-
მეფე ნათელს ჰფენს სამეფოს რაობასღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
იწყება ცხებულთა მკა
10. რა იცოდა ღვთის ხალხმა 144 000-ის შესახებ 1914 წლამდე ათწლეულებით ადრე?
10 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა 1914 წლამდე ათწლეულებით ადრე იცოდნენ, რომ ქრისტეს ერთგული 144 000 მიმდევარი ქრისტესთან ერთად იმეფებდა ზეცაში.c ბიბლიის მკვლევრებმა ისიც იცოდნენ, რომ ეს რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაეგოთ, და რომ მისი შევსება ახ. წ. პირველი საუკუნიდან დაიწყო.
11. რა გაიგეს ქრისტეს „პატარძლის“ მომავალმა წევრებმა დედამიწაზე თავიანთი დავალების შესახებ?
11 რა დავალება უნდა შეესრულებინათ ქრისტეს „პატარძლის“ მომავალ წევრებს, ვიდრე დედამიწაზე იქნებოდნენ? ისინი აცნობიერებდნენ, რამდენად დიდ ყურადღებას ამახვილებდა იესო ქადაგებაზე, რომელიც მკის პერიოდში უნდა განხორციელებულიყო (მათ. 9:37; იოან. 4:35). როგორც მე-2 თავიდან შევიტყვეთ, ადრე მათ ეგონათ, რომ მკა 40 წელს გაგრძელდებოდა და ცხებულების ზეცაში შეკრებით დაგვირგვინდებოდა. მაგრამ ვინაიდან მკა 40 წლის გასვლის შემდეგაც გაგრძელდა, საჭირო გახდა მკის ხანგრძლივობის დაზუსტება. დღეს უკვე ვიცით, რომ მკის პერიოდი, რომლის დროსაც ხორბალი ანუ ცხებული ქრისტიანები სარეველასგან ანუ ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან უნდა გამოცალკევებულიყვნენ, სინამდვილეში 1914 წელს დაიწყო, და შესაბამისად, დამდგარი იყო იმის დრო, რომ მთელი ყურადღება დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანების შეკრებაზე გადატანილიყო.
მკის დრო 1914 წელს დადგა (იხ. აბზაცი 11)
12, 13. როგორ შესრულდა ბოლო დღეებში იესოს იგავები ათ ქალწულსა და ტალანტებზე?
12 ქრისტე 1919 წლიდან თავის ერთგულ და გონიერ მონას გაუძღვა, რათა ამ უკანასკნელს სამქადაგებლო საქმიანობისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. ეს დავალება იესომ თავის მიმდევრებს ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მისცა (მათ. 28:19, 20). მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, თუ რა თვისებები გამოადგებოდათ მის ცხებულ მიმდევრებს ამ დავალების შესასრულებლად. იმის საჩვენებლად, რომ ზეცაში გამართულ საქორწილო ნადიმზე დასასწრებად ცხებულებს სულიერად უნდა ეფხიზლათ, იესომ ათი ქალწულის შესახებ იგავი მოიყვანა. ამ ქორწილში „პატარძლად“ 144 000 ერთგული სულითცხებული გვევლინება (გამოცხ. 21:2). გარდა ამისა, ტალანტების შესახებ იგავის თანახმად, ცხებულები იესოს მიერ დავალებულ სამქადაგებლო საქმეს გულმოდგინედ შეასრულებდნენ (მათ. 25:1—30).
13 საუკუნეა, რაც ცხებულები გადაუდებლად და გულმოდგინედ ასრულებენ დაკისრებულ საქმეს, რისთვისაც ისინი უეჭველად დაჯილდოვდებიან. მაგრამ მხოლოდ ქრისტეს 144 000 თანამმართველთაგან დარჩენილი წევრების შეკრებით უნდა დასრულებულიყო მკა?
სამეფო კრებს თავის მიწიერ ქვეშევრდომებს
14, 15. რომელ ოთხ ჯგუფზე იყო საუბარი წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“?
14 ერთგულ ქრისტიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, ვინ იყო გამოცხადების 7:9—14-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“. ამიტომ, ვიდრე ქრისტე მათ ამ ჯგუფის ვინაობას გაუმჟღავნებდა, გასაკვირი არ არის, რომ მათი შეხედულება საკმაოდ შორს იყო იმ ჭეშმარიტებისგან, რომელიც დღეს ვიცით და ვაფასებთ.
15 წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“, რომელიც 1917 წელს გამოიცა, ნათქვამი იყო: „ორი ჯგუფი ზეციერ ხსნას დაიმკვიდრებს, ორიც — მიწიერს“. ვინ შედიოდა სხვადასხვა იმედის მქონე ამ ოთხ ჯგუფში? პირველ ჯგუფში შედიოდა 144 000, რომელიც ქრისტესთან ერთად იმეფებდა, მეორეში — „უამრავი ხალხი“. იმ დროს ეგონათ, რომ „უამრავი ხალხი“ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლს წარმოადგენდა. მცირე რწმენის გამო ისინი ღვთისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ, რის გამოც ისინი ზეცაში შედარებით დაბალ მდგომარეობას დაიკავებდნენ. მესამე ჯგუფს დედამიწაზე ცხოვრების მოიმედენი შეადგენდნენ, კერძოდ ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, მაგალითად, აბრაამი, მოსე და სხვები, ხოლო მეოთხე ჯგუფში შედიოდა მთელი კაცობრიობა, რომელსაც მესამე ჯგუფი უხელმძღვანელებდა.
16. როგორ გამოანათა სულიერმა სინათლემ 1923 და 1932 წლებში?
16 როგორ მიიყვანა წმინდა სულმა ქრისტეს მიმდევრები ამ საკითხის სწორ გაგებამდე? ეს მოხდა თანდათანობით, სულიერი სინათლის ეტაპობრივი გამონათებით. ჯერ კიდევ 1923 წელს „საგუშაგო კოშკში“ ყურადღება მახვილდებოდა იმ ერთ ჯგუფზე, რომელსაც არ ჰქონდა ზეციერი მოწოდება და რომელიც ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე იცხოვრებდა. 1932 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ საუბარი იყო იონადაბზე (იეჰონადაბი), რომელიც მხარში ედგა ღვთის მიერ ისრაელის ცხებულ მეფე იეჰუს ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლაში (2 მეფ. 10:15—17). ჟურნალში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ თანამედროვე ეპოქაში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც იონადაბი განასახიერებდა, და რომ იეჰოვა ამ ჯგუფს არმაგედონში გადაარჩენდა და კვლავ დედამიწაზე აცხოვრებდა.
17. ა) როგორ გამობრწყინდა სულიერი სინათლე 1935 წელს? ბ) როგორ იმოქმედა ერთგულ ქრისტიანებზე „უამრავი ხალხის“ ვინაობის გაგებამ? (იხ. ჩარჩო „ყველამ შვებით ამოისუნთქა“).
17 სულიერი სინათლე 1935 წელს გამობრწყინდა. ვაშინგტონში ჩატარებულ კონგრესზე „უამრავი ხალხი“ გაიგივებულ იქნა მიწიერ კლასთან, იმ ცხვრებთან, რომლებიც იესომ ცხვრებისა და თხების შესახებ თავის იგავში მოიხსენია (მათ. 25:33—40). „უამრავი ხალხი“ „სხვა ცხვარს“ შორის იქნებოდა. იესომ მათზე თქვა: „ისინიც უნდა მოვიყვანო“ (იოან. 10:16). მომხსენებელმა ჯ. ფ. რუტერფორდმა აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ ყველა, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი გაქვთ!“. იქ მსხდომთა ნახევარზე მეტი ფეხზე წამოდგა. „შეხედეთ, აი უამრავი ხალხი!“ — განაცხადა რუტერფორდმა. ყველა, ვინც მიხვდა, თუ ვის რისი იმედი ჰქონდა, აღფრთოვანებული დარჩა.
18. რაზე გადაერთნენ ქრისტეს მიმდევრები და რა იყო ამის შედეგი?
18 იმ დროიდან მოყოლებული ღვთის მსახურები ქრისტეს ხელმძღვანელობით გადაერთნენ „უამრავი ხალხის“ მომავალი წევრების შეკრებაზე, რომლებიც დიდ გასაჭირს ცოცხლები და უვნებლები გადაურჩებოდნენ. თავიდან მათი შეკრება არცთუ ისე სწრაფად მიმდინარეობდა. ძმა რუტერფორდმა ერთხელ აღნიშნა: „ისეთი პირი უჩანს, უამრავი ხალხი არც ისე უამრავი იქნება“. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ იეჰოვამ სულიერი მკის საქმე დიდად აკურთხა. იესოსა და წმინდა სულის ხელმძღვანელობით ცხებულებიც და მათი თანამსახური „სხვა ცხვარიც“ იესოს წინასწარმეტყველებისამებრ „ერთი მწყემსის“ „ერთ სამწყსოდ“ იქცნენ.
ძმა რუტერფორდი ვერც კი წარმოიდგენდა უამრავი ხალხის უპრეცედენტო ზრდას (მარცხნიდან მარჯვნივ: ნეითან ნორი, ჯოზეფ რუტერფორდი და ჰეიდენ კოვინგტონი)
-