საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კმაყოფილება და ხელგაშლილობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • რა უწყობს ხელს ბედნიერებას

      კმაყოფილება. „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). მას, ვინც კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, არ ახასიათებს წუწუნი და არ შურს სხვისი. ასეთი ადამიანები არ ოცნებობენ ისეთ რამეზე, რაზეც ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ ზედმეტ თავის ტკივილსა და წუხილს ირიდებენ თავიდან.

      ხელგაშლილობა. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ხელგაშლილი ადამიანები ბედნიერები იმიტომ არიან, რომ სხვებს სიხარულს ანიჭებენ, თუნდაც იმით, რომ ცოტაოდენ დროს უთმობენ ან დახმარების ხელს უწვდიან. სანაცვლოდ ბევრად მეტს იღებენ — სხვების სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ და ნამდვილ მეგობრებს იძენენ, რომლებიც, თავის მხრივ, გულუხვად გასცემენ მათთვის. ამას კი ფულით ნამდვილად ვერ იყიდი! (ლუკა 6:38).

      ქონებაზე წინ ადამიანების დაყენება. „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავები 15:17). აქ მოცემული პრინციპიდან ჩანს, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოვლენა და მათთან თბილი ურთიერთობა ქონებაზე გაცილებით ძვირფასია. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, სიყვარულის გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

      საბინამ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს, დაინახა, რამდენად ღირებულია ბიბლიური პრინციპები. მას შემდეგ, რაც ეს ქალი ქმარმა მიატოვა, მარტოს უწევდა საკუთარი თავისა და ორი გოგონას რჩენა. ის ორ ადგილზე მუშაობდა და ყოველდღე დილის ოთხ საათზე დგებოდა. ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საბინამ გადაწყვიტა, ბიბლია შეესწავლა. შეიცვალა რამე მის ცხოვრებაში?

      მართალია, მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამ საბინას ბედნიერება მოუტანა (მათე 5:3). თანაქრისტიანებს შორის მან ნამდვილი მეგობრები იპოვა. მეტიც, როცა თავად დაიწყო სხვებისთვის გაცემა და ბიბლიიდან ნასწავლის გაზიარება, უდიდესი სიხარული იგრძნო.

      ბიბლიაში წერია, რომ „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). აქედან გამომდინარე, თუ კმაყოფილები და ხელგაშლილები ვიქნებით და ქონებაზე წინ ადამიანებს დავაყენებთ, ბიბლიური სიბრძნის სიმართლეში დავრწმუნდებით.

  • ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
    • ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა

      ქრონიკული დაავადების ან შრომისუნარიანობის დაკარგვის შედეგად ადამიანის ცხოვრება შეიძლება თავდაყირა დადგეს. ულფი, რომელიც ერთ დროს ჯანმაგარი კაცი იყო და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მოულოდნელად დაინვალიდდა. ის იხსენებს: „ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ძალა და მხნეობა დავკარგე . . . თავს განადგურებულად ვგრძნობდი“.

      ულფის შემთხვევა შეგვახსენებს, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს შეერყეს ჯანმრთელობა. თუმცა მაინც შეგვიძლია რაღაც ვიღონოთ, რომ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელები ვიყოთ. მაგრამ, თუ ჯანმრთელობა გაგვიუარესდება, ნიშნავს ეს იმას, რომ ბედნიერები ვეღარასდროს ვიქნებით? რა თქმა უნდა, არა. ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, ვიმსჯელოთ რამდენიმე პრინციპზე, რომელთა დაცვაც კარგ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

      იყავით ზომიერები (1 ტიმოთე 3:2, 11). თუ ჩვევად გვაქვს უზომო ჭამა-სმა, ცხადია, ეს ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს ჯიბეზე. „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს და ვინც ხორცით ვერ ძღება; რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება“ (იგავები 23:20, 21).

      ნუ დაიბინძურებთ ორგანიზმს. „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“ (2 კორინთელები 7:1). თამბაქოს ღეჭვა, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება ბილწავს სხეულს. მაგალითად, მოწევა „იწვევს არაერთ დაავადებას, აქვეითებს შრომისუნარიანობას და ვნებს თითქმის ყველა ორგანოს“, — ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებ-გვერდზე.

      გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ნუ დაიზიანებთ სხეულს. „[ღვთის წყალობით] ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქმეები 17:28). როცა ამ ფაქტს ვაცნობიერებთ, ვცდილობთ, მოვერიდოთ ზედმეტ რისკს, იქნება ეს მუშაობის, მანქანის ტარებისა თუ გართობის დროს. ნამდვილად არ ღირს, წამიერი სიამოვნების გამო მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩე.

      აკონტროლეთ ემოციები. ჩვენი ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ ინერვიულებთ, დაიოკებთ ბრაზს, არ შეგშურდებათ სხვების და გასაქანს არ მისცემთ მსგავს უარყოფით ემოციებს. „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“, — ნათქვამია ფსალმუნის 37:8-ში. ბიბლია აგრეთვე გვირჩევს: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34).

      იფიქრეთ დადებითზე. იგავების 14:30-ში წერია: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“. იმავე წიგნში ვკითხულობთ: „მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავების 17:22). ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია. „თუ ბედნიერი ხარ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში სერიოზულად დაავადდე, რასაც ვერ ვიტყვით მასზე, ვინც უბედურია“, — აღნიშნა შოტლანდიელმა ექიმმა დერეკ კოქსმა.

      გამოიმუშავეთ ბრძოლისუნარიანობა. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ულფის მსგავსად, შეიძლება ჩვენც ვებრძვით ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას და მოთმინება გვიწევს. მაგრამ მოთმენაც არის და მოთმენაც. ზოგი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. იგავების 24:10-ში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“.

      ზოგს მალევე უბრუნდება ცხოვრების ხალისი. ისინი ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას და პრობლემასთან გასამკლავებლად სხვადასხვა საშუალებას ეძებენ. ასე იყო ულფის შემთხვევაში. როგორც თავად თქვა, გამუდმებული ლოცვის და ბიბლიურ აზრებზე ფიქრის შედეგად, მან იმაზე გადაიტანა ყურადღება, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეეძლო. მეტიც, ბევრი ადამიანის მსგავსად, რომელთაც სერიოზულ სირთულეებთან უწევთ ბრძოლა, მანაც დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობის გამოვლენა. ამან კი აღძრა ულფი, ბიბლიიდან მანუგეშებელი ცნობა სხვებისთვის გაეზიარებინა.

      კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც დიდი ტანჯვა გამოიარა, სტივია. 15 წლის ასაკში ის უბედური შემთხვევის შედეგად კისერს ქვემოთ პარალიზებული გახდა. თუმცა 3 წელიწადში მას მკლავებში ძალა დაუბრუნდა და უნივერსიტეტშიც კი ჩააბარა. იქ სწავლის დროს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მიეძალა და აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. სტივი სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყო, ვიდრე ბიბლიის შესწავლა არ დაიწყო, რამაც მის სიცოცხლეს აზრი შესძინა. ბიბლიის დახმარებით მან მავნე ჩვევებიც დასძლია. ის ამბობს: „მეტად აღარ ვგრძნობ იმ სიცარიელეს, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა. ახლა ჩემი ცხოვრება აზრით აღსავსეა, რის გამოც სიმშვიდეს, ბედნიერებას და კმაყოფილებას ვგრძნობ“.

      სტივისა და ულფის სიტყვები მე-19 ფსალმუნის მე-7 და მე-8 მუხლებს გვახსენებს: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს აცოცხლებს . . . იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება