, გააფრთხილა, რომ წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ. მან უთხრა მათ: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მათე 10:5—18, 22). მაგრამ ადრე, მთაზე ქადაგებისას, მან მოციქულები და სხვები დაარწმუნა, რომ ასეთი წინააღმდეგობა არ შეუქმნიდა საფრთხეს მათ შინაგან კმაყოფილებასა და ბედნიერებას. იესომ ქრისტიანების ბედნიერება დააკავშირა კიდეც დევნასთან! როგორ შეეძლო დევნას ბედნიერების მოტანა?

      სიმართლისთვის დევნილნი

      2. რა სახის დევნებს მოაქვს ბედნიერება იესოსა და პეტრეს სიტყვების თანახმად?

      2 ბედნიერების მერვე მიზეზი, რომელიც იესომ მოიყვანა, ასეთია: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:10). თავისთავად ტანჯვა საქებარი არ არის. მოციქული პეტრე წერდა: „თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით, ეს არის ღვთისთვის მისაღები“. შემდეგ მან თქვა: „ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს, მაგრამ, თუ ისე მოუწევს ტანჯვა როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს, არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით“ (1 პეტრე 2:20; 4:15, 16). იესოს სიტყვების თანახმად, დევნას ბედნიერება მაშინ მოაქვს, თუ ადამიანი სიმართლისთვის ითმენს.

      3. ა) რას ნიშნავს, იყო სიმართლისთვის დევნილი? ბ) როგორი გავლენა იქონია დევნამ ადრეულ ქრისტიანებზე?

      3 ნამდვილი სამართლიანობა ღვთის ნების შესრულებითა და მისი კანონების დაცვით განისაზღვრება. ამიტომ ვიყოთ სიმართლისთვის დევნილნი ნიშნავს, ვიტანჯოთ იმის გამო, რომ ვუძლებთ ზეწოლას და არ ვარღვევთ ღვთის ნორმებსა და მოთხოვნებს. იუდეველი ხელმძღვანელები დევნიდნენ მოციქულებს, რადგან ისინი არ წყვეტდნენ იესოს სახელით ქადაგებას (საქმეები 4:18—20; 5:27—29, 40). დაკარგეს მათ სიხარული და ქადაგების სურვილი? სრულებითაც არა! „[ისინი] კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:41, 42). დევნამ მათ სიხარული მოუტანა და სამქადაგებლო საქმიანობისადმი უფრო მეტი ენთუზიაზმით აავსო ისინი. მოგვიანებით ადრეულ ქრისტიანებს დევნიდნენ რომაელები, რადგან ისინი უარს ამბობდნენ იმპერატორის თაყვანისცემაზე.

      4. რა მიზეზების გამო დევნიან ქრისტიანებს?

      4 ჩვენს დროში იეჰოვას მოწმეები იდევნებიან, რადგან ისინი არ წყვეტენ ქადაგებას ‘სასიხარულო ცნობაზე სამეფოს შესახებ’ (მათე 24:14). როცა ოფიციალურად იკრძალება მათი ქრისტიანული შეხვედრები, ისინი მზად არიან იტანჯონ, ვიდრე ბიბლიური მითითება დაარღვიონ და უარი თქვან ერთად შეკრებაზე (ებრაელები 10:24, 25). მათ დევნიან იმის გამო, რომ ინარჩუნებენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს და უარს ამბობენ სისხლის არასწორად გამოყენებაზე (იოანე 17:14; საქმეები 15:28, 29). ყოველივე ამის მიუხედავად, სიმართლის მხარეზე დგომას დიდი შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს დღეს ღვთის ხალხისთვის (1 პეტრე 3:14).

      ქრისტეს სახელისთვის გალანძღულნი

      5. რა ძირითადი მიზეზის გამო დევნიან დღეს იეჰოვას ხალხს?

      5 ბედნიერების მეცხრე მიზეზიც, რომელიც იესომ მთაზე ქადაგებისას მოიყვანა, დევნის საკითხს ეხება. მან თქვა: „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“ (მათე 5:11). იეჰოვას ხალხს ძირითადად იმ მიზეზის გამო დევნიან, რომ ისინი არ არიან თანამედროვე ბოროტი სისტემის ნაწილი. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი, მაგრამ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:19). მსგავსადვე, მოციქული პეტრე წერდა: „ისინი საგონებელში არიან ჩავარდნილნი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ“ (1 პეტრე 4:4).

      6. ა) რატომ ლანძღავენ და დევნიან ცხებულთა დარჩენილ ნაწილსა და მათ თანამსახურებს? ბ) გვაკარგვინებს ბედნიერებას ასეთი ლანძღვა?

      6 როგორც უკვე დავინახეთ, ადრეულ ქრისტიანებს იმიტომ დევნიდნენ, რომ არ წყვეტდნენ ქადაგებას იესოს სახელით. ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილი ერთგულ თანამსახურთან, ‘უამრავი ხალხთან’, ერთად ენთუზიაზმით ასრულებს ამ დავალებას (გამოცხადება 7:9). ამიტომ, სატანა ებრძვის „დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან [„ქალის“ შთამომავალიდან, ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილიდან], რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და მოწმობენ იესოს შესახებ“ (გამოცხადება 12:9, 17). ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვამოწმებთ ზეციერი მთავრობის ამჟამინდელი მმართველის, იესოს შესახებ. ის გაანადგურებს ადამიანურ მთავრობებს, რომლებიც წინ ეღობება ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (დანიელი 2:44; 2 პეტრე 3:13). ამ დამოწმების გამო გვლანძღავენ და გვდევნიან კიდეც, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ქრისტეს სახელისთვის ვიტანჯებით (1 პეტრე 4:14).

      7, 8. რა ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდნენ მოწინააღმდეგეები ადრეულ ქრისტიანებზე?

      7 იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები ბედნიერები უნდა იყვნენ მაშინაც კი, როცა ხალხი მის გამო ‘ყველანაირ ბოროტებას აბრალებს’ მათ (მათე 5:11). პირველი საუკუნის ქრისტიანებს სწორედ ასე ექცეოდნენ. დაახლოებით ახ. წ. 59—61 წლებში, როცა პავლე მოციქული რომში შეიპყრეს, იუდეველმა ხელმძღვანელებმა ქრისტიანების შესახებ თქვეს: „რადგან ვიცით, რომ ყველგან ამ სექტის წინააღმდეგ ლაპარაკობენ“ (საქმეები 28:22). პავლე და სილა დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ „ქვეყანა ყირაზე დააყენეს“ და ‘კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებოდნენ’ (საქმეები 17:6, 7).

      8 რომის იმპერიის მმართველობის დროს მცხოვრები ქრისტიანების შესახებ ისტორიკოსი კ. ს. ლატურეტი წერდა: „ბრალდებები სხვადასხვაგვარი იყო. იმის გამო, რომ ქრისტიანები მონაწილეობას არ იღებდნენ წარმართულ ცერემონიებში, მათ ათეისტებს უწოდებდნენ. საზოგადოებრივი ცხოვრების უმეტეს ღონისძიებებში — წარმართულ დღეობებში, სახალხო დღესასწაულებში . . . — მონაწილეობაზე უარის თქმისთვის, მათ სარკასტულად კაცთმოძულეებად მოიხსენიებდნენ. ამბობდნენ რომ, კაცები და ქალები ღამღამობით იკრიბებოდნენ . . . და ვისაც ვინ შეხვდებოდა, იმასთან ჰქონდა ურთიერთობა . . . [ქრისტეს გახსენების საღამოს] აღსანიშნავად მხოლოდ მორწმუნეები იკრიბებოდნენ, რაც ხელს უწყობდა ჭორის გავრცელებას, რომ ქრისტიანები რეგულარულად სწირავდნენ ჩვილ ბავშვებს, სვამდნენ მათ სისხლს და ჭამდნენ მათ ხორცს“. გარდა ამისა, ქრისტიანები უარს ამბობდნენ იმპერატორის თაყვანისცემაზე, რის გამოც მათ სახელმწიფოს მტრებად მიიჩნევდნენ.

      9. როგორ რეაგირებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ცრუ ბრალდებებზე და რა მდგომარეობაა ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით დღეს?

      9 ეს ცრუ ბრალდებები ხელს არ უშლიდა ადრეულ ქრისტიანებს, შეესრულებინათ დავალება — ექადაგათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ახ. წ. 60—61 წლებში პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ ‘სასიხარულო ცნობა’ „ნაყოფსაც იძლევა და ვრცელდება კიდეც მთელ მსოფლიოში“ და „ექადაგა ყველა ქმნილებას ცის ქვეშ“ (კოლოსელები 1:5, 6, 23). იგივე ხდება დღესაც. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იყენებენ ცრუ ბრალდებებს. მაგრამ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა წინ მიიწევს და დიდი ბედნიერება მოაქვს მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს.

      ბედნიერნი, წინასწარმეტყველთა მსგავსად, დევნის გამო

      10, 11. ა) რა სიტყვებით დაასრულა იესომ ბედნიერების მეცხრე მიზეზი? ბ) რატომ დევნიდნენ წინასწარმეტყველებს? მოიყვანეთ მაგალითები.

      10 იესომ ბედნიერების მეცხრე მიზეზი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „იხარეთ, . . . თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათე 5:12). წინასწარმეტყველებს, რომლებსაც იეჰოვა ორგულ ისრაელს უგზავნიდა, ცუდად ეპყრობოდნენ და ხშირად დევნიდნენ (იერემია 7:25, 26). პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით წერდა: „კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე . . . სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ, რომლებიც რწმენით . . . გამოიცადნენ დაცინვითა და გაშოლტვით და უფრო მეტიც — ბორკილებითა და საპყრობილეებით“ (ებრაელები 11:32—38).

      11 ბოროტი მეფის აქაბისა და მისი ცოლის, იზებელის მმართველობის დროს, იეჰოვას ბევრი წინასწარმეტყველი მახვილით მოკლეს (3 მეფეთა 18:4, 13; 19:10). წინასწარმეტყველ იერემიას ჯერ ბორკილები დაადეს და შემდეგ შლამიან ჭაში ჩააგდეს (იერემია 20:1, 2, აქ; 38:6, სსგ). წინასწარმეტყველი დანიელიც ლომების ხაროში ჩააგდეს (დანიელი 6:16, 17). ყველა ამ ქრისტიანობამდელ წინასწარმეტყველს დევნიდნენ იმის გამო, რომ ისინი მხარს უჭერდნენ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. მრავალ წინასწარმეტყველს იუდეველი რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ. იესომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები“ უწოდა (მათე 23:31).

      12. რატომ არის, ჩვენთვის, იეჰოვას მოწმეებისთვის პატივი, რომ ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველთა მსგავსად დევნილნი ვიყოთ?

      12 დღეს ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, ხშირად იმიტომ გვდევნიან, რომ ენთუზიაზმით ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. მტრები გვადანაშაულებენ, რომ ვეწევით აგრესიულ პროზელიტიზმს, მაგრამ ვიცით, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ, მსგავსად აკრიტიკებდნენ (იერემია 11:21; 20:8, 11). ჩვენთვის დიდი პატივია ვიტანჯოთ იმავე მიზეზით, რომლითაც ძველ დროში მცხოვრები ერთგული წინასწარმეტყველები იტანჯებოდნენ. მოწაფე იაკობი წერდა: „ძმებო, გაუძელით ბოროტებას და მოითმინეთ, იმ წინასწარმეტყველების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ. ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა“ (იაკობი 5:10, 11).

      ბედნიერების საფუძვლიანი მიზეზები

      13. ა) რატომ არ ვკარგავთ ხალისს დევნების გამო? ბ) რისი წყალობით შეგვიძლია მტკიცედ დგომა და რას ცხადყოფს ეს?

      13 ჩვენ არ ვკარგავთ ხალისს დევნების გამო, რადგან გვანუგეშებს ის აზრი, რომ წინასწარმეტყველების, ადრეული ქრისტიანებისა და თავად იესო ქრისტეს კვალს მივყვებით (1 პეტრე 2:21). დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს საღვთო წერილში მოცემული სიტყვები, მაგალითად, რაც პეტრე მოციქულმა თქვა: „საყვარელნო, ნუ ჩავარდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტრე 4:12, 14). გამოცდილებიდან ვიცით, რომ დევნების დროს მტკიცედ დგომა მხოლოდ იმიტომ შეგვიძლია, რომ იეჰოვას სულია ჩვენზე და ის გვაძლიერებს. წმინდა სულის დახმარება ცხადყოფს, რომ იეჰოვასგან ვართ კურთხეულნი და ამას დიდი ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის (ფსალმუნები 5:13; ფილიპელები 1:27—29).

      14. რა მიზეზების გამო გვიხარია სიმართლისთვის დევნა?

      14 წინააღმდეგობით და სიმართლისთვის დევნით ცხადი ხდება, რომ ვცხოვრობთ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები და ღვთისადმი ერთგულებას ვავლენთ, რაც სიხარულის კიდევ ერთი მიზეზია. პავლე მოციქული წერდა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). უსაზღვროდ ბედნიერები ვართ, რომ განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებით პასუხს ვცემთ სატანის ცრუ ბრალდებას, რომელიც ამტკიცებს, რომ იეჰოვას ქმნილებები ეგოისტური სურვილების გამო ემსახურებიან მას (იობი 1:9—11; 2:3, 4). გვიხარია, რომ იეჰოვას სამართლიანი უზენაესი მმართველობის გამართლებაში თუნდაც მცირე წვლილი შეგვაქვს (იგავები 27:11).

      სიხარულით ხტოდეთ ჯილდოს გამო

      15, 16. ა) რა მიზეზები მოიყვანა იესომ იმისათვის, რომ ‘ვიხაროთ და სიხარულით ვხტოდეთ’? ბ) რა ძღვენი ელით ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში და როგორ მიიღებენ ძღვენს მათი თანამსახური ‘სხვა ცხვრებიც’?

      15 იესომ შემდეგი მიზეზი მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გვიხაროდეს, როცა სხვები ცილს გვწამებენ და გვდევნიან ძველ დროში მცხოვრები წინასწარმეტყველების მსგავსად. ბედნიერების მეცხრე მიზეზის აღწერისას მან ასეთი სიტყვები თქვა: „იხარეთ და სიხარულით ხტოდეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“ (მათე 5:12). პავლე მოციქულმა კი დაწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). დიახ, ‘დიდი საზღაური’ სიცოცხლეა და ეს არ არის ისეთი საზღაური, რომელიც შეგვიძლია დავიმსახუროთ. ეს არის ძღვენი. იესომ თქვა, რომ ეს ძღვენი არის „ზეცაში“, რადგან იეჰოვასგან მომდინარეობს.

      16 ცხებულები „სიცოცხლის გვირგვინს“ იღებენ, რაც ქრისტესთან ერთად ზეცაში უკვდავ ცხოვრებას ნიშნავს (იაკობი 1:12, 17). მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვრები“ კი ელიან მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე (იოანე 10:16; გამოცხადება 21:3—5). ორივე ჯგუფი იღებს „ძღვენს“ დაუმსახურებლად. ცხებულები და „სხვა ცხვრები“ იეჰოვას „აღმატებული წყალობის“ შედეგად იღებენ ძღვენს. ამან აღძრა მოციქული პავლე დაეწერა: „მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უანგარო ძღვნისთვის“ (2 კორინთელები 9:14, 15).

      17. რატომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები და, ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ‘სიხარულით ვხტოდეთ’ დევნის დროს?

      17 იმ ქრისტიანებს, რომელთაგანაც მალე ზოგიერთი იმპერატორ ნერონის მხრიდან სასტიკი დევნის ობიექტი გახდა, მოციქული პავლე წერდა: „გასაჭირშიც ვიხაროთ, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს, მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს, ღვთის მოწონებას — იმედი, ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს“. მან ასევე თქვა: „იხარეთ იმედში. გაუძელით გასაჭირს“ (რომაელები 5:3—5; 12:12). ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი, განსაცდელების დროს ერთგულებისთვის მიღებული ჯილდო გაცილებით დიდია იმაზე, რასაც სინამდვილეში ვიმსახურებთ. უსაზღვროა ჩვენი სიხარული იმის გამო, რომ გვაქვს პერსპექტივა ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით მარადიულად ვემსახუროთ ჩვენს მოსიყვარულე მამას, იეჰოვას, და განვადიდოთ იგი. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ჩვენ ‘სიხარულით ვხტით’.

      18. რას უნდა მოველოდეთ ერებისგან უკანასკნელი დღეების მიწურულს და რას გააკეთებს იეჰოვა?

      18 ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები იდევნებოდნენ და დღესაც იდევნებიან. ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებისას იესომ ჭეშმარიტი ქრისტიანები გააფრთხილა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). უკანასკნელი დღეების დასასრულს სატანა აღძრავს ხალხს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლების მიმართ სიძულვილი გამოავლინონ (ეზეკიელი 38:10—12, 14—16). სწორედ იმ დროს, იეჰოვა დაიწყებს მოქმედებას. «მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი [„იეჰოვა“, აქ] ვარ» (ეზეკიელი 38:23, სსგ). ამგვარად განწმედს იეჰოვა თავის დიდებულ სახელს და თავის ხალხს დევნებისგან გაათავისუფლებს. ამიტომ „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს“ (იაკობი 1:12).

      19. რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვას დიდი დღის მოლოდინში?

      19 „იეჰოვას დღე“ ახლოვდება. ამიტომ დაე გვიხაროდეს, რომ იესოს სახელის გულისთვის „შეურაცხყოფის ღირსნი“ ვხდებით (2 პეტრე 3:10—13; საქმეები 5:41). ადრეული ქრისტიანების მსგავსად, დაე კვლავაც ‘დაუღალავად ვასწავლოთ და ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა ქრისტეზე’ და მის სამეფოზე, მაშინ როცა ველით ძღვენს — იეჰოვას სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (საქმეები 5:42; იაკობი 5:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება